Menu
RSS

ბიზნესმენების ათპუნქტიანი გეგმა, რომელიც ქართულ ტურიზმს გადაარჩენს

„მთავრობა ხართ, თუ ოპოზიცია, თქვენთვის იჩხუბეთ და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება!“ _ რა შეცვალა "გავრილოვის ღამემ" ტურიზმის სექტორში და რა მოჰყვა გაბუნიას მიერ პუტინის გინებას

,,სავსე თვითმფრინავი, 95% რუსები. ფრენა: თბილისი-მინსკი, შემდეგ მოსკოვი, ან სანკტ-პეტერბურგი. საქართველო სტუმართმოყვარე და დაუვიწყარია! პირდაპირი ავიამიმოსვლა თბილისთან ახლა არაა, მაგრამ ფრენების უამრავი, ალტერნატიული ვარიანტი არსებობს. 

რუსები, რომლებსაც გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება შეუძლიათ და საკუთარი ცხოვრების მართვას არ ანდობენ მედიასა და პოლიტიკოსებს, სიამოვნებით ისვენებენ საქართველოში. და რას აკეთებთ თქვენ? #შპენდყოურსუმმერინგეორგია'', _ ესაა ერთ-ერთი, რუსული ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის, დინა პარიჟსკაიას პოსტი, რომელიც 15 ივლისს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

დიახ, ,,გავრილოვის ღამისა'' და ტელეკომპანია ,,რუსთავი 2''-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას უცენზურო გამოსვლის შემდეგ, თბილისის აეროპორტში, მინსკის გავლით, რუსი ტურისტებით სავსე თვითმფრინავი დაეშვა.

 

საქართველოში ტურიზმის განვითარებას და ზოგადად, ამ სექტორს პრობლემები ისედაც არ აკლდა. ხალხი მომსახურების დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასებს უჩიოდა. ტურისტული სეზონისთვის (ზამთრისა და ზაფხულის კურორტების ჩათვლით) დამახასიათებელი შავი იუმორიც გვქონდა _ აი, ის, საქართველოში დასვენების ფასად, ევროტურს რომ თავისუფლად დაგეგმავდით და შოპინგისთვისაც დაგრჩებოდათ თანხა, თუმცა პრობლემების მიუხედავად, სექტორი დინჯად, მაგრამ საკმაოდ სწრაფად იზრდება და სერვისიც ნელ-ნელა იხვეწება. 

მოკლედ, ყველაფერ ამას წელს საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პრობლემები დაემატა. 

ჯერ იყო და, 20 ივნისის ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ავიარეისებზე ემბარგო დააწესა ანუ მარტივად რომ ვთქვათ, 21 ივნისს, რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან, მოსკოვიდან თბილისში და პირიქით, ფრენები აუკრძალა. ამის მიუხედავად, რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში, რამდენიმე ახალგაზრდის ინიციატივით, გაჩნდა ჰაშთეგი ,,გაატარე ზაფხული საქართველოში'' _ #შპენდყოურსუმმერინგეორგია. 

ამ მართლაც საინტერესო და შესანიშნავი წამოწყების არსი ისაა, რომ ცნობილი და უცნობი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარ მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობ-უცნობებს მოუწოდებენ, ზაფხული საქართველოში გაატარონ. 

მეტიც, ცნობილი ქართველებიც აპირებენ, ერთი ან ორი კვირა საქართველოს სხვადასხვა კურორტზე დაისვენონ და მეგობრებსაც იგივეს მოუწოდებენ. 

მოკლედ, პიარკამპანია ,,ამოიქოქა'' და რუსთაველზე, ანტისაოკუპაციო აქციების პარალელურად, ,,გაატარე ზაფხული საქართველოში'' იმდენად გააქტიურდა, რომ არცერთ რუს ტურისტს თუ ტურისტულ ორგანიზაციას, მათ შორის, დსთ-ს ქვეყნებიდანაც, საქართველოში ჯავშანი არ გაუუქმებია. 

სასიხარულო და საამაყო ეიფორია ხანმოკლე აღმოჩნდა. ,,გავრილოვის ღამიდან'' ორი კვირის შემდეგ, 7 ივლისს, სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2''-ის პირდაპირ ეთერში, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს, მისსავე ენაზე აგინა. 

,,ვერსიის'' წინა ნომერში უკვე დავწერე, რომ ეს იყო უხამსი და მდარე ხარისხის პერფორმანსი, მაგრამ პრობლემა გაცილებით ღრმა და მწვავე აღმოჩნდა. 8 ივლისიდან, რუსმა და ყაზახმა ტურისტებმა, ერთმანეთის მიყოლებით, საქართველოს სხვადასხვა სასტუმროებში ჯავშნები გააუქმეს... 

ისევ ემბარგოს ანუ ფრენების აკრძალვას დავუბრუნდეთ. პრინციპში, რუსეთისგან ემბარგო არ გვიკვირს, რადგან 2006 წლის ცივი და უხვთოვლიანი ზამთარი ჯერ კიდევ მწარედ გვახსოვს _ შუა იანვარში გაზი რომ გადაგვიკეტა ჩრდილოელმა მეზობელმა და მეგობარმა აზერბაიჯანმა გაგვიმართა ხელი. 

ამას 2007 წელი და რუსეთში აკრძალული ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სხვა სახის პროდუქცია მოჰყვა. 

მოკლედ, ბაზრების დივერსიფიკაციის თემა მძიმედ და ნელ-ნელა, მაგრამ ავად თუ კარგად, მაინც აითვისა ქართულმა ბიზნესმა. სხვათა შორის, რუსეთის ბაზარზე არ, ან ვერ ჩამოკიდების თემაც საკმაოდ მტკივნეულია და ევროპასთან, თუნდაც ჩინეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების მიუხედავად, არცთუ მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 

ჩვენ, ჟურნალისტები, პოლიტიკოსებს ხშირად ვსაყვედურობთ ხოლმე მოკლე მეხსიერებას, მაგრამ ბიზნესს მეხსიერების პრობლემა არ აქვს, მით უმეტეს, თუ ამ პრობლემის ძირი პოლიტიკურია. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, ევროპისა და ჩინეთის ბაზრები კი არის ღია და თავისუფალი, მაგრამ ამ თავისუფლებასაც თავისი ფასი აქვს _ ესაა საერთაშორისო სტანდარტი, დაწესებული კვოტა ანუ პროდუქციის ლიმიტირებული რაოდენობა და ბევრი ნიუანსი, რაზეც წლების განმავლობაში, ,,ვერსიაში'' არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება. 

ამ პრობლემათაგან უმთავრესი და ყველაზე მტკივნეული, სწორედ საექსპორტო პროდუქციის ლიმიტია, თორემ არავის აქვს ,,ჯვარი დაწერილი'' რუსეთის ბაზარზე და დიდი სიამოვნებით გაიტანენ საკუთარ პროდუქციას ,,ევროპებსა'' და ,,ამერიკებში''. 

სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ ბაზრების დივერსიფიკაცია ტურიზმსაც ეხება, იგივე ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ, ისეთი ,,ყოვლისმცოდნენიც'' გამოჩნდნენ, რომლებმაც ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს უსაყვედურეს კიდეც _ აბა, რა ეგონათ, მხოლოდ რუს ტურისტებზე რომ იყვნენ დამოკიდებულნიო. 20 ივნისის შემდეგ, ამ თემაზე იმდენი სიბრიყვე და სისულელე მოვისმინე და წავიკითხე, ყველას განხილვა შორს წაგვიყვანს. ამ სტატიით კი შევეცდები, მავანთ ავუხსნა, რომ სწორედ, ტურიზმის სექტორში დასაქმებულებს სურთ ბაზრების დივერსიფიკაცია და ამაში ხელისუფლების დახმარებას ითხოვენ, თუმცა ვიდრე საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელთან, შალვა ალავერდაშვილთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მისივე პოსტი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც 8 ივლისს, გიორგი გაბუნიას ცნობილი მონოლოგის მეორე დღეს დაწერა: 

,,ყველას კარგად გვახსოვს, როგორ დაიწყო 2019 წელი. ჯერ ვირუსების გამო, საკმაოდ დიდი ზარალი ნახა ტურიზმის სექტორმა, მერე თითქოს ფეხზე წამოდგომა დავიწყეთ, მაისმა იანვარი დააბალანსა, ივნისი უკვე თებერვალს ავსებდა და მერე მოხდა გავრილოვი. ეს ის თემაა, როცა მტყუან-მართალი ისტორიამ უნდა გამოაჩინოს. ჩვენ, ყველამ ერთად დავიწყეთ 24-საათიანი მუშაობა, რომ არ მივსულიყავით იმ შედეგამდე, რაც ციფრებით, მინუს 2 მილიარდ ლარს უდრის. ცოტა რაღაცები გამოვასწორეთ, ცოტა მეტი ადამიანი დავარწმუნეთ იმაში, რომ მაინც საქართველოში დაესვენათ, ყველამ ერთად დავიჯერეთ, რომ შეგვიძლია არ დავნებდეთ და ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს და მერე იყო გუშინდელი განცხადება. დღეს დილიდან, უკვე აღარც გვეკონტაქტებიან, უბრალოდ, გვიუქმებენ ჯავშნებს. 

არ ვართ ჩვენ არავისტები, ჩვენ საქართველოისტები ვართ, ამ ქვეყნისთვის ვმუშაობთ, უამრავ გადასახადებს ვიხდით ბიუჯეტში და ვცდილობთ, აქ ჩამოსული სტუმარი ბედნიერი გავუშვათ, ვცდილობთ, ყველაფერ ქართულს მაქსიმალური პოპულარუზაცია გავუკეთოდ, ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქართულ წარმოებებს და რაც შეიძლება, მეტი ქართული პროდუქცია შევიძინოთ და ა.შ. 

მოკლედ, მთავრობა ხართ, თუ ოპოზიცია, იქნებ, თქვენთვის იჩხუბოთ ერთმანეთში და ჩვენ გვაცადოთ საქმის კეთება და გპირდებით, ორივეს შეგინახავთ, ორივეს გეყოფათ ჩვენი გადახდილი გადასახადები, ორივე კარგად იქნებით, თუ ჩვენ დაგვაცდით ბიზნესის წარმოებას და თქვენს პარტიულ ვნებებს ნუ გადააყოლებთ ქვეყანას!''

ახლა კი, დაპირებული ინტერვიუ შალვა ალავერდაშვილთან: 

_ შალვა, ტურიზმის სექტორში რა ვითარებაა? 

_ მაქსიმალურად გადასულები ვართ ბაზრების დივერსიფიკაციაზე ანუ სხვა ბაზრებიდან სტუმრების შემოყვანაზე ვმუშაობთ. გარდა ამისა, 15 ივლისს, ერთ-ერთმა რუსულმა ტურისტულმა კომპანიამ საქართველოში რუსი ტურისტები ბელორუსიის გავლით ჩამოიყვანა, თუმცა რუსეთსა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ძირითადად ყაზახეთიდან, ტურისტების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. 

_ ბაზრების დივერსიფიკაციაში კონკრეტულად რომელ ქვეყნებს გულისხმობთ? 

_ მართალია, ტურისტულ კომპანიას არ წარმოვადგენ, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის სახელით ვსაუბრობ, მაგრამ გადავერთეთ იმ ქვეყნებზე, საიდანაც შეგვიძლია მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ. ონლაინ-გვერდის booking.com-ის საშუალებით ბევრი ჯავშანი შემოგვდის, განსაკუთრებით ტურისტული კომპანიებიც გააქტიურდნენ. 

რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, ესაა არაბეთი და ინდოეთი. სხვათა შორის, მთავრობის წარმომადგენლებსაც ვთხოვე, რომ ამ ქვეყნებთან სავიზო და სასაზღვრო პროცედურები გავამარტივოთ, განსაკუთრებით ინდოეთთან. ეს იმიტომ, რომ მართალია, ინდოელ ტურისტებს ვაძლევთ ვიზებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ვიზიან მოქალაქეებს თბილისის აეროპორტიდან უკან ვაბრუნებთ. შესაბამისად, ვთხოვ ხელისუფლებას, რომ თუ ვიზას ვაძლევთ, უკან ნუ გავაბრუნებთ, მაგრამ თუ დასაბრუნებელია, ვიზას ნუღარ მივცემთ-თქო. 

_ 21 ივნისიდან, ინტენსიურ შეხვედრებს მართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. რა კონკრეტული შედეგი მოჰყვა, ან მოჰყვება ამ კომუნიკაციას? 

_ დიახ, ასეა და ათპუნქტიანი გეგმაც შევთავაზეთ ხელისუფლებას. ახლა ველოდებით, რომ ამ ათიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი მაინც შესრულდეს. მაგალითად, ამ კრიზისშიც კი, ჩვენ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ხელისუფლებას ვთხოვთ, booking.com-ის პრობლემა მაინც მოაგვარონ. 

_ რას გულისხმობთ? 

_ booking.com-ზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ აფხაზეთი ცალკე, დამოუკიდებელ ქვეყანადაა აღიარებული. ხელისუფლებას ვთხოვთ, რომ ჰოლანდიის საელჩოს ოფიციალური ნოტა გაუგზავნოს, რათა booking.com-დან აფხაზეთი ამოიღოს, რადგან ის საქართველოს ნაწილია. ამას არც ფული სჭირდება და არც _ სხვა დამატებითი სამუშაო, უბრალოდ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჰოლანდიის საელჩოში სპეციალური ნოტა უნდა გააგზავნოს, რათა ამ ვებ-გვერდზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არ იყოს გამოტანილი. 

_ ათპუნქტიანი გეგმა ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ შესთავაზეთ ხელისუფლებას. კონკრეტულად, რას ითხოვთ მთავრობისგან? 

_ ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი ისაა, რომ ახლომდებარე აეროპორტებში, მაგალითად, ერევანში, ბაქოსა და ტრაპზონში დავაყენოთ უფასო, ე.წ შატლები, რომლებიც საქართველოში მარტივად შემოიყვანს რუს ტურისტებს. 

ასევე, იმ ქვეყნებიდან, სადაც მაღალი შეგნების დონეა, იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებს ვგულისხმობ, რომელთა მოქალაქეებმაც საქართველოში ჩამოსვლის მზადყოფნა გამოთქვეს, დამატებითი, ჩარტერული რეისები უნდა დავნიშნოთ, თუმცა ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, იგივე შეიძლება ვთქვათ უკრაინასა და ყაზახეთზეც, საიდანაც ნამდვილად შეიძლება, რომ ტურისტული ნაკადები გაიზარდოს, თუ დამატებით ჩარტერებს დავნიშნავთ. 

ასე გაცილებით მეტ ტურისტს ჩამოვიყვანთ საქართველოში და რეალურად დავეხმარებით სექტორს, რომელიც საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. 

მეტიც, ამგვარი მიდგომით, გრძელვადიან პერპექტივაში, მეტ დადებით შედეგს მივიღებთ და მომსახურების ხარისხიც გაიზრდება, თუმცა ფაქტია _ ამჟამად, სექტორი საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია. 

დაყოვნების დრო არაა, გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ! 

სხვათა შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დაგვპირდნენ, რომ ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირაში გააკეთებდნენ და ჩვენს ათპუნქტიან გეგმა-შეთავაზებაზე, სწორედ მათ განცხადებას ველოდებით. 

P.s. როგორც ხედავთ, ბიზნესი თვითონ ეძებს გზებს პრობლემის მოსაგვარებლად და ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვისა, თუ ვითარების უკეთეს კალაპოტში ჩასაგდებად, ათპუნქტიანი გეგმის სახით, გამზადებულ რეცეპტსაც სთავაზობს. ახლა ჯერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზეა, კონკრეტულად კი, მინისტრ ნათია თურნავაზე, რომელიც ჩვენი რესპოდენტის მსგავსად, 21 ივნისიდან მოყოლებული დღემდე, ინტენსიურად ხვდება ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, ისმენს მათ პრობლემებს და თავის მხრივ, ხელისუფლების სახელით, სიტუაციის დარეგულირების პირობასაც დებს. 

წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან, ჰოდა, იქამდე არცთუ შორია, სულ რაღაც ერთი თვე დარჩა და ვნახოთ, რას, ან როგორ მოაგვარებს ხელისუფლება _ მარტივად რომ ვთქვათ, დაველოდოთ, როგორ ჩამოირეცხავს ,,გავრილოვის ღამის'' სირცხვილს. 

ისე, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ მთავრობამ კრიზისში გადასული ამ სირცხვილის პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა _ საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და რუსი დეპუტატის ქართველი კოლეგის, ზაქარია ქუცნაშვილის შეწირვის სახით. 

პოლიტიკურ ფასზე ძვირი კი ამ კრიზისის ეკონომიკური ნაწილი ჯდება _ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი რომ გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ქართველებმა ეს კარგად ვიცით, ამიტომ თითო-ოროლა, თუნდაც საქართველოს მოყვარული და ჩვენი გულშემატკივარი რუსი ტურისტის არგადადებული შვებულება, შემოდგომაზე პოზიტიურ შედეგს ანუ კარგ სტატისტიკურ მაჩვენებლებს ვერ მოგვცემს. 

მეტი ძალისხმევაა საჭირო და სწორედ აქ სჭირდება ბიზნესს მახვილგონიერება, ხოლო ხელისუფლებას _ კეთილი ნების გამოჩენა. 

მინდა, ეს სტატია პოზიტიური ამბით დავასრულო: შალვა ალავერდაშვილმა მითხრა, რომ პუტინის ემბარგოსა და გაბუნიას გინების მიუხედავად, ერთ-ერთ რუსულ ტურ-ოპერატორს, რომელმაც ,,გავრილოვის ღამემდე'' ბევრად ადრე, მიმდინარე წლის ოქტომბრისთვის, საქართველოს სასტუმროებში, ჯამში 400 ნომერი შეიძინა, ჯავშანი არ გაუუქმებია, თან დააყოლა, სხვა, ალტერნატიულ გზებს გამონახავენ და ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად ჩამოვლენო...

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში