Menu
RSS

ჰაერის დაბინძურების შემზარავი სტატისტიკა

როგორ ებრძვის მსოფლიო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეულ სიკვდილიანობას და რატომ დაიმსახურა ქართულმა პრაქტიკამ ევროპის 15 ქვეყნის აუდიტორების მოწონება

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი რისკია. მეტიც, ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობისა და ავადობის მთავარი მიზეზია. უმაღლესი აუდიტორული ორგანოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქმედითი და ხარჯთეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებაში. ამ მიზნით, ევროკავშირის წევრი და არაწევრი ქვეყნების (ჯამში, 15 ქვეყანა) უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანოებმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კომპლექსური აუდიტი განახოციელეს. ვნახოთ, რა ძირითადი პრობლემები გამოკვეთეს ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ნიდერლანდების უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანოებმა. 

ჰაერის დაბინძურების პრობლემის გლობალურობიდან გამომდინარე, ერთობლივ აუდიტში მონაწილე 15-ვე ქვეყნის აუდიტორებმა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითების გაზიარება გადაწყვიტეს. სხვათა შორის, ელექტრონული მანქანების გამოყენების წახალისების სახელმწიფო პროგრამით, საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში, საქართველოც მოხვდა.

 

ძირითადი პრობლემა 

2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ჰაერის დაბინძურებისა და ჯანდაცვის საკითხებთან დაკავშირებით, გლობალური კონფერენცია გამართა. გაირკვა, რომ მსოფლიოში, ჰაერის დაბინძურება ყოველი მე-9 ადამიანის გარდაცვალების მიზეზია; მსოფლიოში 10 ადამიანიდან, ყოველი 9 დიდი ოდენობით დამბინძურებლების შემცველ ჰაერს სუნთქავს; ინსულტით გარდაცვალების 24%, ჰაერის დაბინძურებითაა გამოწვეული _ ჰაერის დაბინძურების გამო, ყოველწლიურად, 1.4 მილიონი კვდება ინსულტით; ჰაერის დაბინძურება იწვევს გულის დაავადებით სიკვდილიანობის 25%-ს _ ყოველწლიურად, 2.4 მილიონი ადამიანი კვდება გულის დაავადებით; ფილტვის დაავადებათა ყველა შემთხვევისა და ფილტვის სიმსივნით გამოწვეული სიკვდილის 43%, ჰაერის დაბინძურებითაა განპირობებული _ ყოველწლიურად, 1.8 მილიონი ადამიანი კვდება ფილტვის დაავადებითა და ფილტვის სიმსივნით. 

სტატისტიკა, მართლაც, შემზარავია და ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ევროკავშირის წევრი და თუნდაც არაწევრი ქვეყნების მთავრობებმა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგან. 

ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ფუნქცია და როლი. ევროკავშირის წევრი და არაწევრი 15 ქვეყნის მთავრობების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად და შესაფასებლად, ამ ქვეყნების უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანოებმა აუდიტის საერთო ფორმატი, ძირითადი და დამხმარე კითხვები შეიმუშავეს. ერთობლივ აუდიტში მონაწილე 15 ქვეყნიდან, რვა _ ბულგარეთი, ესტონეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი და ნიდერლანდები, ეცვროკავშირის წევრი სახელმწიფოა. შემდეგი შვიდი ქვეყანა _ ალბანეთი, საქართველო, ისრაელი, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა და შვეიცარია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებია. 

ერთობლივი აუდიტის მიზანია, შეფასდეს, თუ როგორ ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ პოლიტიკა და პრაქტიკული ქმედებები იმ ქვეყნებში, სადაც ამ ტიპის აუდიტი განხორციელდა. გაირკვა, რომ 15-დან, 8 ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ, თავისი ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული ზომების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასება ვერ შეძლო. 

ცალკეულ შემთხვევაში ამის მიზეზი ის იყო, რომ ქვეყანას დამტკიცებული არ ჰქონდა სათანადო პოლიტიკა, არ იყო განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები, ან მონიტორინგის ინფორმაცია არ იყო ადეკვატური. დანარჩენი 7 ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ გამოავლინა, რომ მათი ქვეყნების მთავრობების მიერ განხორციელებული ქმედებები, მხოლოდ ნაწილობრივ იყო ეფექტიანი. 

ამ ქვეყნების მთავრობებმა საკმარისად პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რამაც შესაბამისი გავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ქვეყნებს შორის გამოვლენილი განსხვავებების მიუხედავად, 15 ქვეყნის აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესაბამისი ქვეყნების მთავრობებმა (ესტონეთის გარდა), ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები არ განახორციელეს. 

,,აუდიტში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა ვერ იცავს ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და მათთან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კვლავ აღემატება დადგენილ ლიმიტებს, ან ზღვრულ ოდენობებს; ყველა ქვეყანას არ აქვს დამტკიცებული ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისად, არ აქვს განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები; არ არსებობს კოორდინაცია სუბიექტებსა და დარგობრივ პოლიტიკას შორის; მთავრობები არ ფლობენ სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ბიუჯეტია საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებების განსახორციელებლად; იმ ქვეყნებში, სადაც გამოყოფილია ბიუჯეტი, ყოველთვის საკმარისი არაა; მონიტორინგის სისტემები ყოველთვის არ მუშაობს გამართულად; არსებობს საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესების შესაძლებლობა'', _ ვკითხულობთ ერთობლივი აუდიტის დასკვნაში. 

სანქციები და მათი ეფექტურობა 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ დირექტივა აღასრულონ. შეუსაბამობის შემთხვევაში, ევროკომისია უფლებამოსილია, სამართლებრივი ზომები მიიღოს და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ევროპის სასამართლოში საქმე აღძრას. 

,,ამის მიუხედავად, ევროპის აუდიტორთა სასამართლომ დაასკვნა, რომ კომისია შეზღუდულია წევრი სახელმწიფოების მუშაობის მონიტორინგში. ევროკომისიის მიერ, წევრი სახელმწიფოს მიმართ სამართლებრივი ზომების მიღებისა და მისი პოზიციის განმამტკიცებელი სასამართლო განჩინებების მიუხედავად, ქვეყნები ხშირად არღვევენ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ლიმიტებს'', _ აღნიშნულია ერთობლივი აუდიტის დასკვნაში. 

ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ დაასკვნა, რომ ევროკავშირის დონეზე, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ განსაზღვრული პოლიტიკის მიზნებთან შეუსაბამობისათვის, ჩრდილოეთ მაკედონიას სანქციები არ დაკისრებია. მეტიც, სანქციები არც ეროვნულ და არც ადგილობრივ დონეებზე არ გამოუყენებიათ. იმის გამო, რომ ფულადი ჯარიმა არ არსებობს, ძალიან შენელებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის გეგმების განხორციელების პროცესი. ეს საფრთხეს უქმნის მთავრობის მიერ განსაზღვრული მიზნების მიღწევას, ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებასა და დაბინძურების ახალი წყაროების აღკვეთას. 

ბულგარეთის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ დაასკვნა, რომ სხვადასხვა ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში მონაწილეობენ. თუმცა ამ ქვეყნის გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მინისტრმა, მერებსა და სხვა ოფიციალურ პირებს, რომლებმაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებელი პროგრამები არ შეიმუშავეს, ჯარიმები მაინც არ დააკისრა. 

რუმინეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს განცხადებით, გარემოსდაცვითი გადასახადები დაწესდა, როგორც გარემოსდაცვითი პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების ქცევით მოდელს გამოასწორებს და გარემოს დაცვის მიზნით, სწორი მიმართულებით წაიყვანს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გადასახადების ეფექტიანობის აუდიტი ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა: 

 

,,ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ევროკავშირის დირექტივაში განსაზღვრული სტანდარტების გარდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას რეკომენდებული აქვს დამბინძურებლების კონცენტრაციის კონკრეტული ზღვრული ოდენობები. ზოგიერთ შემთხვევაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ინსტრუქციები უფრო მკაცრია, ვიდრე ევროკავშირის დირექტივა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ''. 

მოქალაქეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება მათი ქვეყნის მიერ ევროკავშირის დირექტივის განხორციელების მონიტორინგში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რთული პოლიტიკური არჩევანის გაკეთებაა საჭირო. ადგილობრივი ძალისხმევა მნიშვნელოვანია, თუმცა საზოგადოებრივ შემეცნებას საჭიროებს. მოქალაქეს მხოლოდ მაშინ შეუძლია პოლიტიკაში ჩართვა, როდესაც კარგადაა ინფორმირებული: 

,,სამოქალაქო აქტივობა სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ეს, ბოლოდროინდელი სასამართლო განჩინებებითაც დასტურდება, როდესაც საზოგადოების წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, საკუთარ ეროვნულ ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და გაერთიანებულ სამეფოში, სასამართლოებმა მოქალაქეების სასარგებლოდ გამოიტანეს გადაწყვეტილება და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ქმედითი ზომების განხორციელება დაავალეს''. 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა იმდენად გლობალურია, რომ ერთობლივ აუდიტში მონაწილე 15-ვე ქვეყნის აუდიტორებმა საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების მაგალითების გაზიარება გადაწყვიტეს: 

,,ერთობლივ აუდიტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის კარგი პრაქტიკის გაზიარებით, იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნების მთავრობებს, ერთმანეთისგან სწავლისა და გამოცდილების გაზიარების სურვილს გავუჩენთ''. 

ისრაელი 

საოჯახო საჭიროებებისთვის ცხელი წყლის მისაღებად, მზის გამათბობლები ხარჯთეფექტიანი საშუალებაა. მათი გამოყენება ნებისმერ კლიმატურ პირობებშია შესაძლებელი, რისთვისაც მხოლოდ მზის ენერგიას იყენებენ. მზის გამათბობლები, მზის სხივების კოლექტორისა და წყლის ავზისგან შედგება. კოლექტორი მზის სხივებს აგროვებს და მათ სითბოდ გარდაქმნის. წყალი ცხელდება და ინახება ავზებში. 

ისრაელი მზიანი ქვეყანაა და მზის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. მზით გამათბობლები ისრაელში გამოიგონეს და მსოფლიოში ის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელიც მას იყენებს. ამჟამად, მზით გამათბობლებს შინა მეურნეობების 85% იყენებს. შედეგად, ისრაელში, ელექტროენერგიის მოხმარების წლიური მაჩვენებელი 8%-ით შემცირდა და ელექტროენერგიით ჰაერის დაბინძურებამაც იკლო. 

სლოვაკეთი 

სლოვაკეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია _ თAIEX EIღ-ის თანაორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შინა მეურნეობების გათბობიდან მომდინარე ჰაერის დაბინძურების საკითხებზე. ის მიზნად ისახავდა კოლეგებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა-გაზიარებას. ჯამში, ამ შეხვედრაში, 13 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

სლოვაკეთმა საკუთარი, საუკეთესო პრაქტიკა წარადგინა. ეს იყო პირველი სამუშაო შეხვედრა, ასეთი მკაფიო აქცენტებითა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. ამასთან, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა _ „დიალოგი სუფთა ჰაერის შესახებ“. ორივე ღონისძიება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითადაა აღიარებული. 

უნგრეთი 

სამთავრობო ინიციატივის სახით, სამრეწველო შენობა-ნაგებობების მოდერნიზების გზით, მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროგრამა დაინერგა. სახელმწიფო დახმარება გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, ან საგრანტო დაფინანსებას, რაც შეიძლება თბოიზოლირებისთვის იქნეს გამოყენებული. მაგალითად, ჩანაცვლდეს კარებები, მოხდეს გათბობის სისტემების (საქვაბეების გამოცვლა) მოდერნიზება და განახლებადი ენერგიის სისტემების დამონტაჟება. 

შენობების მოდერნიზება და თბოიზოლაცია არა მხოლოდ ამცირებს გათბობიდან მომდინარე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, არამედ ათობით ათას სამუშაო ადგილს ქმნის სამშენებლო სექტორში. ეს აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას და ამცირებს ქვეყნის დამოკიდებულებას იმპორტირებულ ენერგიაზე. ეს სქემა სტიმულირებულ იქნა, ბოლო წლებში, ბუნებრივი აირის კლებადი საცალო ფასებით, რამაც ბევრ ოჯახს უბიძგა, ძალიან დიდი დაბინძურებით გამორჩეული მყარი საწვავის გათბობის სისტემებიდან (ბევრ შემთხვევაში ხდებოდა საოჯახო ნარჩენების გამოყენება საწვავის სახით), ეკოლოგიის ნაკლებად დამაზიანებელ სისტემებზე გადასულიყო. 

ბულგარეთი 

ამ მხრივ, ბულგარეთში, მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზება ანუ ძველი ავტოპარკის ჩანაცვლება ეკოლოგიურად მდგრადი სატრანსპორტო საშუალებებით, (სერტიფიცირებული ევრო 5 და 6 სტანდარტი); სოფიასა და პლოვდივში 496 ავტობუსი განახლდა, ხოლო მეტროპოლიტენის 10 მატარებელი, 20 ტრამვაი, 126 ავტობუსი და 100 ტროლეიბუსი ქვეყნის ხუთ, დიდ ქალაქში შეიძინეს; სოფიაში მეტროპოლიტენის ქსელი გაფართოვდა, ამოქმედდა მესამე ხაზი. ქალაქში ყოველდღიურად 380 000 ადამიანი მგზავრობს ამ სატრანსპორტო საშუალებით, რაც ეროვნული ტრანსპორტის 35%-ს შეადგენს. ამით წელიწადში 90 500 ტონით მცირდება აირების, მათ შორის, სასათბურე აირების ემისია; ბუნებრივი აირის გამოყენება საზოგადოებრივი შენობებისა და სახლების გასათბობად. ცენტრალური გათბობის ქსელთან 225 შენობაა დაკავშირებული სოფიაში, ხოლო 102 შენობა _ ბუნებრივი აირის ქსელთან, სტარა ზაგორაში; საკვამურებში ჰაერის ფილტრების დამონტაჟება (ასეა ქალაქებში: სოფია, პლოვდივი, სტარა ზაგორა, ბლაგოევგრადი და ველიკო ტურნოვო); ველოსიპედის მარშრუტების გაფართოება და ახალი ზოლების გაყვანა: 49.51 კმ _ სოფიაში, 48 კმ _ პლოვდივში და 7.8 კმ _ სტარა ზაგორაში; პარკების გაფართოება; გზების გასწვრივ არსებული მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ახლის შექმნა. 

საქართველო 

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ ელექტრონული მანქანების გამოყენების წახალისება გადაწყვიტა, რისთვისაც საგადასახადო შეღავათები დააწესა. 2017 წლიდან, ელექტრონული მანქანები გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისა და პარკირების საფასურისგან. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის დეპარტამენტი გეგმავს, რომ ელექტრონული მანქანები ლიცენზირების ვალდებულებისგანაც გაათავისუფლოს. 

„ელ.სივრცე“ _ ესაა ახლადშექმნილი ბიზნესწამოწყება, რომელიც საქართველოში, ელექტრონული მანქანებით სარგებლობასა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას უწყობს ხელს. კომპანიას საზოგადოებრივი დასამუხტი სადგურების ქსელიც გააჩნია _ სულ 52 ობიექტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას მხარს უჭერს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დედაქალაქში 33 სადგურის ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს. 

ესტონეთი 

ესტონეთმა ქმედითი ნაბიჯები გადადგა უსიამოვნო სუნის ზღვრული ოდენობების კონტროლის განსახორციელებლად. თუ მანქანის მიერ გამონაბოლქვი უსიამოვნო სუნი დადგენილ ლიმიტს აღემატება, წყაროს მფლობელი ვალდებულია, უსიამოვნო სუნის შემცირების სამოქმედო გეგმის შესაბამისად იმოქმედოს. 

ყველაზე პრობლემურ ადგილებში _ მუუგას მთავარ საზღვაო პორტსა და მაარდუს საცხოვრებელი ტერიტორიის მიმდებარე ადგილას, ატმოსფერულ ჰაერში წყალბადის სულფიდის ჭარბი ოდენობა, პრობლემის მთავარი წყაროა. 2016 წელს, „ელ.ცხვირის“ სახელწოდებით ცნობილი, ინოვაციური პროექტის განხორციელება, უსიამოვნო სუნის დოზის გასაზომად დაიწყო. Aმ პროექტის ფარგლებში, 20 დანადგარი ანუ უსიამოვნო სუნის სენსორი და ოთხი ქარის სენსორი დამონტაჟდა. მათგან იღებენ ინფორმაციას უსიამოვნო სუნის შემთხვევებისა და წყაროების შესახებ. პროექტის დაწყებიდან ორი წელი გავიდა და მოსახლეობისგან შემოსული საჩივრების რაოდენობამ იკლო, ხოლო გარემოს დაცვის ინსპექციამ, უსიამოვნო სუნის მიზეზების დადგენა და ქმედითი ზომების გატარება შეძლო. 

ესპანეთი 

ესპანეთის მოქალაქეებს, ჰაერის ხარისხის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ რეჟიმში აქვთ, მათ შორის, ოფიციალური და უწყებრივი საიტების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის, ემისიის ანალიზატორისა და მთავრობის მიერ, მობილური ტელეფონების აპლიკაციებით გამოქვეყნებული ინფორმაციის საშუალებით. მათ ინფორმაცია მიეწოდებათ ჰაერის ხარისხის მონაცემთა ბაზიდან, რომლის მართვასა და ადმინისტრირებას გარემოს დაცვის სამინისტრო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ამას ესპანეთში, ჰაერის ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმატებული კოორდინაციისა და თანამშრომლობის მაგალითად თვლიან. 

სტუდენტები და რიგითი მოქალაქეები, სწავლისა და შემეცნების მიზნით, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სხვადასხვა საშუალებას სისტემატურად იყენებენ. ესეც სამაგალითო პედაგოგიური პრაქტიკის თვალსაჩინო ნიმუშია. 

P.S. ,,გავრილოვის ღამის'' შემდეგ, თბილისის გარდა, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ამ ქალაქში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა გააპროტესტეს და ,,დანანებით'' აღნიშნეს, რომ ხელისუფლება საბჭოური ინდუსტრიის აღორძინებას გეგმავს, რაც რბილად რომ ვთქვათ, სრული სიბრიყვეა. ერთობლივი აუდიტის ეს ანგარიში, 2019 წლის იანვარში, ნიდერლანდების აუდიტის სასამართლოსა და პოლონეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ, უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მონაწილეობით მომზადდა, ხოლო 14 მარტს, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოფიციალურად გამოაქვეყნა. ასე რომ, ,,გავრილოვის ღამემდე'' ბევრად ადრე, ევროპის წამყვანმა სპეციალისტებმა, საქართველოში ელექტრომობილების გამოყენების წახალისების პროგრამა საუკეთესოდ მიიჩნიეს და თუ ქარხანაც აშენდება, სადაც ელექტრო მანქანებს გამოუშვებენ, ამას რა სჯობს!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში