Menu
RSS

მსხვილი ბიზნესი იმპორტის საგადასახადო შეღავათით აღარ ისარგებლებს

„ოქროს სიასთან“ დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება არ შეიცვლება!

8 ივლისს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა განაცხადა, რომ ,,ოქროს სიასთან'' დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესმენების და სხვადასხვა ასოციაციაციის მცდელობა, მოლაპარაკების შედეგად, მინისტრი გადაერწმუნებინათ და რეგულაციები გადაევადებინათ, უშედეგოდ დასრულდა.

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის შეფასებით, ე.წ. ოქროს სიის საგადასახადო შეღავათით, რეალურად, 200-მდე კომპანია სარგებლობდა, რომლებიც თავის დროზე, ,,რაღაც კრიტერიუმებით'' შეირჩნენ. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ,,ოქროს სიაზე'' მიღებულ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რასაც ბიზნესი გაგებით შეხვდა. 

,,ვერსიაში'' დეტალურად ვწერდით, რომ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, ,,ოქროს სიაში'' მყოფმა კომპანიებმა იმპორტის გადასახადები 30 დღის ნაცვლად, 5 დღეში უნდა გადაიხადონ. ამ გადაწყვეტილებამდე, ,,ოქროს სიის'' წევრების გარდა, იმპორტის გადასახადებს ბიზნესი საქონლის გაშვებიდან, არაუგვიანეს 5 დღეში იხდიდა. აქციზური საქონლის მიმართ, ფინანსთა მინისტრის ეს გადაწყვეტილება ძალაში 12 ივნისს, ხოლო სხვა შემთხვევაში _ 2 ივლისს შევიდა. 

,,ვერსიაში'' იმასაც ვწერდით, რომ ივანე მაჭავარიანის ამ გადაწყვეტილებას მსხვილი ბიზნესი (,,ოქროს სიის'' წევრები ძირითადად, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები იყვნენ) და ბიზნესომბუდსმენის აპარატიც კი, ნეგატიურად შეხვდა. ბიზნესომბუდსმენის დახმარებით, თითქმის ყველა ბიზნესასოციაცია შეთანხმდა, რომ საჭირო იყო დიალოგი ფინანსთა მინისტრთან, რათა ეს უკანასკნელი დაერწმუნებინათ და რეგულაცია დროებით გადაევადებინათ. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 8 ივლისის შეხვედრის შემდეგ, ბიზნესმა ეს შანსი დაკარგა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მედიას ,,ოქროს სიის'' გაუქმების კონტექსტი გაახსენა: 

,,2017 წელს, საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წინაშე და თქვა, რომ ,,ოქროს სია'' გასაუქმებელია. ამ შეღავათს 50 000 კომპანია ვერ იყენებდა, ხოლო მსხვილ კომპანიებს გადახდის 30-დღიანი შეღავათი ჰქონდათ. ეს იყო უფასო ,,სესხი'' სახელმწიფოსგან. შესაბამისად, ოქროს სიის გაუქმება, ამ პროცესის სწორ ჩარჩოში მოქცევა და კომპანიებისთვის პირობების გათანაბრებაა''. 

ივანე მაჭავარიანის თქმით, 30-დღიანი საგადასახადო შეღავათის 5 დღემდე შემცირებიდან მიღებული თანხა, პენსიონერი მასწავლებლებისთვის ჯილდოს დაწესებას მოხმარდება. ამ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრმა განათლების სამინისტროს ის ინიციატივა იგულისხმა, რომელიც პენსიონერი მასწავლებლებისთვის ორი წლის ჯამური ხელფასის სანაცვლოდ, სკოლის დატოვებას ეხება. გარდა ამისა, მაჭავარიანის მტკიცებით, ეს რეგულაცია 2017, ან თუნდაც 2018 წელს რომ შემოღებულიყო, ეს თანხა სხვა მიმართულებაზე დაიხარჯებოდა:L 

,,ეს იყო შეღავათი 217 მსხვლი კომპანიისთვის, რომელიც რაღაც კრიტერიუმებით შეირჩნენ. ისინი ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები არიან, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ კიდევ არის 50 ათასამდე კომპანია.. დღეს ამ საკითხზე ვისაუბრეთ და მივედით კონსენსუსამდე. ბიზნესი გაგებით მოეკიდა ამ მოვლენას'', _ განმარტა მაჭავარიანმა. 

შეხვედრის შემდეგ, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მართალია, ,,ოქროს სიის'' საკითხი ამოიწურა, მაგრამ ასოციაციის წევრები, მსხვილი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათის გაუქმებას მაინც არ ეთანხმებიან: 

,,ჩვენი პოზიცია იყო, რომ ეს რეგულაცია გაუქმებულიყო, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ არგუმენტები, რის გამოც არ გაუქმდა. ამის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ ფინანსთა მინისტრის ეს ბრძანება უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ყოველთვის ვცდილობთ, კონსტრუქციულად და რაციონალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამავდროულად, მეორე მხარესაც ვუსმენთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების გაუქმება გვინდოდა, ამ ეტაპზე, ეს არ ხერხდება''.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში