Menu
RSS

რა გვიჯდება ერთი პარლამენტარის შენახვა

რატომ იკლავენ პოლიტიკოსები თავს პარლამენტში მოხვედრაზე _ დეპუტატობის ფინანსური ხიბლი

დღეს ყველაზე აქტუალური კითხვაა _ შედგება თუ არა დიდი პოლიტიკური თანხმობა საპარლამენტო არჩევნების იმ მოდელზე, რომელიც ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარემ საპროტესტო აქციების ფონზე შესთავაზა პოლიტიკურ ისტებლიშმენტს? თუ შედგება, ალბათ, ისეთ პოლიტიკურად ეკლექტურ საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ, რომ 2020 წლიდან, მხიარულება არ მოგვაკლდება; თუ არ შედგება, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, წინ ვადამდელი არჩევნები გველის. მოდით, პოლიტიკოსების პოლიტიკურ ბატალიებზე პოლიტექსპერტებმა და ანალიტიკოსებმა იმტვრიონ თავი, ჩვენ კი ციფრებში დავთვალოთ, რა გვიჯდება თითოეული დეპუტატის შენახვა? უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რატომ იკლავენ პოლიტიკოსები თავს, რომ მაინც და მაინც პარლამენტში მოხვდნენ? 

უმორჩილესად გთხოვთ, გენერლობაზე მეოცნებე ჯარისკაცის იგავი არ შემახსენოთ _ მეტისმეტად გულუბრყვილოდ ჟღერს და თან არც ამ სიტუაციას უხდება, რადგან რიგითი პოლიტიკოსები ლიდერობისთვის კი არა, პარლამენტის სავარძლებისთვის იბრძვიან. მართალია, საპარლამენტო რესპუბლიკაში, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს სავარძელი არცთუ ხელწამოსაკრავია, მაგრამ თუ დეტალურად გავეცნობით, რა ფინანსური სარგებელი ახლავს კანონშემოქმედებით საქმიანობას, ნუ გაგიკვირდებათ, რატომ ებღაუჭებიან ხალხის რჩეულები, განსაკუთრებით მაჟორიტარები, საკუთარ სავარძლებს.

მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს კონსტიტუციით, საკანონმდებლო საქმიანობა ქუთაისში დააკანონა ანუ პარლამენტი თბილისიდან გადაიტანა, ამოქმედდა კანონი, რომლითაც დეპუტატებს ბინის ქირისთვის გარკვეულ თანხას აძლევდნენ. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, 2018 წლის 5 იანვრის №125/16 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურება და საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესი გაუქმდა. 

,,ვერსია'' დაინტერესდა, კონკრეტულად რა ფინანსურ სარგებელს იღებენ დეპუტატები და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს შესაბამისი კითხვებით მიმართა. ვრცელი და დეტალური პასუხები კი პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, მანანა ელიაშვილმა მოგვიმზადა: 

_ რა ოდენობის ხელფასს იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერი, დეპუტატი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე? 

_ საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის მე-14 მუხლით დადგენილია პარლამენტის წევრის გასამრჯელო: პარლამენტის წევრის გასამრჯელოზე ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №3 დანართით დადგენილი ზღვრები. 

პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით: ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 6 740 ლარი; ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6 400 ლარი; გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6 340 ლარი; დ) უმრავლესობის ლიდერს, უმცირესობის ლიდერს, კომიტეტის თავმჯდომარეს – 5 540 ლარი; ე) ფრაქციის თავმჯდომარეს – 5 470 ლარი; ვ) დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს – 4 940 ლარი; ზ) უმრავლესობის ლიდერის მოადგილეს, უმცირესობის ლიდერის მოადგილეს, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4 800 ლარი; თ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4 740 ლარი; ი) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 4 624 ლარი. 

გარდა ამისა, პარლამენტის წევრის გასამრჯელო მოიცავს სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას _ 1 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, ასევე შეიძლება მიეცეს პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული თანხა სატრანსპორტო უზრუნველყოფისათვის და აუნაზღაურდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის გათვალისწინებული თანხა; პარლამენტის წევრის მიერ კავშირგაბმულობის საშუალებებით სარგებლობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. 

დღეის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტის 50 წევრი სარგებლობს სამსახურებრივი ავტომანქანით. პარლამენტის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ხაზინადართა საბჭოს მიერ დადგენილია ყოველთვიური ლიმიტი, რომელიც იხარჯება ყოველთვე, სხვადასხვა რაოდენობით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარისთვის საწვავის მოხმარება ულიმიტოა, პირველი მოადგილისთვის ყოველთვიური ლიმიტია _ 800 ლიტრი; მოადგილეებისთვის _ 700 ლიტრი; ფრაქციის თავმჯდომარეებისა და ფრაქციის აპარატებისთვის _ 600 ლიტრი; უმრავლესობის ლიდერისთვის _ 700 ლიტრი; კომიტეტის თავმჯდომარეებისთვის _ 600 ლიტრი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებისთვის _ 450 ლიტრი. 

რეგლამენტის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 2013 წლის 18 იანვრის №27/1 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროპორციული წესით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელიც არ სარგებლობს ავტომობილით, ერიცხებათ სატრანსპორტო უზრუნველყოფის თანხა _ 400 ლარი, ხოლო ჯამში _ 21 200 ლარი. კერძოდ, ლაშა დამენია, სამველ მანუკიანი, გიორგი ტუღუში, ელენე ხოშტარია, ნატო ჩხეიძე, გუგული მაღრაძე, სერგო რატიანი, კობა ნაყოფია, ალექსანდრე ქანთარია, გია ჟორჟოლიანი, თინათინ ბოკუჩავა, ენძელა მაჭავარიანი, აკაკი ბობოხიძე, რევაზ არველაძე, მირიან წიკლაური, თეიმურაზ კოხრეიძე, აზერ სულეიმანოვი, გიორგი ბოკერია, დავით ბაქრაძე, ირმა ნადირაშვილი, მახირ დარზიევი, შოთა შალელაშვილი, ოთარ ჩრდილელი, ზვიად კვაჭანტირაძე, თეიმურაზ ჭკუასელი, გიორგი კანდელაკი, რუსლან პოღოსიანი, ირაკლი აბესაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, გელა მიქაძე, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, გიორგი ხატიძე, ემზარ კვიციანი, მამუკა ჩიქოვანი, არჩილ ხაბაძე, სალომე სამადაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ისკო დასენი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, კარლო კოპალიანი, გია ბენაშვილი, ზაზა კედელაშვილი, ლერი ხაბელოვი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სვეტლანა კუდბა, დიმიტრი სამხარაძე, ნიკანორ მელია, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია, ადა მარშანია. 

_ რამდენ დეპუტატს აქვს საკუთარი ბიურო რეგიონებში, როგორ ფინანსდება და საშუალოდ რამდენკაციანია ეს ბიურო? 

_ 2013 წლის 7 თებერვლის 29/3 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილების „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“, საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 პარლამენტის წევრის ბიურო. 

თითოეული ბიუროს ყოველთვიური დაფინანსება განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეულ საარჩევნო ოლქში განთავსებულ ბიუროს ყოველთვიურად გამოეყოფა 4 300 ლარი, ხოლო იმ საარჩევნო ოლქში მდებარე ბიუროს, რომელიც განთავსებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიურ დაფინანსებას _ 4 300 ლარს, ემატება 2 390 ლარი თითოეულ დამატებით მუნიციპალიტეტზე, ასევე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის, ერთჯერადად გამოეყოფათ გარკვეული ოდენობის თანხა. ბიუროებში საშუალოდ დასაქმებულთა რაოდენობაა 5 თანამშრომელი, მაგრამ უმრავლეს ბიუროში დასაქმებულთა რაოდენობა 2-დან 5 თანამშრომლამდე მერყეობს. 

_ აქვს თუ არა დეპუტატს უფლება, ჰქონდეს საკუთარი აპარატი პარლამენტში? რა შემთხვევაში აქვს პარლამენტარს აპარატი, საშუალოდ რამდენკაციანია და როგორ ფინანსდება? 

_ პარლამენტის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პარლამენტის წევრის საკუთარი აპარატის დაფინანსების საკითხს. 

_ რა ოდენობის პენსია ენიშნება დეპუტატს? 

_ საქართველოს პარლამენტის წევრს ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია, რომლის დანიშვნის საფუძვლები, ოდენობა (რომლის მაქსიმალური ზღვარია 560 ლარი) და გაანგარიშების წესი, განისაზღვრება საქართველოს კანონით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ (2549-რს, 27.12.2005). 

ამასთან გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 28 დეკემბრის №368/3 ბრძანების „საჯარო ინფორმაციის პრაქტიკულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ზემოაღნიშნული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი (კვარტალურ და წლიურ ფორმატში), პროაქტიულად გამოქვეყნებულია პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში