Menu
RSS

„სკაი დეველოპმენტს“ უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ

ადვოკატები _ მიხეილ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ცობეხია თბილისის მერს საჩივრით მიმართავენ

სამშენებლო კომპანია ,,სკაი დეველოპმენტს'' უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე დღეში, გლდანის მეორე მიკრორაიონის, ნანეიშვილის ქუჩა #23-ის ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსის მოსახლეობის სახელით, ადვოკატები _ მიხეილ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ცობეხია თბილისის მერს, კახა კალაძეს საჩივრით მიმართავენ, რომლითაც ამავე ტერიტორიაზე, ,,გ'' კორპუსის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით, ათიოდე დღის წინ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, რასაც გლდანის გამგებელიც გამოეხმაურა. მეტიც, გამგეობაში კომპანიის, მოსახლეობისა და იურისტების მონაწილეობით, შეხვედრა შედგა და გამგებელმა უკანონო მშენებლობა დროებით შეაჩერა.

გლდანის მეორე მიკრორაიონში, ნანეიშვილის ქუჩა #23-ში, ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსი სამშენებლო კომპანია ,,სკაი დეველოპმენტმა'' ააშენა. კორპუსებს შორის დაშორება 14 მეტრია და სტანდარტსაც მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. პროექტის მიხედვით, ამავე ტერიტორიაზე ერთსართულიანი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და მის უკან საბავშვო მოედნის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა ნათქვამია, მადა ჭამაში მოდისო და რაკიღა სამშენებლო კომპანიამ ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსის ბინები საკმაოდ სწრაფად გაყიდა, სავაჭრო ცენტრის უკან, სკვერის კი არა, 7-სართულიანი ,,გ'' კორპუსის მშენებლობა გადაწყვიტა, თან ისე, რომ ,,გ'' კორპუსი ,,ბ''-ზე მიბჯენილი იქნება, რადგან მათ შორის მხოლოდ 5-მეტრიანი დაშორებაა. სკვერს ვინღა ჩივის, სამშენებლო კომპანია ,,ბ'' კორპუსის მოსახლეობას კუთხის ფანჯრებსაც ამოუქოლავს, რადგან იმ პროექტში, რომელიც მერიაში წარადგინა და მშენებლობის ნებართვა მიიღო, ,,ბ'' კორპუსს კუთხის ფანჯრები აღარ აქვს! ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანია ,,სკაი დეველოპმენტმა'' მშენებლობის ნებართვა უკანონოდ მიიღო: 

,,ნანეიშვილის ქუჩა #23-ში, ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსი უკვე აშენებულია და ორივე კორპუსს გვერდითა ფანჯრები აქვს. თუმცა პროექტში, რომელიც ერთი წლის წინ, კომპანიამ მერიაში წარადგინა და 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო, ,,ბ'' კორპუსის გვერდითა ფანჯრების ნაცვლად, მხოლოდ კედელი ჩანს. გამოდის, ,,გ'' კორპუსის მშენებლობის პარალელურად, რაც თავდაპირველად გათვალისწინებული ისედაც არ ყოფილა, ,,ბ'' კორპუსის მოსახლეობას გვერდითა ფანჯრებსაც ამოუქოლავენ''. 

მიხეილ რამიშვილმა ,,ვერსიას'' ისიც განუცხადა, რომ ადვოკატები უკანონო მშენებლობას აუცილებლად გაასაჩივრებენ, თუმცა კანონის მიხედვით, საჩივრით ჯერ თბილისის მერს, კახა კალაძეს უნდა მიმართონ. ადვოკატები საჩივარს უკვე ამზადებენ და 3-4 დღეში, მოსახლეობის სახელით, დედაქალაქის მერიას მიმართავენ. იურისტმა მია ზოიძემ ,,ვერსიას'' სარჩელის დეტალები განუმარტა: 

,,სამშენებლო კომპანია ვალდებული იყო, რომ არქიტექტურის სამსახურში, მესამე კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით, მისი მომიჯნავე შენობებზე შესაძლო გავლენების შესახებ საექსპერტო კვლევა წარედგინა. თუმცა როდესაც ამ საქმეში ჩვენ, ადვოკატები ჩავერთეთ და შესაბამისი დოკუმენტაცია შევისწავლეთ, გავარკვიეთ, რომ კომპანიას ამ ტიპის კვლევა არ მოუმზადებია. ერთადერთ საექსპერტო კვლევაში, რაც ,,სკაი დეველოპმენტმა'' არქიტექტურის სამსახურს წარუდგინა მითითებულია, რომ ვინაიდან პროექტი ერთიანადაა დამუშავებული, ახალი ბლოკის მშენებლობა, რომელსაც მიწისქვეშა სართული არ გააჩნია, უკვე არსებულ შენობებზე გავლენას არ იქონიებს, რაც ტყუილია! როგორც უკვე გითხარით, ,,გ'' კორპუსი ,,ბ''-ზეა მიბჯენილი და მათ შორის მანძილი მხოლოდ 5 მეტრია. შესაბამისად, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, მშენებლობის შეთანხმების პირობები დაირღვა. ფაქტია, კომპანიამ იცრუა, მაგრამ მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ ადგილზე არავის გადაუმოწმებია''. 

მისივე თქმით, 2018 წლის აგვისტოში, ,,სკაი დეველოპმენტმა'' განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის _ K2-ის გადამეტებისთვის, 67 146 000 ლარი გადაიხადა. ეს იქამდე მოხდა, ვიდრე თბილისის მერი, კახა კალაძე სპეციალურ რეგულაციას მიიღებდა და განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების შეცვლას გააუქმებდა. ,,ვერსიის'' კითხვაზე, რა გამოსავალი არსებობს ამ შემთხვევაში, მია ზოიძემ გვიპასუხა: 

,,სრულიად შესაძლებელია, მერიამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ არც კომპანია დაზარალდეს და არც მოსახლეობა. კერძოდ, ,,გ'' კორპუსის ნაცვლად, ერთსართულიანი სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს, ხოლო მის უკან, საბავშვო მოედანი მოეწყოს, რაც პროექტის თავდაპირველი ვარიანტითიყო გათვალისწინებული და რის გამოც მოსახლეობამ ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსში ბინები შეიძინა. ჩვენ არ გავჩერდებით, ამ საქმეს აუცილებლად გავასაჩივრებთ ჯერ თბილისის მერიაში, შემდეგ სასამართლოში. მეტსაც გეტყვით, გარდა იმისა, რომ ახალი, 7-სართულიანი ,,გ'' კორპუსის მშენებლობა უკანონოა, ამავდროულად, ქალაქის განვითარების გენგეგმასაც არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ ვინმემ ამ უსახური ბეტონის კონსტრუქციის მშენებლობა დაუშვას ისე, რომ ადამიანებს ფანჯრები ამოუქოლოს. ეს მახინჯი შენობა არავითარ სტანდარტებს არ შეესაბამება და რა თქმა უნდა, არ უნდა აშენდეს!'' 

მიხეილ რამიშვილმა ,,ვერსიას'' ნანეიშვილის ქუჩა #23-ის ,,ა'' და ,,ბ'' კორპუსის მოსახლეობის მოთხოვნები გააცნო და დასძინა, რომ ხალხი მშენებლობას კი არ ეწინააღმდეგება, საკუთარი ინტერესების დაცვას ითხოვს: 

,,როდესაც ათიოდე დღის წინ, მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა, კომპანიის წარმომადგენლებმა პატრული გამოძახეს და განაცხადეს, ხალხი ჩვენს საკუთრებაში იჭრება და კანონიერ მშენებლობას ეწინააღმდეგებაო. თუმცა როდესაც ჩვენ, იურისტები ჩავერიეთ, გავარკვიეთ, რომ მშენებლობა არც ისე კანონიერი იყო. სხვათა შორის, ამ აქციაზე გლდანის გამგეობის წარმომადგენელიც მოვიდა და რამდენიმე დღით, მშენებლობა შეაჩერა. ერთი კვირის წინ, გლდანის გამგეობაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მოსახლეობა, ადვოკატები და კომპანიის წარმომადგენლები ვესწრებოდით. ამ შეხვედრაზე პირდაპირ განვაცხადე, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს გადავიღებდით და ინვესტორს ოფიციალურად გავუგზავნიდით. ამ შეხვედრაზე ჩემთვის სასიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა, გლდანის გამგებელმა საკმაოდ სწორი და მკაცრი პოზიცია დააფიქსირა, მისი დამსახურებაა, რომ ,,გ'' კორპუსის სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა''. 

იურისტი გიორგი ცობეხია ხაზგასმით ამბობს, რომ 7-სართულიანი ,,გ'' კორპუსის მშენებლობა არ შეიძლება, რადგან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის ქვეშაა. კანონის მიხედვით კი, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს თავისი დაცვის ზონა აქვს, რაც ნიშნავს, რომ 25 მეტრის რადიუსში მშენებლობა არ შეიძლება.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში