Menu
RSS

„აეროპორტების გაერთიანების“ 26-ჯერ შეცვლილი შესყიდვების გეგმა და დარღვევები შემოსავლებში

რა უზუსტობები აღმოაჩინეს სახელმწიფო აუდიტორებმა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება'' შეამოწმა. ესაა 2017 წლის შესაბამისობის აუდიტი, რომელიც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას, შემოსავლებს, შესყიდვებსა და აქტივების მართვას ეხება. შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოა, რომლის 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. უფლებამოსილებას კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო'' ანხორციელებს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში'' სახელმწიფო აუდიტორებმა ხარვეზები გამოავლინეს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობაში, ასევე კომპანიის მიერ განხორციელებულ შესყიდვებსა და აქტივების მართვაშიც.

სამეთვალყურეო საბჭო 

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების'' საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მის საკუთრებაში არსებული სამოქალაქო აეროპორტების მართვა და ოპტიმიზაცია, ახალი აეროპორტების დაპროექტება, მშენებლობა, არსებულის მოდერნიზება და განვითარებაა. 

კომპანია ანხორციელებს ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების ოპერირებას. თბილისის აეროპორტის ოპერირების უფლება გადაცემულია შპს „ტავ ურბან საქართველოსთვის“,ბათუმის აეროპორტის ოპერირებას კი შპს „ტავ ბათუმი ოფერეიშენს“ ანხორციელებს. 

კომპანიის ხელმძღვანელი ორგანოებია: პარტნიორთა საერთო კრება (სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო''), სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორი. პარტნიორთა საერთო კრება აეროპორტების გაერთიანების მართვის უმაღლესი ორგანოა და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა-გამოწვევა და კომპანიის ბიზნესგეგმის დამტკიცება. 

წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწ¬ევს დირექტორის საქმიანობას და ყოველკვარტალურად ისმენს ინფორმაციას კომპანიის ბიზნესგეგმის შესრულების შესახებ. 

დირექტორი კომპანიის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭო 7 მინისტრის პირველი მოადგილეებით დაკომპლექტდა. 

კომპანიის წესდებით, საბჭო კვარტალში ერთხელ იკრიბება, სადაც სხვა საკითხების განხილვასთან ერთად, კომპანიის ბიზნესგეგმას ითანხმებს და ისმენს ინფორმაციას მისი შესრულების შესახებ. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ყოველკვარტალური შეკრების ვალდებულების მიუხედავად, 2017 წელს, სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ერთხელ _ 2017 წლის თებერვალში შეიკრიბა. 

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, 2017 წელს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებად რამდენიმე მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე იყო რეგისტრირებული. 

მართალია, 2017 წლის 16 ოქტომბერს, კომპანიამ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს'' მიმართა, რათა საბჭოს წევრები შეეცვალა, მაგრამ სააგენტომ ეს ცვლილებები ოთხი თვის დაგვიანებით განახორციელა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში'', წესდებით გათვალისწინებული მოთხოვნები არ შესრულებულა _ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა არ ჩატარებულა და არც ბიზნესგეგმის შესრულება განხილულა. 

აქედან გამომდინარე, სამეთვალყურეო საბჭოს მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე კომპანიის ეფექტური კონტროლი არ განუხორციელებია. არადა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ბიზნესგეგმით გათვალისწინებულ და ფაქტობრივ ხარჯებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობები არსებობს. ჯამში, კომპანიის დაგეგმილ და ფაქტობრივ მოგება-ზარალს შორის სხვაობა 10 089 285 ლარი ანუ 236%-ია. 

არსებითი ცვლილებებია განხორციელებული შესყიდვების გეგმაშიც. 

ხარვეზები შემოსავლებში 

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ შემოსავლების ძირითადი წყარო საავიაციო შემოსავლებია, რასაც მგზავრთა და საჰაერო ხომალდის საავიაციო უსაფრთხოებისთვის გაწეული მომსახურებით გამოიმუშავებს. 

ამავე კომპანიის შემოსავლებია შპს „ტავ ურბან საქართველოსა“ და შპს „ბათუმის აეროპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღებული თანხაც. 

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ, 2017 წელს მიღებული შემოსავლები აეროპორტების მიხედვით კი ასეთია: 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი _ 32 994 966 ლარი; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი _ 4 515 449 ლარი; ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი _ 4 346 611 ლარი; მესტიის ადგილობრივი აეროპორტი _ 52 920 ლარი; ამბროლაურის ადგილობრივი აეროპორტი _ 15 405 ლარი; სულ _ 41 925 351 ლარი. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015 წლის 11 მარტის ხელშეკრულებით, შპს „ჯორჯიან ბასს“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა სახმელეთო საშუალებებით გადაყვანის ექსკლუზიური უფლებამოსილება მიენიჭა. სატრანსპორტო მომსახურების ეს ხელშეკრულება შპს „ჯორჯიან ბასთან“ 2015 წელს, ელექტრონული აუქციონის საფუძველზე გაფორმდა. აუქციონში მხოლოდ შპს „ჯორჯიან ბასი“ მონაწილეობდა. 

,,შესაბამის ვებგვერდზე, აუქციონის აღწერილობის გრაფაში, ის პირობები და კრიტერიუმები არ იყო ჩაშლილი, რაც პრეტენდენტებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. სამაგიეროდ, მინიშნება იყო, რომ დამატებით ინფორმაციას კომპანიაში მიიღებდით, რაც პროცესის გამჭვირვალობას ხელს უშლიდა და არაკონკურენტულ გარემოს ქმნინდა. ეს პირობები და კრიტერიუმები კომპანიას განსაზღვრული და შეთანხმებული ჰქონდა პარტნიორთან _ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან''. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ჯორჯიან ბასს“, ან მის პარტნიორს, სატრანსპორტო საქმიანობის წარმართვის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება უნდა ჰქონოდა. შპს „ჯორჯიან ბასი“ 2014 წელს დაფუძნდა და შესაბამისად, ამ პირობას ვერ აკმაყოფილებდა'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ სატრანსპორტო მომსახურების გამოცდილების დასადასტურებლად, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას'' წარუდგინეს ინფორმაცია, რომლითაც შპს „ჯორჯიან ბასის“ დირექტორი, იმავდროულად, შპს GEO TRAVEL-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორიც იყო. 

შპს GEO TRAVEL-ის გამოცდილების დასადასტურებლად, ამ კომპანიასა და შპს „ეს სი თრეველს“ შორის 2011 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება წარადგინეს, რაც სატრანსპორტო მომსახურებას ეხება: 

,,ამ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, ხელმოწერების ნაწილში, შპს GEO TRAVEL-ის ნაცვლად, შემსრულებლად დაფიქსირებულია 2014 წელს დაფუძნებული შპს „ჯორჯიან ბასი“. ეს ხელშეკრულება 2011 წელს ვერ გაფორმდებოდა და შესაბამისად, შპს GEO TRAVEL-ის გამოცდილება არ დასტურდება! ამასთან, ხელშეკრულებას თან არ ახლდა მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნული შეუსაბამობა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ვერ შენიშნა და შედეგად, ხელშეკრულება გააფორმა შესაბამისი გამოცდილების არმქონე კომპანიასთან, რაც შეიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების რისკებს''. 

ხელშეკრულების პირობებით, შპს „ჯორჯიან ბასს“, მგზავრები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის, თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, გუდაურის, მესტიისა და ბაკურიანის მიმართულებებით და პირიქით უნდა გადაეყვანა. 

სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით გაირკვა, რომ შპს „ჯორჯიან ბასის“ მიერ, 2017 წელს, მგზავრთა გადაყვანა შესრულდა მხოლოდ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კომპანიაში შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დანერგილი არაა, რაც მგზავრთა ყველა მიმართულებით გადაყვანის საჭიროებას გამოავლენდა. 

რაც მთავარია, შპს „ჯორჯიან ბასის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასაც უზრუნველყოფდა. სატრანსპორტო მომსახურების მხოლოდ ნაწილობრივ მიწოდება კი მგზავრთა კომფორტული და ხელმისაწვდომი ტრანსპორტირების შესაძლებლობებს ამცირებს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე უცხოელი ვიზიტორებისათვის. 

,,ჯორჯიან ბასთან'' გაფორმებული ხელშეკრულებით, ვალდებულებების შესრულების დადგენილი ვადის გადაცილებისათვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონტრაქტორს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო _ 200 ლარის ოდენობით, ხოლო ერთი თვის განმავლობაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე _ 0.01%-ის ოდენობით. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ'' პირგასამტეხლოები დაიანგარიშა და შპს „ჯორჯიან ბასს“ 171 533 ლარის გადახდა დააკისრა. 

დარღვევები შესყიდვებში 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავების დროს, შემსყიდველმა უნდა გაითვალისწინოს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, ხოლო არსებული მარაგების გათვალისწინებით _ შესასრულებელი სამუშაოს, ან გასაწევი მომსახურების მოცულობა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წლის შესყიდვების გეგმაში, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ცვლილება 26-ჯერ განახორციელა. შესყიდვების გეგმის ჯამური ცვლილება 41 799 580 ლარია, რაც მთლიანი გეგმის 62.4%-ია. 

საბოლოოდ განსაზღვრული შესყიდვების სავარაუდო თანხა კი 2.7-ჯერ აღემატება პირველადი გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს: 

,,შესყიდვების გეგმის ხშირი, მნიშვნელოვანი და არასათანადოდ დოკუმენტირებული ცვლილებები მიუთითებს, რომ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას'', თავდაპირველი გეგმის წარდგენის მომენტისთვის, წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების აუცილებლობა, მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, შესასრულებელი სამუშაოს, ან გასაწევი მომსახურების მოცულობა ნათლად წარმოდგენილი არ ჰქონია. შესყიდვების სწორად და სრულყოფილად დაგეგმვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა სახსრების რაციონალური ხარჯვით, კომპანიამ დასახულ მიზნებს მიაღწიოს''. 

ტენდერების ჩატარების წესის შესაბამისად, წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წინასწარ გადასახდელი თანხის ოდენობის გარანტია წარუდგინოს. ამავე წესით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს ხელშეკრულების გაფორმებამდე წარედგინება. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს „ანაგთან“, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის კარკასის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოს დასრულების ვადად 2018 წლის 18 იანვარი განისაზღვრა. ამ თარიღის გათვალისწინებით, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილია 660 599 ლარზე, ხოლო წინასწარი ანგარიშსწორებით მიღებული თანხის შესაბამისი გარანტია _ 3 963 595 ლარზე. 2018 წლის 4 იანვარს, ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანეს და შედეგად, სამუშაოების ვადა 28 თებერვლამდე გადასწიეს. ამ ცვლილების შესაბამისი გარანტიები კი შპს ,,ანაგმა'' თვენახევრის დაგვიანებით წარადგინა. 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისის, ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისისა და ნებისმიერი სხვა ადგილობრივი მიმართულებით მგზავრთა საჰაერო გადაყვანის უზრუნველსაყოფად და ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ავიარეისების ორგანიზება დაავალეს. ამისთვის ტენდერის საშუალებით, აეროპორტების გაერთიანებას ავიარეისების შესრულების მომსახურება უნდა შეესყიდა. ტენდერის გამოცხადებამდე, აეროპორტების გაერთიანებამ სავარაუდო ღირებულება მხოლოდ არარეზიდენტი ავიაკომპანიის − ABC AIR-ის მიერ წარდგენილი ფასებით განსაზღვრა

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ABC AIR-ი ამ ტენდერში არ მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი ერთადერთი მონაწილე _ შპს „სერვისეირი“ გამოაცხადეს, რომელთანაც 2017 წლის 23 ივნისს, 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს: საშუალო ფრენა-საათის ღირებულებით _ 1 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება _ 4 500 000 აშშ დოლარი იყო. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გამოავლინეს, რომ 2014_2017 წლებში, ,,სერვისეირი'' მსგავს მომსახურებას, საშუალო ფრენა-საათის ღირებულებით _ 2 627 აშშ დოლარად ასრულებდა. აქედან გამომდინარე, 2017 წელს, ტენდერში 2.6-ჯერ ნაკლები ფასი დააფიქსირა. მართალია, მოგვიანებით ანუ 2017 წლის ბოლოს, ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას'' წერილობითაც მიმართა და აღნიშნა, რომ არსებული ღირებულებით, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვეღარ ასრულებდა, მაგრამ 2018 წლის 1 თებერვალს, აეროპორტების გაერთიანებამ შპს-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, ხოლო შესყიდვების სააგენტოს მოსთხოვა, რათა ,,სერვისეირი'' შავ სიაში შეეყვანა. 

,,ახალი ტენდერის ჩატარებამდე, მგზავრთა საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, კომპანიამ ანალოგიური მომსახურების შესყიდვის მიზნით, 2018 წლის 22 თებერვალს, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხელშეკრულება გააფორმა შპს „აკ-ეარ ჯორჯიასთან“. ხელშეკრულებით, რეისების მიხედვით, საშუალო ფრენა-საათის ღირებულება 1 620-დან 2 446 აშშ დოლარამდე მერყეობს. გარდა შპს „აკ-ეარ ჯორჯიას“ შემოთავაზებისა, კომპანიამ წარადგინა 2017 წლის სექტემბერსა და 2018 წლის იანვარში მიღებული არარეზიდენტი მომწოდებლის − KENN BOREK AIR LTD-ს შეთავაზება, რომლითაც, საშუალო ფრენა-საათის ღირებულება _ 1 750-დან 4 800 აშშ დოლარამდე მერყეობდა. 2018 წლის 16 აგვისტოს, აეროპორტების გაერთიანებამ გამოაცხადა ტენდერი იმავე მომსახურების შესყიდვაზე, რომელშიც მხოლოდ შპს „აკ-ეარ ჯორჯია“ მონაწილეობდა და გაიმარჯვა კიდეც. მომსახურების გაწევის ვადა 4 წლით განისაზღვრა, ხოლო სავარაუდო ღირებულება _ 20 248 800 აშშ დოლარით. ამ შემთხვევაშიც, საშუალო ფრენა-საათის ღირებულება 1 620- დან 2 446 აშშ დოლარამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ შპს „აკ-ეარ ჯორჯიას“ 100%-იან წილს ფლობს შპს „სერვისეარ ჰოლდინგი“. თავის მხრივ, ამ ჰოლდინგის დამფუძნებელია შპს „სერვისეირის“ 100%-იანი წილის მფლობელი''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ აეროპორტების გაერთიანებამ არასათანადოდ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რის გამოც შიდა ფრენების პროექტში სერიოზული ხარვეზები დაფიქსირდა. ეს კი ფულადი რესურსის არაეფექტურად ხარჯვის რისკს ზრდის. 

ხარვეზები აქტივების მართვაში 

შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტების განვითარების ერთიანი გეგმის შემუშავებაა. კომპანიის საკუთრებაშია, როგორც მოქმედი აეროპორტების (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, მესტია, ამბროლაური), ასევე რამდენიმე უმოქმედო აეროპორტის (ზუგდიდი, ფოთი) აქტივები. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ამ ეტაპზე, უმოქმედო აეროპორტების განვითარების მიმართულებით, რაიმე სახის სამოქმედო გეგმა აეროპორტების გაერთიანებას არ აქვს და მისი საქმიანობა მხოლოდ მოქმედი სამოქალაქო აეროპორტების მართვითა და განვითარებით შემოიფარგლება. 

შპს „ტავ ურბან საქართველო“ ვალდებულია, აეროპორტის ოპერირება და მოვლა-პატრონობა უზრუნველყოს საოპერაციო და ტექნიკური უზრუნველყოფის სტანდარტების დაცვით. თავის მხრივ, ეს გულისხმობს აეროპორტის ტერმინალისა და მასთან დაკავშირებული ყველა ობიექტის (მიწისა და შენობა-ნაგებობების) ოპერირებასა და მოვლა-პატრონობას. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს აეროპორტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მატერიალური აქტივის ყოველდღიურ ადმინისტრირებას, ფუნქციონირებას, მართვას, საექსპლუატაციო მდგომარეობაში დაცვას და შეკეთებას, რაც აუცილებელია მათი გამოყენების, ან უსაფრთხო და სათანადო ოპერირებისთვის. 

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს აეროპორტების გაერთიანების უფლებას, რათა აქტივებზე კონტროლის განხორციელების მიზნით, შეითანხმოს შპს „ტავ ურბან საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი ყოველწლიური მოვლა-პატრონობის პროგრამა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2018 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მსგავსი შინაარსის მოვლა-პატრონობის პროგრამა მხარეებს შორის არ შეთანხმებულა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც დაადგინეს, რომ აეროპორტების გაერთიანებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. არადა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ვალდებულია, რომ ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია სამეურნეო წლის ბოლოს ჩაატაროს, გარდა იმ ქონებისა და ვალდებულებებისა, რომელთა სრული, ან ნაწილობრივი ინვენტარიზაცია ჩატარებულია სამეურნეო წლის დასრულებამდე, სამი თვის განმავლობაში. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანებაში ბოლო ინვენტარიზაცია 2015 წელს, ჩატარდა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ინვენტარიზაციის გარეშე, კომპანია აქტივებს ეფექტურად ვერ მართავს. მეტიც, ინვენტარიზაციის გარეშე, მოძველებული, ან აქტივების დაკარგვის ფაქტების დროულად აღმოჩენა/გამოვლენა შეუძლებელია. შესაბამისად, ფაქტია, რომ შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება'', მის ხელთ არსებულ აქტივებს ეფექტურად ვერ აკონტროლებს.

 

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში