Menu
RSS

„ეს მესამე ინვესტორია, რომელიც საქართველოს ტოვებს“ _ ნამახვანჰესის პროექტის შეჩერების ექსკლუზიური დეტალები

რატომ ითხოვს უწყება ინვესტორისგან გზშ-ს ახალ დოკუმენტს, რატომ უნდა თქვას უარი სახელმწიფომ ნამახვანჰესზე და რატომ აღარ აშენდება გუდამაყარში ჰესი?

ნამახვანჰესის მშენებლობა შეჩერდა. რადიო ,,ძველი ქალაქის'' ინფორმაციით, კომპანია Clean Energy Group Georgia-მ პროექტის სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, ადგილიდან გაიყვანა ტექნიკა, გაუშვა თანამშრომლები და ქუთაისში მდებარე ოფისიც დახურა. ამ ეტაპზე უცნობია, საბოლოოდ შეწყდება თუ არა ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უნდა მიიღოს. ,,ვერსიამ'' საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ნამახვანჰესთან დაკავშირებული ამბის დეტალები ოფიციალურად გაარკვია და ისიც შეიტყო, რომ ეს პროექტი არა, მაგრამ ლევან დავითაშვილის უწყების გადაწყვეტილებით, გუდამაყარში ჰესი აღარ აშენდება!

ცოტა რამ ნამახვანჰესის შესახებ 

ნამახვანის ჰესების კასკადის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი სამი ნაწილისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანისა და ჟონეთის კაშხალებისგან. სამივე კაშხალი, მდინარე რიონზე მდებარე ლაჯანურჰესსა და გუმათჰესს შორისაა განლაგებული. პროექტს რიონის ჰიდროენერგიის პოტენციალი სჭირდება ზღვის დონიდან _ 360 მეტრიდან, 200 მეტრამდე. ელექტროენერგიის საპროექტო გენერაცია წლიურად, 1.6 მილიარდი კილოვატსაათია. საპროექტო ტერიტორიასთან უახლესი დიდი ქალაქი კი ქუთაისია. 

2009 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ, თურქულმა კომპანიამ Nurol Energy Production and Marketing Inc. („ნუროლი“), კორეულმა კომპანიამ Korea Electric Power Corporation  („კეპკო“) და კიდევ ერთმა კორეულმა კომპანია _ SK Engineering and Construction Co., Ltd  (,,სკე & სი'')-მ, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. თურქულ-კორეული კომპანიების კონსორციუმთან ეს მემორანდუმი, სწორედ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განსახორციელებლად გაფორმდა. 

2012 წლის თებერვალში, ნამახვანჰესების პროექტი ჯერ კორეულმა, შემდეგ თურქულმა კომპანიებმა დატოვეს. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა მემორანდუმით აღებული გარკვეული ვალდებულებები ვერ შეასრულეს და შესაბამისად, ეს პროექტი ვერ გაგრძელდა. 2012 წლის 25 იანვარს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, „ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ თხოვნით მიმართა, რათა 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით, ს/ს „ნამახვან ჰესების კასკადი“ დაეფუძნებინა. 2012 წლის მარტში, ,,ნამახვან ჰესების კასკადმა'', ნამახვანჰესების კასკადის პროექტირების, მომარაგებისა და მშენებლობის მომსახურების შესაძენად, ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული სამუშაოების განხორციელებაზე ინტერესი 40-მა კომპანიამ გამოთქვა... 

,,მწვანე ალტერნატივას'' ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ კახშლების გამო, პროექტის ზემოქმედების ქვეშ, დაახლოებით, 924.4 ჰექტარი აღმოჩნდება. აქედან 300 ჰა _ სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხოლო 261.44 ჰა _ ტყეებია. მიკროკლიმატის ცვლილების გამო, პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ხვდება ტვიშის უნიკალური ვენახები და ხვამლის დაცული ტერიტორია. შესაძლოა, სამშენებლო სამუშაოებმა მეწყრებისა და ეროზიების წარმოქმნის ალბათობაც გაზარდოს. რაც მთავარია, ტერიტორიაზე 23 არქეოლოგიური ობიექტია, 13 მათგანი კი უშუალოდ, დატბორვის ზონაში ხვდება. 

ნამახვანჰესის პროექტით, ლეჩხუმს დავკარგავთ?! 

სინამდვილეში, ,,ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიამ'', ნამახვანჰესების კასკადის პროექტში ცვლილებების შეტანის თხოვნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა. უწყებამ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ახალი ანგარიში მოსთხოვა, რადგან იმ ცვლილებებით, რასაც ,,ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია'' ითხოვდა, პირველადი პროექტის დიზაინი იცვლებოდა. ახალ დიზაინს კი გზშ-ს ახალი ანგარიში და შესაბამისად, მასშტაბური კვლევის ხელახლა ჩატარება სჭირდება. 

ეს ინფორმაცია ,,ვერსიას'' ექსკლუზიურად, ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრების'' თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მიაწოდა: 

_ ,,ქლინ ენერჯი გურპ ჯორჯია'' სკრინინგის ანუ გზშ-ს ახალი პროექტის მომზადების პერიოდში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ითხოვდა, რომ ლეგალურად ჩათვლილიყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მანამდე იყო მიღებული. ვგულისხმობ პროექტის სამშენებლო ნებართვას, რომელიც კომპანიამ 2015 წელს მიიღო. თუმცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გასცა განკარგულება და კომპანიას ახალი კანონმდებლობით, ამ პროცედურის ხელახლა გავლა დაევალა. ეს ნიშნავს, რომ სკოპინგისა (პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს, _ ავტ.) და გზშ-ს შესახებ, ახალი ანგარიშები უნდა მომზადდეს. შესაბამისად, მინისტრმა ძალაში არ დატოვა ის ნაბართვა, რაც კომპანიას მანამდე ჰქონდა მიღებული. როგორც ვხვდები, სწორედ ეს გახდა დავის ნაწილი სახელმწიფოსთან. სავარაუდოდ და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, კომპანიამ ჩათვალა, რომ დამატებით, საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოების კიდევ ერთხელ ჩატარება მისთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა. თუმცა მეორე მხრივ, სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, რადგან ვთვლი, რომ სრულიად ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღეს. 

სამინისტრომ ჩათვალა, რომ კომპანიამ გზშ-ს სრული პროცედურა უნდა გაიაროს, რადგან ნამახვანჰესი იმ არეალში შენდებოდა, სადაც ასეთი დიდი ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს უკვე მესამე ინვესტორია, რომელიც პირობითად, საქართველოს ტოვებს, რადგან ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც აქამდე იყო დადებული, არერეალურია. გარემოება შესასწავლია ადგილზე და რეალურად, შესწავლას მოითხოვდა ყველა ასპექტი იმ ზონისა, სადაც მშენებლობა იყო გადაწყვეტილი. მოხარული ვიქნები, თუ ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას და აღარასდროს დაუბრუნდება ნამახვანჰესის მშენებლობას! ეს პროექტი სერიოზულ პრობლემას ქმნის არა მარტო იმ თვალთახედვით, რომ რთულ გეოლოგიურ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს, არამედ იმიტომ, რომ წყლის რაოდენობა უკვე შემცირებულია და არასაკმარისია ამჟამად მოქმედი ჰესებისთვისაც კი. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ჩვენი ჯგუფი და ,,მწვანეთა მოძრაობა'' თვლის, რომ ამ პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანას მხოლოდ დააზიანებს და არამც და არამც არ შეავსებს იმ დეფიციტს ენერგეტიკაში, რაც ელექტროენერგიის სახით, საქართველოს გააჩნია. 

_ ქალბატონო ნინო, თავის დროზე, თურქმა და კორეელმა ინვესტორებმა დატოვეს ეს პროექტი. ახლა ბრძანეთ, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე. ეს თემა განვავრცოთ, თურქმა და კორეელმა ინვესტორებმაც გზშ-ს ანგარიშის გამო დატოვეს საქართველო, თუ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ნამახვანჰესის პროექტის განხორციელებით, 13 არქეოლოგიური ძეგლი დაიტბორებოდა? 

_ არა, არქეოლოგიური ძეგლები არაფერ შუაშია, რადგან როგორც წესი, ჰესების მშენებლობაში ეს მთავარი ბარიერი არაა. მოდით, ასე ვთქვათ, როდესაც ეგვიპტეში ჰიდროელექტროსადგურს აშენებდნენ, მოახერხეს და პირამიდებიც კი გადაიტანეს. შესაბამისად, არქეოლოგიური ძეგლების გადატანა იმ ზონიდან, რომელიც შესაძლოა, ჰესის მშენებლობის გამო დაიტბოროს, ტექნიკურად სრულიად შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ ნამახვანჰესის მშენებლობას, რა დროსაც სამი სახის სერიოზული პრობლემა დგება: პირველი _ ესაა რთული, გეოლოგიური მდებარეობა, რაც ამ პროექტს გააჩნია. რა თქმა უნდა, ამ სირთულის დაძლევა შესაძლებელია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, კასკადის მშენებლობა იმდენად გაძვირდება, რომ არავითარი რენტაბელობა აღარ ექნება; მეორე _ ვინაიდან ესაა სეისმოლოგიურად აქტიური ზონა, არც მეტი, არც ნაკლები, ამით შესაძლოა, ქალაქი ქუთაისი სერიოზული რისკის ქვეშ დადგეს. იმ შემთხვევაში, თუ კაშხალზე რამე მოხდება, დაახლოებით, საათნახევარში ქალაქი უნდა დაიცალოს! გიმეორებთ, რისკი ძალიან მაღალია, რადგან ესაა სეისმურად აქტიური ზონა, სადაც რთული გეოლოგიური პროცესები მიდის; მესამე _ შესაძლოა, ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ თუ ნამახვანჰესის პროექტი განხორციელდება, ჩვენ ტვიშის ,,ცოლიკაურს'' დავკარგავთ. ტვიშის ,,ცოლიკაური'' მხოლოდ იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ტვიშში მოდის, თორემ სხვაგვარად, ,,ცოლიკაურის'' ჯიშის ყურძენი იმერეთის რეგიონში ყველგანაა. ტვიშის ,,ცოლიკაური'' კი განსხვავებულია და მისი საბაზრო ღირებულებაც გაცილებით მაღალია, ვიდრე ნებისმიერი შემოსავალი, თუნდაც კომპანიის მიერ გადახდილი კომპენსაცია. კიდევ ერთი თემა, რომელზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისაა, რომ თუ ნამახვანჰესის პროექტი განხორციელდება, ჩვენ დავკარგავთ ერთ-ერთ საინტერესო მხარეს _ ლეჩხუმს. 

_ რას ბრძანებთ? 

_ დიახ, ამის რისკი ძალიან მაღალია. იგივე პრობლემა ლაჯანურშიც გვქონდა, ლაჯანურჰესის მშენებლობის შემდეგ, ეს ტერიტორია იმდენად დასილულია, რომ მას ახლა საკმაოდ სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. ნამახვანჰესის შემთხვევაში, დასილვის პროცესი გაცილებით დიდი იქნება. კიდევ ერთი თემა, რაც ნამახვანჰესის პროექტს უკავშირდება, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია: საპროექტო ტერიტორიაზე კარსტული მღვიმეებია და შესაძლოა, ეს მღვიმეები დაიტბოროს, მათ შორის, პრომეთეს მღვიმეც! 

მოდით, ნამახვანჰესს თავი დავანებოთ და რეგიონის განსავითარებლად, სხვა აქცენტები გავაკეთოთ. მაგალითად, იგივე, ტვიშის ვენახების განვითარებაზე ვიფიქროთ და ზოგადად, სოფლის მეურნეობა განვავითაროთ. ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული კუთხეა, თავისი ტრადიციით და ნამდვილად იმსახურებს, რომ ჩვენი ქვეყნის მარგალიტი იყოს. 

_ ერთი მხრივ, საქართველო მდიდარია მდინარეებით და უპრიანია, ჰიდრორესურსების განვითარება, თუმცა მეორე მხრივ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა, როგორც თუშეთში, ყაზბეგში, ასევე სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში აქციებს მართავს და დიდი ჰესების მშენებლობას აპროტესტებს... 

_ არა მარტო მოსახლეობა და არა მხოლოდ დიდ ჰესებს, მაგალითად, ჩვენი ორგანიზაცია ,,მწვანეთა მოძრაობა _ დედამიწის მეგობრები'', პატარა ჰესების მშენებლობასაც აპროტესტებს. მიგვაჩნია, რომ პატარა და საშუალო ჰესებიც კი სერიოზულად აზიანებს ხეობებს. ფაქტობრივად, ქვეყნის მასშტაბით, არცერთი ხეობა არ დავტოვეთ, სადაც ჰესი არ ავაშენეთ! რეალურად, ისედაც რთული ოროგრაფიის (გეომორფოლოგიის დარგი, რომელიც აღწერს დედამიწის რელიეფის ფორმებს, მათ შორის, ქედებს, მაღლობებს, ქვაბულებს და გარეგანი ნიშნების მიხედვით, მათ კლასიფიკაციას ახდენს, _ ავტ.) დროს, არ შეიძლება, ნებისმიერი მშენებლობა ისე განვითარდეს, როგორც დღეს ხორციელდება. ვამბობთ, რომ წყლის რესურსი გვაქვს, მაგრამ ეს მთლად ასე აღარაა, რად 

გან მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი წინა საუკუნის 70-იან წლებში შეფასდა და იმის შემდეგ, აღარ გადაფასებულა. არადა, ბევრი რამ შეიცვალა და როდესაც მონაცემების მიხედვით, მდინარეს უწერია, რომ თითქოს ენერგეტიკული პოტენციალი აქვს, სინამდვილეში ეს ასე სულაც არაა. ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ, ინვესტორი მოტყუებული რჩება და ამის კარგი მაგალითია რაჩხაჰესი. ეს ჰესი ლეჩხუმში აშენდა და 10 მეგავატზე იყო გათვლილი, საბოლოოდ კი მეწარმეს ხელთ, მხოლოდ 1-მეგავატიანი ჰესი შერჩა! ამიტომ ვითხოვთ, რომ ნებისმიერი კვლევა საფუძვლიანად და კარგად შესრულდეს, მით უფრო, წყლის რეჟიმთან დაკავშირებით. სათითაო ობიექტი, სადაც გვინდა, რომ ჰესი აშენდეს, მინიმუმ, სამწლიანი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება _ ავაშენოთ ჰესი, თუ არა. ფაქტობრივად, ჰესების მშენებლობის ის გენგეგმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაიდო, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც დღეს, რეალურად ხორციელდება. რეალურად, ის უკვე პრობლემა იყო მაშინ და რატომ ვიმეორებთ ახლა იგივე შეცდომებს, ვერ ვხვდები! არადა, ამ კინკლაობაშიც იმდენი დრო გავიდა, არავინ მოიფიქრა, რომ რეჟიმს დავკვირვებოდით _ 2012 წლიდან დღემდე, დაკვირვების სამწლიანი რეჟიმი ორჯერ გავიდა. 

გუდამაყარში ჰესი არ აშენდება! 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ უწყებას ნამახვანჰესის პროექტი არ შეუჩერებია. სამინისტროში ნინო ჩხობაძის ინფორმაცია დაგვიდასტურეს და ის მიზეზიც განგვიმარტეს, კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოების შესრულება მოსთხოვეს ,,ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას''. მართალია, სამინისტროს ნამახვანჰესი არ შეუჩერებია, მაგრამ ,,ვერსიამ'' გაარკვია, რომ ლევან დავითაშვილის უწყების გადაწყვეტილებით, გუდამაყარში ჰესი აღარ აშენდება. 

,,ვერსიას'' საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს შეფასების დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე, ვენერა (ვიკა) მეტრეველი ესაუბრება: 

_ ქალბატონო ვენერა, ინვესტორმა ნამახვანჰესის მშენებლობა თქვენი მითითებით შეაჩერა? 

_ ამ შემთხვევაში ანუ ნამახვანჰესის პროექტის მშენებლობაში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხოლოდ გზშ-ს ნაწილშია ჩართული. 2015 წლის 25 დეკემბერს, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობაზე სამინისტრომ გასცა ნებართვა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ამ დასკვნის მიხედვით, კომპანია უფლებამოსილია, ნამახვანჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციის სამუშაოები განახორციელოს. თუმცა კომპანიამ სამინისტროში, ამ პროექტის სკრინინგის განცხადება წარადგინა, რადგან პირველადი პროექტისგან განსხვავებით, დიზაინში ცვლილებები შეიტანა. სამინისტრომ სკრინინგის გადაწყვეტილება მიიღო და აღნიშნული, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაუქვემდებარა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიამ დამატებითი კვლევები უნდა ჩაატაროს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, მშენებლობის შეჩერებისა და ოფისის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ახლა, თქვენგან შევიტყვე, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. გიმეორებთ, კომპანიას ნამახვანჰესის მშენებლობის ნებართვა მიღებული აქვს, მაგრამ თუ დიზაინში ცვლილებებს განახორციელებს, გზშ-ს ახალი დოკუმენტი დასჭირდება. 

_ როგორ გგონიათ, სახელმწიფომ ნამახვანჰესის მშენებლობაზე უარი უნდა თქვას? 

_ მოგეხსენებათ, გზშ-ს ანგარიში ის დოკუმენტია, რომელსაც სპეციალური კომისია იხილავს და მასში ექსპერტებიც მონაწილეობენ. ესაა კომპლექსური პროცედურა და როგორც უკვე გითხარით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2015 წელს გაიცა. 

_ გუდამაყარში რა მიზეზით შეაჩერეთ ჰესის მშენებლობა? 

_ შპს ,,სოლო ენერჯიმ'' წარადგინა სკოპინგის განცხადება, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტში, 8.35 მგვტ. სიმძლავრის ჰესის მშენებლობასა და ექსპლუატაციას ითვალისწინებდა. სკოპინგის პროცედურის დასრულების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება და აღნიშნულ პროექტზე უარი ვთქვით, რადგან პროექტის მიხედვით, ჰესის მშენებლობა დაცული ტერიტორიების ფარგლებში იყო დაგეგმილი. ვინაიდან დაცულ ტერიტორიაზე უნდა წარმართულიყო მშენებლობა, რასაც მთელი რიგი უზუსტობებიც ახლდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ტერიტორიაზე, ამ სახით, ეს პროექტი არ განხორციელებულიყო!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში