Menu
RSS

ბიუჯეტის ფულის ფლანგვა იმერულად _ რა დარღვევები

საზღვარგარეთ მივლინებები თვეში სამჯერ, ერთ პირზე მორგებული საკონკურსო პირობები, დარღვევები ტენდერებში, უხარისხო სანიაღვრე სისტემები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქუთაისის მუნიციპალიტეტი შეამოწმა. აუდიტის პერიოდად 2015-2016 წლები განისაზღვრა და გაირკვა, რომ ამ პერიოდში ქუთაისის მერია საბიუჯეტო თანხას არამიზნობრივად ხარჯავდა. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვებს ისე ატარებდა, რომ კონკურენციას ზღუდავდა, ხოლო პირობებს ერთი, კონკრეტული კომპანიის ინტერესებს არგებდა. მეტიც, მერიის თანამშრომლები საზღვარგარეთ თვეში სამჯერ მიემგზავრებოდნენ, მაგრამ არავინ იცის, რატომ, ან რა მიზნით...

სოციალური საცხოვრისი 

მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და მათი რეგისტრაცია. უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტს დროებითი საცხოვრისის შექმნაც შეუძლია. კანონით განსაზღვრულია, რომ საცხოვრისი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებლის ფუნქციას, სადაც შესაძლებელია განთავსდეს ოჯახი, რომელსაც შესაბამისი საცხოვრებელი პირობები უნდა ჰქონდეს. მშენებლობის შესყიდვის მიზნით, მუნიციპალიტეტმა კონკურსი უნდა გამოაცხადოს და საკონკურსო პირობები ისე განსაზღვროს, რომ კონკურენტული გარემო შექმნას. გამარჯვებისთვის აუცილებელია, რომ წარდგენილი დოკუმენტაცია კონკურსით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. 

ახლა ვნახოთ, როგორ შეასრულა კანონის ეს მოთხოვნა ქუთაისის მუნიციპალიტეტმა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2016-2017 წლებში, სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 4 300 000 ლარი გამოყვეს. მართალია, მერიამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 2015 წელს დაგეგმა, მაგრამ მის დასაწყებად საჭირო ფინანსური რესურსი მხოლოდ მომდევნო წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გაითვალისწინა. საცხოვრისის მშენებლობისთვის კონკურსი გამოცხადდა, უფრო ზუსტად, ქუთაისის საკრებულომ კონკურსის ჩატარების პირობები 2016 წლის 30 მარტის დადგენილებით განსაზღვრა, ხოლო მერიამ კონკურსი 2016 წლის 24 ივნისს გამოაცხადა. 

საკონკურსო პირობების თანახმად, სოციალური საცხოვრისის ჯამური საცხოვრებელი ფართი არანაკლებ 2 500 კვ. მეტრი უნდა ყოფილიყო, ეზოს ფართობი არანაკლებ _ 1 000 კვ. მეტრი, ხოლო აივნის ფართი, საცხოვრებელი ფართის 15%-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. კონკურსის პირობები საცხოვრებელი ოთახების რემონტსა და ინვენტარით კეთილმოწყობასაც ითვალისწინებდა. 

ქითაისის მერის 2016 წლის 24 ივნისის ბრძანებით, კონკურსის ჩატარების თარიღად 2016 წლის 11 ივლისი გამოცხადდა, საკონკურსო წინადადების მისაღებადაც იგივე დღე _ 11 ივლისი (10-დან 12 საათამდე) გადაწყდა. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს დოკუმენტების მოსამზადებლად 18 დღე განუსაზღვრეს. საკონკურსო პირობებით, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 1 თებერვლამდე ანუ შვიდ თვეში. 

კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნით, საცხოვრისის მშენებლობისთვის კონკურსანტს უნდა ჰქონოდა მიწა სამშენებლო გამოყენების პირობებით, სამშენებლო ნებართვა, ან უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ პირებს, რომლებიც კონკურსის გამოცხადებიდან 18 დღეში, შესაბამის პროექტს შეადგენდნენ და მასზე მშენებლობის ნებართვასაც მიიღებდნენ; პირებს, რომლებსაც მსგავსი მასშტაბის საცხოვრებელ ფართზე უკვე გააჩნდათ მოქმედი სამშენებლო ნებართვა; პირებს, რომლებსაც გააჩნდათ მიწა სამშენებლოდ გამოყენების პირობებით. 

,,ამ კონკურსის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საცხოვრისის მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსი, კონკრეტული პირის ინტერესებს იყო მორგებული. კერძოდ, სამშენებლო ნებართვას გასცემს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური. სამსახურში არსებული პრაქტიკის შესწავლით გაირკვა, რომ 18 დღეში, დაინტერესებული პირი სამშენებლო ნებართვის მიღებას ვერ შეძლებდა. სამშენებლო ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა განაცხადთან ერთად, მერიაში უნდა წარადგინოს პროექტი, რომლის მშენებლობაზეც სურს ნებართვის მიღება. 2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით, მერიაში მსგავსი მასშტაბის მშენებლობებზე ნებართვების გაცემის დრო _ 14-დან, 143 დღემდე მერყეობს. ეს პერიოდი საჭიროა წარდგენილ პროექტზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად, ხოლო პროექტის მომზადება, თავის მხრივ, დამატებით დროს მოითხოვს. კონკურსის პირობებიდან გამომდინარე, კონკურსზე მონაწილეობის მიღება ასევე შეეძლოთ პირებს, რომლებსაც უკვე გააჩნდათ სამშენებლო ნებართვა. ირკვევა, რომ კონკურსის გამოცხადების პერიოდისთვის, ქუთაისის მერიას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გაცემული ჰქონდა მშენებლობის 7 ნებართვა, თუმცა საკონკურსო მოთხოვნებს აკმაყოფილებდა მხოლოდ ერთი სუბიექტი _ შპს „სანო“. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მას შეეძლო კონკურსში მონაწილეობა და საკონკურსო მოთხოვნების დაკმაყოფილება. იმის გამო, რომ მშენებლობაზე გაცემულ ნებართვებზე ინფორმაცია ინახება მუნიციპალიტეტში, ეს გარემოება საკონკურსო კომისიისა და მერიის პასუხისმგებელი პირებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

როგორც აღვნიშნეთ, გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტს სოციალური საცხოვრისის მშენებლობა შვიდ თვეში უნდა დაესრულებინა. ამ პერიოდში უნდა მოესწრო პროექტის შედგენა, მშენებლობის ნებართვის მიღება და Mმისი დასრულება. სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ მშენებლობის მასშტაბის გათვალისწინებით, აღნიშნული ეტაპების წარმოება კონკურსით განსაზღვრულ შვიდთვიან პერიოდში შეუძლებელი იყო, ხოლო კონკურენციისთვის ეს ყოველივე, შემზღუდავ გარემოებას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ კონკურსი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და წინასწარ იყო განსაზღვრული, ვის უნდა გაემარჯვა. 

2016 წლის 11 ივლისს, სოციალური საცხოვრისის მშენებლობის კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მხოლოდ შპს „სანო“ მონაწილეობდა. კომპანიამ კონკურსზე წარადგინა ქუთაისში, ნიკეას №40 ბ-ში მდებარე შენობის რეკონსტრუქციის პროექტი და მასზე გაცემული სამშენებლო ნებართვა. წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ შპს „სანომ“ კონკურსზე ის პროექტი კი არ წარადგინა, რომელზეც მშენებლობის ნებართვა ჰქონდა, არამედ სხვა პროექტი, რომელსაც ნებართვა არ გააჩნდა. მეტიც, კონკურსზე წარდგენილი პროექტი არ შეესაბამებოდა კონკურსის პირობებს, პროექტის დიზაინი არ აკმაყოფილებდა საცხოვრებელი სახლისათვის აუცილებელი მოთხოვნებს. კერძოდ, პროექტს არ ჰქონდა აივნები, ხოლო ფანჯრები იმდენად მაღლა იყო დამონტაჟებული, რომ საცხოვრებელ სახლს არ შეეფერებოდა. 

ამის მიუხედავად, კონკურსანტის დისკვალიფიკაციის ნაცვლად, კომისიამ შპს „სანოს“ საკონკურსო წინადადება მოიწონა და გამარჯვებულადაც გამოაცხადა. შპს „სანოს“ მიერ კონკურსზე დაფიქსირებული 1კვ.მ. ფართის ფასი 1 000 ლარი იყო. შესაბამისად, 2 500 კვ.მ. სოციალური საცხოვრისის მშენებლობა 2 500 000 ლარი დაჯდა. 2016 წლის 20 ივლისს, მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა შპს „სანოს“. საკონკურსო პირობების მიხედვით, სამუშაოები 2017 წლის 1 თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო. „სანომ“ ამ პერიოდში სამუშაოები ვერ დაასრულა. სამაგიეროდ, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, სამუშაოების ჩაბარების ვადამ 2017 წლის 30 აპრილამდე გადაიწია. არადა, მუნიციპალიტეტს ვადის გადაწევის ნაცვლად, შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები უნდა გაეტარებინა. 2017 წელს 21 აპრილს, ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისი ჩაიბარა და შპს „სანოს“ ნასყიდობის ხელშეკრულება გაუფორმა. 

2017 წლის 8 სექტემბერს, მერიასა და „სანოს“ შორის, მორიგი ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მერიამ იმავე შენობაში არსებული ფართები დამატებით შეიძინა, რასაც კონკურსის პირობები და მოთხოვნები საერთოდ არ ითვალისწინებდა. ამის მიუხედავად, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ქუთაისის მერიამ „სანოსაგან“ დამატებით შეისყიდა 1 872 კვ.მ. ფართი და 1 872 000 ლარი გადაიხადა. 

ორივე ხელშეკრულების ფარგლებში, მერიამ შპს „სანოსგან“ შეისყიდა 4 372 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი, ჯამში კი 4 300 000 ლარი გადაიხადა. არადა, 2017 წლის 10 მაისს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში, შერვაშიძის №53-ში მდებარე ორი, თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა შეისყიდა, გარე ეზოს კეთილმოწყობით. სამინისტრომ 1 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის მშენებლობაში _ 850 ლარი, ხოლო მერიამ 1 კვ. მეტრში _ 1 000 ლარი ანუ 150 ლარით უფრო ძვირი გადაიხადა, რაც ჯამში 655 800 ლარია. 

,,ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსი ისე წარმართა, რომ შპს „სანოს“ გაემარჯვა. აღსანიშნავია, რომ შპს „სანო“ ახლად დარეგისტრირებული ფირმა იყო, რომელსაც ქუთაისში უძრავი ქონება არ გააჩნდა. დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ერთი დღით ადრე, შპს ,,სანომ'' ნიკეას №40 ბ-ში მდებარე შენობა 300 000 აშშ დოლარად შეიძინა. კონკურსის პირობების შესაბამისად, ,,სანოს'' შენობის რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა. წარდგენილი მონაცემებით, 4 372 კვ.მ. შენობა ,,სანომ'' თაბაშირ-მუყაოს მასალით გაარემონტა და მუნიციპალიტეტს 4 300 000 ლარად მიჰყიდა'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

2018 წლის 24 იანვარს, აუდიტის ჯგუფმა სოციალური საცხოვრისის შენობა დაათვალიერა. გამოვლინდა, რომ შენობა ვერ აკმაყოფილებდა საცხოვრებლის ფუნქციებს, რადგან კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, შენობას არ ჰქონდა აივნები, ხოლო ფანჯრები ისეთ სიმაღლეზე იყო დამონტაჟებული, რომ ფანჯრის სახელურიდან, იატაკამდე მანძილი, დაახლოებით, 2 მეტრია! გარდა ამისა, სამზარეულო და საძინებელი ოთახები ერთმანეთისგან არ გაუმიჯნავთ. მაცხოვრებლების განმარტებით, შენობაში განხორციელებული რემონტი დაზიანებულია და საცხოვრებლად არ არის შექმნილი სათანადო პირობები, რაც მედია საშუალებებით არაერთგზის გაშუქდა. 

აუდიტის პროცესში, 2018 წლის 5 აპრილს, მერიამ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, საცხოვრისის რეკონსტრუქციაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხის ექსპერტიზა დაუკვეთა და შენობის 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ფასის დადგენა მოითხოვა. დასკვნის მიხედვით, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ. ფართის საბაზრო ღირებულება 540 ლარია, ხოლო ფაქტიური აზომვით დადგინდა, რომ გადაცემული ფართი 4 288.4 კვ.მ-ია. შესაბამისად, შენობის სრული ღირებულება 2 300 000 ლარია! 

მერიამ ხელშეკრულებების მიხედვით, შპს „სანოსგან“ 4 372 კვ.მ. ფართი ჩაიბარა და როგორც ვთქვით, 4 300 000 ლარი გადაიხადა. სხვაობა მერიის მიერ დოკუმენტურად ჩაბარებულ ფართსა და ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოს შორის _ 83 კვ.მ.-ია, ხოლო სხვაობა ჩაბარებული შენობის ღირებულებასა და ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ ღირებულებას შორის _ 2 000 000 ლარი. 

გარე განათება 

2015-2016 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ გარე განათების ქსელის საექსპლუატაციო მომსახურების შესყიდვაზე 2 697 900 ლარი დახარჯა. ეს მომსახურება მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერებით შეიძინა. 2014 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებით, მერიამ 2015 წლის მომსახურება შეისყიდა. ხელშეკრულების ფასი 1 483 600 ლარი, ხოლო საკასო შესრულება _ 1 340 500 ლარია. 2016 წლის 5 იანვრის ხელშეკრულებით, 2016 წლის მომსახურება შეისყიდეს, ხელშეკრულების ფასი _ 1 430 600 ლარი, ხოლო საკასო შესრულება _ 1 357 400 ლარია. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ორივე წელს, ხელშეკრულებები ითვალისწინებდა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების ქსელის სანათი წერტილის (789 ობიექტი, 13 635 წერტილი), შუქნიშნებისა (29 ობიექტი) და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, როგორც მოვლა-პატრონობას, ასევე ექსპლუატაციას. 

,,აუდიტის ჯგუფმა, ქუთაისის მერიის მიერ 2012-2017 წლებში, გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერები შეისწავლა. სატენდერო დოკუმენტაციით, 2014 წელს _ მოთხოვნილი იყო 1 000 000 ლარის სამუშაო გამოცდილება, 2015 წელს _ 1 500 000 ლარი, 2016 წელს _ 1 500 000 ლარი, ხოლო 2017 წელს _ 3 200 000 ლარი. ყველა ტენდერში უკონკურენტოდ იმარჯვებდა და ხელშეკრულებები უფორმდებოდა შპს „გლობალ სერვისს“. აუდიტის ჯგუფმა გარე განათების ექსპლუატაციის მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერები საქართველოს მასშტაბით შეისწავლა. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მონაცემებზე დაყრდნობით, ქუთაისის მერიის მიერ მოთხოვნილი ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დაკმაყოფილება შეეძლო მხოლოდ სამ მიმწოდებელს _ შპს „სინათლის ქალაქს“, შპს „აჭარგანათებასა“ და შპს „გლობალ სერვისს“. ამ მიმწოდებლებიდან ორი მათგანი _ შპს „სინათლის ქალაქი“ და შპს „აჭარგანათება“, მხოლოდ თბილისისა და აჭარის ტერიტორიის გარე განათების ექსპლუატაციის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობს. ქუთაისის ტერიტორიაზე, 2012 წლიდან, გარე განათების ქსელის ექსპლუატაციის მომსახურების მიწოდებას შპს „გლობალ სერვისი“ ახორციელებდა'', _ მითითებულია აუდიტის დასკვნაში. 

იმის შეფასება, თუ რამდენად ადეკვატური იყო სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ანალოგიური სამუშაო გამოცდილებები, აუდიტის ჯგუფის კომპეტენციას სცილდება. იმის გამო, რომ ქუთაისში, გარე განათების ექსპლუატაციის მომსახურებაზე ტენდერები ტარდება მხოლოდ ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით და საბაზრო ფასი ვაჭრობის შედეგად არ რეგულირდება, მნიშვნელოვანია, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სათანადოდ დათვალოს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. 

გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების საექსპლუატაციო მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერებზე, 2015 წელს, მერიამ სავარაუდო ღირებულებად 1 505 500 ლარი, ხოლო 2016 წელს _ 1 445 800 ლარი განსაზღვრა. მერიის პასუხისმგებელი პირის განმარტებით, 2015-2016 წლების გარე განათების მომსახურების სავარაუდო ღირებულებები, 2009-2010 წლებში შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით დაითვალეს. 2015-2016 წლებში, სავარაუდო ღირებულებები დაინგარიშეს და დათვალეს იმავე ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, რომელიც უსასყიდლოდ, საპროექტო ორგანიზაცია _ „შპს „სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“ განაფასა. ვინაიდან ხარჯთაღრიცხვები უსასყიდლოდ იყო განფასებული, სახელმწიფო აუდიტორები ეჭვობენ, რომ საპროექტო ორგანიზაციები შეგნებულად, მერიის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მიმწოდებელი კომპანიის სასარგებლოდ მოქმედებდნენ! 

2018 წელს, მერიამ დააფუძნა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი „ქუთგანათების სერვისი“, რომელსაც გარე განათების ქსელის საექსპლუატაციო მომსახურება დაევალა. ააიპ-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, ხარჯთაღრიცხვით, გარე განათების სანათი წერტილების შემოვლა-დათვალიერებისთვის, თვეში 470 ლიტრი საწვავის ხარჯია განსაზღვრული. შესაბამისად, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 15 000 ლარის ღირებულების საწვავია საჭირო. ამ მომსახურებას ასრულებს ააიპ-ის ოთხი თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურება წლის განმავლობაში _ 66 000 ლარია! აღსანიშნავია, რომ საწვავი და შრომითი რესურსი განკუთვნილია არა მარტო შემოვლითი სამუშაოებისათვის, არამედ ყველა იმ საჭირო ოპერაციისთვის, რომელიც შესაბამის მოსამსახურეებს ევალებათ. მერიამ სახელმწიფო აუდიტორებს ვერ წარუდგინა სათანადო დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა აუცილებლობით იყო განპირობებული გარე განათების ქსელის შემოვლაში 435 900 ლარის გადახდა, როდესაც 2018 წლიდან, მას შემდეგ რაც ააიპ ახორციელებს მომსახურებას, ქსელის დათვალიერებაში სხვა სამუშაოებთან ერთად, 81 000 ლარი ისედაც იხარჯება! ამასთან, 2015-2016 წლებთან შედარებით, ამგვარი მომსახურება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

,,2015 წლის გაანგარიშებული სავარაუდო ღირებულების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, მიმწოდებელს 432 წერტილზე, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დაფიქსირებული მონაცემები, მრიცხველის ფაქტიურ მაჩვენებლებთან უნდა შეედარებინა, რომლის წლიური ღირებულება 5 100 ლარი იყო. ამ მომსახურებისათვის, 2015-2016 წლებში, მერიამ შპს „გლობალ სერვისს“ 35 200 ლარი გადაუხადა. ქუთაისის მერიის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ წარმოადგინეს დოკუმენტური მტკიცებულებები, თუ რა ობიექტური საჭიროებებით იყო გამოწვეული მრიცხველების მაჩვენებლების სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარების მომსახურების შესყიდვა მაშინ, როდესაც მრიცხველების ჩვენებების აღრიცხვასა და კონტროლს სს „ენერგო პრო ჯორჯია“ ახორციელებდა, ხოლო ელექტროენერგიის თანხას მერია იხდიდა. შესაძლოა, ზემოთ აღნიშნული, მინიმუმ ორი დასახელების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება ხელოვნურად ყოფილიყო გაზრდილი. შესაბამისად, 2015-2016 წლებში, ქუთაისში, გარე განათების ექსპლუატაციის მომსახურების სავარაუდო ღირებულებები არ ეყრდნობოდა რეალურ გათვლებს. იგივე დარღვევები გამოვლინდა 2017 წელს გამოცხადებულ ტენდერშიც''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გარე განათების ქსელის სანათი წერტილების, შუქნიშნებისა და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების საექსპლუატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი მერიამ ისე წარმართა, რომ 2015, 2016 და 2017 წლების სავარაუდო ღირებულება რეალურ გათვლებს არ ეფუძნებოდა. აუდიტორებს ვერავინ დაუსაბუთა, რატომ გადაიხადეს ქსელის შემოვლა-დათვალიერებასა და მრიცხველების შემოწმებაში 715 600 ათასი ლარი. 

უხარისხო სანიაღვრე სისტემები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015 წელს, მერიამ გამოაცხადა ტენდერი ქუთაისში, ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოებზე. ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა და ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „საქმილსადენმშენს“, რომლის ღირებულება 303 900 ლარი იყო. აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, სანიაღვრე არხების მოწყობამდე, ასათიანის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა მოეწესრიგებინათ. ამიტომ მხარეთა შეთანხმებით, 2015 წლის 14 სექტემბერს, ხელშეკრულება შეწყდა. 

ქუთაისის მერიამ გადაწყვიტა, რომ ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს განეხორციელებინა. თუმცა ამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი არ გამოაცხადა და პროექტის შესრულება, მისსავე დაფუძნებულ ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ დაავალა. აუდიტორებისთვის წარდგენილი ინფორმაციით, ააიპ-ს სანიაღვრე სისტემის მოწყობის გამოცდილება არ ჰქონდა. 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში, მერიას მოთხოვნილი ჰქონდა არანაკლებ 408 000 ლარის გამოცდილება, ხოლო 2016 წელს, იგივე პროექტის შესრულება გამოცდილების არმქონე ააიპ-ს დაავალა. 

2016 წელს, ააიპ-მა ასათიანის ქუჩაზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები დაასრულა. შესწავლით გაირკვა, რომ ,,სპეციალურმა სერვისებმა'' სამუშაოები ისე შეასრულა, საპროექტო დოკუმენტაციაც კი არ ჰქონია. მეტიც, ქუთაისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები არ აკონტროლებდნენ სამუშაოების მიმდინარეობას, არ ამოწმებდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებსა და ხარისხს, არ განუხორციელებიათ სამუშაოების შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარება. 2018 წლის 24 იანვარს, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, აუდიტის ჯგუფმა ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია დაათვალიერა. გაირკვა, რომ სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ. კერძოდ, სანიაღვრე სისტემა დაზიანებულია და არ ატარებს წყალს, ხოლო ბეტონის თავსახურების გარკვეული ნაწილი ჩამტვრეულია. 

,,შესწავლით გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას, რა ღირებულების სამუშაოები შესრულდა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად. მათივე ინფორმაციით, ააიპ-ს შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაც კი არ შეუდგენია, სადაც პროექტის სრული ღირებულება იქნებოდა დაანგარიშებული. წარმოდგენილი ინფორმაციით, ასათიანის ქუჩაზე, მერიის დაფუძნებულმა ააიპ-მა სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, 168 200 ლარის არმირებული კონსტრუქციები გამოიყენა. გარდა ამისა, პროექტის განსახორციელებლად საჭირო იყო სხვა სამშენებლო მასალები, ტექნიკური და შრომითი რესურსი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად, 168 200 ლარზე მეტი თანხაა გახარჯული''. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქუთაისის მერიამ ღვარსადენების მოწყობის პროცესი არასწორად წარმართა, სამუშაოების შესასყიდად ტენდერი არ გამოაცხადა, ხოლო მშენებლობა შესაბამისი გამოცდილების არმქონე, საკუთარ ააიპ-ს დაავალა. მუნიციპალიტეტი არ აკონტროლებდა სამუშაოების შესრულების პროცესს, რის გამოც სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა. პროექტის დაგეგმვასა და შესრულებაში არსებული ხარვეზების გამო, ასათიანის ქუჩის სანიაღვრე სისტემის მოწყობაზე, მერიამ 168 200 ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხა არაეფექტურად გახარჯა. 

საგზაო ინფრასტრუქტურა 

მოქმედი კანონმდებლობით, მიწისქვედა კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად, მუნიციპალური გზის გაჭრას მერიის შესაბამისი სამსახურის ნებართვა სჭირდება, რომლითაც სამუშაოების დაწყებისა და დასრულების პერიოდი განისაზღვრება. ნებართვის მიმღებმა პირმა ამ პერიოდში, დაზიანებული გზის საფარიც უნდა აღადგინოს. ნებართვით განსაზღვრული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ვალდებულია, საჯარიმო სანქცია გამოიყენოს. კერძოდ, გზის უნებართვო გაჭრის ან/და დაზიანებული ადგილების აღდგენის გარეშე მიტოვებისას, ნებართვის მიმღები პირი 1 000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. დაჯარიმებიდან 10 დღის განმავლობაში, დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი _ 3 000 ლარით. 

ვნახოთ, როგორ შეასრულა ქუთაისის მერიამ კანონის ეს მოთხოვნა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2015-2016 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, მიწისქვედა კომუნიკაციების _ წყლის სისტემების მოწყობასა და რეაბილიტაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებდა, რომელსაც სამუშაოების შესასრულებლად, ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული სს „სმკ ულუსალ ინშაათ ვე თიჯარეთის“ ფილიალსა (შMK) და შპს „კობრა ჯორჯიასთან“. ქუთაისის ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწყობის, რეაბილიტაციის, ან დაზიანების შემთხვევაში, წყლის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები გზის გაჭრაზე ნებართვის მისაღებად მუნიციპალიტეტს მიმართავდნენ. მერიის კეთილმოწყობის სამსახური გასცემდა ნებართვას და კომპანიებთან ურთიერთშეთანხმებით, სამუშაოების დაწყება-დასრულების პერიოდსაც განსაზღვრავდა. კომპანიები ვალდებული იყვნენ, რომ ნებართვით განსაზღვრულ ვადაში, სამუშაოები დაესრულებინათ და დაზიანებული გზის საფარი აღედგინათ. 

,,საკითხის შესწავლით გამოვლინდა, რომ წყლის სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ დროულად არ შეასრულა ნებართვით განსაზღვრული პირობები და ვადებში ვერ უზრუნველყო დაზიანებული გზის საფარის აღდგენა. ირკვევა, რომ 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ნებართვით განსაზღვრულ ვადებში, 45 ქუჩის საფარი აღდგენილი არ იყო _ წყლის სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ გაჭრა გზის საფარი, შემდეგ კი დაზიანებული გზის საფარი არ აღიდგენია. სანებართვო პირობების დარღვევისათვის, მერიას სს „სმკ ულუსალ ინშაათ ვე თიჯარეთის“ ფილიალი და შპს „კობრა ჯორჯია“ არ დაუჯარიმებია''. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისის მერია შესაბამის კომპანიას გზის გაჭრის ნებართვას აძლევდა, მაგრამ შემდეგ აღარ აკონტროლებდა, ასრულებდა თუ არა ეს კომპანია ნებართვით განსაზღვრულ პირობებს და რაც მთავარია, მათ მიმართ საჯარიმო სანქციებსაც არ იყენებდა. შედეგად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანებული იყო. 

ქალაქში მოწყობილ საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არსებული დაზიანებები აუდიტის ჯგუფმა 2018 წლის იანვარ-თებერვალში გამოავლინა. გაირკვა, რომ აღნიშნულ ხარვეზებზე მერიას შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები არ გაუტარებია. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებს მიაჩნიათ, რომ დაზიანებული გზები წინა წლებშიც არსებობდა, ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პროექტები შეფერხებით მიეწოდებოდა. მეტიც, სახელმწიფო აუდიტორები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელი პირები კერძო კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ და მათი ქმედებით, ან უმოქმედობით, მოსახლეობის ინტერესები დაზიანდა. 

რაც მთავარია, იმ შემთხვევაში, თუ ქუთაისის მერია საჯარიმო სანქციებს გამოიყენებდა, ზემოთ აღნიშნულ 45 შემთხვევაში, დასარიცხი ჯარიმის ოდენობა, როგორც მინიმუმ 45 000 ლარი იქნებოდა, ხოლო ამ დარღვევის 10 დღეში გამოუსწორებლობის თითოეულ შემთხვევას, კანონით განსაზღვრული 3 000 ლარიც უნდა დამატებოდა. 

მივლინებები თვეში სამჯერ და სხვა დარღვევები 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ ქუთაისის მერიაში ხშირია თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინება. წლის განმავლობაში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად, საშუალოდ სამი მივლინება ფინანსდება. არადა, შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლით, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ არც ერთ თანამშრომელს არ წარუდგენია ანგარიში იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული შედეგები მიიღო მერიამ და როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტმა გამოიყენოს მივლინების შედეგად მიღებული ცოდნა სამუშაო პროცესში. 

2015-2016 წლებში, ქუთაისის მერიის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებებში 249 600 ლარი დაიხარჯა. სახელმწიფო აუდიტორებმა კი დაასკვნეს, რომ მერიაში არსებული სამივლინებო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ განვითარებას, მუნიციპალიტეტში დაგროვილი ცოდნის დოკუმენტირებასა და მოსამსახურეთა შორის გაზიარებას. 

2015-2016 წლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტში, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას აღემატება. აუდიტით გამოვლინდა, რომ 2015-2016 წლებში, საშტატო რიცხოვნობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტისთვის რეკომენდებული იყო 11 ერთეული სამორიგეო ავტომობილი. თუმცა გაირკვა, რომ ქუთაისის მერია 30 ავტომობილს განკარგავდა, აქედან 23 _ მუშა მდგომარეობაში იყო, ხოლო 7 _ გაუმართავი. მეტიც, ამ 23 ავტომობილის გარდა, ქუთაისის მერია საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების სარგებლობაში არსებულ 90-დან, 115 ავტომანქანაზე. 

შესაბამისად, 2015-2016 წლებში, 310 600 ლიტრი საწვავი და 10 700 კუბური მეტრი დაწნეხილი აირი დაიხარჯა, რომელთა ჯამური ღირებულება 468 100 ლარი იყო. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ქუთაისის მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლუატაციის ხარჯის გაწევისას, საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები არ დაიცვა. 

მუნიციპალიტეტმა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, სარეკლამო და სატელევიზიო მომსახურება შეისყიდა, რისთვისაც 2015-2016 წლებში, ჯამში 165 500 გადაიხადა. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ამ შესყიდვით, მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა შუქდებოდა. ქუთაისის მერიამ ვერ დაასაბუთა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მსგავსი შინაარსის სარეკლამო, თუ სატელევიზიო მომსახურება და რა მიზნით გახარჯეს ამ ოდენობის საბიუჯეტო თანხა.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში