Menu
RSS

მამუკა ხაზარაძის სკანდალური აღიარება

თვითმფრინავში დაწერილი გადადგომის განცხადება, ორკესტრირებული შეტევა და ხმაურიანი კომიტეტის დეტალები

თიბისი ბანკის დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში დაკითხეს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ხაზარაძის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. თიბისი ბანკის საქმეს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც სწავლობს. პარალელურად, საპარლამენტო ფრაქცია ევროპული საქართველოს წარმომადგენლები დეპუტატების ხელმოწერებს აგროვებენ, რათა საკანონმდებლო ორგანოში თიბისი ბანკის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მეტიც, ევროპული საქართველო პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის დაბარებასაც ითხოვს. ყველაფერი კი ორშაბათს, 4 მარტს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, თიბისი ბანკის დამფუძნებლების _ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკმაოდ სკანდალური განაცხადებებით დაიწყო.

ერთი კვირის წინ, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა ჩაიშალა _ ''ვერსიის'' წინა ნომერში ამ საკითხზე დეტალურად ვწერდით. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და თიბისი ბანკის დამფუძნებლები გამოცხადდნენ, თუმცა უშედეგოდ _ სხდომა ჩაიშალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენდნენ. საქმე ეხება ფინანსურ ტრანზაქციას, რომელიც თიბისი ბანკში 2007-2008 წლებში განხორციელდა. როგორც უკვე ვთქვით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 4 მარტს გაიმართა, სადაც დეპუტატებმა მამუკა ხაზარაძეს მოუსმინეს. სხვათა შორის, ეს იყო ხაზარაძის პირველი გამოსვლა პარლამენტში: 

''2018 წლის ივნისიდან, თიბისი ბანკში ერთდროულად, ოთხი სხვადასხვა უწყება შემოვიდა: ფინანსური მონიტორინგის სამსახური, პროკურატურა, საგადასახადო და ეროვნული ბანკი. პარალელურ რეჟიმში, ჩვენგან კონკრეტულად ამ საკითხზე დოკუმენტაციის ამოღება დაიწყეს. მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობით, საბანკო სექტორს არ აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს, ან შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც 6 წელიწადზე მეტი ვადისაა. ჩვენ ვალდებული ვართ, გავანადაგუროთ ეს დოკუმენტაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთელი საქმიანობა გამჭვირვალობაზეა დაყრდნობილი, მიუხედავად იმისა, რომ იურიდიულად, კანონით მონიჭებული უფლება გვქონდა, რათა დოკუმენტები გაგვენადგურებინა, როდესაც დავინახეთ, რომ ასეთი შემოტევა იყო, როგორიც 27 წლის განმავლობაში არ გვქონია, რადგან 4 უწყება ერთდროულად არასდროს შემოსულა, ჩვენ დასამალი არაფერი გვქონდა და ყველა დოკუმენტაცია, რაც ბოლო 10-12 წლის მანძილზე არქივში გვქონდა, უწყებებს მივეცით“. 

ამის შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსგან წერილი მიიღო. მისივე თქმით, ეს იყო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც მაღალჩინოსანი პირდაპირ ეუბნება, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლების რეპუტაციას დაანგრევდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე: 

„მე ძალიან გამიკვირდა, რომ საერთოდ, ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ. მე გავაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, რადგან ეს სცილდება ყოველგვარ ნორმასა და ზღვარს. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დელეგაცია ჩამოვიდა. არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკის პირველი, ან მეორე პირი, რომლებიც არ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს და ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საქმის განვითარება არ შეიძლებოდა. ეუბნებოდნენ, რომ ამ ფორმატში, ანაკლიის პროექტს ხელს ვერ მოვაწერთო. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რადგან ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ ბანკის მიერ ყველა შესწავლა დამთავრდა, 6 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეებში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ამ სიტუაციაში, ჩვენი მონაწილეობით მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა, გამიგოთ, რომ ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთლიანი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის“. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მიიღო. მისივე Yთქმით, გახარია რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა ის ამ წერილის განსაჯაროებას არ გეგმავს: 

„წერილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან იყო მოწერილი. არ მინდა იმ სიტუაციაში აღმოვჩნდე, რომ წერილებით დავიწყო სირბილი მედიისა და ჟურნალისტების წინაშე. ეს იყო მუქარის შემცველი წერილი რაღაცის შესრულების საფასურად, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ!“ 

მეტიც, მამუკა ხაზარაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხიც დასვა. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ სრულ უნდობლობას უცხადებს: 

„არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს ალბათ, თქვენი, დეპუტატების გადასაწყვეტია, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და ამ ინდუსტრიაში 27 წლის მანძილზე ჩაფლულ ადამიანს, მინდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მისი მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. არ ვიცი, როგორ არის პროცედურულად, ან მაქვს თუ არა უფლება, მაგრამ გარდა ამისა, მოვითხოვ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილსა და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში''. 

მიზეზი ისაა, რომ ხაზარაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი თიბისის დამფუძნებლებს აშანტაჟებდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კატეგორიულად მოითხოვდა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭო დაეტოვებინათ: 

''პრაქტიკულად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ახლად არჩეული ვიცე-პრეზიდენტი, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდნენ. მათ გამოუგზავნეს წერილი თიბისი ბანკის დამოუკიდებელ დირექტორებს. 7 წევრი ყავს თიბისი ბანკს სამეთვალყურეო საბჭოში აქ და 9 წევრი _ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოში მყოფი ხუთი უცხოელი წევრი, ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ დანიშნული, დამოუკიდებელი დირექტორები არიან. სწორედ მათ გამოუგზავნეს წერილი და დაგვარიცხეს პირველი ჯარიმა _ 10 000 ლარი, ალბათ, ვიღაცამ დაიწუნა, რომ ცოტა იყო. მე შევხვდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და ვუთხარი, რომ ჩვენ 10 000 ლარს არ გადავიხდით, რადგან ეს არის 11 წლის წინანდელი ამბავი, მაგრამ ამის შემდეგ, გამოუშვეს ახალი დეპარტამენტის წარმომადგენელი და ჯარიმის სახით, მილიონი ლარი დაგვარიცხეს. როგორც გითხარით, წერილი დამოუკიდებელ დირექტორებს გაუგზავნეს და მოსთხოვეს, რომ განეხილათ ჩემი და ბადრის სამეთვალყურეო საბჭოში ყოფნის მიზანშეწონილობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოითხოვდნენ ბუფერული კაპიტალის გაზრდას. მე მივედი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ვუთხარი, რომ ჩვენ მზად ვიყავით გადავმდგარიყავით თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან, რადგან ეროვნული ბანკი არის რეგულატორი. მათ თქვეს, რომ ჩვენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან მთლიანად უნდა წავსულიყავით. ამაზე ჩემი პასუხი იყო _ ეს ჰგავს იმას, როდესაც მამას, 27 წლის შვილთან ურთიერთობას აუკრძალავ, არ გაძლევენ უფლებას, წელიწადში ოთხჯერ ნახო და მოისმინო, რას აკეთებს შენი შვილი. ჩვენ არასდროს არ გვქონია რეგულატორთან პრობლემა და კამათი. მათ თქვეს რომ არა, თქვენი თავმჯდომარეობიდან და მოადგილეობიდან გადადგომა არ არის საკმარისი, თქვენ საბჭოდანაც უნდა წახვიდეთო. ჩვენ ლონდონის საფონდო ბირჟას ვთხოვთ, რომ 7 წევრი გავზარდოთ 9-მდე და ჩვენ გვქონდეს საშუალება, ვისხდეთ და მოვუსმინოთ, რადგან 9 კაცში ორმა კაცმა, წელიწადში ორჯერ, რა გავლენა უნდა მოახდინოს ბანკზე, მაგრამ თქვეს, რომ ეს კატეგორიული საკითხია!''. 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ხაზარაძემ დააკონკრეტა, რომ თანამდებობიდან არავის გადაუყენებია. თიბისი ბანკის დამფუძნებელმა დეპუტატებს განუმარტა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება იყო. მეტიც, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ წერილი მან თვითმფრინავში დაწერა, როდესაც კამბოჯაში, იაპონელებთან შეხვედრაზე მიემგზავრებოდა. 

''მე გადავდექი იმიტომ, რომ ბანკი არ ჩამონგრეულიყო. გაოცებული დავრჩი, რადგან ინგლისურად ამას blackmailing, ხოლო ქართულად _ „შანტაჟი“ ჰქვია. გასაგებია, რომ ეროვნული ბანკი პროკურატურის ე.წ. ვერსიას ვერ შეეწინააღდეგებოდა. ამის შემდეგ პირდაპირ ვუთხარი, მირჩევნია მომხსნათ, რადგან ეს არის დისკრიმინაცია, ადამიანის უფლებების შელახვა და არაპროპორციული ზომები ჩვენს მიმართ. ამის მერე მოგვდის ხუთი წერილი და ბანკის აქციები ისევ ვარდება ყველაზე დაბალ ნიშნულზე''. 

ხაზარაძემ 2007-2008 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დეტალურად ისაუბრა. სხვა ბანკებიდან აღებული სესხების გარდა, თიბისი ბანკის დამფუძნებელმა იმ კონკრეტულ მონაკვეთზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც ბიზნესმენ ავთო წერეთელთან მის ურთიერთობასა და 17-მილიონიან სესხს ეხებოდა: 

„ჩვენ გვჭირდებოდა თანხა _ 17 მილიონის ოდენობით და მის სასესხებლად მივედით ორ ბიზნესმენთან. ერთი ავთო წერეთელია და მეორეს არ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი პირია. მათ მივმართეთ, რომ გვჭირდებოდა 17 მილიონი. დაისვა კითხვა, თუ რაში გვჭირდებოდა და ვუპასუხეთ, რომ J.P. Morgan-მა მოგვცა 60 მილიონი საუკეთესო პირობებით, გადახდის გარანტიაც ესაა, გარიგებას ვხურავთ აგვისტოს შუა რიცხვებში და თქვენგან გვჭირდება მოკლევადიანი სესხი, რათა დაირიცხოს ეს თანხა. ავთო წერეთელი ჩემი მეგობარი და პარტნიორია, ძალიან ვამაყობ მასთან მეგობრობით. არაერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ პირველ მაღაზიას ვხსნიდი, „ბატა“ იყო ეს, თუ „ბაბილონი“, ავთო იყო ის ადამიანი, რომელიც ხელს გვიმართავდა ნებისმიერ დროს, ყოველგვარი ხელშეკრულებებისა და წინაპირობების გარეშე. ამ ურთიერთობას ვაფასებ, რადგან თუ ბიზნესი დაუბრუნდება ამ ჯენტლმენურ, ხელის ჩამორთმევით ურთიერთობებს, მე მგონი, ეს ძალიან წაადგება ყველაფერს. მე არაერთხელ ამიღია სესხი მისგან და მისი კომპანიისგან და ეს სესხები არასდროს ყოფილა დაკავშირებული თიბისი ბანკთან. მე სატელეფონო საუბარი განვახორციელე ავთო წერეთელთან, ვუთხარი, რომ მჭირდებოდა თანხა, მითხრა როდის და რა გაქვს გარანტიაო, ავუხსენი სიტუაცია და ავთოსგან ავიღე 17%-იანი სესხი“. 

''ორკესტრირებული შეტევა თიბისი ბანკზე'' _ ასე შეაფასა მამუკა ხაზარაძემ ის აჟიოტაჟი, რაც 2007-2008 წლების ტრანზაქციის გამო თიბისის წინააღმდეგ ატყდა. კომიტეტის სხდომაზე ისიც თქვა, რომ პროკურატურამ სასრაფოდ უნდა გამოაცხადოს, ვინ არის დამნაშავე ამ სიტუაციაში, ან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქმე, რადგან ხაზარაძე არ დაუშვებს, რათა სამართალდამცავებმა ეს საქმე თაროზე შემოდონ:

''მე ყველას პატივს გცემთ. აქ იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ოპოზიციის, ან პოზიციის გული მოვიგო. აქ ქართველებთან, ადამიანებთან მოვედი, რომლებსაც გვინდა, რომ ხვალ ახალი ცხოვრება გვქონდეს და ერთად ვაკეთოთ საქმე. ამ მდგომარეობაში, პირდაპირ გეუბნებით, მირჩევნია, მოვიდნენ და მითხრან, ზედმეტი ხარო, მაგრამ ამ ქვეყნიდან არ წავალ! პირდაპირ ვამბობ, არსად არ წავალ! იმიტომ არ ვარ აქ, რომ დაეხმაროთ მამუკა ხაზარაძეს. კომპლიმენტი თქვეს დარბაზიდან, ვწუხვართ, ასეთ მდგომარეობაში რომ ხართო. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მშვენიერ მდგომარეობაში ვარ, ასეთ მდგომარეობაში არასდროს ვყოფილვარ, რადგან სიმართლეს ვამბობ ხმამაღლა და არ ვეუბნები მხოლოდ გუნდის წევრებს და არ ვსაუბრობთ კულისებში! არ მინდა, პროკურატურა პრესკონფერენციებით გვაშანტაჟებდეს. მე მოვუწოდებ, სასწრაფოდ გამოვიდნენ, დასხდნენ და თქვან, რას ჰქვია ფულის გათეთრება! ამოიღონ კანონმდებლობა და ზუსტად თქვან. თუ ეს საქმე თაროზე შემოიდება, არ დავთმობთ ერთი წამით, ერთი ნაბიჯით არ წავალთ უკან, რადგან ეს საბჭოთა „კაგებეშნიკური“ პრაქტიკაა, როდესაც ვიღაცას ლაფს დაასხამ და მერე მიდის გამოძიება, საქმე თაროზე იდება და ადამიანებს არ აქვთ საშუალება, პასუხი გასცენ, ან ამბობენ, რომ სახელმწიფოს ვერ მოერევი, რადგან ადამიანი პატარაა, ეს უნდა შეწყდეს! თაროზე არ შემოვადებინებთ ამ საკითხს, ვინაიდან ეს არის გაცილებით მეტზე დარტყმა, დარტყმა საქართველოსა და მის პერსპექტივაზე!“ 

ამის შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა ხაზარაძეს კითხვები დაუსვეს. სკანდალურ სხდომაზე, რომელიც 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა, მცირე ინციდენტიც მოხდა: დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ხაზარაძეს უთხრა: ''უკაცრავად, ბატონო მამუკა, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ, რადგან ''ომეგას'' საქმეზე, კომპანიის დირექტორებმა დაკეტილი ბანკიდან თანხა, მხოლოდ თქვენი ზარის შემდეგ გაიტანეს. დიახ, ბატონო, მხოლოდ მას შემდეგ გააკეთეს, რაც ბატონმა ბუცხრიკიძემ ბანკის თანამშრომლებს მისცა დავალება, ხოლო ბატონ ბუცხრიკიძეს დავალება მიეცით თქვენ. სამწუხაროდ, მოგიწევთ სიმართლის თქმა იქ, სადაც მეტი პასუხისმგებლობაა სიმართლისა''. 

ამის პასუხად, ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა-გაუცემლობაზე, ადგილი არ ჰქონია: „არანაირი ზარი ჩემთან, რომ ამას მიეცით თანხა, ან ამას არ მისცეთ, არ ყოფილა 27 წლის განმავლობაში. ჯერ გვაბრალებდა ბიზნესმენი, რომ ბანკი დაკეტილი იყო და თანხა იყო გატანილი. ჩვენ არანაირი დაკეტილი ბანკიდან თანხა არ გაგვიტანია. თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა, თქვენივე ხელმოწერით. ჩვენზე იმის დაბრალება, რომ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, ან რატომ არ გავაკონტროლეთ, დიდი ბოდიში, მაგრამ ვერ მივიღებ! ვერც იმას მივიღებ, რომ ვიღაცას დავურეკე, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა“. 

ამის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, ნატო ჩხეიძემ კომიტეტის სხდომა დატოვა. 

ევროპული საქართველოს წარმომადგენლის, ოთო კახიძის კითხვაზე, ვინ დგას თიბისი ბანკის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევის უკან, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა, რომ უკვე თქვა, ვინ დგას ამის უკან: ''მე მგონი, უკვე ყველა დგას ამ ამბების უკან. ერთადერთი, რას ემსახურება და რატომ, არ ვიცი. რა არის ამის მიზეზი, სიმართლე გითხრათ, დღესაც ვერ გავიგე. შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკური ამბიციები გვაქვს, მაგრამ თქვენ მაინც იცით, რომ პირველად ვარ პარლამენტარების წინაშე. არავისთან, არცერთ თქვენგანთან კონტაქტი არ მქონია არა იმის გამო, რომ მერიდება. უბრალოდ, ჩვენი საქმე გვაქვს ბევრი და არასდროს პოლიტიკურ პროცესებში არ ჩავრეულვარ. ეტყობა, ვიღაცამ რაღაცა გადაწყვიტა, ვიღაცას არ მოვეწონეთ და ეს ყველაფერი ხდება''. 

პარლამენტის ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მოითხოვა, რომ ხაზარაძემ შს მინისტრისგან მიღებული მუქარის შემცველი წერილი გაასაჯაროვოს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კი პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძისა და შს მინისტრის, გიორგი გახარიას მოსმენა მოითხოვეს. მეტიც, ოპოზიციონერი დეპუტატები გახარიას გადადგომასა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. მანამდე, დეპუტატები დაინტერესდნენ, რატომ არ განაცხადა ხაზარაძემ შესაბამის ორგანოებში, თუ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ხაზარაძის თქმით, მან, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, ცხადია, ამის შესახებ შესაბამის უწყებებს აცნობა და იქვე დასძინა, რომ დაკითხვის ოქმში ეს ამბავი დეტალურად აღწერა, თუმცა პროკურორებს ამაზე კითხვაც კი არ დაუსვამთ. რაც შეეხება წერილის გასაჯაროვებას, ხაზარაძემ დეპუტატებს აუხსნა, რომ მზადაა, ეს წერილი ნებისმიერ დროს გამოაქვეყნოს. 

იმ დღესვე, მამუკა ხაზარაძის სკანდალურ განცხადებას საქართველოს ეროვნული ბანკი გამოეხმაურა და განმარტა, რომ მარეგულირებელი უწყების კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ''შანტაჟად'' შეფასება არასწორია. 

„კომერციულ ბანკში გამოვლენილი დარღვევის ადეკვატური სანქციის გამოყენება საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო სექტორის ზედამხედველის, პირდაპირი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებით განსაზღვრული სანქციები დაკონკრეტებულია შესაბამის კანონმდებლობაში. ამ ჩამონათვალში არის, მათ შორის, მარეგულირებლის უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს ბანკის ადმინისტრატორების ხელმოწერის შეჩერება და/ან თანამდებობიდან გათავისუფლება, რაც საქართველოს ეროვნულ ბანკს წარსულშიც გამოუყენებია. შესაბამისად, არასწორია ''შანტაჟად'' შეფასდეს ის, რაც მარეგულირებელ ორგანოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს'', _ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებას შს მინისტრი, გიორგი გახარიაც გამოეხმაურა და ჟურნალისტებს განუმარტა, რომ წერილებს არ წერს, ის სათქმელს პირდაპირ ეუბნება ყველას, მათ შორის, იმ ხალხსაც, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა აქვს: 

''ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, რათა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით, იმუნიტეტი მოეპოვებინა. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში! საჯარო პოლიტიკიდან შანტაჟის ენით საუბარი უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე. რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, იქ არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც დიდი სიამოვნებით მივალ. გიმეორებთ, ეს იყო პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა და პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობა, სხვა ყველაფერი არის ტყუილი. წერტილი''.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში