Menu
RSS

„დიდი გულაობა“ ბიუჯეტის ხარჯზე _ რა უაზრობაში ხარჯავს აფხაზეთის მთავრობა ხალხის ფულს

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში და არამიზნობრივი მივლინებები კრაკოვსა და ელ-მაფრაკში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის მთავრობის აპარატის ფინანსური დოკუმენტაცია შეისწავლა. აუდიტი 2017-2018 წლებს ეხება და საკმაოდ სერიოზული დარღვევები გამოვლინდა. გაირკვა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება-წასვლას ტექნიკურად არ აღრიცხავდნენ. რაც მთავარია, აფხაზეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდნენ და ისეთ ღონისძიებებს აფინანსებდნენ, რაც ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. სახელმწიფო აუდიტორებმა დაადგინეს, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატის თანამშრომლების მივლინებებიც უკანონო იყო. მეტიც, თუ იმ საპრეზენტაციო თემებსაც გადავხედავთ, რომლებითაც აპარატის მთავარი სპეციალისტი პოლონეთსა და იორდანიაში წარსდგა, საერთოდ გაუგებარია, რატომ, რა მიზნით და რისთვის მიავლინეს ეს პირი საზღვარგარეთ, თანაც ბიუჯეტის ხარჯზე?!

დარღვევები შრომის ანაზღაურებაში 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ მთავრობის აპარატში, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან გასვლის აღრიცხვის მიზნებისათვის, სპეციალური ტექნიკური საშუალება არ არსებობდა. არადა, შინაგანაწესით განსაზღვრულია, რომ აპარატში წარმოებს მოსამსახურეთა აღრიცხვის ჟურნალი, რომელსაც უნდა ამტკიცებდეს აპარატის უფროსი, თუმცა ამის მიუხედავად, მოსამსახურეთა აღრიცხვის ჟურნალის ფორმა შესაბამისი წესით დამტკიცებული არ ყოფილა. 

ამის ნაცვლად, მთავრობის აპარატში, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი აწარმოებდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების შესახებ მონაცემებს, ისიც მხოლოდ სახელის, გვარის, წასვლა-მოსვლის თარიღებისა და ხელმოწერების მითითებით. 

,,ვინაიდან ჟურნალში არ ფიქსირდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო ადგილის დატოვების ზუსტი დრო, შეუძლებელია კონკრეტული თანამშრომლისათვის შინაგანაწესით განსაზღვრული ყოველდღიური სამუშაო დროის, როგორც ხანგრძლივობის (8 საათი), ისე დაწყებისა (09:00 საათი) და დასრულების (18:00 საათი) დროის დადგენა. აღრიცხვის ჟურნალის შესწავლით გამოვლინდა, რომ 2017 წელს, მთავრობის აპარატის ზოგიერთი თანამშრომელი არ ფიქსირდებოდა, ან საერთოდ არ აწერდა ხელს ჟურნალში (მაგალითად, მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლები, დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსები და შტატგარეშე თანამშრომელთა უმრავლესობა), ხოლო სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმაში, ყველა აღნიშნულ შემთხვევაში დაფიქსირებულია მათი სრული სამუშაო დროით მუშაობა. გარდა ამისა, უმრავლეს შემთხვევაში, ჟურნალში დაფიქსირებული ხელმოწერები არასრულია, ან არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

უფრო კონკრეტულად, სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები შვებულებისა და დროებითი შრომისუუნარობის პერიოდშიც ანუ იმ დღეებში, როდესაც რეალურად არ გამოცხადებულან სამსახურში, ე.წ. აღრიცხვის ჟურნალში მათი ხელმოწერები დაფიქსირებულია. აქედან გამომდინარე, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ მთავრობის აპარატში ნაწარმოები აღრიცხვის ჟურნალი და სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა მხოლოდ ფორმალურია, რადგან მთავრობის აპარატის მიერ არ ხდება ყველა თანამშრომლის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან გასვლის სათანადო აღრიცხვა და მასზე შესაბამისი კონტროლი. 

ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობით, სამუშაო დროის გამოყენების ყოველთვიური აღრიცხვის ფორმა და სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალი ხელფასის დარიცხვის საფუძველია, ხოლო მთავრობის აპარატში არსებული მონაცემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა შრომის დისციპლინის ეფექტიან დაცვასა და ყოველდღიური სამუშაო დროის ზუსტ აღრიცხვა-კონტროლს, არსებობს რისკი, რომ ხელფასების გაანგარიშება-გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შეუსაბამოდ. 

რეკომენდაცია: მთავრობის აპარატის მიერ შრომის დისციპლინის მოწესრიგებისა და ხელფასის გაცემის მეტი სანდოობისათვის, უზრუნველყოფილ იქნეს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების ზუსტი აღრიცხვა და მისი კონტროლის გაძლიერება/სრულყოფა. 

არამიზნობრივი მივლინებები 

2017 წელს, მთავრობის აპარატმა მივლინებაზე, ჯამში, 34 942 ლარი დახარჯა, მათ შორის, 6 971 ლარი _ ქვეყნის შიგნით, ხოლო 27 971 ლარი _ ქვეყნის გარეთ. 

უფრო კონკრეტულად, საზღვარგარეთ მივლინების ხარჯში შევიდა მთავრობის თავმჯდომარის ოთხი ვიზიტი შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში და მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვიზიტი პოლონეთის ქალაქ კრაკოვსა და იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ეს ვიზიტები, კერძოდ, მთავარი სპეციალისტის პრეზენტაციები კრაკოვსა და ელ-მაფრაკში, საერთოდ არ შეესაბამებოდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას, რომლითაც საჯარო მოხელეს უფლება აქვს, საზღვარგარეთ მივლინებით გაემგზავროს. 

ძაღლის თავი სწორედ პრეზენტაციების შინაარსშია დამარხული. სახელმწიფო აუდიტის სამსახური სერიოზული მაკონტროლებელი უწყებაა, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსურ აუდიტს ახორციელებს. უწყების დასკვნებში საკმაოდ სერიოზული ფინანსური დარღვევებია ასახული და ასეა ამ შემთხვევაშიც, თუმცა როგორც კი აფხაზეთის მთავრობის აპარატის მთავარი სპეციალისტის პრეზენტაციების თემებს გაეცნობით, ძნელია, ღიმილი შეიკავოთ. 

,,ქვეყნის გარეთ მივლინებების შესწავლით გამოვლინდა, რომ მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე, კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე მთავარი სპეციალისტი წარსდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით _ „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, ხოლო ელ-მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე _ „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“. 

ამ პრეზენტაციების შინაარსს არავითარი კავშირი არ აქვს მთავრობის აპარატის საქმიანობასთან, რაც ასევე, დასტურდება ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და წარდგენილი პრეზენტაციებით'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

დიახ, აფხაზეთის მთავრობის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი პოლონეთის ქალაქ კრაკოვში პრეზენტაციას მართავს თემაზე _ ,,სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში'', ხოლო იორდანელებს ელ-მაფრაკში, პიარისა და თანამედროვე მუსიკის მნიშვნელობაზე ესაუბრება... 

მართალია, საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა სერიოზული დანაშაულია, მაგრამ მაპატიეთ და, ,,უდიპლომო სასიძო'' გამახსენდა. უფრო სწორად, ის პასაჟი ამ შესანიშნავი ფილმიდან, როდესაც აგრონომი ნიკოლოზი (ვახტანგ ნინუას უბადლო შესრულებით), აპირებს, ,,გადატრიალება მოახდინოს მეცხოველეობაში'' და დისერტაციას იცავს თემაზე: ,,მუსიკის როლი პირუტყვის ზრდის დაჩქარებაში''... 

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რომ მოხელე სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაიგზავნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა კონკრეტულად კრაკოვისა და ელ-მაფრაკის ვიზიტის შემთხვევებში, ფაქტობრივად, ვერ დასტურდება, რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიავლინეს მთავარი სპეციალისტი პოლონეთსა და იორდანიაში. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს ვიზიტები მივლინება არ ყოფილა და დაასკვნეს, რომ აფხაზეთის მთავრობის აპარატმა ორივე მივლინებაზე, საბიუჯეტო სახსრები არამიზნობრივად გახარჯა. 

რეკომენდაცია: სამივლინებო თანხების ანაზღაურების პროცესში, მთავრობის აპარატმა კონტროლის ისეთი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლებზე მივლინების თანხების კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად გაცემას. უნდა გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რათა 2017 წელს, კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ გახარჯული მივლინების თანხები, ბიუჯეტის ანგარიშზე აღდგეს. 

სარეზერვო ფონდი 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში მთავრობის სარეზერვო ფონდი 220 000 ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების თხოვნის მიზნით, 2017 წელს, მთავრობის აპარატში 2 266 კორესპონდენცია (განცხადება, წერილი) შევიდა, აქედან 910 ფიზიკური პირი დაფინანსდა და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით, ჯამში, 196 840 ლარი დაიხარჯა, ხოლო იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ფინანსური დახმარების მიზნით, 13 განცხადება/წერილი, ჯამში _ 23 155 ლარით დაფინანსდა. 

სარეზერვო ფონდის საკასო შესრულება 219 995 ლარი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდი შექმნილია ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, 2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან 553 შემთხვევაში, სოციალური მდგომარეობის გამო (სოციალურ-მატერიალური დახმარება, საშუალოდ, 100-500 ლარი და მეტი ოდენობით), ჯამში, 97 600 ლარის მატერიალური დახმარება გაიცა, რომელიც 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებშიც იყო გათვალისწინებული. 

,,2017 წელს დაფინანსებული ფიზიკური პირების ბაზის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 19 პირზე 2-ჯერ, ან 3-ჯერ გაიცა ფინანსური დახმარებები, ჯამში _ 7 300 ლარი. აღსანიშნავია, რომ მათგან 16 პირი, დაფინანსებული იყო 2016 წელსაც, ხოლო 9 პირი დაფინანსებულია, როგორც 2016 წელს, ასევე 2015 წელსაც. ამ მონაცემებიდან დგინდება, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ მაშინ, როდესაც მსგავსი პრობლემების მქონე პირთა, იმავე შინაარსის 1 306 განცხადება არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ხოლო 37 დევნილის განცხადება არც დაკმაყოფილდა და არც სხვა უწყებაში გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკურ პირებზე თანხები გამოიყოფოდა მათი განცხადებების ან/ და სხვადასხვა სტრუქტურის შუამდგომლობის განხილვის შედეგად, განმცხადებელთა მძიმე მატერიალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. მიუხედავად აღნიშნულისა, აუდიტის ჯგუფის მიერ ცხრამეტივე ფიზიკური პირის დაფინანსების ყველა (39 განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია) შემთხვევის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ 15 შემთხვევაში, განცხადების თანდართული დოკუმენტებით, ფაქტობრივად არ დასტურდება განცხადებაში აღწერილი ფაქტები ანუ დახმარების თხოვნის მიზეზები არაა დასაბუთებული'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტის ჯგუფმა სხვადასხვა უწყებაში გადაგზავნილი და დაუკმაყოფილებელი განცხადებებიც შეისწავლა. მათი ანალიზის საფუძველზე აუდიტორებმა დაადგინეს, რომ როდესაც ერთსა და იმავე პირებს რამდენჯერმე აფინანსებდნენ, მსგავსი პრობლემებითა და დამადასტურებელი დოკუმენტებით, რიგ

განცხადებებს არ აფინანსებდნენ, ან სხვადასხვა უწყებაში გზავნიდნენ, თუმცა საბოლოოდ, არც ეს უწყებები იწუხებდნენ თავს. 

მეტიც, განცხადებებზე უარის შემთხვევაში, საერთოდ არ არის მომზადებული მთავრობის აპარატის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ განცხადების საფუძველზე შესწავლილია დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზები. 

,,ნაცვლად ამისა, მთავრობის აპარატის ელექტრონული საქმის წარმოების სისტემაში, მხოლოდ დავალების შესრულების ველშია დაფიქსირებული კომენტარის სახით უარის მიზეზი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში იმით იყო გამოწვეული, რომ განმცხადებელს 2017 წელს უკვე მიეცა დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან ან/და განცხადებაში მითითებული პრობლემების შესაბამისი საბუთები არ იყო წარმოდგენილი. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არათანაბარ პირობებზე, რაც წარმოშობს ინტერესთა არასწორად გათვალისწინებასთან დაკავშირებულ რისკებს'', _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში, შესაბამის პასუხიმგებელ პირთა მიერ, მათზე დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების გამო, არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ხოლო დასაფინანსებელ პირთა შერჩევისას _ სამართლიანობა, გამჭვირვალობა და თანაბარი პირობები, რაც წარმოშობდა ინტერესთა გაუთვალისწინებლობის, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვისა და არაეფექტიანი მართვის რისკებს. 

ღონისძიებები სარეზერვო ფონდის ხარჯზე 

გარდა ფიზიკური პირებისა, 2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ფინანსური დახმარების 13 შემთხვევა, ჯამში _ 23 155 ლარით. 

,,ამ ღონისძიებების შესწავლით გამოვლინდა, რომ 2017 წლის 20 იანვარს, მთავრობის თავმჯდომარე მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, დაღესტნელი პოეტის, ალი ისაევ-ავარსკის 80 წლის იუბილის აღნიშვნის საკითხის განხილვის თხოვნით, რასაც საბოლოო ჯამში, თავად აფინანსებს სარეზერვო ფონდიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას მხოლოდ თავისი სააქტო დარბაზი დაუთმოს ღონისძიებას), განათლების სამინისტრო 9 ოქტომბერს იწყებს, 17 ოქტომბრის „ვეტერანის დღის“ დაგეგმვას, რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად, ხოლო განათლების სამინისტრო და ააიპ ,,აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება'', 20 ნოემბერს იწყებს ლორიკ მარშანიას 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვას, რომელიც 24 ნოემბერს უნდა გამართულიყო. ამავდროულად, 2017 წლის ბიუჯეტში, გათვალისწინებული იყო ქვეპროგრამა „საღამოები“, რომლის ფარგლებშიც, სწორი დაგეგმვის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა ამ ღონისძიებების დაფინანსებაც'', _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

აუდიტორების დასკვნით, ეს ფაქტები მიუთითებს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი არასათანადოდაა დაგეგმილი, ხოლო მთავრობის შესაბამისმა სტრუქტურებმა და ორგანიზაციებმა, რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, არასრული და შეუსწავლელი ინფორმაცია წარადგინეს. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო „სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა“, თუმცა სარეზერვო ფონდიდან მაინც დაფინანსდა ბეგლარ ელბაქიძის მსოფლიო საზღვაო-სარეკორდო მარათონი, ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირი _ „აფხაზეთის გარდამავალი თასი“ და ააიპ საკალათბურთო კლუბისთვის „სოხუმი'' _ დარბაზის იჯარა. 

2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ქვეპროგრამა _ „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ სარეზერვო ფონდიდან, გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში მდებარე საშუალო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობა დაფინანსდა. შესაბამისად, 2017 წელს, სარეზერვო ფონდიდან, ჯამში _ 12 580 ლარით, როგორც წინა წლებში, კვლავ დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რომელთა დაფინანსებაც ბიუჯეტის სწორი დაგეგმვისა და ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, მხარჯავი დაწესებულებების წლიურ ასიგნებებში უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. 

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სარეზერვო ფონდიდან, რესპუბლიკური ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელები უნდა დაფინანსდეს, თუმცა სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, უმეტეს შემთხვევაში, სარეზერვო ფონდიდან ღონისძიებების განხორციელების მიზნით გაცემული თანხები, მთავრობის აპარატის ხელმძღვანელობის არასათანადო მიდგომის გამო, ფაქტობრივად არ წარმოადგენდა ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსებას. გარდა ამისა, სარეზერვო ფონდიდან გაცემული საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად ხარჯვის კონტროლის მექანიზმი სუსტია, რაც საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის არაეკონომიურ, არაეფექტიან და არაპროდუქტიულ მართვაზე მიუთითებს. 

რეკომენდაცია: რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე, დასაგეგმი წლის ღონისძიებები დეტალურად იქნეს შესწავლილი და შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულებების წლიურ ასიგნებებში განისაზღვროს! სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოს მხოლოდ რესპუბლიკური ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად! შემუშავდეს სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის/ განკარგვის ისეთი კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს განცხადებების დასაფინანსებლად შერჩევის გამჭვირვალობას, სამართლიანობას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და სრულყოფილ კონტროლს!

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში