Menu
RSS

კანონი „261“ ის, რაც საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობისას უნდა იცოდეთ!

რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებთ გადადებული, ან დაგვიანებული ავიარესის შემთხვევაში?

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა მას შემდეგ, რაც ევროპისა და აზიის ქვეყნების მონახულება საგრძნობლად ხელმისაწვდომი გახდა, საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილების მსურველთა და ავიაკომპანიების მიერ შესრულებული რეისების რაოდენობამაც მოიმატა. მართალია, ფრენები მკაცრად დადგენილი განრიგის მიხედვით სრულდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობები, გადატვირთული საჰაერო სივრცე, ინფრასტრუქტურული, ტექნიკური, თუ პროგრამული შეფერხებები, ასევე გაფიცვები, ხშირად, რეისის დაგვიანებას ან გაუქმებას იწვევს. ,,ვერსია'' დაინტერესდა, რა უფლებებით სარგებლობენ მგზავრები ფრენების გაუქმებისა და რეისების დაგვიანების დროს? როგორ და რა ვითარებაში იცავს ავიამგზავრებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობა? რა შემთხვევებში ეკუთვნით მათ კომპენსაცია?

 

,,ვერსიაში'' უკვე ვწერდით, რომ საერთაშორისო კომპანია AIRHELP-მა კვლევა ჩაატარა, რისთვისაც ევროკავშირის ზონაში, 7 000 მცხოვრები გამოკითხა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით, 

ავიამგზავრთა 85% უბრალოდ, არ იცნობს კანონს _ 261, რომელიც მათ უფლებებს იცავს. არადა, სწორედ 261-ე კანონის მიხედვით, რომელიც 14 წლის წინ მიიღეს, ავიარეისის დაგვიანების, ან გადადების შემთხვევაში, ასევე გარკვეული მიზეზების გამო, მგზავრებისთვის გადაყვანაზე უარის თქმისთვის, გათვალისწინებულია კომპენსაცია _ ერთ ადამიანზე, 600 ევროს ოდენობით. რაც მთავარია, თანხის მიღებაზე განცხადების შეტანა შემთხვევიდან სამი წლის განმავლობაში შეიძლება. 

ევროკავშირის 261-ე კანონის მიხედვით, კომპენსაცია არ გაიცემა გამონაკლის შემთხვევებში. ამგვარი გამონაკლისებია, მაგალითად, გაფიცვა, ქარიშხალი, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. სხვა შემთხვევებში, თანხის ანაზღაურებისთვის საკმარისია, რომ აფრენისა და დაფრენის აეროპორტები ევროკავშირის ტერიტორიაზე მდებარეობდეს, ან ავიაკომპანია, რომლითაც მგზავრობას აპირებდით, ევროკავშირში იყოს ბაზირებული. შეგახსენებთ, ამ კვლევის შედეგად ისიც გაირკვა, რომ ამ უფლების უცოდინრობის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაახლოებით 13 მილიონი მგზავრი, ყოველწლიურად მილიარდამდე ევროს კარგავს! 

საინტერესოა, რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში? იმის გათვალისწინებით, რომ გადადებული, ან თუნდაც დაგვიანებული ავიარეისის გამო, ევროკავშირის ტერიტორიაზე მცხოვრებთა უმეტესობამაც კი არ იცის საკუთარი უფლებების შესახებ, ძნელი წარმოსადგენი არაა, ქართველმა ტურისტებმაც არაფერი იცოდნენ. არადა, რთული მეტეოროლოგიური პირობების ან სხვადასხვა მიზეზების გამო, საერთაშორისო რეისები საქართველოს აეროპორტებშიც ხშირად ფერხდება. ,,ვერსია'' სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე წერილობით გვიპასუხეს: 

_ მოქმედებს თუ არა საქართველოში ევროკავშირის კანონი _ 261, რაც ავიარეისების გადადების ან დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის 600 ევროს ოდენობით კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს? 

_ დიახ, მოქმედებს. 

2012 წელს, „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ საქართველოსა და ევროკავშირს, ასევე მის წევრ სახელმწიფოებს შორის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ დაამტკიცა. ეს წესი ევროკავშირის 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია #261/2004-ის შესაბამისადაა შემუშავებული. 

საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმისა და ფრენის გაუქმებისთვის, კომპენსაცია შემდეგი ოდენობით განისაზღვრება: 250 EUR – 1 500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (მოკლედისტანცია); 400 EUR – 1 500-დან 3 500 კმ-მდე მანძილზე ფრენისას (საშუალო დისტანცია); 600 EUR – 3 500 კმ-ზე მეტ მანძილზე ფრენისას (გრძელი დისტანცია). 

_ საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ ევროპის მასშტაბით გამოკითხული მგზავრების 85%-მა, ამ კანონის შესახებ არაფერი იცის. ამ ფონზე, მგზავრების ინფორმირებულობის თვალსაზრისით, რა კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი, ან რა ნაბიჯებს დგამთ? 

_ საავიაციო ინდუსტრიისა და საზოგადოების ინფორმირება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ წესის დანერგვამდე დაიწყო. გაიმართა ღია ფორმატის კონსულტაციები და პრეზენტაციები. საკუთარი რესურსებით, სააგენტო მუდმივად ცდილობს ფრენების უსაფრთოხებისა და მგზავრთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ შემუშავებული რეგულაცია ავიაგადამზიდველებს ავალდებულებს, უზრუნველყონ მგზავრების ინფორმირება მათი უფლებების შესახებ. კერძოდ, ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი, ვალდებულია, რომ მგზავრთა რეგისტრაციის დახლთან, განათავსოს განცხადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც აისახება საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევებში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი. აგრეთვე ინფორმაცია იმ შესახებ, რომ სააგენტო ახორციელებს კონტროლს და ზედამხედველობას ამ მოთხოვნების შესრულებაზე. 

ავიაკომპანია ვალდებულია, რომ საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევებში, მგზავრები უზრუნველყოს წერილობითი შეტყობინებით (ელ.ფოსტა, ფაქსი, მოკლე ტექსტური შეტყობინება), სადაც აისახება კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი. უსინათლო და ახლომხედველ მგზავრებს კი ინფორმაცია ალტერნატიული საშუალებებით უნდა მიაწოდონ. 

_ გადადებული, ან დაგვიანებული რეისის შემთხვევაში, მგზავრი კომპენსაციას მიიღებს, თუ აფრენისა და დაფრენის აეროპორტები ან ავიაკომპანია, რომლითაც რეისი სრულდება, ევროკავშირის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, თანაც მგზავრს კომპენსაციის მიღება შემთხვევიდან სამი წლის მანძილზე შეუძლია. ეს კანონი საქართველოშიც ასეთივე პირობით მოქმედებს? 

_ „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების, ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის“ მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოდან სხვა ქვეყანაში, საქართველოს ან უცხო ქვეყნის ავიაკომპანიის საშუალებით და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს ავიაგადამზიდველის საშუალებით. 

რაც შეეხება კომპენსაციის მიღების ვადებს, ევროპის რეგულაცია 261/2004, მსგავს ვადებს არ აწესებს, მაგრამ ევროკავშირის კანონმდებლობაზე მიუთითებს. ჩვენს შემთხვევაშიც, ანაზღაურებიის მისაღებად კონკრეტული ვადა დაწესებული არაა, თუმცა ეს წესი საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა სამ წელს შეადგენს! 

_ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის მოსახლეობის 85%-მა არ იცის ამ კანონის შესახებ, სავარაუდოდ, ალბათ, საკუთარი უფლებების შესახებ, არც საქართველოში იციან. არადა, ავიარეისების დაგვიანებისა და გადადების შემთხვევები საკმაოდ ხშირია... თუ მოუმართავს ვინმეს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, გადადებული ან დაგვიანებული რეისის გამო? 

_ როგორც წესი, კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, მგზავრმა უნდა მიმართოს კონკრეტულ ავიაკომპანიას. თუმცა ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მგზავრები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც მიმართავენ. ასეთ შემთხვევაში, პროცედურა ითვალისწინებს ინფორმაციის შეგროვებასა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, რის საფუძველზეც, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საბოლოო პოზიციას შეიმუშავებს. სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს, დავა ურთიერთშეთანხმების გზით მოაგვარონ, ხოლო თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს საკუთარ პოზიციას წერილობითი გზით ატყობინებს. კუთვნილ დახმარებაზე უარის შემთხვევაში, როგორც მგზავრს, ისე ავიაკომპანიას, უფლება აქვთ, სასამართლოს მიმართონ!

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში