Menu
RSS

სვანეთს ეკოლოგიური საფრთხე არ ემუქრება!

რატომ აპროტესტებენ მესტიელები ორი ჰესის მშენებლობას?

გასულ კვირას, მესტიის ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობა გაიფიცა. პროტესტის მიზეზი სვანეთში ორი ჰესის _ ,,მესტიაჭალა 1''-ისა და ,,მესტიაჭალა 2''-ის მშენებლობა იყო. მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა რეგიონს საფრთხეს შეუქმნის და უნიკალურ სვანურ კოშკებს გაანადგურებს. თავის მხრივ, კომპანია ,,სვანეთი ჰიდრომ'', რომელიც ,,მესტიაჭალა 1''-ისა და ,,მესტიაჭალა 2''-ის ჰესებს აშენებს, განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ორივე ჰესი არადაგუბებითი ტიპისაა და თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ, ,,ვერსიასთან'' ინტერვიუში აღნიშნა, რომ არადაგუბებითი ტიპის ჰესები ეკოლოგიურად უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს.
 
პროტესტი მესტიაში
ხუდონჰესის გარდა, სვანეთის მოსახლეობა ამჯერად ორი ახალი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. მესტიის ცენტრში შეკრებილებმა ,,მესტიაჭალა 1''-ისა და ,,მესტიაჭალა 2''-ის ჰესების გარდა, ნენსკრაჰესის მშენებლობაც გააპროტესტეს. წლებისMმანძილზე, ხალხს მხოლოდ ამ ჰესების გარემოზე ზემოქმედება აფრთხობს და სახელმწიფოსგან დეტალური ინფორმაციის მიღებას ითხოვს. ხშირ შემთხვევაში, პროტესტი უსაფუძვლოა, რადგან ნებისმიერ ენერგოკომპანიას, რომელსაც გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტი არ ექნება, ობიექტის მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს.
,,მესტიაჭალა 1'' და „მესტიაჭალა 2'' ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას საფუძველი 2017 წლის 6 ივნიის ჩაეყარა. 2018 წლის ბოლოს, ეს პროექტი უნდა დასრულდეს და ექსპლუატაციაში შევიდეს. ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, საქართველოს ენერგოსისტემას დამატებით, 175 მილიონი კვტ/ სთ შეემატება.
სვანეთის მოსახლეობის პროტესტის პარალელურად, კომპანია „სვანეთი ჰიდრომ'', რომელიც მესტიაში ჰესებს აშენებს, სპეციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში მითითებულია, რომ ორივე ჰესი არადაგუბებითი ტიპისაა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით შენდება:
,,მსოფლიოში აღიარებულია, რომ მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას ახდენს. „სვანეთი ჰიდრო“ ჰესის მშენებლობას წამყვან ავსტრიულ კომპანია რპGLOBAL-თან ერთად ახორციელებს, რომელსაც ამ სფეროში ოცდაათწლიანი გამოცდილება აქვს და მსგავსი ტიპის, ეკოლოგიურად უსაფრთხო ჰესებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშენებს. მათ შორის, ავსტრიაში, პორტუგალიაში, ესპანეთში. „მესტიაჭალა 1“ და „მესტიაჭალა 2“, ავსტრიული კომპანიების კონსორციუმმა _ ჩონვეხ ყდროცონსულტ დააპროექტა. ჰესი დარგში არსებული საუკეთესო ტექნოლოგიებით შენდება, სადაც მსოფლიო ლიდერი კომპანია KOSSLER-ის ტურბინები დამონტაჟდება''.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ჰესების მშენებლობის დაწყებამდე, საჯარო განხილვები გამართეს და ამ მიზნით, მესტიის თემთა საბჭოს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ,,სვანეთი ჰიდროს'' წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ორივე ჰესის მშენებლობა დათქმულ ვადაში _ 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
რაც შეეხება მესტიის მოსახლეობის პროტესტს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციები მალხაზ უდესიანის მიერ იყო ორგანიზებული. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მალხაზ უდესიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მოქმედი მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის კონკურენტი იყო. თავის მხრივ, ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ დაინტერესებულ ჯგუფს იმპიჩენტის გზით, მისი თანამდებობიდან გადაყენება სურს.
ჰესები მესტიას არ დააზიანებს!
მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტსა და ზოგადად, ჰესების მშენებლობაზე, ,,ვერსია'' ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს დაუკავშირდა. დავინტერესდით, რამდენად საფუძვლიანია მესტიელების პროტესტი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით და ემუქრება თუ არა სვანეთს ეკოლოგიური საფრთხე?
_ ბატონო რომეო, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, რა ვითარებაა ქვეყანაში ჰესების მშენებლობის მხრივ?
_ რაც შეეხება მთავრობის სტრუქტურულ რეფორმას, მიგვაჩნია, რომ ამის შემდეგ ჩვენი საქმიანობა უფრო ოპერატიული და ქმედითი გახდა. ყოფილი ენერგეტიკის სამინისტრო და ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტროში არსებული ენერგეტიკის მიმართულება, კვლავაც დარგის გამოწვევებს პასუხობს. მთელი რიგი პროექტები გვაქვს, რომლებიც 2018 წელს დასრულდება და სისტემას შეურთდება. მეტიც, გათვლილი გვაქვს ის პროექტებიც და მემორანდუმებიც ხელმოწერილია, რომლებიც 2019 და 2020 წლებში დასრულდება. პროექტების ნაწილი _ კვლევა-ძიების, ნაწილი _ სამშენებლო ეტაპზეა.
_ კონკრეტულად რომელი პროექტები დასრულდება 2018 წელს?
_ ჯამში 14 პროექტია, მაგრამ მათგან 2018 წელს, ექსპლუატაციაში 8 ჰესი უნდა შევიდეს. მათი დადგმული ჯამური სიმძლავრე 82.25 მეგავატია, რომლებიც 377.1 გიგავატ საათს გამოიმუშავებენ. 2019 წლის ბოლოს, ახალი, 231-მეგავატიანი თბოელექტროსადგურის მშენებლობაც დასრულდება.
_ რამდენად საფუძვლიანია მესტიელების პროცესი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით?
_ ,,მესტიაჭალა 1'' და ,,მესტიაჭალა 2'', ჯამში 50 მეგავატი სიმძლავრის ჰესებია. ამჟამადEეს პროექტი მშენებლობის ეტაპზეა, რომელიც 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამ პროექტს გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რაც მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია. მხოლოდ ამის შემდეგ მოიწონა ეს პროექტი სამინისტრომ. კომპანიას, რომელიც მესტიაში ჰესებს აშენებს, გზშ-ს დოკუმენტი და მშენებლობის ნებართვა აღებული აქვს, კომპანიას ყველა ის დოკუმენტი გააჩნია, რის საფუძველზეც ეს ჰესები უნდა აშენდეს. აქედან გამომდინარე, სიმართლეს მოკლებულია ის აზრი, რომ ეს პროექტი ხეობას დააზიანებს და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის! ასე არაა, რადგან ესაა არადაგუბებითი ტიპის ჰესები, რომლებსაც მინიმალური შეხება აქვს გარემოსთან!
_ გასაგებია, რომ გზშ-ს დოკუმენტის გარეშე, ჰესები ვერ აშენდება, მაგრამ ამის შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია არ აქვს, რომ ამ მიზეზით, გაფიცვას აწყობენ?
_ უბრალოდ, მოსახლეობას სურს, რომ ინფორმაცია რამდენიმე სამინისტროსგან ერთდროულად მიიღოს. შესაბამისად, ხალხი ახსნა-განმარტებას ყველა უწყებისგან ითხოვს. შესაძლოა, მათ კარგად გააზრებული არც კი აქვთ, რეალურად რა კვლევები ტარდება ამა თუ იმ პროექტის განსახორციელებლად, რომლის შემდეგაც გზშ-ს დოკუმენტი და ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცემა. ამიტომ ჩვენ გვიწევს ხოლმე ახსნა, რა ხდება სინამდვილეში. თუ რომელიმე ენერგეტიკული ობიექტი მოსახლეობაზე რაიმე ტიპის გავლენას ახდენს, ამ დროს, სულ სხვა რეგულაციები მოქმედებს და ადგილობრივი მოსახლეობის სავალდებულო გასახლების ღონისძიებებს მივმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ გასახლება საჭირო არაა, გააზრებული გვაქვს, რომ ესა თუ ის ენერგეტიკული ობიექტი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის.
 
_ სვანები ხუდონჰესის მშენებლობასაც აპროტესტებდნენ, რა ვითარებაა ამ პროექტთან დაკავშირებით?
_ რაც შეეხება ხუდონჰესის საკითხს, მთავრობა მასზე მსჯელობს და უახლოეს მომავალში, გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ რა ფორმით იქნება შესაძლებელი, რომ ხუდონის პროექტი განვითარდეს.
_ ზუსტად ერთი წლის წინ, ,,ვერსიაში'' გამოვაქვეყნეთ სტატია, რომ ,,ტრანსელექტრიკა'', რომელმაც ხუდონჰესი უნდა ააშენოს, ამ პროექტის დატოვებას გეგმავდა. იმ პერიოდში, ხელისუფლებასა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკებები ჩიხშიც კი შევიდა... ხელშეკრულებით ნაკისრი რა პირობები ვერ შეასრულა ,,ტრანსელექტრიკამ''?
_ ამ მომენტისთვის, მხარე ისევ ,,ტრანსელექტრიკაა''. მოდით, ასე ვთქვათ, ვალდებულებების ნაწილში, ჩვენ ანუ მთავრობა ვთვლით, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებით, პოზიცია ჩამოსაყალიბებელია. მართალია, ხელშეკრულების მიხედვით, მხარე ,,ტრანსელექტრიკაა'', მაგრამ მთელი რიგი ვალდებულებებია, რომლებიც ხელშეკრულების მიხედვით არსებობდა და ვერ შესრულდა. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, რა კუთხით შეიძლება განვითარდეს ეს პროექტი. გამორიცხული არაა, რომ სახელმწიფომ განავითაროს, ან კერძო ინვესტორები მოიზიდოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ამ ხნის განმავლობაში, ხუდონჰესის განვითარების მხრივ, დიდი წინსვლა არ გვაქვს.
_ ხაიშელი მოსახლეობის სხვა ტერიტორიაზე გადასახლება ისევ იგეგმება, თუ ეს პრობლემა ,,ტრანსელექტრიკამ'' უნდა მოაგვაროს?
_ ამ ეტაპზე, უფრო დეტალურ ინფორმაციას ვერ გეტყვით. როგორც გითხარით, მთავრობა მსჯელობს ხუდონჰესის განვითარებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის განსახლებას, ეს უკვე შემდგომი ეტაპია. კონკრეტულ ნაბიჯებზე კი ჯერ საუბარი ნაადრევია, მთავარია, ჩამოყალიბდეს მთავრობა, თუ როგორ შეიძლება, განვითარდეს ხუდონჰესის პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
_ სხვათა შორის, საპროტესტო გამოსვლები ყაზბეგშიც იყო...
_ ბოლოს ყაზბეგთან დაკავშირებით რაც მახსენდება, ესაა ელექტროგადამცემი ხაზის ,,ქსანი-სტეფაწმინდას'' მშენებლობა. პირადად ვიყავი ჩართული ამ საკითხის დარეგულირებაში და ადგილობრივ მოსახლეობას რამდენჯერმე შევხვდი. ისინი შიშობდნენ, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ამ გადამცემი ხაზის მშენებლობა მათი ჯანმრთელობისთვის, თუმცა კონკრეტული დოკუმენტები გავაცანი და განვუმარტე, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მათთვის აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა. ამის შემდეგ მოვახერხეთ და ელექტროგადამცემი ხაზი გავიყვანეთ. დღეს ეს პროექტი დასრულების ეტაპზეა და დათქმულ ვადაში დასრულდება.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში