Menu
RSS

რა კორუფციული სქემა გაშიფრა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონებზე

ფაქტები, რომელზეც პროკურატურა გამოძიებას დაიწყებს

ოფიციალურად დადასტურდა, რომ თბილისის მერიამ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას აუქციონზე უკონკურენტო გარემო შეუქმნა. თუმცა ფარცხალაძის ,,ბიესარსიდიჯი დეველოპმენტის'' გარდა, დასკვნაში სხვა კომპანიებიც გვხვდება, მათ შორის, ,,კრწანისი ვილა რეზიდენსი'' და ,,რომპეტროლ საქართველო''. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იმ შემოწმების საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2015-2016 წლებში, თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვასა და მართვას ეხება. აუდიტის სკანდალურ დასკვნას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ დასკვნაში აღწერილ ზოგიერთ ფაქტზე გამოძიება დაიწყება. მეტიც, კალაძე მზადაა ის რეკომენდაციებიც გაითვალისწინოს, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა შეიმუშავეს.
ეს სწორედ ის სკანდალური დასკვნაა, რის გამოც ერთი წლის წინ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ და ასევე ყოფილმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ, თბილისის ცენტრში, ღამის კლუბში იჩხუბეს. მართალია, შს სამინისტრომ მათი შეხლა-შემოხლის ამსახველი კადრები გაასაჯაროვა, მაგრამ მოგვიანებით, თორდიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაპირისპირების მთავარი მიზეზი ახსნა. სახელმწიფო აუდიტორები სწორედ იმ დასკვნაზე მუშაობდნენ, რომელიც ორიოდე დღის წინ გამოქვეყნდა და რომელშიც ასახულია, თუ როგორ შეუქმნა სასათბურე პირობები მერიამ ფარცხალაძის კუთვნილ კომპანიას და როგორ მიყიდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება საბაზრო ღირებულებაზე ბევრად უფრო ნაკლებად.
კორუფციული სქემა აუქციონებზე
 
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის შედეგად ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში, თბილისის მერიამ ელექტრონული აუქციონის ფორმით, 980 ობიექტის (უძრავი ქონება) პრივატიზება განახორციელა. გაყიდული ობიექტებიდან 518 მათგანი საპრივატიზაციოდ გაიტანეს პირობით _ „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. აუდიტორების განმარტებით, ამ პირობის მიხედვით, არსებული კონფიგურაციის ცვლილების გარეშე, მყიდველი მიღებულ მიწის ფართს სამშენებლო მიზნით ვერ განავითარებს, ამიტომ თბილისის მერიაში მოქმედებდა სქემა, რომელიც აუდიტორებმა ასე გაშიფრეს:
,,აუდიტორული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მუნიციპალიტეტი, მის საკუთრებაში არსებულ ერთ საკადასტრო ერთეულად რეგისტრირებულ მიწის ფართს რამდენიმე საკადასტრო ერთეულად ჰყოფდა და შემდეგ აუქციონზე ერთ-ერთი ფართი გაჰქონდა. კერძოდ, აღნიშნულ ფართებს ანიჭებდნენ საპრივატიზებო პირობას _ „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. შესაბამისად, დაყოფილი ფართების პრივატიზების შემთხვევაში, მათი პოტენციური მყიდველი, ძირითადად, მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრე ხდებოდა, რომელიც პრივატიზებულ ფართს, მის საკუთრებაში არსებულ მომიჯნავე ფართთან აერთიანებდა, გაერთიანებული მიწის ფართი კი სხვა კონფიგურაციას იღებდა. შემდეგ დაინტერესებული პირი მიმართავდა მერიას შეზღუდვის მოხსნაზე, მერია კი შეზღუდვას ხსნიდა. აღნიშნული პირობით მიწის ნაკვეთების პრივატიზება იწვევს კონკურენციის შეზღუდვას, კერძოდ, უპირატეს მდგომარეობაში აყენებს იმ პირებს, რომლებიც მომიჯნავედ ფლობენ მიწის ნაკვეთებს. იმ პირებისათვის, რომლებიც არ არიან საპრივატიზებო ფართის მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაწესებული შეზღუდვა წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შედეგად, იზღუდება კონკურენცია და მუნიციპალიტეტი კარგავს მეტი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას''.
აუდიტის ჯგუფმა შერჩევით, სწორედ ამ პირობით პრივატიზებული ობიექტების დოკუმენტაცია შეისწავლა. მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტს ოქროყანის დასახლებაში, 3 444 855 კვ.მ მიწის ნაკვეთი გააჩნდა. აქედან 2015 წელს, მერიამ 5 ფართი გამოყო და აუქციონზე გაიტანა პირობით _ „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. 2015-2016 წლებში, პრივატიზებული მიწის ფართების საერთო საწყისი ღირებულება იყო _ 551 700 000 ლარი იყო. უკონკურენტო გარემოში, მიწის ნაკვეთები მომიჯნავე ფართების მფლობელმა, შპს „კრწანისი ვილა რეზიდენსმა“ შეიძინა. დამატებითი აუდიტორული პროცე-დურების შედეგად გაირკვა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წელს, შპს „კრწანისი ვილა რეზიდენსმა“ მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართს, მერიისგან შეძენილი 3 ფართი მიუერთა. გაერთიანებულ მიწის ფართზე კი ,,არქიტექტურის სამსახურიდან'' მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო.
2014 წლის 3 ივნისს, მუნიციპალიტეტმა მის საკუთრებაში არსებული 2 518 097 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 1 679 კვ.მ მიწის ფართი გამოყო და საპრივატიზებოდ 2015 წლის 12 იანვარს გაიტანა. პირობა აქაც იგივე იყო _ „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“. უკონკურენტო გარემოში, ეს მიწის ფართი მომიჯნავე ნაკვეთის მესაკუთრემ, შპს „რომპეტროლ საქართველომ“ შეიძინა. დამატებითი პროცედურების შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს „რომპეტროლ საქართველომ“ თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართს, 2015 წელს მიუერთა მერიისგან შეძენილი ფართი. ,,არქიტექტურის სამსახურში'' ამ ფართზე კომპანიამ სპეციალური მოთხოვნაც კი წარადგინა, რომ ნავთობპროდუქტების საწყობის სანიაღვრე კანალიზაციის მოსაწყობად, ნებართვა მიეღო.
2016 წლის 27 ივლისს, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიამ, შპს „ბიესარსიდჯი დე-ველოპმენტმა“ მიმართა თბილისის მერიას და მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართების მომიჯნავედ, ნუცუბიძის ქუჩასა და ინტენსიფიკაციის გზას შორის არსებული 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ასევე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პრივატიზება მოითხოვა. არადა, ამ კომპანიამ არსებული მიწის ნაკვეთები საკუთრებაში 2016 წელს მერიისგან, ზარალის ანაზღაურების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით მიიღო. ამ შენობაში გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია იყო განთავსებული. კომპანია იღებდა ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებიდან ორი წლის ვადაში, 200 კვ.მ ცალკე მდგომ შენობა-ნაგებობას ააშენებდა, სადაც ინსტიტუტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ტექნიკას გადაიტანდა და გეოფიზიკის ინსტიტუტის კოსმოფიზიკური ობსერვატორია განთავსდებოდა. აღნიშნულ ფართს კომპანია, ექსპლოატაციაში მიღებიდან ერთი თვის ვადაში უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადასცემდა თბილისის მუნიციპალიტეტს.
აუდიტორული შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ 2016 წლის 31 აგვისტოს, მუნიციპალიტეტმა შპს-ს მიერ მოთხოვნილ ქონებაზე აუქციონი გამოაცხადა, სადაც გამოტანილ იქნა 3 557 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 625.6 კვ.მ ფართის შენობა-ნაგებობა. მონაწილეობა მხოლოდ შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტმა“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ იმ მიწის ფართების შეფასებისას, რომლებზეც დაწესებული იყო პირობა _ „დარეგისტრირებული კონფიგურაციით მშენებლობის უფლების გარეშე“ ან „მომიჯნავე საკადასტრო ერთეულთან გაერთიანება“, ექსპერტი საპრივატიზებო ფართის ღირებ-ულებას ამცირებდა.
,,კრწანისი ვილა რეზიდენსის'', ,,რომპეტროლ საქართველოსა'' და ,,ბიესარსიდიჯი დეველოპმენტის'' მიერ პრივატიზებული მიწის ფართების საექსპერტო დასკვნების ანალიზის შედეგად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ რეგისტრირებულ ფართზე შემზღუდავი პირობის გამო, აუქციონზე გატანილი ქონების საპრივატიზებო ღირებულება 40%-ით შეამცირეს.
ქონების ჩანაცვლება ზარალის საკომპენსაციოდ
თბილისის მერიის 2016 წლის 30 მარტისა და საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით, შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტს“, მის საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ მიწის სანაცვლოდ, მერიამ თბილისში, დელისის ქუჩის მიმდებარედ ორი ნაკვეთი გადასცა. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2007 წლიდან ფარცხალაძის კომპანია თბილისში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, 19 297 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობდა. 2012 წლის დეკემბერში, კომპანიამ ეს ნაკვეთი სამ საკადასტრო ერთეულად გაყო. იმავე წელს, თბილისის მერიამ ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზიდან, ვაკეში, მე-9 საავადმყოფოსთან ამომავალი გზა (ავალიშვილის ქუჩა) გაიყვანა. ამGგზის 97 მ-მა მონაკვეთმა კი შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე (2 302 კვ.მ) გაიარა. 2014 წლის 4 დეკემბერს, შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტმა“ თბილისის მერს წერილობით მიმართა და გზის გაყვანით მიყენებული ზიანის ანაზღაურება ფულადი კომპენსაციის, ან სხვა მიწის ნაკვეთის ჩანაცვლების გზით მოითხოვა. მერიამ ფულადი სახსრების არქონის გამო, შპს-ს კომპენსაციის სახით, სხვა მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ეს საკითხი სახელმწიფო აუდიტორებმა დეტალურად შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ ვერ მოიპოვეს დოკუმენტური მტკიცებულება, თუ რა ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა ფარცხალაძის კომპანია. 2016 წლის 29 თებერვალს, შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტმა“ კვლავ მიმართა ,,ქონების მართვის სააგენტოს'', 2 302 კვ.მ მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მიწის სამი ნაკვეთის მიღების შესახებ. თბილისის მერიის 2016 წლის 30 მარტისა და საკრებულოს 2016 წლის 15 აპრილის განკარგულებებით, შპს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილეს. გასაცვლელი მიწის ნაკვეთები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა, ფარცხალაძის კომპანიის საკუთრებაში არსებული 2 302 კვ.მ. მიწის ღირებულება 2 615 100 ლარი იყო, ხოლო მერიის მიერ გადაცემული მიწის ნაკვეთების ღირებულება _ 2 980 200 ლარი. ფასთა შორის სხვაობა _ 365 500 ლარი, შპს „ბიესარსიდიჯი დეველოპმენტმა“ თბილისის მუნიციპალიტეტს გადაუხადა. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო აუდიტორებმა ეს საკითხი დეტალურად შეისწავლეს, დაასკვნეს, რომ კომპანიას ზარალი 2012 წელს მიადგა, ხოლო თბილისის მერიამ იგი 2016 წლის 11 მარტის საბაზრო ღირებულებით შეაფასა და აანაზღაურა. მიწის ნაკვეთზე გზის გაყვანით მიყენებული ზარალის სანაცვლოდ, მერიამ 1 კვ.მ-ზე 1 136 ლარი, ჯამში 2 302 კვ.მ-ზე _ 2 615 100 ლარი გადაიხადა (არადა, 2012 წლის მდგომარეობით, 1 კვ.მ მიწის ნაკვეთი 223 ლარი ჯდებოდა).
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნას რეკომენდაციაც ახლავს, რაც თბილისის მერიამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს: ,,თბილისის მუნიციპალიტეტმა შესაბამის სამსახურებთან ერთად, უნდა შეისწავლოს მიწის ფართების ჩანაცვლების სახით ზარალის ანაზღაურების საკითხი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები გაატაროს!''
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში