Menu
RSS

საკალმახე მეურნეობისა და რესტორნის უკრაინელი მფლობელი დააჯარიმეს!

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ალგეთთან, საკალმახე მეურნეობის უკრაინელი მფლობელი დააჯარიმეს. 2017 წლის შემოდგომაზე, რესტორან ,,ადმირალისა'' და იქვე მდებარე საკალმახე მეურნეობის მფლობელმა მდინარე ალგეთის კალაპოტში ფოლადის ბადე ჩადგა. სპეციალისტებმა განმარტეს, რომ ასეთმა ქმედებამ, კალმახით მდიდარ მდინარეში თევზის გადაადგილებას ხელი შეუშალა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ადეკვატური ზომები მიიღო და ადმინისტრაციული სამართალწარმოება 2017 წლის 20 ნოემბერს დაიწყო. საქმის მასალები თეთრიწყაროს სასამართლოს გადაუგზავნეს, 2018 თებერვალს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, რესტორნისა და საკალმახე მეურნეობის მფლობელი შპს ,,ათ'', ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის (ასკ) 48-ე მუხლის მიხედვით, დამნაშავედ სცნეს.
 
თავდაპირველად, განგაშის ზარი საქართველოს სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წევრმა, ლევან თასოშვილმა შემოჰკრა. უკვე სამი წელია, რაც ეს ფედერაცია სპორტულ თევზჭერას პროპაგანდას უწევს და შეჯიბრებებსაც ატარებს. მდინარე ალგეთი და მიმდებარე ტერიტორია კი ერთ-ერთი ადგილია, სადაც ფედერაციის წევრები სავარჯიშოდ ხშირად დადიან. ,,ვერსიასთან'' საუბრისას, სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წევრმა, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა, ლევან თასოშვილმა განაცხადა, რომ ათიოდე დღის წინ, მდინარე ალგეთზე ყოფნისას, შემზარავი ვითარება იხილა, ფოტოები გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა:
,,მდინარე ალგეთის პირას იყო ხეები და ბუჩქნარი, სადაც მანქანას ვაჩერებდით და ვთევზაობდით. ათიოდე დღის წინ, ყველაფერი გადათხრილი დამხვდა, აშკარაა, რომ მდინარის კალაპოტი შეცვლილია, ხოლო რესტორანი, რომელიც მდინარეზე, პატარა ხიდზეა განთავსებული, გადაღობილია. ბიჭებისგან ვიცი, რომ რესტორანიცა და საკალმახე მეურნეობაც უკრაინელებმა შეისყიდეს. თუმცა ვიდრე უკრაინელები შეისყიდდნენ, ჩვენი ფედერაციის წევრები ამ რესტორანს გავივლიდით და ცოტა ზემოთ ვთევზაობდით.
ზოგადად, მდინარის გადაღობვის უფლება არავის აქვს, შესაძლოა, იქ გარკვეული ადგილი კერძო საკუთრებაში იყოს კიდეც, მაგრამ არ შეიძლება, მფლობელმა მდინარეზე მისასვლელი ჩაკეტოს. პატარა ხიდზე, სადაც რესტორანი მდებარეობს, უკრაინელებმა ფოლადის ბადე ჩადგეს და მდინარის ზემოთ ,,ცისარტყელა'' კალმახი ჩაუშვეს. ესაა ინვაზიური ჯიშის კალმახი, რომელიც ამერიკიდან შემოჰყავთ და შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ტბებში ამრავლებენ. ინვაზიური კალმახი ხელოვნურად გამოყვანილი ჯიშია, რომლის ღია წყალში, მდინარეში გაშვება კანონით აკრძალულია!
როგორც გითხარით, უკრაინელებმა მდინარე ალგეთში ინვაზიური კალმახი ჩაუშვეს და ამრავლებენ, რაც ნიშნავს, რომ ადგილობრივი ანუ ენდემური ჯიში უბრალოდ, გაქრება. ხელოვნურად გამოყვანილი კალმახი აგრესიულია და ის ადგილობრივ, მდინარის კალმახს ავიწროვებს''.
ლევან თასოშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ მართალია, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქმისწარმოება დაიწყო და 12 თებერვალს, სასამართლომ დადგენილებაც მიიღო, მაგრამ კარგი იქნება, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარკვეული ბერკეტები გამოიყენოს.
თასოშვილის თქმით, რკინისა და ფოლადის ბადეები უკრაინელებმა მდინარე ალგეთში იმ ადგილებში ჩადგეს, სადაც კალმახი ქვირითობს. ცნობილია, რომ თევზის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, კალმახის ქვირითობის პერიოდი ზამთარშია, არადა, ფოლადის ბადე უკრაინელებმა სწორედ კალმახის ქვირითობის დროს ჩადგეს.
ოფიციალურად ირკვევა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, საკალმახე მეურნეობის მფლობელის შპს ,,ათ''-ის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობაზე საქმის წარმოება მიმდინარეობს. დადგენილებები დაჯარიმებასა და, სავარაუდოდ, საურავის დარიცხვაზე, აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცა. რაც შეეხება მდინარის გადაკეტვას, სპეციალისტების აზრით, მონიტორინგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
 
სოციალურ ქსელში, ლევან თასოშვილის ატვირთულ ფოტოებსა და პოსტს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, ლიკა ქოქიაშვილი ასე გამოეხმაურა:
,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება 2017 წლის 20 ნოემბერს განახორციელა. შპს ,,ათ''-ის მიმართ წყლის ობიექტის თვითნებური დაკავებისა და გარეულ ცხოველთა სამიგრაციო, ასევე წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევის ფაქტზე, დეპარტამენტმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმიც შეადგინა. შემდგომი რეაგირებისთვის, დეპარტამენტმა მასალები თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში გადააგზავნა. სასამართლო პროცესზე, შპს ,,ათ''-ის წარმომადგენელმა დარღვევა არ აღიარა და განაცხადა, რომ რკინის ცხაურებით მდინარე ალგეთი დროებით გადაკეტეს და ჩახერგეს, რაც წყლის პირველად მოსარგებლე ,,საქართველოს მელიორაციასთან'' შეათანხმეს. ჩვენს წერილზე, შპს ,,საქართველოს მელიორაციამ'' 2018 წლის 18 იანვრის წერილით, უარყო რაიმე სახით ან/და ფორმით შეთანხმება შპს ,,ათ''-ისთან. 2018 წლის 12 თებერვალს, სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო''.
,,ვერსია'' გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა და 12 თებერვალს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასამართლოს მიღებული დადგენილება გამოითხოვა. დადგენილების მიხედვით:
 
,,ჩვენს მიერ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შპს ,,ათ''-ის მიერ, წყლის თვითნებურ დაკავებასა და გარეულ ცხოველთა სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევას ეხებოდა, თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ 2018 წლის 12 თებერვლის დადგენილებით, შპს ,,ათ''-ი ასკ-ის 48-ე მუხლის ნაწილში სამართალდამრღვევად სცნო და 200 ლარით დააჯარიმა. კომპანიამ ბადის მოხსნა უკვე დაიწყო. სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განმეორებით გადაამოწმებს ტერიტორიას''.
,,ვერსიის'' კითხვაზე, ვიდრე საქმისწარმოება დასრულდება და სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, აქვს თუ არა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს რეაგირების უფლება, ლიკა ქოქიაშვილმა ასე გვიპასუხა:
,,თუ სასამართლო კონკრეტულ პირს, ან შპს-ს დამნაშავედ არ სცნობს, დეპარტამენტს რეაგირების უფლება არ აქვს. ჩვენი რეაგირების ბერკეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაა, ასეთი ოქმი კი 2017 წლის 20 ნოემბერსვე შევადგინეთ''.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს ,,ათ''-ის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ვადიმ შალაბანოვია, ხოლო 100%-იანი წილს ასევე უკრაინის მოქალაქე, სერგეი პანჩენკო ფლობს. თავის მხრივ, სერგეი პანჩენკოს სახელზე საქართველოში კიდევ ორი კომპანიაა რეგისტრირებული _ შპს ,,სპან ფიშინგ ინდასტრი'' და შპს ,,თევზსაშენი''. ორივე კომპანიაში დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი სერგეი პანჩენკოა.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში