Menu
RSS

ლევან გამყრელიძე: „ჩვენი სამსახურის მიმართ უსაფუძვლო შიში აღარ უნდა იყოს!“

რა ცვლილებები განხორციელდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და რა ხერხებს მიმართავენ არაკეთილსინდისიერი მეწარმეები


წლების მანძილზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შიშის ზარს სცემდა მეწარმეებსა და მოქალაქეებს. ყოფილი ფინანსური პოლიციის ყველას ეშინოდა _ მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეწარმე ეკონომიკურ დანაშაულში იყო შემჩნეული, თუ კეთილსინდისიერად მუშაობდა, დიდი ბიზნესი ჰქონდა თუ მცირე... პოლიტიკურად არასასურველ ბიზნესმენებს ეკონომიკური სარჩულით ედავებოდნენ. შესაბამისად, ფინანსური პოლიცია ერთგვარ სადამსჯელო უწყებასთან ასოცირდებოდა. 2012 წლის შემდეგ, მიდგომები შეიცვალა. საგამოძიებო სამსახური ის ერთადერთი სამართალდამცავი უწყებაა, რომელიც ეკონომიკურ დანაშაულს ებრძვის და, ცხადია, ვინც სახელმწიფოს გადასახადებს უმალავს, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობს, დოკუმენტებს აყალბებს, ფალსიფიკაციითა და კონტრაბანდითაა დაკავებული, ამ უწყების ერთმნიშვნელოვნად უნდა ეშინოდეს!


რამდენიმე თვეა, უწყების რეფორმირების, ფინანსური და ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისა და საგამოძიებო სამსახურის გაძლიერების მიმართულებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ლევან გამყრელიძემ, მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. უწყებაში შიდასაკადრო ცვლილებები განხორციელდა. შედეგად, რიგითი თანამშრომლები _ გამოცდილი და პროფესიონალი კადრები, მათი საქმიანობისა და წარმოებული გამოძიებების შედეგების გათვალისწინებით, დააწინაურეს, რამაც უწყების თანამშრომელთა მოტივაცია საგრძნობლად გაზარდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საკადრო პოლიტიკის კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილია სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად, არაერთი წარმატებული სტაჟიორი იწყებს მუშაობას.
 
,,ვერსიასთან'' საუბრისას, ლევან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოების გამარტივებისა და ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნისთვის, სახელმწიფო არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს, ამიტომ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ერთადერთ უწყებაში გამოწვევებიც იზრდება:
,,ეკონომიკა ვერ განვითარდება, თუ ქვეყანაში არ იქნება ჯანსაღი ბიზნესგარემო და ძლიერი უწყება, რომელიც ამგვარი გარემოს შექმნას ხელს შეუწყობს. უწყება, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კეთილსინდისიერი მეწარმის, მოქალაქისა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ინტერესებს ერთნაირად დაიცავს. ჩვენი მიზანიც ესაა _ საგამოძიებო სამსახურმა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შედეგად, ხელი შეუწყოს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და ეკონომიკური დანაშაული მინიმუმამდე დაიყვანოს. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო სამსახური კიდევ უფრო ძლიერი უნდა იყოს, მან საზოგადოების მაღალი ნდობა, ავტორიტეტი და სამართლიანი უწყების იმიჯი უნდა დაიმკვიდროს.
ჩვენი სამსახურის მიმართ უსაფუძვლო შიში აღარ უნდა იყოს. საგამოძიებო სამსახურის მხოლოდ კანონდამრღვევ, არაკეთილსინდისიერ მეწარმესა და მოქალაქეს უნდა ეშინოდეს, რომელთა საქმიანობა, დამერწმუნეთ, უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყნის ბიუჯეტს და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის ყველა ფაქტს კანონის შესაბამისი, მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვეს. ყველა, ვინც უკანონო საქმიანობას ეწევა, არღვევს მოქალაქის, მეწარმისა და სახელმწიფოს ინტერესებს, პასუხი უნდა აგოს, რაც სხვა დამნაშავეებისთვის თვალსაჩინო მაგალითი იქნება. იმედი მაქვს, ჩვენი სწორი პოლიტიკით, პროფესიონალიზმით, კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით, მნიშვნელოვან შედეგებს უახლოეს მომავალში მივაღწევთ და ჩვენს სამსახურს საზოგადოებაში ნდობის უფრო მაღალი ხარისხი ექნება!''


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, დაახლოებით, 30-მდე სახის დანაშაულის გამოძიებაა. ბოლო დროს, მნიშვნელოვნად გაძლიერდა ქვეყნის საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესების დარღვევით, საქონლის შემოტანისა და გატანის ფაქტების კონტროლი.


2017 წელს, საგამოძიებო უწყებამ არადეკლარირებული ოქროს ნაწარმის საბაჟო საზღვარზე შემოტანა-გატანის 31 ფაქტი გამოავლინა და, დაახლოებით, 34 კგ-ზე მეტი (34 070 გრ) ოქროს ნაკეთობები ამოიღო; არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, რაც ფიზიკური პირების მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ეხება. გამოვლენილია ათეულობით ჰექტარი მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტები. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდა;


გააქტიურებულია საგამოძიებო მოქმედებები სხვისი სავაჭრო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მხრივ. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უზრუნველყოფა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ერთ-ერთი ვალდებულებაა; ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ,,ვერსიას'' განუცხადეს, რომ სწორედ ამ გამოწვევების დასაძლევად, საჭიროა პროფესიონალი კადრები, მუდმივი ტრენინგები და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა და დანერგვა, ამიტომ საგამოძიებო სამსახური საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურებას აპირებს, ევროპის ქვეყნებიდან, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელი პირების ვიზიტებიც იგეგმება.
მსოფლიოში კონტრაბანდისა და ზოგადად, ეკონომიკური დანაშაულის ათასგვარი გზა არსებობს. ამ მხრივ, დამნაშავეთა ფანტაზია ამოუწურავია. განვითარებული ქვეყნები ასეთ დანაშაულს აქტიურად ებრძვიან და გამონაკლისი არც საქართველოა. ყველაზე მეტად ძვირფასი ლითონის _ ოქროსა და უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტები გვხვდება. გარდა ამისა, საგამოძიებო სამსახურს სისხლის სამართლის საქმის წარმოება სხვადასხვა სახის საქონლის, მათ შორის, პნევმატური იარაღისა და ტყვია-წამლის, მედიკამენტებისა და ფსიქოტროპული პრეპარატების, ტექსტილის, სამშენებლო მასალების, სპირტისა და ცოცხალი კიბორჩხალის კონტრაბანდის ფაქტებზეც კი აქვს დაწყებული. მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აქციზის გადასახადი გაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო, საზღვარზე უაქციზო საქონლის კონტრაბანდული გზით შემოტანა-გატანის ფაქტებმაც მოიმატა, რასაც საგამოძიებო სამსახურში არსებული სტატისტიკაც მოწმობს.


2017 წელს, უაქციზო სიგარეტის კონტრაბანდის ფაქტზე 64 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ჯამში 550 000 კოლოფზე მეტი სიგარეტი ამოიღეს, რომელთა საბაზრო ღირებულება ასეულობით ათასი ლარია. თუმცა, როგორც ,,ვერსიას'' საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, დანაშაულის ზრდის პროპორციულად, მისი გამოვლენისა და აღკვეთის ფაქტებიც იზრდება. უაქციზო საქონლის უკანონო ბრუნვა ყოველთვის ამ სამსახურის გამოწვევა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ დამნაშავეებს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებენ.


თავის მხრივ, ევროკავშირის ქვეყნებში აქციზის გადასახადი საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მაღალია, რაც საქართველოს გავლით, ევროკავშირის ქვეყნებში უაქციზო საქონლის მოხვედრის რისკსაც ზრდის. ამის თავიდან ასაცილებლად, საზღვრებზე ეფექტიანი კონტროლი უნდა განხორციელდეს.
საგამოძიებო სამსახური უკვე ჩაერთო გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივ პროექტში _ კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, სადაც საქართველოს საბაჟო საზღვრის კონტროლზე უფლებამოსილი ყველა უწყებაა გაერთიანებული. საქართველო-ევროკავშირს შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, კონტრაბანდასთან და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ვალდებულებაა. არც ისე დიდი ხნის წინ, სწორედ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილმა ჯგუფმა, ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის ფაქტი აღკვეთა. ტვირთი ტრანზიტული იყო, თუმცა მისი მოცულობიდან გამომდინარე, დანაშაულის აღკვეთასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება. უწყებაში ,,ვერსიას'' აუხსნეს, რომ რაც უფრო დაცული და გაკონტროლებულია საბაჟო საზღვრები, ქვეყანა მით უფრო მიმზიდველი სავაჭრო პარტნიორია საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
რაც შეეხება საქონლის კონტრაბანდულად შემოტანის ხერხებს, როგორც ,,ვერსიას“ საგამოძიებო სამსახურში განუმარტეს, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ყველაზე ხშირი ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით საქონლის შემოტანა ფიქსირდება. ასე მაგალითად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ავტომობილში ჩამონტაჟებული გაზის ბალონით, პნევმატური იარაღის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს; ავტობუსის სახურავში მოწყობილი სამალავებით, დიდი ოდენობით სიგარეტის გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს და აღკვეთეს. გავრცელებული მეთოდია საქონლის არასწორი დეკლარირების ფაქტებიც. მაგალითად, იყო შემთხვევები, როდესაც პირები დოკუმენტებში ყვავილების, ქვის მასალის, ხილის ან სხვა საქონლის ტრანზიტს ადეკლარირებდნენ, შემოწმების შედეგად ირკვეოდა, რომ დიდი ოდენობით, უაქციზო სიგარეტი ან სხვა საქონელი გადაჰქონდათ.
საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას შესაძლო კანონდარღვევებისა და კორუფციული გარიგებების გამოვლენა-აღკვეთაა. ინფრასტრუქტრული პროექტების დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება და ბევრს უჩნდება სურვილი, მოტყუებითა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების გზით, დაეუფლოს სახელმწიფოს ფინანსებს, რაც არა მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტს, მოქალაქეებსაც აზარალებს. 2017 წელს, საგამოძიებო სამსახურმა ამ კატეგორიის არაერთი ფაქტი გამოავლინა და მეწარმეებთან ერთად, დანაშაულში სამუშაოების დამკვეთი იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ამხილა, რომლებსაც შესრულებული სამუშაოების კონტროლი ევალებოდათ.
მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში