Menu
RSS

რას ნიშნავს სასამართლოს ანტიკორუფციული რეფორმა და რატომაა აუცილებელი ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების დანერგვა?

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსი წელს, 23-დან 26 იანვრამდე უმასპინძლებს და 70-ზე მეტი ქვეყნის 340 მაღალჩინოსანი დაესწრება. 23-24 იანვარს, დავოსის ფორუმის სხვადასხვა პანელზე, პოლიტიკური პლატფორმა _ ,,ახალი საქართველოს'' ლიდერი გიორგი ვაშაძე, ორი პრეზენტაციით წარსდგა. სასამართლოს ანტიკორუფციული რეფორმა და ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები, როგორც ახალი თაობის სახელმწიფო მართვის მექანიზმი _ ის მნიშვნელოვანი და აქტუალური თემებია, რომლებითაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სტუმრები დაინტერესდნენ. სასამართლოს ანტიკორუფციულ რეფორმას გიორგი ვაშაძე უკრაინაში ახორციელებს. კანონპროექტი ქვეყნის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ დეკემბერში უკვე მოიწონა და დასამტკიცებლად უკრაინის პარლამენტს (რადას) გადაუგზავნა. რას ნიშნავს სასამართლოს ანტიკორუფციული რეფორმა და რა უშლის ხელს, რომ ეს რეფორმა და მისივე შექმნილი, წარმატებული პროექტები საქართველოშიც განახორციელოს _ ,,ვერსიას'' გიორგი ვაშაძე ესაუბრა.
 
_ ბატონო გიორგი, რას გულისხმობს სასამართლოს ანტიკორუფციული რეფორმა?
_ ჩვენი ქვეყნის მაგალითზე რომ ავხსნათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მოსამართლეების მიმართ უნდობლობაა. ნდობის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია, ახალი, თანამედროვე მექანიზმები შეიქმნას, რაც მოსამართლეთა მიუკერძოებლობას, მათი შერჩევისა და დანიშვნის პროცესს უზრუნველყოფს. უკრაინაში რეფორმა ასე განხორციელდება: საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები წარადგენენ უცხოელ ექსპერტებს, რომელთა მონაწილეობით შეიქმნება ჯგუფი; ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს, რომლებიც ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლეები უნდა გახდნენ; უცხოელი ექსპერტების უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, კანდიდატმა იუსტიციის საბჭოს ტიპის ორგანოში ხმების 2/3 უნდა მოაგროვოს, რათა თანამდებობაზე დაინიშნოს. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს იუსტიციის საბჭოს გარდა, მოსამართლეთა შერჩევის პარალელური მექანიზმი შევქმენით, სადაც ეუთო, ევროპის დელეგაცია საქართველოში, ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები უცხოელ ექსპერტებს წარადგენენ და კომისია შეიქმნება. სწორედ ეს კომისია შეარჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, გაესაუბრება მათ და საკუთარ დასაბუთებულ მოსაზრებას წარადგენს. საქართველოში მუდმივად საუბრობენ იუსტიციის საბჭოს მიკერძოებულობაზე. ამ რეფორმით, იუსტიციის საბჭოში კი განხორციელდება კოსმეტიკური ცვლილებები, ცალკე მექანიზმს, გარკვეულ ფილტრს შევქმნით უცხოელი, მაღალავტორიტეტული ექსპერტების შემადგენლობით, რომლებიც პირდაპირ შეარჩევენ მოსამართლეებს. ეს პრაქტიკა, რომელსაც უკრაინაში ვნერგავთ, უპრეცედენტოა, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ანტიკორუფციული მეთოდები არსებობს, მაგრამ უცხოელი ექსპერტების ამ დონის მონაწილეობა ჯერ არსად დაფიქსირებულა.
_ რა გიშლით ხელს, რომ ეს რეფორმა საქართველოშიც განახორციელოთ?
_ ორ კომპონენტს გამოვყოფ, პირველი ესაა გარკვეული სიხისტე ხელისუფლების მხრიდან ახალი ტიპის თემების განხილვასთან დაკავშირებით და მეორე, სამწუხაროდ, საქართველოში სამოქალაქო სექტორი კოსმეტიკური რეკომენდაციებითაა დაკავებული და არა გლობალური ცვლილებებით, ან თუნდაც ახლებური მიდგომებით, იგივე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ერთი-ერთზე, დისკუსიების ფორმატში, დეტალურად ვესაუბრე ამ რეფორმასა და მასში უცხოელი ექსპერტების ჩართულობაზე, წერილობითაც გავუგზავნეთ ჩვენი მოსაზრებები, ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოში თითქმის წარმოუდგენელია, ისინი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ. როცა არასტანდარტულ მიდგომებს წარვადგენთ ხოლმე, როგორი დამოკიდებულება აქვთ, იცით? ეს ხომ შეუძლებელია, არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა და ასე შემდეგ. არადა, იმისთვის, რომ რეფორმები და ცვლილებები წარმატებული იყოს, მათი სხვადასხვა მექანიზმების კოპირებით განხორციელება აუცილებელი სულაც არაა. ჩვენ რომ ეს მექანიზმი საქართველოში გვქონოდა, ბევრი მოსამართლე, რომელთა მიმართაც უამრავი კითხვის ნიშანი მათი დანიშვნის შემდეგ გაჩნდა, არათუ მოსამართლე არ იქნებოდა, სასამართლო სისტემაში ვერანაირ თანამდებობას ვერ დაიკავებდა. პრობლემების ნაცვლად, ამ სისტემაში უცხოელი ექსპერტების დამოუკიდებელი, კვალიფიციური და სანდო მოსაზრება გვექნებოდა, რომლებიც პირდაპირ იტყოდნენ, შეესაბამება თუ არა ესა თუ ის კანდიდატურა სამოსამართლო საქმიანობას. უცხოელი ექსპერტების ჯგუფის სახით, იქნებოდა მესამე მხარე, რომლის მოსაზრებასაც ყველა გაიზიარებდა და ამდენი კინკლაობაც არ იქნებოდა.
_ მეორე თემა, რასაც დავოსის ფორუმზე წარადგენთ, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებია. რას გულისხმობს და რატომაა აუცილებელი ამ ტექნოლოგიების დანერგვა საჯარო სტრუქტურებში?
_ ორწელიწადნახევარია, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებზე აქტიურად და სერიოზულად ვმუშაობთ, რათა საჯარო სექტორში ანუ სახელმწიფოს მართვის პროცესში გამოვიყენოთ. რას გვაძლევს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები სახელმწიფოს მართვის პროცესში? ის უზარმაზარი ბიუროკრატია, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს სწრაფ და ინოვაციურ განვითარებაში წნეხად აწევს, მინიმუმამდე დავა. შედეგად, სახელმწიფო სტრუქტურა მოქალაქეზე, ბიზნესზე, ინვესტიციებზე ორიენტირებული გახდება. დავოსის სამიტის ფარგლებში, სწორედ ამ თემაზე მაქვს ორმხრივი შეხვედრები და სხვადასხვა სადისკუსიო ფორმატებში ვმონაწილეობთ. გარდა ამისა, ჩვენი ,,ინოვაციებისა და განვითარების ფონდის'' მიერ, 9 თებერვალს, ჩიკაგოში, ბლოკჩეინ-კონგრესს შევქმნით, რომელიც მსოფლიო მასშტაბის იქნება. ინიციატორები ჩვენ ვართ და ბოლოკჩეინ-ტექნოლოგიების გამოყენების პოლიტიკის შემუშავებაზე ვიმუშავებთ, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
აღმასრულებელი სტრუქტურა, სამინისტროები და დეპარტამენტები ყალიბდება იმისთვის, რომ როგორც მესამე მხარე, მოგვემსახუროს ჩვენ _ მოქალაქეებსა და ბიზნესს ერთმანეთთან ურთიერთობაში. მაგალითად, როდესაც ვხს¬ნით კომპანიას, მივდივართ რეესტრში და ვარეგისტრირებთ, ან გვინდა მივიღოთ ლიცენზია, ამისთვისაც კონკრეტულ უწყებაში მივდივართ. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს ამგვარი მომსახურება ერთი-ერთზე ურთიერთობაში გადაყავს ანუ აღარ მოგვიწევს მესამე მხარესთან მისვლა და გარკვეული პროცედურების გავლა, რადგან იქმნება დეცენტრალიზებული, ელექტრონული სისტემა, რომელიც ყველა ამ პროცესს _ ჩვენს მიერ შექმნილ კომპანიას ავტომატურ რეჟიმში არეგისტრირებს. აღარ გვჭირდება რეესტრები, დეპარტამენტები და უზარმაზარი უწყებები, მე და თქვენ რომ კომპანიის დაფუძნება გადავწყვიტეთ, პირდაპირ, ,,სმარტ-კონტრაქტის'' საშუალებით, დავარეგისტრირებთ. ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს ორი დატვირთვა აქვს _ პირველი, ვამარტივებთ პროცესს, უფრო მოქნილსა და სწრაფს ვხდით ბიზნესს და შესაბამისად, ეკონომიკას და მეორე მხრივ, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე ვშლით ყოველგვარ კორუფციულ შესაძლებლობას საჯარო სექტორში! ეს ტექნოლოგიები ძალიან კარგად შეგვიძლია გამოვიყენოთ ელექტრონულ შესყიდვებში, რისი მოდელიც ჩვენმა ორგანიზაციამ წელიწადნახევრის წინ შექმნა, რომელიც უკვე გავტესტეთ უკრაინაში და წარმატებით მუშაობს.
 
_ სახელმწიფო აუდიტის დასკვნების მიხედვით, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყების მთავარი პრობლემა სწორედ ელექტრონულ შესყიდვებში დაშვებული უდიდესი შეცდომებია. რატომ ვერ დანერგეთ ეს ტექნოლოგიები საქართველოში?
_ პირდაპირ გეტყვით, საქართველო ძალიან პატარა სივრცეა სამოძრაოდ, ძალიან რთულია თანამოაზრეების მოძებნა, რომლებიც არასტანდარტულად, ინოვაციურად უყურებენ ამ ტექნოლოგიებს. ადამიანების 95% აბსოლუტური სკეპტიკოსია, რომელთათვისაც ასეთი სიახლეები გაუგებარი და მიუღებელია, რადგან უბრალოდ, არ ესმით! სადაც მოქმედების არეალია, იგივე უკრაინაში, მოლდოვაში, აშშ-ში, იქ ვახორციელებთ ამ პროექტებს. ჩიკაგოსა და ილინოისის შტატის ბლოკჩეინ-ინიციატივის წევრები ვართ, ამიტომ ამ პროექტის იმპლემენტაციას აშშ-ში განვიხილავთ. პირდაპირ გეტყვით, ვწუხვარ, რომ ძალიან გვიჭირს თანამოაზრეების მოძიება საქართველოში, თუმცა იმედი მაქვს, გარკვეულ ეტაპზე, ამასაც შევძლებთ. გულწრფელად გეტყვით, ხანდახან მგონია, რომ ორღობეშია მთელი ქვეყანა, სადაც ძირითად დროს კინკლაობაში ვატარებთ.
მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში