ეკონომიკა - ვერსია - ვერსია http://versia.ge Thu, 01 Oct 2020 05:09:58 +0400 Joomla! - Open Source Content Management en-gb ლარის რექვიემი _ „ძალიან რთული პროცესი გველის!“ http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6947-ლარის-რექვიემი-_-„ძალიან-რთული-პროცესი-გველის-“.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6947-ლარის-რექვიემი-_-„ძალიან-რთული-პროცესი-გველის-“.html

რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის ვარდნა და გადაიდება თუ არა არჩევნები _ დემურ გიორხელიძის ანალიზი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის 29 სექტემბრის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში, 3.32 ლარამდე დაეცა. ეროვნული ვალუტის ვარდნა სექტემბრის დასაწყისდან დაიწყო და თითქმის ყოველდღიურად უარესდება. მართალია, 23 სექტემბერს, ქვეყნის მთავარმა ბანკმა კურსის დასასტაბილურებლად მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი გამოიყენა და გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ ლარის ვარდნას ამან მაინც ვერ უშველა. პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება სამმა ფაქტორმა გამოიწვია: წინასაარჩევნო გარემომ, კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ზრდამ და შესაბამისად, ბაზრის მონაწილეებსა და საზოგადოებაში იმის შიშმა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის რაღაც ნაწილი შეიზღუდება. ბექა ლილუაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს ყველანაირი რესურსი აქვთ, რომ პროცესი მართონ, თუმცა იქვე დასძინა, რომ ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე უნდა იყოს. მეტიც, პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ეკონომიკა გაჯანსაღების პროცესია, იქნება ეს ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები თუ უცხოური ვალუტის წყაროებიდან შემოსული თანხები... 

რამ გამოიწვია ლარის კურსის ვარდნა და არის თუ არა ფუნდამენტური ფაქტორები ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზი? _ ამ თემებზე ,,ვერსიას’‘ პროფესორი დემურ გიორხელიძე ესაუბრა.

_ ბატონო დემურ, რამ გამოიწვია ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა? 

_ საერთოდ, სხვანაირი სიტუაციაა და ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, ტრადიციული ახსნა სწორი არ იქნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კორონავირუსის გამო, მსოფლიოში ცუდი სიტუაციაა და საქართველოც ამის გავლენის ქვეშაა. თუ ობიექტურ პირობებს გავითვალისწინებთ, სრულიად გასაგებია, რომ არის პროცესები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება და ბიზნესი ვერ მართავს, შესაბამისად, იძულებულია, ამ მდგომარეობას მიუსადაგოს თავისი პოლიტიკა და საქმიანობა. მოკლედ, ახალი არაფერი ხდება, რადგან უკვე ათეული წელია, ლარის კურსი თითქმის ათჯერ და თხუთმეტჯერ თამაშობს, რაც ძალიან ცუდია, კურსის რყევის ამპლიტუდაა ძალიან ცუდი და გასაგებია, რომ ეს არასწორი პოლიტიკისა და რეგულაციების ბრალია. 

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის პრობლემას, ლარს ორი ფუნდამენტური პრობლემა აქვს, რომელიც 20 წელზე მეტია, საქართველოს ხელისუფლებებს არ უნდათ, გაიგონ... 

_ და ეს პრობლემა, რისი გაგებაც ხელისუფლებებს არ სურთ, რა არის? 

_ ესაა პრობლემა, როცა ეკონომიკისა და ფულის მასის მოცულობა ანუ ე.წ. M2 აგრეგატი ერთმანეთს არ შეესაბამება და ფაქტობრივად, საკუთარი ფულით, საკუთარივე მწირი ეკონომიკა 18-20%-ითაა გადაფარული. გასაგებია, რა სიჩქარით უნდა იბრუნოს ფულმა, რომ მოთხოვნა დააკმაყოფლოს, ამიტომაა ქართული სივრცე გადატენილი დოლარიზაციის უზარმაზარი კოეფიციენტით, რაც კიდევ უფრო ანგრევს ეკონომიკას და რაიმე გათვლების საშუალებას სპობს. 

მეორე ფუნდამენტური პრობლემა ცუდად სტრუქტურირებული ქართული ეკონომიკაა. ეს არის მისი დარგები, რომლებიც აბსოლუტურად არარაციონალურია, მათ შორის, ფინანსური და ადამიანური რესურსები, მათი ალოკაცია აბსოლუტურად არასწორია. ფაქტობრივად, რესურსების მახინჯი განაწილება გვაქვს, რაც მათ არაეფექტურად გამოყენებას იწვევს. ამას დაუმატეთ მთელი ქვეყნის ჩამოკიდება იმპორტზე, როცა სტაბილური სავალუტო შემოსავლები არ გაგაჩნია ანუ ექსპორტი მწირია და რამდენჯერმე ჩამორჩება იმპორტს, შემოსავლების უდიდეს ნაწილს კი ადამიანები საზღვარგარეთ წასული საკუთარი ოჯახის წევრების გადმორიცხვებით იღებენ, რაც ასობით მილიონი დოლარია და გარკვეულწილად ლარის კურსის გამაგრებასაც ხელს უწყობს. 

ეკონომიკის სიმახინჯეს ისიც განაპირობებს, რომ ძირითადად, ტურიზმზეა აგებული და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში ყველა ქვეყანა განწირული იქნებოდა, რადგან ტურისტებს, უბრალოდ, ვერ მიიღებდნენ და ასეც მოხდა. შესაბამისად, ის შემოსავალი, რაც ტურიზმის სფეროზე იყო გათვლილი, ცხადია, ვერ მივიღეთ. ამდენად, პრემიერ-მინისტრის ბატონი მრჩეველი არასწორად ამბობს, რომ ლარის კურსის გაუარესების ფუნდამენტური პრობლები არ არსებობს, არსებობს და თანაც ძალიან სერიოზული! 

რაც შეეხება სუბიექტურ ფაქტორებს, ესაა გაუმართავი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც მკაცრად ჩამოყალიბებული არ არის და ამ პოლიტიკის შესრულების ფუნქციები მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის გამიჯნული არაა. ვერ ვხედავ, რომ მაკროეკონომიკური პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და დასაქმებაა. არცერთი მათგანი ეროვნული ბანკის იმ ნაწილში, რომელიც მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემადგენელია და რასაც მონეტარული ანუ ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ჰქვია, ასახული არაა. ვერც ბატონი გვენეტაძე იტყვის, რომ მისი ფუნქცია ოდესმე ყოფილა ეკონომიკური ზრდა ან დასაქმება, რადგან ასეთი ფუნქცია მისთვის არავის დაუვალებია. ეს არის საქართველოს პარლამენტის ბრალი, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც ეკონომიკურ, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკას პარლამენტი განსაზღვრავს, სხვები კი ასრულებენ. საქართველოს პარლამენტი ამ ფუნქციას პროფესიულ დონეზე არ ასრულებს, მას არ შეუძლია ასეთი ამოცანების დასმა და გასაგებია, რომ ამგვარი პრობლემების წინაშე ვართ. 

პრემიერ-მინისტრის ბატონი მრჩეველი მართალია, რომ ნეგატიური განწყობებია. როგორ შეიძლება, არ იყოს ნეგატიური განწყობები, როდესაც მთავრობაცა და ეროვნული ბანკიც არ გვეუბნება იმ მთავარ ამოცანებს, რაც შეარბილებს მდგომარეობას. გიმეორებთ, ვერ დაძლევს საქართველოს მთავრობა ამ კრიზისს, რადგან ეს მსოფლიო დონის კრიზისია, კიდევ უფრო სერიოზულად გაუარესდება მდგომარეობა მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც. ამიტომ, დიახ, ნეგატიური განწყობებია! დიახ, ეპიდემიის გავრცელებამ შეიძლება ჩაკეტოს ქვეყნები! გასაგებია, რომ ქვეყანა იმპორტზეა ჩამოკიდებული, ადამიანებს ეშინიათ, რის გამოც ფასები იზრდება და სავალუტო რესურსების მარაგს იკეთებენ, რადგან არავინ იცის, ხვალ რა იქნება. 

კიდევ კარგადაა საქმე და ვუსურვებდი მთავრობას, რომ დღევანდელი ვარდნა და კურსი როგორმე შეინარჩუნოს. შესაბამისად, ზერელედ საუბარი, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემები არ გვაქვს, ხალხი ცუდად ფიქრობს და ყველაფერი ამის ბრალიაო, უკვე დიდი შეცდომაა. ხალხს ნეგატიური მოლოდინები იმიტომ კი არ აქვს, რომ ცუდები არიან და მთავრობა არ მოსწონთ, არამედ, იმის გამო, რომ საშიში სიტუაციაა და მისი განეიტრალება ან შერბილება, მხოლოდ ხელისუფლებას შეუძლია. 

_ ბევრი თქვენი კოლეგა გამართლებულად არ მიიჩნევს ეროვნული ბანკის ინტერვენციებს, რაც ლრის კურსის დასასტაბილურებლად ქვეყნის მთავარი ბანკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება რას უნდა დავაბრალოთ? 

_ აქ ორი საკითხი უნდა განვასხვავოთ: პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკური შეფასებები, რასაც არ ვეხები, რადგან პოლიტიკური ოპონენტი იმისაა, თეთრი შავად მოგაჩვენოს და ხალხს აჩვენოს, რომ კარგი გადაწყვეტილება, შეიძლება, ძალიან ცუდი იყოს. რა თქმა უნდა, ინტერვენცია ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მისი არც იგნორირება შეიძლება და არც _ ბოროტად გამოყენება. როდესაც სიტუაცია ფუჭდება და ალტერნატიულ ინსტრუმენტებს დროულად არ იყენებ, ინტერვენციას ერთი მიზანი აქვს _ დროებით მაინც შეამსუბუქოს სიტუაცია. ახლა ისეთი განწყობებია, 200 მილიონი რომ ერთდროულად გამოიტანოს ეროვნულმა ბანკმა, შესაძლოა, ლარის კურსი ოდნავ დასტაბილურდეს, ისიც დროებით. ამიტომ საჭიროა, მთავრობისა და ეროვნული ბანკის კომპლექსური საქმიანობა, შესაბამისად, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაგვიანებული ნაბიჯია. მთავარია, ეროვნულმა ბანკმა სწორად იმოქმედოს, როგორც დოლარის გაყიდვის, ასევე, მისი შესყიდვის დროს. 

_ პრემიერმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეკონომიკა და ეკონომიკური საქმიანობა არ შეიზღუდება, თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად მატულობს ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, რაც ცალსახად, ლარის კურსსა და ბიზნესზეც უარყოფითად მოქმედებს. 

_ ცხადია, გავლენას ახდენს. ექიმი არ ვარ და კორონავირუსისა და ეპიდემიის თემაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ამაში არც მთავრობაა დამნაშავე და არც _ ეროვნული ბანკი. თუ კიდევ გაიზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკას შეაჩერებს, თუმცა იქნებ, არ გაჩერდეს და ამიტომაცაა საჭირო ხელისუფლება. ვირუსით მილიონი ადამიანი უკვე გარდაცვლილია მთელ მსოფლიოში, ტემპი არ ჩერდება, საშიში ვითარებაა და როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ გვაქვს. 

არანაირი პოსტპანდემია არ გვაქვს, აღმავალ ფაზაში შევდივართ და ჯერ კიდევ არ ვიცით, სად არის პიკი, არც ის ვიცით, როდის იქნება დაცემა. არ იქნება ეს მთელ მსოფლიოში ერთწლიანი ამბავი, წინ ძალიან რთული პროცესი გველის და ამ უბედურებიდან თავის დასაღწევად, მსოფლიოს წლები დასჭირდება. როგორც წესი, ასეთი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, სულ ცოტა 5-10 წელია საჭირო. საქართველოც ამ პრობლემის ნაწილი იქნება და ჩვენთვის მთავარია, როგორმე ვარდნა და დანაკარგების მინიმიზაცია მოხერხდეს. დღეს, სხვაზე ვერაფერზე ვისაუბრებთ, ვერავითარი აღორძინებისა და პოსტკრიზისული პროგრამებით. რომელ პოსტკრიზისზეა საუბარი, ჯერ პიკი არ გაგვივლია და არ ვიცით, სად არის ვარდნა, სად იქნება ფსკერი, როდესაც უკვე შესაძლებელი იქნება სწორი პოლიტიკის განსაზღვრა. 

_ მართლაც, საომარ მდგომარეობაში ვართ, ოღონდ უხილავ მტერთან. ამ მძიმე სიტუაციაში, საპარლამენტო არჩევნებიც დაგვემატა. როგორ უნდა მართოს ხელისუფლებამ ეს კრიზისი? 

_ ფაქტობრივად, უკვე გიპასუხეთ. ახლა მთავარია, აქტიურობის შენარჩუნება, გარდა ამისა, ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ ის, რაც აუციელებელია საქმის საკეთებლად. რაც შეეხება არჩევნებს, 30 წელია, საქართველოში არჩევნები დესტაბილიზაციის წყაროა. სინამდვილეში, ნორმალურ ქვეყანაში არჩევნები კადრების როტაციაა, მაგრამ ჩვენთან სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, თეთრისა და შავის დატაკებაა, არიქა, მის ნაცვლად სხვამ თუ გაიმარჯვა, დაიქცევა ქვეყანა! ბუნებრივია, ამ მხრივ ახალი არაფერი ხდება და თუ ამ ერთ თვეში ეპიდემიის ძალიან ცუდი მაჩვენებლები გვექნება, როგორც მოქალაქე, ვერ ვხედავ ტრაგედიას, რათა არჩევნები რამდენიმე თვით გადავდოთ. ესაა ჩემი მოსაზრება, რადგან ამ ქვეყნაში სტაბილური სიტუაცია უფრო მაინტერესებს, სადაც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა გარანტირებული იქნება. მოდით, ასე ვთქვათ, ცუდი სიტუაციის წინა მდგომარეობაა, ღმერთმა ქნას, ეპიდმდგომარეობა არ გაუარესდეს, თორემ არჩევნები ამ სიტუაციასთან შედარებით, მეორეხარისხოვანი თემაა.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 30 Sep 2020 12:54:53 +0400
ძველი და ახლადგამომცხვარი პოლიტიკოსების ახალი ეკონომიკური დაპირებები http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6942-ძველი-და-ახლადგამომცხვარი-პოლიტიკოსების-ახალი-ეკონომიკური-დაპირებები.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6942-ძველი-და-ახლადგამომცხვარი-პოლიტიკოსების-ახალი-ეკონომიკური-დაპირებები.html

როგორ გეგმავენ ქვეყნის აყვავება-დამშვენებას „ლელო“, „ნაცები“, „ევსაქები“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“

2020 წლის წინასაარჩევნო კამპანია ნელ-ნელა ეშხში შედის. თუ კონკრეტულ რეგიონს არ ჩავთვლით, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეხლა-შემოხლა ხდება, წლევანდელი კამპანია უჩვეულოდ მშვიდად მიმდინარეობს, რასაც პოლიტიკოსების სიმწიფეს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამ სიმშვიდის მიზეზი კორონავირუსი, პოსტპანდემიის პერიოდი და ყველაფერ ამასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაა, რაც ცხადია, წინასაარჩევნო კამპანიაზეც აისახება. ერთადერთი, რასაც კორონავირუსს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების ეკონომიკური მიმართულებების მეტ-ნაკლებად ადეკვატური, პოლიტ-ეკონომიკურად სწორი და რეალურად შესასრულებელი გზავნილებია. შესაბამისად, პოლიტიკოსების სიმწიფეც სწორედ ამ ნაწილში გამოჩნდა, რაც მათივე წინასაარჩევნო კამპანიის მსუყე აქტივად ითვლება. 

ტოპ-სამეულის ცნება მაღალი მოდის ექსპერტებისთვის უცხო არაა. გარდა იმისა, რომ სიტყვათა ეს კომბინაცია ამა თუ იმ ტრენდული ნივთის ან აქსესუარის ექსკლუზიურობას უსვამს ხაზს, იმაზეც მიანიშნებს, რომ იმით, რაც სეზონის მოდის ,,კივილად’‘ ითვლება, მხოლოდ ტოპ-სამეული თუ შედგება. იშვიათად გვხვდება ხუთეული, მაგალითად, ხუთი მოდური ნივთი ან ხუთი მოდური აქსესუარი. ათეულები კი, ვფიქრობ, მსოფლიო დონის სუპერმოდელებით უნდა იყოს წარმოდგენილი, რადგან ათი მოდური აქსესუარი უკვე ექსკლუზიურობას კარგავს, ყოველდღიურობის შეგრძნებას აჩენს და ,,ქეჟუალ’‘ სტილში გადადის... 

გაინტერესებთ, პარტიების წინასაარჩევნო ეკონომიკური გზავნილების ტოპ-სამეული? მაშ, ასე, წარმოგიდგენთ 2020 წლის ზაფხული- შემოდგომა (მერე, რა, რომ სეზონების ამგვარ კომბინაციას მაღალი მოდა არ აღიარებს, სამაგიეროდ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდს ასახავს) სეზონის ეკონომიკური დაპირებების ტოპ-სამეულს: გადასახადების, საბანკო სესხების საპროცენტო განაკვეთების შემცირება და მედიკამენტების გაიაფება. ისე, აქტუალობას არც ისეთი მარადიული დაპირებები კარგავს, როგორებიცაა უმუშევრობის აღმოფხვრა, სიღარიბის დაძლევა და ახალი სამუშაო ადგილები, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში, თითქმის ყველა წინასაარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი და ლაიტმოტივია. შესაბამისად, იმდენად მივეჩვიეთ, გავითავისეთ და შევისისხლხორცეთ, რომ კარგა ხანია, ამგვარი დაპირებები წინასაარჩევნო კამპანიების ,,ქეჟუალად’‘ იქცა. 

იმის მიუხედავად, რომ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ყველა პოლიტსუბიექტს არ გაუმართავს, მათ შორის, არც სახელისუფლებო გუნდს, ტრადიციულად, ,,ვერსია’‘ წინასაარჩევნო პერიოდში, იმ პოლიტიკური პარტიების პროგრამების ეკონომიკური მიმართულებების მიმოხილვას გთავაზობთ, რომლებსაც პროგრამები უკვე მზად აქვთ. ვეცდებით, არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითადი პარტიის დაპირებები მიმოვიხილოთ, რუბრიკას კი ოპოზიციური ფლანგის გზავნილებით ვხსნით. ,,ქართული ოცნებისა’‘ და სხვა პარტიების პროგრამებს მოგვიანებით, მათი პრეზენტაციების პარალელურად გაგაცნობთ.

ლელო საქართველოსთვის 

სტატიას ,,ყვითლების’‘ პროგრამის მიმოხილვით იმიტომ კი არ ვიწყებ, რომ ,,ლელო საქართველოსთვის’‘ ახლადშექმნილი, სულ რამდენიმე თვის პარტიაა, რაც დიდ ინტერესს იწვევს, არა, ყურადღებას მამუკა ხაზარაძის ,,მარშალის გეგმა’‘ ანუ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა იქცევს. პარტიის წევრთა განცხადებით, ,,მარშალის გეგმა’‘ ქვეყნის ეკონომიკის ძირეულ რეკონსტრუქციას გულისხმობს. 

ახლა, დეტალურად გავეცნოთ ,,ლელოს’‘ სტრატეგიული დოკუმენტის მთავარ გზავნილებს: ,,ძლიერი საშუალო ფენა _ 600 000 ადამიანი, 3 000 ლარზე მეტი თვიური შემოსავლით და 200 000 ახალი სამუშაო ადგილი; გლეხი ძლიერ ფერმერად და არცერთი გოჯი დაუმუშავებელი მიწა საქართველოში; არცერთი მარტოხელა მოხუცი სახელმწიფო ზრუნვის გარეშე; გარანტირებული პირველი სამსახური ყველა ახალგაზრდას და ახალგაზრდა ოჯახებისთვის პირველი სახლის თანადაფინანსება; სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს, კერძო სადაზღვეო კომპანიის ჩართულობით; მეტი ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი ქვეყნის მართვის სადავეებთან’‘. 

„ლელო“ გვთავაზობს მოდელს 3.2.1., რაც გულისხმობს 3 მილიარდიან საგარანტიო ფონდს _ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს _ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და 1 მილიარდიან საინვესტიციო ფონდს _ ინოვაციისა და მაღალი ტექნოლოგიებისთვის. გარდა ამისა, ,,ლელო’‘ ხაზგასმით აცხადებს, რომ სრულიად შესაძლებელია, საერთაშორისო სტატუსის მქონე საფონდო ბირჟა, სწორედ საქართველოში დაფუძნდეს. თუ ასე მოხდება, სავალდებულო გახდება, რომ სახელმწიფო ლიცენზირებულმა კომპანიებმა აქციების 20% საფონდო ბირჟაზე განათავსონ. მეტიც, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებაც საფონდო ბირჟის საშუალებით განხორციელდება და თითოეულ მოქალაქეს საშუალება ექნება, რათა საწარმოების თანამფლობელი გახდეს. 

გარდა ამისა, ,,მარშალის გეგმა’‘ საერთაშორისო არბიტრაჟის დაფუძნებასაც ითვალისწინებს. ეს იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობა – 3.7 მილიონია, 1.5 მილიონი ემიგრანტი გვყავს, 450 000 _ სოციალურად დაუცველი და 235 000 _ უმუშევარი. ბოლო 10 წელში, უცხოური ინვესტიციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ხოლო ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ერთ სულ მოსახლეზე, მთლიანი შიდა პროდუქტით 104-ე ადგილზე ვიმყოფებით, ბედნიერების ინდექსში 119-ე ადგილს ვჯერდებით. საქართველოს მოსახლეობის 1.5% ანუ 64 000 ადამიანი საშუალო ფენას წარმოადგენს. საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ევროპის მასშტაბით კი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ. ესაა სამწუხარო რეალობა და სწორედ ამ რეალობის შეცვლას აპირებს ,,ლელო’‘: 

,,ბედნიერი მოქალაქე – ძლიერი სახელმწიფო. ამ პროგრამით, „ლელოს“ მიზანია, აქციოს საქართველო რეგიონის ფინანსურ, ლოგისტიკურ, კულტურულ, ინოვაციურ ცენტრად, შექმნას ძლიერი საშუალო ფენა. 4 წელიწადში უნდა დასრულდეს ყველა სტრატეგიული მეგა-პროექტი, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ძირითადი გზა და ავტობანი, რკინიგზის სრული მოდერნიზაცია, ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია’‘. 

აუცილებლად და ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ,,ლელო’‘ ემიგრანტების დაბრუნებისა და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რაოდენობის შემცირების პოლიტიკასაც გაატარებს. კერძოდ, ,,ყვითლები’‘ შექმნიან წარმატებულ ემიგრანტთა ანუ მეცნიერთა და ბიზნესმენთა მუდმივმოქმედ საბჭოს. ემიგრაციიდან დაბრუნებულთათვის კი სპეციალურ პროგრამებს აამოქმედებს და შეღავათებსაც დააწესებს. 

მართალია, ,,მარშალის გეგმასთან’‘ არავითარი კავშირი არ აქვს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში, სიტყვა მევახშის მნიშვნელობა განმარტა: ,,ქართული სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, მევახშე არის კერძო პირი, რომელიც სარგებელის მიღების მიზნით, ფულის გასესხებითაა დაკავებული’‘ და იქვე დასძინა, მევახშეობა ავკრძალოთო. ხაზარაძის ამ ინიციატივას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საერთოდაც, ამგვარი განმარტება იმიტომ დასჭირდა, რომ პოლიტიკური ოპონენტები ,,ლელოელებს’‘ მევახშეებად მოიხსენებენ. 

დიახ, კომერციული ბანკების მფლობელები და ზოგადად, ბანკირები მევახშეები ნამდვილად არ არიან, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს ანუ ბოლო ცვლილებით, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ზედა ზღვარი განსაზღვრა, ხოლო საბანკო სესხების წლიურ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად მაინც 47% ან 49% ფიქსირდება, რაც აშკარად კაბალურ პირობებზე მიუთითებს, აღარ გაგიკვირდეთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების გარდა, უბრალო, რიგითი მოქალაქეებიც კი, ბანკირებს მევახშეებთან აიგივებენ... 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა _ ძალა ერთობაშია 

ამ საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო კამპანიის უმთავრესი სლოგანია: ,,ჩვენი ხედვა _ მდიდარი ქვეყანა, ძლიერი ოჯახები’‘. ახლა, დეტალურად გავეცნოთ, როგორია ,,ნაციონალების’‘ ეკონომიკური ხედვა და რა გზავნილებით მიმართავენ საკუთარ ამომრჩევლებს: 

,,ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკის ვარდნა, გაჭირვება, კრიმინალი, უპერსპექტივობა. მდიდარი ქვეყანა _ ძლიერი ოჯახებით, _ ესაა ჩვენი ხედვა და სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს ოჯახების კეთილდღეობისა და წარმატების ხუთპუნქტიანი მთავარი გეგმა:

შევქმნით 300 000 ახალ სამუშაო ადგილს; საშუალო ხელფასი გაუტოლდება 2 000 ლარს; ყველა მოქალაქე საყოველთაო ჯანდაცვაზე ბევრად მეტით, დაზღვევის პრემიუმ-პაკეტით ისარგებლებს; მედიკამენტების ფასები განახევრდება, გამოკვლევები _ უფასო, ხოლო სერვისი მრავალფეროვანი გახდება; განათლების დაფინანსებას გავაორმაგებთ; პენსია გახდება 400 ლარი; საშემოსავლო გადასახადს გავაუქმებთ, რათა მეტი შემოსავალი დარჩეთ ოჯახებს’‘. 

ზოგადად, ამა თუ იმ გადასახადის შემცირება და მით უფრო, მისი გაუქმება საშუალო სტატისტიკური გადამხდელისთვის მართლაც პოზიტიური გზავნილია. ოღონდ, სასურველი იქნება, რომ ნებისმიერი დაპირება რეალურად შესრულდეს და ფუჭ ოცნებად არ იქცეს. ვფიქრობ, საშემოსავლო გადასახადის შემცირება გაცილებით უფრო რეალური გზავნილი იქნებოდა, ვიდრე მისი მთლიანად გაუქმება, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომელიც უტყუარი ჭეშმარიტება ნამდვილად არ გახლავთ. 

ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების ნაწილში, ,,ნაციონალები’‘ საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს 1 500-ლარიან ვაუჩერებს გადასცემენ, რასაც ოჯახი გამოიყენებს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბაღშიც. 

,,სასკოლო განათლების დაფინანსება გასამმაგდება: სკოლის მოსწავლეებს, ყოველწლიურად, 2 000-ლარიან სასკოლო ვაუჩერს გადასცემენ, რასაც კერძო ან საჯარო სკოლებში გამოიყენებენ. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლისთვის გათვალისწინებულია უფასო სადილი. სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსება გაორმაგდება, მათთვის 4 500-ლარიანი ყოველწლიური სახელმწიფო გრანტია გათვალისწინებული’‘. 

ამავე პროგრამის მიხედვით, ჯანმრთელი ოჯახის ნაწილში, მედიკამენტების ფასების განახევრებაა გათვალისწინებული, რაც ოჯახის თითოეულ წევრს შეეხება. ჯანმრთელი ოჯახი მოიცავს სრულ პროფილაქტიკურ კვლევებსა და საყოველთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებულ სერვისებს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ, 400-ლარიან კერძო პრემიუმ დაზღვევას. 

ჯანმრთელი ოჯახის ნაწილში, დეტალურადაა ახსნილი, რატომ და რა მიზნით გააუქმებენ ,,ნაციონალები’‘ საშემოსავლო გადასახადს: ეს იმიტომ, რომ თუ დასაქმებულს ხელფასიდან აღარ ჩამოეჭრება საშემოსავლო გადასახადი ანუ 20%, მას გაცილებით მეტი თანხა დარჩება და შეძლებს, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაზე უკეთ იზრუნოს. 

საშემოსავლო გადასახადის გაუქმების გარდა, დასაქმებულებს ,,ნაციონალები’‘ ყოველწლიურად მზარდ ხელფასსაც პირდებიან, ოღონდ იმ დათქმით, რომ საშუალო ხელფასი 2 000 ლარი იქნება. 

რაც შეეხება სამსახურის მაძიებლებს, მათთვის 300 000 ახალი სამუშაო ადგილია გათვალისწინებული, რაც ეკონომიკური რეფორმებითა და ქვეყანაში დამატებით შემოსული 10 მილიარდი დოლარის საშუალებით შეიქმნება. 

ევროპული საქართველო 

,,ევსაქების’‘ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სერიოზული დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოყვანას; სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. საარჩევნო პროგრამა მოამზადა პროფესიონალთა საუკეთესო გუნდმა ბიზნეს-საზოგადოებასთან, ექსპერტებთან, საუნივერსიტეტო წრეებთან მრავალჯერადი დისკუსიის, კონსულტაციებისა და აზრთა შეჯერების გზით. 

,,გამოსავალს ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში, ხოლო მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში ვხედავთ, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით, ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა – ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხსა და ბიზნესს. „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული’‘. 

ახლა, დეტალურად გავეცნოთ, რას გულისხმობს ,,ევროპული საქართველოს’‘ წინასაარჩენო პროგრამა: ესაა ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის შემცირება 25%-ით, რაც შეაფერხებს ფასების ზრდას; დამატებითი ღირებულების გადასახადით (დღგ) დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარის 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდას; დღგ-ს 18%-ის შემცირებას 16%-მდე; განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადის შემცირებას 10%-მდე; საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 10%-მდე; ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას; მთავრობის საკუთრებაში არსებული მიწისა და ქონების ხალხისთვის დაბრუნებას; აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას, საერთაშორისო ფონდებისა და ინვესტიციების მოზიდვას; რაიონების ბიუჯეტში მეტი ფულის დატოვებას; სამთავრობო ხარჯების 2 მილიარდით შემცირებას; მთავრობის ზომის შემცირებას მშპ-ის 20%-მდე, არაუგვიანეს 2024 წლამდე; სესხებთან, მშენებლობასთან და სხვა დაკავშირებული რეგულაციების შემცირებას; ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმების შემუშავებას. 

,,ამ გეგმის მიხედვით, შევქმნით 100 000 სამუშაო ადგილს და თითოეულ ოჯახს დარჩება 2 000 ლარზე მეტი. ამასთან, ,,ევროპული საქართველოს’‘ მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების ზრდას ითვალისწინებს. აღნიშნული სისტემის მიხედვით, მოქალაქე მაშინ დაიბრუნებს ფულს, როცა დასჭირდება. ეს ზომები, პირველივე წელს, ჯამში 1.2 მილიარდ ლარზე მეტს ჩატოვებს ეკონომიკაში და დაეხმარება, როგორც საერთო ეკონომიკურ, ისე ასიათასობით ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას. ,,მცირე მთავრობის’‘ მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნით, ფისკალური დისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით, შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ყოველივე ამის შედეგად – მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობის უზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის’‘. 

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში საკმარისი რესურსი დარჩება მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2021 წლიდან, შესაძლებელი იყოს, როგორც პენსიისა და სოციალურად დაუცველების, ასევე, დევნილებისა და შშმ პირების შემწეობების გაორმაგება. იმავდროულად, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. 

სტრატეგია აღმაშენებელი 

სტრატეგია აღმაშენებელი საკმაოდ სერიოზული დოკუმენტია, რომლის პრეზეტაცია წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისთანავე გაიმართა. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი სერიოზულობით აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია და პოლიტიკურ დებატებშიც საკუთარი პროგრამებით დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მართალია, არჩევნებამდე ორი ან სამი კვირით ადრე დაწერილ პროგრამასაც აუცილებლად წავიკითხავ და გავაშუქებ კიდეც, მაგრამ უმჯობესია, პოლიტიკოსებს საკუთარი პროგრამები წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებისთანავე მზად ჰქონდეთ. 

სტრატეგია აღმაშენებლის პრეზენტაციაზე, გიორგი ვაშაძემ ხუთი მთავარი დაპირება ამცნო საზოგადოებას, რასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს: 

,,4 წელიწადში, 300 000-მდე სამუშაო ადგილი, დეტალურად გაწერილი გეგმით შეიქმნება. კერძოდ: 95 000 სამუშაო ადგილი _ 9 ახალ ინდუსტრიულ პარკში, რომელიც აშენდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 30 000 სამუშაო ადგილი _ სამ Iთ ქალაქში; 90 000 სამუშაო ადგილი _ საქართველოს აგრარულ სექტორში საქართველოს მასშტაბით; 21 000 სამუშაო ადგილი _ 3 000-მდე ახალ, პატარა ზომის სასტუმროში; 15 000 _ დიდი ზომის ბრენდული სასტუმროების ინდუსტრიაში; 40 000 _ აპარტ-ჰოტელის ინდუსტრიაში’‘. 

2021 წლიდან, გიორგი ვაშაძე ,,ჯუნიორი’‘, ყველა საბანკო სესხზე არსებული პროცენტის განახევრებას აპირებს. შედეგად, საქართველოში არსებული ბიზნესი მიიღებს დაბალპროცენტიან სესხს და რაც მთავარია, საბანკო მონოპოლია ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება! მეტიც, ამ ნაწილში, ,,სტრატეგია აღმაშენებლის’‘ ლიდერს არც პენსიონერები ავიწყდება: 

,,2020 წლის დეკემბერში, ყველა პენსიონერს ჩამოეწერება უსამართლოდ მაღალი 36%-40%-იანი სესხის პროცენტი. გარდა ამისა, ლიბერთი ბანკი აღარ იქნება მონოპოლისტი სასესხო, საპენსიო და სხვა სოცდახმარების გაცემაში’‘. 

რაც შეეხება მედიკამენტებს, წამლების 30%-ით გაიაფებას გიორგი ვაშაძე 2021 წლიდან აპირებს. გარდა ამისა, 2021 წლის 1 იანვრიდან, ყველა ბიზნესი, რომლის ბრუნვაც 1 მილიონ ლარზე ნაკლებია, დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 30 Sep 2020 12:54:34 +0400
რაგბის კავშირის სისხლიანი „რაზბორკების“ კვალი ფინანსურ მაქინაციებამდე მიდის? http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6936-რაგბის-კავშირის-სისხლიანი-„რაზბორკების“-კვალი-ფინანსურ-მაქინაციებამდე-მიდის.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6936-რაგბის-კავშირის-სისხლიანი-„რაზბორკების“-კვალი-ფინანსურ-მაქინაციებამდე-მიდის.html

დაუდასტურებელი ხარჯები, ხარვეზები შრომის ანაზღაურებასა და შესყიდვებში _ აუდიტის სკანდალური დასკვნის უცნობი დეტალები

რაგბის კავშირი სერიოზულ სკანდალში გაეხვა. 16 სექტემბერს, კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა შვიდკაცა რაგბის ნაკრების კაპიტანი დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მერაბ ბესელია, რომელსაც ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს და პატიმრობა შეუფარდეს. გამოძიების ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ბესელიამ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ, რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულ ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. 

რაც შეეხება დაჭრილ მორაგბეს, რამაზ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისა და კლუბ „იუნკრების“ კაპიტანია. პარალელურად, ის ახლახან შექმნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფი 16 სექტემბერსვე, სისხლიან გარჩევამდე რამდენიმე საათით ადრე, „მზიურის“ ტერიტორიაზე, საქართველოს ჩემპიონატის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ შეიკრიბა. ცნობილია ისიც, რომ ბოლო დროს, საინიციატივო ჯგუფი, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას არაერთხელ დაუპირისპირდა და გარკვეული პრეტენზიებიც წაუყენა, მათ შორის, კავშირში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე. ამ ეტაპზე, უცნობია, იყო თუ არა რაგბისტების დაპირისპირება კავშირში არსებული ფინანსური პრობლემების გაგრძელება, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ თემით სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ჯერ კიდევ 2020 წლის იანვრიდან დაინტერესდა. ზუსტად სამ თვეში ანუ მარტის დასაწყისში, აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ, 2014-2018 წლებში განხორციელებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას ეხება. ,,ვერსია’‘ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის სკანდალურ დეტალებს გთავაზობთ.

ხარვეზები შრომის ანაზღაურებაში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ 2014-2018 წლებში შრომის ანაზღაურებამ (თანამდებობრივი სარგო, პრემია, კომპენსაცია) 38 789 994 ლარი შეადგინა. აქედან, მორაგბეებისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება 32 395 471 ლარია, ადმინისტრაციის თანამშრომლებისა _ 6 394 523 ლარი. შესამოწმებელ პერიოდში, შრომის ანაზღაურება გაზრდილია 5 242 229 ლარით: მორაგბეებისა და დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება _ 4 529 452 ლარით, ხოლო ადმინისტრაციის პერსონალის შრომის ანაზღაურება _ 712 777 ლარით. 

კავშირის მიერ, სახელმწიფო აუდიტორებისთვის წარდგენილი სააღრიცხვო მონაცემების საფუძველზე, ადმინისტრაციული პერსონალის ზუსტი რიცხოვნობა ვერ დგინდება. აუდიტის ჯგუფის შეფასებით, რომელიც ეფუძნება არსებული თანამდებობრივი პოზიციების თაობაზე აუდიტის ობიექტის მიერ წარდგენილი ინფორმაციის შესწავლა-შეფასებას, 2018 წელს, კავშირში, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ თანამდებობებზე დასაქმებული პერსონალის სავარაუდო რიცხოვნობა 140 ერთეულია. პერსონალის ამ ოდენობის მიხედვით, მათი შრომის ანაზღაურების ხარჯი 2018 წელს _ 3 117 665 ლარი იყო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ მაჩვენებელს. 

,,ადამიანური რესურსის მართვისა და შრომის ანაზღაურების კუთხით გამოვლინდა შეუსაბამობები და კონტროლის ნაკლოვანებები: დაქირავებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების წყაროა საბიუჯეტო სახსრები, გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულებები. რიგ შემთხვევებში, აღნიშნული ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, რაც კავშირის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არ არის დადგენილი. ცალკეულ შემთხვევებში, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსების წყარო არასაბიუჯეტო სახსრებია, გაფორმებული არაა წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის ისეთი არსებითი პირობები, როგორებიცაა: თანამდებობა (პოზიცია), შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა. რაგბის კავშირის წარმოდგენილი ინფორმაციით, 2018 წელს ექიმის, მენეჯერებისა და ნაკრებების მწვრთნელთა პოზიციებზე დასაქმებული პირები, ამავდროულად, სახელფასო ანაზღაურებას იღებენ ე.წ. „მაღალი მიღწევების აკადემიაში“ (HP აკადემია), რომელიც „ფუნქციონირებს“ 2018 წლიდან. პრეზიდენტისა და გამგეობის გადაწყვეტილება აღნიშნული აკადემიის შექმნის შესახებ მიღებული არ არის, რაც შეუსაბამობაშია საწესდებო მოთხოვნასთან. კავშირთან არსებული რაგბის ეროვნული აკადემიის პარალელურად, „მაღალი მიღწევების აკადემიის“ შექმნის მიზანშეწონილობის დასაბუთება და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე მტკიცებულებები კავშირმა ვერ წარმოადგინა’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

შრომის ანაზღაურების ნაწილში, სახელმწიფო აუდიტორებმა სხვა დარღვევებიც გამოავლინეს, კერძოდ: ადმინისტრაციული პერსონალის მიხედვით, არ აღირიცხება სამუშაო დრო, რომელიც შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველია. შედეგად, არის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ (არასამსახურებრივი მიზნით) მყოფ პირზე, ამავე პერიოდში დარიცხულია და გაცემულია შრომის ანაზღაურება ხელფასის სახით; სამუშაო დროის სრულ განაკვეთზე დასაქმებული 140 პირიდან 79 მათგანი, ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე ორგანიზაციაში, თანაც ერთდროულად! არის შემთხვევები, როდესაც კავშირში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირები, იმავდროულად, დასაქმებულები არიან ამავე კავშირში, ოღონდ სხვა ანაზღაურებად პოზიციებზე! 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებ გუნდზე, 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე ანუ „მსოფლიო თასისათვის“ მზადების პერიოდში, მორაგბეებსა და დამხმარე პერსონალიზე, დღიური ხარჯის სახით, პრეზიდენტის ბრძანებების საფუძველზე გასაცემი თანხა შეადგენდა 2 044 187 ლარს, ფაქტობრივად კი 2 200 092 ლარი გასცეს. კავშირმა ზედმეტად 155 905 ლარი აანაზღაურა, რაც ნაკრების არამოთამაშე პერსონალზე (მწვრთნელები, მენეჯერები, ვიდეოანალიტიკოსი, სპორტული დირექტორი, სანაკრებო კომიტეტის თავმჯდომარე) განაწილდა. 

სახელმწიფო აუდიტორებმა ისეთი შემთხვევაც გამოავლინეს, როდესაც „შევარდენის“ ბაზაზე მომზადების პერიოდში, დღიური ხარჯი ადმინისტრაციის იმ თანამშრომლებზე გასცეს, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ გათვალისწინებულნი კავშირის 2015 წლის 26 ივნისისა და 20 ივლისის ბრძანებების საფუძველზე დამტკიცებულ ეროვნული ნაკრები გუნდის გაფართოებულ სიებში! შესაბამისად, ამ პირებს, მომზადების რვადღიან პერიოდში, ზედმეტად 34 485 ლარი აუნაზღაურეს! 

რაგბის კავშირის ბრძანების საფუძველზე, ადმინისტრაციული პერსონალის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე 9 პირი, რაგბის მსოფლიო თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად მიავლინეს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, 2015 წლის 17 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში გაიმართა. კავშირის ამავე წლის 7 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, დასაბუთების გარეშე, ამ პირებს, მივლინებაში გამგზავრების წინ (2015 წლის 9 სექტემბერს), პრემიის სახით, ნაღდი ფული _ 32 300 ლარი გამოუყვეს, რომელიც საბანკო ანგარიშიდან, საორგანიზაციო ხარჯის დანიშნულებით გამოიტანეს. 2016 წლიდან, ანგარიშსწორება მხოლოდ უნაღდო ფორმით ხორციელდება. 

აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ადამიანური რესურსების მართვისა და სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესში, კონტროლის საშუალებების არარსებობის შედეგად, არაეფექტიანი და არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურა ჩამოყალიბდა. მეტიც, შრომითი ურთიერთობები არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს: რიგ შემთხვევებში, არ არის განსაზღვრული და წერილობითი ფორმით შეთანხმებული ისეთი არსებითი პირობა, როგორიც შესასრულებელი სამუშაოა. შესაბამისად, გაურკვეველია, კონკრეტულად რა სამუშოს ასრულებს დასაქმებული პირი, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში, საჯარო სახსრების არაეკონომიურ/არაეფექტიან განკარგვას იწვევს და ფიქტიური „შრომითი საქმიანობის“ ანაზღაურების რისკებს ზრდის. სწორედ ამ კრიტერიუმის შეუსაბამოდ, დამხმარე პერსონალს, დღიური ხარჯის სახით, რაგბის კავშირმა ზედმეტად 190 390 ლარი აუნაზღაურა! 

დარღვევები შესყიდვებში 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2014-2018 წლებში, კავშირის მიერ 764 064 ლარის სხვადასხვა სახის ინვენტარის შესყიდვა და მიმწოდებლის შერჩევა დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში, „შევარდენისა“ და „მარტყოფის“ ბაზებზე, საწვრთნელი შეკრებების დროს, მორაგბეთა კვების მომსახურებაზე 2 504 180 ლარი დაიხარჯა. კვების მომსახურების შესყიდვის პროცესში მიღებულ გადაწყვეტილებებს და ამ პროცესში კონტროლის მექანიზმებს გააჩნია ნაკლოვანებები და შეუსაბამობები, კერძოდ: მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა მიმდინარეობდა ბაზრის კვლევისა და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა-ანალიზის გარეშე. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია კვების მომსახურების ერთეულის (დღეში ერთი ადამიანის კვება) ღირებულება, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, 54-დან 60 ლარამდე მერყეობს. 

,,დაუსაბუთებელია მიმწოდებლის ცვლილების მიზანშეწონილობა. 2014-2017 წლებში, „შევარდენის“ საწვრთნელ ბაზაზე, კვების მომსახურებას ახორციელებდა შპს „ჯთ სერვისი“ და შპს „ფუდ მენეჯმენტ გრუპი“. ამ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, კვების მომსახურების ერთეულის ღირებულება შეადგენდა 54 ლარს. 2017 წლის 18 დეკემბერს, მომსახურების მიწოდებაზე ხელშეკრულება გაფორმდა შპს „მესერ +“-თან, რომელიც კავშირში დასაქმებულმა პირებმა, ხელშეკრულების გაფორმებამდე ორი თვით ადრე დააფუძნეს. ხელშეკრულების მიხედვით, კვების მომსახურების ერთეულის ღირებულება გაიზარდა და 60 ლარი გახდა. ახალი მიმწოდებლის შერჩევისა და ხელშეკრულების არსებითი პირობის ცვლილების (ფასის ზრდის) დასაბუთება აუდიტის ობიექტმა ვერ წარმოადგინა.

 

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შპს „მესერი +“, კვების პროდუქტების მნიშვნელოვანი ნაწილის შესყიდვას ახორციელებდა წინა მიმწოდებელთან აფილირებული კომპანიისგან. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი საგადასახადო დოკუმენტაციით დადგინდა, რომ 2018 წელს, შპს „მესერი+“ მხოლოდ კვებით მომსახურებას უწევდა კავშირს, რისთვისაც 509 020 ლარი გადაუხადეს. აქედან, რაგბის კავშირის მოქმედ თანამშრომლებს, რომლებიც ამავდროულად, ამ კომპანიაშიც არიან დასაქმებულნი, ხელფასის სახით, 229 373 ლარი ანუ შემოსავლის 45% გადაუხადეს’‘.  

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2014-2018 წლებში, „შევარდენის“ საწვრთნელ ბაზაზე, კვების მომსახურების განმახორციელებელი კომპანიები და მათ შორის, შპს „მესერი +“, ეკონომიკურ საქმიანობაში იყენებდნენ შპს „რაგბის განვითარების ჯგუფის“ (20%-იანი წილობრივი მონაწილეობით დამფუძნებელია კავშირი) მმართველობაში არსებულ 207.4 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს და ინვენტარს. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, ეს კომპანიები, როგორც კომუნალური მომსახურების მომხმარებლები, ცალკე აბონენტად რეგისტრირებულნი არ იყვნენ. მათი მხრიდან აქტივების გამოყენებისა და მოხმარებული კომუნალური ხარჯების საკომპენსაციო თანხა, შპს „რაგბის განვითარების ჯგუფთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით, მხოლოდ 100 ლარი იყო თვეში, რაც საბაზრო პირობების გათვალისწინებით, არაადეკვატურად დაბალი საფასურია! 

,,ანალოგიური მდგომარეობაა მარტყოფის საწვრთნელ ბაზაზე გაწეულ კვების მომსახურებაშიც. 2017-2018 წლებში, ამ ბაზაზე კვების მომსახურების მიმწოდებელი იყო შპს „უნა“. მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ერთეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 60 ლარს. აღნიშნული კომპანია დაფუძნდა/დარეგისტრირდა 2017 წლის 6 მაისს _ ხელშეკრულების გაფორმებამდე, 6 დღით ადრე. რიგ შემთხვევებში, არ არსებობს მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შპს „უნა“ ეკონომიკურ საქმიანობაში უსასყიდლოდ იყენებდა კავშირისა და შპს „რაგბის განვითარების ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 378 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართსა და ინვენტარს. ამასთან, შპს „უნა“ ცალკე აბონენტად რეგისტრირებული არ ყოფილა, როგორც კომუნალური მომსახურების მომხმარებელი და შესაბამისად, არ იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის საფასურს. შპს „უნას“ 2018 წელს განხორციელებული აქვს მიწოდება მხოლოდ კავშირისთვის კვების მომსახურების სახით და მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 228 334 ლარი (დღგ-ის გარეშე). კომპანიამ მხოლოდ 56 526 ლარი (დღგ-ის გარეშე) გახარჯა, ხოლო ხელფასების სახით, 114 991 ლარი გასცა, აქედან, კომპანიის დირექტორმა _ 84 250 ლარი მიიღო! ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული მიწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმი, არ არის შეთანხმებული მენიუ და კვების ღირებულება’‘. 

დარღვევები გამოვლინდა სამედიცინო მომსახურების შესყიდვაშიც. რაგბის კავშირის მოქმედი თანამშრომლების მიერ, 2014 წელს დაფუძნებული შპს „სპორტული მედიცინის კლინიკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებებით, მორაგბეებისთვის გაწეული შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მიზნით, 2015-2018 წლებში, კავშირმა 425 185 ლარი გადაიხადა. კლინიკა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს თბილისში, „შევარდენის“ სარაგბო ბაზაზე, კავშირის საკუთრებაში არსებულ 142 კვ.მ. ფართის შენობა-ნაგებობაში, ხოლო საქმიანობისას გამოყენებული სამედიცინო აპარატურის ნაწილი, რაგბის კავშირის საკუთრებაა. 

ანგარიშსწორება განხორციელებულია კლინიკის მიერ, აუდიტორებისთვის წარდგენილი ინვოისებისა და ინვოისებზე თანდართული სამედიცინო მომსახურების მიმღებ პირთა რეესტრების საფუძველზე. ამ დოკუმენტაციით, აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა მოცემული პირებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროების, ასევე, მომსახურების ხასიათის (გეგმური, გადაუდებელი) შესახებ. არის შემთხვევები, როცა კლინიკის მომსახურება მიღებული აქვთ ნაკრების იმ მორაგბეებსაც, რომლებიც მომსახურების გაწევის პერიოდში, კავშირის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ნაკრების გაფართოებული სიების შესაბამისად, უცხოეთში იმყოფებოდნენ. 

,,კავშირის მიერ, კლინიკისთვის ანაზღაურებულია მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში უცხოელი სპეციალისტის შესრულებული ოსტეოპათის მომსახურება, რომლის ღირებულება 102 569 ლარი იყო. არადა, ამავე პერიოდში, აღნიშნულ პირს, ცალკე გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირიდან იმავე სახის მომსახურების ღირებულებაც აუნაზღაურეს _ 228 044 ლარის ოდენობით. შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, ორგანიზაციაში შეთავსებითი საქმიანობა ამ პირს მხოლოდ კავშირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეეძლო, რაც ამ შემთხვევაში არ არსებობდა!’‘ 

დაუდასტურებელი ხარჯები 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ რაგბის კავშირში დაუდასტურებელი ხარჯებიც არსებობს ანუ აუდიტორული შემოწმების დროს, ამა თუ იმ ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით, კავშირის წარმომადგენლებმა ამ ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები აუდიტორებს ვერ წარუდგინეს! 

,,ნაკრებების მენეჯერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე საქვეანგარიშოდ, წარმომადგენლობითი და ნორმის ზემოთ მივლინებების სახით გაცემულ 404 476 ლარზე, ანგარიშვალდებული პირების მიერ, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი არ არის’‘, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

მნიშვნელოვანი წილი _ 376 826 ლარი, 2014-2015 წლებს ეხება, 2016 წლიდან, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოცულობამ არსებითად იკლო. კერძოდ, 2016 წელს _ 18 278 ლარი იყო, 2017 წელს _ 9 372 ლარი, ხოლო 2018 წელს, ასეთი ფაქტები აღარ ფიქსირდება. ეს თანხები, ანგარიშვალდებული პირების მიხედვით დებიტორულ დავალიანებებად აღრიცხვის ნაცვლად, რაგბის კავშირმა ხარჯებში ჩამოწერა და გააფორმა, როგორც დაქირავებულ პირებზე გაცემული სარგებელი, რაც ამ კავშირის ფინანსური სამსახურის სისუსტეზე მეტყველებს _ ესაა საგადასახადო კოდექსის უგულებელყოფა და ჩვეულებრივი, ბუღალტრული შეცდომა! 

ხარვეზები მივლინებებში და სხვა დარღვევები 

ანგარიშსწორების წესის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ ღონისძიებებზე, საქართველოს დელეგაციის წევრების სასტუმროს ხარჯი დღე-ღამეში და ასევე, სადღეღამისო ხარჯი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების ან/და ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ წინასწარ დადგენილი ნორმების მიხედვით, ხოლო აღნიშნული ნორმების წინასწარ არდადგენის შემთხვევაში, საქართველოს ფარგლებს გარეთ გასამართ ღონისძიებებზე, საქართველოს დელეგაციის წევრების დღე-ღამის სასტუმროსა და სადღეღამისო ხარჯები განისაზღვრება „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის #231 ბრძანებულებით დამტკიცებული სამივლინებო ხარჯების შესაბამისად. კერძოდ, თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მოსამსახურის მივლინებას მიმღები მხარე კვების ხარჯებით უზრუნველყოფს, მოსამსახურეს უნაზღაურდება სადღეღამისო ნორმის 30%, სადღეღამისო ხარჯები კი იანგარიშება სამსახურებრივ მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით, დასვენებისა და უქმე, აგრეთვე, მივლინებაში გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეების ჩათვლით. „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის #220 ბრძანების შესაბამისად, სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად, დამქირავებლის ბრძანებით, მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ _ ქვეყნის შიგნით დაქირავებულის მივლინებისას, სადღეღამისო ხარჯების ნორმა განსაზღვრულია 15 ლარის ოდენობით. მგზავრობისა და ბინის დაქირავების ნორმები განისაზღვრება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების მიხედვით, ამ ხარჯების დამადასტურებელი საბუთების საფუძველზე. 

ვნახოთ, რა დარღვევები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა რაგბის კავშირის წევრების მივლინების ნაწილში: 

,,საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციებისა და ღონისძიებების ორგანიზატორთა მიერ, მივლინებების წინასწარ განსაზღვრული ნორმები დადგენილი არ არის. მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურების შემთხვევებში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე, კავშირის დელეგაციის წევრების გამგზავრებისა და მივლინებიდან დაბრუნების დღეები ანაზღაურებულია სრულად, ხოლო დარჩენილი დღეები _ შესაბამისი ქვეყნისთვის დადგენილი ნორმის 30%-ის ოდენობით. კერძოდ, 2016 წელს, გამგზავრებისა და დაბრუნების დღეების სრულად ანაზღაურების შედეგად, ზედმეტად 43 283 ლარი გასცეს. 2017 წელს, ბელგია-საქართველოს მატჩის დროს, მომწვევი მხარის მიერ კვების ხარჯების ანაზღაურებისას, ბელგიაში გამგზავრებულ 16 სპორტსმენს 5 დღეზე, 4 225 ლარი აუნაზღაურეს. აქედან, 2 დღე _ სრულად, ხოლო 3 დღე _ 30%-ით. შესაბამისად, ზედმეტად ანაზღაურდა 1 894 ლარი!’‘ 

გარდა ამისა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე, რიგ შემთხვევაში, კავშირის დელეგაციის წევრების სამივლინებო ხარჯები დაანგარიშებულია და ანაზღაურებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ზღვრული ნორმების ზევით. კერძოდ, 2016 წლის 9-12 ივნისს, რომში (იტალია) გასამართ საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს შვიდკაცა ნაკრების მონაწილეობის დროს, ერთი ადამიანის სასტუმროში განთავსების ხარჯი, ნორმით გათვალისწინებული 102 ევროს ნაცვლად, 116 ევრო იყო, დღიური ხარჯი კი, ნორმით გათვალისწინებული 45 ევროს ნაცვლად _ 77 ევრო. შედეგად, სამივლინებო ხარჯების სახით, ზედმეტად 2 914 ევროს ეკვივალენტი _ 7 066 ლარი აანაზღაურეს! 

,,არის შემთხვევები, როდესაც ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს, სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე, სადღეღამისო თანხები ხარჯების გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების გარეშე, სასტუმროს ინვოისების შეუსაბამოდ გასცეს. კერძოდ, 2016-2018 წლებში, ერთდღიან ღონისძიებებზე, სასტუმროში ერთი ღამით განთავსების დროს, დღიური თანხების 3 დღეზე გაცემის შედეგად, ზედმეტად 1 995 ლარი გადაიხადეს. ერთ დღეზე მეტი ხნით მივლინებულ პირებზე, ბრძანებით განსაზღვრული დღეების შესაბამისად, სასტუმროში განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე, 2016-2018 წლებში, ჯამში, 4 360 ლარი გადაიხადეს’‘. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ, 2016-2018 წლებში, სამივლინებო ხარჯებისთვის ზედმეტად გამოყვეს 56 603 ლარი! 

გარდა ამისა, რაგბის კავშირის პრეზიდენტის 2018 წლის 8 მაისის #109/კ ბრძანების შესაბამისად, ,,დიდი 10’‘-ის მონაწილე კლუბების მოთამაშეების ნაკრებში გამოძახების გამო გამოტოვებულ თითოეულ ტურზე, კლუბებისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს: ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე _ 2 000 ლარს, შვიდკაცა და 20-წლამდელთა ნაკრებებში გამოძახებაზე _ 1 500-1 500 ლარს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წლიურ ბიუჯეტში გათვალისწინების გარეშე, 2018 წელს, კლუბებზე კომპენსაციის სახით, 345 000 ლარი გასცეს. აუდიტით დადგინდა, რომ 2018 წელს, 29 შემთხვევაში, კავშირის მიერ ,,დიდი 10’‘-ის 8 კლუბზე _ 43 500 ლარის კომპენსაცია ზედმეტად აანაზღაურეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორების მოთხოვნით, ,,დიდი 10’‘-ის 8 კლუბზე ზედმეტად გაცემული კომპენსაცია უნდა დაბრუნდეს ან მომავალი გადასახდელებიდან უნდა გამოიქვითოს!

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 23 Sep 2020 12:26:09 +0400
სკანდალი _ „თელასი“ მთლიანად რუსული „ინტერ რაოს“ ხელში აღმოჩნდა?! http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6925-სკანდალი-_-„თელასი“-მთლიანად-რუსული-„ინტერ-რაოს“-ხელში-აღმოჩნდა.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6925-სკანდალი-_-„თელასი“-მთლიანად-რუსული-„ინტერ-რაოს“-ხელში-აღმოჩნდა.html

საეჭვო ფინანსური ტრანზაქციის ფარული დეტალები _ ვინ არის და რა აკავშირებს ბეჟუაშვილებთან ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას, რომელიც ამიერიდან, თბილისს მხოლოდ გაზით კი არა, დენითაც მოამარაგებს

სს ,,თელასის’‘ 24.5%-იანი წილი, რომელსაც საპარტნიორო ფონდი ფლობდა, გაიყიდა. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი, რომელსაც აქამდე ფონდი განკარგავდა, საჯარო აუქციონზე კომპანია ,,ბესტ ენერჯი გრუპმა’‘ 32 400 000 ლარად შეიძინა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აუქციონში მხოლოდ ეს კომპანია მონაწილეობდა, საჯარო აუქციონის საწყისი ფასი კი 10 500 000 აშშ დოლარი იყო. ,,ბესტ ენერჯი გრუპის’‘ 100%-იან წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანია 2018 წლის 2 აგვისტოს დაფუძნდა. ,,თელასის’‘ აქციების საკონტროლო პაკეტს ანუ 75.11%-ს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია შილკ ღოად HOLDINGS B.V ფლობს, რომლის დამფუძნებელი რუსული ,,ინტერ რაოა’‘. მართალია, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილი გაიყიდა, მაგრამ ,,თელასის’‘ 24.5%-იანი წილი ისევ საქართველოში დარჩაო, _ ასე დაასათაურა ამ ტრანზაქციის ამსახველი ამბავი მედიის თითქმის ყველა საშუალებამ, თუმცა ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. სინამდვილეში, წლების განმავლობაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტის 24.5%-იანი წილიც რუსული ენერგოგიგანტის, ,,ინტერ რაოს’‘ საკუთრებაში აღმოჩნდა, ოღონდ ხვიჩა მაქაცარიას ,,ბესტ ენერჯი გრუპის’‘ სახელით!

 

ტრანზაქციის ფარული დეტალები 

საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ,,ბესტ ენერჯი გრუპის’‘ პარტნიორი კომპანიაა შპს ,,სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.’‘, რომლის 100%-იან წილსაც თვითონვე ფლობს. ,,ვერსია’‘ არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, საჯარო რეესტრის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ვვარაუდობთ, რომ საქართველოში დაფუძნებულ ,,სილქ როუდ გრუპ ბ.ვ.’‘-სა და ,,ინტერ რაოს’‘ საკუთრებაში არსებულ, ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებულ შილკ ღოად HOLDINGS B.V-ს შორის პირდაპირი თუ არა, მინიმუმ, ირიბი კავშირი არსებობს! 

თავდაპირველად, ,,თელასი’‘ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, 1998 წელს გაიყიდა, რომლის 75%-იანი წილი ამერიკულმა კომპანია AES (ეი ი ეს)-მა შეიძინა. მოგვიანებით, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ამერიკული კომპანია, რუსულმა ,,ინტერ რაომ’‘ ჩაანაცვლა. ამერიკელებისა და რუსების მმართველობის დროსაც კი, ,,თელასის’‘ აქციათა 24%-ზე ცოტა მეტი ანუ 24.5% სახელმწიფოს საკუთრებაში რჩებოდა, მაგრამ ახლა, საპარტნიორო ფონდის გადაწყვეტილებით, ,,თელასი’‘ მთლიანად ,,ინტერ რაოს’‘ ხელში აღმოჩნდა! 

დიახ, მედლის ერთ მხარესაა სააკაშვილის კარის ბიზნესმენი, ხვიჩა მაქაცარია თავისი ,,ბესტ ენერჯი გრუპის’‘ სახელით, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, ირიბად, რუსულ ,,ინტერ რაოს’‘ წარმოადგენს, ხოლო ამავე მედლის მეორე მხარეს კი, გაგიკვირდებათ და, სააკაშვილთან დაახლოებული, მილიარდერი დავით ბეჟუაშვილის ინტერესიც ჩანს, თუმცა ბოლომდე ობიექტური რომ ვიყო, ამ კონკრეტულ ტრანზაქციაში, უშუალოდ ბეჟუაშვილი არ ჩანს, მაგრამ 2014 წლიდან მოყოლებული, დღემდე, პირადად მე, ,,ვერსიაში’‘ არაერთი ექსკლუზიური სტატია გამოვაქვეყნე, რომელიც ენერგეტიკაში ბეჟუაშვილის დაუფარავ ინტერესს ეხებოდა. 

სწორედ, ,,ვერსიის’‘ სტატიებსა და ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, თავს უფლებას მივცემ, ამ ტრანზაქციაშიც ბეჟუაშვილის ნაკვალევი მოვძებნო. ვიმეორებ: არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ვვარაუდობ და საფუძვლიან ეჭვს გამოვთქვამ, მით უმეტეს, ამგვარი ეჭვის საფუძველს ხვიჩა მაქაცარიასა და დავით ბეჟუაშვილის უკვე არსებული პარტნიორობა მაძლევს, იგივე ,,ყაზტრანსგაზთბილისში’‘, მაგრამ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი, მოდით, თვალი ბეჟუაშვილის ენერგოინტერესს გადავავლოთ. 

ბეჟუაშვილების ინტერესი ენერგეტიკაში 

ესაა 2016 წელს, ,,ვერსიაში’‘ გამოქვეყნებული, ჩემი ერთ-ერთი სტატიის ქვესათაური, სადაც ვწერდი, რომ ენერგეტიკაში ძმებ გელა და დავით ბეჟუაშვილების ინტერესს თითქმის 18-წლიანი ისტორია აქვს და ეს ინტერესი ირიბად, ,,თელასის’‘ პრივატიზებას უკავშირდება. დიახ, არ მოგესმათ და ახლავე აგიხსნით, რატომ: 

2014 წელს, ,,ვერსიამ’‘ მორიგი ჟურნალისტური მოკვლევა ჩაატარა. ჩვენი გამოძიების ფარგლებში, დავადგინეთ, რატომ და რა მიზეზით ითიშება ელექტროენერგია თბილისის ცენტრალურ უბნებში. ხშირ შემთხვევაში, ამის გამო, პასუხს ,,თელასს’‘ ვთხოვთ, როგორც ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას, მაგრამ ,,ვერსიამ’‘ დაადგინა, რომ თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების 46% კერძო კომპანიების საკუთრებაშია! 

,,ვერსია’‘ სს ,,თელასის’‘ პრივატიზების დეტალებით დაინტერესდა და გაარკვია, რომ თავის დროზე, როდესაც სახელმწიფომ ტენდერი გამოაცხადა და ,,თელასის’‘ პრივატიზება განახორციელა, კომპანია თბილისის გამანაწილებელი ქსელის _ თბოელექტროცენტრალის ანუ ,,თეცის’‘ გარეშე გაიყიდა!  

1998 წელს, ,,თელასის’‘ პრივატიზების პროცესში, ამერიკული ,,ეი ი ეს’‘-ის გარდა, საფრანგეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ,,ე დე ეფი’‘-ც მონაწილეობდა. მანამდე, საქართველოში ამ დონის პრივატიზება არ ჩატარებულა, სადაც მსოფლიოს ორი გიგანტი კომპანია ,,თელასის’‘ აქციების 75%-ის შეძენას გეგმავდა, რადგან აქციების 25% სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. 

ტენდერში ამერიკულმა ,,ეი ი ეს’‘-მა გაიმარჯვა და ,,თელასის’‘ აქციების 75% შეიძინა. კომპანიის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ სქოულმა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად არაერთხელ მიმართა, რომ თბილისის გამანაწილებელი ქსელიც გადაეცათ მართვაში, მაგრამ უშედეგოდ. 

ჟურნალისტური მოკვლევის ფარგლებში, ,,ვერსიამ’‘ კონფიდენციალური და კარგად ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო, რომ თბილისის გამანაწილებელი ქსელის, ,,თეცის’‘ პრივატიზება სახელმწიფომ 2000 წელს დაიწყო. უზარმაზარი ტერიტორია _ 10 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთით, ორი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორითა და 28 გამანაწილებელი ფიდერით, პარლამენტის წევრსა და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს 125 000 აშშ დოლარად (სამოთახიანი ბინის ფასი იმ პერიოდში, თბილისის ცენტრალურ უბანში, _ ავტ.) მიჰყიდა, რაც სრული ნონსენსი იყო! წყაროს ინფორმაციით, ,,თეცის’‘ ყოველწლიური შემოსავალი 100 000 ლარს სცილდება, რადგან ,,თელასი’‘ მას ელექტროენერგიის გატარების ტარიფს უხდის. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელი იყო, რომ ეს ობიექტი ბეჟუაშვილს ხელში ჩალის ფასად, მხოლოდ 125 000 აშშ დოლარად ჩაეგდო. 

რატომ გაყიდა სახელმწიფომ ,,თეცი’‘ 125 000 აშშ დოლარად ან მაინცდამაინც დავით ბეჟუაშვილს რატომ მიჰყიდა? 

,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, ,,თეცის’‘ ტერიტორიაზე არსებული ელექტროენერგიის ქვესადგური ანუ მაღალი ძაბვის ორი ტრანსფორმატორი და 28-ფიდერიანი გამანაწილებელი ქსელი შემოსავლის წყარო იყო. ცხადია, შემოსავლის ეს წყარო ხელისუფლებასთან კარგად დაახლოებული ბიზნესმენის, ამ შემთხვევაში, დავით ბეჟუაშვილის ხელში უნდა მოხვედრილიყო. წყარო გვიამბობს, რომ ჩალის ფასად შეძენილი უზარმაზარი ქონება, ბეჟუაშვილს ფულის გასათეთრებლადაც სჭირდებოდა. რეალურად, ასეც მოხდა, რადგან 2000 წელს, 125 000 აშშ დოლარად ნაყიდი ,,თეცი’‘, მოგვიანებით, ბეჟუაშვილმა საერთაშორისო კომპანია ,,იტერას’‘, დაახლოებით, 1 000 000 აშშ დოლარად მიჰყიდა! 

ნაციონალი ძმების ენერგორეინკარნაცია 

2014 წელს, ასევე, ექსკლუზიურად, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ გაარკვია, რომ რუსეთიდან საქართველოს გავლით, თურქეთის რესპუბლიკაში ელექტროენერგიის ტრანზიტს, პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია განახორციელებდა! ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’‘, რომელსაც დავით და გელა ბეჟუაშვილების კუთვნილი კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის’‘ კომერციული დირექტორი, ზურაბ გოზალიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთს 300 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიას აწვდიდა. 

,,ინტერ რაომ’‘ საქართველოს ელექტროსისტემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 2014 წლიდან დაიწყო, რაც თურქეთში ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი. ამგვარი ტრანზიტი მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საქართველო-თურქეთს შორის, ბორჩხა-ახალციხის ურთიერთდამაკავშირებელი, 400-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი ამოქმედდა. ,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, საქართველოდან ამ ტრანზიტში, დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი კომპანია მონაწილეობდა. 

იმის გამო, რომ ეს, პრაქტიკულად, ელექტროენერგიის რეექსპორტია, ტენდერი ვერ ჩატარდებოდა. წყარო გვიამბობს, რომ 2014 წლის 26 ნოემბერს, ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის’‘ მიერ გამოცხადებულ აუქციონზე, გამარჯვებულად ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია’‘ _ სსეკ გამოცხადდა, რომლის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ გოზალიშვილი იყო. 

მოკლედ, დავით ბეჟუაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წლიდან დაიწყო რუსული დენის თურქეთში ტრანზიტი საქართველოს გავლით, თუმცა მხოლოდ ამას არ დასჯერდა და 2016 წელს, ისევ რუსული ,,ინტერ რაოსგან’‘, ყბადაღებული მე-9 და მე-10 ენერგობლოკები ანუ ,,მტკვარი-ენერგეტიკაც’‘ შეიძინა, რომლის დადგმული სიმძლავრე 300 მეგავატია! 

სხვათა შორის, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ,,ვერსიამ’‘ ისიც გაარკვია, რომ დავით ბეჟუაშვილი ერთადერთი ადამიანია საქართველოში, რომელიც სომხეთში ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს, სანაცვლოდ კი, სომხეთიდან რუსული გაზი შემოაქვს! 

ჯერ კიდევ 2016 წელს, ,,ვერსიამ’‘ წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ შეძენა, რომელიც ოფიციალურად, გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა, სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენების ორ კლანს _ შარანგიებსა (ხვიჩა მაქაცარია) და ბეჟუაშვილებს სურდათ, რაც მოგვიანებით დადასტურდა და კიდევ უფრო მოგვიანებით, უფრო ზუსტად, სამი წლის შემდეგ ანუ 2019 წლის ზაფხულში, ორივე კლანის გამარჯვებით დასრულდა. ოღონდ, 2016 წელს, ,,ვერსიაში’‘ გამოქვეყნებული სტატიიდან ერთ პასაჟს შემოგთავაზებთ: 

,,ახლა ირკვევა, რომ ,,თბილგაზი’‘ (იგულისხმება ,,ყაზტრანსგაზთბილისი’‘, _ ავტ.), რომელიც თავის დროზე, ბეჟუაშვილმა, მისი კუთვნილი ,,საქგაზის’‘ საშუალებით გააკოტრა, ისევ ხელში უნდა ჩაიგდოს! ფაქტია, რომ ბეჟუაშვილს რუსეთის სახელმწიფო კომპანია ,,ინტერ რაოსთან’‘ კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან 2014 წელს, ჯერ ამ კომპანიის ელექტროენერგიის ტრანზიტის სქემაში ჩაჯდა და რუსულ დენს თურქეთში ჰყიდის საქართველოს გავლით, ახლა ,,მტკვარი-ენერგეტიკაც’‘ შეიძინა, გარდაბნის თბოელექტროსადგურს ხომ ისედაც ფლობს და თუ ყაზახებისგან ,,ყაზტრანსგაზთბილისსაც’‘ ბეჟუაშვილი იყიდის, დესერტად, ,,თელასიც’‘ ლანგრით ხომ არ მიგვერთმია, რომლის აქციათა 75% ,,ინტერ რაოს’‘ საკუთრებაშია?!’‘ 

ცხადია, ამ ბოლო წინადადების ემოციურ ტონზე ახლა უკვე მეღიმება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია _ ოთხი წლისწინანდელი, თუნდაც ბრაზმორეული და ნიშნის მოგებით გამოთქმული პროგნოზ-ვარაუდი გამართლდა. 

მაქაცარია-ბეჟუაშვილის ,,თბილისი ენერჯი’‘ 

2019 წლის თებერვალში, ,,ვერსიაში’‘ ვწერდი, რომ ,,ყაზტრანსგაზთბილისში’‘, ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული ორი ბიზნესკლანის _ ხვიჩა მაქაცარიასა (შარანგიების კლანი) და ბეჟუაშვილების ინტერესი იკვეთებოდა. ეს არ იყო წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაცია ან ყვითელი ჭორი, რადგან ამ ამბავს საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე მივაკვლიე. 2018 წლის მდგომარეობით, შპს ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე (იმავდროულად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასაც ხელმძღვანელობდა), სპეციალური მმართველი კი გიგლა თამაზაშვილი იყო. კომპანიის 100%- იანი წილი ოფშორში, კერძოდ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულ შპს ,,ვოლთბეის’‘ ეკუთვნოდა. ცხადია, ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის შესახებ ვერაფერს შევიტყობდი, რადგან კანონით, აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, ასეთი უფლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურას აქვს. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შსს ან პროკურატურა საჭიროდ ჩათვლის, რომ ამა თუ იმ კომპანიის შესახებ, რომელიც ოფშორშია რეგისტრირებული, დეტალური ინფორმაცია მიიღოს, შესაბამის ოფშორულ ზონას მიმართავს და დოკუმენტაციას გამოითხოვს

,,მართალია, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებული შპს ,,ვოლთბეი’‘ ბევრს არაფერს გვეუბნება, მაგრამ სამაგიეროდ, საჯარო რეესტრში, ოფიციალურადაა რეგისტრირებული შპს ,,ვოლტბეი’‘. ყველაზე საინტერესო ამბავიც სწორედ აქედან იწყება. 2018 წლის 9 აგვისტოს, საჯარო რეესტრში, შპს ,,ვოლტბეი’‘ დარეგისტრირდა, რომლის დირექტორია საბერძნეთის მოქალაქე, მიხეილ მავრომატისი. ის ამავე კომპანიაში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. საჯარო რეესტრის 2018 წლის 25 დეკემბრის მონაცემებით, შპს ,,ვოლტბეის’‘ უკვე ორი გენერალური დირექტორი ჰყავს _ დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია. კომპანიის 50%-იანი წილი ისევ მიხეილ მავრომატისს, ხოლო მეორე 50% _ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის. სწორედ საჯარო რეესტრის ამ დოკუმენტებზე დაყრდნობითა და ,,ვერსიის’‘ ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა, უტყუარი ჭეშმარიტება არაა, ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ 100%-იანი წილის მფლობელი შპს ,,ვოლთბეი’‘ და რეესტრში მითითებული ,,ვოლტბეი’‘ ერთი და იგივეა. შესაბამისად, ,,ყაზტრანსგაზთბილისს’‘ ხვიჩა მაქაცარია და დავით ბეჟუაშვილი მართავენ’‘. 

რაც შეეხება ხვიჩა მაქაცარიასა და შარანგიების ინტერესებს, მათ შესახებ ,,ვერსიაში’‘ არაერთი სტატია გამოქვეყნდა. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როდესაც თბილისს გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა და ,,ყვითელი სამარშრუტო ტაქსების’‘ ტენდერი გამოაცხადა, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელიც რესტორნების ქსელის _ ,,ჯი ემ ჯი გრუპი’‘ მფლობელებს ეკუთვნოდა. სწორედ ეს იყო შარანგიებისა და მაქაცარიას ბიზნესი. სხვათა შორის, ,,მარშუტკების’‘ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაც იგივე მისამართზე იყო რეგისტრირებული, რომელზეც ამ ქსელში შემავალი ერთ-ერთი რესტორანი _ ,,შემოხედე, გენაცვალე’‘, თუმცა ,,ყვითელი მარშუტკების’‘ შემდეგ, ძმებმა შარანგიებმა და ხვიჩა მაქაცარიამ ხელში ,,კავკასუს ონლაინი’‘ ჩაიგდეს... 

,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ ,,ახალი’‘ მმართველი, 2019 წლის აგვისტოში გამოჩნდა. შარშან, აგვისტოში, ,,ყაზტრანსგაზთბილისის’‘ 100%-იანი წილი ოფშორში, კერძოდ, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა შპს ,,ვოლთბეიმ’‘ შეიძინა, ,,თბილისი ენერჯის’‘ გენერალური დირექტორად კი მამუკა კობახიძე დაინიშნა, რომელიც მანამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა... 

ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მილიარდერი ბეჟუაშვილის კომპანია ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’‘ დაინტერესებულია, როგორც ენერგეტიკით, ასევე, ბუნებრივი რესურსების მოპოვება-დამუშავებით, საშენ მასალათა წარმოებით, ლოგისტიკური მომსახურებით, დეველოპმენტით, მედიაბიზნესით, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესითაც კი, ვინაიდან ამ ჯგუფში შედის, როგორც „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, ასევე, „მტკვარი ენერჯი“ და „ნეოგაზი“. უფრო კონკრეტულად, ბეჟუაშვილების კუთვნილი ჰოლდინგი _ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’‘ ათამდე თბო და ჰიდროელექტროსადგურს აერთიანებს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 345 მეგავატია. 

ამავე ჯგუფში შედის „საქნახშირი“, რომელიც ტყიბულის ნახშირის მაღაროებს ამუშავებს. 

ბეჟუაშვილების კუთვნილი ჰოლდინგი, კომპანია „ინტერტრანსის“ საშუალებით, საქართველოს რკინიგზით შემოსული კონტეინერების განბაჟების პროცესსაც აკონტროლებს. სხვათა შორის, ,,ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა’‘, სს ,,ქართული ლუდის კომპანია’‘ და უძრავი ქონების კომპანია ,,ტიფლის სითიც’‘ ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის’‘ შვილობილი კომპანიებია. 

ბეჟუაშვილები სერიოზულ წილს ფლობენ საქართველოს ცემენტის, კირის, ღორღის, მშენებლობის, უძრავი ქონების, ტურიზმისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზრებზე. ბეჟუაშვილების კომპანია „გლობალტრანსმა“, ასეულობით მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერი მოიგო. 

2008 და 2012 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით, დავით ბეჟუაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი იყო. მანამდე, 1999 წელს _ მეხუთე მოწვევისა და 2004 წელს _ მეექვსე მოწვევის პარლამენტში, ბეჟუაშვილი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო სიით მოხვდა.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 16 Sep 2020 11:56:44 +0400
პური ძვირდება? http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6921-პური-ძვირდება.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6921-პური-ძვირდება.html

გვაქვს თუ არა ხორბლის საკმარისი მარაგი _ რას აცხადებენ ხელისუფლებაში

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1 აშშ დოლარის გაცვლითი კურსი უკვე 3.13 ლარია. მართალია, 10 სექტემბერს, სებ-მა 40 000 აშშ დოლარი გაყიდა, მაგრამ ამგვარი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავად, ლარი მაინც გაუფასურდა. პარალელურად, საერთაშორისო ბირჟებზე, რუსული ხორბალი გაძვირდა, არადა, საქართველო, დიდწილად, სწორედ რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული (მცირე რაოდენობით, ჩვენი ქვეყანა ხორბალს თავადაც აწარმოებს, ხოლო რუსეთის გარდა, ძირითადი სავაჭრო პარტნიორები ყაზახეთი, უკრაინა და აშშ-ია). სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ კორონავირუსი კვლავ მძვინვარებს, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია. მოკლედ, სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, ამიტომ უმთავრესი კითხვა, რაც საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ფენას ერთნაირად აწუხებს, ერთი შეხედვით, მარტივი და ბანალურია: _ აქვს თუ არა საქართველოს ხორბლის საკმარისი მარაგი და გაძვირდება თუ არა პური?

მართალია, გამოცდილი ფინანსისტები სავალუტო ბაზარზე ლარის კიდევ უფრო მკვეთრ ვარდნას არ პროგნოზირებენ, რასაც იმ არგუმენტით ამყარებენ, რომ ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ რესურსებს გამოიყენებს, მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს ამის არ სჯერათ. ცხადია, მათ სკეპტიციზმსაც აქვს რეალური საფუძველი _ რუსული ხორბლის გარდა, საქართველოში საწვავიც გაძვირდა. შესაბამისად, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას საკმაოდ მძიმედ მიიჩნევს. 

ამ ეტაპზე, პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ საზოგადოება მაინც შეშფოთებულია: ლარი უფასურდება, საწვავი _ ბენზინი და დიზელი, აგვისტოს შუა რიცხვებიდან, დაახლოებით, 5 თეთრით გაძვირდა, ხორბლის საერთაშორისო ფასმა მოიმატა და რაღა დარჩა? _ წყალი, გაზი და დენი იმისთვის, რომ პური გამოცხვეს! თუმცა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას, საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან სილაგავა აცხადებს, რომ სიტუაცია არცთუ საგანგაშოა: 

,,დიახ, გიდასტურებთ, რომ საერთაშორისო ბირჟებზე, რუსული ხორბალი გაძვირდა. ერთი-ორი თვის წინ, ტონა ხორბლის ფასი 203-208 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ახლა კი, ფოთში შემოტანილი ხორბალი 215 აშშ დოლარი ღირს, მაგრამ ეს მაინც არ ქმნის პანიკის საფუძველს და აგიხსნით, რატომ: პანდემიის პირველი ტალღის დროს, ხელისუფლებამ ქვეყანაში იმპორტირებული ხორბალი დაასუბსიდირა. მაშინ, 1 ტონა ხორბლის ფასი 250 დოლარი იყო, თუმცა როგორც გითხარით, სუბსიდირების გზით, სახელმწიფომ მისი ფასი დააზღვია და ქვეყანაში ხორბლის პირველი, გარდამავალი მარაგი 220 დოლარად შემოვიდა. მაღალი ფასით შემოსულმა მარაგმა კი იმ ხორბლის ფასი დააბალანსა, რომელიც მოგვიანებით, 207 დოლარად ანუ უფრო იაფად შემოვიდა და მივიღეთ ხორბლის საშუალო ფასი _ 215 აშშ დოლარის ფარგლებში. სხვათა შორის, ამ ფასით ახლაც ვხელმძღვანელობთ. დღეს პირიქით, დაბალი ფასით შემოსული ხორბალი, ახლა უკვე მაღალი ფასით შემოსულს დააბალანსებს, შესაბამისად, ფქვილი საგრძნობლად არ გაძვირდება. მაგალითად, დღეს, პურის ქარხნები ერთ ტომარა ფქვილს 48-51 ლარის ფარგლებში ყიდულობენ. ხორბლის ფასი რომც არ დაბალანსდეს და გაძვირებული შემოვიდეს, 1 ტომარა ფქვილის ფასი 51 ლარს მაინც არ ასცდება’‘. 

პარალელურად, საქართველოში მოქმედი, თითქმის ყველა ტელევიზიის ეკონომიკური პროფილის გადაცემას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გელა ხანიშვილი სტუმრობდა. აბსოლუტურად ყველა არხზე, მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ, ქვეყანას პრობლემა არ აქვს და არც პურის გაძვირება გვემუქრება: 

,,საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, საამისოდ, არც არსებული საფასო პოლიტიკა არ გვაძლევს არანაირ მიზეზს და ახლავე, აგიხსნით: აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომელსაც ცდილობენ ზოგჯერ პოლიტიკური ელფერიც შესძინონ, არასწორია, რადგან ეს არ არის ჩვენი არჩევანი პოლიტიკური ნიშნით. რუსული ხორბალი ყველაზე ხელმისაწვდომია, მისი იაფი ფასიდან გამომდინარე და ყველაზე ხარისხიანიცაა. ამას ადასტურებს ის მასშტაბური ტენდერები, რომლებიც მსოფლიოსა, თუ ევროპის ქვეყნებში, რუსული ხორბლის შესაძენად ცხადდება. რუსული ხორბლის ფასი ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა მკვეთრად გაზარდა, 10-12 დოლარით _ ტონაზე. რუსული ხორბლის ალტერნატივა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ გაცილებით ძვირია ჩვენთვის და ბიზნესს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, იმპორტით, სწორედ რუსული ხორბალი შემოაქვს. ჩვენ ვცადეთ ყაზახური ხორბლის ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა, მაგრამ მისი საწყისი ფასი რუსულ ხორბალზე მეტია, გარდა ამისა, ტრანსპორტირება მეტად ხარჯიანია, რადგან ტვირთი სამ ქვეყანაზე გადის. საქართველოში, მეწარმეს ერთადერთი, რეალური არჩევანი აქვს და ესაა რუსული ხორბალი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ბაზრის დივერსიფიცირებაზე ვმუშაობთ, თუკი ფასის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ეს სადმე შესაძლებელია. საქართველოში, დღეს, 150 ათას ტონამდე ხორბალი მოგვყავს, რაც ჩვენი მოხმარების 10%-15%-ია. გვაქვს პოტენციალი, რომ მივუახლოვდეთ და შესაძლოა გადავაჭარბოთ კიდეც 400-ათასტონიან ზღვარს. ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სათესლე მასალას შემოვიტანთ. უკვე ათწლეულებია, საქართველოში მასობრივად არ შემოსულა მაღალპროდუქტიული, საქართველოს ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული სათესლე მასალა. 

... როცა დამპყრობელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა გაქვს, რა თქმა უნდა, ხიფათი და რისკები ყოველთვის არსებობს. ფაქტობრივად, ქვეყანამ გამოგვიცხადა ომი, დაიპყრო ტერიტორიები და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. თუმცა ეკონომიკური ურთიერთობა უფრო დაცულია და 2008 წლის ომის მიუხედავად, ჩვენ რუსული ხორბლის მიღების პრობლემა არასდროს შეგვქმნია. მხოლოდ გაზაფხულზე, კორონავირუსის გამო დავდექით რისკის წინაშე, მაგრამ მთავრობამ შესაბამის ზომებს მიმართა და მოსახლეობისთვის არცერთი პროდუქტის მიწოდება არ შეფერხებულა, მათ შორის, არც ხორბლის. ფასის არაადეკვატური ზრდა რუსულბაზარზე, საქართველოს მთავრობამ დააკომპენსირა, რათა პური არ გაძვირებულიყო. 

... პურის ფასში ხორბლის ფასის წილი 30%-35%-ია და 10 აშშ დოლარით ხორბლის გაძვირებას, თეორიულად, პურის ფასის მხოლოდ 0.5 თეთრით მატება უნდა მოჰყვეს. ჩვენთვის, ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მდგრადობა მნიშვნელოვანია. დღეს გვაქვს 100-120 ათასი ტონა ხორბლის რეზერვი, ადგილობრივი ხორბლის გარეშე, რაც დაახლოებით, სამი თვის მარაგია. ეს ქმნის შესაძლებლობას, არ ვიყოთ დამოკიდებული ფასების მერყეობაზე. მინდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა, მაგრამ თუ მსგავსი საფრთხე მაინცდადგება, საქართველოს მთავრობა ფასის რეგულირებაში ისევ ჩაერევა!’‘

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 16 Sep 2020 11:56:27 +0400
რამდენ თეთრად ჩაიბარებენ 1 კილოგრამ „რქაწითელსა“ და „კახურ მწვანეს“ კომპანიები http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6916-რამდენ-თეთრად-ჩაიბარებენ-1-კილოგრამ-„რქაწითელსა“-და-„კახურ-მწვანეს“-კომპანიები.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6916-რამდენ-თეთრად-ჩაიბარებენ-1-კილოგრამ-„რქაწითელსა“-და-„კახურ-მწვანეს“-კომპანიები.html

ლევან მეხუზლა: „წელს, ჩაუბარებელი ერთი კილოგრამი ყურძენიც არ დარჩება!“

 

,,რთველი 2020’‘-ის ფარგლებში, კახეთში ყურძნის ადრეული ჯიშები იკრიფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში უკვე 9 ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის მწარმოებელი 164 კომპანიაა დარეგისტრირებული, ყურძნის გადამუშავების პროცესში კი ღვინის 36 საწარმოა ჩართული. 

წელს, კორონავირუსის პანდემიამ განსაკუთრებული საფრთხე შექმნა. მართალია, აქცენტი ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პირობებში მოყვანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე კეთდება, მაგრამ პანდემიამ სოფელიცა და ქალაქიც ერთნაირად დააზარალა. ყურძენი კი სახელმწიფო მნიშვნელობის განსაკუთრებულ პროდუქტად ითვლება, რადგან უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ საქართველო ღვინის აკვანია. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფო რთველის საკოორდინაციო შტაბს ქმნის, რომელსაც კორონავირუსის გამო, წელს სერიოზული საზრუნავი დაემატა. 

რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი მევენახეები, როგორ მიმდინარეობს ,,რთველი 2020’‘, რომელიც ტრადიციულად, კახეთიდან დაიწყო და რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო მევენახეების დასახმარებლად? _ ამ თემებზე ,,ვერსიას’‘ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ლევან მეხუზლა ესაუბრება:

_ ბატონო ლევან, რა ღონისძიებები იგეგმება ,,რთველი 2020’‘-ის ფარგლებში? 

_ წელს, წინა ორ წელთან შედარებით, ყველაზე მთავარი განსხვავება ის არის, რომ სამწუხაროდ, ისევ ყურძნის სუბსიდირება გვიწევს. მოგეხსენებათ, ორი წელი, დარგი სრულად იყო გამოსული სახელმწიფო სუბსიდირებიდან, მაგრამ პანდემიის გათვალისწინებით, რამაც იმოქმედა, როგორც ექსპორტზე, ისე ადგილობრივ გაყიდვებზე, ვინაიდან გაჩერდა ტურისტული ნაკადები, ყველაზე მოწყვლადი კი თეთრი ღვინოა, საჭირო გახადა თეთრი ყურძნის ჯიშების სუბსიდირება. შესაბამისად, მიმდინარე წელს, ჩOVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ,,რქაწითელისა’‘ და ,,კახური მწვანის’‘ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. 

_ რა ოდენობის სუბსიდიაზეა საუბარი და ზოგადად, რა ეღირება წელს 1 კგ. ყურძენი? 

_ სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1 000 ტონა ,,რქაწითელის’‘ ან ,,კახური მწვანის’‘ ჯიშის ყურძენს, ამასთან, თუ შესყიდულ 1 კგ. ყურძენში, ყურძნის ჩამბარებელს, არანაკლებ 0.80 ლარს გადაუხდის. 1 კგ. ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ. ,,რქაწითელსა’‘ და 1 კგ. ,,კახურ მწვანეზე’‘ _ 0.30 ლარი. 

_ სამწუხაროდ, პანდემიას სტიქიური უბედურებაც დაერთო, ივლისსა და აგვისტოში, წყალდიდობამ საგრძნობლად დააზარალა კახეთი და რაჭა, სადაც ,,ხვანჭკარას’‘ ჯიშებია გავრცელებული... 

_ თავისთავად ცხადია, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რაც შეეხება ,,ხვანჭკარას’‘, ჩვენდა სასიხარულოდ, მისი ჯიშები ამბროლაურში მოდის, სტიქიამ კი ონი დააზიანა. შესაბამისად, წელს, ,,ხვანჭკარას’‘ საკმაოდ კარგ და ხარისხიან მოსავალს ველოდებით. 

რაც შეეხება კახეთის იმ უბნებს, სადაც სეტყვაც იყო და ქარიშხალიც _ თელავსა და ნაფარეულში, სოფლის რწმუნებულებს შევხვდით და ვთხოვეთ, მიუხედავად დასეტყვილი მოსავლისა, მოსახლეობას გააგებინონ, რომ ყურძნის მოსავლელად, გარკვეული ღონისძიებები უნდა ჩაატარონ, რათა ყურძენი შედარებით მისაღებ კონდიციამდე მიიყვანონ. თავისთავად ცხადია, რომ წელს, არცერთ კილოგრამ ყურძენს არ დავტოვებთ ჩაუბარებელს და ეს ჩვენი მთავარი პირობაა! 

_ ღვინის ქარხნები თუ არიან მზად, რომ ჩაიბარონ ყურძენი მოსახლეობისგან და რა რაოდენობის ქარხანა დარეგისტრირდა უკვე? 

_ რთველის შტაბი 21 აგვისტოდან მუშაობს და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ, მათ შორის, ღვინის ქარხნებთან. ბოლო მონაცემებით, რაც ყოველდღიურად იცვლება, ღვინის 164 კომპანიაა რეგისტრირებული და უკვე 9 000 ტონამდე ყურძენია ჩაბარებულ-გადამუშავებული. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე, მუშავდება და იწურება ის ყურძენი, რომელიც განკუთვნილია ძირითადად, ცქრიალა ღვინის საწარმოებლად, ვინაიდან ცქრიალა ღვინოს, თავისი ტექნოლოგიიდან გამომდინარე, ნაკლებშაქრიანი ყურძენი სჭირდება. ამ ეტაპზე, საადრეო, ფრანგული ჯიშები იკრიფება _ ,,შარდონე’‘, ,,მუსკატი’‘ და ასე შემდეგ. 

ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია ქართული ღვინის ხარისხი, ამიტომ ფერმერებმა კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ ყურძნის შაქრიანობა, კონდიცია და სიმწიფე უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად. ძირითადად, მოსახლეობას გაცნობიერებული აქვს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ მოსავლის დაკრეფას ჩქარობენ. ესეც იმიტომ, რომ ბუნებრივი მოვლენების რისკები არსებობს, გარკვეულ სიფრთხილეს იჩენენ და ამიტომ ურჩევნიათ, ცოტა ადრე ჩააბარონ მოსავალი. ცხადია, ჩვენც კარგად გვესმის ეს, თუმცა მაინც მინდა ვთხოვო, გაითვალისწინონ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ვერ დაამზადებს ხარისხიან ღვინოს, ეს შემდგომ წლებზე უარყოფითად აისახება. საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან დიდი კონკურენციაა და მნიშვნელოვანია, ქართული ღვინო გამორჩეული ხარისხის იყოს, რაც არანაირად არ გამოვა, თუ ყურძენი შესაბამისი კონდიციისა და ხარისხის არ იქნება. 

აქედან გამომდინარე, კერძო კომპანიები მევენახეებისგან შედარებით მაღალშაქრიან ყურძენს ითხოვენ, რაც პირველ რიგში, მისი სიმწიფის განმსაზღვრელია. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ იმ ფართობებზე, სადაც ამა თუ იმ მიზეზების გამო, იქნება ეს, სტიქია ან შედარებით ნაკლები მზე, ბუნებრივ კლიმატურ პირობებს ვგულისხმობ და ვერ დაგროვდება შესაბამისი შაქრიანობის მოსავალი, სახელმწიფო და ქარხნები მაინც ჩაიბარებენ ამ ყურძენს, თუმცა აქაც გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ყურძენი გარკვეულ კონდიციამდე უნდა მივიდეს. ეს არის ჩვენი თხოვნა მოსახლეობის მიმართ. თქვენი გაზეთის საშუალებითაც მოვუწოდებ ფერმერებს, არ ინერვიულონ, რადგან წელს, ჩაუბარებელი ერთი კილოგრამი ყურძენიც არ დარჩება! 

* * * 

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში (ალაზნის ქ. #97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე _ 1501 შეუძლია.

მაია მიშელაძე

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 09 Sep 2020 12:02:50 +0400
სკანდალური დასკვნა _ რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა წყალდიდობით გამოწვეულ საგანგებო ღონისძიებებში http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6906-სკანდალური-დასკვნა-_-რა-დარღვევები-გამოავლინა-აუდიტმა-წყალდიდობით-გამოწვეულ-საგანგებო-ღონისძიებებში.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6906-სკანდალური-დასკვნა-_-რა-დარღვევები-გამოავლინა-აუდიტმა-წყალდიდობით-გამოწვეულ-საგანგებო-ღონისძიებებში.html

რატომ არ განახლებულა 2019 წლის შემდეგ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების სტრატეგია

ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში, წყალდიდობის გამო, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი სერიოზულად ზარალდება. სამწუხაროდ, ამ მხრივ, არც მიმდინარე წელი იყო გამონაკლისი. კორონაკრიზისით შექმნილ რამდენიმეთვიან პანდემიას, რასაც მთელ პლანეტაზე ცხოვრების ჩვეული რიტმის დაპაუზება მოჰყვა, ივლისში სეტყვა და წყალდიდობა დაერთო. სტიქიურმა უბედურებამ განსაკუთრებით რაჭა და კახეთი დააზიანა. სწორედ ამის გამო მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება, რომ პოსტპანდემიის პირობებში, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებებში სტიქიისგან დაზარალებული რეგიონების დახმარებაც გაეთვალისწინებინა. ,,ვერსია’‘ უკვე წერდა, რომ სახელმწიფო პროგრამის _ „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ახალი, დამატებითი პროგრამა გაჩნდება და ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, დახმარების სახით, სახელმწიფოსგან მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება. 

ამ პირობებში, განსაკუთრებით აქტუალურია სახელმწიფო აუდიტის მორიგი დასკვნა, რომელიც წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ანუ პრევენციისა და მზადყოფნის ეფექტიანობის ანგარიშს წარმოადგენს. 

აუდიტის ეს ანგარიში 2017, 2018 და 2019 წლებში მომხდარ წყალდიდობებსა და მათი გამოვლენა-პრევენციის ღონისძიებებს ეხება. ვნახოთ, რა ხარვეზები გამოავლინეს სახელმწიფო აუდიტორებმა, განსაკუთრებით პრევენციული ღონისძიებებისა და ბუნებრივი კატასტროფების მართვის ნაწილში.

ხარვეზები პრევენციულ ღონისძიებებში 

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 11 იანვარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში პირველად დამტკიცდა საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა, რომლითაც განისაზღვრა რისკის შემცირების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები და ეროვნული სტრატეგიის განხორციელების მექანიზმები. ამ დოკუმენტის მიზანია ერთიანი, მოქნილი და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება, რომელმაც კანონმდებლობით განსაზღვრულ უწყებათა ერთიანი ძალისხმევით და კოორდინირებული მუშაობით, ქვეყანაში ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება უნდა უზრუნველყოს. 

,,სტრატეგიის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-დამტკიცება ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, თუმცა მას გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები. კერძოდ, სტრატეგიაში წყალდიდობის საფრთხეების ზოგადი შეფასებაა გაკეთებული და აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით მაღალი რისკით გამოირჩევა იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და მცხეთა-მთიანეთის მდინარეთა აუზები, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რომელი მდინარეებია რისკიანი; რისკიან მდინარეებად მოხსენიებულია მტკვარი და ალაზანი, თუმცა ამ შემთხვევაშიც, კონკრეტული მონაკვეთებისა და რისკების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

გარდა ამისა, წყალდიდობის პრევენციული ღონისძიებების სახით, ტყის საფარის აღდგენა და სანაპირო ზონების ურბანიზაციის პროცესის დარეგულირების საკითხი სტრატეგიით გათვალისწინებული არ არის. არადა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, განვითარებული ქვეყნები ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. 

სტრატეგიის სამოქმედო გეგმა მოიცავს 25 პრიორიტეტულ სფეროს და 184 განსახორციელებელ ღონისძიებას, საიდანაც 32 მათგანი, წყალდიდობების პრევენციისთვისაა გათვალისწინებული. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ წყალდიდობების პრევენციაში ჩართულ უწყებებს შორის არ არის საკმარისი კოორდინაცია ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტულობის დასადგენად, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, საბიუჯეტო სახსრები იხარჯება ისეთი პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც სტრატეგიული დოკუმენტის სამოქმედო გეგმით გაუთვალისწინებელია, ხოლო პარალელურად, ამ გეგმით განსაზღვრული პროექტები სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ხორციელდება. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს, მაგრამ ისინი სამოქმედო გეგმაში არ გაუთვალისწინებიათ. 

,,გეგმაში არ არის დეტალურად იდენტიფიცირებული სტრატეგიაში გაცხადებული ამოცანების შესასრულებელი კონკრეტული აქტივობები, მოსალოდნელი შედეგები და შესრულების ინდიკატორები. მაგალითად, გეგმით განსაზღვრული ღონისძიებაა „კატასტროფის რისკის შემცირების საკითხებში რეგიონალურ/მუნიციპალურ დონეზე (ქალაქები) გადაწყვეტილების მიმღებთა ცნობიერების ამაღლება ტრენინგების, სემინარებისა და სწავლებების მეშვეობით“, თუმცა არ არის მითითებული, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში, როდის, რა სიხშირითა და რა რესურსებით უნდა ჩატარდეს აქტივობები, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მუნიციპალიტეტებში ჯერ კიდევ არ არსებობს რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები. მდინარეებზე – მტკვარი და ალაზანი, არ არის გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც სწორედ ეს მდინარეები სტრატეგიაში განსაზღვრულია, როგორც საფრთხის შემცველი’‘. 

აუდიტორების მტკიცებით, სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია რისკის შემცირების სტრატეგიასთან ერთად, მოვლენების ცვლილებებთან ერთად, დღემდე არ განახლებულა. არადა, 2019 წლის მეორე ნახევრიდან, უკვე დაიწყო კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დამტკიცებული შვიდწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მრავალი ღონისძიება იგეგმება, რასაც სამოქმედო გეგმაში სათანადო ცვლილებები სჭირდება. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2019 წლიდან, არ განახლებულა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, დამტკიცებულია მხოლოდ 2015-2018 წლების დოკუმენტი; რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი 2019 წელს არ განხორციელებულა; არ არის დანერგილი ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის დათვლის ერთგვაროვანი მეთოდოლოგია, რის გამოც მუნიციპალიტეტები განსხვავებულად ითვლიან შედეგებს, რაც საბოლოოდ, ხელს უშლის პრევენციული ღონისძიებების ეფექტიან დაგეგმვას. ამას კი, შესაძლოა, საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა მოჰყვეს; საგანგებო სიტუაციების დაფინანსების სისტემა არ ატარებს პროგრამული ბიუჯეტის შინაარსს; წყალდიდობის პრევენციისა და მზადყოფნისთვის გამოყოფილი სახსრები რამდენიმე უწყებაზეა გადანაწილებული; ფინანსური რესურსებისა და შესაბამისი განმახორციელებელი უწყებების სრულად იდენტიფიცირება შეუძლებელია რისკის შემცირების სტრატეგიის სამოქმედო გეგმაშიც. 

აუდიტის შედეგად ისიც გაირკვა, რომ რისკის შემცირების სტრატეგიულ დოკუმენტებში ტყის საფარის, განსაკუთრებით, ჭალის ტყეების მოვლა-აღდგენა, როგორც წყალდიდობის პრევენციული ღონისძიება, გათვალისწინებული არ არის. განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში ფიქსირდება ტყის ჭრის ფაქტები, რაც უკანონო ხასიათს ატარებს და ზრდის ბუნებრივი კატასტროფების ალბათობას! 

,,მაგალითად, წყალშემკრებ აუზებში, წყლის მართვის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ტყე, მისი საფარის შემცირება ზრდის ბუნებრივი კატასტროფების წარმოქნის ალბათობას. საქსტატის მონაცემებით, 2015-2018 წლებში გამოვლენილია 140 ათას კუბურ მეტრზე მეტი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები. მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს ჭალის ტყეების ჭრა. ამ გარემოების გათვალისწინებით, ტყითსარგებლობის წესის მიხედვით, მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და წყლის არხების გასწვრივ ნაპირიდან, 300 მეტრამდე სიგანის ტყის უბნები მიეკუთვნება განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე, არ შეიძლება განხორციელდეს კომერციული და სოციალური ჭრები!’‘ 

მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ჭარბი ურბანიზაცია მდინარეთა სანაპიროებზე. კ,ანონმდებლობით, სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონებში მშენებლობის ნებართვის გაცემისას, საჭიროა საავტომობილო გზების დეპარტამენტის დასკვნა, მაგრამ აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 2014- 2019 წლებში, დეპარტამენტმა ამ ტიპის მხოლოდ 7 განცხადება მიიღო და ფაქტობრივად, მდინარეთა ნაპირებში მშენებლობები მათი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. 

ხარვეზები ბუნებრივი კატასტროფის მართვის პროცესში 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ სუსტია კოორდინაცია და თანამშრომლობა სისტემის სხვადასხვა სუბიექტს შორის. ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით, უწყებების ორგანიზაციული ფუნქციები მკვეთრად გამიჯნული არაა, ასევე, არ არის დადგენილი მათ შორის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტი და პერიოდულობა. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, როდესაც ერთ-ერთი უწყების მიერ განხორციელებულმა მონიტორინგმა პრობლემა გამოავლინა, მაგრამ შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის სტანდარტის არარსებობის გამო, სხვა უწყებებმა საფრთხეზე რეაგირება დროულად ვერ უზრუნველყვეს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას. აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არის დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, შესაბამისად, ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტების მზადყოფნის დონე დაბალია. 

,,მაგალითად, აუდიტის პროცესში, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (მონაცემები უკვე მომხდარი წყალდიდობების შესახებ), საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგის ანგარიშებს (2017-2018 წლები) შეადარეს და გამოვლინდა, რომ მინიმუმ 37 შემთხვევაში, წყალდიდობა მოხდა ისეთ ადგილებზე, რომლებიც მონიტორინგის ანგარიშში არ ყოფილა ასახული, ხოლო 16 შემთხვევა, სადაც წყალდიდობა მოხდა – მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი იყო სტიქიამდეც, მაგრამ მათგან 10 ლოკაციაზე, შესაბამისი სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ დაუგეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის შედეგად, მათ პირველი კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული. დეპარტამენტის განმარტებით, არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, ყველაზე კრიტიკულ ლოკაციებს არჩევენ და შესაბამის ღონისძიებებს ანხორციელებენ. შედეგად, ამ მდინარეებზე განვითარებულ წყალდიდობებს გაცილებით მეტი ზარალი მოჰყვა, ვიდრე ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად ჩატარების შემთხვევაში მოჰყვებოდა’‘. 

აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კომუნიკაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, ისეთი შემთხვევებიც დაფიქსირდა, როდესაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ შეფასებული მნიშვნელოვანი რისკის მქონე მდინარეებზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტს მონიტორინგი არ განუხორციელებია და პრევენციული ღონისძიებები არ დაუგეგმავს, წყალდიდობას კი დიდი ზარალი მოჰყვა. მაგალითად, მდინარე ნენსკრაზე, სოფელ ჭუბერში, მონიტორინგი არ განხორციელებულა. 2018 წლის 5 ივლისს წყალდიდობა მოხდა, რამაც დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურული ობიექტები. ზარალის საკომპენსაციოდ, მთავრობის განკარგულებით, 530 765 ლარი გამოყვეს. 

აუდიტის დასკვნის მიხედვით, კოორდინაციის ნაკლოვანებებზე მიუთითებს შემდეგი ფაქტი: რისკის შემცირების სტრატეგიით განსაზღვრული სამოქმედო გეგმით, 4 წლის განმავლობაში, 10 მდინარეზეა დაგეგმილი ჩასატარებელი ნაპირდაცვითი და გაწმენდითი სამუშაოები, რომლის განმახორციელებელია საავტომობილო გზების დეპარტამენტი. თუმცა ობიექტების მოსაწყობად, სამოქმედო გეგმაში, წინაპირობების სახით, გათვალისწინებული იყო ტოპოგრაფიული და ჰიდრომეტრიული სამუშაოები, რაც სხვა უწყებებს (ძირითადად, გარემოს დაცვის სამინისტროს) ევალებოდა, მაგრამ ვერ იქნა უზრუნველყოფილი. შედეგად, პროექტების ძირითადი ნაწილი ჯერ არ განხორციელებულა. ამასთან, ის მდინარეები, რომელთა აუზში ჩასატარებელი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, უკვე გამოცხადებულია ტენდერები, სამოქმედო გეგმაში არ გაუთვალისწინებიათ. 

რაც მთავარია, მოსახლეობის ადრეული შეტყობინების სისტემებისთვის, შესაბამისი უწყებები თანამედროვე ტექნოლოგიებს, კერძოდ, ციფრულ რუკებსა და შMშ შეტყობინებებს არ იყენებენ. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ მიზნით, იქმნება სხვადასხვა პროდუქტი _ ვიდეოგაკვეთილები, მობილური აპლიკაცია, მაგრამ ისინი არაპოპულარულია და ვერ აღწევს საბოლოო მიზანს. ცნობიერების ამაღლების შესახებ არსებული ღონისძიებები არასაკმარისია, ხოლო მომხმარებლებისთვის მიწოდების მეთოდები _ არაეფექტური

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 02 Sep 2020 12:19:00 +0400
ვინ და რა დახმარებას მიიღებს სექტემბრიდან http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6895-ვინ-და-რა-დახმარებას-მიიღებს-სექტემბრიდან.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6895-ვინ-და-რა-დახმარებას-მიიღებს-სექტემბრიდან.html

რას გულისხმობს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპი

საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ღონისძიებები უკვე შეიმუშავა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მოსახლეობას კომუნალურ ხარჯებს ისევ სახელმწიფო დაუფარავს; 17 წლის ჩათვლით, თითოეული ბავშვი 200-ლარიან დახმარებას მიიღებს; თვითდასაქმებულები, რომლებმაც ვერ წარადგინეს სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე... მთავრობის გადაწყვეტილებითვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და თითოეული პაციენტის მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება. ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ცვლილება, ჯამში, საქართველოს 40 ათასამდე მოქალაქეს შეეხება. მეტიც, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ფარგლებში, დახმარებას ფერმერები და მეწარმეებიც მიიღებენ.

იმისთვის, რომ 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვებმა ფულადი დახმარება მიიღონ, სპეციალური პორტალი ჰტტპ://დახმარება.მოჰ.გოვ.გე ამოქმედდა. 200-ლარიანი დახმარება მას შემდეგ გაიცემა, რაც ბავშვის ერთ-ერთი მშობელი, ან კანონიერი წარმომადგენელი ელექტრონულ პორტალზე განაცხადს შეავსებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, დახმარებისთვის უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობებს; სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ლიბერთი ბანკის ფილიალებს. პორტალზე რეგისტრაცია 1 დეკემბრამდე გაგრძელდება, ხოლო დახმარების გაცემა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. 

ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაიგზავნება. გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო მონაცემებით, პორტალზე უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი ანუ 366 000 ოჯახი. 

„მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე თვეა, ყოველდღიური მუშაობა გვიწევს იმის გათვალისწინებით, რომ გლობალური პანდემია ისევე, როგორც ღრმა ეკონომიკური კრიზისი, ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს შემთხვევაში, პარალელურად მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, რომელიც ასევე, უმაღლესი ხარისხით უნდა ჩავატაროთ, რაც მთავრობისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და სოციალური დახმარება, განსაკუთრებით ბავშვების. მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ გამოცხადებული ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პროგრამა უკვე ამოქმედდა და დღეის მონაცემებით, უკვე დარეგისტრირებულია 600 868 ბავშვი, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში 366 000 ოჯახს. რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი ციფრებია, ეს არის ერთ-ერთი, ყველაზე სწორი სოციალური პროგრამა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში განვახორციელეთ და რომლის მიზანი გახლავთ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისა და მოზარდების მხარდაჭერა. განსაკუთრებით, ახლა, როდესაც სასწავლო წელი იწყება. ამ განცხადებების მიღება გაგრძელდება 1 დეკემბრამდე, ხოლო შესაბამისი დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რა თქმა უნდა, ეს დახმარება მივა ყველა იმ ოჯახამდე, ადამიანამდე, რომელიც თვლის, რომ მას ეს დახმარება სჭირდება და შესაბამის განაცხადს გააკეთებს’‘. 

როგორც აღვნიშნეთ, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება. შესაბამისად, მედიკამენტებზე გამოყოფილი წლიური ლიმიტი 8 000 ლარით იზრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტი, რაც ონკოლოგიურ პაციენტებს მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარონ. 

„სამწუხაროდ, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ პრობლემურია, განსაკუთრებით, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით. დღემდე, პრობლემა იყო მეოთხე ეტაპი, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე, სახსრების გაღება საკუთარი ჯიბიდან უწევდათ. დღეის მდგომარეობით, ეს პროგრამა 8 000 ლარით იზრდება, რაც ფაქტობრივად, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, მისცემს შესაძლებლობას, მკურნალობის სრული კურსი ყველანაირი ჯიბიდან გადასახდელების გარეშე ჩაიტაროს. სამწუხაროდ, დღეს, საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა’‘. 

რაც მთავარია, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მესამე ეტაპის ფარგლებში, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება. შესაბამისად, ოთხი თვის განმავლობაში _ ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში, დაფინანსებას მიიღებს ყველა ის ოჯახი, რომელიც 200 კვტ. საათამდე ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 80 000-მდე თვითდასაქმებული, რომელმაც ვერ წარადგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია, მაინც მიიღებს 300-ლარიან კომპენსაციას სექტემბრის დასაწყისამდე _ 170 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა ეს დახმარება უკვე მიიღო. 

150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ ნახევარი წლის _ 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური _ 1 125 ლარი, ხოლო 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დაუფინანსდებათ 1 წლის _ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულისა და 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური _ 2 250 ლარი. 

,,აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისიდან, სახელმწიფომ ორი მთავარი მიზანი დაისახა _ ზრუნვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, ასევე, ზრუნვა მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. პირველივე ეტაპზე, გადაუდებელი ღონისძიებების სახით, დაახლოებით 1 200 000 ოჯახს დაუფინანსდა სამი თვის კომუნალური გადასახადი, 600 000 მოქალაქეს გადაუვადდა კომერციული სესხების გადასახადი, ხოლო ტურიზმის სექტორის კომპანიებს გადაუვადდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი. ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპი მოიცავდა კონკრეტულ დახმარებებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისათვის, მათ შორის, 1 200-ლარიანი დახმარება მიიღეს მათ, ვინც დაკარგა სამსახური, 300-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო თვითდასაქმებულებისათვის, ასევე, კომპენსაციები (6 თვის განმავლობაში _ 100 ლარი ყოველთვიურად) მიიღო სხვადასხვა მოწყვლადმა ჯგუფმა, მათ შორის, შშმ პირებმა და შშმ ბავშვებმა, მრავალშვილიანმა ოჯახებმა. დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა სახის კომპენსაცია მიიღო 560 000-ზე მეტმა მოქალაქემ და კომპენსაციების გაცემა ჯერ კიდევ გრძელდება’‘. 

გახარიას თქმითვე, აქტიურად ხორციელდება მიზნობრივი მხარდაჭერის ანტიკრიზისული პროგრამები ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და დეველოპერულ სექტორებში, რაც ხელს უწყობს დარგების კრიზისიდან სწრაფად გამოსვლასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ასე, მაგალითად, მთავრობის გადაწყვეტილებით, პროგრამის _ ,,დანერგე მომავალი’‘ ფარგლებში, ახალი, დამატებითი პროგრამა გაჩნდება. ის შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა ვაზსაც შეეხება: 

„ივლისში, რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, რომ მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს პროგრამა არ ფარავდა ნერგებს, ფარავდა მიღებული მოსავლის დაკარგვის რისკს. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად, ბევრ ჩვენს ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი, დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, რათა აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად, რქაწითელი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება’‘. 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხებით დაიწყება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ახალი პროგრამა „სახელმწიფო _ შენი პარტნიორი’‘, რომლის პრეზენტაცია ამბროლაურში გაიმართა. ახალი პროგრამის ფარგლებში, რეგიონული მასშტაბით, უფრო ინტენსიურად გაიშლება სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები და თითოეული გლეხი, ადგილზე შეძლებს, როგორც სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებას, ასევე, ამ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც: 

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელიც მზადაა, გარკვეული რისკები აიღოს თავის თავზე და დაიწყოს მეწარმეობა, თავისი საქმე. აქამდე, ყველა ეს პროგრამა თავმოყრილი გვქონდა შესაბამის სამინისტროებში _ სოფლის მეურნეობაში, ეკონომიკის სამინისტროში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რეგიონიდან უხდებოდა თბილისში ჩამოსვლა, რათა ამ პროგრამებს გასცნობოდა და ბენეფიციარი გამხდარიყო. დღეს, იუსტიციის სამინისტროს დახმარებით, საქართველოს მასშტაბით, 80 საზოგადოებრივ ცენტრსა და იუსტიციის 24 სახლში, 100-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, მივიდეს და მიიღოს ზუსტად ის მომსახურება, რომელსაც მიიღებდა თბილისში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში. ეს არის უაღრესად სწორი გადაწყვეტილება, რომელიც სწრაფად განხორციელდა და გვაძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფოს მხარდაჭერის პროგრამები რეგიონის მასშტაბით გავშალოთ, რათა თითოეულ გლეხს მივცეთ საშუალება, საცხოვრებელ ადგილზე მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, გახდეს ამ პროგრამების მონაწილე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია’‘. 

პრემიერის თქმით, ახალი პროგრამის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოქალაქე გახდეს მეწარმე, რაც შეიძლება მეტი გლეხი გახდეს ფერმერი, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ გადაწყვიტოს და ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში: 

„ძალიან კარგად მესმის, რამხელა პასუხისმგებლობა და ფსიქოლოგიური სტრესია, როდესაც ადამიანი დაქირავებული სამსახურიდან იწყებს კერძო ბიზნესში გადასვლას, კერძო ინიციატივას, უნდა გახდეს მეწარმე და დგამს პირველ ნაბიჯებს. ეს უდიდესი პრობლემაა, რაც ფინანსურ პრობლემებს და ცოდნას უკავშირდება. სერიოზული ფსიქოლოგიური სტრესია და ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოქალაქეებს მივეხმაროთ ამ პირველი ნაბიჯის გადადგმაში. ეს პირველი ნაბიჯია, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს ეუბნება _ მომეხმარე და მზად ვარ, პასუხისმგებლობა ჩემს თავსა და ჩემს ოჯახზე ავიღო. თუ გაუმართლა და კარგი მეწარმე გამოდგა, შემდეგ ის უკვე პასუხისმგებლობას აიღებს მეზობელზე, მას დაასაქმებს და ძლიერი ოჯახი, ძლიერი რეგიონი, უკვე ძლიერი ქვეყანაა. მინდა იცოდეთ, რომ ის, რასაც 2012 წლიდან ვაკეთებთ, აბსოლუტურად გააზრებულია.

სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა, ჩვენ, ყველას შეგვიქმნას თანაბარი უფლებები და სამართლიანი პირობები, მოგვეხმაროს იქ, სადაც მას შეუძლია და შემდგომ უკვე თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები, მივეხმაროთ ჩვენს სოფლელებს, ჩვენს ქალაქელებს, დავასაქმოთ სხვა ადამიანები და ასე გავაძლიეროთ ქვეყანა’‘. 

პროექტის ფარგლებში გაერთიანებული ყველა სააგენტოსა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ელექტრონულ პორტალზე _ პროგრამს.გოვ.გე, სადაც მომხმარებელი შეძლებს, დისტანციურად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მისთვის საჭირო პროგრამის სარგებლის, კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ. 

* * * 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე’‘ ფარგლებში, ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. 21 აგვისტოს მონაცემებით, 145 000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 26 მილიონ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა ახლაც გრძელდება; უკვე 116 000- მდე ბენეფიციარმა მიიღო 30 000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 700 000 ლარამდე დაზოგეს. აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების ბოლო ვადაა 2020 წლის 31 დეკემბერი; სამელიორაციო მომსახურების 2020 წლის გადასახადისგან 19 873 აბონენტი გათავისუფლდა, დანაზოგმა 2 587 664 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, ფერმერებს სრულად ჩამოეწერათ 2020 წლამდე შპს „საქართველოს მელიორაციის’‘ მიმართ არსებული დავალიანება. 

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად იქცა და ფერმერების საჭიროებებზეა მორგებული: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. უკვე გაცემულია 1 842 აგროსესხი _ სესხის თანხა, ჯამურად, 33 მილიონ ლარს აჭარბებს; 15 აგვისტოს მონაცემებით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 16 000-ზე მეტს შეადგენს, დაზღვეულია 17 000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 155 მილიონ ლარს აღემატება; მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოვიდა 1 000-ზე მეტი განაცხადი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულების 50% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 26 Aug 2020 12:19:20 +0400
უსაფრთხოა თუ არა სასმელი წყალი _ რა წერია აუდიტის დასკვნაში http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6844-უსაფრთხოა-თუ-არა-სასმელი-წყალი-_-რა-წერია-აუდიტის-დასკვნაში.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6844-უსაფრთხოა-თუ-არა-სასმელი-წყალი-_-რა-წერია-აუდიტის-დასკვნაში.html

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აღმოჩენილი დარღვევები

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის’‘ აუდიტი გამოაქვეყნა. კომპანიის 2017-2018 წლების საქმიანობის შესწავლის შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი ხარვეზები და დარღვევები გამოავლინეს, მათ შორის, ბიუჯეტის ათვისებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში, სახელმწიფო შესყიდვებში, სასმელი წყლის ხარისხის კონტროლსა და დონორ კონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებშიც.

დარღვევები ბიუჯეტის ათვისებასა და ბიზნესგეგმაში 

სახელმწიფო აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს რეგიონებში, ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებების ქვეპროგრამის ფარგლებში, მთავრობის განკარგულებებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სრულად ვერ აითვისა. 2017 და 2018 წლების ბოლოს, აუთვისებელი თანხების ჯამი 14 243 474 ლარი იყო. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017 წელს, „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის“ 5 პროექტისათვის გამოყოფილი 28 444 310 ლარი, კომპანიამ საერთოდ ვერ აითვისა, რაც საინვესტიციო პროექტების არაჯეროვანი მართვის შედეგია. შესაბამისად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების სამიზნე მომხმარებლებს ოზურგეთში, ყვარელში, ხარაგაულში, ფასანაურში, გუდაურში, ფოთში, მარნეულსა და ბაკურიანში, თავდაპირველად დადგენილ ვადებში, გაუმჯობესებული კომუნალური მომსახურებები არ მიუღიათ. 

,,2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებული 6 სასესხო ხელშეკრულებით დამტკიცებული 477 533 244 აშშ დოლარის რესურსიდან, ათვისებულია მხოლოდ 217 173 863 აშშ დოლარი ანუ მთლიანი თანხის მხოლოდ 45%. ამასთან, პროექტების განხორციელების ვადების გახანგრძლივების შედეგად, ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი საკრედიტო რესურსების შემცირების ხარჯზე, პროექტებს პროცენტის სახით, დამატებით, სულ მცირე – 7 446 152 ლარი დაერიცხება. ზოგიერთ პროექტს, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის აუთვისებლობის საურავის სახით, 2 203 543 ლარი დაერიცხა’‘, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. 

საბოლოოდ, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და სამინისტროს აპარატის არასაკმარისი ქმედებების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტები თავდაპირველ ვადებში ვერ დასრულდა. ამასთან, მასშტაბური საკრედიტო რესურსების გამოყოფის პირობებში, სასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელების თავდაპირველი ვადების რამდენჯერმე გახანგრძლივების შედეგად, გაიზარდა საპროცენტო ხარჯები და ამ პროექტების ბენეფიციარების უმეტესმა ნაწილმა დროულად ვერ მიიღო გაუმჯობესებული ურბანული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელებით მომსახურება. შესაბამისად, ვერ იქნა მიღწეული ქვეპროგრამის ძირითადი მიზანი _ პროექტის ბენეფიციართა სოციალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. 

რაც შეეხება ბიზნესგეგმას, სახელმწიფო აუდიტების მტკიცებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში, მარეგულირებელი ნორმებით გათვალისწინებული კალკულაცია და სათანადო დოკუმენტირება არ ხორციელდება. ცალკეული მუხლების არასათანადო დაგეგმვის გამო, კომპანია საანგარიშგებო წელს, ცვლილებებს ხშირად ახორციელებს, რაც კომპანიის წარმომადგენელთა განმარტებით, პროექტების მასშტაბურობიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი ხარჯების სიხშირითა და მათ დასაფარად საკმარისი საოპერაციო შემოსავლების არარსებობითაა გამოწვეული. 

ამასთან, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებისა და შესაბამისი დანართების გათვალისწინებით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას არ აქვს წარდგენილი, როგორც 2013-2018 წლების აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, ასევე, ბიზნესგეგმის დასამტკიცებელად გათვალისწინებული სრული ინფორმაცია. 

ხარვეზები სასმელი წყლის ხარისხის კონტროლში 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, შემუშავებული არ არის სასმელი წყლის უსაფრთხოების გეგმები, რაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სასმელი წყლის ხარისხის შეფასების, სისტემის დაცვისა და მიწოდების პროცესის სრულყოფილი კონტროლის შესაძლებლობას მისცემდა. 

,,წყლის უსაფრთხოების გეგმების არარსებობა სისტემური ჩავარდნის რისკს ზრდის, ვინაიდან წინასწარ არ არის განსაზღვრული გაუთვალისწინებელ ვითარებაში წყლის ხარისხზე გავლენის მქონე მოვლენებზე (გვალვები, ძლიერი ნალექი ან წყალდიდობა) საპასუხო ღონისძიებები. შესაბამისად, კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხზე კონტროლი არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადოდ ორგანიზებულად და ყოვლისმომცველად. კომპანიის მიერ სასმელი წყლის კონტროლისა და მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზა არ შექმნილა, ასევე, არ არის უზრუნველყოფილი კონტროლის შედეგების პროაქტიული ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის. ამასთან, ერთიანი ინფორმაციის არარსებობა, ამ მონაცემების სრულყოფილ სტატისტიკურ დამუშავებასა და რისკების სათანადოდ შეფასებას ართულებს’‘. 

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ კომპანიის მიერ სასმელი წყლის ხარისხის კონტროლის პროცესი არ მიმდინარეობს რეგლამენტით გათვალისწინებული საკონტროლო მაჩვენებლების შესაბამისად. კერძოდ, კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, რეგლამენტით დადგენილი 50-ზე მეტი მაჩვენებლიდან, 5 მაჩვენებელზე ან არ კონტროლდება, ან შედეგები სათანადოდ არ დოკუმენტირდება; კომპანიის მიერ მიწოდებული სასმელი წყალი, 3 მაჩვენებელზე კონტროლდება რეგლამენტთან შეუსაბამო ნორმატივებით; კომპანიაში არ არის დამტკიცებული ინსტრუქცია წყლის ხარისხის გადახრების აღმოჩენის შემთხვევაში განსახორციელებელი პროცედურების შესახებ. 

,,კომპანიის სამუშაო პროგრამებში არ არის გაწერილი იდენტიფიცირებული პოტენციური საფრთხეები და შემოწმებათა საჭირო რაოდენობა რეგლამენტით გათვალისწინებული მაჩვენებლების მიხედვით, ასევე, სანიტარული დაცვის ზონებისა და რეზერვუარების მდგომარეობის შემოწმებების მიზნით, ადგილზე ვიზუალური ინსპექტირებები და მათი პერიოდულობა. შესაბამისად, სამუშაო პროგრამები არსებული სახით ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებას რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და არ ითვლება პასუხისმგებელი პირებისთვის ზუსტ საოპერაციო მონიტორინგის გეგმად. წყლის ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისა და ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმები არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარისად’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებით გამოვლენილი 16 შემთხვევიდან 15-ში, სააგენტოსა და კომპანიის შემოწმების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა; კომპანია სინჯებს არ ამოწმებს აკრედიტებულ ლაბორატორიებში. შესაბამისად, ეს გარემოება არ იძლევა კომპანიის მიერ განხორციელებული შემოწმებების შედეგების სანდოობაში დარწმუნების შესაძლებლობას; 16-დან 10 შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევა კომპანიის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა; სააგენტო მომხმარებლებს გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აცნობებს მხოლოდ მათი მოთხოვნით ჩატარებული კვლევების შემთხვევაში, სხვა დროს კი აბონენტების ინფორმირების რეკომენდაციას გასცემს წყლის მიმწოდებელ კომპანიებზე. 

სამწუხაროდ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა სახელმწიფო აუდიტორებს ვერ დაუსაბუთეს, იყო თუ არა მოსახლეობა ინფორმირებული ხარვეზებთან დაკავშირებით. მეტიც, აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ წყლის ხარისხთან დაკავშირებულ დარღვევებს სააგენტო კომპანიას საქმის კურსში არ აყენებდა, ხოლო რიგ შემთხვევაში, დაგვიანებით აცნობებდა. 

დარღვევები შემოსავლებსა და შესყიდვებში 

აბონენტების სულადობის ცვლილება შესაძლებელია კომპანიის მიერ განხორციელებული ინსპექტირების ან აბონენტების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, თუმცა სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017 და 2018 წლებში, ასეთი სახის ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ ერთხელ და შეეხო ქუთაისის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის სერვისცენტრებს. 

,,სულადობის შემცველ მონაცემებში ცვლილებების განხორციელება ძირითადად მინდობილია აბონენტებზე, რაც ზრდის კომპანიის ბაზაში უზუსტობების რისკს. ამ პრობლემის გარდა, დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს არასწორად არიცხავს გადასახადს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შერჩევით გადაამოწმა იურიდიულ პირებზე დარიცხვები, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ორ შემთხვევაში, აბონენტებს დარიცხული აქვთ ჯამურად 31 459 ლარით ნაკლები გადასახადი. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ კომპანია კარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს’‘. 

2017-2018 წლებში, კომპანიამ 535 515 047 ლარის ღირებულების 664 შესყიდვა განახორციელა, საიდანაც დონორების წესებით შესყიდვების მოცულობა 471 875 454 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით _ 63 639 593 ლარი იყო. 

აუდიტის ჯგუფმა შერჩევით შეისწავლა 83 ელექტრონული ტენდერი, რის შედეგადაც გამოვლინდა სხვადასხვა სახის ნაკლოვანება: ბაზრის კვლევა; გაცემული ავანსები; კონტრაქტორების მიერ ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი; კონტრაქტორებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები; საგარანტიო ვადები; ტენდერების ორგანიზება; არაერთგვაროვანი მიდგომები; პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება; ხელშეკრულების გაფორმება. 

,,უფრო ზუსტად, 49 შემთხვევაში, კომპანიას არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა პოტენციური მიმწოდებლებისგან ფასების გამოკითხვის, შესასყიდი საქონლის არსებული პოტენციური მიმწოდებლების განსაზღვრისა და მათი შესაძლებლობების შეფასების მიზნით. შესაბამისად, მინიმუმ, 55 მილიონი ლარის სავარაუდო ღირებულების შესყიდვა ბაზრის კვლევის გარეშე განხორციელდა, რაც ზრდის არაეკონომიური ხარჯვის რისკებს’‘. 

მეტიც, სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, კომპანიამ 20 გაცემული ავანსიდან 17 შემთხვევაში, რაც ჯამურად 6 058 657 ლარი იყო, აუდიტორებს სათანადო მტკიცებულება ვერ წარუდგინა; შემოწმებული 29 სამშენებლო შესყიდვიდან 10 შემთხვევაში, 17 837 421 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების შესყიდვებზე, კომპანიამ აუდიტორებს ვერ წარუდგინა შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და მოცულობების პერიოდული ინსპექტირების დასკვნები. ჯამურად 2 018 272 ლარის ღირებულების რვა კონტრაქტის შემთხვევაში, კომპანიამ ვერ უზრუნველყო სახელშეკრულებო უფლების გამოყენება საგარანტიო ვადის პერიოდში მისთვის მიყენებული შესაძლო ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 

,,გარდა ამისა, 993 385 ლარის ღირებულების ორ ტენდერში, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გამარტივებული ტენდერის ნაცვლად, შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით განეხორციელებინა, რასაც შესაძლოა, კონკურენცია გაეზარდა და კომპანიის სახსრები დაეზოგა.

ორ შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა ჯამური ღირებულება 8 283 450 ლარი იყო, კომპანიამ არ გამოიყენა კანონმდებლობით მოთხოვნილი ერთგვაროვანი მიდგომის პრინციპი და მსგავსი შესყიდვები მნიშვნელოვნად განსხვავებული პირობებით გამოაცხადა. მაგალითად, 8 000 000 ლარის ღირებულების შესყიდვაზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრა ექვსი თვე, როდესაც მსგავს შესყიდვებზე პრეტენდენტებს კომპანიის მხრიდან 18 თვე ეძლეოდათ. ამის გამო, შემცირდა კონკურენცია და სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკი გაიზარდა’‘. 

დარღვევები დონორ კონტრაქტორებთან 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, უცხოელ კონტრაქტორებთან ისეთ სამშენებლო ხელშეკრულებებს (და მათში ცვლილებებს) აფორმებდა, რომლებიც დავის გადაწყვეტის მექანიზმად ითვალისწინებდა საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენებას. სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ეს ხელშეკრულებები და ცვლილებების პროექტები, საქართველოს მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების, ასევე, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების წინასწარი შეფასების გარეშე ფორმდებოდა! 

,,კომპანია ხელშეკრულებებს აფორმებს ან ცვლილებები შეაქვს დადებითი სამართლებრივი ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში და სათანადოდ არ უზრუნველყოფს იმ ხელშეკრულებათა პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ’‘, _ ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში. 

უფრო კონკრეტულად, აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული 16 პროექტიდან 9 შემთხვევაში, პროექტების შესრულების ვადები მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა, რისი ძირითადი მიზეზებიც იყო: სამშენებლო ნებართვების დაგვიანებით აღება; ხარვეზი საპროექტო სამუშაოებში; ზედამხედველის რეკომენდაციების უგულებელყოფა; თავდაპირველად დაუგეგმავი ცვლილებები პროექტებში და მათი შეთანხმების გახანგრძლივება; კომპანიის მიერ წინასაექსპლოატაციო ტესტირებების არასათანადო დაგეგმვა; კონტრაქტორის არასათანადო მზაობა. 

,,პროექტის დასრულების ვადების გახანგრძლივებასთან ერთად, 8 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 30 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა, ხოლო ერთი პროექტის შემთხვევაში, დაახლოებით, 2 მილიონი აშშ დოლარით შემცირდა. შესაძლებელი იყო თუ არა აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინება დაგეგმვის ეტაპზე, კომპანიამ არგუმენტირებული განმარტება ვერ წარმოადგინა’‘. 

სახელმწიფო აუდიტორების მტკიცებით, 2017-2018 წლებში, საზედამხედველო კომპანიების მომსახურებაში გადახდილია 29 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა კომპანია სათანადოდ არ რეაგირებს საზედამხედველო კომპანიების მიერ პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშებზე, სადაც აღწერილ საკითხებს ოპერატიული გადაწყვეტა სჭირდება. მეტიც, კომპანიამ კონტრაქტორი 751 374 აშშ დოლარით დააჯარიმა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავების საბჭოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ჯარიმა გაბათილდა და კონტრაქტორისთვის პროექტის ვადის გახანგრძლივების გამო, პირიქით, კომპანიას 124 747 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა! 

,,აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ გასწია ზედმეტი ხარჯები. მაგალითად, მშენებლობის პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის დაყოვნების გამო, 210 288 აშშ დოლარი გადაიხადა; კონტრაქტორის ნაცვლად, მოსახლეობისათვის მიყენებული ზიანი _ 295 199 ლარი აანაზღაურა; ოფისის მშენებლობისთვის გამოუყენებელ პროექტში კი 97 665 ლარი გადაიხადა. ამასთან, კომპანია სათაო ოფისის მშენებლობის გახანგრძლივების გამო, იჯარის ყოველწლიური გადასახადის სახით, 1 მილიონ ლარზე მეტს იხდის’‘. 

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017-2018 წლებში, კომპანიას ძირითადი აქტივების ინვენტარიზაცია არ განუხორციელებია. შესაბამისად, არ არსებობს მტკიცებულება კომპანიის ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების სისრულისა და არსებობის შესახებ. ამასთან, მიმდინარე ინვენტარიზაციის შედეგად, კომპანია ინფორმაციას იღებს თავის საკუთრებაში არსებულ მხოლოდ მოქმედ ძირითად აქტივებზე. ამის გამო, ორგანიზაციის დაარსების დღიდან, სახელმწიფოს მიერ კომპანიის კაპიტალში შეტანილი უმოქმედო აქტივების დაკარგვის რისკი იზრდება; ბალანსზე არსებული ძირითადი აქტივების გარკვეული ნაწილი. კომპანიის საკუთრებად რეგისტრირებული არ არის; სამ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთები კომპანიამ დუბლირებულად და სხვადასხვა ღირებულებით აღრიცხა.

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 08 Jul 2020 11:26:09 +0400
რატომ ამკაცრებს მთავრობა კლინიკებისთვის ჯარიმებს http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6831-რატომ-ამკაცრებს-მთავრობა-კლინიკებისთვის-ჯარიმებს.html http://versia.ge/2013-07-31-11-22-56/item/6831-რატომ-ამკაცრებს-მთავრობა-კლინიკებისთვის-ჯარიმებს.html

საკანონმდებლო ცვლილებების ხმაურიანი განხილვა პარლამენტში

საქართველოში მოქმედი კლინიკებისთვის ჯარიმები მკაცრდება. მთავრობის ინიციატივით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება, ხოლო სამედიცინო გადაცდომებში დავებისა თუ სანქციების განხილვის პროცესში, სასამართლო ზედამხედველობის მოდელი ნაწილობრივ შეიცვლება. რაც მთავარია, ამ პროცესში სამინისტროს ფუნქციები იზრდება, მათ შორის, სანქციები მკაცრდება კლინიკების მიერ დოკუმენტების გაყალბების შემთხვევებზეც. გასულ კვირას, კანონპროექტი პარლამენტმა განიხილა და გარკვეული დათქმით, პირველი მოსმენით კენჭი უყარა.

24 ივნისიდან, საკანონმდებლო ორგანოს ორმა _ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, ასევე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს. ეს პაკეტი მოიცავს „ჯანმრთელობის დაცვის’‘ შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებს, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა’‘ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებებს. 

 

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა. განხილვას აზრთა სხვადასხვაობა და დეპუტატებს შორის კამათი მოჰყვა. 

მოვლენები კი ასე განვითარდა: საკუთარ მოხსენებაში, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, მაღალი რისკის შემცველი საქმიანობის მწარმოებელი სამედიცინო დაწესებულებების მიმართ, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილების გარკვეულწილად გაფართოებას უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ამ ცვლილებებით ზუსტდება ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობები ანგარიშვალდებულებასთან მიმართებაში, ასევე, იზრდება წლის განმავლობაში შემოწმების სიხშირე _ ერთიდან სამამდე. 

თამარ გაბუნიას თქმით, ჩნდება ჩანაწერი, რომ მარეგულირებელი უფლებამოსილია, შეაჩეროს კლინიკების ლიცენზიის მოქმედება, თუ აღმოჩნდა გადაცდომა დადგენილი მოთხოვნებიდან და შეუსაბამობა სანებართვო და სალიცენზიო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან. აქამდე, ამ ტიპის უფლებამოსილება მარეგულირებელს არ ჰქონდა. ძირითადად, პროცესი მიჰყვებოდა დაჯარიმების მექანიზმს და ხარვეზი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა აღმოუფხვრელი. 

„დღეს, მარეგულირებელს უფლება აქვს, რუტინულად შევიდეს ერთხელ და შეამოწმოს კლინიკა, ხოლო ჩვენი კანონპროექტით, ამის უფლება ექნება რუტინულად სამჯერ. რაც შეეხება საქმიანობის შეჩერების პროცედურას, მესმის, რომ აქ არის რისკები, რათა სუბიექტური შეფასება დაფიქსირდეს და რომლიმე ოფიცერმა, კანონით მინიჭებული უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს. რისკები ყოველთვის არსებობს, თუმცა აქ ძალიან მკაფიო ტექნიკურ საკითხებზეა საუბარი, აქ არ არის საუბარი სამედიცინო დოკუმენტაციის რევიზიაზე, ან ხარისხის კვლევაზე. აქ საუბარია, მაგალითად, არის თუ არა ხელის დასაბანი ნიჟარა შესაბამის ადგილებზე, ან მუშაობს თუ არა სტერილიზატორი... ძალიან სწორხაზოვანი მოთხოვნებია, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ შესაძლებელია, სერვისის უწყვეტობას შეექმნას რისკი, თუმცა პროცედურა გასაწერია და ამის გამოცდილება გვაქვს. პანდემიის დროს, გამოვლინდა ისეთი გარემოებები, როცა არ გვქონდა შეჩერების მექანიზმი, მაგრამ დადგა აუცილებლობა, როდესაც პაციენტები სასწრაფოდ უნდა გადაგვეყვანა სხვა დაწესებულებებში, რადგან კონკრეტულ დაწესებულებაში იქმნებოდა რისკი მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ანუ ეს მექანიზმი გამართვადი და განხორციელებადია იმგვარად, რომ მასზე ძალიან მკაფიო მონიტორინგი იყოს შესაძლებელი“, _ აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, ,,სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ’‘ კანონში ცვლილებები უკავშირდება მარეგულირებლის უფლებამოსილებას, რათა სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საჩივარზე პირდაპირი რეაგირების უფლება ჰქონდეს და ეს შემთხვევა დაუყოვნებლივ შეისწავლოს, თუ მას პაციენტი სამედიცინო მომსახურების სუბიექტთან მიმართებაში, საჩივრით მიმართავს. 

,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში’‘ ცვლილებები უკავშირდება საჯარიმო სანქციების ოდენობის გაზრდას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ პრაქტიკაში ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულება მარტივი, ფინანსური ანალიზის შედეგად იღებდა გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რა უფრო ნაკლებ ხარჯიანი იქნებოდა მისთვის _ ჯარიმის გადახდა თუ არსებული მნიშვნელოვანი კრიტიკული ხარვეზის აღმოფხვრა. 

შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მთელ რიგ შემთხვევებში, ჯარიმების ოდენობა გაორმაგებული, ან გასამმაგებულია. 

სწორედ ამ ორ კონკრეტულ ცვლილებას მოჰყვა დეპუტატების, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების უკმაყოფილება, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ პარლამენტში, ეს საკანონმდებლო პაკეტი დაჩქარებული წესით განსახილველად წარადგინეს. კამათიც სწორედ აქედან დაიწყო. 

ორივე კომიტეტის წევრთა აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მათ მეტი დრო ექნებოდათ, რათა ცვლილებათა პროექტს დეტალურად გასცნობოდნენ და გადაწყვეტილებაც ამის შემდეგ მიეღოთ. 

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ ცვლილებათა ამ პაკეტს გაცილებით ღრმა ანალიზი სჭირდება, ამიტომ კარგი იქნებოდა, დეპუტატებს უფრო მეტი დრო ჰქონოდათ: 

„ამ ცვლილებებით, ჯარიმების ზრდის დინამიკაა მოცემული და ფაქტია, რომ ამას აშკარად სჭირდება გარკვეული კორექტირება სასურველი შედეგის მისაღწევად, მაგრამ რატომ დაჩქარებული წესით? მესმის, რომ ეს კანონი ეხება ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას და მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა იყოს აღმოფხვრილი ყველა ხარვეზი, მაგრამ ასე, ნებისმიერი კანონი ემსახურება სწორედ ამ მიზანს და მაშინ, თითოეული მათგანი დაჩქარებული წესით განვიხილოთ!’‘ 

ჯარიმებთან დაკავშირებით, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ წლიური სტატისტიკის მიხედვით, 223 საჯარიმო სანქციიდან, რაც იყო გამოცემული, გარკვეული პროცენტი მეორეული და მესამეული დაჯარიმება იყო, რაც ნიშნავს, რომ კლინიკებისთვის ეს ჯარიმები არაფერს ნიშნავდა, რათა მარეგულირებლის მიერ დაფიქსირებული დარღვევა გამოესწორებინათ. 

ახლა ვნახოთ, რა ცვლილება იგეგმება კლინიკების დაჯარიმების ნაწილში. სამედიცინო საქმიანობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა _ გამოიწვევს დაჯარიმებას სანებართვო პირობების დარღვევის შესაბამისად, რასაც მოჰყვება კლინიკის დაჯარიმება არანაკლებ 15 000 ლარისა და არა უმეტეს 30 000 ლარისა. დღეს მოქმედი კანონით, ამ შემთხვევაში, მაქსიმალური სანქცია 10 000 ლარია; სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას სალიცენზიო პირობების დარღვევის შესაბამისად, რასაც მოჰყვება დაჯარიმება არანაკლებ 7 000 ლარისა და არა უმეტეს 15 000 ლარისა; სამედიცინო/საექიმო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების (თუ ეს არ არის ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობა) წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას არანაკლებ 1 000-დან 2 000 ლარამდე, დღეს მოქმედი კანონით, მაქსიმალური სანქცია 1 000 ლარია. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადენისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. 

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას, თამარ გაბუნიას თქმით, მართალია, ყველაფრის კორონავირუსთან დაკავშირება არ შეიძლება, მაგრამ COVID-19-ის ეპიდემიის დროს, კიდევ უფრო მწვავედ გამოვლინდა ის ხარვეზები, რაც მარეგულირებელს ჯანდაცვის სისტემაში აქვს. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა მეორე ტალღას ვერ გადაიტანს იმის გარეშე, თუ შესაფერისი მარეგულირებელი ჩარჩო და უფლებამოსილება არ გვექნება მარეგულირებელი სააგენტოსთვის, რათა ამ უკანასკნელმა სათანადო ღონისძიებები განახორციელოს. 

„ამის მაგალითია ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული ის ხარვეზები, რომლის შედეგი, საკმაოდ მაღალი დაინფიცირების სახით, სამედიცინო პერსონალში გამოვლინდა. გარდა ამისა, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა, რომელსაც დიდი ხანია, ხარისხის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა ამისთვის, ქმედითი ბერკეტი ძალიან შეზღუდული აქვს და წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ამ ბერკეტის ამოქმედება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, სამომავლოდ, როდესაც კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღისთვის ვემზადებით, ძალიან მწვავედ დაისვა მარეგულირებელი გარემოს გამკაცრების საკითხი, განსაკუთრებით ინფექციის კონტროლთან მიმართებაში’‘, _ დააზუსტა თამარ გაბუნიამ. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ცვლილება, რომლის საფუძველზეც, რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება. ამიერიდან, მარეგულირებელს უფლება ექნება, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე, კლინიკებიდან დოკუმენტაცია ამოიღოს. გაბუნიამ დეტალურად განმარტა, თუ რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ცვლილების აუცილებლობა. მომხსენებლის ინფორმაციით, სამწუხაროდ, ხშირი იყო მცდელობა სამედიცინო დოკუმენტაციის შეცვლისა, როდესაც სამედიცინო დაწესებულება ამას სასამართლო შეტყობინების მიღების შემდეგ ახდენდა. 

კამათი ამ ცვლილებასაც მოჰყვა. მაგალითად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია მიიჩნევს, რომ სასამართლოს განჩინების გარეშე, მარეგულირებელმა საჭირო დოკუმენტები ვერ უნდა ამოიღოს კლინიკიდან. მეტიც, კაკულიას მიაჩნია, რომ კანონპროექტში უნდა ჩაიდოს მექანიზმები, რათა კეთილშობილური მიზნებით დაწყებული რეგულირება, ვიღაცამ არაკეთილშობილური მიზნებისათვის არ გამოიყენოს. 24 ივნისს, ორივე კომიტეტის მოთხოვნით, კენჭისყრა მეორე დღისთვის გადაიდო. 

25 ივნისს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი. როგორც აღვნიშნეთ, რომან კაკულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ნორმა, რათა შემოწმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში აუცილებლად ჩაიდოს, ოღონდ ისე, რომ შესამოწმებელმა სუბიექტმა ამის შესახებ არ იცოდეს და მოულოდნელობის ეფექტი არ დაიკარგოს. ამგვარად, მისი თქმით, კონფიდენციალურობა იქნება დაცული, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩება, რათა მარეგულირებლის ობიექტზე შესვლას ინტერპრეტაციის საფუძველი გამოეცალოს. 

თამარ გაბუნიას განცხადებით, მთავარი ოპერატიულობის შესაძლებლობაა და თუ შემოთავაზებული მოდელის ფარგლებში, მარეგულირებელს ამგვარი შესაძლებლობა ექნება, ამ ვარიანტის განხილვა შეიძლება. 

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ამ დღეების დისკუსიის შედეგად, ფაქტობრივად, დღის წესრიგიდან მოიხსნა კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი და თუ მხარეები პრინციპულ საკითხებზეც შეჯერდებიან, დეტალებზე მეორე მოსმენის დროს იმსჯელებენ. 

საბოლოოდ, კომიტეტმა პირველი მოსმენით კენჭისყრაზე, ეს საკითხი ორი დათქმით დააყენა. კერძოდ, კომიტეტის შემოთავაზებაა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ობიექტზე შესვლის დროს, სასამართლოს ფაქტორი დარჩეს, ხოლო მეორე დათქმით, დაწესებულების საქმიანობის შეჩერება დასაბუთებული უნდა იყოს, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი ფაქტორებით ტექნიკური რეგლამენტიდან, რაც ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ან შესაძლოა, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას აუარესებდეს. 

სწორედ ამ დათქმებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

მაია მიშელაძე

 

]]>
versiaprinti@yahoo.com (super admin) ეკონომიკა Wed, 01 Jul 2020 14:33:19 +0400