Menu
RSS

სკანდალური ინფორმაციები „ნაციონალების“ კულუარებიდან

სააკაშვილის ლიდერობის სურვილი ოპოზიციას აზიანებს?

ქვეყანაში და, მათ შორის, ქართულ პოლიტიკაში, 90-იანი წლების მსგავსად, ახლაც მუქი ფერებია. უფრო სწორად, პოლიტიკურ კულუარებში ისეთი ამბები ხდება, რომ სახალხო პოეტი, ცხონებული ჯანსუღ ჩარკვიანი ცოცხალი რომ იყოს, ხელახლა იტყოდა, ვისი ვიოლინო ვის როიალშიაო (!). საერთოდ, „ერთი ადგილის“ თამაში ჩვენებური პოლიტიკისთვის უცხო ნამდვილად არაა და შესაბამისად, ისიც აღარ გვიკვირს, თუკი გუშინდელი მტრები დღეს „ფიცხვერცხლნაჭამი“ „ძმადნაფიცები“ ხდებიან, თუმცა ამ შემთხვევაში, ფიცი და ვერცხლიც ფულია, უფრო სწორად, დიდი ფული. ჰოდა, როგორც კულისებში ჩურჩულებენ, ყველაფერ იმის ბედი, რაც ახლა ქართულ პოლიტიკაში ხდება, ტრადიციულად, შესაძლოა, „მაყუთზე“ იყოს დამოკიდებული ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ რომელიმე მრისხანე ოპოზიციონერმა პოზიცია თითქოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მოტივით შეიცვალოს, მაგრამ სინამდვილეში, როგორც საქმეში ჩახედულები ამბობენ, ამ პოზიციის შეცვლის საფუძველი, სავარაუდოდ, „მწვანე“ გახდება.

მართალია, ამ ეტაპზე იმის მტკიცებულება, რომ რომელიმე „ანტიოცნებელი“ გაიყიდა ან უახლოეს მომავალში გაიყიდება, არ არსებობს, მაგრამ თანდათან აქტუალური ხდება მოსაზრება, რომ ოპოზიციამ ქუჩას თავი უნდა გაანებოს და „ოცნებასთან“ დიალოგი მაგიდასთან, ესე იგი, პარლამენტში დაიწყოს. შეიძლება, უცნაურად ჩანს, მაგრამ ეს იდეა თავდაპირველად _ არც მეტი, არც ნაკლები _ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გაახმოვანა. მოგვიანებით, ვაშაძე-უფროსმა „ჩააზუსტა“, მისი განცხადება რასაც გულისხმობდა და თითქოს პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ არსებობს ერთი „მაგრამ“. 

კერძოდ, ორშაბათს, 16 ნოემბერს, საინფორმაციო სააგენტო „ჰოთნიუსმა“ სკანდალური ექსკლუზივი გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე, ოპოზიცია „ლეიბორისტების“ ოფისში შეიკრიბა. შეხვედრა, ტრადიციულად, დახურული იყო, თუმცა „ჰოთნიუსმა“ კულუარებიდან საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა ანუ როგორც გავიგეთ, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი პარლამენტში შესაძლო შესვლა იყო. უფრო კონკრეტულად, კულუარული ინფორმაციით, ამ თემას პირდაპირ თუ ირიბად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა შეეხო. 

 

„ბოკუჩავამ, პრაქტიკულად, გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადების ხაზი გაატარა, რასაც დანარჩენი ოპოზიციონერებისგან უკმაყოფილო რეაქცია მოჰყვა“, _ ამბობენ კულუარებში. 

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „ჰოთნიუსმა“ თავად ბოკუჩავასთან სცადა. პოლიტიკოსმა ქალბატონმა ჩვენს ზარს ჯერ არ უპასუხა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: 

_ თინა, გამარჯობა... ერთი კითხვა გვაქვს... 

_ უკაცრავად, საჭესთან ვარ და საუბარი არ შემიძლია. 

_ რამდენ ხანში დაგირეკოთ? 

_ ვერ გეტყვით... ძალიან ბევრი ეთერები მაქვს. 

ვერ გეტყვით, ბოკუჩავამ ჩვენთან საუბარი რატომ არ ისურვა. შესაძლოა, მიხვდა, რაც უნდა გვეკითხა და კომენტარისგან თავი ამიტომაც შეიკავა. 

ამის შემდეგ, „ჰოთნიუსმა“ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ოპოზიციის დღევანდელი შეხვედრის სხვა მონაწილეებთან სცადა. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ დაგვიდასტურა, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე, პარლამენტში შესვლის მიზანშეწონილობაზე იყო საუბარი. 

რაც შეეხება „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიაჩიას, ის ამბობს, რომ „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა, მაგრამ მალევე დატოვა. 

_ იაგო, კულუარებიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ზემოხსენებულ შეხვედრაზე, თინა ბოკუჩავამ გრიგოლ ვაშაძის პირველი განცხადება, რომელშიც პარლამენტში შესვლაზე იყო მინიშნება, ისევ გაახმოვანა. 

_ თინა ბოკუჩავას გამოსვლა ჰქონდა და მის საუბარს დისკუსიაც მოჰყვა, მაგრამ სხვა რამეზე... 

* * * 

სხვათა შორის, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრამდე, დავით ბერძენიშვილმა, ცოტა არ იყოს, უცნაური სტატუსი გამოაქვეყნა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის პოზიციას, პრინციპში, ემთხვევა ანუ ბერძენიშვილმა დაწერა: 

„ბათუმის დღევანდელი მიტინგის მთავარი ჩავარდნა მომიტინგეთა სიმცირეა. 

გუშინდელი, დღევანდელი მიტინგები... ვვარაუდობ, რომ მომდევნოც კი უნდა აფიქრებდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მთავარ მიმღებს, რომ ყველაფრის მოსურნე ძალიან ახლოსაა არაფერთან. 

დასავლეთის შესაძლებლობები და განწყობები ადეკვატურადაა გამოსაყენებელი. მათაც თუ ყველაფერს მოვთხოვთ, მივიღებთ არაფერს. „თითქმის“ პროპორციულის მსგავსად, „თითქმის“ გადასარჩენ შედეგებზე ორიენტირებას ვგულშემატკივრობ“. 

ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რა ხდება იგივე „ნაცმოძრაობის“ კულუარებში“. 

* * * 

და მაინც, რა ხდება ე.წ. მთავარი ოპოზიციური ძალის კულუარებში? _ ამ თემაზე წყაროები, თანაც სანდო წყაროები „ვერსიას“ ერთობ საინტერესო ცნობებს აწვდიან. აი, მაგალითად, ჩვენი კონფიდენტები ამბობენ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში დიდი დაგნარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოფილი მმართველი პარტია რამდენიმე კლანადაა გაყოფილი. 

ზოგადად, „ნაციონალებისთვის“ კლანურობა, როგორც იტყვიან, მარადიული პრობლემაა ანუ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქვეყანას „ცეცხლითა და მახვილით“ მართავდნენ, ცნობილი იყო, რომ მიშას პარტიის სახეები, აი, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი და ძმები ახალაიები, ასევე, მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ. 

მერაბიშვილ-ოქრუაშვილის „ბათქი“ იმით დამთავრდა, რომ ამ უკანასკნელმა მაშინდელი სამთავრობო გუნდი დატოვა და, მეტიც, მიშას ოპოზიციაშიც ჩაუდგა. „ოქრომ“ „ნაცკარიერა“ როგორ დაამთავრა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით _ ჯერ დაიჭირეს, მერე კი, ციხიდან პირდაპირ პარიზში გაუშვეს. 

სხვათა შორის, მაშინაც გამოვიდა ხმა, რომ მთელ ამ „ოპერაციაში“ მთავარი ფაქტორი ფული იყო. ახლა, თავს ვერ დავდებთ, ეს ხმა სიმართლესთან ახლოსაა თუ არა, მაგრამ ჯერ ერთი, ხომ იცით, ცეცხლი უკვამლოდ არასოდეს ჩნდება. მეორეც, მგონი, მსოფლიოს პენიტენციალურ ისტორიას არ ახსოვს, რომ პატიმარი, რომელიც მძიმე დანაშაულშია ბრალდებული თუ მსჯავრდებული, საკნიდან თავად ხელისუფლებას, ესე იგი, კანონის დამცველ-აღმსრულებელს გამოეყვანოს და ლამის სპეცთვითმფრინავით ემიგრაციაში გაეგზავნოს, მაგრამ ეს ხომ ჩემი და თქვენი, ესე იგი, ჩვენი საქართველოა, ერთი მხრივ, ღვთისმშობლის წილხვედრი და მეორე მხრივ, ბედკრული ქვეყანა, ქვეყანა, რომელსაც შინაური თუ გარეული მტერ-მოყარენი დასაბამიდან ჯიჯგნიან და ინაწილებენ! 

მოკლედ, „ნაცმოძრაობის“ კლანურ დაპირისპირებაზე ვსაუბრობდით, უფრო ზუსტად, იმას ვამბობდით, მერაბიშვილ-ახალაიების ქიშპობამ სააკაშვილის გუნდი ჩიხში როგორ შეიყვანა. 

სხვათა შორის, დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ იგივე „ციხის კადრებმა“, სწორედ შიგნიდან გამოჟონა და ამ გამოჟონვის მიზანი ის იყო, რომ ახალაიები ჩაძირულიყვნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მხოლოდ ახალაიები ან მხოლოდ მერაბიშვილი კი არა, არამედ, მთელი მაშინდელი ხელისუფგლება ჩაიძირა და „ოცნება“ რვა წელია, იმასაც გვპირდება, რომ ნაციონალურ მოძრაობას რადარებიდან გააქრობს. ბედიის ირონიითა თუ პოლიტიკური დემონების ხლშეწყობით, ყოფილი მმართველი პარტია რადარებიდან კი არ ქრება, არამედ, პირიქით, სტაბილურ მხარდამჭერებს ინარჩუნებს. თუმცა 31 ოქტომბერს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, „ნაციონალებმა“, მინიმუმ, 100 ათასი ხმით ნაკლები მიიღეს, რასაც იგივე ოპოზიცია იმით ხსნის, რომ წელს ნაციონალურმა მოძრაობამ არენაზე ფალავნად ანუ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი გამოიყვანა. 

 

კი ბატონო, იმაზე არავინ დაობს და კამათობს, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის ფაქტორია, მაგრამ ისიც ცალსახად ნათელია, რომ „ოცნება“ საზოგადოებას სწორედ მიშათი აშინებს, აი, თუ მე აღარ ამირჩევ, იცოდე, მიშა მოვა და ყურებზე ხახვს დაგაჭრისო.

შეიძლება, ცოტა უცნაურია, მაგრამ მიშა, როგორც „ბუა“, ცალკეულ ადამიანებზე მუშაობს და იმის შიშით, ემანდ, მიშა მართლა არ მოვიდეს და ციხეებსა თუ ციხეებს გარეთ, ყაზილარი ვაჟკაცები ისევ არ გააუპატიურონო, ეს ადამიანები მიდიან და ხმას „ნაცების“ საწინააღმდეგოდ აძლევენ. 

ამ „ტრიუკის“ შესახებ, ვინ-ვინ და, ყველაზე უკეთ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, მიშა სწორედ მაშინ აქტიურდება, როცა ცალკე აღებულმა ნაციონალურმა მოძრაობამ თუ მთელმა ოპოზიციამ ერთგვარ წარმატებას უნდა მიაღწიოს. ამის გამო კი ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ძველებურად ცხოვრება აღარ უნდა, უკან იხევს. 

სწორედ ასე მოხდა, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, როცა ჯერ თბილისში, შემდეგ კი ბათუმში, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ მრავალრიცხოვან აქციაზე გამოჩნდა პლაკატი _ „მიშა, ჩამოდი!“ თბილისში არა, მაგრამ ბათუმში ეს პლაკატი იმის მიზეზი გახდა, რომ ელისაშვილის „მოქალაქეებმა“ და ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ აქტივისტებმა მიტინგი დატოვეს. 

ამასთან, არჩევნებამდე და არჩევნების მერე, სააკაშვილი მუდამ იმას უსვამს ხაზს, რომ თუ სთხოვენ, საქართველოში ჩამოვა. 

„გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ. ადამიანი იხრჩობოდაო და... ხომ იცით ეს, მე ყველაფერს გავაკეთებ... მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. შემომხედეთ კარგად, მე ვარ ბოლომდე, ბოლომდე, ბოლომდე წამსვლელი, მე ვარ ჩემი სიცოცხლის შემწირავი მაგ საქმეზე, მაგრამ თუ გინდათ, რომ უბრალოდ, სიცოცხლე კი არ გავწიროთ, არამედ, გავიმარჯვოთ, გაანძრიეთ ხელი. 

... მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს. ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. 

მე მზად ვარ ყველაფრისთვის და, მათ შორის, თავის შეწირვისთვის. 

თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ... 

მიტინგებზე მე თვითონ არ ვერთვები. არ მგონია, რომ ჩემი თემა უნდა იყოს მთავარი. ჩემი სამშობლო გიჟივით მენატრება, მაგრამ ჩემ პირად ემოციებზე მაღლა ვდგავარ. 

თქვენ ბოლომდე გაგძარცვეს, დედა გიტირეს და უნდა უპასუხოთ. ახლა თქვენი საკითხია და არა სააკაშვილის ან ნებისმიერი სხვა გვარის ადამიანის“, _ ეს არის ამონარიდები სააკაშვილის მიერ, ბოლო დროს, „ფეისბუქ-ლაივში“ გაკეთებული განცხდებებიდან. 

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააკაშვილით, მისი თანაგუნდელები დანარჩენ ოპოზიციას ერთგვარად ამუნათებენ. აი, მაგალითად, ტვ „პირველის“ ერთ-ერთ გადაცემაში, გია ბარამიძემ ისეთები „ჩაატარა“, რომ მხოლოდ გიგა ბოკერია კი არა, არამედ, ნინო ბურჯანაძეც მოიმდურა და ალეკო ელისაშვილიც. 

უფრო ადრე კი, სააკაშვილის თემაზე, „მთავარის“ ეთერში, ერთმანეთს ნიკა მელიამ და გუბაზ სანიკიძემ „დასცხეს“ (ამ ინციდენტზე „ვერსიამ“ თავის მკითხველს ვრცლად წინა ნომრებში მოუთხრო). 

სხვათა შორის, მელიასთან კონფლიქტის მერე, გუბაზ სანიკიძე ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ერთ მიტინგზეც არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, ის ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში არ მოქცეულა. 

ერთი სიტყვით, ნათელია, რომ სააკაშვილი ცდილობს, მთავარი ოპოზიციონერის სტატუსი ჩამოსვლა-არჩამოსვლის რიტორიკით შეინარჩინოს. ოპოზიციის სხვადასხვა ფრთის ლიდერი კი ამბობს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლას არავინ უშლის და თუ უნდა, ჩამოვიდეს. 

„სააკაშვილის თემა ისევ გახდა ოპოზიციის შიგნით საჯარო დაპირისპირების საგანი. სამი სახის პრეტენზია მესმის ჩვენ მიმართ. სამივე ეს ბრალდება ფაქტობრივ სიცრუეს ეყრდნობა და/ან მცდარი ანალიზის და სისულელის ნაზავია. 

1. „რა უფლებით ხართ წინააღმდეგი, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს საქართველოში/რატომ არ უჭერთ ამას მხარს?“ 

არანაირად არ ვართ მისი ჩამოსვლის წინააღდეგი. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მიდის თუ არა ამ რისკზე, რადგან სანამ ივანიშვილი ხელისუფლებაშია, მას, დიდი ალბათობით, დააკავებენ. სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ უსინდისო „ლეგენდებს“ ადრეც ავრცელებდა. თითქოს 2016 წელს, მე და ევროპული საქართველოს სხვა ლიდერებმა შევუშალეთ ხელი საქართველოში დაბრუნებულიყო, როცა თითქოს ის უკვე სარფთან იყო მოსული. 

ეს, სიცრუესთან ერთად, სრული სისულელეა. როგორ უნდა შეგვეშალა ხელი, თუ ის ამას მართლა გადაწყვეტდა? 

რა წამსაც არ უნდა დააკავონ სააკაშვილი, ჩვენ მას პოლიტიკურ პატიმრად ჩავთვლით. ზუსტად ისევე, როგორც სხვა, პოლიტიკური მოტივით დაკავებულებს, მიუხედავად იმისა, თუ რა აზრის ვართ მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. 

დაპირისპირებას ის ქმნის, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამ თემით ჩვენ მოგვმართავს, გვამუნათებს. ჩვენ გვაკისრებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ვერ ბრუნდება ან თვითონ აანონსებს დაბრუნებას, მერე ლანძღავს საკუთარ მომხრეებს, რომლებიც მის დაბრუნებას ელიან. 

ამ ყველაფრით ივანიშვილის პროპაგანდა კარგად სარგებლობს. მთლიან ოპოზიციურ მოძრაობას დასცინის. სრულ აბსურდად გადაიქცა ვითარება _ თავად ითხოვს, რომ მისი დაბრუნება მოითხოვონ და ვინც მოითხოვს, აგენტობას აბრალებს. 

2. „რა უფლებით „ღიზიანდებით“, როცა მისი მომხრეები მისი პერსონის საერთო ოპოზიციურ ლიდერად წარმოჩენას ცდილობენ _ სააკაშვილმა 27% მიიღო, თქვენ _ 3%“? 

სიმართლე ისაა, რომ ენმ-მ და მის გარშემო მყოფმა ჯგუფებმა არსებითად მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე _ დანარჩენმა ოპოზიციამ, მაგრამ შეფარდება 27/3-თან არაა. დანარჩენმა ოპოზიციამ, პატრიოტთა ალიანსისა და „ოცნების“ სატელიტების გამოკლებით, 17%-ამდე აიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანიპულირებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვებია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროპორცია რეალურ არჩევნებზეც მეტ-ნაკლებად ასეთი იქნებოდა. 

სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას აშკარა უპირატესობა აქვთ, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილი მნიშვნელოვანი ამომრჩევლისთვის ის არ არის და არ იქნება ლიდერი. 

ყველა ჯერზე, როდესაც სააკაშვილის გარემოცვა საპროტესტო ელექტორატის 1/3 -ზე მეტისთვის სააკაშვილის ლიდერად, ამა თუ იმ ფორმით, თავს მოხვევას შეეცდება, ადეკვატურ, ნეგატიურ საჯარო რეაქციას მიიღებს. 

ამიტომ თუ ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანობა გვინდა, მისი ლიდერობის საკითხის დასმა, პრაგმატულად და პრინციპულად, ამისთვის საზიანო ნაბიჯია. 

3. „რადგან ერთიან პროტესტში მონაწილეობთ და ნაციონალებთან ერთად, ერთ მიტინგზე დგახართ, მაშინ თქვენ ლიდერადაც აღიქმება და შეეგუეთ ამას“. 

ევროპულ საქართველოს და მე არ მოგვრიდებია და არ გვერიდება არცერთ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილთან დაპირისპირება. არც _ ადრე და არც _ ახლა. 

ამავე დროს, იმაში, რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად დაწერილი რიცხვები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და რომ ამასთან შეგუება ქვეყნისთვის დამღუპველია, რატომ და როგორ უნდა გავემიჯნოთ. ეს ჩვენი გულწრფელი პოზიციაა. 

მოკლედ რომ შევაჯამო, ვისაც ქვეყნისთვის დიდი საფრთხის აცილება და ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება სურს, სააკაშვილის პერსონას თავი უნდა დაანებოს და კონცენტრირდეს მშვიდობიან პროტესტზე აქ, საქართველოში“, _ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში სააკაშვილის თემას ევროპული საქართველოს ლიდერი, გოგა ბოკერია. 

ისე, არჩევნების შემდეგ, როცა ოპოზიციამ თქვა, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, კულუარებში ითქვა, რომ ხელისუფლება „ევროსაქების“ გადაბირებას მოახერხებდა, თუმცა როგორც ახლა იკვეთება, ბოკერიას ხალხი კატეგორული წინააღმდეგია, რომ ოპოზიციამ უკან დაიხიოს და პარლამენტში შევიდეს. 

როგორც „ვერსიას“ უყვებიან, ევროპულ საქართველოში ბოიკოტის ყველაზე აქტიური ლობისტი თავად ბოკერიაა, რაც ლოგიკურად ახსნადია: ვთქვათ, ევროპულმა საქართველომ პარლამენტში შესვლაზე თანხმობა თქვა, მაგრამ ვინ უნდა შევიდეს ამ პარტიიდან საკანონმდებლო ორგანოში? _ ნინო გოგუაძე, შალვა შავგულიძე... ეს ადამიანები არ არიან ბოკერიას ძირძველი მხარდამჭერები. ელენე ხოშტარია კი, როგორც ამბობენ, წკიპზეა ანუ მას იგივე თამარ ჩერგოლეიშვილთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს და თუ არჩევანი ასე დადგება _ პარლამენტი ან პარტიის დატოვება, როგორც ჩვენი წყაროები ვარაუდობენ, ხოშტარიამ გადაწყვეტლება, შესაძლოა, მეორე არჩევანის სასარგებლოდ მიიღოს, ესე იგი, პარტია დატოვოს. 

ჩვენში დარჩეს და, სწორედ მიშას ფაქტორის გამო, გარკვეულ ცვლილებებს ელოდებიან ნაციონალურ მოძრაობაშიც, კერძოდ, ხმა დადის იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში, პარტია შესაძლოა, რამდენიმე ცნობილმა სახემ დატოვოს. მართალია, შესაძლო წამსვლელების ვინაობა არ კონკრეტდება, მაგრამ ყველამ იცის, რომ მელიას თავისი გუნდი ჰყავს პარტიაში, ასევე, ცალკე ფრთააა მერაბიშვილი და დავით კირკიტაძე, გრიგოლ ვაშაძეს კი საკუთარი დაჯგუფება ჰყოლია, რომლის წევრებიც, თურმე, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კიდევ რამდენიმე სუბიექტია. 

ისე, ალბათ, გახსოვთ, არჩევნების წინა დღეებში, სამადაშვილის საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც ის თანაგუნდელებს არაკორექტულად მოიხსენიებდა ანუ მოარული ხმა, რომ „ნაცებში“ დიდი „აბრაკადაბრაა“, მაინცდამაინც უსაფუძვლო არ უნდა იყოს. ამასთან, იმასაც ამბობენ, ნაციონალურ მოძრაობაში, სწორედ ვაშაძის დაჯგუფებაა პარლამენტში შესვლის მომხრეო. 

ერთი სიტყვით, ჭორ-მართალი ერთმანეთშია არეული და სწორედ ამ დროს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ჩამოდის. ყველა, ვინც პოლიტიკურ ალგორითმში ერკვევა, ხვდება, რომ პომპეოს ვიზიტის უმთავრესი მიზანი სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარებაა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პომპეო საქართველოს შიდა პოლიტიკით ყასიდად მაინც დაინტერესდება. 

რა მოჰყვება ამ დაინტერესებას? _ ამის თქმა ჯერ ნაადრევია. ასევე, ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ როგორ დამთავრდება პოლიტიკური კრიზისი, თუმცა ერთი ნათელია: თუ ოპოზიციიდან ერთი ადამიანი მაინც (ეს ადამიანი შეიძლება, „ნაცმოძრაობის“ რომელი წევრიც იყოს) პარლამენტში შევა, მას დანარჩენი ოპოზიციონერებიც სულ პანტა-პუნტით მიჰყვებიან, თუმცა ერთადერთი, ვინც ამაზე არ წავა, ანალიტიკოსების შეფასებით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამ ბლოკის ლიდერები _ გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი ღიადაც ამბობენ, რომ რაც უნდა მოხდეს, პარლამენტში არ შევლენ, რადგან ეს გაყალბებულ-მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია იქნება! 

მოკლედ, მივყვეთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ, რა და როგორ მოხდება...

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში