Menu
RSS

ახალი არჩევნები 2021 წლის შემოდგომაზე, ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდება?

ხათუნა ლაგაზიძე: “აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პარტნიორად „ოცნების“ საპირწონე ოპოზიცია ჰყავდეს!“

საქართველოში პოლიტიკური კრიზისია _ ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და ახალ არჩევნებს ითხოვს. ხელისუფლება კი უკან არ იხევს და ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. ყველაფერ ამის გამო, პროცესები ისევ ქუჩაშია და აქცია-აქციაზე იმართება. სწორედ ამ დროს, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ჩამოდის. ბევრი მიიჩნევს, რომ პომპეოს ვიზიტმა, შესაძლოა, საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ არსებული ჩიხური ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ახალი არჩევნებია:

_ ორივე მხარე იმისთვის მოქმედებს, რომ უნდა, შედეგზე გავიდეს ანუ „ქართული ოცნება“ დღევანდელი სტატუს-კვოს შენარჩუნებას იმ თვალსაზრისით ცდილობს, რომ ის პროცენტი დარჩეს, რაც არჩევნებზე მიიღო და უმრავლესობა კოალიციის გარეშე დააკომპლექტოს, თან დემოკრატიული „ფერუმარილის“ შენარჩუნებაც სურს. ამ დემოკრატიული „მაკიაჟისთვის“ კი მრავალპარტიული პარლამენტი სჭირდება. როდესაც დღის წესრიგში იმ კანონების მიღება დადგება, რომელთაც ხმათა 2/3 სჭირდება (ორგანული კანონები), დაინახავს, რომ საკმარისი ხმები არ აქვს, რაც პარლამენტის პარალიზებას გამოიწვევს. ყველა კვლევა, მათ შორის, „მთავარის“ ეგზიტპოლიც, „ოცნებას“ 41%-ს აკუთვნებდა. სხვადასხვა პარტიის კვლევის მიხედვითაც, რომელზეც წვდომა მქონდა, „ქართული ოცნების“ შედეგი 38-40%-ის ფარგლებში მერყეობდა ანუ ხელისუფლებას შეეძლო, დაუყვედრებელი 40-41% აეღო და ამას პროტესტიც არ მოჰყვებოდა, მაგრამ „ქართულ ოცნებას“ შეეშინდა, რომ 41%-ის გამოცხადება პირველ ტურში ოპოზიციას გააერთიანებდა და მეორე ტურში ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებისთვის სითამამეს მისცემდა, რაც „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნის შანსს დააკარგვინებდა. როგორც ჩანს, გაყალბებაზე ამიტომაც წავიდა, რამაც ძალიან მძიმე პროცესები გამოიწვია. 

_ გაყალბება გასაგებია, მაგრამ ოპოზიციას რა ამოძრავებს, ბოიკოტის ნიშნად, პარლამენტში რომ არ შედის? 

_ ოპოზიცია ხმების გადათვლაზე არ საუბრობს. ოპოზიციის მიზანი, ერთი მხრივ, ისაა, რომ თავისი გაიტანოს და მეორე მხრივ, დასავლეთთან სახე შეინარჩუნოს ანუ ამ შემთხვევაში, ორივე მხარეს დასავლეთის მიმართ თავმოწონება აერთიანებს. 

რადგან ხმების გადათვლის თემა დაიხურა, რჩება ორი ვერსია _ ან ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ან _ რიგგარეშე, რაც პრინციპულად სხვადასხვა რამეა. 

ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, უქმდება, ესე იგი, ბათილდება ჩატარებული არჩევნების შედეგები. ეს კი იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა და ეს „ოცნებისთვის“ მეორე დარტყმა იქნება. 

_ ისე, ზოგი იმასაც ამბობს, ეს ხელისუფლების მხრიდან კაპიტულაციის გამოცხადება იქნებაო... 

_ ერთია კაპიტულაცია და მეორეა, რომ შენი ხელით აღიარებ არჩევნების გაყალბებას. ამისგან თავის არიდების საშუალება რიგგარეშე არჩევნებია, რომელიც იმას ნიშნავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი იწყებს მუშაობას. 

_ როგორ? 

_ ეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს. 

_ რიგგარეშე არჩევნები რა შემთხვევაში ინიშნება? 

_ კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში, როცა დგება პოლიტიკური კრიზისი, რომლის დროსაც პრეზიდენტი პარლამენტს ითხოვს და არჩევნებს ნიშნავს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს კრიზისი უნდა შეიქმნას ხელოვნურად ან თუ ოპოზიცია შევა პარლამენტში, მაშინ კონსტიტუციაში უნდა იყოს მიღებული ცვლილება, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე არჩევნები ადგილობრივთან ერთად ჩატარდება. ოპოზიცია ვადებშიც ძალიან რადიკალურია და არჩევნებს გაზაფხულზევე ითხოვს. არადა, ოპოზიციის მხრიდან დათმობის საგანი, შეიძლება, ვადაც იყოს. 

_ რატომ? 

_ ორი მიზეზის გამო: პირველი, ასეთ შემთხვევაში, ორმაგდება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფინანსები. მარტივი ხომ არაა, მაისსა და მერე ოქტომბერში არჩევნების ჩატარება? ფინანსური მხარის გარდა, ამ გაგანია პანდემიის დროს, სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარება მაინც ვერ მოხერხდება და ოპოზიციამ ამაზეც უნდა იფიქროს. ასევე, იმაზეც უნდა იფიქროს, თუ რა შედეგს დადებს მომავალ რიგგარეშე არჩევნებზე, რადგან ცალსახად არაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხმას აღარ მისცემენ. „ოცნება“ იმავე კამპანიას აწარმოებს _ არიქა, მოდის „ნაციონალური“ რევანში, ყველა ჩემს გარშემო შეიკარითო. მოკლედ, ვინმეს შეუძლია დაბეჯითებით გამორიცხოს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის რეალობა განმეორდეს?! 

ამიტომ, ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე არსებული დრო საკუთარი შეცდომების გასააზრებლად, გამოსასწორებლად და ხალხთან სამუშაოდ გამოიყენოს. 

განსაკუთრებული აქცენტი პატარა პარტიებზე მაქვს. 

_ რატომ? 

_ როგორ გინდათ, დღეში 3000 ინფიცირებულის დროს, როცა ხალხი ექიმს ვერ უკავშირდება, საარჩევნო კამპანია აწარმოო? აგიტატორებიც და პარტიის წევრებიც ხომ ჩვენი საზოგადოების წევრები და კოვიდინფექციის მიმართ მოწყვლადები არიან? ამიტომ, გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია _ ხელისუფლება ერთ წელში ხელახალ არჩევნებზე მიდის და ეს ოპოზიციისთვის ძალიან დიდი მოგებაა. ამით ხელისუფლება ინარჩუნებს სახეს, არ უწევს არჩევნების ბათილად გამოცხადება და ინარჩუნებს რაციონალურ, დემოკრატიულ „მაკიაჟს“. 

ეს კომპრომისი ოპოზიციას საშუალებას მისცემს, იძახოს, გავიმარჯვეო. ხელისუფლებამ კი თქვას, აი, ისეთი დემოკრატიული ვარ, რომ ამხელა დათმობაზე წავედიო. 

ოპოზიციას სოლიდური იმიჯი დასავლეთთანაც სჭირდება, რადგან დასავლეთს აქ სერიოზული პარტნიორი უნდა, მაგრამ ოპოზიციას ეშინია, რომ ხელისუფლებამ ისევე არ „გადააგდოს,“ როგორც პროპორციული არჩევნების მიღების დროს მოხდა და ეს შიში სრულიად ლეგიტიმურია, ამიტომ დამატებითი მექანიზმებია საჭირო. 

_ კერძოდ? 

_ მაგალითად, პირობა, რომ პარლამენტში შესვლისთანავე დაიწყებენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას, რომელიც 2021-ის შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებსაც უზრუნველყოფს და ამ ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს ისევ დატოვებენ და ა.შ. 

მოკლედ, დათმობა ორმხრივია და თუ ხელისუფლება თმობს, ოპოზიციამაც რაღაც უნდა დათმოს. 

_ ქალბატონო ხათუნა, როგორ ფიქრობთ, ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს? არსებობს ინფორმაცია, რომ ოპოზიციაში ბოიკოტს არაერთი ლიდერი ეწინააღმდეგება და ამ საკითხზე განხეთქილება ღიადაც ჩანს. 

_ ჯერ ერთი, ოპოზიცია რომ გაიხლიჩოს, ყველა სახეს დაკარგავს. 

_ ვინ „ყველა“? 

_ ის, ვინც შევა პარლამენტში და „გამოევაჭრება“ ხელისუფლებას და ისიც, ვინც არ შევა პარლამენტში და ვერ შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას. 

მოკლედ, გახლეჩვის შემთხვევაში, ოპოზიცია მარგინალიზაციას ვერ ასცდება, მაგრამ მარგინალიზაციის შესაძლებლობა ერთიანობის პირობებშიცაა, თუ მიზნის მიღწევის კონტურები არ გამოჩნდა. 

_ რას გულისხმობთ? 

_ იმას, რომ ხელისუფლება ვერ წამოიყვანოს დათმობაზე, რადგან ხალხი გარეთ ვეღარ გამოვა. 

_ ხალხი გარეთ პანდემიის გამო ვეღარ გამოვა, თუ მოახლოებული ზამთრის? 

_ დიახ, პანდემიის გამო... ზამთარი ისეთი ხელშემშლელი ფაქტორი არაა. ბელორუსის მაგალითი რატომ არ გამოგვადგება, იცით? _ იქ ეროვნული მოძრაობა, პრაქტიკულად, ახლა იწყება და ამიტომაც არ იღლებიან ყოველ კვირას გარეთ გამოსვლით, ჩვენ კი ამ ენერგიისგან დაცლილები ვართ. ბელორუსში სხვადასხვა ხელისუფლებებისგან იმედგაცრუება არ უნახავთ, ჩვენთან კი სწორედ ამისგანაა ხალხი გადაღლილი, ამიტომაც ხანგრძლივი პროტესტის მობილიზება, ახლა, შეიძლება, გართულდეს. შესაბამისად, ოპოზიცია უნდა ეცადოს, მოკლე ვადაში ერთიანობა შეინარჩუნოს, დასავლეთს სოლიდური იმიჯი აჩვენოს და სანამ პროტესტის მუხტი კიდევ არსებობს, ხელისუფლებაზე იმგვარი გავლენა მოახდინოს, რომ ვადამდელ არჩევნებზე წამოიყვანოს, თუმცა ამის გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს. 

_ ამ ფონზე, საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ჩამოდის. ეს ვიზიტი საქართველოში რას შეცვლის? 

_ მიუხედავად იმისა, რომ წარმავალი ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივანია, პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ აშშ-ში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მემკვიდრეობით გადადის. პომპეოს ვიზიტის განსაკუთრებული „უცნაური“ ნაწილი თურქეთში მისი ჩასვლაა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, თურქეთში ერთი ოფიციალური პირიც არ ხვდება. ეს საერთაშორისო დიპლომატიური სკანდალის ტოლფასია. სახელმწიფო დეპარტამენტი ამას იმით ხსნის, რომ თურქეთის ხელისუფლებას საკუთარი გეგმები ჰქონდა, პომპეოს ჩასვლის მიზანი კი მხოლოდ მსოფლიო პატრიარქთან შეხვედრაა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ორ სტრატეგიულ პარტნიორს _ აშშ-სა და თურქეთის ურთიერთობებში ყველაზე ცივი ფაზა დადგა. ამ ფონზე, როცა აშშ-ის პოლიტიკური ელიტა ძალიან დიდი შეშფოთებით უყურებს რუსული სამხედრო გავლენის ზრდას კავკასიის რეგიონში და პლუს, თურქეთთან ასეთი დაძაბული ურთიერთობაა, ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ შანსი, რომელსაც პომპეოს ჩამოსვლა გვიჩენს. 

_ რომელ შანსს გულისხმობთ? 

_ იმას, რომ საქართველო აშშ-სთვის სტაბილურ პლაცდარმად და პარტნიორად რჩება, რადგან სხვაგვარად, აშშ ამ რეგიონს მთლიანად დაკარგავს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ დეკლარირებით, რომ საქართველო აშშ-ის პარტნიორია, საქმე შორს ვერ წავა. 

ბენ ჰოჯესს ჰქონდა საინტერესო ინიციატივა _ საქართველოში აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალების როტაციული და ლოგისტიკური ბაზა უნდა შეიქმნას, რაც ჩვენსთვის უნიკალური იქნება. უბრალოდ, არ ვიცი, რუსეთზე ჩამოკიდებული საქართველოს ხელისუფლება ამას რამდენად გაბედავს. 

საინტერესოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჩამოდის რეგიონში _ სამხრეთ კავკასიაში, რომლის პატარა ქვეყნის ხელისუფლებებმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, უბრალოდ, „გადააგდეს“. ვგულისხმობ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას პომპეოსთან, როცა გამოცხადდა, რომ მხარეებს ცეცხლი უნდა შეეწყვიტათ და ეს შეთანხმება ორ დღეში დაირღვა. 

რაც შეეხება საქართველოს, ერთი წლის წინ, როცა მაშინდელი პრემიერი, მამუკა ბახტაძე პომპეოსთან იმყოფებოდა და სახელმწიფო მდივანმა ღიად და კატეგორიულად მოითხოვა ანაკლიის პორტის მშენებლობის გაგრძელება, ბახტაძე ჩამოსვლისთანავე მოხსნეს და ანაკლიის პორტის მშენებლობა შეწყვიტეს ანუ ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც აშშ და მისი სახელმწიფო მდივანი ერთხელ უკვე მოტყუებული ჰყავს, ამიტომ რამდენად ენდობა ასეთ ხელისუფლებას მნიშვნელოვანი გეგმების განხორციელებაში, აი, ესაა საკითხავი. ვფიქრობ, ეს სერიოზული წუხილის საგანია აშშ-სთვის.  

მიუხედავად ამისა, შესაძლოა, პომპეო რეგიონის უსაფრთხოებაზე გარკვეული შემოთავაზებებით ჩამოდის და კიდევ უფრო რომ არ გააღიზიანოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, ამიტომაც არ ჩაინიშნა ოპოზიციასთან შეხვედრა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არაა, საქართველოში, ოპოზიციის სახით, „ოცნების“ საპირწონე სოლიდური პარტნიორი ჰყავდეს და ეს შანსი ოპოზიციამ უნდა გამოიყენოს.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში