Menu
RSS

გია ხუხაშვილი არჩევნების შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

„სულ ერთსა და იმავე ტლაპოში ვვარდებით!“

საქართველოში კორონაპანდემიასა და სოციალურ სიდუხჭირეს პოლიტიკური კრიზისი დაემატა: ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე ანუ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს და პერმანენტულ აქციებს მართავს. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ახალ არჩევნებს, ასევე, ცესკო-ს ხელმძღვანელობის გადაყენებასა და პოლიტპატიმართა გათავისუფლებას ითხოვენ. ამ მოთხოვნაზე ხელისუფლება არ თანხმდება. შესაბამისად, ვითარება იძაბება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადადის. ისე, საქართველო მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს _ ისევ ქუჩა, ისევ საპროტესტო აქციები და ისევ მომიტინგეების დარბევა... სხვათა შორის, ჩემი რესპონდენტი აცხადებს, რომ ყველაფერ ამით, ქართველი ხალხი გადაიღალა და აუცილებელია, პოლიტიკურმა პროცესმა ქუჩიდან ცივილიზებულ სივრცეში გადაინაცვლოს. ამასთან, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ოპოზიციასა და ხელისუფლებას საინტერესო ინიციატივითაც მიმართავს.

_ ბატონო გია, საინტერესო ინიციატივა გააჟღერეთ _ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და არჩევნების დარღვევები ამ ფორმატში იქნას გამოძიებული. დეტალურად განმიმარტეთ, ჩიხიდან გამოსვლის როგორ ფორმულას სთავაზობთ პოლიტიკურ მხარეებს? 

 

_ კონფლიქტოლოგიაში ცნობილი ფორმულაა: იმისთვის, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა შედეგს მიაღწიონ, ორივემ რაღაც უნდა დათმოს და გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს. ქართულ პოლიტიკაში მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან სახის შენარჩუნება ორივე მხარეს უნდა, რათა კაპიტულაციად არ ჩაითვალოს. 

არსებული პოლიტიკური კრიზისის გარდა, საკმაოდ სერიოზული სირთულეები გვაქვს პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. ასევე, გვაქვს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და ყველაფერი ეს, ფონს ძალიან ამძიმებს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურმა ელიტამ, პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტიკა მთავრდება იქ, სადაც იწყება სახელმწიფო ინტერესი და სახელმწიფოებრივ სტაბილურობას საფრთხე ექმნება. 

მოვძებნე ფორმულა, რითაც ეს დაპირისპირება ქუჩიდან ცივილიზებულ ფორმატში ანუ პარლამენტში გადავა. 

ოპოზიციასაც მივმართავ: პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებელად აღიარებენ არჩევნების შედეგებს. ამის ფორმულირება, დაახლოებით, ასეთია _ მხარეები უნდა შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დისკუსიას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფორმატში, შესაბამისი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, რომელიც ამ არჩევნების ყველა საკითხს გამოიძიებს _ დაკითხავენ თამარ ჟვანიას, საოლქო კომისიების ხელმძღვანელებს და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში და ვისთანაც შეიძლება, კითხვები გაჩნდეს. 

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას აქვს იმის უფლებამოსილება და მანდატი, რომ ჩაატაროს სერიოზული, ფართომასშტაბიანი, საჯარო და გამჭვირვალე გამოძიება, ტელევიზიითაც შეიძლება ამის პირდაპირი ტრანსლირება და დაიდოს შესაბამისი დასკვნა. 

მხარეები იმაზეც უნდა შეთანხმდნენ, რომ თუ დასკვნაში გამოიკვეთა იმ მასშტაბის დარღვევები (დარღვევები რომ იყო, ამას ხელისუფლებაც არ უარყოფს), რამაც არსებითად შეცვალა არჩევნების შედეგები, გამოაცხადოს პარლამენტმა თვითლიკვიდაცია და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. 

არსებულ დაპირისპირებაში მხარეებს თავისი სიმართლე აქვთ. ამიტომ სჯობს, რომ დიალოგში ვიპოვოთ ობიექტური სიმართლე და არ ვიყოთ მუდმივად მხარეების სიმართლეების ჭიდილში, რითაც ეს ქვეყანა მართლა გადაიღალა. საკუთარ შეცდომაზე ვერაფერი ვისწავლეთ და სამწუხაროდ, სულ ერთსა და იმავე ტლაპოში ვვარდებით! 

_ სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს. 

_ ძალიან კარგია, ეს მისასალმებელია და პირდაპირ გეტყვით, ამ პროცესში ძალიან მაკლდა გახარია... ხელისუფალი პასუხისმგებელი მარტო საკუთარ მხარდამჭერებზე კი არა, ოპოზიციაზეცაა, რადგანაც ყველა მისი მოქალაქეა. 

ჯო ბაიდენის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლას გაგახსენებთ _ მე წითლების ან ლურჯების კი არა, აშშ-ის პრეზიდენტი ვიქნებიო. ასე უნდა მოქმედებდეს ხელისუფლება და უნდა ამოდიოდეს სახელმწიფო, საზოგადოებრივი, მათ შორის, თავისი ოპონენეტების ინტერესებიდანაც. ამიტომ გახარიას განცხადება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ნაცვლად იმისა, რომ გახარიას ელაპარაკა, რამდენიმე დღის განმავლობაში, კობახიძისა და მდინარაძის შესრულებით, ვუყურებდით პროვოკაციას ანუ გამოწვევას და გაღიზიანებას განცხადებებით _ „ამდენი ხალხი იყო“, „ჩაუფლავდათ“ და ასე შემდეგ ანუ ფაქტობრივად, იწვევდნენ ორმხრივ ძალადობაზე, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაციული მოქმედებები, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ მივედით იმ უმსგავსობამდე, რაც 8 ნოემბრის ღამეს მოხდა. 

თუ ხელისუფლება მოლაპარაკებისთვის მზადაა და ოპოზიცია ამაზე არ წავიდა, მაშინ პასუხისმგებლობა გადავა ოპოზიციაზე... 

_ თუმცა, შესაძლოა, ოპოზიციაში თქვან, რომ არ ენდობიან ხელისუფლებას, რადგან ხალხი არაერთხელ „გადააგდო“... 

_ „არ ვენდობი“-ს საზოგადოება ვერ მიიღებს. გასაგებია, რომ ბევრჯერ „გადაგაგდო“, მაგრამ უნდა ეყოთ კომპეტენცია... როდესაც სხდებიან მოლაპარაკებებზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების მედიაციით ანუ შემოდის მედიაციის მხარე, რომლის მონაწილეობითაც, სხვათა შორის, ერთადერთი პოლიტიკური წარმატება იყო უახლეს ისტორიაში ის საარჩევნო კოდექსი, რომლითაც ჩატარდა ეს არჩევნები. შესაბამისად, რადგანაც მხარეები ერთმანეთს არ ენდობიან, ამისთვის არსებობენ გარანტორად ელჩები, საერთაშორისო საზოგადოება და ჩნდება შანსი, რომ რაღაც ფორმულა დაიდოს.  

არ ვამბობ, რომ ის ფორმულა, რაზეც გელაპარაკეთ, საუკეთესოა, შეიძლება უკეთესიც მოიფიქრონ, ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ პოლიტიკური პროცესი ჩავსვათ იმ კალაპოტში, რომელიც გააჩენს სამართლიანობის განცდას და დაგვიცავს იმ სერიოზული პრობლემებისგან, რაც გვაქვს პოლიტიკური კრიზისის მიღმა. 

_ დიახ, ზამთარი მოდის, კორონა მძვინვარებს, ლარი გაუფასურებულია... როგორ ფიქრობთ, კიდევ რა პრობლემების წინაშე დავდგებით, თუ პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება? 

_ ქაოსის წინაშე! მეტსაც გეტყვით, პოლიტიკური კრიზისი რომც არ იყოს, ჩვენ მაინც მაღალი რისკის ზონაში ვართ არა მხოლოდ პანდემიის გამო, არამედ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიც გვაქვს და პანდემიაც! ამ ორ უზარმაზარ პრობლემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას პოზიტიური გეგმა არ წარმოუდგენია ანუ ფაქტობრივად, მიშვებულია პროცესი და შესაბამისად, ქაოსის რისკი მაინც არსებობს. 

 

პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ ძალიან დამძიმდეს ვითარება. ამიტომ, ეს ერთი ფაქტორი მაინც მოვაშოროთ და გადავიდეთ ცივილიზებულ ფორმატში. ყველამ ერთად შევძლოთ ძირითადი სახელმწიფოებრივი პრობლემების სწორად მართვა. 

_ ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილი არ ჩნდება... როგორ ფიქრობთ, დისტანცირება ხომ არ მოახდინა ყველაფერ იმისგან, რაც ახლა პოლიტიკაში ხდება? 

_ ბიძინა არის ყველგან, „ქართული ოცნება“ ხომ პარტია არაა, ესაა რელიგია. ღმერთი ერთია და ის არის ყველგან. „ქართული ოცნების“ 100%-ის მფლობელი არის ბიძინა ივანიშვილი. არ ჩანს, მაგრამ ღმერთი გინახავთ სადმე? ხომ არ გინახავთ? -ისეა ისიც. 

_ ივანიშვილს ღმერთთან აიგივებთ? 

_ არა (იცინის)... მე არ ვაიგივებ, ის აიგივებს თავის თავს და, ჩემი აზრით, ძალიან ცდება. 

_ პროცესებში აქტიურად რომ ჩართულიყო, სიტუაცია დამშვიდდებოდა? 

_ ვფიქრობ, რომ ის საკმაოდ აქტიურადაა ჩართული პროცესებში, უბრალოდ, არ იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება, ყველა სიტყვა და ფრაზა „ქართული იცნებიდან“ გამოსული, მასთან შეთანხმებულია. მინიმუმ, შეთანხმებულია, მაგრამ ალბათ, უფრო ხშირად, მისი დირექტივითაა გაკეთებული.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში