Menu
RSS

„ის, ვინც სოროსს და მასონებს ექვემდებარება ან რუსეთიდან იმართება, პოლიტიკოსი არაა!“

ვისზე და რატომაა თემურ შაშიაშვილი გაბრაზებული

 

2020 წლის არჩევნებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობს და მისი საარჩევნო ნომერი 1-ია. როგორც თავად ამბობს, ასეთი საარჩევნო ნომრის მიკუთვნებაშიც უფლის ხელი ურევია. შეიძლება, ბევრს კარგად არც გახსოვთ, შეიძლება პირიქით, თქვენთვის მისი სახელი და გვარი იმდენად ნაცნობია, რომ ქართული პოლიტიკა მის გარეშე ვერც წარმოგიდგენიათ... აი, თავად კი აცხადებს, რომ ქვეყნის განვითარების ერთადერთი, სწორი გზა იცის _ ხელისუფლების დროებით დაკომპლექტება პოლიტიკოსების გარეშე, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ თავად პოლიტიკოსია და საკუთარი პარტიის საარჩევნო სიაშიც პირველ ნომრადაა წარმოდგენილი... 

მოკლედ, „ვერსია“ პარტია „თეთრების“ ლიდერ თემურ შაშიაშვილთან ინტერვიუს გთავაზობთ.

_ ბატონო თემურ, არჩევნებში მონაწილეობთ? 

 _ დიახ, ვმონაწილეობთ. ეს პოლიტიკური კი არა, არამედ, მეცნიერთა კრიტერიუმებით შექმნილი გუნდია. მეცნიერებმა ბატონ ივანიშვილსა და იმ ძალებს, რომლებიც ნათელაშვილის ოფისში იკრიბებოდნენ, მიმართეს, ახლა პარტიების დრო არაა ანუ ცოტა ხანს პარტიებმა შეისვენონ, გვერდზე გაიწიონ და ეროვნული თანხმობის პარლამენტი შევქმნათო, თან მექანიზმიც შესთავაზეს, ეს როგორ უნდა შექმნილიყო _ ყველაფერი დეტალურად იყო აღწერილი... ქვეყანას დღეს პროფესიონალები სჭირდება. ეს ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობამდე პოლიტიკოსებმა მიიყვანეს! ამიტომ შესთავაზეს, მოდით, ცოტა ხანს, ორი წლით, გავიწიოთ გვერდზე, შეიქმნას პარტიათა ასამბლეა, რომელიც მუშაობას კონსტიტუციის ახალ პროექტზე დაიწყებს, რადგან ეს კონსტიტუცია პარტიულია და არა _ ხალხის ინტერესების გამტარებელიო. ამ მეცნიერების თქმით, ქვეყანას სჭირდება კონსტიტუცია, რომელიც იქნება ხალხის ინტერესების დამცველი და რომლითაც რეფერენდუმის ჩატარებაც გაადვილდება, რათა ამომრჩეველს ჰქონდეს საშუალება, რა კანონებიც არ მოეწონება, ადვილად შეცვალოს და იმპიჩმენტის მოწყობის საშუალებაც ისე გართულებული არ იყოს, როგორც დღესაა. ამ წერილს ხელს მეცნიერთა ძალიან დიდი შემადგენლობა აწერდა, მაგრამ პარტიებმა პასუხიც არ გასცეს. ისიც კი არ უთხრეს, ეს რა სისულელე დაგიწერიათ, არ ვიზიარებთო. მეტიც, ერთმა ტელევიზიამაც კი არ გააშუქა და ხომ ხვდებით, ქვეყანაში როგორი მექანიზმია?! 

მეცნიერებმა პარტიებს, ასევე, უთხრეს, რომელიმემ დაგვითმეთ და პარტიულ სიას ჩვენი კრიტერიუმებით შევადგენთ. ის, ვინც ოდესმე რაიმე ანტიქართულს დაუჭირა მხარი, დაწყებული მიწის გაყიდვით, დამთავრებული პასპორტიდან ეროვნების ამოღებით, ვინც ეკლესიების დანგრევაში მონაწილეობდა, ვინც სოროსსა და სხვა გარე ძალებთან ასოცირდება, ვინც ფინანსდებოდა ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილისგან, არ შეიძლება, ეროვნული თანხმობის პარლამენტში იყოს. 

მეცნიერებმა, ასევე, თქვეს, რომ ქვეყანას სჭირდება არა ძალაუფლების მოყვარული, არამედ, ქვეყნის მოყვარული პარლამენტი. არც ეს გააშუქა რომელიმე ტელევიზიამ! 

მეცნიერებმა ასე შექმნეს 500-მდე კაცის სია, ჩამოაყალიბეს შემადგენლობა და მე ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ ამ სიაში. მეცნიერები თავად კი არ შევიდნენ ამ სიაში, არამედ, მათ ხალხში გაიკითხეს, თუ ვინაა პროფესიონალი და ეს არის ინტელექტუალების, ძლიერი ეკონომისტების შემადგენლობა. როგორ გგონიათ, ეს რომელიმე ტელევიზიამ გააშუქა? _ არა! 5-წუთიანი სადღეგრძელო აღარ არის საქართველოში და პირველ არხზე, 5-წუთიანი საშუალება მოგვცეს. დებატებშიც ვისთან ვმონაწილეობთ, ისიც არ ვიცით! 

_ ბატონო თემურ, თქვენს პოლიტიკურ მოძრაობაში რომელი დარგის მეცნიერები არიან? 

_ ეს არაა პოლიტიკური მოძრაობაა, თქვენც არასწორად გაიგეთ. ეს ეროვნული თანხმობისთვის მეცნიერთა კონგრესია. 

_ მესმის, მაგრამ არჩევნებში ხომ მონაწილეობთ? 

_ კი ბატონო, ვმონაწილეობთ იმ ხალხით, რომლებიც ამ მეცნიერებმა დაასახელეს. 

_ მოკლედ, იმის თქმა გინდათ, რომ თქვენი პარტიული სია მეცნიერებმა შეადგინეს? 

_ დიახ. ეს სია უნიკალურადაა გაკეთებული. აფხაზეთსაც ჰყავს წარმომადგენელი, აჭარასაც, საქართველოს ყველა რეგიონს, ყველა პროფესიასა და თაობას... 

სხვთა შორის, მეცნიერებს ერთი თხოვნა ჰქონდათ ჩემთან, კენჭი თქვენ იყარეთო და ამ სიაშიც სწორედ მათი თხოვნით ვარ. 

_ სიის პირველი ნომერი ხართ? 

_ დიახ. 

_ ისე, ცოტა უცნაურია, მეცნიერები პოლიტიკოსებს რომ სთხოვდნენ, პოლიტიკას ჩამოშორდითო... 

_ არა, მხოლოდ ორი წლით. მეცნიერები სწერდნენ პარტიებს, თქვენ მიიღეთ კანონი, რომლითაც, თუ პარტიაში არ ხარ, ისე ვერ მოხვალ ხელისუფლებაშიო. ეს დამოკლეს მახვილივითაა. 

_ ესე იგი, ფიქრობთ, რომ საზოგადოებას კარგად ნაცნობი პოლიტიკური სახეები აღარ აინტერესებს? 

_ არა, ამას არ ვამბობ... ხომ იცით, რომ პარტიების მიმართ სიძულვილია? პარტიებმა მიიყვანეს ხალხი ამ მდგომარეობამდე, მეც ვარ პარტიის ლიდერი... 

_ დიახ, სწორედ ამის თქმა მინდოდა, თქვენც ხომ პოლიტიკოსი ხართ! 

_ დიახ, ჩვენ მივიყვანეთ ხალხი ამ მდგომარეობამდე, ამიტომ უთხრეს მეცნიერებმა პარტიებს, ცოტა ხნით გვერდზე გაიწიეთ და ხელისუფლებაში პროფესიონალები მოვიდნენო. პარტიებს კი შეეშინდათ, პროფესიონალები ისე იმუშავებენ, ხალხი ჩვენკენ აღარ გამოიხედავსო. 

_ ანუ გავლენის დაკარგვის შეეშინდათ? 

_ დიახ. იფიქრეს, პროფესიონალები თუ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ჩვენკენ ვინღა გამოიხედავსო?!. 

_ ისე, ბატონო თემურ, თქვენი გათვლით, არჩევნებში რამდენ პროცენტს აიღებთ? 

_ დღეს ხმამაღლა ვამბობ _ ის, ვინც მხარს ნაციონალურ მოძრაობას, „ოცნებას“ და მათ დანაყოფებს დაუჭერს, საქართველოს ებრძვის! სააკაშვილსა და ივანიშვილს ერთმანეთის ბიოლოგიური სიძულვილი აქვთ და შესაბამისად, პარტიებსაც. ეს კი კარგ მდგომარეობამდე არ მიგვიყვანს. „ოცნება“ ამბობს, ჩვენ გამარჯვებული ვართო, ამას სისულელის მეტი, არაფერი ჰქვია. ოპოზიცია კი ამბობს, 60%-ია ჩვენიო. რომელიმემ არჩევნებში ეს რაოდენობა რომ მიიღოს, ეს ომის გზა იქნება. გეტყვით, როგორია მშვიდობის გზა, 20-25% რომ აიღოს „ოცნებამ“, 10-15% _ ნაციონალურმა მოძრაობამ და დანარჩენი იმ პარტიებმა, რომელთაც „ფულის ტომრები“ არ უდგანან სათავეში. აი, ამ შემთხვევაში იქნება საქართველო, მართლაც, გაბრწყინების გზაზე. ამიტომ მე ნუ მეკითხებით, რამდენ პროცენტს მივიღებ. დღეს რომ კონკურენტული საარჩევნო გარემო იყოს, „თეთრები“, ამ მეცნიერების პროგრამებით, გაიმარჯვებდა! 

_ ანუ მედიის მხარდაჭერა არ გაქვთ? 

_ სამი პროკურორი ხელმძღვანელობს ტელევიზიებს და ჟურნალისტები ვინ არიან? _ შევარდნაძის, აბაშიძისა და სააკაშვილის, რომლებთანაც თავის დროზეც დაპირისპირებული ვიყავი და ისინი არც ერთ გადაცემას არ გამაკარებენ. 

_ ბატონო თემურ, 1%-იანი ბარიერი რომ გადალახოთ და პარლამენტში შეხვიდეთ, რომელ პარტიასთან ითანამშრომლებთ და რომელთან _ არა? 

_ მე ვარ პოლიტიკოსი და ვინც წინასწარ ამბობს, ვისთან ითანამშრომლებს და ვისთან _ არა, ის პოლიტიკოსი არაა. არასდროს შევუერთდები იმ პარტიებს, რომლებიც ერთიანდებიან ვიღაცის წინააღმდეგ. დღეს პოლიტიკა უპატრონოა, რეალური პოლიტიკოსი საქართველოში არ არსებობს, პარტიიდან პარტიაში მომთაბარე, რეალური პოლიტიკოსი არაა. ვინც სოროსს, მასონებს ექვემდებარება ან რუსეთიდან იმართება, არც ისაა პოლიტიკოსი! 

თუ გააყალბებენ არჩევნებს ან ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ან ქვეყანა იქნება დამონებული. 

ერთი რამ იცოდეს მკითხველმა _ არჩევნებზე რაც მეტი ფული დაიხარჯება, არჩევნების შემდეგ მით უფრო ცუდად ვიცხოვრებთ და მეტი კორუფცია იქნება... ქვეყანას ბანერებით შეურაცხყოფა მიაყენეს! 

_ ბანერი თქვენ არ გაქვთ? 

_ ერთი ბანერიც არ მაქვს, არც ხეზე გამიკრავს არაფერი... 

ბოლოს, იმას ვიტყვი, რომ ვინც ხმას ყიდის, ის თავის შვილების მომავალს ყიდის და ვინც ხმას ყიდულობს, ის ქვეყანას გვიყიდის! ხმის მყიდველიცა და გამყიდველიც უბედურებაა! 

ქუთაისში ქუჩა-ქუჩა დავდივარ, როგორც ფოსტალიონი, მიჭირავს პატარა კონსპექტი და ყველა ადამიანს ვურიგებ, აქამდე მიმიყვანეს პოლიტიზირებულმა ტელევიზიებმა და სოროსულ-მასონურმა პარტიებმა.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში