Menu
RSS

მერაბიშვილი, როგორც ოპოზიციის განხეთქილების ვაშლი

აურზაური „ტაბულა ბიცოლას“ სალხინეთში

ოპოზიციაში განხეთქილებამ კორონავირუსის მეორე ტალღასავით იფეთქა. ისე, თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება, იმ დასკვნამდეც მივიდეთ, რომ ყოფილი მმართველი გუნდი და მისი განაყოფები ერთ წრეზე ტრიალებენ ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რამდენიმე წლის წინანდელი მოვლენები თითქმის ერთი-ერთში მეორდება. რას ვგულისხმობთ? _ რას, თქვენი გულისა და, ალბათ, გახსოვთ, თავის დროზე, ნაციონალური მოძრაობის დაშლა ვინ და როგორც დაიწყო. არ გახსოვთ? კეთილი, მარტივად გაგახსენებთ: თბილისის ექსმერმა, ესე იგი, გიგი უგულავამ, რომელიც იმხანად პირველ „სროკზე“ იმყოფებოდა, სატუსაღოდან „უსტარი“ აფრინა და მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად, ცოცხლად დამარხა.

ამის მოჰყვა ის, რაც მოჰყვა _ ნაციონალურ მოძრაობას ბოკერია, თავად უგულავა და ისეთი მართლმორწმუნე „ნაცები“ გაემიჯნენ, როგორიც, მაგალითად, ხათუნა გოგორიშვილი, ან სულაც აკაკი ბობოხიძეა. ჰოდა, ევროპული საქართველო, რომელიც წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობს, წყალს ისევ ამღვრევს და ყოფილ თანაპარტიელებს, უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილს მიწასთან ასწორებს. ამჯერადაც, ცეცხლი _ არც მეტი, არც ნაკლები _ უგულავამ გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ, ექსმერმა, რომელიც „სტაჟიანი“ „ნაციხარია“, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სიტყვა-სიტყვით ამბობს: 

 

„შარშან, ოპოზიციის არნახული ერთიანობის ფონზე, როცა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ვიკრიბებოდით, უცნაურად გაისმა მიხეილ სააკაშვილის მოწოდება, მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ალტერნატიულ ცენტრად გამოცხადების შესახებ. უხერხულობას მისივე თანაპარტიელებიც გრძნობდნენ, მაგრამ ერთობის მუხტი იმდენად ძლიერი იყო, ბიბლიოთეკას პროფილის შეცვლა არ მოუწია. 

ვინც იქ სააკაშვილს არ იცნობდა, გაკვირვებული დარჩა. მიშა ბორგავდა და არ მოსწონდა ფორმატი, სადაც პირადად ის არ იყო ერთპიროვნული ლიდერი, თორემ „ენმ“, ცხადია, ამ ერთობის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო. 

ასე ამოიღო მიზანში ეს ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ, მიშამაც. ის, რაც ვერ მიაღწია ივანიშვილმა, ეფექტურად განახორციელა სააკაშვილმა. ის, რომ 120/30-ზე მიღების მერე, საერთო ოპოზიციური სია არარეალური და არაფრისმომცემი იქნებოდა, ყველა ვთანხმდებოდით. სამაგიეროდ, ერთიანი მაჟორიტარის შერჩევა ერთობის და მრავალფეროვნების ყველაზე სწორ მოდელად გვესახებოდა. ამ აზრზე იყო, ასევე, „ნაცმოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერშიპიც. 

ამასობაში გამოჩნდა მერაბიშვილიც, რომელმაც „ენმ“-ს შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გააღვივა სააკაშვილის ყველაზე ბნელი ინსტინქტები, რომ ენმ-ს მარტო შეუძლია გამარჯვება, რომ ის უნდა იყოს პრემიერობის კანდიდატი და რომ სწორედ ის, მერაბიშვილი, ადგილზე უზრუნველყოფდა ამას. 

ასეც მოხდა _ „ენმ“ გავიდა ყველა შეთანხმებიდან, დააყენა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად, გამოაცხადა, ან მე, ან ბიძინა, სხვა ყველა პარტიუკაა და არავითარი კოალიცია არ იქნება, თუ „ენმ“ არ გაიმარჯვებს, ქვეყანა დაიღუპებაო. 

ვინც არ მიიღო თამაშის წესი, მტერი აღმოჩნდა. ჯერ გიორგი ვაშაძე, მერე ევროპული საქართველო, შემდეგ _ „გირჩი“. 

ანუ, სააკაშვილის ჩარევამდე ოპოზიციური ბრძოლის მოდელი, სატახტოთა თამაშების (Game Of Trones) მიხედვით რომ აღვწეროთ, იყო შემდეგი: 

ყველა პარტია ცენტრსა და ფლანგებში განლაგებული ლაშქარივით, ხოლო ლიდერები მაჟორიტარებად. მარტივად. ადამიანები წყვდიადის მეფისა და თეთრი მოხეტიალეების ანუ ბიძინასა და ქოცების წინააღმდეგ, ახლა ომის წინა სცენა გვექნებოდა, როცა ბევრი ერთმანეთთან წარსულში დაპირისპირებული ლიდერი წყვდიადის ზომბების წინააღმდეგ ბრძოლისთვის როგორ შეხმატკბილებულად ემზადება. 

სააკაშვილი ამ სცენარში მოიქცა, როგორც სერსეი ლანისტერი, ზურგში ჩაარტყა დანა ოპოზიციის ერთობას, მხოლოდ საკუთარი ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის. მეტი მიზანი და იდეა მას, უბრალოდ, არ აქვს. ამის შედეგია, რომ „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი მთავარი, ერთ დროს მმართველი და შემდეგ დაუნდობელი დევნის მსხვერპლი პარტია, გადაიქცა რეაქციონერებისა და რეტროგრადების პარტიად. 

ახლა თავს იწყნარებენ, მთავარი ლიდერია და არა _ სია. 

დიახ, მთავარი ლიდერია, ოღონდ ეს სია ამ ლიდერის სარკეა. ასე გადაიქცა მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად. 

ბუნებრივია, ისმის კითხვა: ახლა რა ხდება, წავაგეთ? 

არა, რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება ამოფარებული. შვიდი წელია, ივანიშვილის თამაშია, აქეთ _ მე, იქით _ მიშა. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან, ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს, ხალხის გარდა. 

ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ „მეგატრონებს“ ეს საერთოდ არ ადარდებს. 

გამოსავალი – ღიად და ცხადად, ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ, სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილს პრემიერობის თანამდებობაზე. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოებული წრის გარღვევა, რომლის მართალი ან ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. 

ურჩხულთან ბრძოლაში ის, სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. 

 

მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. ევროპულმა საქართველომ და პირადად მე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციის ზემოთ აღწერილი სცენარი გამოსულიყო, ოპოზიციას ასე ებრძოლა და გაემარჯვა. 

მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოებული წრის გარღვევას გულისხმობს. 

მთავარი ამოცანაა: 1. „ოცნება“ 40 პროცენტს ქვემოთ დარჩეს; 2. ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს „ნაცმოძრაობაზე“ მეტი; 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის გარეშე. 

დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება, „ენმ“-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. 

ეს მიღწევადია, თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა ქვეყანაზე მაღლა დააყენა ადამიანი, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული ოცნებები და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. 

ხოლო ჩვენ, ვისაც „ოცნება“ „ნაცებს“ გვიწოდებს, სინამდვილეში, ვართ ვარდების რევოლუციის მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკასა და ყოფაცხოვრებაში. ხალხი, ვინც სხვადასხვა პარტიაში ვართ და ცივილიზებულად შეგვიძლია თანაარსებობა. დიახ, ძალიან უცნაური არჩევნებია – წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან, იდაყვი _ სააკშვილს. ეს არის გამარჯვების ფორმულა დღეს“.

უგულავას ზემოხსენებული მუშტ-იდაყვი მხოლოდ „ნაციონალებმა“ კი არა, თავად „ევსაქების“ წევრებმაც გაპროტესტეს. აი, მაგალითად, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პირდაპირ თქვა, ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებო: 

„გასაგებია, რომ ერთიანობის მიუხედავად, პროპორციული არჩევნები ითხოვს განსხვავებების ჩვენებას, კონკურენციაა პარტიებში, თუმცა მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩემი პარტიის კამპანიის ამ ფორმას არ ვიზიარებ“. 

გასაგებია, რომ ლაკა (ელენე ხოშტარიას მეგობრები ასე ეძახიან), ევროპული საქართველოს პათოსს არ იზიარებს, მაგრამ ახლა, სიმართლეს თვალი რომ გავუსწოროთ, გიგი უგულავას ტყუილი არაფერი უთქვამს ანუ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოყოლებული, როცა ნაციონალური მოძრაობა ქვეყანას „ცეცხლითა და მახვილით“ მართავდა, პოლიტიკური კულუარებიდან ხშირად ჟონავდა ხმა, რომ სააკაშვილი მერაბიშვილის ჭკუაზე დადიოდა და შეცდომას შეცდომაზე ამიტომაც უშვებდა. 

მერაბიშვილი, ცხადია, უჭკუო არაა, მაგრამ აი, ისაა საკითხავი, ახლა ან მაშინ, რა თამაშს თამაშობდა და თამაშობს. 

 

მოკლედ, მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში იმთავითვე ბევრს არ „ევასებოდა“, უფრო სწორად, პარტია ორ ბანაკად იყო გაყოფილი _ მერაბიშვილის ფანები და ანტიფანები. ზოგადად, ყველამ, ვინც ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში ზედმიწევნით კარგად ერკვევა, იცის, რომ მერაბიშვილი „ბურუსით მოცული“ პიროვნებაა, ესე იგი, მას ტვინი სხვანაირად აქვს მოწყობილი, თუმცა ამ „სხვანაირად მოწყობილმა ტვინმაც“ ვერ უშველა და ყოფილი ხელისუფლების თითზე ჩამოსათვლელი წარმომადგენლებიდან, პრაქტიკულად, ერთადერთია, რომელმაც ციხეში, თითქმის შვიდი წელი გაატარა. ისე, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ციხის კადრები რომ გავრცელდა, ისიც კი ითქვა, ამით მერაბიშვილმა, ახალაიებს „აბაროტი“ აუღოო. ამ მოარულ ხმაში სიმართლის მარცვალი თუნდაც იმიტომ არის, რომ ციხიდან სკანდალური კადრები „დღის სინათლეზე“ მაშინ გამოვიდა, როცა მერაბიშვილის შიშით, ცაში ჩიტი ვერ დაფრინავდა, მიწაზე კი ჭიანჭველა ვერ დადიოდა. ჰოდა, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცხადია, ვერსიას, რომ „ციხის კადრები“ ჩვეულებრივი, შიდა პოლიტიკური ინტრიგის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი, არსებობის უფლება აქვს, თუმცა ამაზე ახლა მსჯელობა შორს წაგვიყვანს. 

ფაქტი ისაა, რომ „ცოცხებმა“ თავად „ნაციონალებიც“ დაშოკა და მიხეილ სააკაშვილიც იძულებული გახდა, არჩევნების წაგებას შეგუებოდა, თუმცა კულუარული პოლიტიკური თამაშები ამით არ დასრულებულა. მართალია, ვანო ციხეში იყო, მაგრამ მის მიმართ ინტერესი არ ცხრებოდა და ყველას აინტერესებდა, „სვაბოდაზე“ გამოსული, რა პოზიციას დაიჭერდა _ „ნაცების“ გვერდით დადგებოდა, თუ „ევროსაქების“. 

საპატიმროს დატოვების შემდეგ, მერაბიშვილმა თქვა, რომ რომელიმე სახელმწიფო, ან პარტიული თანამდებობის დაკავება მის ინტერესში არ შედის. პარტიული თანამდებობა არც უკავია, მაგრამ იმას, რასაც უგულავა ამბობს, ყოფილ მმართველ პარტიაში, თითქმის ყველა ადასტურებს, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არავის უნდა ანუ მერაბიშვილი, უწინდებურად ნაციონალური მოძრაობის „რუხი კარდინალი“ და „ხერხემალია“, რაც ბევრ „მიშისტს“ მაინცდამაინც არ მოსწონს, მაგრამ ექსპრეზიდენტის ხათრით, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. 

სხვათა შორის, „ნაცმოძრაობაში“ მერაბიშვილის პოზიციების გაძლიერება არც ყოფილი მამრთველი პარტიის კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს მოსწონთ. აი, მაგალითად, ამ მხრივ, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი ლეიბორისტი, შალვა ნათელაშვილი აქტიურობს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საგანგებო ბრიფინგზე დაუფარავად განაცხადა, უფრო სწორად, მეგობარ „ნაციონალებს“ ურჩია, მერაბიშვილს გაემიჯნეთო. 

„ცალკეული უთანხმოებები ოპოზიციურ სუბიექტებს შორის იყო, არის და იქნება. მე დეტალებში არ გავცნობივარ გიგი უგულავას მიმართვას, თუმცა მეგობრული რჩევა შემიძლია მივცე ნაციონალურ მოძრობას: არ გაიკარონ ახლოს ვანო მერაბიშვილი, რომელმაც ერთხელ დაღუპა უკვე პარტია. 

ასევე, სააკაშვილის გასაგონად ვამბობ, ამოიღოს სიიდან 4 ოლიგარქი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა შეაგზავნა შიგნით, რათა 4 აღებული მანდატით, შექმნას კოალიციური მთავრობა მომავალში. 

ეს არის რჩევა, მხოლოდ მეგობრული ტონით და არ ჩათვალონ, რომ რამე ქვეგრძნობები მაწუხებს. 

ის, რომ გააქტიურდა სახელგატეხილი შს მინისტრი და მისი რეკომენდაციით, 4 ოლიგარქი ჩაეწერა „ნაცმოძრაობის“ გამსვლელ სიაში, უკვე არის ძალიან დიდი საფრთხე“, _ ასე გამოეხმაურა ნათელაშვილი, უგულავას ზემოხსენებულ სკანდალურ ვიდეომიმართავს. 

ასე და ამგვარად: ვანო მერაბიშვილი, მარტივ მამრავლებად დაშლილი მმართველი პარტიისთვის ერთგვარად, „მაოხრებელი მკვდრის“ ფუნქციას ასრულებს ანუ უკვე ვთქვით, რომ მერაბიშვილის მიმართ, ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება, როგორც სანდო წყაროები ამბობენ, თავად „ნაცმოძრაობაშიც“ არაა, თუმცა ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მერაბიშვილის საბაბით, სააკაშვილზე გალაშქრების გამო, გარკვეული რყევები ევროპულ საქართველოშიც დაიწყოს და ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა _ როგორც აღვნიშნეთ, ელენე ხოშტარიამ თქვა, ჩემი პარტიის ამ სტრატეგიას ვემიჯნებიო. 

ისე, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხოშტარიასა და „ევსაქების“ „ლიდერშიპს“ შორის უთანხმოებაა. ყოველ შემთხვევაში, კულუარებში დიდი ხანია, ამბობენ, რომ ამ პარტიაში, „პირველი ვიოლიონოს“ ფუნქციას გიგა ბოკეერიას თანამეცხედრე, თამარ ჩერგოლეიშვილი ასრულებს, რის გამოც „ევსაქები“ უკმაყოფილებას არ მალავენ. ალბათ, გახსოვთ, არცთუ შორეულ წარსულში, სოციალურ ქსელში, ერთმანეთს საქმეები „ჩერგომ“ და უგულავამაც ურჩიეს. 

ეს „ბათქი“ კი გასული წლის ზაფხულის მიწურულს იმით დაიწყო, რომ გიგი უგულავამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა _ „ტაბულამ“ მისი ინტერვიუ შეცდომაში შემყვანი სათაურით დაამახინჯა და ამით, ჩერგოლეიშვილმა უმსგავს ხერხს მიმართა, რათა პარტიაში პირადი ძალაუფლება მოეპოვებინა. 

„ტაბულა ბიცოლა“ გაცეცხლდა და უგულავას სოციალური ქსელითვე უპასუხა: 

„სამწუხაროა, გიგი უგულავას ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ხილვა. მედიაში მიჩვეულები ვართ, რომ პოლიტიკოსები თავის გაფუჭებულს მედიას აბრალებენ. არაფერი, საერთოდ არაფერი იმ ტექსტში, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ არის – თავადვე ადასტურებს ამას, როცა ხელმეორედ მოჰყავს მოლდოვას მაგალითი. ხელმეორედ იმეორებს იმ სისულელეს, რომ შეიძლება დადგეს ვითარება, როცა ივანიშვილს 48 პროცენტი აქვს და კრემლი პროდასავლური ოპოზიციის მხარეს დგება. ამ საკითხს გიგამ გასცა უკვე ძალიან კვალიფიციური პასუხი ინტერვიუში... 

თუ ამოცანა რუსული გავლენის შემცირებაა, კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობით ეს როგორ უნდა გაკეთდეს, ამოუხსნელი და გაუგებარია. 

სამწუხაროდ, ადამიანები ერთ შეცდომას რომ დაუშვებენ, აღიარების ძალა თუ არ ეყოთ, შეცდომების სპირალში შედიან. 

ჩემი შეცდომაა, რომ იმ დღესვე არ დაიდო ის ნიუსი. ვიცოდი, რომ ევროპულ საქართველოს გიგის განცხადება აზიანებდა და ვიფიქრე, შეუმჩნევლად ჩაივლიდა. ეს სწორი არ არის და ამისთვის ბოდიშს ვიხდი. საკუთარ პროფესიასთან კომპრომისი პარტიული სიმპატიის გამო, დაუშვებელია. 

სამწუხაროდ, თავად გიგიმ გააღვიძა თემა, როდესაც კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობა ვისთვისაც მიუღებელია, მათ შეუგნებლები გვიწოდა და რაღაც მორიგი დიაკუსია გააჩაღა ერთიანობაზე ისე, რომ არავინ იცოდა, ვისთან ერთიანობაზეა საუბარი. 

ინფორმაციის ნაკლებობა ადამიანებს არასწორი დასკვნებისკენ უბიძგებს – ამიტომ, აუცილებლად ჩავთვალე ამ ხალხისთვის ამეხსნა, რეალურად ვისთან ერთიანობაზე საუბრობს გიგი უგულავა. 

მე სიტყვებს ყოველთვის სწორად ვარჩევ, განსხვავებით გიგი უგულავასგან – რუსოფილობა მისთვის არავის დაუბრალებია. 

„ტაბულამ“ დაწერა ზუსტად ის, რაც გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან თქვა, სიტყვა-სიტყვით. 

ბუნებრივია, მე ბევრი სხვა საქმე მაქვს და ტექსტი მე არ გამიშიფრავს, მაგრამ, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე – თუ რომელიმე ერთი სიტყვა ჟურნალისტმა შემთხვევით არასწორად გაიგო, ბოდიშს მოვიხდი (ღარიბაშვილისთვის მომიხდია და გიგი რაღა პრობლემაა), მაგრამ მაგ ერთი სიტყვით, არაფერი იცვლება. 

გიგიმ დიანა ტრაპაიძესთან კრემლისტურ ძალებთან თანამშრომლობაზე მზადყოფნა გამოაცხადა. ნამდვილად მერჩივნა, ამ სამარცხვინო ისტერიკის ატეხვას, ერთი ბოდიში მოეხადა, რომ შეეშალა – თავადაც უფრო ძლიერად გამოჩნდებოდა და პარტიაც. 

მაგრამ, არჩევანი მისია! 

შეუძლია, აყვეს შავრაზმელებს და „ნაცებს“ კუდიანზე ნადირობაში. 

ჩემს რწმენას, რომ კრემლისტურ ძალებთან ყოველგვარი თანამშრომლობა მიუღებელია – ეს არ შეარყევს. 

რაც შეეხება პარტიაზე და ჩემს პირად გავლენაზე ბოდვას, ამას უკომენტაროდ დავტოვებ. 

არაერთხელ გამიცია პასუხი, რომ მე არ ვარ პარტიის წევრი და ვერ მექნება ვერანაირი გავლენა იმიტომ, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ ვმონაწილეობ – არ მაქვს ხმა“. 

მოკლედ, შარშან ვითარება, როგორც იტყვიან, წკიპზე იყო ანუ არსებობდა იმის ალბათობა, რომ უგულავას ევროპული საქართველო დაეტოვებინა. მაშინ ისიც ითქვა, რომ თუ უგულავა ბოკერიას გაემიჯნებოდა, პარტიას ელენე ხოშტარიაც დატოვებდა, რადგან ხოშტარია-უგულავა, იმთავითვე, ერთ კლასტერად ითვლებოდა, თუმცა პოლიტიკაში „კლასტერობა“ მუდმივი არაა. ჰოდა, დღეს სხვა მოცემულობა გვაქვს _ ხოშტარია უგულავას ემიჯნება! 

ისე, დაახლოებით, თვენახევრის წინ, „ვერსიას“ კონფიდენციალურმა წყარომ უთხრა, რომ ევროპული საქართველოს ოფისში დიდი „რაზბორკები“ იყო და ხოშტარიას უთქვამს, თუ ყველაფერი ისე არ იქნება, როგორც მე მინდა, პარტიას დავტოვებო. ვერ გეტყვით, რას ითხოვდა ხოშტარია, მაგრამ ამის მერე ის მოხდა, რომ თავისუფალმა დემოკრატებმა, ევროპულ საქართველოსთან შეკრული ბლოკი დატოვეს. სამაგიეროდ, ძირძველი „თავდემები“ _ ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე „ევსაქები“ გახდნენ, ლევან სამუშია კი „ლელოში“ გადაპორტირდა. 

ასე და ამგვარად, ოპოზიციურ ფლანგზე, რომელსაც პირობითად შეიძლება, „ტაბულა ბიცოლას სალხინეთი“ ვუწოდოთ, დიდი ამბებია და არჩევნებამდე თუ სიურპრიზები არ მოხდა, არჩევნების მერე მაინც უნდა ველოდოთ.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში