Menu
RSS

„სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა“

რატომ ვერ მოხვდა „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში და არის თუ არა გაბრაზებული პატა დავითაია

წინა კვირას, საქართველოში კორონაისტერია საარჩევნო სიების თემამ გადაფარა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, მმართველი გუნდის გარდა, პროპორციული სიები ოპოზიციურმა პარტიებმაც წარადგინეს. სხვათა შორის, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სიის წარდგენა ცესკო- ში წუთი-წუთზე მოასწრო _ დავით კირკიტაძემ და თინა ბოკუჩავამ სია, ვადის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე, სირბილით მიიტანეს, რადგან მოარული ხმით, სიის დაკომლექტებაზე კამათი პარტიაში ბოლო წუთამდე გრძელდებოდა... ენმ-ს სიის პირველი ნომერი მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეა, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. გასაგებია, რომ კიკაბიძის შემოქმედებასთან კითხვები თითქმის არავის აქვს, მაგრამ ბევრმა ვერ გაიგო, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მთავარ ოპოზიციურ პარტიად წოდებულმა ენმ-მ, პირველ ნომრად მხცოვანი მომღერალი რატომ ჩაწერა? ისე, მომღერლები, პიანისტები და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგემლები მომავალ პარლამენტში უხვად რომ იქნებიან, ამაზე სხვა პოლიტიკური ძალების სიებიც მეტყველებს, მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის თემაა... სხვათა შორის, ენმ-ის სიაზე უკმაყოფილება ბევრმა მხარდამჭერმაც გამოთქვა და გაჩნდა არაერთი კითხვა, მაგალითად, ენმ-მ პოლიტიკური ბლოკის გამსვლელ სიაში, „ძალა ერთობაშიას“ რამდენიმე წევრი ქალბატონის გარდა, რატომ არ შეიყვანა სხვა წევრი პარტიების ლიდერები? _ ამ კითხვით „ვერსიამ“ „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელს, ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას მიმართა, რომელიც სიაში საერთოდ არ არის

_ ბატონო პაატა, ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიაში რატომ არ ხართ? 

_ სიაზე უარი მე თავად ვთქვი, თუმცა საარჩევნო ბლოკში ვრჩები და პოლიტიკურ ბრძოლას ვაგრძელებ. საარჩევნო სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო. ეს შეთანხმებით მოხდა. იმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღებაზე, რასაც სიის დაკომპლექტება ჰქვია, მე უარი ვთქვი. ვნახეთ, რომ სიაზე ბევრი კითხვა გაჩნდა და პასუხისმგებლობაზეც სწორედ ამიტომ ვსაუბრობ... მიმაჩნია, რომ მთავარი ოპოზიციური ერთობა და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლების შეცვლაა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი ვარ, მუშაობას და ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას ჩვეულებრივად ვაგრძელებ. 

_ ისე, „ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიებიდან, გამსვლელ სიაში, რამდენიმე ქალბატონის გარდა, არავინაა წარმოდგენილი. ამას რით ხსნით? 

_ სიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა... სიის დაკომლექტებაში მონაწილეობაზე უარი ამიტომ ვთქვი. 

_ ბატონო პაატა, სიაში ყოფნაზე უარი იმიტომ ხომ არ თქვით, რომ გამსვლელ სიაში ვერ შეხვედით და არჩევნებში მონაწილეობასაც აზრი არ ექნებოდა? 

_ ამ მიმართულებით მსჯელობა არ გვქონია. ამის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ არცერთი ევროპელი დემოკრატი სიაში წარმოდგენილი არაა, რადგან პოლიტიკური პასუხისმგებლობა სიის შედგენაზე ვერ ავიღეთ. 

რაც შეეხება დანარჩენ საკითხებს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, არ ვხედავ ამაში კატასტროფას. მთავარია, ევროპელი დემოკრატები გახდეს კვალიფიციური სუბიექტი, რაც პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 

 

_ ცოტა ხნის წინ, „ძალა ერთობაშია“ დაშლის პირას იყო და მახსოვს, გაერთიანების დატოვებაზეც საუბრობდით, თუმცა ფორმატი შენარჩუნდა, საინტერესოა, მაშინ ენმ-სთან რაზე შეთანხმედით? 

_ შეთანხმება იყო, რომ საარჩევნო ბლოკი ჩამოყალიბდებოდა და ეს მნიშვნელოვანი იყო. 

_ როგორც ჩანს, პარლამენტში შესვლა მიზნად არ გქონიათ, არა? 

_ ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ყოფილიყო ოპოზიციური ერთობა, პარტია ევროპელი დემოკრატები _ საარჩევნო ბლოკის დამფუძნებელი. ევროპელი დემოკრატებისთვის ისიც პრინციპული საკითხია, რომ აღედგინა კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, რომელიც 2014 წელს დაკარგა და ამოცანა, ფაქტობრივად, შესრულებულია. 

_ მოკლედ, ზოგი თქვენი კოლეგისგან განსხვავებით, ნაწყენი არ ხართ? 

_ არა, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხებია და წყენაზე კი არა, საუბარი პოლიტიკურ შეთანხმებაზეა. მე ყოველთვის ერთგული ვარ და შეთანხმებებს არასდროს ვარღვევ. თუ ვინმე არღვევს, ეს სხვა საკითხია. ცალსახად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დღეს მე ვარ ნაწყენი თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს და მუშაობა გაგრძელდეს.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში