Menu
RSS

რატომ არ გაგვიზომავენ სიცხეს 31 ოქტომბერს

როგორ დაიცავს არჩევნების დღეს კორონაუსაფრთხოებას ცესკო _ საარჩევნო ჰიგიენის დეტალები

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 24 დღეღაა დარჩენილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკანასკნელად ტარდება შერეული სისტემით, რაც თავისთავად, დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა წლევანდელი არჩევნების განსხვავებულობა კიდევ ერთ, არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორს უკავშირდება და ეს კორონაპანდემიაა. ცხადია, არჩევნების დღეს, ყველას _ ამომრჩევლებსაც, დამკვირვებლებსაც და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებსაც მოუწევთ უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშავა და დადგენილებით მიიღო კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი. დოკუმენტი იმ სანიტარულ-ჰიგიენურ წესებს განსაზღვრავს, რომლის დაცვითაც უნდა მიიღონ ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა და რომლითაც უნდა იმოქმედონ, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, ასევე, ჩართულმა მხარეებმა. სანიტარულ-ჰიგიენური წესების დეტალებზე, ,,ვერსიას’‘ ცესკო-ს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე ესაუბრება.

 

ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესის სხვა მონაწილეების ჯანმრთელობა ცესკო-სთვის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, უწყების ინიციატივით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ასევე, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. როგორც ანა მიქელაძემ ,,ვერსიას’‘ განუმარტა, სამუშაო ჯგუფი გააგრძელებს მუშაობას პანდემიასთან დაკავშირებული რისკ-ჯგუფების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 

,,ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, რეგულირდება არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები. კენჭისყრის შენობაში შესვლამდე თერმოსკრინინგს გაივლიან, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები, ასევე, საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები, ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილნი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით’‘. 

ანა მიქელაძის განმარტებით, თერმოსკრინინგი ამომრჩეველს არ ეხება. 

რაც შეეხება საუბნო-საარჩევნო კომისიებს, კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან დეზობარიერი იქნება განთავსებული, ასევე, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. 

რაც მთავარია, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხშირად შეხებადი ზედაპირების სათანადო წესით დეზინფექციას და საარჩევნო უბნების ბუნებრივ ვენტილაციას _ შეძლებისდაგვარად. 

,,რაც შეეხება ამომრჩევლებს და საარჩევნო უბნებზე შესვლის წესებს: როგორც უკვე გითხარით, ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, რომ პირბადე ეკეთოს. იმ შემთხვევაში, თუ არ ექნება, პირბადით მას ადმინისტრაცია უზრუნველყოფს. ამომრჩეველს უბანზე ორჯერ, ძალიან მცირე დროით მოუწევს პირბადის მოხსნა იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად _ ერთხელ, როდესაც საარჩევნო უბანზე შევა და მეორედ, უშუალოდ, რეგისტრატორთან. თუ ამომრჩეველი პირბადეს არ მოიხსნის, მასზე საარჩევნო ბიულეტენი არ გაიცემა! 

რა თქმა უნდა, კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდიალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმისტრით. ხმის მიცემის შემდეგ, ამომრჩეველი კალმისტარს განათავსებს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტენეირში და დროულად დატოვებს უბანს. ინდივიალური კალმისტრები სიახლეა, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით შემოვიტანეთ, რადგან მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიება. ინდივიდუალურ კალმისტარს სხვა ამომრჩეველი ვერ გამოიყენებს, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს კალმისტრები შესაბამისი წესით დამუშავდება. თუ ამომრჩეველს სურვილი ექნება, შეუძლია, საარჩევნო უბანზე საკუთარი კალმისტრით გამოცხადდეს’‘. 

რაც შეეხება კაბინას, ანა მიქელაძემ ,,ვერსიას’‘ აუხსნა, რომ ფარული კენჭისყრისთვის განკუთვნილი კაბინები ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები. ამასთან, კენჭისყრის ფარულობის პრინციპი არ დაირღვევა! 

,,ვერსიის’‘ კითხვაზე, როგორ იქნება დაცული სანიტარულ-ჰიგიენური წესები იმ ამომრჩევლებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბინებზე უნდა მიიტანონ გადასატანი საარჩევნო ყუთები, ანა მიქელაძემ გვიპასუხა: 

,,რა თქმა უნდა, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ამ შემთხვევაშიც დაცული იქნება. კომისიის ის წევრები, რომლებმაც გადასატანი საარჩევნო ყუთები ბინებზე უნდა მიიტანონ, აღჭურვილნი იქნებიან სპეციალური საშუალებებით: პირბადეებით, ხელთათმანებით, დამცავი ფარებითა და სადეზინფექციო ხსნარებით’‘. 

კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობებში სანიტარულ-ჰიგიენური წესების შესახებ დადგენილება ყველასათვის ხელმისაწვდომია და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ანა მიქელაძის განმარტებით, იმისთვის, რომ ამომრჩევლებსა და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ, საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას გეგმავს. მისივე თქმით, ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს, თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს ყველასთვის უზრუნველყოფს.

მაია მიშელაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში