Menu
RSS

რა შეცდომებს უშვებენ და როგორ „გვაბოლებენ“ პარტიები საარჩევნო კლიპებით

„კომპასი“, „ძალა“, „იმედი“, „საქართველო“, „წარმატება“, „ბრძოლა“ და „უფასო კვება“ _ რას ნიშნავს ეს სიტყვები მარკეტოლოგების ენაზე

სპეციალისტების შეფასებით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებული და განსხვავებულია, რაც მხოლოდ კორონაპანდემიას არ უკავშირდება. 2020-ის საპარლამენტო არჩევნების განსაკუთრებულობას ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განსაზღვრავს: ერთი ის, რომ შერეული სისტემით წელს არჩევნები უკანასკნელად ტარდება და მეორე _ მსგავსი ტიპის ურთიერთგამომრიცხავი, ქაოტური და ცოტა უცნაური წინასაარჩევნო კამპანია აქამდე არ გვინახავს. სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, თორნიკე გურული ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას ამ ტენდენციას იმით ხსნის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს 60-მდე პოლიტიკური პარტია იყრის. მისი თქმით, პარტიებს შორის, მართლაც, დიდი მარათონია გაჩაღებული და, როგორც ჩანს, პარტიების უმრავლესობას ნამდვილად არ ჰქონდა იმის რესურსი, რათა პროფესიონალური პიარმომსახურება შეესყიდა, ან ამ მიმართულების სპეციალისტები დაექირავებინა. შესაბამისად, ყველაფერი ეს, პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კლიპებზე აისახა. დიახ, წინასაარჩევნო დაპირებების გარდა, ,,ვერსია’‘ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კლიპების განხილვასაც გთავაზობთ, რაშიც ამ საქმის პროფესიონალი, თორნიკე გურული დაგვეხმარება.

,,ევსაქების’‘ კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის 

ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო კლიპის მთავარი ატრიბუტი კომპასია. პარტია საკუთარ ამომრჩევლებს გარდამტეხ ცვლილებებს, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას ჰპირდება და მოუწოდებს, რომ 31 ოქტომბერს სწორედ ამ ცვლილებებს დაუჭირონ მხარი. გაუგებარი თითქოს არაფერია, მაგრამ თორნიკე გურული ასე არ ფიქრობს და ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აზუსტებს, რომ კომპასი ამ კლიპში სრულიად ზედმეტია: 

,,როგორც წესი, წინასაარჩევნო სლოგანი ძირითად კონცეფციას უნდა ასახავდეს და მიმართული იყოს მომავალზე _ რას გვთავაზობს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია. თუ ავიღებთ კომპასს, გარდატეხასა და ცვლილებებს, მაშინ არ შეიძლება, რომ ეს სლოგანი მარტივად და ყველასთვის გასაგებად ჩავთვალოთ. ადამიანებისთვის გაუგებარი და რთულია ასეთი ტიპის კომუნიკაცია იმ სიტყვებით ან ნივთებით, რომლებსაც ისინი სიტყვების აქტიურ მარაგში არ იყენებენ, ნივთებს კი ყოველდღიურად არ მოიხმარენ. შესაბამისად, ამ სლოგანში კარგად არ ჩანს პარტიის ძირითადი დაპირება, კერძოდ, ცვლილება რომ მოხდება, ეს ცვლილება პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური? საით წაგვიყვანს ეს ცვლილება? რა არის ამ ცვლილებაში მთავარი? რატომ კომპასი? სხვათა შორის, კომპასი გზის მიმართულებას გვაჩვენებს და არა _ ცვლილებას. შესაბამისად, ცვლილებისა და კომპასის კომბინაცია ძალიან უცნაურადაა ასახული ამ სლოგანში’‘. 

სხვათა შორის, ,,ევსაქები’‘ საკუთარ კლიპში აკონკრეტებენ, რომ ქვეყნის საგარეო ვალი საგრძნობლად გაიზარდა და ამ ნაწილში ხაზს მმართველი პარტიის უნიათობას უსვამენ, თუმცა ბოლომდე ობიექტურები რომ ვიყოთ, არ შეიძლება, საგარეო ვალი მხოლოდ ,,ქართული ოცნების’‘ ცოდვად ჩავთვალოთ. თუ ამის გამო ქვეყნის ხელისუფლებას პასუხი აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ, მაშინ ხელისუფლებების საკმაოდ გრძელ სიას მივიღებთ და ,,ოცნების’‘ ხელისულება ამ სიაში ბოლო ადგილზე აღმოჩნდება. ეს ისე, ფაქტების კონსტატაციისთვის, თორემ პირადად მე, საგარეო ვალის გამო, არც მოქალაქეთა კავშირის, არც ,,ნაციონალების’‘ და თქვენ წარმოიდგინეთ, არც ,,ოცნების’‘ დამუნათებას არ ვაპირებ. 

,,ევსაქების’‘ კლიპის მიხედვით, იმის გამო, რომ ქვეყნის საგარეო ვალი გაიზარდა, ყოველი ახლადდაბადებული ბავშვი უკვე ვალით იბადება. მომავალშიც ასე რომ არ მოხდეს, პარტია საკუთარ ამომრჩევლს მათი საარჩევნო ნომრის შემოხაზვას სთხოვს. ერთი შეხედვით, თითქოს გასაგებია, თუმცა თორნიკე გურულმა ,,ვერსიასთან’‘ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს სტანდარტული ცვლილებების პაკეტია, რადგან ზოგი პარტია 2 000-ლარიან ხელფასს გვპირდება, ზოგი _ კარგ პენსიას, უკეთეს ჯანდაცვასა და განათლებას, მაგრამ საკითხავია, რამდენადაა ყველაფერი ეს გათვლილი და ბიუჯეტთან შესაბამისობაში, ამიტომ მიიჩნევს, რომ ასეთი დაპირებები ნაკლებრეალისტურია: 

,,ამ ტიპის დაპირებებით ძნელია იმის განსაზღვრა, გამოიწვევს თუ არა ყველაფერი ეს ცვლილებებს. როგორც წესი, წინასაარჩევნო სლოგანი მუშაობს იმ ადამიანებზე, რომლებიც გაურკვევლობაში არიან და ჯერ არ იციან, ვის მისცენ ხმა. ისინი ელოდებიან წინასაარჩევნო პროგრამებს და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ან უშუალოდ, არჩევნების დღეს იღებენ გადაწყვეტილებებს. რამდენად სურთ ამ ადამიანებს მოისმინონ ინფორმაცია გარდამტეხი ცვლილებების შესახებ, თანაც კომპასით, საკითხავია. როგორც წესი, პარტიებს მხარს უჭერენ საკუთარი მომხრეები და ვინც ისედაც მომხრეა, მისთვის სლოგანს მნიშვნელობა არ აქვს. ისინი არა იდეოლოგიას, არამედ ცალკეულ ლიდერებსა და პარტიის ცალკეულ წევრებს უჭერენ მხარს’‘. 

ლელო საქართველოსთვის _ ახალი ძალა და იმედი 

,,ლელო საქართველოსთვის’‘ ახლადშექმნილი პარტიაა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პირველად მონაწილეობს. ყოველ შემთხვევაში, ამ ფორმით, თორემ პარტიაში მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარტიიდან გვახსოვს. ახალია მათი წინასაარჩევნო დაპირება, თუმცა ,,მარშალის გეგმა’‘ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში უკვე შემოგთავაზეთ, ახალია ამ პარტიის წინასაარჩევნო კლიპიც და ფერიც კი _ მკვეთრი ყვითელი. ზოგადად, ყვითელი პოზიტიური და თბილი ფერია, თავად ლელო კი გოლია, ოღონდ რაგბის ენაზე, რაგბი კი, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩვენი თამაშია. შესაბამისად, სიტყვებისა და ფერების ეს კომბინაცია ჩემთვის მისაღები და გასაგებია. 

თორნიკე გურული ფიქრობს, რომ ლელოსთან დაკავშირებით, საკმაოდ დიდი ნეგატივია აგორებული საზოგადოებაში, რაც ამ პარტიის დამფუძნებელთა არცთუ შორეულ წარსულს უკავშირდება: 

,,ვგულისხმობ ფინანსურ ოპერაციებს, რადგან მათ რამდენიმე მილიონს ედავებოდნენ. სხვათა შორის, საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მათი პოლიტიკაში მოსვლა ერთგვარი გამოსავალი იყო. ,,ლელოელები’‘ ადამიანებს პირდებიან, რომ ახალ ძალასა და ახალ იმედს წარმოადგენენ. ვფიქრობ, ფერიც სპეციალურად შეარჩიეს, რადგან ყვითელი ოპტიმიზმის ფერია, თუმცა რეალურად, ამ პარტიაში სრულიად განსხვავებული ხედვისა და პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. რამდენად წარმოადგენენ ისინი ახალ ძალას ან იმედს ანუ ისინი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში იყვნენ გაწევრიანებულნი ადრე, ძნელი სათქმელია. სინამდვილეში, ამ სივრცეში ისინი ახალი ძალა ნამდვილად არ არიან, მხოლოდ მათი გაერთიანებაა ახალი’‘. 

რაც შეეხება ძალას, თორნიკე გურული თვლის, რომ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში ასეთი სიტყვის გამოყენება მთლად მიზანშეწონილი არაა. ეს იმიტომ, რომ მისი თქმით, ძალა ნაკლებპოზიტიურია და მეორე მხარის უძლურებას უკავშირდება. შესაბამისად, ძალა-უძლურების თემის აქტუალიზება წინასაარჩევნო პერიოდში, თორნიკე გურულის აზრით, ნაკლებმომგებიანია. სიტყვა ,,იმედი’‘ კი საინფორმაციო ველში აქტიურადაა დატვირთული და დაკავებული. მოკლედ, იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე ამ სახელწოდების დიდი მედია-ჰოლდინგი არსებობს, პიარის თვალსაზრისით, სიტყვა ,,იმედის’‘ გამოყენებაც წამგებიან სვლად ითვლება.

 

გაერთიანებული ოპოზიცია _ ,,ძალა ერთობაშია’‘ 

რეალურად, ესაა საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ძველი ნაციონალური მოძრაობა, რადგან თუ ამ პარტიის პროპორციულ სიას გადახედავთ, ძნელად თუ იპოვით გაერთიანებას, მით უმეტეს, ოპოზიციისას... თორნიკე გურულმა უკვე აგვიხსნა, რომ ძალაზე აპელირება წამგებიანია, მაგრამ მხოლოდ ეს არაა სააკაშვილის მთავარი საყრდენ-მამოძრავებელი ძალის წინასაარჩევნო კამპანიის ერთადერთი მინუსი. 

,,ამ პარტიას უფრო კამპანიური ხასიათის კომუნიკაცია აქვს ამომრჩევლებთან, რაც ძირითადად, მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას უკავშირდება. ისინი მათი ლიდერის ჩამოსვლის მოლოდინს ქმნიან, ამიტომ მათი ბილბორდები ან ამ გაერთიანების წარმომადგენელთა კომუნიკაცია სხვადასხვა სატელევიზიო არხზე, ცოტა არ იყოს, უცნაურია. სხვა დროს, ისინი უფრო კარგად იყვნენ ხოლმე მომზადებულები ამ მიმართულებით. სხვათა შორის, მათივე პიარის შემადგენელი ნაწილია საარჩევნო სიაც, რომელიც უკვე წარადგინეს და ვფიქრობ, პროგრესულად მოაზროვნე, ახალ თაობასა და ახალ იდეებთან ნამდვილად არ ასოცირდება’‘. 

ძნელია, თორნიკე გურულს არ დაეთანხმო, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ,,ძალა ერთობაშიამ’‘ პროპორციული სია ცესკო-ში უკანასკნელ დღეს, ვადის ამოწურვამდე, რამდენიმე წუთით კი არა, რამდენიმე წამით ადრე წარადგინა და საზოგადოებას, ასევე, საკუთარ აქტივისტებსაც ცივი წყალი გადაასხა, როდესაც სიის პირველ ნომრად მომღერალი ბუბა კიკაბიძე ჩაწერა. ამ სიაში ვერ ვიხილეთ პარტიის თავდადებული აქტივისტები, ისინი, რომლებმაც უკანასკნელი რვა თუ არა, სამი წლის განმავლობაში მაინც აქტიურად იბრძოლეს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეუქმნეს, აქცია აქციაზე გამართეს, თანაც პერმანენტულად და რამდენიმე თვის მანძილზე, ახლა კი ,,გაღიმებულები’‘ დარჩნენ და პირში ჩალაგამოვლებულებს ისღა დარჩენიათ, გულის მოსაოხებლად, ბუბა კიკაბიძის უკვდავი ჰიტი _ ,,ჩიტო-გვრიტო, ჩიტო-მარგალიტო’‘ წაიღიღინონ. 

თორნიკე გურულის მოსაზრებით, პიარი მენეჯმენტის ნაწილია და შესაბამისად, რაც მენეჯმენტში ხდება, პიარზეც აისახება: 

,,თუ დავაკვირდებით ამ პარტიის მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატს, თქვენს კოლეგას, ჟურნალისტს, რომელიც ,,ძალა ერთობაშიამ’‘ წარადგინა, მან ორი საათით ადრეც კი არ იცოდა, რომ წარადგენდნენ. მოგვიანებით, ეს ფაქტი იმით აგვიხსნეს, რომ მისი კანდიდატურა სპონტანურად წარადგინეს. ზუსტად ასე, მოულოდნელად აღმოჩნდა ცნობილი მომღერალი სიის პირველ ნომრად და ესეც თავისთავად ბადებს ეჭვს, რომ ამ პარტიაში ქაოსია და მხოლოდ სპონტანურად იღებენ გადაწყვეტილებებს. რამდენად უნდათ ადამიანებს, რომ ცალკეული პარტიის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები გაიზიარონ, ამას ოქტომბრის ბოლოს ვნახავთ’‘. 

,,ლეიბორისტების’‘ კომუნიზმი 

დიახ, მემარცხენე-ცენტრისტული პარტია და მისი ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, 31 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ნამდვილ კომუნიზმს გვპირდება. კერძოდ, თუ ნათელაშვილი გაიმარჯვებს, სკოლებში ბავშვებს უფასო კვება ელით, პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით _ კომპიუტერებს აჩუქებენ და სხვადასხვა სპორტულ თუ კულტურულ წრეზეც უფასოდ ივლიან. ზოგადად, ცნება _ ,,უფასო’‘, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ისეთი უადგილო, უაზრო და ამაზრზენი შესახედია, როგორც ლეიბორისტების დაპირებულ უფასო მენიუშია ბანანი, ოღონდ გადამწიფებული და ლპობაში წასულ-გაყავისფრებული. 

ბატონებო, ნურც თავს მოიტყუებთ და ნურც საზოგადოებას შეიყვანთ შეცდომაში _ საბჭოთა კავშირის პირობებშიც კი, უფასო არასდროს და არაფერი არსებულა. მე 80-იანელი გახლავართ, ოქტომბრელი და პიონერი ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ, კომკავშირელი აღარ ვყოფილვარ _ ეროვნულმა მოძრაობამ სულზე მოუსწრო ჩემს თაობას და იმიტომ, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვიქნებოდი. ჰოდა, მახსოვს, ჩემს ღრმა ბავშვობაში, სკოლის სასადილოსთვის ერთთვიან, ,,უფასო’‘ ტალონებს გვირიგებდნენ ხოლმე, ოღონდ ჩვენი მშობლები ამ ტალონებში გარკვეულ თანხას იხდიდნენ. 

რაც შეეხება კომპიუტერებს, სკოლის მოსწავლეებს განათლების სამინისტრო ახლაც გადასცემს ლეპტოპებს და რამე ისეთი მაინც მოიფიქრეთ, რომ ზრდილობის გამო მაინც დაგიჯეროთ, თუმცა ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი მხოლოდ უფასო კვებით, ასევე, უფასო სპორტულ-კულტურული წრეებით არ შემოფარგლულა. იმ შემთხვევაში, თუ 31 ოქტომბერს ეს პარტია გაიმარჯვებს, საჯარო მოხელეები შვილებს მხოლოდ საჯარო სკოლებში მიიყვანენ, რაც რბილად რომ ვთქვათ, დისკრიმინაციული განაცხადია. უკაცრავად, მაგრამ რა თქვენი საქმეა, ვინ და სად გადაწყვეტს, რომ შვილს ასწავლოს?! 

თორნიკე გურული ამბობს, რომ შალვა ნათელაშვილმა წინასაარჩევნო კომუნიკაციაში რამდენიმე, ძალიან მძიმე და უხეში შეცდომა დაუშვა და სამი ჯგუფი გადაიმტერა: 

,,ქალები, რადგან მან გენდერულად არასენსიტიური ფრაზები წარმოსთქვა, როდესაც დეპუტატობის ცალკეულ კანდიდატებს წარადგენდა და დაგმობილ იქნა საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ, ვინაიდან ქალების მიმართ არარელევანტური შეფასებები გამოიყენა; მშობლები _ შეუსაბამოა მისი იდეები იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში საკვები იქნება უფასო; საჯარო მოხელეები, რომლებმაც მხოლოდ საჯარო სკოლებში უნდა მიიყვანონ შვილები, რაც დისკრიმინაციული განცხადებაა. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში, ამ პარტიის კლიპებს დისკრიმინაციული ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ ნათელაშვილი რადიკალურად განწყობილი ჯგუფებისკენ იხრება და მათი ხმების მიღებას ცდილობს. გარდა ამისა, ყველა ხვდება, რომ მას არ ჰყავს ისეთი კომპეტენტური ჯგუფი, რომელსაც საზოგადოებასთან კომუნიკაციას მიანდობდა, რომელიც როგორც წესი, ჯერ საზოგადოებრივ აზრს სწავლობს და აქედან გამომდინარე, მოსახლეობას იმას სთავაზობს, რისი მოსმენაც ხალხს სურს’‘. 

ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ წინასაარჩევნო კლიპებით, შალვა ნათელაშვილი დროსა და სივრცეშია აცდენილი, რადგან თორნიკე გურულის მოსაზრებით, დღეს ქვეყნის უმთავრესი პრობლემა ნამდვილად არ არის უფასო კვება საჯარო სკოლებში, თანაც გაფუჭებული ბანანით და არც _ ის, საჯარო მოხელეები საკუთარ შვილებს საჯარო სკოლებში წაიყვანენ თუ კერძოში. 

კუკავა მევახშეების წინააღმდეგ 

თუ თქვენ ბანკში სესხი გაქვთ და რაც მთავარია, ამ სესხის მაღალი პროცენტი გაწუხებთ, კახა კუკავა დაგეხმარებათ. მით უმეტეს, იმ შემთხვევაში, თუ იძულებული ხართ, ბანკის სესხის გამო, საცხოვრებელი დაკარგოთ _ ამას კუკავა ნამდვილად არ დაუშვებს, თქვენს გამოსახლებასაც შეაჩერებს და მევახშეებად ქცეულ ბანკირებსაც სულ კუდით ქვას ასროლინებს. ესაა კახა კუკავას წინასაარჩევნო კლიპის ძირითადი პათოსი, ოღონდ მას ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი ავიწყდება _ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ვერცერთი კომერციული ბანკი ვერ გამოასახლებს საცხოვრებელი ბინიდან მსესხებელს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს უკანასკნელი სესხის პროცენტს ვერ იხდის! შესაბამისი ცვლილება ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიიღო საქართველოს პარლამენტმა და კარგი იქნებოდა, მევახშეებთან ბრძოლაში, კუკავას ეს ფაქტიც გაეთვალისწინებინა. 

თორნიკე გურული ამბობს, რომ კუკავა არა მარტო ბანკების, არამედ, ფარმაცევტული კომპანიებისა და ზოგადად, ბიზნესის წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდა ხოლმე და ამასთან დაკავშირებით, არაერთი სარეკლამო რგოლი გვახსენდება: 

,,ესეც ერთგვარი კამპანიაა, რადგან ის ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებზე, მედიკამენტებზე, ერთ დიდ სეგმენტს წარმოადგენენ და კუკავას სურს, სწორედ ამ სეგმენტზე გავიდეს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ თუ ამ ინდუსტრიებს გააკრიტიკებს, ბევრ ხმას მიიღებს. თუმცა რეალურად, ამგვარი მესიჯები მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისთვისაა საინტერესო და არ შეიძლება, წარმატებულ პიარსვლად ჩაითვალოს’‘. 

გიორგი ვაშაძის ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ 

თუ თქვენ თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არსებული იუსტიციის სახლის პროექტი მოგწონთ, მაშინ გაიცანით ამ პროექტის ავტორი _ გიორგი ვაშაძე. მეტიც, თუ ახალგაზრდა ასაკში იმდენს მიაღწია, რომ იუსტიციის სახლების მისეულმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც აშშ-ში, ასევე, დიდ ბრიტანეთში, ხომ წარმოგიდგენიათ, რას იზამს, თუ 31 ოქტომბერს ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ გაიმარჯვებს, ხოლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სწორედ გიორგი ვაშაძე ,,ჯუნიორი’‘ გახდება? 

ესაა ვაშაძის წინასაარჩევნო კლიპის პათოსი და ვფიქრობ, არცთუ ურიგო. მეტიც, თორნიკე გურული თვლის, რომ პარტიების წინასაარჩევნო მარათონში გიორგი ვაშაძე, მართლაც, გამორჩეულია: 

,,ზოგადად, გიორგი ვაშაძე ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც თავის საკომუნიკაციო ვიზუალებში სხვა ადამიანებსაც იყენებს. ამით ის აჩვენებს, რამდენად ახლოსაა ადამიანებთან. თუ დავაკვირდებით, უმრავლეს შემთხვევაში, პოლიტიკოსები ცალკე გამოდიან წინასაარჩევნო კლიპებში, მაგრამ ვაშაძის კლიპებში ჩანან მოხუცები, ბავშვები, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტის წარმომადგენლები. ამით გვაჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ახლოსაა ხალხთან, ყველაზე დიდ აქცენტს აკეთებს მომავალზე და მისი ,,სტრატეგია აღმაშენებელი’‘ სწორედ მომავალზე ორიენტირებული პროგრამაა. შესაბამისად, ვაშაძის წინასაარჩევნო კამპანია აგებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს. ასეთი სტრატეგია ბევრი ადამიანისთვის იქნება საინტერესო და ბევრ მათგანს დაარწმუნებს კიდეც, რადგან საზოგადოება მას ახლობლად აღიქვამს ‘‘. 

ქართული ოცნების ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘ 

მურმან ლებანიძის ამ შესანიშნავ ლექსზე შექმნილი გოგი ცაბაძის ეს სიმღერა, რომელიც ფართო საზოგადოებას, ძირითადად, ,,ორერას’‘ რეპერტუარიდან ახსოვს, უკვე მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპების მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. ამ მხრივ, წლევანდელი კლიპი გამორჩეულია, განსაკუთრებით მოჭიდავე ბიჭუნების ეპიზოდი, სადაც ლურჯებში ჩაცმული, წითლებში ჩაცმულს ამარცხებს... 

თორნიკე გურული თვლის, რომ მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი თემაა წარმატება, რაც უდავოდ, პოზიტიურ პიარსვლად ითვლება. ხელისუფლებას სურს, რომ ბოლო დროს მიღწეული წარმატება, იქნება ეს, ინფრასტრუქტურული პროექტები, უვიზო გადაადგილება ევროპაში თუ კორონავირუსთან ბრძოლა, აჩვენონ საზოგადოებას. მოკლედ, წარმატება და წარმატებაზე აპელირება მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კლიპისა და სლოგანის უმთავრესი სიტყვაა. 

,,ზოგადად, წარმატება კარგი სიტყვაა, რადგან მატებას ნიშნავს. წარმატება მომავალზეა ორიენტირებული და მისი მიღწევა ყველას უნდა, როგორც დიდს, ასევე, პატარას. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიის აგება სიტყვა ,,წარმატებაზე’‘ ძალიან პოზიტიურია, რომელიც პოზიტიურ შედეგს მოიტანს. რაც შეეხება სიმღერას ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘ ძალიან პოზიტიური მიგნებაა. ზოგადად, სიტყვა ,,საქართველო’‘ ძალიან სენსიტიური და ემოციურია. საქართველოს წარმატებაც ის არის, რაც თითოეულ ადამიანს უნდა. ვფიქრობ, დღეისათვის, ამ სიმღერის სათაური _ ,,ჩემი საქართველო აქ არის’‘, ყველაზე მეტად ნაფიქრი სლოგანია, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს’‘.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში