Menu
RSS

დიდი ომი ოპოზიციაში

რას ვერ იყოფენ „ანტიოცნებელები“ და აეკრძალება თუ არა სააკაშვილს საარჩევნო აგიტაცია

31 ოქტომბერი ახლოვდება და პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც პიკს აღწევს, თუმცა ერთია, რასაც ყველა ვხედავთ და მეორეა, რაც კულუარებში ხდება. კულუარებში კი, როგორც ჩვენი წყაროები ამბობენ, ისეთი ამბები ხდება, რომ „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“. ამ მხრივ, განსაკურებით ფეთქებადსაშიში ვითარება, თურმე, ოპოზიციაში, კერძოდ, „ძალა ერთობაშიას“ ბლოკშია ანუ როგორც მოგვაწოდეს ინფორმაცია, „ნაციონალების“ გარშემო გაერთიანებული პარტიები პროპორციულ სიაზე ვერ თანხმდებიან და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენიმე სახე სიის გარეშეც დარჩეს, თუმცა მოდით, მოვლენების განვითარებას ქრონოლოგიურად მივყვეთ.

მოგეხსენებათ, „ძალა ერთობაშია“ ორი წლის წინ ანუ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და მაშინ, ალბათ, გახსოვთ, რომ ამ პლატფორმაში, მინიმუმ, 9 სუბიექტი იყო გაერთიანებული. სხვათა შორის, მაშინ ამ გაერთიანების წევრებმა საჯარო მემორანდუმიც გააფორმეს და ერთგვარად პირობაც დადეს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე, „ძალა ერთობაშია“ ერთიანი სიით გამოვიდოდა, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა _ გიორგი ვაშაძემ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო და რომელმაც ჯერ კიდევ შარშან, „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააარსა, ზემოხსენებული ერთობა დატოვა. მასთან ერთად „ძალა ერთობაშიას“ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანიც გამოეყო და წლევანდელ არჩევნებში ვაშაძე-ჩარკვიანის ტანდემი ერთიანი ბლოკით გამოდის. ვაშაძის ამ ნაბიჯს „ნაციონალებისგან“ მძაფრი შეფასებები მოჰყვა და მათ გულზე მჯიღის ცემაც დაიწყეს, „იგი წავა და სხვა მოვაო“, მაგრამ სინამდვილეში, „ძალა ერთობაშიას“, „რესპებისა“ და ჩოჩელ-ოქრიაშვილის ახალი პარტიის მეტი აღარავინ შემატებია. ეს კი არადა, ინფორმატორები გვაწვდიან ცნობას, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც თავს მთავარ ოპოზიციას უწოდებს, შესაძლოა, სხვა წევრებმაც დატოვონ. აი, მაგალითად, საუბარია ედპ-ზე ანუ როგორც კულუარებში ამბობენ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ედპ-ს თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ერთიან პროპორციულ სიაში მოხვდება თუ არა. 

ჩვენივე წყაროს ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ ქარდავა „ძალა ერთობაშიას“ გაემიჯნება, მაშინ შესაძლოა, იგივე გადაწყვეტილება პაატა დავითაიამაც მიიღოს. 

ეს კი არადა, იმასაც ამბობენ, რომ ამ ბლოკში პოზიციები თავად ნიკა მელიასაც შეუსუსტდა. ყოველ შემთხვევაში, კულარებიდან მიღებული ცნობებით, ამ ეტაპზე, „ნაცებში“ „პარადი“ ისევ შს ყოფილ მინიტრს, ვანო მერაბიშვილს მიჰყავს. 

სხვათა შორის, მერაბიშვილი ყოველთვის ენმ-ს ხერხემლად ითვლებოდა და ის მოსაზრებაც არსებობდა, რომ მას შემდეგ, რაც ვანო საპატიმროს დატოვებდა, ყოფილ მმართველ პარტიაში მოვლენები დრამატულად განვითარდებოდა. ეს პროგნოზი, პრაქტიკულად, ახდა _ წეღანდელი თქმისა არ იყოს, ინფორმირებული ადამიანები ირწმუნებიან, რომ  

„ნაცმოძრაობაში“ „პირველი ვიოლინოს“ ფუნქციას სწორედ მერაბიშვილი ასრულებს და იგივე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საარჩევნო კამპანიაში უკრაინიდან არის ჩართული, „ხერხემლის“ „დირექტივებით“ მოქმედებს. 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ყოფილმა მმართველმა გუნდმა პრემიერობის კანდიდატად დაასახელა, შესაძლოა, წლევანდელ არჩევნებს გაეთიშოს ანუ საქმე ის გახლავთ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხვა ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა აკრძალული აქვს. 

მართალია, სააკაშვილი 24 საათი იმას ამტკიცებს, რომ საქართველოზე ფიქრით იძინ-იღვიძებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის საქართველოს მოქალაქე, წლებია, აღარ არის. შესაბამისად, კანონით თუ ვიმსჯელებთ, მას მხოლოდ იმის უფლება აქვს, რომ 2020-ის საარჩევნო პროცესებს თვალი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ადევნოს. 

სხვათა შორის, ამ თემაზე აქცენტი ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ დასვა და ექსპრეზიდენტი საარჩევნო კოდექსის დარღვევაში დაადანაშაულა. კერძოდ, ნიჟარაძემ განაცხადა: 

„ასეთ საკითხებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, როცა არაუფლებამოსილი პირის მონაწილეობას ეხება საკითხი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის საქართველოში არ იმყოფება, საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ ახდენს აღსრულებას, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და მისი აღსრულება არის შეუძლებელი. შესაბამისად, ერთადერთი ალტერნატივა ის არის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ უზრუნველყოს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, „ძალა ერთობაშიას“, ვისი სახელითაც ის აწარმოებს კამპანიას“. 

ცხადია, ვერ გეტყვით, „ძალა ერთობაშია“ ამ მოწოდებას ყურს დაუგდებს თუ არა, მაგრამ რაკი ერთხელ ითქვა, შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ჩამოაცილონ ანუ იმის მექანიზმი, ცხადია, არ არსებობს, რომ უკრაინის მოქალაქეს ვინმემ სოციალურ ქსელში აქტიურობა აუკრძალოს, მაგრამ აი, მაგალითად, სატელევიზიო რეკლამებში, „ძალა ერთობაშია“ მიშას განცხადებებს თუ მიმართვებს ვერ გამოიყენებს. არადა, ყველა კარგად ხვდება, რომ ოპოზიციის ამ ფრთისთვის მიშას ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა იგივე მაჟორიტარებად რამდენიმე სუბიექტის დასახელების გამო, „ნაცმოძრაობის“ მიმართ გული ისეთმა ადამიანებმაც აიცრუეს, რომლებიც თავს მართლმორწმუნე „მიშისტებად“ მიიჩნევენ. 

კიდევ ერთი იაღლიში, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წლევანდელ არჩევნებზე მოუვიდა, ის გახლავთ, რომ ვანის, ხონისა და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, მაჟორიტარობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე დაასახელა, თუმცა ბოლო წუთს გადაწვეტილება შეცვალა და ამ ოლქში მაჟორიტარობისთვის ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი იბრძოლებს. 

ზოგადად, პოლიტიკაში კანდიდატის შეცვლა „მოსულა“, მაგრამ ჭანკოტაძის ჟორჟოლიანით ჩანაცვლება ისე მოულოდნელად მოხდა, რომ ამის თაობაზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თავად პარტიაშიც სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა. არადა, იგივე ჭანკოტაძეს, მხოლოდ საარჩევნო კამპანია კი არ ჰქონდა დაწყებული, არამედ, ზემოხსენებულ ოლქში, მისი ბანერებიც იყო გაკრული. 

სხვათა შორის, ჭანკოტაძის მაჟორიტარობის შესახებ ფართო საზოგადოებამ მერაბიშვილის „ფეისბუქის“ გვერდიდან გაიგო ანუ ვივარაუდოთ, რომ გენერალი, შსს-ს ყოფილი მინისტრის ფავორიტი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც მოხდა და მერაბიშვილი იძულებული გახდა, ამ კუთხით, საკუთარი პოზიციები დაეთმო. 

საერთოდ, ვანო მერაბიშვილისადმი ოპოზიციაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს ანუ ზოგი გამოთქვამს ეჭვს, რომ თუ საჭირო გახდება, მან და მისმა გუნდმა „ოცნებასთან“, შესაძლოა, გარკვეული კომუნიკაცია დაამყაროს, თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია და მეტი არაფერი. 

ასევე, ეჭვია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა რამდენიმე ფრთადაა გაყოფილი. კერძოდ, საუბარია მერაბიშვილისა და მელიას კლანებზე. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, მელიას მიმართ სიმპათია უფრო ყოფილი მმართველი გუნდის ახალგაზრდა წევრებს აქვთ. ძირძველი „ნაციონალები“ კი უწინდებურად „ხერხემლის“ ხიბლში არიან და მას ისევ მოწიწებით ექცევიან. არადა, ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობისთვის დივიდენდების კი არა, პირიქით, შესაძლოა, ნეგატივის მომტანი იყოს. 

რატომ? _ მართალია, ამ ადამიანმა ციხეში თითქმის შვიდი წელი გაატარა, მაგრამ ადამიანებს მოკლე მეხსიერება არ აქვთ და ძალიან ბევრს თუ არა, ბევრს ისევ ახსოვს, რომ მისი შს მინისტრობის დროს, ქვეყანაში ტოტალურ უსამართლობას ჰქონდა ადგილი ანუ მერაბიშვილი, გვინდა თუ არა, უსამართლობასთან ასოცირდება და, კი ბატონო, სასჯელი მოიხადა, მაგრამ ე.წ. მორალური პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება. ჰოდა, აქედან გამომდინარე, საზოგადოების არცთუ ცოტა ნაწილს, მერაბიშვილის „გაგონებაზე“ ისევ ისე „აბარძგვალებს“, როგორც იმ ყბადაღებული 9 წლის განმავლობაში „აბარძგვალებდა. 

აი, მელია კი „ნაციონალების“ წევრი 2012 წლის შემდეგ გახდა და შესაბამისად, მის მიმართ სათქმელი ისიც კი არაა, რომ კორუმპირებულია ან „ნაცების რეჟიმს“ „აპრავებდა“. 

ერთი სიტყვით, ყველა ზემოთქმული კულუარული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ე.წ. მთავარ ოპოზიციურ ძალაში, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ყველაფერი რიგზე ვერაა. ამას ემატება დამძიმებული ეპიდვითარებაც _ კორონათი შეშინებული ხალხი საარჩევნო შეხვედრებს თავს არიდებს ანუ უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ყველა ჯურის პოლიტიკოსებს მხოლოდ იმ პარტიის აქტივისტები ხვდებიან, რომელ პარტიასაც ეს პოლიტბელადები წარმოადგენენ. სხვათა შორის, სოციალურ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლებამ შესაძლოა, რადიკალურ ზომებს მიმართოს და მთელ ქვეყანაში თუ არა, კონკრეტულ რეგიონებში კომენდანტის საათი გამოაცხადოს. ამ ვერსიას, ღიად თუ ირიბად, თანამდებობის პირებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ ლოკალური ლოკდაუნები გამორიცხული არაა. 

ჰოდა, თუნდაც კონკრეტული რეგიონების ჩაკეტვა ყველაზე მეტად ოპოზიციას დაარტყამს _ მინიმუმ, ე.წ. შუაშისტურ ამომრჩეველს ვერ შეხვდება და იმაში ვერ დაარწმუნებს, რომ ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია. ყველაფერი ეს კი ოპოზიციურ ფლანგს, ალბათ, მორალურად გატეხს და იმის ალბათობა, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადითაც დარჩეს, რა თქმა უნდა, დიდია, თუმცა საარჩევნო კამპანია, რეალურად, ახლა დაიწყო და ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება.

ნინო დოლიძე

 

დაბრუნება დასაწყისში