Menu
RSS

„საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული აქტები არაა გამორიცხული“

რა საფრთხეს გვიქმნის სომხეთ-აზერბაიჯანის განახლებული სამხედრო კონფლიქტი _ მამუკა არეშიძის შეფასებები

მთიან ყარაბაღში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ისტორიული დაპირისპირება განახლდა. მხარეების ინფორმაციით, მსხვერპლი დიდია, სამხედრო დაპირისპირებაში გამოყენებულია ნაღმტყორცნები, ტანკები, არტილერია, საფრენი საშუალებები და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასიას მთელი მსოფლიო ახლა გამადიდებელი შუშით უყურებს. რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ეს სამხედრო დაპირისპირება და შესაძლებელია თუ არა, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა გახდეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკების ადგილი? _ „ვერსია“ კავკასიის საკითხების ექსპერტსა და კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძეს ესაუბრა:

_ როგორც ჩანს, კონფლიქტი ძალიან მწვავეა. დამუხრუჭებას არც ერთი მხარე არ აპირებს და მასშტაბიც იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დაპირისპირებაში მაღალტექნოლოგიური იარაღი გამოიყენება და შესაძლებელია, დაღუპულების რაოდენობა მართლაც დიდი იყოს. მით უმეტეს, ძალიან მჭიდროდ დასახლებული რაიონები იბომბება. თუ ეს მასშტაბურ ომში გადაიზრდება და უახლოეს დღეებში, მისი შეჩერება ვერ მოხერხდება, რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვისაც ძალიან მძიმე შედეგები დადგება! 

_ რამდენიმე თვის წინ, ამ ქვეყნებს შორის მცირე სამხედრო შეტაკება ყარაბაღის ტერიტორიაზე არ მომხდარა. როგორ ფიქრობთ, ახლა რატომ განახლდა კონფლიქტი მაინცდამაინც მთიან ყარაბაღში და ხომ არ გგონიათ, რომ ეს რუსეთის ან რომელიმე სხვა, დიდი ქვეყნის მიერაა პროვოცირებული? 

_ არ გამოვრიცხავ, დიდი ქვეყნების მიერ იყოს პროვოცირებული. რაც დრო გადის, უფრო მეტად იკვეთება სურათი, რომ სამხრეთ კავკასიაში ბევრად უფრო აქტიურები არიან ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიც არიან თურქეთი და რუსეთი. დასავლეთთან „ფლირტი“ ორივემ დაამთავრა. რუსეთი გამოუვალ მდგომარეობაში იმიტომაა, რომ სანქციების რეჟიმშია, შეცდომას შეცდომაზე უშვებს, დასავლეთი სანქციების წონას ზრდის და მიუხედავად იმისა, რომ ტრამპსა და პუტინს ჰქონდათ სატელეფონო საუბარი, ასევე, გაერო-ს ხელმძღვანელობასთანაც პუტინმა ურთიერთობა ვითომ დაალაგა, საბოლოო ჯამში, ეს ვითარებას მაინც არ ცვლის. როგორც ჩანს, მოსკოვში ასეთი მიდგომაა _ სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს. 

რაც შეეხება თურქეთს, მისი ხელმძღვანელი ცდილობს, დამოუკიდებელი პოზიციები შეიმუშაოს და დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს. სიტუაციის მიხედვით, ის ხან დასავლეთთან თანამშრომლობს, ხან _ რუსეთთან, მაგრამ ეს უფრო თემატური თანამშრომლობაა. 

ასე რომ, სამხრეთ კავკასია ორივე ქვეყანისთვის საჯილდაო ქვაა და ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ კონფლიქტის განახლებაში მათი ხელიც ერიოს. 

_ ანუ სცენარის ყველაზე ცუდად განვითარების შემთხვევაში, შეიძლება, კავკასიის ტერიტორიაზე რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ვიხილოთ? 

_ პრინციპში, ამ ვარიანტის განხილვა შესაძლებელია. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100%-იანია და წყალი არ გაუვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები აშკარად ჩანს. 

_ ასეთ შემთხვევაში, საქართველოს როლი როგორი უნდა იყოს ანუ რა შეიძლება გავაკეთოთ? 

_ მართალია, რესურსი შეზღუდული გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია, სამშვიდობო პლატფორმა შევთავაზოთ და ჩვენს პარტნიორებთან აქტიურად იმ თვალსაზრისით ვითანამშრომლოთ, რომ საფრთხის სიდიდე დავანახოთ. 

ტრამპმა განაცხადა, პროცესს დავაკვირდებით, შეჩერება შეგვიძლია თუ არაო, მაგრამ მე თუ მკითხავთ, დაკვირვების დრო არ არის. სხვათა შორის, აშშ-ის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად, ისრაელმა არაბული სახელმწიფოების ნაწილთან ურთიერთობა დაალაგა. იგივე უნდა ხდებოდეს ამ რეგიონშიც. თუ აშშ თვლის, რომ მას შეუძლია მსოფლიო პოლიტიკური კლიმატი შექმნას, მაშინ საამისოდ,ზუსტად ზედგამოჭრილი მომენტია. 

_ ბატონო მამუკა, ზოგი თვლის, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო დაპირისპირება საქართველოზე გავლენას ვერ მოახდენს. თქვენც ასე ფიქრობთ? 

_ არა. 

_ აბა, ეს კონფლიქტი ჩვენ რას გვიქადის? 

_ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კატასტროფას... იმ ხალხს, ვინც ამბობს, რომ ეს კონფლიქტი ჩვენ არ შეგვეხება, ალბათ, არ ახსოვს, რა ხდებოდა 90-იან წლებში. მაშინ პირველი, რაც მოხდა, საქართველომ ორივე მხრიდან ლტოლვილთა ნაკადები მიიღო. 

სხვათა შორის, დღემდე ვიმკით იმის შედეგს, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე რამდენიმე ჰექტარი დანაღმულია. სომხეთს კი ჩვენი, დაახლოებით, 500 კვადრატული მეტრი ტერიტორია აქვს დაკავებული, სწორედ ამ დანაღმული ტერიტორიების მიმდებარე სივრცის საპირწონედ. ეს იმ ომის გამოძახილია... 

რაც შეეხება სხვა საკითხს, ისედაც მძიმე პანდემიური ფონია და ეკონიმიკური ვითარებაც საკმაოდ რთულია. ძალიან გაუჭირდა აზერბაიჯანის ეკონომიკას, რადგან იმ ქვეყნის ბიუჯეტი სხვა რამეზეა გათვლილი და როცა ეკონომიკური, ენერგეტიკული კრიზისი დაიწყო, შემოსავლები შემცირდა. 

მოკლედ, რთული ვითარებაა და ეს ვითარება საქართველოზეც მოქმედებს, რადგან ჩვენ სავაჭრო და ინვესტიციის თვალსაზრისით, პარტნიორები ვართ. ომის დაწყების შემთხვევაში, სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო შემცირდება, საინვესტიციო თემა კი საერთოდ დაიხურება. 

დოლარის კურსი რა მდგომარეობაშიცაა, ხედავთ და ჩვენს სამეზობლოშიც იგივე ვითარებაა. 

ეკონომიკური და ჰუმანიტარული კატასტროფის გარდა, საქართველოს ტერიტორიაზე ერთმანეთის წინააღმდეგ დივერსიული აქტებიც არაა გამორიცხული იმიტომ, რომ ენერგოკორიდორები საქართველოზე გადის _ აზერბაიჯანიდან მომავალი და რუსეთიდან სომხეთში მიმავალი. კიდევ, რომელი ერთი ჩამოვთვალო? 

_ თუ სომხეთის ან აზერბაიჯანის დახმარებას ღიად გადაწყვეტს, შესაძლოა, რომ რუსეთმა თავისი ჯარის საქართველოზე გატარება მოინდომოს? 

_ რასაკვირველია, ეს ფაქტორი არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მძიმეა. ამაზე დიდხანს ლაპარაკი არც ღირს. 

_ რატომ? 

_ ამას ყველა გონიერი ადამიანი უნდა ხვდებოდეს, მაგრამ ზოგი რატომ ვერ ხვდება, არ მესმის. 

_ ბატონო მამუკა, წეღან საქართველოს ფაქტორზე საუბრობდით და ჩაგეკითხებით, შესაძლოა, საქართველო ის ადგილი გახდეს, სადაც სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობიან მოლაპარაკებას აწარმოებენ? 

_ დიახ, შესაძლებელია, რომ აქ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ეს ან მოხდება, ან _ არა, მაგრამ ეს ინიციატივა, თავისთავად, მნიშვნელოვანია და მგონი, ამ ინიციატივის გაჟღერებას აზრი აქვს.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში