Menu
RSS

აქვს თუ არა მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანს გადაცემის წაყვანის უფლება

რა განმარტებას აკეთებენ იურისტები და როგორია ცესკო-ს პოზიცია

2020 წლის 31 ოქტომბერი ახლოვდება, საზოგადოება სამართლიან და დემოკრატიულ არჩევნებს ელოდება, რისთვისაც აუცილებელია, ყველა საარჩევნო კანდიდატს თანაბარი საშუალება ჰქონდეს, რათა საზოგადოებას საკუთარი პროგრამა თუ დაპირებები გააცნოს. ყველაფერ აქედან გამომდინარე, „ვერსია“ დაინტერესდა, ხომ არ ირღვევა სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო კამპანიის პრინციპი, როცა გარკვეულ კანდიდატებს საკუთარი ტელეგადაცემები აქვთ. მაგალითად, ნაციონალურმა მოძრაობამ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში, მაჟორიტარობის კანდიდატად ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ აქამდე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარ კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე განიხილებოდა. ის უკვე კამპანიას ატარებდა და ქუჩებში მისი ბანერებიც კი იყო გაკრული, თუმცა მის მაგივრად, პარტიამ არჩევანი ჟორჟოლიანზე გააკეთა, რომელსაც ტელეკომპანია „მთავარზე“, საავტორო გადაცემა მიჰყავს. როგორც ჟორჟოლიანმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მიუხედავად, გადაცემის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკური გადაცემა არ მიჰყავს და ამით კანონს არ არღვევს. ნანუკა ჟორჟოლიანმა იქვე დასძინა, რომ შეზღუდვას დააწესებს მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ კამპანიის დროს, გადაცემას ზემოხსენებული რაიონის მოსახლეობაზე არ გააკეთებს, რადგან ეს საარჩევნო თანასწორობის დარღვევა იქნება. 

არღვევს თუ არა საარჩევნო კოდექსით დადგენილ რეგულაციებს ტელეწამყვანი? _ ამ კითხვით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, მარიამ ლაცაბიძეს მივმართეთ.

საარჩევნო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის მსგავსად, გადაცემები მიჰაყვთ პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებს, რომლებიც, ასევე, საარჩევნოდ დარეგისტრირებული სუბიექტები არიან. 

იურისტის თქმითვე, ნანუკა ჟორჟოლიანს არ მიჰყავს პოლიტიკური გადაცემა და აქედან გამომდინარე, არ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამიტომ არ არსებობს საფუძველი, რომ ჟორჟოლიანს საქმიანობა, კერძოდ, ტელეგადაცემის წაყვანა შეეზღუდოს. იურისტის განმარტებით, მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლების პრინციპი, რაც ტელეწამყვანს არ უნდა შეეზღუდოს, თუმცა საია-ს წარმომადგენელი იქვე აზუსტებს, რომ მთელი კამპანიის დროს უნდა მოხდეს მონიტორინგი, რათა რომელიმე საარჩევნო კანდიდატმა საკუთარი გადაცემა პოლიტიკური აგიტაციისთვის არ გამოიყენოს და ამით საკუთარი თავი, სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, უპირატეს მდგომარეობაში არ ჩააყენოს. 

ამ საკითხზე მნიშვნელოვანია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ პოზიციაც. ორგანიზაციამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მეოთხე შუალედური ანგარიში წარადგინა, სადაც ყურადღება ნანუკა ჟორჟოლიანის მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენაზეც გაამახვილა. არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციები: 

„23 სექტემბერს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ვანი-სამტრედია-ხონი-წყალტუბოს ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. იგი არჩევნებში მონაწილეობას „ძალა ერთობაშიას“ სახელით მიიღებს. ამავე დროს, ის აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კანდიდატის საქმიანობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პოლიტიკური რეკლამის შესახებ საარჩევნო კოდექსით დადგენილი რეგულაციების არსი და იქმნება უსამართლოდ უპირატესი გარემო ტელევიზიაში მომუშავე კანდიდატისთვის. ასევე, არსებობს უკანონო შემოწირულობის მიღების რისკიც“. 

არღვევს თუ არა კანონს ტელეწამყვანი?_ ამ კითხვით „ვერსია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკო-ს პრესსპიკერი, ანა მიქელაძე აცხადებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი ცესკო-ში საარჩევნო კანდიდატად ჯერ დარეგისტრირებული არ არის: 

„აღნიშნული ქალბატონი არ არის რეგისტრირებული, როგორც კანდიდატი. პარტია, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებულია, მაგრამ პარტიის დარეგისტრირებას პარტიული სიის წარდგენა მოჰყვება. პარტიულმა სიამ უნდა გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია და ასევე, უნდა მოხდეს მაჟორიტარი კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოწოდება შესაბამისი წესით. ამის შემდეგ მოხდება დარეგისტრირება. აღნიშნული ქალბატონი კი ჯერჯერობით, არაა დარეგისტრირებული ანუ ჯერ კანდიდატი არ არის, მაგრამ თუ კანდიდატად დარეგისტრირდება, ამ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების წესები კონკრეტულადაა გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში და პირდაპირაა მითითებული პირები, რომლებსაც არ აქვთ უფლება, იყვნენ ჩართულნი წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, საარჩევნო კომისიის წევრი, მოსამართლე, პროკურატურის, შსს-ს საჯარო მოსამსახურე, გენერალური აუდიტორი, სახალხო დამცველი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქველმოქმედო ან რელიგიური ორგანიზაცია, მაგრამ ამ ჩამონათვალში არ წერია ჟურნალისტი ან მედიაწარმომადგენელი. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჟურნალისტურ ეთიკაზე, ამ შემთხვევაში, ჟურნალისტურ ქარტიას უნდა მიმართოთ. თუ ვსაუბრობთ საეთერო დროის გამოყენებაზე, ამისთვის არსებობს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და თუ ზემოხსენებული პრინციპები ირღვევა, სწორედ ეს კომისია იღებს გადაწყვეტილებას. ყველაფერ ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია კავშირში არ არის“.

თათია გოჩაძე

დაბრუნება დასაწყისში