Menu
RSS

„სააკაშვილი იდიოტი არ არის!“

რა გეგმები აქვს და რას აპროტესტებს ჯონდი ბაღათურია

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ცოტა ხნის წინ, სკანდალური განცხადება გააკეთა ანუ თქვა, რომ კოალიციურ თანამშრომლობას არავისთან გეგმავს, რადგან ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობა დამოუკიდებლად უნდა მოიპოვოს. ისე, თუ უახლეს ისტორიას თვალს ზედაპირულად მაინც გადავავლებთ, სააკაშვილისგან ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოდან უკრაინაში გადაბარგებულ პოლიტიკოსს სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოალიციურ რეჟიმში თანამშრომლობა არასოდეს ხიბლავდა. მოკლედ, სააკაშვილის ზემოხსენებულმა განცხადებამ ოპოზიციაში აჟიოტაჟი გამოიწვია. უკრაინის მაღალჩინოსანს ყველაზე მწვავედ ყოფილი თანაგუნდელები დაუპირისპირდნენ, თუმცა ასევე, მწვავე შეფასებას აკეთებენ ე.წ. შუაშისტური პარტიების წარმომადგენლებიც. აი, მაგალითად, ქართული დასის ლიდერი, ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა, აღნიშნული განცხადებით, წყალი „ქართული ოცნების“ წისქვილზე დაასხა, რადგან ისევ საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზება სურს...

_ ბატონო ჯონდი, თქვენმა პარტიამ თბილისის ზოგ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარადგინა. რატომ? 

 

_ საბურთალოს, ისნისა და სამგორის გარდა, კანდიდატი თბილისის ყველა ოლქში წარვადგინეთ და ამის მარტივი დასაბუთება გვაქვს _ ამ რაიონებში კენჭს სამი წარმატებული რეფორმის ავტორი იყრის. ამიტომ ამ ადამიანებს არ ვებრძვით და ისანში მხარს კახა კახიშვილს ვუჭერთ, სამგორში კი _ სოზარ სუბარს, თუმცა აქვე, ჩემს ამომრჩეველს მოვუწოდებ, რომ არჩევნებზე მოვიდეს და პარტიულად ხმა ჩვენ მოგვცეს. ისე, წარმატებულ რეფორმებსაც თავი რომ გავანებოთ, სოზარ სუბარსა და კახა კახიშვილს დიდი ხანია ვიცნობ _ 20 წლის წინ, ევროსაბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლა ერთად დავამთავრეთ ანუ ჩათვალეთ, რომ მათ სტუდენტობიდან ვიცნობ და ძალიან წესიერი ადამიანები არიან, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც საჭიროდ არ ჩავთვალე. 

_ კეთილი, მაგრამ თქვენს საარჩევნო ბლოკში რომელი პარტიებია გაერთიანებული? 

_ დღეისთვის, სამი ორგანიზაციაა გაერთიანებული _ ქართული დასი, ხალხის პარტია და საზოგადოებრივი მოძრაობა _ დემოკრატიული საქართველო. დღეს ვასრულებთ მოლაპარაკებას და კიდევ ერთი ორგანიზაცია შემოგვიერთდება. ასევე, გვაქვს დიალოგი ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურებთან, სამოქალაქო სექტორთან, ეროვნულ უმცირესობებთან. ისინი საკუთარ კანდიდატებს იმ რეგიონებში გვთავაზობენ, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ამით ვცდილობთ, ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკურ პროცესებში მაქსიმალურად ჩავრთოთ, რადგან ეს ადამიანები მხარს საქართველოს ერთიანობასა და ძლიერებას უჭერენ. 

_ ეს გასაგებია, მაგრამ თქვენ, როგორც პატარა პარტიის ლიდერი, თუ პარლამენტში შეხვალთ, კოალიციურ თანამშრომლობას ვისთან გეგმავთ და ვისთან _ არა? 

_ თქვენს ტერმინს დავაზუსტებ _ ჩვენ სუსტი ფინანსური რესურსების პოლიტიკური პარტია ვართ ანუ ჩვენს უკან რომელიმე „ფულის ტომარა“ არასოდეს მდგარა და არც ახლა დგას. ეს ნაკლია, თუ, პირიქით – კარგი, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს. 

რაც შეეხება კოალიციურ თანამშრომლობას, ამას მოცემულობა გვაჩვენებს და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, სახელმწიფო ინტერესი რაც იქნება. 

ისე, თანამშრომლობა არ გამოგვდიოდა და არც გამოგვივა „ნაცმოძრაობასა“ და მის დანაყოფებთან, რომლებიც „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან. მათთან თანამშრომლობას არ ვგეგმავთ. თუ ამ არჩევნებში წარმატებით გამოვედით და იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე მანდატს მივიღებთ, ასეთ შემთხვევაში, ამ ხალხს მოუწევს, პროკურატურასთან ითანამშრომლოს... 

_ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გულისხმობთ? 

_ დიახ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს _ ეს უფრო ზუსტი ტერმინია იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობაში ამ პარტიის წარმომადგენელი დღეს უფრო ნაკლებია, ვიდრე _ „ქართულ ოცნებაში“. ამიტომ როცა ვლაპარაკობთ სამართლიანობის აღდგენაზე, უფრო მეტად, ეს „ქართული ოცნების“ იმ წევრებს ეხებათ, რომლებიც წარსულში ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ და დანაშაულს ჩადიოდნენ. დღეს, ნაციონალურ მოძრაობაში, სამადაშვილის გარდა, ძველ „ნაციონალს“ ვერავის ვხედავ, „ქართული ოცნება“, მისი სატელიტი ბოკერია და სხვა პარტიები კი იმ „მიშისტებითაა“გატენილი, რომლებსაც მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი! 

_ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიულ კოალიციას ვერ ხედავს და უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ დამოუკიდებლად უნდა მოიპოვოს. ამას როგორ აფასებთ? 

_ ეს, ივანიშვილის ტერმინით რომ ვთქვათ, ისევ იმ ოპერიდანაა, რომელსაც „შუაგაკრეფა“ ჰქვია, პოლიტტექნოლოგიური ტერმინით კი, ეს ამომრჩევლის პოლარიზაცია და პროცესების რადიკალიზაციაა, რაც ქვეყნისთვის კარგი არ არის. ივანიშვილი და სააკაშვილი თამაშობენ, რომ შუა გაკრიფონ, რათა თვითონ მეტი ხმა მიიღონ და ის პარტიები, რომლებიც ორივე პოლიტიკურ ორგანიზაციას ოპოზიციაში რეალურად უდგანან, ელექტორალური თვალსაზრისით, მაქსიმალურად დაასუსტონ. 

რეგიონში საქართველო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მარგალიტია და ძალიან ბევრი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს და შეიძლება, პოლარიზებისა და დაპირისპირების პროვოცირება ქვეყნის გარედანაც მოხდეს. რა, მეზობელი ან არამეზობელი ქვეყნიდან ასეთი მართული ცოტაა?! პოლიტიკურ სპექტრში, პრაქტიკულად, 90% ან რუსეთთან ჩაბარებას ითხოვს, ან აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან. სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა პოლიტიკური პარტია, რომელიც გააზრებულად, რაციონალურად იქცევა და სახელმწიფო ინტერესების მიხედვით მოქმედებს. 

 

_ თუ სააკაშვილი, მართლაც პოლარიზებას ცდილობს, როგორ ფიქრობთ, გამოუვა? 

_ პოლარიზება 2012 წლიდან გამოსულია... 

_ შეიძლება, მაგრამ ახალი საარჩევნო სისტემით, პატარა პარტიებსაც გეძლევათ შანსი, რომ პარლამენტში თუნდაც თითო ადამიანით შეხვიდეთ და ეს რეალობას ხომ შეცვლის? 

_ კიდევ ერთხელ ვაპროტესტებ ტერმინს _ „პატარა პარტია“, სუსტი ფინანსური რესურსების მქონე პარტიები ვართ, ეს ნახევრად ხუმრობით (იცინის). 

სწორად შენიშნეთ, პროცესის რადიკალიზაცია კი არის, მაგრამ ამ საკენკს რომ კენკავენ, იმ ელექტორატის რაოდენობა იკლებს და სწორედ ამიტომ, ივანიშვილი და სააკაშვილი ახალ-ახალი დაპირისპირების ინსცენირებას ახდენენ, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ორივემ დაკარგა და საქართველოს განვითარების გზას „ოცნებისა“ და ნაცმოძრაობის გარეშე ეძებს, ისევ თავის მხარეს შეაბრუნონ. მოკლედ, ისინი ერთმანეთს ხელს ძალიან უწყობენ. სააკაშვილის ბოლო განცხადება, პირდაპირ, ივანიშვილის წისქვილზე წყლის დასხმაა და იმას ნიშნავს, ვინც ჩემკენ არ ხართ, ივანიშვილს დაუჭირეთ მხარიო. 

სააკაშვილს, შეიძლება, ბევრი რამ დააბრალო, მაგრამ პოლიტტექნოლოგიაში იდიოტი არ არის და კარგად ესმის, რასაც აკეთებს. ამას შეგნებულად და მიზანმიმართულად აკეთებს, რომ ივანიშვილის ჯინაზე, ქართულ პოლიტიკაში მაქსიმალურად დიდხანს იტივტივოს! 

საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ქვეყნის განვითარებაზე არჩევანი ივანიშვილისა და სააკაშვილის პარტიების გარეშე გავაკეთოთ!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში