Menu
RSS

დედის ფაქტორი

რატომ შემოჰყავს სააკაშვილს პოლიტიკურ ავანსცენაზე დედა და რას შეცვლის გიული ალასანიას მაჟორიტარობის კანდიდატობა პოლიტიკაში

არის, ასრულდა... არა, ოცნება კი არ ასრულდა, არამედ, საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“, რომლის ხერხემალიც ნაციონალური მოძრაობაა, რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატი წარადგინა. არსებობდა მოლოდინი, რომ ეს ოპოზიციური გაერთიანება მთავარ ინტრიგასაც გახსნიდა ანუ იტყოდა, რომ ზუგდიდში, ბლოკის სახელით, მაჟორიტარობისთვის ეპქსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა იბრძოლებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ქალბატონი გიული მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება. მოარული კი არა, თითქმის დადასტურებული ინფორმაციით, დიახ, „ძალა ერთობაშიას“ ზუგდიდის მაჟორიტარულ ფრონტს, სწორედ მიხეილ სააკაშვილის დედა გაამაგრებს. ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ამაში მოულოდნელი, შესაძლოა, არაფერია. რატომ? იმიტომ, რომ... ჯერ ერთი, სააკაშვილისთვის დედა, ბებიასი არ იყოს, კუმირია: ალბათ, გახსოვთ, მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში, მუდმივად დედა-ბებიაზე ლაპარაკობდა, რაც არაა გასაკვირი _ მიშა, ხომ, სწორედ დედამ და ბებიამ გაზარდეს. მეორეც, სააკაშვილმა ზუსტად იცის, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს წელს ქვემოთ როგორ უნდა დაარტყას. ასე მოიქცა ზუგდიდის მერის და ასევე, შარშან, ზუგდიდის მაჟორიტარის რიგგარეშე არჩევნების დროსაც, როცა ორივეჯერ კანდიდატად მეუღლე, სანდრა რულოვსი დაასახელა.

სანდრას კანდიდატობას გამართლება ჰქონდა, რადგან სამეგრელოსა და, კერძოდ, ზუგდიდში, ის იმთავითვე რეიტინგული იყო. ამასთან, ყოფილი პირველი ლედი პოლიტიკაში პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად ყოველთვის ტრიალებდა, მაგრამ აი, აბსოლუტურად სხვა მოცემულობაა გიული ალასანიას შემთხვევაში ანუ ქალბატონ დედას, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა, პოლიტიკური ბეგრაუნდი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, გიული ალასანია პოლიტიკაში ღიად ჩართული არასოდეს ყოფილა (ისე, ხმა დადის, რომ პრეზიდენტობის დროს, მიშა ძალიან ბევრ თუ არა, ბევრ რამეს, სწორედ დედასა და ბებიას უთანხმებდა). არაპოლიტიკური ბეგრაუნდის მიუხედავად, გიული ალასანიაზე ფსონის დადება, შესაძლოა, გამართლებული იყოს ანუ ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია _ სააკაშვილს მთელ საქართველოსა და, მათ შორის, ზუგდიდში, საკუთარი მიმდევრები ჰყავს. ეს მიმდევრები, როგორც ამბობენ, პოლიტიკური სექტანტები არიან _ მიშამ მათ თვალწინ, სულ რომ „ბავშვები შეჭამოს“, მაინც მისი ფანები იქნებიან. აქედან გამომდინარე, ამ პოლიტიკური ფანკლუბისთვის ყველა და ყველაფერი მისაღებია, ვინც და რაც ხუთიანის „ქოლგის“ ქვეშაა, თან ამას იმასაც თუ დავამატებთ, რომ გიული ალასანია მიშას მშობელია, ყველაფრის მარტივად ახსნა შეიძლება _ ის ხმებს „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს თუ ვერა, მინიმუმ, გიგი უგულავას წაართმევს, აი, იმ უგულავას, რამდენიმე წლის წინ, სააკაშვილს ზურგი რომ აქცია და, ბოკერიასთან ერთად, ევროპული საქართველო შექმნა. 

ადამიანურ ენაზე რომ ვთქავთ, უგულავას მიერ, სააკაშვილისთვის ზურგის ქცევა ჩვეულებრივი ღალატი იყო. არადა, გიგი, როგორც პოლიტიკური ფიგურა, სწორედ მიშამ შექმნა. ყოველ შემთხვევაში, რომ არა „ვარდების რევოლუცია“ და სააკაშვილი, უგულავა დღესაც ერთი ჩვეულებრივი, ჯიბეგაფხეკილი ჟურნალისტი იქნებოდა და მეტი არაფერი. 

მოკლედ, მიშას გადასახედიდან, სავსებით გასაგებია, გიგისთვის „აბაროტის“ აღება რომ უნდა და აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გიული ალასანია, როგორც მიშას საარჩევნო დესპანი, იგივე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატსაც სერიოზულ „თავის ტკივილს“ გაუჩენს. იმ შემთხვევაში კი, თუ სასწაული მოხდა და გიული ალასანია უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, მისი საშუალებით, მიშა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას კი არა, მთელ ოპოზიციურ სპექტრს გააკონტროლებს და საკუთარ ჭკუაზე ატრიალებს, თუმცა ყველაფერ ამის დანამდვილებით თქმა 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმების პირველადი დათვლის შემდეგ შეგვეძლება. ჰოდა, მანამდე, მოდით, თვალი გიული ალასანიას ბიოგრაფიას გადავავლოთ და ისიც გავიხსენოთ, რომ მისი ძმა, თემურ ალასანია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, ქართული პოლიტიკის ერთგვარ რუხ კარდინალად ითვლებოდა და, როგორც მაშინ ამბობდნენ, ყველა ღია თუ ფარული გადაწყვეტილება, სწორედ თემურ ალასანიასთან შეთანხმებით მიიღებოდა. მაშასადამე, თუ გიული ალასანია დეპუტატი გახდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მხოლოდ შვილის, მიხეილის კი არა, ძმის პოლიტიკურ იდეებსაც გაახმოვანებს. 

ისე, არ დაგვავიწყდეს, რომ თემურ ალასანიას საბჭოთა უშიშროების წარსული აქვს და, როგორც არცთუ კეთილი ხმები ამბობენ, მას რუსეთის უსაფრთხოებისა თუ უშიშროების სამსახურებთან გარკვეული კომუნიკაცია დღემდე აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ბატონი ალასანია, წლებია, ოკეანის გაღმა ანუ აშშ-ში ცხოვრობს. 

მოკლედ, ვინ არის გიული ალასანია? ქართული ვიკიპედიის თანახმად, ის 1946 წლის 11 ნოემბერს, თბილისში დაიბადა. მომავალი პრეზიდენტის დედა 1969 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილებას ამთავრებს და თურქეთის ისტორიის სპეციალისტის დიპლომს იღებს. 1969-2006 წლებში, გიული ალასანია ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საქართველოს ძველი და შუა საუკუნეების ისტორიის წყაროთმცოდნეობის განყოფილებაში ჯერ უმცროს, შემდეგ _ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობს. 1989 წელს კი ამავე განყოფილების გამგე ხდება და ამ თანამდებობას 2006 წლამდე იკავებს. 

1973 წელს, გიული ალასანია საკანდიდატო, 1987 წელს კი სადოქტორო დისერტაციას იცავს. 

ქართული „ვიკიპედიის“ თანახმადვე, გიული ალასანია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების შემსწავლელი კომისიის წევრი, თსუ-ს ისტორიის მიმართულების პროფესორი და თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრორექტორია. 

ამასთან, 2006 წელს, გიული ალასანია საქართველოს უნივერსიტეტის (ყოფილი საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ხდება, 2005 წელს კი _ საერთაშორისო ასოციაციის _ „ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ პრეზიდენტი. 

2009 წელს, გიული ალასანიას ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის ნამდვილ წევრად ირჩევენ, ხოლო 2012 წელს კი _ გენეალოგიის, ჰერალდიკისა და დოკუმენტურ მეცნიერებათა ამერიკული სკოლის საპატიო წევრად. 

ოფიციალური დოსიეს თანახმად, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხებზე, 140-ზე მეტი სამეცნიერო შრომა აქვს გამოქვეყნებული. ამასთან, მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული ფორუმის, მათ შორის, ფესტივალ „ჩვენებურების“ მონაწილე და ორგანიზატორია. 

ერთია ოფიციალური ბიოგრაფია და მეორეა საზოგადოებასა თუ მედიაში, სხვადასხვა დროს გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაცია, რომელიც ექსპრეზიდენტის დედის დადებით მხარეებზე ნამდვილად არ მეტყველებს. ასე, მაგალითად, 2012 წლის მარტში, ქართული ინტერნეტ-გამოცემა „ფორ.გე“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც გიული ალასანია ქართული განათლების მონოპოლისტადაა მოხსენიებული. კერძოდ, სტატიაში ვკითხულობთ: 

„პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია განათლების სფეროში მონოპოლისტია. მან ქონება შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ იშოვა და მანამდე, მხოლოდ ერთი რიგითი მეცნიერ-მუშაკი იყო“, _ ეს განცხადება ქართული დასის ლიდერმა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წარმომადგენელმა, ჯონდი ბაღათურიამ 21 მარტს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და გიული ალასანიას საქმიანობის სქემა წარადგინა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრების ქონების შესახებ განცხადება ჯინდი ბაღათურიამ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა და ამან პრეზიდენტი ისე გააბრაზა, რომ ჯერ ბაღათურიას დაემუქრა, შემდეგ კი სხდომათა დარბაზიდან გაიქცა. 

ბაღათურიას ამ განცხადების შემდეგ, უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტისთვის თავის მოწონება იმით სცადეს, თუ ვინ უფრო მეტად გალანძღავდა ბაღათურიას. 

ამის შემდეგ, ბაღათურია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი განცხადების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. შემდეგ კი საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც იმ სქემებზე ისაუბრა, რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი ფულს შოულობს. 

„საქართველოში ორი მონოპოლისტური კლანი ჩამოყალიბდა. ერთს თურქული კაპიტალით, პრეზიდენტის დედა ხელმძღვანელობს, მეორეს _ რუსული კაპიტალით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბენდუქიძე“, _ განაცხადა ბაღათურიამ. 

დეპუტატის თქმით, გიული ალასანია, რომელიც 2004 წლამდე, რიგითი მეცნიერი იყო, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, საქართველოს უნივერსიტეტს აფუძნებს, სადაც გიული ალასანიასა და მანანა სანაძეს, რომელიც ბაღათურიას თქმით, ალასანიას მეგობარია, თითოეულს 37.5 პროცენტიანი წილი აქვს, 12.5–12.5 პროცენტი კი პრეზიდენტის ბიძაშვილს, ნიკოლოზ ალასანიასა და ედუარდ რობერტ რაუპს ეკუთვნით. 

ბაღათურიამ პრეზენტაციაზე სლაიდები და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი წარადგინა, რომელიც გიული ალასანიას მიერ, სხვადასხვა დაწესებულების ფლობას ეხება. 

იგი პრეზიდენტის დედის კიდევ რამდენიმე სასწავლებელთან კავშირის შესახებ საუბრობს. მან წარადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, შპს საქართველოს უნივერსიტეტის საჯარო სკოლის (საქართველოს უნივერსიტეტი მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან, ხოლო მისი 100 პროცენტიანი წილის მფლობელი საქართველოს უნივერსიტეტია. 

კიდევ ერთი: შპს „საქართველოს უნივერსიტეტის სპორტული სკოლის“ (ასევე, 100 პროცენტით საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია) დირექტორები გიული ალასანია და მანანა სანაძე არიან. საქართველოს უნივერსიტეტის სასწავლო ავეჯიც ამავე უნივერსიტეტის მფლობელობაშია. 

შპს კაფე „ხადილი“, რომელიც ბაღათურიას წარმომადგენელთა დაკვირვებით, ყოველდღიურად, დაახლოებით, 1000–1500 სტუმარს მასპინძლობს, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტის მფლობელობაშია. 

ჯონდი ბაღათურიამ ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის შესახებაც ისაუბრა. მან წარადგინა რეესტრიდან ამონაწერი, რომლის მიხედვით, მასში საქართველოს უნივერსიტეტის წილი 14 პროცენტია. 

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენისას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წარადგინა პრეზიდენტის განკარგულება, რომლის მიხედვით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომლის დამფუძნებელი და პრორექტორი გიული ალასანიაა, პრეზიდენტმა თავისი განკარგულებით, 10 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი გადასცა. 

ბაღათურიას თქმით, სწორედ შავი ზღვის უნივერსიტეტი არის რგოლი, რომლითაც პრეზიდენტის ოჯახი უცხოურ კაპიტალს უკავშირდება. 

როგორც დეპუტატი მიიჩნევს, უცხო ქვეყნის კაპიტალთან პრეზიდენტის ოჯახის კავშირი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია.

 

„ამ სქემის უკან, თურქი მოქალაქე, ფეთჰულაჰ გიულენი დგას, რომელიც საკუთარ ვებ-გვერდზე (მისი ვებ-გვერდი ქართულ ენაზეც არის გაკეთებული), თავს ისლამის მქადაგებელს უწოდებს. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუგების მონაწილეა და ამის გამო, თურქეთში არაერთთგზის იყო დაკავებული“, – ამბობს ბაღათურია. 

დეპუტატის თქმით, გიულენი მდიდარი ადამიანია და მისი ბიზნესკომპანია „ჩაღლარი“, შავი ზღვის უნივერსიტეტში ფინანსური კაპიტალით არის შესული. როგორც გიულენის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შავი ზღვის უნივერსიტეტში „ჩაღლარის“ ინვესტიცია სამაგალითოა. 

გარდა ამისა, ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ ეს კომპანია საქართველოში რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივი“; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი. 

„16-მდე საგანმანათლებლო ორგანიზაციის ხელში ჩაგდება პრეზიდენტის დედამ მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა“, – ამბობს ბაღათურია, – „ჩაღლარი,“ როგორც კაპიტალი, იდეოლოგი _ გიულენი და პრეზიდენტთან დამაკავშირებელი რგოლი _ პრეზიდენტის დედა, გიული ალასანიაა. 

მისი თქმით, ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთის ხელისუფლებამ არაერთგზის დააპატიმრა. ამჟამად კი ძებნილი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, ქართველი სამართალდამცავები მისი საქმით უნდა დაინტერესდნენ. 

„საქართველოში თურქული თუ ირანული კაპიტალის შემოსვლას არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ როცა უცხო ქვეყნის ფული რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებასთან დაკავშირებული საეჭვო პირის გზით შემოდის, ეს უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია“, _ აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ“. 

როგორც გითხარით, ყველა ეს ბრალდება ჯონდი ბაღათურიამ გიული ალსანიას 8 წლის წინ წაუყენა. მართალია, ბოლო დროს, ბატონი ბაღათურია პოლიტიკაში მაინცდამაინც აღარ აქტიურობს, მაგრამ სავსებით დასაშვებია, რომ მის მიერ, თავის დროზე გასაჯაროვებული ფაქტები, რომელთა სიზუსტეზეც ჩვენ თავს ვერ დავდებთ, მხოლოდ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ კი არა, არამედ, ოპოზიციის იმ ფრთამაც გამოიყენოს, რომელიც სააკაშვილს დასანახად ვერ იტანს. 

საერთოდ, პოლიტიკურ კულუარებში უკვე ღიად ამბობენ, რომ ოპოზიციური ბაზრის ორი ისეთი „გიგანტი“, როგორიც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველოა, 31 ოქტომბერს გამარჯვებისთვის კი არა, არამედ, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსისთვის იბრძოლებს. სხვათა შორის, ამ მოსაზრებას პირდაპირ თუ ირიბად, „ძალა ერთობაშიას“ აწ უკვე ყოფილი წევრი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძეც იზიარებს და ერთ-ერთი ქართული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ნაცმოძრაობის ანკლავური ლიდერები მხოლოდ იმას ცდილობენ, რომ ხელისუფლებაში სავარძლები დაიკავონო, თუმცა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისა და „ძალა ერთობაშიას“ გზის გაყრაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა კი, ორიოდე სიტყვით, თემურ ალასანიას ბეგრაუნდიც გავიხსენოთ. 

მოკლედ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თემურ ალასანია იმთავითვე საბჭოთა უშიშროების კადრად ითვლება და ზოგი იმასაც ამბობს, რომ რუსებთან დისშვილი ანუ მიშა, სწორედ მან დააახლოვა. ზოგადად, ენას ძვალი არ აქვს და ბევრის თქმა შეუძლია, მაგრამ რაც უნდა იყოს, თემურ ალასანია, ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იდუმალი ფიგურაა, ფიგურა, რომელიც ღიად არასოდეს ჩნდებოდა და ჩნდება, თუმცა ისინი, ვინც პოლიტიკის სამზარეულოს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ ბიძის გარეშე, მიხეილი არასოდეს არაფერს აკეთებდა და აკეთებს. 

2018 წლის თებერვალი, რუსულ ტელეკომპანია „НТВ“-ზე, პროგრამაში _ „ახალი რუსული სენსაციები“, მიხეილ სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გადაიცა. ვიდეოსიუჟეტში კი, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის საბჭოთა „კაგებე“-სა და ამერიკულ „ცეერუს“-სთან კავშირებზე საქართველოს უშიშროების ექსმინისტრმა, იგორ გიორგაძემ ისაუბრა. 

„თემურ ალასანიას დაბადების თარიღს ღია წყაროებშიც კი გრიფი „საიდუმლო“ ადევს. მისი არაოფიციალური საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული აშშ-ის სპეცსამსახურებთან. როცა გასული წლის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის ბიძა მოულოდნელად კიევში არ შეუშვეს, ცხელმა სისხლმა იძალა: მან კადნიერად, მოურიდებლად მიმართა მსოფლიოს ისე, რომ შედეგებზე არც დაფიქრებულა“, _ ნათქვამი იყო ინტერვიუს შესასავალში. თავად ინტერვიუში კი თემურ ალასანია ამბობდა: „მე ჩემი პირველი შეხვედრები ლეონიდ ბრეჟნევის პერიოდში დავიწყე და აშშ-ის თითქმის ყველა იმდროინდელი პრეზიდენტით დავასრულე“. 

იგორ გიორგაძე: „_ არა, იგი გადაბირებული არ ყოფილა, მან თვითონ შესთავაზა თავისი სამსახური აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს. „გადაბირება“ და „შეთავაზება“ ერთმანეთისგან განსხვავდება“. 

ისტორიაში თავისი როლის შესახებ, მიხეილ სააკაშვილის ბიძა ბუნდოვნად საუბრობს. მხოლოდ იმას აღიარებს, რომ დისწული მან საწყის ეტაპზე ამერიკული ელიტის კონკრეტულ პიროვნებებს გააცნო. 

იგორ გიორგაძე: „ _ მან ასე თქვა: „დისწული მყავს, მას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, ორი ენა იცის, გამოიყენეთ“. ამერიკელებმაც მოსინჯეს, ყურადღება მიაქციეს. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილს „ოქროს ბიჭუნა“ უწოდეს“. 

ჰოდა, „ოქროს ბიჭუნა“ თავის მომავალ მეორე ნახევარს _ სანდრა რულოვსს შეახვედრეს. 

თემურ ალსანია: „_ ვფიქრობ, რომ ეს იყო ორი გულის, ორი ინდივიდუმის, ორი ადამიანის ერთმანეთთან კარგად შეხამება“. 

სხვათა შორის, 2018 წელსვე, ერთ-ერთ უკრაინულ ვებგვერდზე ფარული აუდიოჩანაწერი გამოქვეყნდა და, როგორც ვებგვერდის ადმინისტრაცია აღნიშნავდა, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია საუბრობდნენ: 

„მიხეილ სააკაშვილი: _ გვარამია ხომ არ გამოჩენილა, ხომ არ გილაპარაკია? დაწყნარდა ბოლომდე? 

თემურ ალასანია: _ ძაან კარგად არის, უსმენს ამათ, მაგრამ არაფერს ამათ მიხედვით არ აკეთებს. ამიტომ ჩვენი ერთადერთი ნიშა არის საზოგადოების რადიკალიზაცია. 

მიხეილ სააკაშვილი: _ მოახდინოს რადიკალიზაცია. 

თემურ ალასანია: _ აი, როგორ იცი, ნამდვილად იმიტომ, რომ ფეხზე დავდგებით. აი, ნახავ თუ არა. 

მიხეილ სააკაშვილი: – კვესიტაძე არის ის, რაც უნდა იყოს. აწი პროპაგანდაა სულ, მარა რაღაცა სეგმენტი გვინდა პროპაგანდის თბილისის მიდდლე ცლასს-თვის, უნდა ვისწავლოთ თუნდაც ინტერნეტსეგმენტის გამოყენება. 

თემურ ალასანია: _ ზუსტად ეგრეა. 

მიხეილ სააკაშვილი: – ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და თბილისის მიდდლე ცლასს-ის იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში. ეგ ეგრე არ არის. ისიც არის, მარა გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს სელფ მადე ბიზნესები თბილისის ცენტრში. თან ამ სირ..ს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ. 

თემურ ალასანია: – ეს ავადმყოფი ერია, რა. ამათ სანამ არ დააჯ..მ თავზე და დედას არ მოუტ...ვ, ვერ იგებენ ვერაფერს. 

მიხეილ სააკაშვილი: _ ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება. ეხლა რატომ იქნება… 

თემურ ალასანია: – მაგათი დედა მოვტ..ნ მე, ქართველების, პროსტა, რა. ქართველების დედა მოვ..ნ. ვინ არიან ესენი, ტო, ეს ავადმყოფი ერი, ვინ არის, ტო. დავიღალე, იცი, „პროსტო“ ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები. რაღაცას მიდივარ-მოვდივარ, სულ რაღაცა ხვალ, ზეგ, აი, ეხლა მოხდება. 

მიხეილ სააკაშვილი: – ამათ სულ აჭრილი აქვთ ყველაფერი, რამსები. ეს არჩევნები კიდევ უფრო დააბნევთ იმიტომ, რომ დააყენეს უსუსტესი კანდიდატი და ცუდი კამპანიები. 

თემურ ალასანია: – დავიღალე, რა, იმიტომ კი არა, რომ ცუდად არის რამე საქმე. არა. პროსტა აი, ცდამ დამღალა. სულ რაღაცას ვუცდი. ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას. 

მიხეილ სააკაშვილი: – ეხლა ჟურნალისტებს მიხედე ჯობია და გვარამიას“. 

ამ ჩანაწერის გავრცელების მერე, თემურ ალასანიამ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„ჩემსა და პრეზიდენტს შორის ვითომ შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომელიც სამთავრობო „მხილებების“ ბოლო ჰიტად უნდა იქცეს, წარმოადგენს სრულ ფაბრიკაციას და არ გამოიწვევს არავითარ ვნებათაღელვას. შემოვიფარგლები მარტო ორი კომენტარით. ამათ ან ჩვენ ვგონივართ სრული იმბეცილები, რომ ასეთ თემებზე ვისაუბროთ, ან ქართველი ხალხი, რომელმაც ეს უნდა უპირობოთ გადაყლაპოს. ეს არც ჩემი საუბრის სტილია, განსაკუთრებით გინება და არც ჩემი ხმა. მკვლელობებს საერთოდ არ ვუკვეთავ და მითუმეტეს ტელეფონით. და მეორე. ეტყობა, ძალიან გაუჭირდათ და დამარცხება მათთვის გარდაუვლია. საიდან ვიცი? იქიდან, რომ ოჯახის წევრებზე ქმნიან კომპრომატს“. 

ზოგადად, თემურ ალასანიაზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ვინმემ ზუგდიდის მაჟორიტარობის მომავალი კანდიდატის ანტიპიარად რომ არ ჩაგვითვალოს, მოდით, წერტილი აქ დავსვათ, თუმცა ერთიც ვთქვათ: პოლიტიკური სპექტრიდან გიული ალსანიას მაჟორიტარობის შესაძლო კანდიდატობა, ღიად ნინო ბურჯანაძემ გააპროტესტა. სხვები კი ჯერჯერობით ამ კუთხით, როგორც იტყვიან, სტატუს-კვოს ინარჩუნებენ.

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში