Menu
RSS

ხათუნა ლაგაზიძე: „თუ კატასტროფული შეცდომა არ დაუშვა, „ოცნებას“ არჩევნების მოგების მაღალი შანსი აქვს!“

„პრორუსული ძალები სერიოზულ შედეგს ვერ დადებენ!“

 

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ოცნების“ მიმართ დასავლეთის რიტორიკა შერბილებულია. ყოველ შემთხვევაში, ის კონგრესმენები და სენატორები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ, მმართველ გუნდს სანქციებით ემუქრებოდნენ, მოულოდნელად, საეჭვოდ დადუმდნენ ანუ იქმნება განცდა, რომ ივანიშვილის პარტიამ დასავლეთთან ურთიერთობა დაალაგა. ამასთან, ხელისუფლების წისქვილზე წყალი კორონამაც დაასხა და, როგორც ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, ამის გამო ოპოზიცია დაიბნა. 

მოკლედ, როგორ იქცა პანდემია „ოცნების“ შარავანდედად, ხომ არ სუსტდება საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი და რა მესიანისტური იდეა გადაგვარჩენს? _ გთავაზობთ ინტერვიუს ხათუნა ლაგაზიძესთან.

_ ხათუნა, არ ვიცი, დამეთანხმები თუ არა, მაგრამ მეჩვენება, რომ წლევანდელი საარჩევნო კამპანია, წინა წლებისგან განსხვავებით, დუნედ და უღიმღამოდ მიდის. 

_ დიახ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ ხელისუფლების კი არა, არამედ, მთავარი ოპოზიციური ძალის მხრიდანაც დუნედ მიდის. საერთოდ, ყველაფერი შედარებითია და ყველაზე დუნედ, სწორედ ეს ოპოზიციური პოლიტიკური ძალა გამოიყურება, თუმცა „ნაციონალები“, „ოცნებაზე“ დუნედ მიდიან. 

„ოცნების“ დუნეობას ობიექტური მიზეზი აქვს, რადგან როგორც არასოდეს, ახლა „თეთრ ცხენზე“ ზის და ამ „თეთრ ცხენს“ კორონა ჰქვია ანუ პანდემია „ქართულ ოცნებას“ შარავანდედივით დაედგა. თუ ციფრებიდან ამოვალთ, საქართველოში კორონას გავრცელება, სიკვდილიანობის მსგავსად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებია, რაც ბუნებრივია, ხელისუფლებაში მყოფ ძალას მიეწერა. 

 

ამასთან, „ოცნებას“ კორონასთან დაკავშირებით, ხელ-ფეხს ამომრჩეველში ასეულობით მილიონის ჩაღვრაც უხსნის. ეს დახმარება, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, უპრეცედენტო ტიპის მოსყიდვა იქნებოდა და ჯერ კიდევ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე, სამართლიან არჩევნებზე, უბრალოდ, ვერ ვისაუბრებდით. ახლა კი, კორონას შარავანდედის გამო, ყველაფერ ამას სოციალური დახმარება ჰქვია და იმ ტიპის სოციალურ დახმარებებზეც კი, რომლებიც კორონათი არაა გამოვწეული, ხმას ვერც ოპოზიცია იღებს და ვერც _ არასამთავრობო სექტორი, რადგან ამას, მათ მიმართ მხოლოდ ნეგატივი მოჰყვება. 

მოკლედ, კორონას „თეთრ ცხენზე“ ხელისუფლების „შემოსკუპებამ“ ოპოზიციაზეც იმოქმედა. 

_ ესე იგი, არჩევნების წინ, კორონა „ოცნების“ ერთ-ერთ მოკავშირედ იქცა? 

_ დიახ, მთავარი მოკავშირეა. ყველაფერი ეს კი ოპოზიციისთვის სერიოზული ფსიქოლოგიური წნეხი აღმოჩნდა, რადგან არ იცის, „ოცნების“ ამ სრულიად მოულოდნელ წარმატებას საიდან შემოუაროს! სწორედ ეს განაპირობებს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ პასივშია გადასული. დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს საარჩევნო კამპანია მეტ-ნაკლებად დაწყებული აქვთ. აი, „ნაციონალები“ კი ბევრ ოლქში მაჟორიტარებზეც არ არიან ჩამოყალიბებულნი. 

_ კორონობამ ოპოზიცია, შესაძლოა, დააბნია, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მე ვბრუნდებიო, „ნაციონალებს“ ახალი სუნთქვა ხომ არ გაეხსნებათ? 

_ კი, შეიძლება, ასე მოხდეს, მაგრამ აქამდე ოპოზიცია და განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“, ხელისუფლების შეცდომებს ითვლიდა. საერთოდ, 8 წლის განმავლობაში, „ოცნებამ“ უამრავი ბრიყვული შეცდომა დაუშვა, რასაც საკმაოდ მძიმე შედეგი მოჰყვა და რომ არა კორონა, ოპოზიცია იმედოვნებდა, ეს შეცდომები „ოცნებას“ გადაიყოლებსო, მაგრამ კორონას ტალღაზე, კრიმინალის აღზევებამაც კი „ოცნებას“ ბევრი ვერაფერი დააკლო, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ოპოზიცია ძალიან პასიურია! 

მოკლედ, რომ არა კორონა, ფორმულა ძალიან მარტივი იყო: არჩევნებს ოპოზიცია კი ვერ იგებდა, მაგრამ შეიძლება, „ოცნებას“ წაეგო, მაგრამ კორონას გამო, „ოცნებას“ გაუჩნდა შანსი, რომ არჩევნები მოიგოს და ეს ოპოზიციისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა. 

სააკაშილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. ჩემთვის სრულიად გასაგებია, როცა საუბარი მის პრემიერობაზე მიდის ანუ ამით პროცესები ისევ ორპოლუსიანობისკენ მიჰყავს. ყველაფერ ამას კი ძალიან მარტივი ახსნა აქვს _ საპარლამენტო სისტემის დროს, სამთავრობო კოალიციას პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა აკომპლექტებს. აქედან გამომდინარე, „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება, რომ ოპოზიციის ფლანგიდან საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტებაში არავინ შეეცილოს ანუ „ნაცმოძრაობის“ ამოცანა მხოლოდ ის კი არაა, რომ პროპორციული სიით „ოცნების“ შედეგს მაქსიმალურად მიუახლოვდეს, არამედ, ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიას დიდი ნახტომით გაუსწროს. საამისოდ, სააკაშვილს საკუთარი ამომრჩევლისთვის ერთგვარი სტიმულატორი თუ მოტივატორი სჭირდებოდა და ეს განცხადება, ვბრუნდებიო, ამიტომაც გააკეთა, ამით საკუთარი ამომრჩეველი მკვეთრად მოხაზა ანუ მისგან წასულ პოლიტიკურ ძალებს „ნაციონალების“ ხმების წაღების სურვილი რომ არ გასჩენოდათ და ასევე, ამომრჩეველი არ დაბნეულიყო, „ძალა ერთობაშიადან“ გასულები ისევ ჩვენი ორბიტის წევრები ხომ არ არიან და ხმა მათ ხომ არ მივცეთო, სააკაშვილმა ზემოხსენებული განცხადება სწორედ ამიტომ გააკეთა. 

_ ერთი სიტყვით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებისთვის კი არა, იმისთვის იბრძვის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი 31 ოქტომბრის მერეც შეინარჩუნოს? 

_ „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის იბრძვის, რომ ოპოზიციიდან საპარლამენტო უმრავლესობის დაკომპლექტების პრეროგატივა მის გარდა არავის ჰქონდეს. ამის შემდეგ კი იწყება შემდგი პროცესი: თუ „ოცნება“ 40%-ს ვერ აიღებს და „ნაციონალები“ მოახერხებენ იმას, რომ ოპოზიციურ პარტიებს უარი ათქმევინონ „ოცნებასთან“ კოალიციის შეკვრაზე, სწორედ „ნაციონალებზე“ გადავა სამთავრობო კოალიციის შექმნის ვალდებულება. სააკაშვილი სწორედ ამ შანსზე ითვლის და ეს გათვლა სრულიად რეალისტურია. 

_ იმ ფონზე, როცა კორონამ „ოცნებას“ არჩევნების მოგების შანსი გაუზარდა, ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას როგორ დააკომპლექტებს? 

 

_ როგორც მოგახსენეთ, „ნაციონალები“ ითვლიან იმაზე, რომ ოპოზიცია არ წავა „ოცნებასთან“ კოალიციაზე. თუმცა, დღეის მონაცემებით, თუ ოპოზიცია მაქსიმალურად არ გააქტიურდა დარჩენილ ორ თვეში და ხელისუფლებამ კატასტორფული შეცდომა არ დაუშვა, „ოცნება“ ახლოს დგას სანუკვარ 40%-თან. 

სხვათა შორის, ცუდად ის მენიშნა, რომ „ენ-დი-აი“-მ დამკვირვებლების გამოგზავნაზე უარი თქვა. მართალია, ამ უარს განმარტებითი ბარათი მოაყოლა, ადგილზე ვითარებას ჩემი ანალიტიკოსები შეისწავლიან და ოპოზიციური პარტიების რაპორტებიც მომივაო. ამასთან, დამკვირვებლების არგამოგზავნის მთავარ არგუმენდატ კორონა მოიყვანა, მაგრამ თუ სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს ამ არჩევნების ბედი და შედეგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მაშინ კორონა ხელს ვერ შეუშლიდა. ბოლოს და ბოლოს, ერთ ჩარტერულ რეისს წინ არაფერი დაუდგებოდა, მით უმეტეს, რომ პრაქტიკულად, ერთ-ერთ, ყველაზე კორონა-უსაფრთხო ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყვნენ. 

_ „ენ-დი-აი“-მ დამკვირვებლების გამოგზავნაზე უარი იმიტომ ხომ არ თქვა, რომ „ოცნებამ“ დასავლეთთან ურთიერთობა, როგორც იტყვიან, დაალაგა? 

_ „ოცნებამ“, ლობისტების მეშვეობით, დასავლეთთან ურთიერთობა რომ დაალაგა, ამას შტორმის შემდეგ, კონგრესმენებისა და სენატორების მკვეთრი სიჩუმეც მოწმობს. შარშან დეკემბერში რომ დაიწყო დასავლეთიდან განცხადებები, გაზაფხულამდე არ გაჩერებულა, მაგრამ მერე, თითქოს უხილავმა რეჟისორმა ხელი აიქნიაო, ეს განცხადებები შეწყდა.

მეტიც, ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, კიზინგერს საიდან არ შემოუარეს, მაგრამ „ოცნების“ მიმართ კრიტიკა კი არა, ერთი აუგიც ვერ დააცდენინეს და განაცხადა, ის მივიღეთ, რასაც ვითხოვდით ანუ პროპორციული არჩევნები და შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ გვაქვსო. 

თავს ნამდვილად ვერ დავდებ, რომ „ენ-დი-აი“-ს დამკვირვებლების არჩამოსვლა, უშუალოდ, „ოცნების“ ლობისტების გამოძახილია, მაგრამ საქართველო რეგიონში აშშ-სთვის, პრაქტიკულად, ბოლო ციტადელია და თუ ამ არჩევნების შემდეგ, ჩვენთან რუსული გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა, მაშინ აშშ საქართველოს კიდევ უფრო დაკარგავს და ამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმპტომი ისაა, რომ რუსეთმა ხელი მხოლოდ საქართველოს კი არა, არამედ, ჩვენს ქვეყანაში ამერიკულ ინფრასტრუქტურაზეც აღმართა. 

_ რას გულისხმობ, ხათუნა? 

_ ბოლო დროს, ლუგარის ლაბორატორიიდან ინფორმაციის გატანას. 

_ ჰოდა, ამ მოცემულობაში, იგივე აშშ-ს ინტერესში არ უნდა იყოს, რომ არჩევნებზე დამკვირვებლები გამოაგზავნოს, თუ ოპოზიცის იმედი აღარ აქვს, რადგან დაქსაქსულია და დასავლეთი „ოცნებასთან“ ურთიერთობის დალაგებაზე ამიტომაც წავიდა? 

_ მიუხედავად იმისა, რომ დაქსაქსულია, ოპოზიციას მაინც გარკვეული იმედით ვუყურებ. 

_ დამისაბუთე, რატომ? 

_ გარკვეული იმედის მომცემი პერსპექტივები გაჩნდა, თუმცა ვიდრე ამ თემაზე ვრცლად ვისაუბრებ, ერთს ვიტყვი: აშშ-ს გაციების მიზეზი იმედგაცრუება კი არა, ალბათ, უფრო აშშ-ის შიდა პროცესებია. ყოველ შემთხვევაში, ამ კუთხითაც ვფიქრობ, რადგან წინასაარჩევნოდ, აშშ-ში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება, ამას კოვიდიც ემატება, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამას გარდა, აშშ-ის იმ დიდი პრეზიდენტების სამარცხვინოდ, რომლებმაც აშშ-ს გავლენა მსოფლიოს „გადააფარეს“, ამ ქვეყნის გავლენა შაგრენის ტყავივით უფრო და უფრო ვიწროვდება და თვით აშშ-ის ძალიან „დიდი თავებიც“ შეშფოთებულნი კითხულობენ, მსოფლიოს კიდევ ერთი სუპერსახელმწიფოს დასუსტებისა და უკუსვლის ეპოქა ხომ არ დგებაო? 

ასეა თუ ისე, ფაქტია: გეოგრაფიულად თუ გადავხედავთ, ობამასდროინდელი და ობამასშემდგომი აშშ-ის გავლენა რადიკალურად შემცირებულია. სამწუხაროდ, საქართველოც ამ რეალობაშია მოქცეული! 

ამიტომ, ჩვენ ისეთი საერთაშორისო-გლობალური მესიანისტური იდეა გვჭირდება, როგორიც თავის დროზე ალიევის, დემირელისა და შევარდნაძის სამკუთხედმა „შექმნა“ _ მათ ამ სამი ქვეყნის უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა გამოიყენეს და ეს იდეა დასავლეთს შესთვაზეს! 

_ სააკაშვილის გარდა, ქართულ პოლიტიკაში ისეთი ფიგურა გეგულება, რომელსაც შეიძლება, ეს მესიანისტური იდეა გაუჩნდეს? 

_ კარგი კითხვაა... ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. საერთოდ, ერთია სახელმწიფოს მისია და მეორე, ამ იდეის გარშემო გაერთიანება. 

რუსული სიანფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის მთავარი სამიზნე, სამიზნე ქვეყნების საზოგადოებებია. ამ სცენარის მთავარი მიზანი ისაა, რომ საზოგადოება რაც შეიძლება, მეტ დაპირისპირებულ ჯგუფად გაიყოს და ამ ჯგუფებში ისეთი მიუღებლობა ჩანერგოს, რომ მათ ერთიან სახელმწიფოებრივ იდეაზე ორიენტირება ვერ შეძლონ. სხვათა შორის, რუსეთი აშშ-შიც ამ სცენარით მოქმედებს. 

ყველაფერ ამის საპირწონე ისეთი ტიპის იდეა უნდა იყოს, რომელიც მხოლოდ საქართველოს საზოგადოებას კი არ გააერთიანებს, არამედ, დასავლეთისთვისაც საინტერესოს გაგვხდის, თორემ ყველაფრიდან ჩანს, რომ ეს ინტერესი, სამწუხაროდ, ილევა. 

_ ხათუნა, ხელმეორედ გკითხავ: ქართულ პოლიტიკურ ავანსცენაზე თუ არის ისეთი ვინმე, ვისაც შეიძლება, ასეთი იდეა გაუჩნდეს? 

_ სამწუხაროდ, ასეთ იდეას ჯერჯერობით ვერც ერთი პოლიტიკური ძალისგან ვერ ვხედავ, თუმცა რამდენიმე, ძალიან საინტერესო სტრატეგიული პროექტი არსებობს, რომელსაც პოლიტიკური ძალები გვთავაზობენ. აი, მაგალითად, „ლელომ“ ქვეყნის ეკონომიკურად წელში გამართვის სრულიად რეალისტური ხედვა წარმოადგინა, თუმცა ერთი რამ დამაკლდა _ მილიარდების მოზიდვასა და იმაზეა ლაპარაკი, რომ საქართველოში „ამაზონმა“ თავისი რეგიონალური ცენტრი უნდა გახსნას, საერთაშორისო საფონდო ბირჟა შეიქმნას, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ყველაფერ ამას განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში უწერია, თუ საქართველოს მიმართ დასავლეთის ინტერესი ისეთივე იქნება, როგორიც დიდი სამკუთხედის _ ალიევ-შევარდნაძე-დემირელის დროს იყო და როცა დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ფუნქცია პირველად შევიძინეთ.. 

_ გამორიცხავ, რომ მესიანისტური იდეის ლოკომოტივად გიორგი ვაშაძე მოგვევლინოს? 

_ არა, სახელმწიფოებრივი იდეის დეფიციტი, როგორც გითხარით, დღეს ყველა პარტიას აქვს, თუმცა ვაშაძემ სტრატეგიულ პროგრამაზე საუბარი ყველაზე ადრე _ 2019 წლის სექტემბერში დაიწყო. ჩემი ყურადღება კი ჯერ კიდევ თბილისის მერის არჩევნების დროს მიიქცია, როცა საუბარი მაღალტექნოლოგიურ საქართველოსა და ინოვაციებზე ღიად დაიწყო.. მაშინ ეს ქართულ პოლიტიკაში ახალი სიტყვა იყო. 

ძალიან საინტერესოა, ასევე, ლევან ბოძაშვილის ულტრათანამედროვე სახელმწიფოს _ ნეო საქართველოს ხედვა. 

მოკლედ, ვფიქრობ, ქართულ პოლიტიკაში სტრატეგიული აზროვნებისა და ხედვების, სასიამოვნო ცვლილებების ქარი ქრის: საქართველოს პოლიტიკური აზროვნება სხვა მოთხოვნებზე გადის და დღეს თუ არა ხვალ, ამ ტიპის პოლიტიკური ძალები კრიტიკულ უმრავლესობას შექმნის და ქვეყანაში არსებულ დაჭაობებულ გარემოს შეცვლის. 

_ ბოლოს, ხათუნა, მარტივად მითხარით: იმის შანსი, რომ 31 ოქტობრის შემდეგ საქართველოში პრორუსული ძალები გაძლიერდნენ, რეალურია თუ არა? 

_ ამის თქმა ცოტა რთულია, თუმცა კარგია, რომ პრორუსული ძალების მიმართ, საზოგადოება თავის რეაქციას არ აყოვნებს. 

მოკლედ, მართალია, თავიანთი ამომრჩეველი ჰყავთ, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ პრორუსულმა ძალებმა სერიოზული შედეგი დადონ _ ყველაზე მაქსიმუმი, შეიძლება, 7 პროცენტამდე აიღონ, მაგრამ სხვა თემაა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადება რუსული ფსიქოლოგიური და საინფორმაციო აგრესიისგან დაცული არ იყოს. არჩევნების შემდეგ, პარლამენტში პრორუსული ძალების გავლენა ვერ გაიზრდება, მაგრამ თუ „ოცნებას“ მთავრობის შესაქმნელად სხვებთან კოალიცია არ დასჭირდა, საქართველოში კიდევ უფრო მეტ რუსულ გავლენას მივიღებთ!

 

დაბრუნება დასაწყისში