Menu
RSS

რა ცვლილებები შევიდა ახალ საარჩევნო კოდექსში

ვის ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაცია და რა შემთხვევაში დაჯარიმდებით ან დაგეკისრებათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები ახალი კოდექსით ჩატარდება. კერძოდ, ესაა შერეული საარჩევნო სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალ პარლამენტში 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი გვეყოლება. ახალი კოდექსი 1%-იან ბარიერსა და ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც აწესებს. გასულ კვირას, 81 ხმით, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ორგანულ კანონში _ ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების პროექტს. საკანონმდებლო პაკეტში წარმოდგენილი ცვლილებების დიდი ნაწილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის _ OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციებს ეფუძნება.

ცვლილებების თანახმად, კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც კი იკრძალება. 

ამავე ცვლილებებით, კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე, ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც აკრძალულია, ოღონდ იმ დაშვებით, რომ ეს აკრძალვა ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას არ შეეხება. 

ცვლილებების თანახმად, ფართოვდება იმ პირთა წრე, რომელთაც წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა ეკრძალებათ. ეს ნიშნავს, რომ წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს _ სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე, სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს. 

ამასთან, საარჩევნო კოდექსს დაემატა ჩანაწერი, რომელიც არჩევნებამდე 2 თვით ადრე, სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს განხორციელებული პროექტების შესახებ სარეკლამო ვიდეორგოლების განთავსებას უკრძალავს. 

ცვლილებების თანახმადვე, არჩევნების მეორე ტური გაიმართება არჩევნებიდან მე-3 შაბათს, რომელსაც განკარგულებით ცესკო ნიშნავს. 

თუ მეორე ტურში მონაწილე ერთ-ერთმა საარჩევნო სუბიექტმა დაკარგა პასიური საარჩევნო უფლება, ასეთ შემთხვევაში, მეორე ტური არ გაიმართება და ცესკო-ს მიერ, მეორე საარჩევნო სუბიექტი გამოცხადდება გამარჯვებულად. 

* * * 

ახლა ვნახოთ, რა იცვლება წინასაარჩევნო რეკლამის მედიაში განთავსების ნაწილში. ზოგადად, მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით, ახალ საარჩევნო კოდექსში მთელი რიგი ცვლილებებია. კერძოდ, ტელე ან რადიოკომპანიის მიერ, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო, მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15%-ს არ უნდა აღემატებოდეს და არცერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოს ამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის ერთნაირი უნდა იყოს. 

მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განსათავსებლად გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი (რეკლამის დამკვეთი) სუბიექტისთვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას საარჩევნო სუბიექტისთვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, უკანონო შემოწირულობად ჩაითვლება. აკრძალულ შემოწირულობად ჩაითვლება დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც. 

ამავე ცვლილებებით, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ვეღარ შეძლებენ, რომ მედიაში, ერთმანეთის შესახებ პოზიტიური საარჩევნო რეკლამა განათავსონ. უფრო კონკრეტულად, დაუშვებელია ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ სარეკლამო დროის ფარგლებში ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. გარდა ამისა, მედია საშუალებას საარჩევნო უბანში, სამის ნაცვლად, მხოლოდ ორი წარმომადგენლის ყოლის უფლება ექნება. 

,,იმ შემთხვევაში, თუ ტელე და რადიო მაუწყებელი, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს კანონით დადგენილ ვადაზე ადრე გამოაქვეყნებს, ჯარიმა იზრდება. კერძოდ, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული წესების დარღვევისას, მაუწყებელი 5 000 ლარით დაჯარიმდება. მედიის სხვა საშუალებებისთვის ჯარიმის ოდენობა კვლავ 1 500 ლარი იქნება. ამასთან, ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია, რომ კვალიფიციური პარტიების გარდა, დებატებში მიიწვიოს არჩევნებში მონაწილე არაკვალიფიციური სუბიექტებიც. 

კანონში აღარ იქნება ასახული ნორმა, რომლის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ენიჭება ფართო დისკრეციული უფლებამოსილება მედიის ფინანსური საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. შესაბამისად, პროექტში აღარც სანქციაა გათვალისწინებული’‘, _ ვკითხულობთ კანონში. 

* * * 

ცვლილებების თანახმად, ზუსტდება საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცედურებიც. კერძოდ, საუბნო საარჩევნო კომისიებში, არაპარტიული ნიშნით წევრთა არჩევა მოხდება შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის არაპარტიული ნიშნით არჩეულ წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით. ამასთან, საუბნო კომისიებთან მიმართებით, ფართოვდება ჩანაწერი ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვაზე. 

,,უფრო კონკრეტულად, თუკი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის ოჯახის წევრია, მას არჩევის პროცედურაში მონაწილეობის უფლება ეკრძალება. კანონპროექტის თანახმად, ოჯახის წევრად მიჩნეულია: მეუღლე, პირდაპირი აღმავალი, ან დამავალი შტოს ნათესავი, გერი, და, ძმა, მშობლის ან შვილის გერი, მეუღლის და, ძმა, მშობელი. ასევე, დაუშვებელი ხდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც ბოლო საერთო არჩევნებში ნებისმიერი დონის საარჩევნო კომისიის წევრად, პოლიტიკური პარტიის მიერ იყო დანიშნული’‘. 

ცვლილებები ეხება გენდერული კვოტირების საკითხებსაც. კერძოდ, 2028 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში, პარტიამ ცესკო-ს თავმჯდომარეს უნდა წარუდგინოს ისეთი პარტიული სია, რომლის ყოველ ოთხეულში, ერთი კანდიდატი მაინც იქნება განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, ხოლო 2028 წლიდან 2032 წლამდე ჩასატარებელ საპარლამენტო არჩევნებში, პარტია ვალდებული იქნება, ცესკო-სთვის წარდგენილ სიაში, ყოველი სამი კანდიდატიდან, ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის. 

,,აღსანიშნავია, რომ პარტია, რომელიც 2028 წლამდე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების საფუძველზე იღებს დაფინანსებას, მიიღებს ასევე დანამატს მისაღები დაფინანსების 30%-ის ოდენობით, თუ მის მიერ პარლამენტის ბოლო არჩევნებზე წარდგენილ პარტიულ სიაში, ყოველ სამეულში, ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესისაა. დანამატი პარტიის ქალთა ორგანიზაციის საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული. ცვლილებების თანახმად, ბლოკში შემავალი პარტიების სახელმწიფო დაფინანსების განაწილების წესი ბლოკის წესდებით შეიძლება განისაზღვროს’‘. 

საარჩევნო კოდექსით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველთა მონაწილეობის დროებითი წესიც განისაზღვრა. შესაბამისად, საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, შშმ პირთათვის უბნების ადაპტირება აუცილებელია _ თითოეულ ოლქში, არანაკლებ 4-4 უბანი უნდა იყოს ეტლით მოსარგებლეთათვის. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, რატი იონათამიშვილმა ძირითადი ორგანული კანონპროექტიც წარადგინა, რომლითაც ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის აკრძალვასთან დაკავშირებული საკითხები ზუსტდება. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დამრღვევის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 

რატი იონათამიშვილის განმარტებით, შემოდის მყარი გარანტიები ადამიანის ხმის უფლების მაქსიმალურად დასაცავად, მათ შორის, ახდენს იძულებისა და ძალადობის, ასევე, ფარულობის დარღვევის პრევენციას. ასეთ შემთხვევაში, მოიაზრებს პროპორციულ და სამართლიან რეაგირებასა და სამართლებრივ შეფასებას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. 

,,არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის, მათ შორის, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან/და მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე’‘, _ ვკითხულობთ კანონში.

მაია მიშელაძე

დაბრუნება დასაწყისში