Menu
RSS

მიშას საარჩევნო ტრიუკი

მართლა ბრუნდება თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში

კართან კი არ მოდგა, არამედ, შემოდგომამ კარი უკვე შემოაღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური წიწილების დათვლის სეზონი დაიწყო. რომელი „კრუხი“ აღმოჩნდება ყველაზე „მრავალშვილიანი“, ამას 31 ოქტომბერს გავიგებთ, მანამდე კი, ისეთი პირი უჩანს, რომ პოლიტიკური ცირკი არ მოგვაკლდება, თუმცა აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ წლევანდელმა საარჩევნო კამპანიამ, ყველა წინამორბედისგან განსხვავებით, შესაძლოა, უჩვეულოდ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს და სანახაობის მომსწრენიც ვერ გავხდეთ.

ასეა თუ ისე, პირველი სექტემბრიდან საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გაიხსნა, რასაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ არჩევნების თარიღის ოფიციალური დასახელება უძღვოდა. 

„მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად... ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას... ვიცი და მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მომავალი არჩევნები ასე დემოკრატიულად, მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩავატაროთ“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

ყველამ ვიცით, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი ბუტაფორიული პრეზიდენტია ანუ ფასი მის სიტყვას არ აქვს. შესაბამისად, იმის ილუზია, რომ მთავარსარდლის მოწოდებას, წინასაარჩევნო კამპანია და ასევე, არჩევნებიც მშვიდად და დემოკრატიულად ჩავატაროთო, პოლიტიკური აქტიორები ერთი ყურიდან შეუშვებენ და მეორედან გაუშვებენ, მაგრამ ზურაბიშვილისგან განსხვავებით, მთელი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის ბაჯაღლოს ფასი აქვს ცივილიზებული დასავლეთის პოზიციას. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მხოლოდ მმართველი გუნდი კი არა, არამედ, ოპოზიციაც იმედს სწორედ ევროპა-აშშ-ზე ამყარებს ანუ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იტყვიან, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდაო, ამით „ოცნება“ სიხარულისგან ცას ეწევა, ოპოზიციას კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდება, მაგრამ თუ უცხოელები იტყვიან, რომ საქართველოში 2020-ის არჩევნები თვალშისაცემი ხარვეზებით ჩატარდა, მაშინ შესაძლოა, ოპოზიციის უმრავლესობამ 2003 წლის სცენარის განმეორება სცადოს ანუ ხმების დაცვის საბაბით, ქუჩის აქციები დაიწყოს და „ოცნება“, მინიმუმ, აიძულოს, რომ უმრავლესობა არ გაიფორმოს და კოალიციურ მთავრობაზე დასთანხმდეს, თუმცა ყველაფერი ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი, რადგან ზუსტად არავინ იცის, 31 ოქტომბერს რა მოხდება. 

საერთოდ, პროგნოზები უმადურობად ითვლება, ამიტომ ამისგან თავი ჩვენც შვეიკავოთ და იმაზე ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ, რაც პოლარული ღამესავით ნათელია. 

ნათელი კი ისაა, რომ კრიმინალური ახალი ამბებით გაჯერებულ საინფორმაციო ველში, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკა დააბრუნა ანუ რამდენიმე დღის წინ, ექსპრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მოსახლეობას პრეზიდენტობისას დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოუხადა და ისიც გვამცნო, რომ... ბრუნდება. 

„უკრაინა ჩემი მეორე სახლია. თავის დროზე, აქ ჩამოვედი ჩემი მთავარი სახლიდან, ჩემი ტკბილი საქართველოდან. უკრაინა სტუდენტობის ასაკიდან ყოველთვის ძალიან მიყვარდა, ყველაზე რთულ პერიოდში, სწორედ უკრაინამ მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ ყოველგვარი პირობებისა და მოთხოვნების გარეშე და მე ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მადლობელი ვარ ასევე ბედის, რომ მომცა შესაძლებლობა, ბოლო შვიდი წელი განმეცადა ეს და საკმარისი დროა დაფიქრებისთვის და ბევრი საკითხის გადასაფასებლად. 

ახლა, წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის. 

მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან, ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. 

ამავე დროს, მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში, არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით, დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! 

მე ვბრუნდები!“ _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ზემოხენებულ ვიდეომიმართვაში. 

საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების პირობას დებს. აი, მაგალითად, ასე იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, როცა მიშას მხარდამჭერებს იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილი სამშობლოში ზღვით დაბრუნდებოდა. ეს კი არადა, მართლმორწმუნე „ნაცები“ პირად საუბრებში დღემდე ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტი მაშინ სარფთან იყო, მაგრამ გიგა ბოკერიამ და სხვებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოს საზღვარი არ გადმოეკვეთა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ახსენებენ ელენე ხოშტარიასაც, რომელიც მიშას, თურმე, „სკაიპით“ ეჩხუბა. 

დანამდვილებით ვერ გეტყვით, ოთხი წლის წინ მოვლენები ასე დრამატულად მართლა ვითარდებოდა თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ახლაც სააკაშვილის ფანები არიან, ირწმუნებიან, რომ ბოკერიამ და მისმა რაზმმა ნაცმოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილება, სწორედ ზემოხსენებული „ონლაინრაზბორკის“ შემდეგ მიიღო. 

მოკლედ, ასეა თუ ისე, მიშა ბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ამბობს, რომ ბრუნდება, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის, ეს დაბრუნება რეალურია თუ, უბრალოდ, საუბარი სატელევიზო დაბრუნებაზეა ანუ ერთი ვერსიით, სააკაშვილი ამ განცხადებით, საკუთარი მომხრეებისა და გულშემატკივრების მობილიზებას ცდილობს. მეორე ვერსიით კი, მიშას დაბრუბნება „მგელი მოდის“ „ოპერიდანაა“, ერთგვარი „მაშველი რგოლის“ ფუნქცია აქვს და ე.წ. შუაშისტურ ელექტორატზეა გათვლილი. კერძოდ, ამ შემთხვევაში საუბარი, დაახლოებით, ასეთ სცენარზეა: 

 

დიდი ხანია, ქართული პოლიტიკა ორ _ „ოცნებურ“ და „ნაცურ“ პოლუსადაა გაყოფილი, ესე იგი, ორივე პარტიას თავისი მეტ-ნაკლებად მყარი ელექტორატი ჰყავს, თუმცა ამას გარდა, ქვეყანაში უამრავია ისეთი ადამიანი, რომელსაც არც „ქოცები“ უნდა და არც „ნაცები“, მაგრამ მიშას, მაინც „ოცნება“ ურჩევნია. ჰოდა, იმის შიშით, ემანდ, სააკაშვილი მართლა არ დაბრუნდეს და რეპრესიები არ დაიწყოსო, ხმა შესაძლოა, ისევ „ოცნებას“ მისცეს. 

სხვათა შორის, სწორედ ეს მიზანსცენა გათამაშდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე _ მათაც კი, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს დასანახად ვერ იტანდნენ, იმის დაშვებით, რომ პრეზიდენტი შესაძლოა, გრიგოლ ვაშაძე გამხდარიყო, ხმა „მადამ პიურეს“ მისცეს („მადამ პიურე“ ჩემი შერქმეული თიკუნი არ გეგონოთ. ქალბატონ პრეზიდენტს ამ მეტსახელით მას შემდეგ მოიხსენიებენ, რაც საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მისმა მხარდამჭერმა მმართველმა პარტიამ ხალხს კარტოფილი და ხახვი დაურიგა!). 

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების კონტექსტში კიდევ ერთი ნიუანსია საგულისხმო _ კულუარული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში, კერძოდ, 7 სექტემბერს, ნაციონალური მოძრაობა ექსპრეზიდენტს საქართველოს პრემიერობის კანდიდატად დაასახელებს. დავუშვათ, ეს ინფორმაცია გამართლდა და ისიც დავუშვათ, რომ „ნაცმოძრაობა“, ესე იგი, კოალიცია „ძალა ერთობაშიამ“ არჩევნებზე იმდენი ხმა მიიღო, რომ მთავრობის დაკომპლექტება, პარტნიორებთან ერთად შეძლო, მაგრამ საინტერესოა, სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის პრემიერი როგორ გახდება? _ ის ხომ უკრაინის მოქალაქეა, თან საქართველოს ძალოვანი უწყებების მიერ ძებნილია.

მოდით, ვიფანტაზიოროთ: სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ვერ იხსენებს, სააკაშვილი ვინ არის, თავის წინამორბედს საქართველოს მოქალაქეობა მისცა, მაგრამ რა მოვუხერხოთ სისხლის სამართლის კოდექსს? კი ბატონო, მიშა უდანაშაულოა და „ოცნება“ მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ანხორციელებს, მაგრამ ყველაფერ ამას ხომ სასამართლოს მიერ დასაბუთებული განაჩენი სჭირდება, რაც დროში გაიწელება. ჰოდა, სანამ ყველა ეს პროცედურა ამოიწურება, რა ვქნათ, პრემიერის გარეშე ვიყოთ თუ „ნაცმოძრაობა“ კანონს ზურგს შეაქცევს და ადამიანს, რომელიც ქართული კანონმდებლობით ძებნილია, მინისტრთა კაბინეტის ლიდერად მაინც დაამტკიცებს? 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, უფრო მყარდება მოსაზრება, რომ სააკაშვილის განცხადება, მე ვბრუნდებიო, ჩვეულებრივი საარჩევნო ტრიუკია და მეტი არაფერი. 

ამასთან, ეს ის შემთხვევაა, როცა იგივე „ოცნების“ ლიდერშიფის წარმომადგენლები რეალობას რეალურად აფასებენ და ამბობენ, რომ სააკაშვილი ზემოხსენებული ვირტუალური დაბრუნებით, მხოლოდ საკუთარ გულშემატკივრებზე მუშაობს ანუ სხვა დროს, დავით მათიკაშვილის მოსაზრებისთვის შესაძლოა, ანგარიში არ გაგვეწია, მაგრამ ამ შემთხვევაში, „ოცნების“ ერთ-ერთი სპიკერი სიმართლეს ამბობს. 

„სააკაშვილის მდარე დრამატურგიამ და „ნიანგის ცრემლებმა“ ყველა კითხვას გასცა სათანადო პასუხი. ამ სიყალბეს უნდა დაესვას წერტილი. მინდა მივმართო სააკაშვილის პარტიის მოქმედ და ყოფილ წევრებს, ალბათ, უკვე ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ნახეთ თქვენი საკუთარი ბელადის პოზიცია და ბოდიშები საკუთარი ხალხის მიმართ. ისე, მინდა შეგახსენოთ, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, წითელი დიდი წიგნი, სადაც ჩამონათვალია იმ დანაშაულების, რომლებიც ისჯება სისხლის სამართლის წესით ძალიან მკაცრად. იქვე არის გამიჯნული, რა არის დანაშაული და რა გადაცდომა, შეცდომა. ნუ ავურევთ ამას ერთმანეთში და ნუ შევეცდებით საზოგადოებას ნაცარი თვალში შევაყაროთ. 

შეცდომა არ არის ადამიანის მოკვლა, ოჯახების განადგურება. შეცდომა არ არის მედიასაშუალებების დარბევა და მათი წართმევა მესაკუთრეებისთვის. შეცდომა არ არის საკუთარი მიწა-წყლის, სამშობლოს 20%-ის ჩაბარება ოკუპანტებისათვის. ეს არის დანაშაული და ამაზე, ყველა მისმა ჩამდენმა, ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი. დიახ, უნდა დაბრუნდეს საქართველოში, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს! მან კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი ქართველი ხალხის წინაშე, იმ თითოეული ოჯახის წინაშე, რომლის წინაშეც პირადად მას და მისი პარტიის ძალიან ბევრ წევრს მიუძღვის დანაშაული. ვგულისხმობ ყველა იმ ოჯახს, რომელიც ცხინვალის რეგიონდან გამოიდევნა; ვგულისხმობ ყველა წართმეულ ბიზნესს, რომელიც საზოგადოებამ და მსოფლიომ კარგად იცის. ამ ხალხის რიგში შედის გირგვლიანის, რობაქიძის ოჯახები. ეს ადამიანები დღემდე ითხოვენ პასუხებს არა შეცდომებისთვის, არამედ, დანაშაულებისთვის, რომელიც მან ჩაიდინა... 

ყოფილი დამნაშავე პრეზიდენტი პირდაპირ აღიარებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა... 

ეს „ნიანგის ცრემლები“ და ტყუილები მას საქართველოში აღარ გაუვა. ის მაღალი დონის მატყუარაა, მაგრამ ქართველ ხალხს ვეღარ მოატყუებს. ის იტყუებოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იტყუებოდა 2012 წლიდან დღემდე, ხან წყლით მოდიოდა, ხან მიწით, ხან ხმელეთით, მაგრამ ამ ტყუილებს თვითონვე დაუსვა წერტილი. ხომ არ მიბაძავდით კოლეგებო მას და იმ დანაშაულებისთვის, რომელიც ჩადენილია თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, გამოხვალთ და ბოდიშს მოუხდით საზოგადოებას?! ეს პასუხისმგებლობისგან არცერთ შემთხვევაში არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ არსებობს მორალი და ამ მორალსაც უნდა ვცეთ პატივი“, _ აცხადებს ბატონი მათიკაშვილი. 

სააკაშვილის დაბრუნებას „ბლეფად“ მიიჩნევს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გოჩა ჯოჯუაც, რომელმაც ვანო პავლიაშვილის გადაცემა „პოლიტიკურ ბარში“ განაცხადა: 

„მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება ისეთივე ნონსენსია, როგორიც ბიძინა ივანიშვილის დარჩენა. ივანიშვილს როგორც კი გაუჭირდება, სააკაშვილი მაშველი რგოლივით ამბობს, რომ ბრუნდება. საზოგადოების უდიდესი ნაწილი ნამდვილად ჩამოყალიბებულია, რომ „ოცნება“ უნდა წავიდეს, მაგრამ გარკვეულ ნაწილს აქვს იმის შიში, რომ ნაციონალური მოძრაობა არ მოვიდეს. ერთიც და მეორეც უკვე განვლილი ეტაპია, ქართველმა ერმა წინ უნდა დიწყოს ყურება“. 

რა არის წინ? _ ამის თქმა ხელაღებით ძნელია, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ სააკაშილის ვიდეომიმართვა, რომლის თაობაზეც ამდენს ვსაუბრობთ, თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ პიარში, ერთგვარად ახალი სიტყვაა ანუ მიშამ, რომელსაც ექსცენტრიულობა ახასიათებს, აგრესიაზე უარი თქვა და საზოგადოების წინაშე სრულიად მშვიდი სახით წარსდგა, თანაც ბოდიშიც მოიხადა. ბოდიში კი, მოგეხსენებათ, ერთგვარი „წამალია“, რომელიც გამწარებულ ადამიანებზე მეტ-ნაკლებად დადებითად მოქმედებს. 

ზუსტად ეს ტრიუკი გამოიყენა სააკაშვილმა 2007 წლის სისხლიანი 7 ნოემბრის შემდეგაც _ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანია დაიწყო თუ არა, ბილბორდებსა თუ ვიდეოკლიპებში გამოჩნდა მიშა, რომელიც მოხუც ქალბატონს ეფერებოდა და თან თვალზე კურცხალი „უგორავდა“. 

მოკლედ, რა, რა და, სააკაშვილმა პიარი ზედმიწევნით კარგად იცის! 

რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ ექსპრეზიდენტის პრემიერობის შესაძლო კანდიდატად დასახელებას, გულახდილები თუ ვიქნებით, სიახლე არც ესაა და აი, რატომ: რვა წლის წინ ანუ მაშინ, როცა პოლიტიკურ ავანსცენაზე „ოცნება“ გამოჩნდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილი კონსტიტუციის შეცვლას გეგმავდა. 

რა ცვლილება უნდა შესულიყო მაშინ კონსტიტუციაში? _ მოგეხსენებათ, ერთ პიროვნებას უფლება არ აქვს, რომ პრეზიდენტი მესამე ვადითაც გახდეს. ჰოდა, როგორც მაშინ ამბობდნენ, მიშას ჰქონდა იდეა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ, ავტომატურად ქვეყნის პრემიერი გამხდარიყო. სწორედ ამიტომ იგეგმებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელი ცვლილებებითაც, პრემიერს განუზომელი უფლება-მოვალეობები ექნებოდა და, პრაქტიკულად, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი იქნებოდა, მაგრამ სააკაშვილს ისე მოუვიდა, გლახაკმა ქილა ერბო რომ იპოვა და ოცნებობდა. 

მოკლედ, მაშინ მიშა ოცნებობდა, „ოცნება“ კი იცინოდა და ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ნაციონალურმა მოძრაობამ დამარცხება აღიარა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყოფილმა მმართველმა გუნდმა, ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ფიქრი, ამ რვა წლის განმავლობაში წუთით მაინც შეწყვიტა. შესაბამისად, ახლა იმედოვნებს, რომ მართვის ყველა ბერკეტს ხელმეორედ თუ ვერ დაეპატრონება, მინიმუმ, იმდენს მაინც მოახერხებს, რომ კოალიციური მთავრობა უმეტესად მისი წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, პრემიერი კი სააკაშვილი გახდება და... სოფელიც აშენდება, მაგრამ ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა ისე არ წვიმს, როგორც ქუხს ანუ მმართველი გუნდის რეიტინგი, შესაძლოა, დაცემულია, მაგრამ ხალხი ფსონს იმ ოპოზიციონერებზე კი არ დებს, რომლებიც 30 წელია, ქართულ პოლიტიკას საკუთარი ნადავლივით ირგებენ. მოსახლეობას უნდა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები მოვიდნენ, ახალი იდეებითა და ახალი შემართებით. ეს ახალი ძალა კი შორს, ბუზის ტოლადაც არ ჩანს. 

წეღან, ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არჩევნებთან მიმართებაში დასავლეთის პოზიცია ვახსენეთ, კერძოდ, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ 31 ოქტომბრის მიმართ, ცივილიზებული მსოფლიოს ინტერესი ძალიან დიდი იქნება. შესაძლოა, მართლაც ასე იყოს, მაგრამ ირკვევა, რომ კორონაპანდემიის გამო, უცხოელი დამკვირვებლები საქართველოში, შესაძლოა, ვერ ჩამოვიდნენ. 

„ჩვენ ვქმნით მაქსიმალურად კომფორტულ პირობებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში. ამ შემთხვევაში, დადგენილია სპეციალური პროტოკოლი, გათვალისწინებულია მხოლოდ Pჩღ ტესტირება დამკვირვებლებისთვის, ასევე, ხელისუფლების მხრიდან შეთავაზებული იქნება ლოგისტიკური განსხვავებული პირობებიც. მაგალითად, შეიძლება დაორგანიზდეს სპეციალური ფრენებიც კი იმისათვის, რომ დამკვირვებლებს გაუადვილდეთ საქართველოში ჩამოსვლა. დღევანდელი მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით ჩამოვლენ დამკვირვებლები საქართველოში, მათ შორის, ეუთო-დან, სხვა საპარლამენტო ასამბლეებიდან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებელთა ვიზიტიც იგეგმება. არის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა, სადაც განიხილება არჩამოსვლის საკითხი. ეს არის IRI, NDI, ევროპარლამენტი და ჯერ კიდევ ადგენენ, ზოგადად წესებს არჩევნების დაკვირვებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში. აქ, მხოლოდ საქართველოზე არ არის საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ. 

მართალია, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან დიდი აჟიოტაჟი არ მოჰყოლია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელი დამკვირვებლების სიმცირე იქნება, 31 ოქტომბერს, მანიპულაციისთვის ნოყიერი ნიადაგი ხელისუფელბასაც შეექმნება და ოპოზიციასაც, თუმცა 31-მდე, ორი თვეა დარჩენილი და ამ ხნის განმავლობაში, შესაძლოა, ვითარება რადიკალურად შეიცვალოს _ კორონა არ გაქრება, მაგრამ ვინ იცის, ვირუსმა იქნებ უკან დაიხიოს და დამკვირვებლებიც უპრობლემიოდ გვეწვივნენ, მით უმეტეს, რომ საქართველო მსოფლიოს კორონარუკაზე „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს სამართლიანად ინარჩუნებს. 

ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, პანდემიის მიუხედავად, ცესკო-ს 31 ოქტომბრის პროტოკოლი არ გამოუქვეყნებია. სწორედ ამ პროტოკოლის შემუშავება-გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს თამარ ჟვანიას სამოქალაქო პლატფორმა 20/20. 

„საარჩევნო უბნებზე რიგების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე, კომისიის წევრების, დამკვირვებლებისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია გაიწეროს წესები და პროცედურები. 

ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნული პროტოკოლის შემუშავებაში და ვითანამშრომლოთ ცესკოსთან“, _ აცხადებენ ზემოხსენებულ პლატფორმაში. 

* * * 

მოკლედ, იმით დავამთავროთ, რითაც დავიწყეთ _ კართან კი არ მოდგა, არამედ, შემოდგომამ კარი შემოაღო. ჰოდა, პოლიტიკური წიწილების დათვლის პროცესიც დაიწყო, რომელიც ზუსტად ორ თვეში, ესე იგი, 31 ოქტომბერს დამთავრდება და შესაბამისად, გამოჩნდება, ამ ხნის განმავლობაში, ვინ ტყუილად ბაქი-ბუქობდა და ვინ რელურად ლაპარაკობდა! 

ასე რომ, არჩევანის გასაკეთებლად მოემზადეთ, ხალხო და, ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ საარჩევნო უბანზე მისულები უკან დროულად ვერ წამოხვალთ, რადგან 68-სუბიექტიანი სიის წაკითხვა მოგიწევთ! არა, შეიძლება, გადაწყვეტილი გაქვთ, ხმას ვის აძლევთ, მაგრამ ამ გრძელ სიას ინტერესის გამო მაინც ჩაიკითხავთ და აღმოაჩენთ, რომ ქვეყნის სათავეში მოსასვლელად კვლავ იბრძვის, მაგალითად, გელა (მიხეილ) სალუაშვილი, ოღონდ არ შეგეშალოთ _ ეს ის მიხეილი არაა, დაბრუნებას რომ აპირებს! ეს სრულიად სხვა მიხეილია, სრულიად სხვა იდეებითა და გეგმებით! 

აბა, ჰე და აბა, ჰო _ ღირსეული არჩევანის გაკეთება თითოეულ ჩვენგანზეა!

ნინო დოლიძე

 

დაბრუნება დასაწყისში