Menu
RSS

„ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობასთან მოლაპარაკებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ!“

რა უფრო მოსწონს კახა კუკავას _ „ქოცების“ ცისფერი თვალები თუ „ნაცების“ ქერა თმა

1-პროცენტიანი ანუ ე.წ. ბუნებრივი ბარიერი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ დიდ პოლიტიკურ მოძრაობებთან ერთად, წლევანდელი არჩევნების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში შედარებით დაბალრეიტინგული პარტიებიც მოხვდნენ. ისე, საზოგადოების გარკვეული ნაწილს ორპოლუსიანი _ „ნაც-ქოცური“ პოლიტიკური სივრცე მობეზრდა და მესამე ძალის გამოჩენას ელოდება. აქედან გამომდინარე, ე.წ. შუაშისტური პარტიების შანსი იზრდება. შესაბამისად, საინტერესოა, ხომ არ გეგმავენ ისინი საარჩევნოდ დაბლოკებას ან საკანონმდდებლო ორგანოში მოხვედრის შემდეგ, კოალიციას რომელიმე ძალასთან ხომ არ შექმნიან? _ ამ თემებზე „ვერსია“ თავისუფალი საქართველოს ლიდერ კახა კუკავას ესაუბრა.

_ ბატონო კახა, მეათე მოწვევის პარლამენტში მანდატს მოიპოვებთ? 

_ ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ჩვენი პარტია, მინიმუმ, 2 მანდატს აიღებს. როგორც წესი, ყველა პარტია სოციოლოგიურ გამოკითხვებთან შედარებით, რამდენიმე პროცენტით მეტს იღებს ხოლმე, რადგან არჩევნებზე პროცენტი აქტიური ამომრჩევლიდან ითვლება, სოციოლოგიური გამოკითხვის დროს კი _ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან. 

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, თავისუფალი საქართველო 3-4 მანდატს მიიღებს. 2-თვიანი საარჩევნო კამპანია ჯერ წინაა და იმედი მაქვს, რომ ამ რაოდენობის გაზრდა 6-7 მანდატამდეც შეგვიძლია, რაც გარანტირებულ ფრაქციას ნიშნავს. 

_ რომელიმე პარტიასთან არჩევნებამდე ან შემდეგ კოალიციის შექმნას აპირებთ? 

_ არჩევნებამდე თანამშრომლობას არავისთან ვგეგმავთ, რადგან გვქონდა კონსულტაციები რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან, თუმცა ურთიერთგაგებას ვერ მივაღწიეთ. 

რაც შეეხება კოალიციას არჩევნების შემდეგ, საქართველოში ამასთან დაკავშირებით არაა სტანდარტული ვითარება, რადგან დამოუკიდებელი ისტორიის მანძილზე, სამთავრობო კოალიცია არასდროს შექმნილა. ევროპაში კი, სადაც კოალიციის უდიდესი პრაქტიკა არსებობს, წინასწარ არც ერთი პარტია ამის შესახებ არ აცხადებს. საერთოდ, კოალიციის ფორმირების ორი ფაქტორი არსებობს: ერთია, როცა კოალიციას ქმნიან სატელიტ პარტიებთან და მეორეა, როცა პოსტსაარჩევნო შეთანხმებების შედეგად იქმნება კოალიცია. 

„ქართულ ოცნებას“ შეუძლია, კოალიცია შექმნას პატრიოტთა ალიანსთან. შეიძლება, ბევრს ეგონოს, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო შექმნიან კოალიციას, მაგრამ ეს ნამდვილად ასე არაა. 

_ რატომ? 

_ იმიტომ, რომ ერთია წინასაარჩევნო რიტორიკა, მეორე კი არჩევნების შემდგომი რეალობა. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერი წარიმართება არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე _ ვის რა წონა ექნება და ესა თუ ის პოლიტიკური ძალა რამდენად მზად იქნება, რომ სხვა პარტიების ინტერესები გაითვალისწინოს. 

საარჩევნო პროგრამაში გვაქვს 7 პუნქტი და რომელ პარტიასთანაც ამ საკითხებზე მეტი ურთიერთგაგება გვექნება, კოალიციასაც ამის მიხედვით შევქმნით. წინასწარ რომ გითხრათ, „ქოცების“ ცისფერი თვალები უფრო მომწონს ან „ნაცების“ ქერა თმა და მათთან შევქმნი კოალიციას-მეთქი, ასეთი განწყობა ნამდვილად არ მაქვს. არც ერთი მოგვწონს, არც მეორე და არც წინასწარი შეთანხმება გვაქვს. 

ჰიპოთეტურად თუ დადგა საკითხი, მაგალითად, ბანკის მევახშეობისა და შრომითი მიგრაციის აკრძალვაზე, ასევე, იაფი მედიკამენტების იმპორტზე, მაშინ მათთან ვითანამშრომლებთ, რომელი პარტიებიც ამაზე დაგვთანხმდებიან. 

_ ისე, როგორ აფასებთ ზოგიერთი პარტიის პოზიციას, არჩევნების შემდეგ კოალიციას არც „ნაცებს“ შევუქმნი და არც „ქოცებსო“? 

_ არასერიოზულად! 

_ შეიძლება, მაგრამ ამ განცხადებით ამომრჩევლისთვის უფრო ნათელი ხდება, ვისზე გააკეთოს არჩევანი. ასე არააა? 

_ საქმე ისაა, რომ ეს არის ტყუილი, რადგან ის პარტიები, რომლებიც ამ მიმართულებით ყველაზე მეტს აქტიურობენ, „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობაში არიან შემჩნეულნი. 

უცნაურია, რომ მათ ამ პროპაგანდას „იმედი“ და „რუსთავი 2“ აშუქებს. მაგალითად, ჩვენს აქტიურობას ეს ტელევიზიები არ აშუქებენ, მაგრამ გირჩი და ევროპული საქართველო რომ ვენებს იჭრიან, ივანიშვილთან კოალიციაში არ შევალთო, ამას აშუქებენ, ამიტომ მათ გულწრფელობაში ეჭვი მეპარება და არ გამოვრიცხავ, მათ კოალიცია, სწორედ „ოცნებასთან“ შექმნან! 

ამომრჩეველს გულწრფელად ვეუბნები, რომ წინასწარ ვერ ვამბობ ვისთან, მაგრამ თემატურ კოალიციას აუცილებლად შევქნი. 

რაც შეეხება ქაღალდზე ხელმოწერას, ყველაფერ ამას აქვს ქვეტექსტი _ როცა ამბობ, არავითარ შემთხვევაში არ შევალ კოალიციაში „ქართულ ოცნებასთანო“, ეს ნიშნავს, რომ „ოცნებასთან“ არ შეხვალ და ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვალ. ჩვენ კი „ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას ვაყენებთ ერთ დონეზე. ვფიქრობთ, რომ ეს ორივე პოლიტიკური ძალა რეტროგრადული და ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, თუმცა არცერთთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ. 

გვაკრიტიკებდნენ, თალაკვაძესთან როგორ დასხედით სასაუბროდო? ორ კვირაში კი, ლამის კალთაში ჩაუსხდნენ. ასე რომ, პოლიტიკაში ასეთი საუბრები _ რატომ შეხვდი პუტინს, ივანიშვილს ან სააკაშვილსო, არასერიოზულია, რადგან შეხვედრისა და მოლაპარაკებების ალტერნატივა ტყვიის სროლაა. 

„ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მათთან მოლაპარაკებებასა და კონსულტაციებში ცუდს ვერაფერს ვხედავ! 

_ ბატონო კახა, დაბრუნებაზე სააკაშვილის განცხადებას როგორ აფასებთ? 

_ ამ განცხადებას ისე ვაფასებ, როგორც ივანიშვილის განცხადებას უფასო ფულთან დაკავშირებით. როგორც ივანიშვილის ძალიან კარგი მეოთხე წელიწადი არ დადგა უკვე 8 წელია, ასევე, სააკაშვილის ჩამოსვლის წელიწადიც არ დადგება. არარეალურია, რა თქმა უნდა! 

ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ საზოგადოების ნდობა. სააკაშვილი ბოროტად იყენებს იმ ადამიანების სიყვარულს, რომელთაც მისი ბრმად სჯერათ! ეს უკეთურობაა, რადგან თუ ადამიანს უყვარხარ, შენი სჯერა და ყოველ წელს ატყუებ, ჩამოვალ საქართველოშიო, ეს, უბრალოდ, არავაჟკაცური საქციელია, რაც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატზე დადებითად არ აისახება. 

ფაქტია, რომ სააკაშვილი ამ განცხადებით ხელს უწყობს ივანიშვილის საარჩევნო კამპანიას. „ოცნების“ მხარდამჭერებს ერთადერთი არგუმენტი ხომ ის აქვთ, რომ მიშა არ უნდა მობრუნდეს და როცა ადამიანი იმუქრება, მოვდივარო, ეს ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. 

_ საუბრის დასაწყისში ახსენეთ, საქართველოში კოალიციური ხელისუფლება არ ყოფილაო. 2003 და 2012 წლებში, ხელისუფლება ხომ კოალიციით შეიცვალა? 

_ ეს იყო საარჩევნო ბლოკი. ახლა კი კოალიცია არჩევნების შემდეგ იქმნება. 

2012 წელს, ყველამ შემოხაზა 41, 2003 ში კი _ 5, ის ამომრჩევლისთვის ერთი პარტია იყო და გაერთიანება აბსოლუტური ფორმალობა გახლდათ. 1990 წელს თუ არ ჩავთვლით, ჯერჯერობით, ქართველ ხალხს კოალიციური, პროგრესზე ორიენტირებული არჩევანი არ გაუკეთებია. 

როცა ირჩევდნენ შევარდნაძეს, სააკაშვილსა და ივანიშვილს, ადამიანები იმაზე კი არ ფიქრობდნენ, რომ ეს ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა, არამედ, იმაზე ფიქრობდნენ, ვიღაც მოეშორებინათ. ბუნებრივია, ეს იწვევდა ერთპარტიულ რეჟიმებს. 

ბოლოს და ბოლოს, საზოგადოება უნდა ჩამოყალიბდეს, რომ პარტიებს ხმა ზიზღითა და უკიდურესობის გამო კი არა, არამედ, პოლიტიკური სიმპათიით უნდა მისცეს და როცა ეს ხმები პოზიტიურად გადანაწილდება, ვერც ერთი პარტია 40%-საც კი ვერ მიიღებს. 

_ და რატომ უნდა ჰქონდეს იმედი საზოგადოებას, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, პარტიები მოახერხებთ შეთანხმებას და კოალიციურ რეჟიმში ითანამშრომლებთ? 

_ გარანტირებული პასუხი არც ამ კითხვაზე მაქვს. ეს იმ დიდი კითხვის ნაწილია _ ვართ თუ არა ქართველი ერი მზად, რომ ვიცხოვროთ თანამედროვე ქვეყანაში? 

თუ მზად ვართ, მაშინ კოალიციაც უნდა შევქმნათ. თუ ვერ შევქმნით კოალიციას, დავრჩებით ბანანის რესპუბლიკად. 

ვფიქრობ, ეს იქნება პრინციპის ტესტი ქართული პოლიტიკური ელიტისთვის. თუ პოლიტიკური სტაბილურობა გვინდა, კომპრომისი აუცილებელია! ჩვენ ასეთი კომპრომისებისთვის მზად ვართ.

თათია გოჩაძე

 

დაბრუნება დასაწყისში