Menu
RSS

უნდა ველოდოთ თუ არა საარჩევნო ცემა-ტყეპას

რატომ ჭამს ოპოზიცია ერთმანეთს და რა უნდა ხალხს

მაშ, ასე: მართალია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნების თარიღი ოფიციალურად არ დაუსახელებია, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არ უნდა გადასცდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დღეებში, მაქსიმუმ, 31 აგვისტოს, ქალბატონი ზურაბიშვილი არჩევნების ჩატარების თარიღს ხელს მოაწერს და საარჩევნო სტარტიც ოფიციალურად დაიწყება, თუმცა პოლიტიკურ სპექტრს საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს და ბევრი პოლიტიკოსი ამომრჩეველთან შეხვედრების უკვე მეორე „კრუგზეა“. ისე, წინა წლების პრაქტიკას თუ გავიხსენებთ, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პოლიტიკური ცხოვრება დუღილის ტემპერატურას იყო ხოლმე გადაცილებული. ქვებისა თუ კვერცხების სროლა და, მოკლედ რომ ვთქვათ, „გამიშვი-დამიჭი“, შესაძლოა, წელსაც იყოს, მაგრამ ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ყველაფერ ამას მასობრივი სახე არ ექნება და საარჩევნო „მუშტი-კრივი“ რამდენიმე ადგილას, უბრალოდ, მრავაფეროვნებისთვის „მოეწყობა“.

ეს კი არადა, ანალიტიკოსთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებში გამარჯვებისთვის კი არა, არამედ, იმისთვის იბრძვის, თუ რომელ პარტიას ექნება მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი. დღევანდელი მონაცემებით, ამ სტატუს-ტიტულის მფლობელი ნაციონალური მოძრაობაა, რაც კულუარული ვერსიით, ძალიან ბევრს, განსაკუთრებით, ევროპულ საქართველოს ძალიან აღიზიანებს და ამიტომ, როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, ბოკერიას გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს სტატუსი „ნაცებს“ წაართვას და თავად დაისაკუთროს. 

ცხადია, ხელაღებით არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ის, რომ ევროპულ საქართველოსა და მმართველ გუნდს შორის, შესაძლოა, კოლაბორაცია არსებობდეს, ამის თაობაზე, იგივე პოლიტიკურ კულუარებში დიდი ხანია, მიანიშნებენ. ეს კი არადა, პარლამენტის უხუცესმა დეპუტატმა, რეზო არველაძემ, რომელიც უმრავლესობის წარმომადგენელია, ამას წინათ, პრაქტიკულად, ღიად მიანიშნა, რომ არჩევნების მერე „ოცნებამ“ კოალიციური მთავრობა შესაძლოა, სწორედ „ევროსაქებთან“ შექმნას. მართალია, ეს მხოლოდ ვარაუდი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ საქმეში ჩახედულნი მიიჩნევენ, რომ უხუცესმა დეპუტატმა სააშკარაოზე ის გამოიტანა, რის შესახებაც მსჯელობა ე.წ. შიდა ჩატებში მიდის. 

ისე, არველაძის ზემოხსენებულ განცხადებას დიდი სკანდალი არ მოჰყოლია, მაგრამ ყველაფერ ამის პარალელურად, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საზოგადოებას ამცნო, კოალიციურ მთავრობაში თანამდებობებს მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ვერ მიიღებენო. ეს ინიციატივა ბაქრაძემ იმ დროს გაახმოვანა, როცა ყოფილი მმართველი გუნდის გულშემატკივართა ნაწილს სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია აქვთ დაწყებული და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მომავალ პრემიერად განიხილავენ. ჰოდა, პარლამენტის ექსთავმჯდომარეც სწორედ ამ ადამიანების თავდასხმის ობიექტი გახდა და შესაბამისად, ძველი ჭორიც, რომ „ევროსაქები“ „ოცნებასთან“ არიან შეკრულნი, ხელახლა და ახალი ძალით აგორდა. 

ერთი სიტყვით, ცხადზე უცხადესია, რომ მიშას და გიგას „სასტავს“ ერთმანეთი გულზე მაინცდამაინც არ ეხატებათ. ამასთან, ოპოზიციას კიდევ ერთი თავის ტკივილი აქვს და ეს გიორგი ვაშაძეა ანუ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც „ძალა ერთობაშია“, „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ თაკო ჩარკვიანთან ერთად, ერთი თვის წინ დატოვა, ნაციონალები ათას ბრალდებას უყენებენ. ყველაზე ხშირად კი ხაზს იმას უსვამენ, რომ ვაშაძის ცოლის ბიძა ვანო ჩხარტიშვილია, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ჩხარტიშვილი ვაშაძის ცოლის ბიძა შარშანაც იყო, 2018 წელსაც და კიდევ უფრო ადრეც, მაგრამ იგივე საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა გიორგი ვაშაძე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის შტაბის ხემძღვანელი იყო, ხატია დეკანოიძესა და სხვა „ნაცებს“ ეს დეტალი არ გახსენებიათ. 

სხვათა შორის, იგივე საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ღიად განაცხადა, ვაშაძე კარგი პრემიერი იქნებაო. ახლა კი, ოპოზიციის ერთი ფრთა ვაშაძეს იმას არ პატიობს, თაკო ჩარკვიანმა მისი კანდიდატურა პრემიერად რომ წამოაყენა. 

ჰოდა , აბა, სად არის ლოგიკა? _ ორი წლის წინ, ვაშაძის პრემიერობა თავად მიშას უნდოდა, ახლა კი, ის „ნაციონალები“, რომლებიც საზოგადოებაში მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობენ, გამოდიან და ყოფილ პარტნიორზე ათას რამეს ამბობენ. არადა, ეს იმ დროს, როცა ე.წ. დასავლური ვექტორის ერთიანობა ქვეყნისთვის გადამწყვეტი თუნდაც იმიტომაა, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში პრორუსული გავლენების გაძლიერება არ დაიწყოს, მაგრამ ჩვენი ოპოზიციის და, ზოგადად, პოლიტიკური სპექტრის უმთავრესი პრობლემა ხომ ისაა, რომ ერთმანთთან დიალოგი არ შეუძლიათ და ჯანსაღ კონკურენციას ურჩევიათ, ერთმანეთი ლანძღონ და ტალახში ათრიონ. 

სხვათა შორის, ამ კონტექსტში, საინტერესოა ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძის მოსაზრება. კერძოდ, ლაგაზიძემ სოციალურ ქსელში დაწერა: 

„1. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთს ებრძვის, „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს; 2. ოპოზიცია, რომელიც სხვა ოპოზიციურ ლიდერებს ებრძვის, იმის ნაცვლად, რომ ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო კამპანიით დაკავდეს, იმედს უცრუებს და კარგავს ოპოზიციურ ამომრჩეველს, რადგან მათ თვალში, ისინი საქმის კეთების ნაცვლად, ერთმანეთის დაძირვით არიან დაკავებულნი; 3. ოპოზიცია, რომელსაც ორიენტირები არევია: მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად, გიორგი ვაშაძე გაიხადა და არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას თავისივე ოპოზიციონერი კოლეგების წინააღმდეგ მიმართავს, ამ გზით მხოლოდ დამარცხებისთვის ემზადება; 4. ვაშაძეს რა უჭირს, ამ თქვენი კრიტიკის და თავისი აქტიურობის ფონზე, მთავარი ოპოზიციური ფიგურა გახდა, მაგრამ ერთმანეთზე წასეული ოპოზიცია ამ ტაქტიკით დამარცხებას რომ იახლოვებთ, ნეტა, შიგნით თუ ხვდება ვინმე?! 5. საჭეს მიხედეთ, საჭეს, სანამ კიდე გვიან არ არის!“ 

ოპოზიციის ურთიერთქიშპობა შესაძლოა, ერთგვარი პოლიტსტრატეგიაა, მაგრამ 30 წელია, ხალხი, ესე იგი, ამომრჩეველი ამ ვიწრო პარტიული კინკლაობით დაიღალა და სიმართლე რომ ვთქვათ, არც ის აინტერესებს, მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება თუ ერთპარტიული. ხალხს ძალიან მარტივი სურვილი და მოთხოვნა აქვს _ ისეთ ქვეყანაში იცხოვროს, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება, სადაც ლუკმა-პურს საკუთარი შრომით იშოვის და იძულებული არ გახდება, რომ სოციალურად დაუცველთა სასადილოთი ისარგებლოს. 

და ამ დროს რა ხდება? _ იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური ძალები მოსახლეობას ეკონომიკურ პროგრამებს აცნობდნენ, 24 საათი იმის განხილვაში არიან, იგივე გიორგი ვაშაძეს პრემიერობის ამბიცია უნდა ჰქონდეს თუ არა. 

ჰოდა, მარტივად რომ ვთქვათ, ამ მოცემულობით, იმის ალბათობა, რომ ოპოზიცია „ოცნებას“ დაამარცხებს, არცთუ დიდია, მით უმეტეს, ის ოპოზიცია, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა „ადამისდროინდელი“ სახეებით ანუ იმ ადამიანებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოში უმაღლეს თანამდებობებს ერთხელ კი არა, რამდენჯერმე იკავებდნენ, თუმცა ხალხის საკეთილდღეოდ, როგორც იტყვიან, აგური-აგურზეც არ დაუდიათ! 

ყველაფერ ამის გათვალისწინებით კი, დიდი შანსია, საქართველოს უახლეს ისტორიაში, წლევანდელ არჩევნებზე პრეცენდენტი, როგორც იტყვიან, დაფიქსირდეს ანუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეში მესამე ვადითაც დარჩეს! 

უფრო კონკრეტულად, კულუარებში, როგორც „ვერსიას“ უყვებიან, ასეთი სცენარი განიხილება: „ოცნება“, პროპორციული სიით, ხმების 40 პროცენტამდე აიღებს. დაახლოებით, 20 მაჟორიტარულ ოლქშიც ამჟამინდელი მმართველი გუნდის კანდიდატი გაიმარჯვებს და, საბოლოო ჯამში, „ოცნება“ მეათე მოწვევის პარლამენტში, მაქსიმუმ, 80-მანდატიან უმრავლესობას შექმნის. 

თუ ასე მოხდა, მაშინ გამოვა, რომ კოალიციური მთავრობის აუცილებლობა დღის წესრიგიდან მოიხსნება ანუ მინისტრთა კაბინეტს „ოცნება“ ოპოზიციის დახმარების გარეშეც დააკომპლექტებს, თუმცა ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ამით არ დამთავრდება და დიდი პოლიტიკური ბატალიების მოწმენი, სწორედ არჩევნების შემდეგ გავხდებით. 

მაინც, რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ? _ ისინი, რომლებიც პოლიტიკის ალგორითმში კარგად ერკვევიან, თვლიან, რომ 80-მანდატიანი უმრავლესობა ძალიან მყიფე იქნება და შესაბამისად, „ოცნების“ საპარლამენტო გუნდი დაშლას მალე დაიწყებს. ეს კი არადა, არსებობს ისეთი პროგნოზიც, რომ „ოცნების“ ახალი უმრავლესობიდან, მინიმუმ, ორი დეპუტატი ახალ წლამდე გავიდეს. 

ეს სცენარი არარეალისტური არაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2016-დან დღემდე, „ოცნების“ უმრავლესობა, მინიმუმ, 30-მა ადამიანმა დატოვა და ეს მაშინ, როცა „ოცნების“ პოზიციები შერყეული არ იყო. ახლა კი სხვა მოცემულობაა _ შეიძლება, საზოგადოებას აღარ უნდა, რომ ეს მმართველი გუნდი ქვეყნის სათავეში კიდევ დარჩეს, მაგრამ რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს. 

მოკლედ, „ოცნება“ შეიძლება, პოლიტიკური ბაზრის ლიდერია, მაგრამ ეს მყიფე ლიდერობაა. ჰოდა, მეათე მოწვევის პარლამენტში, მისი უმრავლესობის ვადაზე ადრე დაშლაც სავსებით შესაძლებელია, მაგრამ მმართველ გუნდს ეს სცენარი მაინცდამაინც არ უნდა აშინებდეს, რადგან მთავრობა უკვე დამტკიცებული იქნება. 

ეს კი არადა, ლოგიკურად, „ოცნებას“ თუნდაც საპარლამენტო კოალიციის ვინმესთან შექმნაც არ უნდა აძლევდეს ხელს, რადგან იგივე „პატრიოტები“ ან რომელიმე სხვა ოპოზიციური პარტია, თუ „ოცნებას“ საპარლამენტო კოალიციას შეუქმნის, სანაცვლოდ, მინისტრთა კაბინეტში ერთს კი არა, ორ ან სამ სავარძელს მოითხოვს, რაც „ოცნების“ ინტერესში არ უნდა შედიოდეს. 

ასე რომ, ეს სცენარი არცთუ რეალისტურია. 

რაც შეეხება არჩევნების შესაძლო გაყალბებას, ამ თემაზე ოპოზიცია ახლავე ლაპარაკობს, რაც ალბათ, საგულისხმოა, მაგრამ ჯერ ერთი, არჩევნები მხოლოდ ხმის მიცემის დროს ან საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ კი არა, არამედ, მანამდეც ყალბდება. მეორეც, საკითხავია, აწყობს თუ არა „ოცნებას“ არჩევნების გაყალბება? 

ასეა თუ ისე, რამდენიმე დღის წინ, 30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ მემორანდუმი მიიღო, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ ოპოზიცია ერთმანეთის ხმებს დაიცავს. 

კერძოდ, მემორანდუმში ვკითხულობთ: 

„საქართველოს დემოკრატიული ოპოზიცია, ვთანხმდებით, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნისთვის და მისი დემოკრატიული განვითარებისთვის უმძიმეს გამოწვევას წარმოადგენს. 

ივანიშვილი და მისი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა საზოგადოებაში ნიჰილიზმი დანერგოს, მოახდინოს მთელი პოლიტიკური პროცესის დისკრედიტაცია, ამ პირობებში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, არჩევნების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა და მხარდაჭერა გავაძლიეროთ. 

არჩევნების გზით, მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილება არის ის ერთადერთი სწორი გზა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას მისცემს საშუალებას, მტკიცე ნაბიჯებით განაგრძოს სვლა დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. სწორედ ასეთ საზოგადოებებშია ხელისუფლების ცვლა ნორმალური მოვლენა, რომელსაც მოქალაქეების დაყოფა და ურთიერთანგარიშსწორება არ მოჰყვება. 

ივანიშვილის რეჟიმის ხელშია მობილიზებული, როგორც ადმინისტრაციული, ისე ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი, სახელმწიფო ინსტიტუტები კი საზოგადოების ნაცვლად, მმართველი გუნდის ინტერესებს ემსახურება. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი დემოკრატიული ოპოზიციის კოორდინირებული მუშაობა თითოეული ხმის დასაცავად და საარჩევნო მანიპულაციების გამოსარიცხად. ოპოზიციური პარტიები კოორდინირებულად ვიმუშავებთ ყველა ოლქში, მათ შორის იქაც, სადაც ერთმანეთს კონკურენტი კანდიდატები დავუყენეთ. 

პარტიების ამოცანა არა ცალკეული პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველთა ხმების დაცვა, არამედ, მთელი საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და თითოეული მოქალაქის არჩევანის დაცვა იქნება. ამ ამოცანის მისაღწევად, ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის კონკრეტული მექანიზმების შემუშავებას.

ქვეყნის შიგნით, საარჩევნო პროცესისადმი ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერასა და ხმების დაცვის მიზნით, კოორდინაციასთან ერთად, ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებით, რომ ერთობლივად, შეთანხმებულად ვიმუშავებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რათა არჩევნების ლეგიტიმურობის გარშემო არ გაჩნდეს კითხვის ნიშნები. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის დამარცხებით, საქართველოში, საარჩევნო მანიპულაციების მავნე ტრადიციას წერტილი უნდა დაესვას“. 

კეთილი და პატიოსანი _ იმაში ცუდი რა უნდა იყოს, რომ საარჩევნო მანიპულაციებს წერტილი დაესვას, მაგრამ როგორც იტყვიან, ეს ცოცხალი ანეკდოტია და იცით, რატომ? _ საარჩევნო მანიპულაციებისთვის წერტილის დასმაზე ისინი „იჭრიან ვენებს“, რომელთაც გასული საუკუნის 90- იანი წლებიდან მოყოლებული, არჩევნების გაყალბებასა და სხვა მაქინაციებზე, როგორც იტყვიან, ჭიპი აქვთ მოჭრილი. 

კი ბატონო, შეიძლება, ახლა გამოვიდნენ და თქვან, საკუთარ შეცდომებს ვაღიარებთ და, დედას გეფიცებით, ასეთ რაღაცებს არასოდეს გავაკეთებთო, მაგრამ ქართული ანდაზა გექნებათ გაგონილი, არ გათეთრდების ყორანიო. 

ასე რომ, ვისაც გჯერათ, პავლე სავლედ გადაიქცევა, ბურთიც თქვენი იყოს და მოედანიც! 

 

* * * 

ისე, სიტყვამ მოიტანა და, ქართულ პოლიტიკაში, მგონი, წერტილი ესმება იმ ტენდენციას, როცა პარტიები საარჩევნო სიებს სპორტსმენებით, მსახიობებითა თუ სხვა ე.წ. ცნობადი სახეებით აკომპლექტებდნენ ხოლმე. მართალია, პროპორციული სიები ჯერ არ გამოქვეყნებულა და ამ „ბედნიერებამდე“, მინიმუმ, ერთი თვეა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა და ვერ ვიტყვით, რომ ამ კანდიდატებში სპორტსმენ-მომღერალ-პოეტების სიმრავლეა, რაც თავისთავად კარგია ანუ პარტიის ლიდერები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ხალხის მოტყუება ამ მარტივი „ტრიუკით“ ვეღარ მოხერხდება და საარჩევნო სტრატეგია შეცვალეს, თუმცა ამ კუთხით, მაინც არსებობს ერთი „მაგრამ“. კერძოდ, ის, რომ მაჟორიტარობის კანდიდატთა აბსოლუტური თუ არა, დიდი უმრავლესობა, ძველი კი არა, ძველზე ძველი სახეა. შესაბამისად, ძველი სახეების მიმართ არსებულ ნიჰილიზმზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ამ თემას აღარ განვავრცობთ, თუმცა პარტიის „ბოსები“ თავს იმით იმართლებენ, აბა, ახალ სახეებს მარსიდან ხომ არ მოვიყვანთო? 

არა, გეთაყვა, მარსი და კოსმოსში გაჭრა ნამდვილად არ გინდათ, უბრალოდ, ერთი უნდა შეიგნოთ და გაიგოთ, რომ პოლიტიკა მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე არაა, რომელსაც სიცოცხლის ბოლო წუთამდე უნდა იყოთ ჩაბღაუჭებულნი! 

აბა, თვალები ზომაზე მეტად, კარგად გაახილეთ და ნახავთ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც იგივე ქვეყნის მოწყობაზე საინტერესო შეხედულებები აქვს. ჰოდა, რატომ არ გინდათ, რომ გზიდან გადადგეთ და ასპარეზი მათ დაუთმოთ? 

ააა, გზიდან რომ გადადგეთ, თქვენს პატივცემულ უკანალებს, თუნდაც იმის გამო, რომ კვალიფიციური სუბიექტი გქვიათ, ბიუჯეტიდან დაფინანსება მოაკლდება? მაშინ, კი ბატონო, იყავით მუდმივად პოლიტიკაში და ვნახოთ, ვისი აჯობებს _ თქვენი თუ ხალხისა! 

* * * 

ამასობაში კი ქართულ პოლიტიკაში ახალი სკანდალი გორდება, კერძოდ, პროდასავლური ოპოზიცია განგაშის ზარებს ანრისხებს და ირწმუნება, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთისგან ფინანსდება. ეს, ერთი შეხედვით, ძველი თემაა, მაგრამ ამჯერად, სკანდალის საფუძველი ყოფილი პოლიტპატიმრის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაარსებული საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა „დოსიე“ გახდა, რომელმაც დაწერა, რომ მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც დგინდება შემდეგი: საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, წინასაარჩევნოდ, კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ. 

„დოსიეს“ თანახმადვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „პატრიოტთა ალიანსმა“ 700 000 აშშ დოლარი გადაუხადა საკონსულტაციო ფირმა Pოლიტსეცრეტს-ს, რომლის დამფუძნებელსა და პოლიტტექნოლოგს უშიშროების ოფიცრები კურირებენ. საუბარია 4-თვიანი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8.5-მილიონიან ბიუჯეტზე. 

ეს სკანდალი ირმა ინაშვილისა და „პატრიოტების“ სხვა ლიდერების ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს დაემთხვა, რომლის შესახებაც საზოგადოებას „მთავარმა არხმა“ აუწყა. მართალია, თავიდან, თავად პარტიის წარმომადგენლები დუმდნენ, მაგრამ მოგვიანებით, ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და თქვა, რომ მან და გიორგი ლომიამ ილორის ეკლესიას ხატი შესწირეს ანუ ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტი დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ და ვისი დახმარებით მოახერხეს მან და მისმა თანაგუნდელებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა. 

რაც შეეხება „დოსიეს“ სტატიას, ზემოხსენებულ თემაზე კომენტირებისას, პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა, გოჩა თევდორაძემ არანაკლებ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ რუსეთისგან დაფინანსების მიღება პატრიოტთა ალიანსს კი არა, არამედ, ევროპულ საქართველოსა და ნაციონალურ მოძრაობას უნდათ. 

„ეს არის ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი, პატრიოტთა ალიანსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რაც პარტიის ლიდერების აფხაზეთში ვიზიტს უკავშირდება... არსებობს რაღაც ფარატინა ფურცელი…, მე გეუბნებით ახლა, დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ეს არის არა პატრიოტთა ალიანსის, არამედ, ევროპული საქართველოს ან ნაციონალური მოძრაობის ბიუჯეტი და ამ თანხის მოთხოვნას აპირებენ თავად რუსეთის ფედერაციისგან. თავად უნდათ ეს. ამ განცხადებას ვაკეთებ და მითხარით საწინააღმდეგო არგუმენტი... 

 

არ არსებობს გზავნილი, არ არსებობს ასეთი თანხა... არ არსებობს კანონით აკრძალვა, რომ იყოს, რომლიმე პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული უცხო ქვეყნის პიარკამპანიებთან, როგორიც არის აშშ, ისრაელი და რუსეთი“, _ ამბობს თევდორაძე და განმარტავს, რომ პარტიას კონსულტაციებს ოთხი ამერკული კომპანია უწევდა, ასევე, ორი საკონსულტაციო კომპანია ისრაელიდან და ერთიც რუსეთიდან. 

აქვე, გეტყვით, რომ „დოსიეს“ სტატიის გამო, ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და პატრიოტთა ალიანსის რუსეთისგან შესაძლო დაფინანსებაზე გამოძიების დაწყება მოთხოვა. 

ერთი სიტყვით, პატრიოტების სკანდალმა გადაფარა ერთი თემა, კერძოდ, ის, რომ თავისუფალი დემოკრატები ანუ ირაკლი ალასანიას ყოფილი პარტია უკვე მეორედ დაიშალა _ რამდენიმე დღის წინ, ეს პარტია შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და კიდევ ორმა ადამიანმა დატოვა. უფრო ადრე კი დემოკრატებს ზურგი ლევან სამუშაიამ აქცია და ბინა „ლელოში“ დაიდო. 

* * * 

მოკლედ და ლაკონურად: არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პოლიტიკურ ველზე ისეთი სტაგნაციაა, რომ საარჩევნო განწყობა, მგონი, თავად პოლიტიკოსებსაც არ აქვთ. ყოველ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა იმაზეა გადართული, ვინ სად უნდა იყოს მაჟორიტარი, არადა, თუ კარგად დავაკვირდებით, ამ მაჟორიტარებზე „ჩაციკვლა“ ხეირის მომტანი არ იქნება, რადგან მეათე მოწვევის პარლამენტში, მაჟორიტარი სულ 30 უნდა იყოს, დანარჩენი 120 დეპუტატი კი პროპორციული სიით უნდა შევიდეს. ჰოდა, ასეთ მოცემულობაში, რა მნიშნელობა აქვს, ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი ვინ იქნება, ან თუნდაც ის რატომაა პანაცეა, რომ 30-ვე მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციამ მოიგოს? 

კარგი, ვთქვათ, 30 მაჟორიტარული მანდატის მესაკუთრე ოპოზიცია გახდა, პროპორციული სიის 120-ვე მანდატი კი მმართველმა გუნდმა დაისაკუთრა. ჰოდა, ამას ოპოზიცია მაინც გამარჯვებად ჩათვლის და თავს იმით მოიწონებს, აი, ხალხის რჩეულები ჩვენი წარმომადგენლები არიანო? 

მოკელედ, ნეტარ არიან მორწმუნენი, მორწმუნენი, რომელთაც პოლიტიკოსების ემოციებისა და ცრემლების სჯერათ!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში