Menu
RSS

„ნაცმოძრაობის გარკვეული ჯგუფი სეპარატისტულად აზროვნებს!“

„არ მოვერიდები გვარების დასახელებას!“ _ რა ხდება ოპოზიციაში და რა სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს პაატა დავითაია

არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, პოლიტიკური თამაშები თანდათან საინტერესო ხდება. ასე, მაგალითად, ოპოზიციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას _ „ძალა ერთობაშია“, გავრცელებული ინფორმაციით, ბზარი გაუჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ამ ერთობის შენარჩუნება უნდა, ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ შექმნილი ოპოზიციური კოალიცია დატოვოს. ისე, დიდი ხანია, კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ აწ უკვე უკრაინის მაღალჩინოსან სააკაშვილს, საკუთარ პარტიაში საქმის დალაგება უჭირს. სხვათა შორის, ამას წინათ, სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და საარჩევნოდ საქართველოში დაბრუნებაზე ისაუბრა. ჰოდა, შესაძლოა, საკუთარი პარტიის ამბოხებულებს მიანიშნა, მოვდივარ და გონს მოდითო. მოკლედ, ასეა თუ ისე, ოპოზიციური ერთობა დაშლის პირასაა. ყოველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მისაღებად, ნაციონალურმა მოძრაობამ ტაიმ-აუტი აიღო. ვითარებაში უკეთ გასარკვევად, „ვერსია“ ერთობაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, ევროპელი დემოკრატების ლიდერ პაატა დავითაიას ესაუბრა:

_ ჯერჯერობით, „ძალა ერთობაშია“ არსებობს და მემორდანდუმი, რაზეც ორი წლის წინ შევთანხმდით, არავის უარუყვია. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ერთობას საფუძველი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს, ამსტერდამში ჩაეყარა. სხვათა შორის, ეს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც პარტიას არ ეხება, რადგან გაერთიანება მოხდა სააკაშვილთან კონსულტაციის შედეგად. იცით, რომ სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარე არ არის. 

ერთი სიტყვით, მაშინ შევთანხმდით, რომ ერთიანი ფრონტით წავიდოდით საპრეზიდენტო არჩევნებზე იმიტომ, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ალბათ, ისიც გახსოვთ, რომ 2017 წელს, ნაციონალურმა მოძრაობამ, თვითმმართველობის არჩევნებში 300 000 ხმა აიღო, მაშინ კი, როცა ჩამოყალიბდა „ძალა ერთობაშია“ ანუ ერთი წლის შემდეგ, ოპოზიციამ 600 000 ხმა პირველ ტურში აიღო, მეორე ტურში კი _ 800 000. ამიტომ მაშინ ვთქვით, რომ ერთობა მნიშვნელოვანია და იქვე შევთანხმდით, რომ საპარლამენტო არჩევნებშიც ერთობლივი ძალებით წავიდოდით. შევიმუშავეთ მემორანდუმი, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი მეც ვარ. ამ მემორანდუმს სამი ძირითადი პრინციპი აქვს: 

საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატი უნდა გვყოლოდა; ყველა საარჩევნო პარტია, რომელიც დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უპირობოდ გახდებოდა საარჩევნო ბლოკის წევრი და „ძალა ერთობაშიას“ სუბიექტები ერთობლივად შეთანხმდებოდნენ სიაზე; დამფუძნებლები პირველ სამ ათეულში, თითო კაცად იქნებოდნენ წარმოდგენილი, რითაც ბალანსი დაცული იქნებოდა. 

ამ დოკუმენტს ხელი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ მოაწერა და ყველაფერი ეს, საჯარო იყო. 

დღეს კი, რასაც ვხედავ, ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ჯგუფს გაუჩნდა ამბიცია და ჰგონია, რომ ეს 800 000 ხმა, უპირობოდ, ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო, რითაც მწარედ ტყუვდება! ეტყობა, გაუჩნდათ ამბიცია, რომ ერთპარტიულად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რაც სრული აბსურდია. ვერც ერთი პარტია ერთპიროვნულად ვერ შეცვლის „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ ერთობის გზითაა შესაძლებელი. 

ნაციონალური მოძრაობის ეს ჯგუფი ეწინააღმდეგება ერთობას და დიდი ეჭვი გამაჩნია, თუ რატომ ეწინააღმდეგება... 

ახლა მსჯელობენ და უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, რომ დარჩნენ ოპოზიციაში და აიღონ მანდატები. ნაციონალური მოძრაობა რომ დაბრუნდება თავის ხმებზე ანუ 300 000-ზე, ეჭვი არ მეპარება და ის დაკარგავს ერთობის ხმებს, ამიტომ მეორე არჩევანი აქვთ _ იბრძოლონ ხელისუფლების შესაცვლელად. ნაციონალური მოძრაობა დომინანტური პარტიაა, მაგრამ საზოგადოებას არ უნდა ერთი პარტიის დაბრუნება ხელისუფლებაში და ერთობამ ეს აჩვენა. 

„ნაცმოძრაობის“ გარკვეულ ჯგუფს, რომელიც სეპარატისტულად აზროვნებს და ჰგონია, რომ დაუბრუნდება ცხრაწლიან მმართველობას, რომელიც თავის დროზე ჰქონდა, ძალიან მწარედ ცდება და საკუთარ ამომრჩეველსაც ატყუებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ეს ამ კვირის განმავლობაში გამოჩნდება. 

თუ ასე არ მოხდა, მაშინ, რა თქმა უნდა, „ძალა ერთობაშია“ ვერ იარსებებს ისე, როგორც ახლა არსებობს, მაშინ სხვა რეალობა დგება. დაშლის შემთხვევაში, შემიძლია, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება პირდაპირ მივულოცო და ამასაც ვაპირებ. 

_ ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ჯგუფს ერთობის დაშლა რატომ უნდა? 

_ ერთობის დაშლა, თუ ეს მართვადი არ არის, ლოგიკაში არ ჯდება. ვისგან არის მართვადი? _ ამაზე, ამ ეტაპზე, კითხვის ნიშანს დავტოვებ და თუ ასე მოხდა, რა თქმა უნდა, გამაჩნია საფუძვლიანი ეჭვი ზოგიერთის მიმართ, რომელიც ჩვენი ოპონენტების მიერაა მართული და ღიად ვამბობ, არ მოვერიდები გვარების დასახელებას. 

_ ისე, თაკო ჩარკვიანის თქმით, „ძალა ერთობაშიას“ დაშლა ყველაზე მეტად გიგა ბოკერიას აწყობს და ლეიბორისტული პარტიის ოფისშიც, ოპოზიციის ერთიანი მაგიდა ამიტომ შექმნა. იზიარებთ ამ მოსაზრებას? 

_ არა. ლეიბორისტების მაგიდის ერთ-ერთი ავტორი მეც ვარ და მთელი ოპოზიციური სპექტრის კოორდინატორი ვიყავი. ლეიბორისტული მაგიდა ოპოზიციური ერთობის ფორმატია, ის იყო ერთობა, რომელმაც მიაღწია გამარჯვებას და უკეთესი საარჩევნო სისტემა გამოგლიჯა ხელისუფლებას. 

„ძალა ერთობაშიას“ დაშლა არა მარტო ხელისუფლების ინტერესებშია, არამედ, ნებისმიერი სხვა პარტიის, ვინც ამ ერთობაში არ არის, რადგან ეს არის დომინანტი კონკურენტი საარჩევნო ველზე. ამიტომ ვამბობ, როცა ამ ერთობის წევრი ნაციონალური მოძრაობის გარკვეული სეპარატისტულ დაჯგუფება ისე მოქმედებს, რომ იცის, არა მარტო ხელისუფლებას უნდა ამის დაშლა, არამედ, სხვა პარტიებსაც და ამაზე მიდის, ე.ი. ამის უკან რაღაც დგას და რაც დგას, ამას დრო გვაჩვენებს. 

_ გვარებს რატომ არ ასახელებთ? 

_ ყველას გვარი ვიცი, ვინ ვისთანაა კონსულტაციაში, ვინ ვისგან იღებს დავალებებს, მაგრამ ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ, რადგან იმედს ვიტოვებ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს. 

_ ბატონო პაატა, მკითხველი რომ არ დაიბნეს, მოდით, „ფაზლი“ შევკრათ: ესე იგი, მიხეილ სააკაშვილს უნდა ოპოზიციური ერთობა, ნაციონალური მოძრაობის გარკვეულ ჯგუფს კი _ არა ანუ მართლდება მოარული ხმა, რომ ნაცმოძრაობაში, სააკაშვილს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან? 

_ სხვა პარტიის კულუარებს მე არ გამოვიტან, მაგრამ შემიძლია, ერთი ვთქვა _ ნაციონალურ მოძრაობაში არის ბევრი დაჯგუფება, რომელიც მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 

_ გასაგებია, მაგრამ სააკაშვილს დიდი წონა აქვს პარტიაში და მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია. 

_ კი, მაგრამ გარკვეული დაჯგუფებები ყოველთვის არ ითვალისწინებენ მის აზრს. მიხეილ სააკაშვილმა ჩემთან კი არა, თავის პარტიასთან უნდა გაარკვიოს, უნდა თუ არა ერთობის შენარჩუნება. 

_ ისე, გამორიცხავთ, რომ სააკაშვილის დასაყრდენი ძალა ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად, „ძალა ერთობაშიას“ პლატფორმა გახდეს? 

_ არ ვიცი, არ მგონია ასე განვითარდეს მოვლენები, რადგან ნაციონალურმა მოძრაობამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს მიხეილ სააკაშვილთან ერთად. ვფიქრობ, სააკაშვილს ეყოფა გონიერება, რომ თავისი პარტიის წევრებს დაელაპარაკოს და დაალაგოს. თუ ესეც ვერ ლაგდება, მაშინ ხელისუფლებაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია? 

ერთი რამ მაინტერესებს _ პარტია არის თუ არა ერთგული იმ ვალდებულებისა, რომელსაც მოაწერა ხელი ამომრჩევლის წინაშე? თუ პარტია არ აღიარებს იმ დაპირებას, რაც თქვა, ე.ი. „გადამგდებია“ და ხელისუფლებაში რა პირობები უნდა შეასრულოს ამომრჩევლის წინაშე?! 

_ თუ დატოვებს ნაცინალური მოძრაობა ამ ერთობას, დანარჩენ პარტიებს რა გეგმები გაქვთ? 

_ არ ვიცი სხვა პარტიების პოზიციები. მე ჩემი ვალდებულებების ერთგული ვარ, თუ ეს დაირღვა, ვიფიქრებ, კონსულტაციებს გავმართავ სხვებთან და ვნახოთ... 

_ ბატონო პაატა, „ძალა ერთობაშიას“ მაგიდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი გიორგი ვაშაძეა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბოხების მიზეზი, სწორედ ვაშაძის ფაქტორი ხომ არ გახდა? გვახსოვს, ვაშაძის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას რა რეაქციებიც მოჰყვა... 

_ ამას ვერ ვიტყოდი. შეიძლება, ნაციონალურ მოძრაობაში ვიღაცას არ სიამოვნებს სხვა პარტიის თავმჯდომარე პრემიერად, მაგრამ ეს სხვა თემაა. ფაქტორი არის ერთობა და ძალიან მარტივია. ხელისუფლების ინტერესშია, რომ „ძალა ერთობაშია“-ში მყოფი პარტიები გამოგლიჯოს ნაციონალურ მოძრაობას და დღეს რა ხდება? ნაცმოძრაობა თვითონ მიდის ამ ერთობიდან. აქედან რა დასკვნა გამოგაქვთ? 

_ იმას ამბობთ, რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობს? 

_ არა, უბრალოდ, კითხვის ნიშანს ვსვამ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში