Menu
RSS

კვოტირებული ქალები და პარტიების დაფინანსების ახალი წესი

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც ოპოზიციას არ მოსწონს

უკვე გადაწყდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება. 120/30-ზე სისტემის მიხედვით, ახალი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 30 მაჟორიტარი დეპუტატი მოხვდება, 120 კი პარტიული სიით გავა. ამ ცვლილებებამდე, საკანონმდებლო ორგანოში პარტიული სიით 77 დეპუტატი და 73 მაჟორიტარი შედიოდა. საკონსტიტუციო ცვლილებებს წინ უძღვოდა აქციები, საპარლამენტო ბოიკოტი და 8 მარტის შეთანხმება, რომელიც ფასილიტატორი ელჩების დახმარებით შედგა. საკონსტიტუციო ცვლილებების დაამტკიცების შემდეგ, დღის წესრიგში ახალი საარჩევნო კოდექსის მიღება დადგა. ახალი წესები პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს არეგულირებს, ასევე, უფასო სარეკლამო დროის განაწილებას და იმასაც კი, რამდენი ქალი უნდა შევიდეს პარლამენტში, ან როგორ დაისჯება ამომრჩევლის მოსყიდვა. ეს ცვლილებები ეუთო/ ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.

უფასო სარეკლამო დრო 

დაჩქარებული წესით, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭისყრის შედეგად _ 91 ხმით 5-ის წინააღმდეგ, ახალი საარჩევნო კოდექსი დაამტკიცა. ესაა პარლამენტის წევრების _ არჩილ თალაკვაძის, ირაკლი კობახიძის, ანრი ოხანაშვილისა და დავით მათიკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ორგანულ კანონში ,,საარჩევნო კოდექსის შესახებ’‘, ცვლილებებს გულისხმობს. 

თანმდევ პროექტებთან ერთად, ეს საკითხი განსახილველად, ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ წარადგინა. 

მისი თქმით, უფასო საეთერო დროის მოსაპოვებლად დადგენილი „ბარიერის“ შესახებ, კანონში ორი პუნქტია გათვალისწინებული: პირველი პუნქტი გარდამავალ პერიოდზეა ორიენტირებული და ადგენს, რომ უფასო საეთერო დროს ის სუბიექტები მიიღებენ, რომლებიც ბოლო ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, კონსტიტუციით დადგენილ ბარიერს გადალახავენ, რაც პარტიებისთვის 1%-ია; მეორე პუნქტი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება და 3%-იან ბარიერს დაადგენს. 

აქედან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, კანონმდებლობაში ამჟამად მოქმედი პრინციპი იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ უფასო საეთერო დროს 19 კვალიფიციური პარტია მიიღებს. 

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მაუწყებელი ვალდებული იქნება, ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით, ცესკო-სა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საეთერო დროის ტარიფები გადასცეს, რომელთა გადახედვა, პირველი ტურის ფარგლებში, მხოლოდ ერთხელ იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, მკაფიოდ დგინდება შესაბამისი ვადები. ეს ნიშნავს, რომ „პირველადი“ ტარიფი ძალაში შევა კენჭისყრამდე 50-ე დღიდან; ტარიფის გადასინჯვის შემთხვევაში, ახალი ტარიფი კენჭისყრამდე 30-ე დღიდან ამოქმედდება. 

,,წინასაარჩევნო გარემოს გაჯანსაღების მიზნით, ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ, სარეკლამო დროის ფარგლებში, დაუშვებელი იქნება ისეთი რეკლამის განთავსება, რომელიც სხვა საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება. ზუსტდება, რომ ერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ, სხვა სუბიექტის რეკლამირების აკრძალვის შესახებ ჩანაწერში იგულისხმება მხოლოდ პოზიტიური რეკლამა; პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას, დგინდება სუბიექტის სახელწოდების/საარჩევნო ნომრის ვიზუალიზაციის პარამეტრები. კერძოდ, რეკლამის გაშვებისას, შესაბამისი სიმბოლოები უნდა ფარავდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10%-ს. რეკლამის დასასრულს, არანაკლებ ბოლო 1 წამის განმავლობაში, მკაფიოდ უნდა იქნას ნაჩვენები სუბიექტის სახელწოდება/საარჩევნო ნომერი; მაუწყებლის მიერ ფასიანი რეკლამის განთავსებისთვის გადახდილ საფასურზე მეტი დროის დათმობა შესაბამისი სუბიექტისათვის, ან უფასო რეკლამის განთავსებისას, საარჩევნო სუბიექტისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულ დროზე მეტის დათმობა, ჩაითვლება უკანონო შემოწირულობად’‘, _ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურიდან სამი კვირის შემდეგ, მეორე ტური ტარდება. შესაბამისად, მეორე ტურში, უფასო სარეკლამო დრო იგივე პროპორციით გამოიყოფა, რა პროპორციითაც საარჩევნო სუბიექტებმა თავისი კანდიდატები გაიყვანეს. კობახიძის განმარტებით, საარჩევნო ცვლილებები რეგიონული მაუწყებლების მხარდაჭერასაც ითვალისწინებს. კერძოდ, თუ საარჩევნო სუბიექტი შეისყიდის სარეკლამო დროს რომელიმე ტელევიზიაში, ის ვალდებული იქნება, რომ სარეკლამო ბიუჯეტის 10% რეგიონულ მაუწყებელში დახარჯოს. 

,,2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეულმა პარლამენტმა, სრული უფლებამოსილების შეძენის 30-ე დღიდან, არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის დახარჯული თანხის არანაკლებ 10%-ისა, წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად, სულ ცოტა, 7 რეგიონულ მაუწყებელში უნდა გამოიყენოს, რომლებიც ეროვნული მაუწყებლები არ არიან’‘. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილებებს ემატება მკაფიო ჩანაწერი, რომლითაც მესამე მხარისგან რომელიმე სუბიექტის სასარგებლოდ რეკლამის/ანტირეკლამის განთავსება შემოწირულობად ჩაითვლება იმის მიუხედავად, აქვს თუ არა მას გაცხადებული საარჩევნო მიზანი; აკრძალულ შემოწირულობად ჩაითვლება დაუსაბუთებელი შემოსავლით გაკეთებული შემოწირულობაც. 

ცვლილებების მიხედვით, კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღეს _ 20.00 საათამდე, იკრძალება წინასაარჩევნო რეკლამისა და საარჩევნო სუბიექტის პროგრამების განთავსება-გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში. 

რეგულაციების დარღვევაზე პასუხისმგებელია ცესკო და კომუნაციების მარეგულირებელი კომისია. კერძოდ, თუ საქმე საარჩევნო სუბიექტს ეხება, გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს მარეგულირებელი კომისიისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ხოლო მაუწყებლებს უშუალოდ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ღია სხდომაზე დასჯის. 

რაც შეეხება აუდიტის სამსახურს, მონიტორინგის განხორციელებისას, ეს უწყება ელექტრონული დოკუმენტთბრუნვის სისტემას ანუ ელექტრონულ ხელმოწერას გამოიყენებს. 

პარტიების დაფინანსება 

ახალი საარჩევნო კოდექსით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესიც იცვლება. ირაკლი კობახიძის განმარტებით, სრულიად ახალი, რეგრესული დაფინანსების მოდელი შემოაქვთ, რაც გულისხმობს, რომ პირველი 50 000 ხმის მიღებისას, თითო ხმაზე, პარტია 15 ლარიით დაფინანსდება, 50 000 ხმაზე ზევით, ყოველ შემდეგ ხმაზე კი _ 5 ლარით: 

„ჩვენ დავადგინეთ ძალიან სამართლიანი და მარტივი წესი, კერძოდ, პირველი 50 000 ნამდვილი ხმის ფარგლებში, თითოეული ხმისთვის, პოლიტიკური პარტია წლის განმავლობაში, 15 ლარით დაფინანსდება. ეს ნიშნავს, რომ თუ რომელიმე პარტია 3%-ს აიღებს არჩვენებში, რაც დაახლოებით, 50 000 ხმას უდრის, ამ შემთხვევაში, დაფინანსების სახით, 750 000 ლარს მიიღებს. ამას შეიძლება დაემატოს დანამატი გენდერული კვოტის დაცვისთვის, რაც 30%-ია. შესაბამისად, ხმათა 3%-ის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკურმა პარტიამ 1 მილიონიანი დაფინანსება მიიღოს. რაც უფრო მეტად იზრდება მისი შედეგი, მით უფრო იზრდება დაფინანსება, თუმცა ყოველი შემდეგი ხმისთვის, პარტია 5 ლარის ოდენობის დაფინანსებას იღებს. შესაბამისად 3%, 4%, 5% და 10%-ის შემთხვევაში, პარტია ყოველწლიურად, საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებას მიიღებს, რაც შეუძლია, რაციონალურად გაანაწილოს, რათა დაგეგმოს, როგორც რეგულარული, ასევე, მიმდინარე და საარჩევნო კამპანიის დროს გასაწევი ხარჯები. ეს ფორმულა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეფუძნება“. 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე გამოიყოფა. კობახიძის განმარტებით, ბლოკების შემთხვევაში, დაფინანსება თანაბრად განაწილდება საარჩევნო სუბიექტში, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიების შორის. 

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, ცვლილება შედის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც“. კერძოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის ნაწილში, მკაცრდება რეგულირების მექანიზმი, რომლის თანახმადაც, ამომრჩევლისთვის 100 ლარამდე თანხის გადაცემაც კი, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას _ დაჯარიმებას გამოიწვევს. 

რაც შეეხება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ გათვალისწინებულ მხარდამჭერთა სიებში შესაბამის ბლანკზე დატანილი მონაცემებისა თუ ინფორმაციის, საკუთარი და ასევე, მხარდამჭერი პირის ხელმოწერის გაყალბებას, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჯარიმას გამოიყენებენ. 

ცვლილება შედის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში. ირაკლი კობახიძის განმარტებით, განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კამპანიის დროს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინასაარჩევნო დებატები არადისკრიმინაციულად უნდა გადასცეს. 

კობახიძის განცხადებით, დაფინანსების ახალი წესი, დიდ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, უპირატესობას მცირე პარტიებს მიანიჭებს. მისივე თქმით, ამ კანონპროექტით, ცვლილებები შედის კანონში ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ’‘ და დაფინანსების სხვა წესები გაუქმდება.

მაია მიშელაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში