Menu
RSS

პოლიტიკოსების „წმინდა“ შარდი _ „გირჩი“ დეპუტატობის კანდიდატების სავალდებულო ნარკოშემოწმებას აპროტესტებს

იაგო ხვიჩია: „თუ არჩევნების მეორე ტური „ქოცი-ნაცის“ ბრძოლა იქნება, ეჭვი არ მეპარება, „ქოცები“ მოიგებენ!“

პარტია „გირჩმა“, „დეპუტატთა შარდის სიწმინდის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია კანონმდებლობით დადგენილ წესზე, რომლის თანახმადაც, პარლამენტის წევრობის ნებისმიერი მსურველი ვალდებულია, ცესკო-ში რეგისტრაციისთვის, ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა წარადგინოს. „გირჩის“ წევრი, იურისტი ლევან ჯგერენაია აცხადებს, რომ პარლამენტის დეპუტატს ხალხისგან აქვს ლეგიტიმაცია და არ შეიძლება, დეპუტატობის კანდიდატს ასეთი „აბსურდული და დამამცირებელი“ მოთხოვნა დაუწესდეს. 

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი განმარტავს, რომ პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს უხერხულ ამბავზე მიმართავს, მაგრამ სასამართლოს დახმარება ამ სამარცხვინო პროცედურის გასაუქმებლად აუცილებელია, რადგან არჩევითი თანამდებობის პირს მსგავსი შეზღუდვა არ ჰქონდეს. „ვერსია“ „გირჩის“ ერთ-ერთ ლიდერს, იაგო ხვიჩიას ესაუბრა.

_ ბატონო იაგო, საკონსტიტუციოში ეს სარჩელი რატომ შეიტანეთ? 

_ თანამედროვე პოლიტიკა ექვემდებარება ლოგიკას, რომ მთავარი ხალხის ნებაა. ადამიანები წყვეტენ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი პარლამენტში. ეს „შარდის სიწმინდის“ ბარიერი კი იმას გულისხმობს, რომ ვერ გახდები ხალხის რჩეული დეპუტატი, თუ მისი შარდი სათანადო სისუფთავის არაა. შესაბამისად, ეს მოთხოვნა არაკონსტიტუციური და არასამართლიანია. პოლიტიკური თანამდებობის პირებს არ გააჩნიათ განათლების ცენზი, მაგალითად, პრემიერ-მინისტრი, ან პარლამენტარი შეიძლება ატესტატის არმქონე პირი იყოს და ამ დროს ადამიანს, რომელიც ხალხმა აირჩია, შარდის ანალიზის ჩაბარებას იმიტომ ავალდებულებ, რომ ასე გადმოვიდა კომუნისტური წყობიდან. 

სისტემა ხალხის რჩეულს ეუბნება, მარტო ადამიანების მანდატი არ გყოფნის, უნდა აიღო კოლბა, მოშარდო და სახელმწიფოს ჩააბარო, რომ შეამოწმოსო. ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის, ნარკოტიკების მომხმარებელს აქვს უფლება, ჰყავდეს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. თუ ქვეყანაში არსებობს 100 000 კაცი, რომლებიც ნარკოტიკულ ნივთიერებას მოიხმარენ, ხომ აქვთ უფლება, ასეთი ადამიანი აირჩიონ პარლამენტში? ისევე, როგორც ღვინის მსმელებს ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი და მთელი კამპანია ლოთობის ფონზე ტარდება ამ ქვეყანაში. 

_ კი, მაგრამ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მიღებული კანონი რამდენად ჯანსაღი და სამართლიანი იქნება? 

_ ერთადერთხელ ვიყავი საარჩევნო კამპანიაში _ 2016 წელს, მაჟორიტარობას ვაპირებდი და მიწევდა სიარული ხალხთან. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დღეები იყო, რადგან 20 დღე, ფაქტობრივად, ყოველდღე მასმევდნენ, კამპანია მიდიოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ჩვენი მაჟორიტარების ღვიძლი და თირკმელი სერიოზულ სტრესშია საარჩევნო კამპანიის დროს. ამასთან, საქართველოს პარლამენტში ყოფილა ხალხი, რომლებსაც ჩემთან ერთად მოუწევიათ მარიხუანა. 

_ დააკონკრეტეთ, ვის გულისმხობთ? 

_ გოგა ხაჩიძესა და ზურა ჯაფარიძეს რომ მოუწევიათ, ხომ გჯერათ? არ მინდა, სხვა პარტიებზე გადავიდე, თორემ იქაც მინახავს ხალხი, მაგრამ ყველა ამ ადამიანს შარდის ანალიზი ჩაბარებული აქვს თავისუფლად, ჩაბარებამდე 10 დღით ადრე არ მოსწევ და... პრაქტიკულად, გვყოლია ნარკოტიკის მომხმარებელი პარლამენტარები, რომელთაც შარდი წმინდა აქვთ ჩაბარებული. ეს არის თავის მოტყუება, საყოველთაო დიდი ტყუილი, თან არც შრომის ნაყოფიერებასთან აქვს ამას კავშირი. ვიცი ადამიანები, რომლებიც არ მოიხმარდნენ ნარკოტიკულ ნივთიერებას, მაგრამ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში არაფერი გაუკეთებიათ და არცხვენდნენ ამ ქვეყანას. 

_ ჯერ სამხედრო სავალდებულო გაწვევის ალტერნატიული გზა მონახეთ, ახლა დეპუტატების გათავისუფლება გსურთ ნარკოტესტის ვალდებულებისგან. პარტიაში მხოლოდ ხარვეზებისგან თავის არიდებაზე ფიქრობთ თუ სახელმწიფოს განვითარების სწორ სტრატეგიაზეც? 

_ დიახ, ყველაფერზე ნაფიქრი გვაქვს. სწორი გზა ისაა, რომ ადამიანს აქვს პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება იმ შემთხვევაში, თუ სხვა ადამიანები მას საკუთარ წარმომადგენლობას ანდობენ. 

_ ვფიქრობ, ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება, მისმა არჩეულმა დეპუტატმა კანონები ფხიზელმა, ჯანსაღი ფსიქიკით მიიღოს და არა _ ნარკოტიკული თრობის ქვეშ. 

_ ფიქრობთ, რომ მე, ზურა ჯაფარიძეს და ვახო მეგრელიშვილს ჯანსაღი ფსიქიკა არ გვაქვს? 

_ ვფიქრობ, რეგულარულად მომხმარებელს ვერ ექნება ჯანსაღი ცნობიერება. 

_ მგონია, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დათრობის შემდეგ გიჟდებიან, მაგრამ მე როცა დამილევია, არასდროს არაფერი დამიშავებია და სრულად ვაგებ პასუხს საკუთარ ქმედებებზე. შესაბამისად, ადამიანები უნდა შევარჩიოთ იმის მიხედვით, ისინი ნორმალურები არიან თუ არა და არა იმის მიხედვით, ღვინოს რამდენჯერ სვამენ კვირაში, ან რამდენჯერ ეწევიან მარიხუანას. 

ამოცანა უნდა იყოს, ვიპოვით ნორმალური ხალხი და არა _ წმინდა შარდის მქონე. 

_ საინტერესოა, არჩევნებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, „გირჩს“ რა გეგმები აქვს? 

_ სამი პრიორიტეტული თემა წამოჭრა „გირჩმა“, რომლებითაც მეგობრებსა და მოწინააღმდეგებს შევარჩევთ. ესაა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და ახალი, ადამიანური სისტემის აწყობა. მოსამართლეთა არჩევითობა, ნაფიცი მსაჯულები და ის, რომ დაზარალებული ირჩევდეს პროკურორს, ვისაც იგივე უნდა, ჩემი პოლიტიკური მეგობარია, რადგან ვფიქრობ, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, თუ გვინდა ეს ქვეყანა სხვანაირი გახდეს. 

ვახო მეგრელიშვილს, საბჭოთა სკოლიდან თავისი და სხვისი შვილების დახსნა აინტერესებს, ზურა ჯაფარიძეს კი ეკონომიკა _ პრივატიზაცია, კომუნისტების დროს წართმეული ქონების ადამიანებისთვის დაბრუნება. ამ ქვეყნის 80% დღესაც სახელმწიფოს საკუთრებაა ანუ უპატრონოა. რუსეთის სახელმწიფოს 20% აქვს ოკუპირებული, 60% კი _ საქართველოს სახელმწიფოს. ორივე ოკუპანტია სხვადასხვანაირად, ადამიანებს უშლიან საკუთრებით სარგებლობას. თუ ამ სამივე საკითხზე გულწრფელი თანამოაზრე ვიპოვნეთ... 

_ ამ საკითხებზე თქვენსავით, რომელ პარტიაში ფიქრობენ? 

_ ამ ქვეყანაში, „გირჩის“ გარდა, ერთი პარტიაც არ მომწონს, მაგრამ შემიძლია, ველაპარაკო ადამიანებს ამ სამ საკითხზე. განათლების სისტემა, ეკონომიკა და მართლმსაჯულება _ თუ ეს საკითხები იცვლება, ქვეყანა რეალურად გვეცვლება და ყველა სხვა საკითხი, ჩემი აზრით, მეორეხარისხოვანია, თუმცა მზად ვარ, პარტიებთან ვითანამშრომლო იმ საკითხებზეც, რაც მათთვის პირველხარისხოვანია. 

საბოლოო ჯამში, ჩემი ამოცანაა, ამ პრიორიტეტულ საკითხებზე 76 ხმა მივიღო პარლამენტში. აბსურდია, ვიფიქრო, რომ პარლამენტში „გირჩი“ 76 კაცით შევა, მაგრამ არაა აბსურდი, ოპოზიციასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ, ვილაპარაკო, რომ ამ სამიდან, ერთ-ერთზე მაინც გამომყვეს. ვინც ამ საკითხებზე არ გვეთანხმება, ჩვენი პოლიტიკური მოწინააღმდეგეა, რომელსაც ამ ქვეყნის წინსვლა არ ადარდებს. 

_ დააკონკრეტეთ, რომელ პარტიებთან აღწევთ ამ საკითხებზე თანხვედრას? 

_ მაგალითად, სასამართლოს საკითხზე, ფაქტობრივად, ყველა წამყვან ოპოზიციურ პარტიასთან შევთანხმდით. ჯერჯერობით, არ შევთანხმებულვართ ლელოსთან, ასევე, ამაზე ხელი არ მოუწერია თავისუფალ დემოკრატებს, რომელსაც მაჟორიტარი კანიდიდატი, შალვა შავგულიძე ჰყავს, მაგრამ მისმა მეგობარმა პარტიამ, ევროპულმა საქართველომ მოაწერა ხელი. 

_ ანუ პარტიებს ამ საკითხებზე ხელს აწერინებთ? 

_ ჩვენი ინიციატივა იყო ამაზე საუბარი და საბოლოოდ, შევთანხმდით მართლმსაჯულების რეფორმაზე. ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რამდენად გულწრფელია ყველა ხელმომწერი მხარე, თითქოს არ იყო პედალირებული ეს საკითხი. ვისაც არ მოუწერია ხელი, მხარს არ დავუჭერ. შალვა შავგულიძე იურისტია და ევალება, ამ საკითხზე პოზიცია ჰქონდეს, საერთო ოპოზიციური კანდიდატია, უნდა დაეთანხმოს იმას, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა, თორემ მისი კრიტიკოსი ვიქნები და ადამიანებს მოვუწოდებ, მხარი არ დაუჭირონ. 

_ მაჟორიტარად ხომ არ იყრით კენჭს, თუნდაც მშობლიურ სამეგრელოში? 

_ ბუნებით არ ვარ მაჟორიტარი. ამ სისტემამ დიდი ხანი გვამყოფა ერთ ადგილას. მაჟორიტარების მხოლოდ გამონაკლისი იყო პარლამენტარიზმში ჩართული, დანარჩენები კი საკუთარი ბიზნესის „დასაკრიშად“ იყვნენ იქ მისულები. მაჟორიტარიზმმა არა პოლიტიკოსები, არამედ, ადგილობრივი ფეოდალები მოგვცა, რომლებიც ფქვილისა და შაქრის დარიგებით იგებდნენ მაჟორიტარულ ოლქებს და მათი 95% არცხვენდა იმ რაიონს, საიდანაც იყვნენ. წარმოიდგინეთ, ხუთი წელი ხარ პარლამენტში და ორი კანონპროექტი არ გაქვს გატანილი. შენი რაიონის მოსახლეობამ არც კი იცის, რა გინდოდა, რისთვის შეხვედი პარლამენტში?! 

მაჟორიტარული მოლაპარაკებებიდან იმის გამო გავედით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებზე უფრო გასაგებად ლაპარაკის საშუალება მოგვცემოდა და შეთანხმების მეტი შანსი გვქონოდა. 

_ როგორ ფიქრობთ, ახალი საკონსტიტუციო ცვლილება ქართულ პოლიტიკაში რას შეცვლის? 

_ ადრე თუ ერთი რაიონის მცხოვრები ადამიანის ავტორიტეტი პოლიტიკოსობიდან კი არა, ამ რაიონში ცხოვრებიდან მოდიოდა, ახლა ოთხ რაიონში უნდა მოიპოვოს ხმები, რომ მოიგოს, რაც შეუძლებელს ხდის იმ ტიპის მაჟორიტარობას, რაზეც გვქონდა საუბარი. თუ ეს არჩევნები წააგო ოპოზიციამ, მხოლოდ თავისი ბრალი იქნება, რადგან წაგების ერთადერთ შანსს ვხედავ იმაში, რომ მეორე ტურში იყოს „ქოცი-ნაცის“ ბრძოლა, სადაც ეჭვი არ მეპარება, „ქოცები“ მოიგებენ. თუ ამას გააკეთებს ოპოზიცია, დარწმუნდება მოსახლეობა, რომ შანსი ვერ გამოიყენეს, რადგან სულელები არიან. გამარჯვების ფორმულაა ყველაფერი, გარდა _ „ქოცი-ნაცისა“ მეორე ტურში. დანარჩენ შემთხვევებში, ოპოზიციას ეძლევა შანსი, ზედმეტი არეულობის გარეშე, ხელისუფლებამ წააგოს არჩევნები, რადგან იქნება არა „ქოცი-ნაცი“, არამედ, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ. 

ვიცი, რომ არაა მარტივი პროცესი და ამის მოგვარებას არავინ ელოდება. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, სრული კომფორტი მივეცით ოპოზიციას, რომ მიღწეულიყო შეთანხმება საერთო კანდიდატებზე. შეიძლება, საკუთარ ამბიციებზე უარის თქმა მოუწიოს ოპოზიციას, თუ თამაშის მოგება უნდა. მოკლედ, თუ ამას შევხედეთ საკუთარი გავლენების მოპოვების კუთხით და არა _ ინტელექტით, ოპოზიცია წააგებს. 

_ მოკლედ, „გირჩი“ ცალკე მოთამაშედ რჩება? 

_ ოპოზიციის მეგობარი ვარ, მასთან ერთად ვთამაშობ ამ არჩევნებისთვის, უბრალოდ, არა _ უპირობოდ. არ მინდა წაგება და აუცილებელია, ისე დავლაგდეთ, რომ მოგება იყოს შესაძლებელი. ვისაც იმის ეშინია, რომ წინა ხელისუფლება დაბრუნდება ქვეყანაში და იგივე მოხდება, მაგის მეც მეშინია და საერთოდ არ მინდა, რომ იგივე სასამართლო გვქონდეს, დაიწყოს შურისძიებები და ა.შ. თუ ვერ დამარწმუნა ოპოზიციამ, რომ ამის შანსი არ არსებობს, რითაც დავიჯერებ ისაა, რომ მართლმსაჯულების სისტემაზე გულწრფელად დაგვთანხმდნენ, გულწრფელობა უნდა დაიბრუნოს ოპოზიციამ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი თანამოაზრის პოვნა პარლამენტში, როგორც საკუთარი, ისე სხვისი პარტიიდან.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში