Menu
RSS

სკანდალი: ანა დოლიძემ ნაზი ჯანეზაშვილს მოთვალთვალე მიუჩინა?

„მეუბნებოდნენ, „ჩუგო“ კარგიაო და ვიფიქრე, იქნებ, რამეს აპირებს-მეთქი და არ მინდოდა, ჩემი გამოსვლებით, ადამიანებისთვის ბოლო იმედი გადამეწურა!“

ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის დაპირისპირებამ, ლამის საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა გადაფარა. თავდაპირველად, ეს ქალბატონები იუსტიციის საბჭოში „მოსამართლეთა კლანის“ წინააღმდეგ ერთად იბრძოდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ, როცა ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილთან, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებსა და სხვებთან ერთად, პოლიტიკური პლატფორმა დააფუძნა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ დოლიძე კანონს არღვევს, რადგან იუსტიციის საბჭოს წევრს პოლიტიკური მოღვაწეობისა და დაფინანსების მიღების უფლება არ აქვს. „დაქალების ჩხუბი“ იქამდე მივიდა, რომ ანამ, ნაზის „ოცნებასა“ და ე.წ. კლანთან კავშირში დასდო ბრალი, თავის მხრივ, ნაზიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანას დაფინანსება საეჭვოა და ბევრ კითხვას აჩენს. მიუხედავად იმისა, რომ დოლიძე ამტკიცებდა, პოლიტიკაში არ წავსულვარ და კანონი არ დამირღვევიაო, საბოლოოდ, თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მაინც მიიღო და 22 ივნისს, იუსტიციის საბჭო დატოვა. „ვერსია“ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა, რომელიც ანა დოლიძის წასვლას ღირსეულად არ აფასებს:

_ რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ღიად ვამბობდი და რაც ანას პოლიტიკურ საქმიანობასა და იუსტიციის საბჭოს წევრობას უკავშირდებოდა, დადასტურდა _ ის რომ მართალი იყოს და მისი ქცევა კანონის შესაბამისი ყოფილიყო, თანამდებობიდან არ წავიდოდა. ცხადია, მერჩივნა, ეს გამოსვლები არ დამჭირვებოდა, რადგან ეს ყველაზე ბოლო გზა იყო, როცა ამაზე საუბარი დავიწყე. ეს გადაწყვეტილება აქამდე ანუ 8-9 თვის განმავლობაში უნდა მიეღო, როცა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. როგორც პოლიტიკური ამბიციების მქონე ადამიანს, ვურჩევდი, რომ თავისი ფასი წასვლასაც აქვს. ისე დატოვა საბჭო, რომ ყველა საქმიანობა, რასაც აქ ეწეოდა, ბოლო დღეებით გააუფასურა. ჯიბრში უდგებოდა საზოგადოებას, როცა ამბობდა, რომ პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და ამიტომ არ წავიდოდა, თუმცა აბსოლუტურად საპირისპირო რამ გააკეთა. ეს არათანმიმდევრულია და არ მგონია, მის იმიჯზე კარგად აისახოს. დაჟინებით ამტკიცებდა, რომ პოლიტიკაში არაა. არადა, ანონსებში ეწერა, რომ ეს იყო პოლიტიკური პლატფორმა. შემდეგ კი პოზიციონირება ისე დაიწყეს, თითქის ეს ის მაგიდა იყო, სადაც უბრალოდ, უნდა ემსჯელათ. მსჯელობისთვის ხალხი თანამდებობიდან არ მიდის. 

_ დოლიძის თანამდებობიდან წასვლის შეფასებისას, აქცენტი ისევ მის დაფინანსებაზე გააკეთეთ. რატომ? 

_ ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას ოფისი ჰქონდა, აქამდეც ფინანსდებოდა და, როგორც ჩანს, ახლა უფრო მსუყე დაფინანსება ექნება, რადგან უკვე სერიოზული განაცხადი აქვს გაკეთებული. არ ამბობდა, რომ ფინანსდებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრს, ხელფასის გარდა, ერთი ლარის მიღებაც კი ეკრძალება, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისა. ეს ადამიანი კი დაფინანსებას ვისგან, როგორ, რატომ იღებდა? _ არ მგონია, რომ ეს კითხვები მისი თანამდებობიდან წასვლით გაქარწყლდა. 

_ ქალბატონო ნაზი, თუ დოლიძის პოლიტიკაში ჩართვას 8-9 თვეა ხედავთ, მისი გადადგომის საკითხი აქამდე რატომ არ დააყენეთ? 

_ ეს საკითხი, დაახლოებით, 8 თვის წინ დავაყენე, როცა იუსტიციის საბჭოს წევრებმა განცხადება გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს. სხდომაზე ეს საკითხი სხვებთან ერთად განვიხილე ანუ მოსამართლე წევრებმა მკითხეს, თუ რას ვფიქრობდი დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობაზე და მაშინ ვთქვი, პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს-მეთქი. იგივე გავიმეორე ტელეგადაცემებშიც. ამის შემდეგ, ამ საკითხს აღარ მივუბრუნდი, რადგან მეგონა, ნაბიჯს თვითონ გადადგამდა, მაგრამ შემდეგ დავინახე, რომ მისი საქმიანობა მოძრაობად ჩამოყალიბდა, რომელსაც პოლიტიკური მიზნები ჰქონდა. ასევე, დავინახე, რომ აქვს ოფისი და დაფინანსებაც აშკარად ჩანდა ყველაფერ იქიდან, რასაც აკეთებდა. მერე დავინახე, რომ მისი პიარ-მენეჯერი ჩემს ბრიფინგებზე იდგა და თვალ-ყურს მადევნებდა, თავიდან ჟურნალისტი მეგონა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჟურნალისტი არ იყო, უბრალოდ, მოვიდა და მიყურებდა. 

_ რა მიზნით? 

_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. 

_ ესე იგი, გითვალთვალებდათ? 

_ ამის თქმა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ განცხადებას ვაკეთებდი და როგორც ჩანს, აინტერესებდა, რას ვიტყოდი, იდგა და მიყურებდა. ეს, დაახლოებით, 7-8 თვის წინ ხდებოდა. მაშინ ჩემი აზრი ვთქვი და ველოდი მის გადაწყვეტილებას. 

_ თქვენმა დაპირისპირებამ დიდი სკანდალი გამოწვია და შეიძლება იმიტომაც, რომ საზოგადოება მეგობრებად, დაქალებად აღგიქვამდათ. ისე, დოლიძემ თქვა, საბჭოს სხდომებზე ვხვდებოდი და ჯანეზაშვილს ყველაფერ ამაზე, ჩემთან არ უსაუბრიაო. მართალია? 

_ შემიძლია, სხდომის ჩანაწერი ამოვიღო, თუ ეს საჭირო გახდა, მაგრამ თუ ანას სჭირდებოდა ჩემი რჩევა, მასთან მე კი არ უნდა მივსულიყავი, არამედ, თვითონ შეეძლო ჩემთან მოსვლა. მე სულ საბჭოში ვარ, არსად წავსულვარ, არც _ პოლიტიკაში და არც _ მოძრაობაში. თუ მას ჩემი აზრი აინტერესებდა, შეეძლო, ეკითხა და ყოველთვის ღია ვიყავი თანამშრომლობისთვის. მან ჩემი აზრი უკვე იცოდა, დაახლოებით, 8 თვის წინ, საბჭოს სხდომაზე ვთქვი, რომ პოლიტიკური საქმიანობის უფლება საბჭოს წევრს არ აქვს. უბრალოდ, როცა მოსამართლე წევრებმა პრეზიდენტს მიმართეს, მაშინ იმ განცხადებას მხარი არ დავუჭირე, რადგან მოსამართლე წევრებთან ერთად, განცხადებების კეთებას არ ვაპირებ, თან მეგონა, ანა თავად გადადგამდა საჭირო ნაბიჯს, მაგრამ ამდენი თვე გავიდა და სანამ არ დაიძაბა მდგომარეობა და ამ თემაზე ამდენი არ ვილაპარაკე, გადაწყვეტილება არ მიიღო. 

_ დღევანდელი გადასახედიდან, იმ განცხადებას მაშინ ხელი რომ არ მოაწერეთ, შეცდომად ხომ არ თვლით? 

_ არა. საბჭოს მოსამართლე წევრებთან ერთად, განცხადების კეთებას არ ვაპირებ, რადგან ამ ადამიანებს საზოგადოების მხრიდან ნული ნდობა აქვთ და მათთან საერთო არაფერი მაქვს ანუ ის, რასაც წერდნენ, კანონიერი იყო, მაგრამ ფორმა, როგორც ეს განცხადება წარადგინეს, ჩემთვის მიუღებელი იყო. 

_ ისე, სწორედ ამ „კლანის“ წევრობა დაგაბრალათ დოლიძემ და ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა, „ოცნებისგან“ საბჭოში არჩევის დროს, საეჭვოდ მოიპოვა მხარდაჭერაო. მოკლედ, ხელისუფლებასთან კავშირში დაგდოთ ბრალი. 

_ ეს მისი ფანტაზიაა! აქტიური პოლიტიკური პლატფორმა რომ შექმნეს და დრო პრეზენტაციასა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად, ჩემს ლანძღვას დაუთმეს მანაც და მისმა ახალმა კოლეგებმაც, ეს მისი არჩევანია. ეს მტკიცებულებებს, აზრს მოკლებული განცხადება იყო. დოლიძე, ან სხვა ვინმე, ერთ ფაქტსც ვერ დამისახელებს, სადაც შეიძლება, ასეთი რამ გამოიკვეთოს. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი რომ დამიჭირა, თამარ ჩუგოშვილის განცხადებებიც თუ ნახეთ, ელოდებოდა, რომ მის პოლიტიკას განვახორციელებდი. ჩუგოშვილმა, პრაქტიკულად, დაადასტურა, რომ უკმაყოფილო იყო ჩემი საქმიანობით. თქვა, რომ ეგონა, „სწორი როლი“ უნდა შემესრულებინა, მაგრამ არ ვიცი, რას გულისხმობდა. მთელი ჩემი საქმიანობა აბსოლუტურად საპირისპიროს მოწმობს. ყველამ იმით გამიცნო, რომ ვებრძოდი კლანს, ვიბრძოდი სიმართლისთვის და ეს ადამიანი საპირისპიროს რომ ამბობს, თვითონ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. 

_ ანა დოლიძემ პოლიტიკაში წასვლა ანუ თავის გუნდის წევრობა შემოგთავაზათ? 

_ არა. ამაზე არ გვისაუბრია, ისე დაიწყო ეს საქმიანობა, რომ ამის შესახებ მედიით ვიგებდი. 

_ რომ შემოეთავაზებინა, დასთანხმდებოდით? საერთოდ, პოლიტიკაში წასვლაზე გიფიქრიათ? 

_ არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპზე, საბჭოს წევრი ვარ და სადმე წასვლაზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. თუ მივიღებ, ჩემი ყველა ნაბიჯი ისეთი ღირსეული იქნება, რომ საზოგადოებას ჩემს პიროვნებასთან ეჭვი არ გაუჩნდეს. ყველამ დაუშვას შეცდომა, მაგრამ დროული, ადეკვატური, ღირსეული პასუხი საუკეთესო საშუალებაა. ანა დოლიძე არ იყო გულწრფელი, თვალთმაქცობდა და ყველას გვატყუებდა. მე თუ სადმე წავალ, ამას საზოგადოება იმ დროს გაიგებს, როცა კანონდარღვევა არ იქნება და სამართლიანი იქნება. ანა დოლიძეს რომ შემოეთავაზებინა, არ წავიდოდი. ის ჩემი თანამოაზრე იმ პერიოდში იყო, როცა საბჭოს წევრი გახლდათ და ეს ექსკლუზივი ანასთვის არ იყო, აქ რომ ყოფილიყო სხვა ადამიანი, მასთანაც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი. ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი თანამოაზრე რომ მყავდეს. ფაქტობრივად, მარტო ვარ! უნდა შემოვიდე კაბინეტში, ჩავიკეტო, დამიჯერეთ, ეს არ არის ადვილი. 

_ ანა დოლიძეს პოლიტიკაში წასვლაზე მაინც, რატომ არ დასთანხმდებოდით? 

_ როცა ადამიანი თვალთმაქცობს და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ტყუილით, თანამდებობაზე ჩაბღაუჭებითა და საეჭვო დაფინანსებით ერთვება, მასთან საერთო არაფერი მაქვს. 

_ როცა თქვენთან ერთად, ე.წ. სასამართლოს კლანს უპირისპირდებოდა, როგორ ფიქრობთ, მაშინ დოლიძე გულწრფელი იყო? 

_ როცა ვამბობ, რომ გულწრფელი არ იყო, ვგულისხმობ ბოლო დღეებს, როდესაც ამბობდა, პოლიტიკურ საქმიანობაში არ ვარო. 

_ როგორ ფიქრობთ, ე.წ. კლანთან დაპირისპირებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა? 

_ შეიძლება, ასეც იყო, მაგრამ თავიდან, როცა ბრძოლაში ჩავერთეთ, მის გულწრფელობაში ეჭვი არ შემიტანია. ასე რომ ყოფილიყო, მის გვერდით არ დავდგებოდი. 

მადლობა მინდა ვუთხრა ყველას _ ამ დღეებში, ხალხის საოცარი მხარდაჭერა ვიგრძენი და ალბათ, ამან განაპირობა, რომ ის წასულიყო. ახლა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს ახალი წევრი და მინდა, ის შესაბამისი იყოს ასეთი მნიშვნელოვანი მისიისთვის, რათა პოლიტიკურ ზეწოლასა და ამბიციებს გაუძლოს. ხალხმა კარგად დაინახა, რას ვუძლებდი _ ვუძლებდი კლანს, რომელიც აქ დაუფარავად მებრძოდა და მეორე მხრივ, თუნდაც ჩუგოშვილის ჩემთან დარეკვებიც გაძლება იყო! 

_ თუ ჩუგოშვილი გირეკავდათ, მაშინვე რატომ არ ამხილეთ? 

_ ეს ჩემი შეცდომა იყო, ცხადია, მაშინვე უნდა მემხილებინა. ამას კრიტიკადაც მივიღებ, რადგან სწორია. ერთადერთი მიზეზი, რატომაც არ ვთქვი, ის იყო, რომ ყველგან, ენჯეო-ებში, სხვაგანაც მეუბნებოდნენ, „ჩუგო“ კარგიაო და ვიფიქრე, იქნებ, რამეს აპირებს და არ მინდოდა, ჩემი გამოსვლებით, ადამიანებისთვის ბოლო იმედი გადამეწურა! 

_ ისე, ქალბატონო ნაზი, გული ხომ არ დაგწყდათ, რომ ანა დოლიძემ პოლიტიკაში თანაგუნდელობა არ შემოგთავაზათ და მასზე განაწყენდით? 

_ პოლიტიკაში წასვლა რომ მინდოდეს, გამოსავალსაც მოვძებნიდი. ამაზე გული არ დამწყვეტია, მისი პოლიტიკური საქმიანობა დაფინანსებასთან მიმართებაში, ძალიან დიდი კითხვებითა და საეჭვო ფიგურებით დაიწყო. ის რომ სწორი, თანმიმდევრული იყოს და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაშინ... პოლიტიკური საქმიანობა დაფინანსების გარეშე შეუძლებელია და ვინც გაფინანსებს, როგორც ჩანს, მის თამაშს თამაშობ და მის პოლიტიკას ანხორციელებ. 

_ თქვენი ინფორმაციით, ანა დოლიძეს ვინ აფინანსებს? 

_ მედიაში რაც გავრცელდა, ის ინფორმაცია მაქვს. არ მინდა, მისი სახელი და გვარი გავიმეორო, მაგრამ დავინახე, რომ ვიღაც აფინანსებდა. ისიც დავინახე, რომ ის მალავს დაფინანსების წყაროს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში