Menu
RSS

ელისაშვილის ორმაგი სახე _ რატომ აგინებდა ორი წლის წინ და რატომ აქებს დღეს კვირიკაშვილს

კორონა დამთავრდა, არჩევნების გეშინოდეთ, ხალხო! _ პანდემიიდან საარჩევნო ციებ-ცხელებამდე

მართალია, ქართველ ექიმთა ცნობილი სამეული, ჯანმო-ს პანიკიორი კაცის მსგავსად, კორონას მეორე ტალღით გვაშინებს და გვეუბნება, წინ უმძიმესი შემოდგომა გველისო, მაგრამ მოდით, გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ, რომ „მკვლელი ვირუსი“ ადამიანებმა შარშანდელი თოვლივით დაივიწყეს. ყოველ შემთხვევაში, პირადად ჩემს გარშემო, სულ ორი-სამი ვიცი ისეთი, რომელიც ამ 40-გრადუსიან სიცხეში მხოლოდ დახურულ სივრცეში კი არა, ქუჩაშიც პირბადე-ხელთათმანებით დადის. სიფრთხილეს, რა თქმა უნდა, თავი არ სტკივა და, კორონაც რომ არ იყოს, ადამიანებმა ხელებიც უნდა დავიბანოთ და პირადი ჰიგიენის სხვა წესებიც უნდა დავიცვათ, მაგრამ თანდათან აქტიურდება შეხედულება, რომ კორონაპანიკა, გარკვეუწილად, მოდელირებული იყო. ჰოდა, ამ ფონზე, საზოგადოებას პოლიტიკური ინტრიგები და ის უფრო აინტერესებთ, საარჩევნოდ ვინ ვის შეეკვრება. შესაბამისად, „ვერსიაც“ ამ ნარატივს გაჰყვება და ღია თუ ფარულ პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე მოგიყვებათ.

მაშ, ასე: უკვე ცნობილია, თუ ვინ იბრძოლებენ ოპოზიციის ე.წ. ლეიბირუსტული მაგიდიდან თბილისის მაჟორიტარობისთვის. სიმართლე გითხრათ, ვერავინ მიხვდა, თუ რა პრინციპით შეარჩია ოპოზიციამ, მაგალითად, მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად შალვა შავგულიძე, რადგან ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შავგულიძე ამ „მდინარეში“ უკვე მეორედ შედის ანუ შარშან, მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე, შავგულიძე ლადო კახაძეს „შეება“ და, მართალია, საქმე მეორე ტურამდე მივიდა, მაგრამ საბოლოოდ, შავგულიძე დამარცხდა. ჰოდა, მაშინ არსებობდა მოლოდინი, რომ ბატონი კახაძე არათუ მთაწმინდაზე, არამედ, მთელ საქართველოში უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარის სტატუსით შევიდოდა _ 20-21 ივნისის მოვლენების განეიტრალება ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირებით სცადა, თუმცა მერე, „ოცნების“ უმრავლესობის მანამდე უცნობი რამდენიმე წევრი აჯანყდა და პროპორციულის დაპირებამაც, როგორც იტყვიან, ჩაილურის წყალი დალია. ყველაფერ ამას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე ხანგრძლივი კონსულტაციები მოჰყვა. მართალია, ამ მოლაპარაკებების შედეგები მოსახლეობის აბსოლუტურ, ან თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას არ აინტერესებდა, მაგრამ 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ზარ-ზეიმით გაფორმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კონსტიტუციაში შევიდოდა ცვლილებები, რომლითაც წელს, არჩევნები 120/30 სისტემით ჩატარდებოდა და ამასთან, პოლიტპატიმრები _ გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა ციხიდან გათავისუფლდებოდნენ. 

ამასობაში, კორონამ იფეთქა და პოლიტიკური ცხოვრებაც დაპაუზდა, თუმცა ვირუსის პირველმა შიშმა რომ გაიარა, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც იტყვიან, თერთმეტმეტრიანი დაარტყა _ უგულავა-ოქრუაშვილი შეიწყალა და დაპაუზებული პოლიტიკაც „ამოიქოქა“. 

ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, „ამოქოვა“ ამ ეტაპზე, მხოლოდ ოპოზიციას ეტყობა ანუ მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არაა შესრულებული, „ლეიბორისტების მაგიდის“ წევრებმა არათუ თბილისის მაჟორიტარების ერთიანი კანდიდატები წარადგინეს, არამედ, ამ მაგიდის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობაც მიიღო. მაშასადამე, ისე ჩანს, რომ ოპოზიციის ერთმა ფრ¬თამ ციხეში მყოფი გიორგი რურუა თითქოს დაივიწყა, თუმცა აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას, თავად რურუაც მიესალმა. კერძოდ, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა: 

„მინდა შევეხო პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილების საკითხს... მივესალმები ამ შეთანხმებას და იმედი მაქვს, რომ 8 მარტის ხელშეკრულება ბოლომდე შესრულდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი საზოგადოებისთვის, ქვეყნის მომავლისთვის და ასევე მახარებს, რომ ნაბიჯი გადაიდგა წინ“. 

სხვათა შორის, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი ეჭვობდა, რომ „ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებას პირველივე მოსმენაზე ჩააგდებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ პოლიტიკაში პროგნოზები მაინცდამაინც მომგებიანი არაა, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ახლა კი, მოდით, ისევ ოპოზიციის მიერ თბილისში წარდგენილ მაჟორიტარების კანდიდატებს დავუბრუნდეთ. 

როგორც აღვნიშნეთ, შალვა შავგულიძის მთაწმინდის მოგების შანსი არცთუ მაღალია და ამას შარშანდელი გამოცდილებაც მოწმობს. 

ასევე, ბევრი ამბობს, რომ ვაკეში გამარჯვების მოპოვება ელენე ხოშტარაიასაც გაუჭირდება. სამაგიეროდ, იგივე მმართველ გუნდთან დაახლოებულნი, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სამგორში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება. თითქმის ანალოგიური მოლოდინი არსებობს გლდანთან დაკავშირებითაც, სადაც ოპოზიციიდან კენჭს ნიკა მელია იყრის. 

აი, ერთ-ერთი საარჩევნო ოლქი კი, სადაც მოვლენები არჩევნების დღეს და მანამდეც დრამატულად განვითარდება, დიდი ალბათობით, ისნის რაიონი იქნება. რატომ? _ ჯერ ერთი, ამ ეტაპზე უცნობია, „ოცნება“ ამ რაიონში მაჟორიტარად ვის წარადგენს. მეორეც, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, ისნის მოქმედმა მაჟორიტარმა, დავით ჭიჭინაძემ ჯერ კიდევ ორი-სამი კვირის წინ თქვა, რომ წელსაც, ისნის მაჟორიტარის მანდატისთვის აპირებს ბრძოლას. სიმართლეს თვალს თუ გავუსწორებთ, ჭიჭინაძე ისანში პოპულარულია და შესაბამისად, ხალხის მხარდაჭერის იმედიც უნდა ჰქონდეს, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2012 წელს, ამ რაიონში მაჟორიტარობისთვის გიორგი ვაშაძე იბრძოდა და მიზანსაც მიაღწია. 

ასე რომ, შემოდგომაზე, ისანში, ერთმანეთის პირისპირ ქართული პოლიტიკის, მინიმუმ, ორი გავლენიანი ფალავანი დადგება. ალეკო ელისაშვილს თუ ვკითხავთ, ამ ბრძოლას ჭიჭინაძე მოიგებს. 

„გიორგი ვაშაძე რომ ისანში ვერ მოიგებს, ეს არის დღესავით ნათელი. თუ გინდათ, დავნიძლავდეთ, ვინ მოიგებს ისანში, დავით ჭიჭინაძე ათი თავით აჯობებს და მაშინ რატომ უყენებენ და რატომ აკეთებენ ასეთ რაღაცებს“, _ განაცხადა ელისაშვილმა ტვ „პირველზე“ გამოსვლისას. 

მავანმა, შესაძლოა, ამ განცხადების რევიზია სცადოს, თუმცა აქვე, მოდით, ისიც ვთქვათ, რომ ელისაშვილი, ბოლო დროს, ერთობ უცნაურად მოძრაობს ანუ ის „ლეიბორისტების მაგიდას“ ბოლო წუთს გამოეთიშა და ანა დოლიძესა და ლევან კობერიძესთან ერთად, ახალი პლატფორმა _ „მოძრაობა ხალხისთვის“ დააფუძნა. ელისაშვილ-დოლიძის ტანდემს ქართულ პოლიტიკაში ატომური ბომბის აფეთქების ეფექტი რომ არ ექნება, ეს ცხადზე ცხადია, მაგრამ ელისაშვილის ბოლოდროინდელ მოქმედებებში სხვა რამეა საინტერესო. კერძოდ, ეს ის ელისაშვილია, რომელიც ორი წლის წინ, მაშინდელ პრემიერ კვირიკაშვილს ცოცხლად მარხავდა. ახლა კი ამბობს, რომ კვირიკაშვილის მიმართ, მინიმუმ, სიმპათია აქვს, თუმცა მოდით, ელისაშვილის ეს ტრანსფორმაცია ფაქტებით გავამყაროთ. 

„ეს კაცი რომ იდგა იქ, გაბღენძილი, როგორ გულისამრევი იყო და როგორი დეგრადირებული, გვეუბნება, იქ მივედიო, რომ შვილმკვდარ მშობლებს მოვლაპარაკებოდიო. შვილები ხომ ჰყავს?.. მამა ხომ ხარ, შე დალოცვილო, შე უსინდისო, შენა. 

გარეწარი არის კვირიკაშვილი და ყველაფერთან ერთად, იდიოტია. გამოვიდა, კიდევ რაღაცებს ბოდავდა... სკამზე ჩაბღაუჭებული გარეწარი ვნახეთ ახლა პრემიერ-მინისტრის სახით, ალალი და უსაყვედურო იყოს, რაც მოხვდა ის ბოთლები ცხვირში“, _ ასე აფასებდა ელისაშვილი კვირიკაშვილს 2018 წლის ივლისში. 

ეს კი იგივე ელისაშვილის ახლანდელი დამოკიდებულებაა ექსპრემიერის მიმართ: 

„სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი გიორგი კვირიკაშვილის ჩვენს პარტიაში ყოფნას, მაგრამ რა იქნება, ვნახოთ. მე პირადად ვისურვებდი. მოლაპარაკებები არ გვაქვს, უბრალოდ, მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი, ერთ-ერთი კი არადა, საუკეთესო პრემიერ-მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე და ღირსეული ადამიანი იყო“. 

რა გახდა ელისაშვილის ასეთი ტრანსფორმაციის საბაბი? _ ამას, ალბათ, ლუციფერიც კი ვერ გაარკვევს. თავად ელისაშვილი კი კვირიკაშვილის ჯერ ლანძღვასა და შემდეგ ქებას, ასე ხსნის: 

„ძაან ემოციური ფონი იყო, სარალიძე-მაჩალიკაშვილის ამბები, შეხვდებოდა თუ არ შეხვდებოდა, აი, გაცოფებული ვიყავი, ცოფებს ვყრიდი, მაქვს ეს ნაკლი, ძაან ემოციური ვარ და ხშირად თავს ვერ ვიკავებ. მაშინაც იმ პოზიციაზე ვიყავი და მართალი ვიყავი და დღესაც. 

ხომ გავიდა ამდენი დრო, არა? ჯერ ერთი, შევხედე, რომ კაცი წავიდა ღირსეულად, ბახტაძისგან და ღარიბაშვილისგან განსხვავებით, „ფეისბუქით“ და უკანა კარით არ გაპარულა, მის საქმიანობასაც რეალურად ვაფასებ და სხვებისასაც და, სხვებთან შედარებით, ადამიანობითაც და საქმიანობითაც მაღლა დგას. 

არცერთ ჩემს სიტყვას არ გადავთქვამ, გაცოფებული, გაშმაგებული ვაკრიტიკებდი მაშინ. მაშინაც გულწრფელი ვიყავი და დღესაც, მაგრამ ხომ დალაგდა რაღაცები... 

კვირიკაშვილი დროდადრო ავრცელებს ხოლმე განცხადებებს. რამდენიმე განცხადება იყო სახელმწიფო მოღვაწის განცხადება... 

სხვებთან შედარებით, რამდენიმე, 10-20 თავით მაღლა დგას დანარჩენ „ქართულ ოცნებასთან“ და დანარჩენ პრემიერ-მინისტრებთან შედარებით, ვინც ამ ქვეყანას ჰყოლია. რა ვქნა ახლა, შემეცვალა ეს დამოკიდებულება, რაღაცის გამო კი არა, უბრალოდ, ის ხომ დავალაგე, რა...

ჯერ, ისე არ წავიდა, როგორც ბახტაძემ და ღარიბაშვილმა დატოვეს თავჩაღუნულებმა, იმის შნო ეყო და არ არის მარტივი, ბიძინა ივანიშვილს ხმამაღლა უთხრა რაღაც და კარი გამოუჯახუნო, ერთი კვირიკაშვილმა გაბედა და მეორე ქობულიამ. ეს როგორ არ უნდა ვთქვა“. 

მოკლედ, ელისაშვილის ზემოხსენებული ახსნა-განმარტებიდან პირადად მე, მხოლოდ ის გავიგე, რომ პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ. 

ეს კი არადა, ოპოზიციის კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ „ლეიბორისტების მაგიდასთან“ გამიჯვნით, ელისაშვილმა, პირდაპირ თუ ირიბად, წყალი ხელისუფლების წისქვილზე დაასხა, მით უმეტეს, რომ ელისაშვილი და მისი ახალი პოლიტიკური და-ძმები, ესე იგი, დოლიძე და კობერიძე აპირებენ, ყველა, ან თითქმის ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინონ და ეს მაშინ, როცა მთელი ოპოზიცია ამბობს, „ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ერთიანი მაჟორიტარობის კანდიდატებით შეიძლებაო. 

სხვათა შორის, ელისაშვილ-დოლიძე-კობერიძის ტრიუმვირატი ერთადერთი არაა, რომელსაც საკუთარი მაჟორიტარები ეყოლება. თითქმის ანალოგიური სქემით გამოდის მაჟორიტარულ არჩევნებში „ლელოც“ ანუ მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ „ლეიბორისტების მაგიდის“ მუშაობაში თითქმის ბოლო წუთამდე მონაწილეობდა, ხაზარაძე-ჯაფარიძეს კანდიდატები ყველა მაჟორიტარულ ოლქში ეყოლებათ. ესე იგი, გამოვა, რომ ამით ხმებს ოპოზიციის ერთიან კანდიდატებს წაართმევენ, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ იგივე ექპერტთა ნაწილი, ერთიან მაჟორიტარებს წაგებულ თამაშს უწოდებს და მიიჩნევს, უმჯობესი იქნებოდა, ყველა, მეტ-ნაკლებად წონიან ოპოზიციურ პარტიას, ოცდაათივე ოლქში მაჟორიტარობის საკუთარი კანდიდატი ჰყოლოდა, რადგან ამით ამომრჩეველს, რომელსაც არც „ნაცმოძრაობა“ მოსწონს და არც _ „ოცნება“, ეძლეოდა შანსი, ხმა სხვა პარტიის წარმომადგენლისთვის მიეცა და ამით საქმე, მინიმუმ, მეორე ტურამდე მისულიყო, მაგრამ ამაზე ლაპარაკს უკვე აზრი აღარ აქვს, რადგან ყველაფერი გადაწყვეტილია, თუმცა თუ თბილისის მაგალითით ვიმსჯელებთ, დედაქალაქის ორი მაჟორიტარული ოლქის ბედი გაურკვეველია, უფრო სწორად, ამ ორიდან ერთში, კერძოდ, საბურთალოზე ყველაფერი გარკვეულია _ საბურთალოს მაჟორიტარი პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი იქნება და ამის შესახებ ჩარკვიანმა საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო: 

„ძვირფასო მეგობრებო! ქალბატონებო და ბატონებო!!!!! 

პირველად გამცნობთ თქვენ (დაპირებისამებრ), უპირველესად თქვენ! 

გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიდი სამეგობროს, ასევე, ჩემი ძმის, მამუკა ჩარკვიანის თხოვნით, ჩემს ოჯახთან კონსულტაციის შედეგად, დედის _ ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული, პატრიოტი ირმა ჩხეიძის, ქვეყნისა და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით, გადაწყვეტილება მიღებულია _ კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად (ჩემს უბანში)! 

დევიზი ასეთია _ „არც ერთი ხმა პუტინს!“ საქართველო კორუფციონერებისა და 30-წლიანი თაღლითი _ კორუფციაში ჩაფლული, ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით, ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს _პენსიას რომ იპარავენ! 

მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული, მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება!“ 

თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“, ოპოზიციური პლატფორმა „ძალა ერთობაშიას“ წევრია. „ძალა ერთობაშია“ ე.წ. ლეიბორისტული მაგიდის მუშაობაშიც მონაწილეობს, თუმცა თაკო ჩარკვიანი „ლეიბორისტულ შეკრებებს“ იმთავითვე გაემიჯნა და ამის მიზეზი ის გახდა, რომ მასში პრორუსული პარტიებიც მონაწილეობდნენ ანუ უფრო ნათლად რომ ვთქვათ, „კანონი და სამართალი“, პროპროციულზე ოპოზიციის გვერდით დგას, თუმცა ერთიან მაჟორიტარებზე განსხვავებული პოზიცია აქვს და სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თაკო ჩარკვიანი, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, საბურთალოზე იყრის კენჭს. 

შეიძლება, ზოგს არ მოსწონს, მაგრამ „ვერსიის“ ინფორმაციით, ოპოზიციაში ჩატარებული შიდა კვლევებით, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის ლიდერებიდან ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ლიდერია. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ჩარკვიანი საბურთალოზე მაჟორიტარულ არჩევნებს მოიგებს, ძალიან დიდი, თითქმის 90-პროცენტიანია. 

ზოგადად, არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნებში ის პოლიტიკური ძალა იმარჯვებს, ვისაც უპირატესობა დედაქალაქში აქვს. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, თბილისის მდგომარეობა, ოპოზიციის კუთხით, გარკვეულია ანუ ვიცით, თბილისის საარჩევნო ოლქების უმეტესობაში ოპოზიცია რა მაჟორიტარული კონფიგურაციით გამოვა. ამ ეტაპზე, უცნობი მხოლოდ დიდუბის ბედია, თუმცა კულუარებში მუსირებს მოსაზრება, რომ ოპოზიციის იმ ნაწილმა, რომელიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბება, ეს რაიონი, შესაძლოა, „ლელოს“ დაუთმოს. 

ამასთან, საინტერესო იქნება პროპორციული სიებიც, მით უმეტეს, პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები. 

მოგეხსენებათ, არცთუ დიდი ხნის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ მთელ ოპოზიციას ერთიანი საარჩევნო სია შეედგინა, თუმცა ამ ინიციატივას მხარი, პრაქტიკულად, არავინ დაუჭირა. სამაგიეროდ, ერთიანი სიის შედგენა „ძალა ერთობაშიას“ წევრებს მოუწევთ _ ალბათ, გახსოვთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ამ პლატფორმაში გაერთიანებულმა ათზე მეტმა პარტიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, „ძალა ერთობაშიას“ წევრები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ერთიანი სიით უნდა გამოვიდნენ. 

ზოგი მიიჩნევს, რომ ეს მემორანდუმი, ქვეყანაში ახლანდელი რეალობის გათვალისწინებით, მოძველებულია, თუმცა იმის ალბათობა, რომ „ძალა ერთობაშიას“ ერთიანი სია ჰქონდეს, მაინც არსებობს. 

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში კი, ცხადია, გამსვლელი სია ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან დაკოპლექტდება, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამსვლელ სიაში „ძალა ერთობაშიას“ წევრი ყველა პარტიის ლიდერიც იქნება. 

„ოცნება“ კი ამბობს, რომ ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, მაგრამ ყველა ხვდება, რომ ეს ლიტონი სიტყვებია ანუ ოპოზიცია, ზემოთქმულიდანაც ჩანს, რომ ჭრელია. იგივე „ნაცმოძრაობას“ კი თავისი მყარი და სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს. ჰოდა, სხვები თუ ვერა, მომავალ პარლამენტში „ნაციონალები“ აუცილებლად იქნებიან და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ თუ „ოცნება“ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების აუცილებლობის წინაშე დადგება, მას სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხმები დასჭირდეს და ყველაფერი ეს მაშინ, როცა მმართველი გუნდი ტრადიციას არ ღალატობს და ნაციონალურ მოძრაობას, უწინდებურად, „ბნელ ძალას“ უწოდებს. 

სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც საარჩევნო კამპანია გახურდება, „ოცნება“ ნაცად მეთოდს მიმართავს და ხალხის ემოციებზე თამაშს „სისხლიანი 9 წლით“ შეეცდება. ამ ვერსიას ირაკლი კობახიძის განცხადებაც ამყარებს ანუ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ორი დღის წინ, ექსხელისუფლებას „ანტიდასავლური კრიმინალური ძალა“ უწოდა. 

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მორიგი ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება, ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. 

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, ეს არის ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არმონაწილეობით. 

ისინი არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი დღეს არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ ამ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან ერთი კრიმინალური და მეორე ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით იქნა მიღებული. 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ კენჭისყრაში არმონაწილეობის გამო, ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს“ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, როგორც საზოგადოების, ასევე 8 მარტის შეთანხმებაში მონაწილე ყველა ხელმომწერი მხარის წინაშე. 

„მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას. ამ გადაწყვეტილებით, „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა განაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან“, _ თქვა მდინარაძემ. 

სხვათა შორის, მეორე მოსმენის კენჭისყრაში ბოკერიას გუნდს მონაწილეობა აღარ მიუღია ანუ „ოცნებას“ ევროპული საქართველოს მხარდაჭერა აღარ დასჭირდა, თუმცა ამის მიუხედავად, კვლავ აქტუალური რჩება კითხვა _ რა ელის გიორგი რურუას? ესე იგი, რა გამოდის, 8 მარტის შეთანხმება ნაწილობრივ შესრულდა, უფრო სწორად, ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებები გაინაღდა და რურუა დაივიწყა? 

ცხადია, ახლა იმაზე არ ვსაუბრობთ, იგივე 90-იან წლებში, რურუა რა კრიმინალურ საქმეებში იმხილებოდა. ამჯერად ისაა საინტერესო, რომ შარშანდელი 20 ივნისის საოკუპაციო აქციების დროს, რურუა ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი იყო და, როგორც მისი გარემოცვა ამბობს, ციხეშიც სწორედ ამის გამო მოხდა და თუ ასეა, მაშინ ოპოზიცია რატომ აღარ აქტიურობს რურუას გათავისუფლებაზე? 

ესე იგი, კიდევ ერთხელ გათამაშდა ჩვენს თვალწინ პოლიტიკური დრამა? 

მოკლედ, კითხვა ბევრია, თუმცა განმარტების, უფრო სწორად, არგუმენტირებული განმარტების გაკეთებას არავინ აპირებს. 

რატომ? 

ესეც დღევანდელი პოლიტიკური აბრაკადაბრას კიდევ ერთი რიტორიკული კითხვაა, თუმცა შესაძლოა, რიტორიკულიც არ იყოს, რამეთუ კარგა ხანია, დადის ხმა, რომ იგივე, ევროპული საქართველო და „ოცნება“ გარიგებულნი არიან. სხვათა შორის, ამ ვერსიას, დიდი ხანია, პატრიოტთა ალიანსი ანვითარებს, რომელიც მიანიშნებს, რომ „ოცნებამ“ ბოკერიასთვის ხელისუფლების გადაბარება განიზრახა. 

მართლა ასეა თუ არა, ხელაღებით ევრაფერს ვიტყვით, თუმცა ამ ვერსიის სასარგებლოდ ბევრი დეტალი მეტყველებს. ჩვეულებრივი ცხოვრების მსგავსად კი, პოლიტიკაშიც ეშმაკები, სწორედ დეტალებში სხედან. 

ასე და ამგვარად, კორონა დამთავრდა, არჩევნების გეშინოდეთ, ხალხო!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში