Menu
RSS

გიორგი სანაიას მკვლელობიდან გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობამდე

რატომ ფიგურირებს ორივე საქმეში ჩეჩნეთი, პანკისის ხეობა და მიდის თუ არა კვალი კრემლამდე

ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ჰოდა, დღეს ქვეყანაში ისეთი ვითარებაა, რომ ყველაფერი ახალი ძველს გვაგონებს ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, ისეთი განცდა გვეუფლება, თითქოს ისტორია მეორდება. რატომ მეორდება? _ იმიტომ მეორდება, რომ მაშინაც ზაფხული იყო და მაშინაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ინფორმაცია, რომ იმხანად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ჟურნალისტი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. გიორგი სანაიას დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობიდან გავა ზუსტად 19 წელი და საზოგადოებას კიდევ ერთი კრიმინალური ამბავი „დაშოკავს“ _ მართალია, ამჯერად ყველაფერი ფატალურად არ დასრულდება და გიორგი გაბუნია სიკვდილს გადაურჩება, მაგრამ სანაიას მკვლელობასა და გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციას შორის იმაზე მეტი პარალელი არსებობს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა ვიდრე ამ პარალელებზე ვისაუბრებთ, მოდით, გავიხსენოთ, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს და რა ვერსიები მუსირებდა და მუსირებს გიორგი სანაიას მკვლელობაზე.

დავიწყოთ იმით, რომ გიორგი სანაია დამოუკიდებელი საქართველოს ტელესივრცის ვარსკვლავი ეკრანზე გამოჩენისთანავე გახდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ იმდროინდელი და მაშინდელი ბევრი ჟურნალისტისგან სიმშვიდით გამოირჩეოდა ანუ თანამოსაუბრეებს შეურაცხყოფას არასოდეს აყენებდა და ამასთან, მუდმივად ცდილობდა, ის თემა, რომელსაც აშუქებდა, კომპეტენტურად სცოდნოდა, თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ „რუსთავი2“, რომელზეც სანაიას „ღამის კურიერი“ მიჰყავდა, საბჭოთა წყობაგამოვლილი ხალხისთვის ნამდვილი „თავისუფლების კუნძული“ იყო და მანამდე არსებულ საზოგადოებრივ დოგმებსა თუ ჟურნალისტიკურ სტანდარტებსაც ამსხვრევდა ანუ ამ არხზე საუბრობდნენ, მაგალითად, ისეთ თემებზე, როგორიცაა კორუფცია, განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და ასე შემდეგ. 

ერთი სიტყვით, გიორგი სანაიას მიმართ საზოგადოებას სიმპათია ჰქონდა, თუმცა ეს ასე აშკარად მხოლოდ მისი მკვლელობის მერე გამოჩნდა _ მის დაკრძალვას ათიათასობით ადამიანი დაესწრო. 

სხვათა შორის, გასული საუკუნის 90-იანი წლების მიწურულს, მედიის ერთ-ერთი მთავარი თემა პანკისის ხეობა და იქ განვითარებული მოვლენები გახლდათ, რაც ბუნებრივი იყო _ ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომების შემდეგ, ხეობას არაერთი ჩეჩენი დევნილი მოაწყდა და ის ხმაც დადიოდა, რომ ყველაფერ ამის გამო, პანკისი არათუ კრიმინალების თავშესაფრად იქცა, არამედ, ხეობაში თითქოს ნარკოტიკების გადამამუშავებელი მინი-ქარხნებიც ფუნქციონირებდა. 

ამას გარდა, ახალი თაობის ჟურნალისტები მოქკავშირისა და აღორძინების დაპირისპირებასაც დიდ დროს უთმობდნენ. განსაკუთრებული ყურადღება კი კორუფციას ექცეოდა ანუ არსებობდა მოსაზრება, რომ იგივე ნარკობიზნესში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართულნი. ჰოდა, სანაია მოკლეს თუ არა, ითქვა, რომ მისი ლიკვიდაციის მიზეზი ის სკანდალური ვიდეოკასეტა გახდა, რომელზეც თანამდებობის პირები და ე.წ. ნარკობარონები, მინიმუმ, ერთად იყვნენ ასახულნი, თუმცა საგულისხმოა, რომ სანაიას მკვლელობა, საბოლოო ჯამში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ჩადენილ სისხლიან დანაშაულთა კატეგორიაში გაიყვანეს და ჟურნალისტის მკვლელობისთვის, ვინმე „გრიცკო“ დააკავეს, რომელიც სანაიამ, თითქოს ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიცნო, შინ დაპატიჟა, სადაც სტუმარსა და მასპინძელს შორის, კონფლიქტი მოხდა და „გრიცკომ“ სანაია, მინიმუმ, აფექტის ნიადაგზე მოკლა. 

მართალია, სანაიას საქმე რევოლუციამდელმა ხელისუფლებამ დახურა ანუ დამნაშავედ „გრიცკო“ გამოაცხადა, მაგრამ საზოგადოებას გამოძიების ჭეშმარიტებაში ეჭვი იმთავითვე ეპარებოდა და იმედი ჰქონდა, რომ გახმაურებული მკვლელობის ხელახლა გამოძიება შევარდნაძის ხელისუფლების წასვლის შემდეგ დაიწყებოდა, თუმცა ხელისუფლებაში მოსულმა ნაციონალებმა ეს თემა ყასიდადაც არ გაიხსენეს. შესაბამისად, კიდევ უფრო გამყარდა ვერსია, რომ სანაია საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კი არ მოკლეს, არამედ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა და ყველაფერ ამას კი პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. 

ამ თემაზე რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ ქართულ გაზეთში საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამი იყო: 

„მაინც, როგორ ვითარებაში მოკლეს გიორგი სანაია? _ ეს შეკითხვა დღემდე ბევრს აწუხებს და დღემდე ყველაზე სანდო ნარკობიზნესთან დაკავშირებული ვერსიაა. 

გასათვალისწინებელია, თავის დროზე „ნომერ პირველ ტერორისტად“ შერაცხული შოთა ჭიჭიაშვილის აზრიც, რომლის თქმითაც, გიორგი სანაიას მკვლელობა ნაცმოძრაობას უკავშირდება. ეს კი იმისთვის გააკეთეს, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიეყენებინათ შევარდნაძის რეჟიმისთვის. ამ ვერსიას შეიძლება ჰქონდეს არსებობის უფლება, მით უმეტეს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას არასოდეს გამოუთქვამს აზრი სანაიას მკვლელობის ალტერნატიულ დეტალებზე... ერთი სიტყვით, ყველა გზას ნარკოტიკებთან მივყავართ. 

ერთ-ერთი ბოლო ვერსია ცნობილ ჟურნალისტ კლარა აბრამიას ეკუთვნის, რომელმაც სანაიას მკვლელობაში ღიად დაადანაშაულა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი, კახა თარგამაძე. აი, რა განაცხადა კლარა აბრამიამ ერთ-ერთ ინტერვიუში: 

„სანაიას ჰქონდა სერიოზული მასალები და ვოდეოფირები, როგორ შემოდიოდა ავღანეთიდან, ბაქოს გავლით, თბილისში დიდძალი ნარკოტიკი, როგორ ასაწყობებდნენ მას „მაუდკამვოლის“ ფაბრიკის სარდაფებში და შემდეგ, ბათუმიდან როგორ გაჰქონდათ გემებით. ყველაფერ ამას ხელმძღვანელობდა კახა თარგამაძე. გიორგი სანაია იძიებდა ამ საქმეს. შუა აზიაშიც კი იყო ჩასული ამის გამო და სერიოზული მასალები მოაგროვა. სწორედ ამას შეეწირა გიორგი სანაია“. 

მაინც, რა იცოდა გიორგი სანაიამ? _ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, გადაცემა „ღამის კურიერში“, პანკისიდან ადგილობრივი ვეფხია მარგოშვილი ჩაერთო და გიორგის უთხრა, თუ პანკისის შესახებ ბევრი გაინტერესებთ, ეთერს მიღმა ვისაუბროთო. შუამავლად დასახელდა ელენე თევდორაძე, რომელიც ამ დროს სტუდიაში იმყოფებოდა. როგორც შემდეგ გაირკვა და ელენე თევდორაძემ სასამართლოს განუცხადა, ვეფხია მარგოშვილმა, მართლაც, გამოატანა ვიდეოკასეტა გიორგი სანაიასთან. კასეტის გადაცემა პარლამენტის ფოიეში, ირმა ნადირაშვილის თანდასწრებით მოხდა. სწორედ იმ ღამეს მოკლეს გიორგი სანაია... 

რა ინფორმაცია იყო ამ კასეტაზე? _ ეს მოგვიანებით, სანაიას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გახდა ცნობილი და აი, როგორ: ვეფხია მარგოშვილი იმ დროისთვის გამომავალ ერთ-ერთ გაზეთს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ კასეტაში დასახელებული იყო პოლიციის მაღალჩინოსნებისა და ყველა ძალოვანი მინისტრის გვარები, რომლებიც პანკისის ნარკობიზნესს აკონტროლებდნენ და პანკისელ პარტნიორებთან, ჩეჩნეთიდან დაძრული საქონლის წილების გაყოფაზე ჰქონდათ დავა. ამ გაზეთს მარგოშვილი დაჰპირდა, რომ კასეტის ასლს სანდო პირის დახმარებით მიაწვდიდა, მაგრამ არ დასცალდა _ საკუთარ ეზოში, დისტანციური ბომბით ააფეთქეს. 

მოარული ინფორმაციით, ზემოხსენებული კასეტის შინაარსი კიდევ ერთმა ჟურნალისტმა იცოდა... ყველაფერი ცუდად რომ დამთავრდებოდა, ამის შესახებ ეს ჟურნალისტი გააფრთხილეს და განზე გადგომა ურჩიეს. ინფორმაცია მოვლენების ცუდად განვითარების შესახებ კი „გარეთ“, თურმე, მაშინდელი პრეზიდენტის დაცვის ერთ-ერთმა წევრმა, ი. ჩ.-ძემ გამოიტანა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქმე მის ახლობელს ეხებოდა, ინფორმატორი, რომელიც, ასევე ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა, ამ ამბავს უკავშირებს ი. ჩ.-ძის ჯერ სამსახურიდან გაშვებას და შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში მკვლელობას _ საკუთარ ეზოში ჩაცხრილეს. 

როგორც ჩანს, გიორგი სანაიაზე სიკვდილამდე ნადირობდნენ. როგორც მისი ყოფილი თანამშრომლები იხსენებენ, სიკვდილის დღეს, გიორგი ვიღაცას ემალებოდა. ერთ-ერთი თანამშრომლისთვის ისიც კი უთქვამს, ისე დაჯექი, არავინ შემამჩნიოსო. 

კიდევ ერთი დეტალი: სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, გიორგი სანაია ბათუმში, თურმე, ასლან აბაშიძის უშიშროების სამსახურის უფროსს, სოსო გოგიტიძეს, ასლან და მურად სმირბებსა და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. ეს იყო საიდუმლო შეხვედრა, რომელიც ბათუმის „ბუნგალოში“ შედგა და რომელსაც შემთხვევით, ადგილობრივი ჟურნალისტი შეესწრო. მაშინ, როცა ეს ამბავი გახმაურდა, გიორგი უკვე ცოცხალი აღარ იყო, ასლან სმირბამ კი, წერილობითი ახსნა-განმარტება გამოუგზავნა გამოძიებას, სადაც წერდა, რომ შეხვედრა გადაცემის დასაგეგმად შედგა. ისე, ითქვა ისიც, რომ „რუსთავი 2“-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა, აწ განსვენებულ ჟვანიაზე ნაწყენი იყო და დაფინანსებას ასლან აბაშიძისგან ელოდა... მიუხედავად ამისა, არავის გასჩენია ეჭვი, თუ რა უნდოდათ შეხვედრაზე ძმებ სმირბებსა და სოსო გოგიტიძეს, რომლებსაც აჭარაში „ნარკომამებს“ ეძახდნენ. 

წრე ლოგიკურად იკვრება: ყველა ფაქტი მიანიშნებს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულის მისაჩქმალად დაიგეგმა. შესაბამისად, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება, საქმის გამოძიება არასდროს მოხდება. ეს რომ ასეა, ამის მაგალითად, თუნდაც კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტის, უკრაინაში მოღვაწე გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმეც გამოდგება...“ 

კარგი, ვიდეოკასეტა გასაგებია, მაგრამ ამას გარდა, რა პოლიტიკური სარჩული შეიძლება ჰქონოდა სანაიას მკვლელობას? 

2001 წელს, უკვე ყველა ხვდებოდა, რომ მოქკავშირი ხელისუფლებას აუცილებლად დატოვებდა და ამაზე ისიც მიანიშნებდა, რომ იმდროინდელ საქართველოში, ყოველდღე უცნაური ამბები ხდებოდა _ ოპოზიცია, უფრო კონკრეტულად, მოქკავშირის ახალგაზრდული ფრთა შევარდნაძის გუნდს „ცოცხლად ასამარებდა“. ამასთან, შევარდნაძეზე, როგორც მაშინ ამბობდნენ, გული დასავლეთსაც ჰქონდა აცრუებული. სამაგიეროდ, დადიოდა ხმა, რომ იმდროინდელ ხელისუფლებას „პოლიტიკური რომანი“ კრემლთან ჰქონდა. ამას გარდა, ისიც ყველამ იცოდა, რომ პუტინის ინტერესში შედიოდა, საქართველოში მუდმივი არეულობა ყოფილიყო, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანია იყო დაწყებული _ მართალია, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 24 თვე იყო დარჩენილი, მაგრამ ყველა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე მომავალი გავლენებისთვის ემზადებოდა. საერთოდ, რუსეთს დამშვიდებული საქართველო რომ არ აწყობს, ეს ცხადზე უცხადესია. არეულობისთვის კი ისეთი ცნობილი ადამიანის მკვლელობა, როგორიც გიორგი სანაია იყო, იდეალური საბაბი იქნებოდა და პრინციპში, ასეც მოხდა _ მართალია, სანაიას მკვლელობით არეულობა არ დაიწყო, მაგრამ 2001 წლის შემოდგომაზე, მინირევოლუციის მოწმენი გავხდით _ „რუსთავი 2“-ში უშიშროება შევიდა, ამის ნიადაგზე, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და თავისუფალი მედიის დაცვას შეეცადა. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა, თუ შს მინისტრი გადადგება, სპიკერობაზე უარს მეც ვიტყვიო. ჰოდა, შევარდნაძემ კახა თარგამაძე გაწირა და ჟვანიამაც პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. ამის შემდეგ კი მოვლენები დრამატულად განვითარდა, თუმცა დეტალებში აღარ შევალთ და მხოლოდ იმას გაგახსენებთ, რომ მთელი ეს ბატალიები, 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციით“ დამთავრდა. 

მოკლედ, სანაიას მკვლელობიდან ზუსტად 19 წლის შემდეგ, ცნობილი ხდება, რომ „მთავარის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. ვის და რატომ აწყობდა, ან აწყობს გაბუნიას ლიკვიდაცია? 

გიორგი გაბუნია, შესაძლოა, გიორგი სანაიას მსგავსი იმიჯით არ სარგებლობს, მაგრამ ვინმეს მოსწონს თუ არა, ფაქტია: გაბუნია ის ჟურნალისტია, რომელიც ქვეყანაში „პოლიტიკას ქმნის“. ყოველ შემთხვევაში, სანამ „რუსთავი 2“-ზე მუშაობდა, გაბუნიას ყველა თუ არა, თითქმის ყველა გადაცემა, ახალი პოლიტიკური სკანდალის საფუძველი ხდებოდა. ამასთან, გაბუნია ჟურნალისტთა იმ კოჰორტის წარმომადგენელია, რომელიც ეკლესიას დაუფარავად აკრიტიკებს. უფრო სწორად, გაბუნია არ ერიდება, ქრისტესა თუ მარიამ ღვთისმშობელზე იქილიკოს. ამას კი მორწმუნეები რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად მიიჩნევენ. გაბუნიას სკანდალების გვირგვინი კი მის მიერ, პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის დედის გინება გახლდათ, რის გამოც, ლამის მთელმა მმართველმა ელიტამ ბოდიში მოიხადა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაბუნიას თავად პუტინიც კი გამოეხმაურა. ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რამზან კადიროვი კი, რომელიც ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის „ლიუბიმჩიკად“ ითვლება, გაბუნიას პირდაპირ მოსპობით დაემუქრა. 

სხვათა შორის, გაბუნიამ პუტინს ღია ეთერში მაშინ აგინა, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა. რა გადაწყვეტილებაც გამოიტანა სტრასბურგმა, ყველამ კარგად ვიცით _ ეს სამაუწყებლო კომპანია ქიბარ ხალვაშს დაუბრუნა. ჰოდა, მაშინვე ითქვა, რომ გაბუნიას მიერ პუტინის გინება, შესაძლოა, ამ კონტექსტში უნდა განხილულიყო, თუმცა ამ ვერსიამ განვითარება ვერ ჰპოვ სხვათა შორის, „რუსთავიდან“ „მთავარზე“ გადასული გაბუნია, მაინცდამაინც დიდი ეპატაჟით აღარ გამოირჩევა, თუმცა ის მაინც გავლენიანი ჟურნალისტია. ჰოდა, რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ მისი თავიდან მოცილება ორი კურდღლის დაჭერას ემსახურებოდა ანუ ჯერ ერთი, შეურაცხყოფის გამო, პუტინი შურს იძიებდა და მეორეც, გაბუნიას ლიკვიდაცია თუ წარმატებით განხორციელდებოდა, ეს ქვეყანაში არეულობის საბაბი თუ არ გახდებოდა, მინიმუმ, პოლიტიკურ ტემპერატურას აადუღებდა და ჟურნალისტის მკვლელობა, ღიად თუ ირიბად, რასაკვირველია, მმართველ ელიტას დაბრალდებოდა. 

ერთი სიტყვით, ეს სცენარი ძალიან ჰგავს სანაიას მკვლელობის სცენარს, მით უმეტეს, რომ არჩევნები კარსაა მომდგარი, თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი იმ დროს ხდება, როცა 13 ამერიკელი კონგრესმენი, საქართველოში მოსალოდნელ რუსულ დესტაბილიზაციაზე მოხსენებას აქვეყნებს. სხვათა შორის, ამ ვერისიას ანალიტიკოსი გია ხუხაშვილიც იზიარებს. 

„უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ „გაბუნიას საქმე“ და „13 კონგრესმენის წერილი“, ბუნებრივად დაუკავშირდა ერთმანეთს. ან ხელისუფლება იმოქმედებს პრინციპულად, მაქსიმალური საერთაშორისო რეზონანსის ინიცირებით და ამით მოახდენს კონგრესმენების წერილში გამოთქმული მოსაზრებების გაქარწყლებას, ან პირიქით, გაამყარებს ეჭვებს“, _ აცხადებს ხუხაშვილი. 

ისე, მთელ ამ ამბავში ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ გაბუნიას მოსალოდნელ ლიკვიდაციაზე ინფორმაცია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, ნიკა გვარამიამ თქვა, გაბუნიას საფრთხე რომ ემუქრებოდა, ეს ჩვენთვის ცნობილი იყო და ამიტომაც, დაცვა გავუძლიერეთო. 

„კონტრტერორისტულმა სამსახურმა საქართველოში დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში, 1982 წლის 21 დეკემბერს. მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი არ არის ის, რაზეც ახლა უნდა გესაუბროთ. ის სხვა მიზეზით დააკავეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცველების მხრიდან არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით... 

ის ფაქტი, რომ ჩვენ არამხოლოდ ხელისუფლება გვიტევს, არამედ, გვიტევს ბოროტების მთავარი ღერძი, რუსეთი, გასაკვირი არ არის. ეს „რუსთავი 2“-ში დაიწყო, როდესაც ჩვენ დაგვგმო რუსეთის დუმამ, ორივე პალატამ, რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა, ბოროტების მთავარმა სიმბოლომ. მართალი გითხრათ, ეს პატივიც არის და ამავე დროს, დიდი საშიშროებაც, რასაც ჩვენ იმთავითვე ვაცნობიერებდით. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები ეთერში, მართალია, კორექტულობისგან შორს იყო, მაგრამ სრულიად ჯდებოდა არხის სარედაქციო პოლიტიკაში არა ფორმით, არამედ, შინაარსით. გახსოვთ, ალბათ, მაშინდელი მოვლენები, რამდენიმე ასეული ურცხვი ქართველი, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შეიკრიბა, მაშინდელ „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ. გახსოვთ, ჩვენი განცხადებები, რომ ეს იქნებოდა ძალიან დიდი რისკის შემცველი და საქართველოს მთავრობას მართებდა გიორგი გაბუნიას უშიშროების, პირადი უსაფრთხოების დაცვა“, _ განაცხადა გვარამიამ 15 ივნისს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე და დასძინა, რომ ამის ნაცვლად, მიიღეს საქართველოს მთავრობის წევრების მხრიდან „დამგმობი განცხადებები“. 

აქვე, ისიც ხაზგასასმელია, რომ გვარამიამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ძალოვანებმა ქავთარაძეზე სპეცოპერაცია ჩაატარეს და უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამასთან, პარალელურად, სპეცოპერაცია პანკისშიც ჩატარდა _ ხეობის ერთ-ერთი უხუცესის, ხასო ხანგოშვილის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა თავდაპირველად ითქვა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვინმე ბიკოვი ე.წ. საყოფაცხოვრებო დანაშაულისთვის იქნა დაკავებული. მას შემდეგ კი, რაც გვარამიამ საზოგადოებას ამცნო, რომ დაკავებულს გაბუნიას ლიკვიდაცია ჰქონდა გადაწყვეტილი, სუს-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ ბიკოვის დაკავება „შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში“ მოხდა. 

„მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვსურს გაცნობოთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტის მიერ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, დაკავებულია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 

ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავება განხორციელდა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა. 

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და სისხლის სამართლის საპროცესო წესით მათი დამაგრების მიზნით, მოსამართლის განჩინებათა საფუძველზე, ჩატარდა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება; ამასთან, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ბრალდებული ვ. ბ.-სა და მასთან დაკავშირებული პირების ოპერატიული კონტროლი, რის შედეგადაც გამოიკვეთა კიდეც ვ. ბ.-ს მიერ დანაშაულის, კერძოდ, ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტი. გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული. 

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზეც, საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ინტერპოლის არხებით, გამოთხოვილია დამატებითი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მხარეს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რათა ხელი არ შეეშალოს გამოძიებას და არ მოხდეს გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ან/და ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც საბოლოო ჯამში, დააზიანებს მთავარ საჯარო ინტერესს, საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, _ ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მოკლედ, უფლის ნებითა და სამართალდამცავთა წყალობით, 2001 წლის სცენარი არ გათამაშდა _ გიორგი გაბუნია, გიორგი სანაიასგან განსხვავებით, ცოცხალია, მაგრამ ამის მიუხედავად, დიდი მარჩიელობა არ სჭირდება, რომ ეს საქმე კარგა ხანს, მთავარი „ნიუსი“ იქნება და თანდათან ბევრ დეტალსაც გავიგებთ, თუმცა ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქვეყანა დესტაბილიზაციას გადაურჩა. 

ჰოდა, ახლა, როცა ემოციები ასე თუ ისე დაცხრა, ყველა კითხვას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს და ისიც გაირკვეს, გიორგი სანაიას მკვლელობის საქმის მსგავსად, გაბუნიაზე დაგეგმილი ლიკვიდაციის საქმეში, ჩეჩნეთი და პანკისის ხეობა რატომ ფიგურირებს? ასევე, იქნებ, იმის დროც მოვიდა, რომ იგივე სანაიას მკვლელობის ხელახალი გამოძიება დაიწყოს და, მინიმუმ, იმ ვერსიას მაინც მოეფინოს ნათელი, 2001 წელს, ჟურნალისტის მოკვლით, ვინმე ქვეყანაში დესტაბილიზაციას მართლა გეგმავდა თუ არა და ასევე, უნდა გაირკვეს, რა იყო გაბუნიას ლიკვიდაციის მიზანი _ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ, ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა თუ ჟურნალისტის მოკვლისთვის ქილერი, მართლაც, რამზან კადიროვმა დაიქირავა, რადგან ამით უნდოდა, პუტინისთვის ერთგულება კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა? 

მოკლედ, კითხვები არსებობს და ახლა პასუხებს უნდა დაველოდოთ!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში