Menu
RSS

ნუკრი ქანთარია: „ოპოზიცია არჩევნებში წაგებისთვისაა განწირული!“

„ნორმალური ადამიანი სირცხვილით გაისუსებოდა და 20 ივნისზე ხმას არ ამოიღებდა!“

მომავალ კვირას პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას იწყებს. საპარლამენტო ოპოზიცია _ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ პირობა ბოლომდე არ შეასრულა და გიორგი რურუა პატიმრობიდან დღემდე არ გაათავისუფლა. დამოუკიდებელი დეპუტატები ირწმუნებიან, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროექტს მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, „ოცნების“ საპარლამენტო გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად ხმები ეყოფა, თუმცა თუ უახლოეს წარსულს გავიხსენებთ, შემოდგომაზე, სწორედ „ოცნებამ“ ჩააგდო პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის იდეა. ამიტომ იმის თქმა, 

როგორ მოიქცევა საპარლამენტო უმრავლესობა 30 მაჟორიტართან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტის განხილვისას, ძნელია. „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ საქართველოში კორონავითარება გამწვავდება, შესაძლოა, არჩევნები დეკემბრამდე გადაიდოს. რას ფიქრობს ყველაფერ ამაზე უმრავლესობის დეპუტატი, ნუკრი ქანთარია? _ ამას წინამდებარე ინტერვიუდან შეიტყობთ.

_ ბატონო ნუკრი, არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება კორონაპანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, ასეა? 

_ ეს სრული სისულელეა. დღევანდელი სიტუაცია ორჯერ მაინც რომ გაუარესდეს, ვფიქრობ, არჩევნები მაინც ჩატარდება, მაგრამ ისეთ დაავადებასთან _ ვირუსთან გვაქვს საქმე, რომ არ ვიცით, რა მასშტაბებს მიიღებს. თუ მართლაც საოცარი მასშტაბი მიიღო, ბუნებრივია, არჩევნებიც უკან რჩება და ყველაფერიც. მთავარი ადამიანების უსაფრთხოება და გადარჩენაა. ამას ნორმალური ადამიანი, მგონი, სავსებით ლოგიკურად აღიქვამს. 

_ ანუ თქვენი გუნდი არჩევნების გადავადებაზე გადაწყვეტილებას ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს? 

_ გადაწყვეტილებას თვითონ ვითარება, მდგომარეობა მიიღებს, იქნება თუ არა შესაძლებელი არჩევნების ჩატარება. ვირუსის ხანძარი თუ გაჩნდა, ხანძრის დროს გადაწყვეტილებას, სწორედ ვითარება იღებს და ამ დროს ერთადერთი მიზანი რჩება ხოლმე, რომ ხანძარი როგორმე ჩაქრეს. 

_ ბატონო ნუკრი, მომავალ კვირას პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს განიხილავს. თუ ახლო წარსულს გადავხედავთ, საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო კანონპროექტი პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ხედავთ თუ არა საფრთხეს, რომ პროექტი ახლაც ჩავარდეს? 

_ ჩვენგან საფრთხე არ არსებობს, მით უმეტეს, რომ „ოცნების“ სახელით, ხელი აქვთ მოწერილი ჩვენს წევრებს, რომლებიც ესწრებოდნენ იმ შეხვედრას. ასე რომ, მოგვწონს ვინმეს თუ არა, პირობას აუცილებლად შევასრულებთ! 

თუ დამოუკიდებელი და სხვა დეპუტატები, რომლებმაც დაგვტოვეს, გადათქვამენ, მაშინ ვერ გავა ეს პროექტი. თუ კიდევ სხვებმაც გვიგანეს, მაშინ ჩვენი ხმები არ ეყოფა, მაგრამ პატრიოტთა ალიანსშიც აცხადებენ, რომ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას და ასეთ შემთხვევაში, ეს კანონპროექტი თავისუფლად გავა. 

_ მოკლედ, ელოდებით, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს? 

_ დიახ. თუ არ ვცდები, ერთადერთმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს და ის თავიდანვე ამას ამბობდა. 

_ ისე, პირადად თქვენ, 120/30-ზე საარჩევნო სისტემა მოგწონთ? 

_ საერთოდ, ისე გაიჟეჟა ყველაფერი ეს, რომ პრინციპის ამბავია, ჩატარდეს ასე, რათა ვინმეს არ ეგონოს, ჩვენ ამის გვეშინია, თორემ, რა თქმა უნდა, იდეალურად არ მიმაჩნია. 

_ აბა, რომელი სისტემა მიგაჩნიათ იდეალურად? 

_ იდეალური საერთოდ არაფერია. პირადად მე, ორპალატიანი სისტემის მომხრე ვარ, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და ახლა განხილვას აღარ ექვემდებარება, რადგან 2024 წლიდან იქნება პროპორციული სისტემა და ხალხმა ეს უნდა გაიგოს, რათა მუდმივად არ ჰქონდეს იმის შეგრძნება, ის რომ ყოფილიყო, გადაგვარჩენდაო, თორემ მერე შეიძლება, ისევ გაჩნდეს კითხვები მაჟორიტარებთან დაკავშირებით... 

_ რას გულისხმობთ? 

_ ყველაზე ახლო ურთიერთობა, კარგია თუ ცუდია, მოსახლეობას მაინც მაჟორიტარ დეპუტატებთან აქვს _ რომ შეხვდეს, ან საყვედური უთხრას, ან რაღაც სთხოვოს, მასთან უფრო მეტი საშუალებაა კონტაქტის და სიებთან დაკავშირებით, ცოტა გაუცხოება იქნება. მოსახლეობას, ალბათ, პარტიის პირველი 5-10 სახე ეცოდინება. 

_ ბატონო ნუკრი, საარჩევნო სიის შედგენასთან დაკავშირებით, გუნდში რა მდგომარეობაა? 

_ არ ვარ ამ პროცესებში ჩართული _ პარტიული თანამდებობა არ მიკავია. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, საუბარია მაჟორიტარების შერჩევაზე. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა, შემდეგ სიებიც მოესწრება, არაა საჩქარო, თუ სიმშვიდე იქნება ამ ვირუსის გამო. 

_ ადრე განაცხადეთ, რომ მომავალ არჩევნებში კენჭს აღარ იყრით, აზრი ხომ არ შეიცვალეთ? 

_ ვისაუბრე და მუდმივად აღარ მინდა ამაზე საუბარი. მოვიქცევი საჭიროებიდან გამომდინარე, თუ რა მდგომარეობა იქნება. უნდა მოვიდეს ახალი ხალხი, ახალგაზრდები სხვა ენერგიითა და ენთუზიაზმით, ჩემი ეს ნათქვამი ძალაშია. 

_ ოპოზიცია არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობაზე ვერ თანხმდება. როგორ ფიქრობთ, თქვენს ოპონენტებს, ერთიანი სიით მონაწილეობის შემთხვევაში, გამარჯვების უფრო მეტი შანსი ექნებათ? 

_ ჯერ ერთი, ვერაფრით მოახერხებენ ერთიან სიაზე შეთანხმებას. ერთიან სიაში თუ იქნებიან ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ხალხი, გაცილებით დააბნევენ მხარდამჭერებს, მაგრამ ჩვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი, რადგან ყველა ერთ ტაფაში იქნებოდა, ისედაც ერთ ქვაბში არიან და ხალხს არჩევანი გაცილებით უფრო გაუადვილდებოდა. მათი საქმეა, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, ვფიქრობ, წაგებისთვის არიან განწირულნი! 

_ ბატონო ნუკრი, 20 ივნისის აქცია მოახლოვდა. გგონიათ, რომ აქციაზე ბევრი ხალხი მივა? 

_ პროცესები განვითარდება კანონის ფარგლებში. ოდნავი ეჭვიც არ მაქვს, რომ ვინმე კანონს გადასცდება, მაგრამ რა უნდა აღნიშნონ, ჩემთვის გაურკვეველია. თუ უნდათ, რომ პარლამენტზე თავდასხმის მცდელობა აღნიშნონ, ერთი საქმეა. თუ ის შეცდომა უნდა აღნიშნონ, რომელიც მართლა შეცდომა იყო, გავრილოვი რომ დავინახეთ წამობრძანებული, არც ეს გვგგონია აღნიშვნის ღირსი. ასე რომ, რისთვის იკრიბებიან, აბსოლუტურად გაუგებარია. თვითონვე თქვეს, ხომ ვასროლინეთ ხელისუფლებასო და ალბათ, ამის აღნიშვნა უნდათ, თორემ სხვა აღსანიშნავი მანდ არაფერია. 

ნორმალური ადამიანი სირცხვილით გაისუსებოდა და 20 ივნისზე ხმას არ ამოიღებდა!

 

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში