Menu
RSS

გიგლა ბარამიძე: „ერთ ქვაბში ნუ გვხარშავთ... მორჩა და გათავდა!“

„ჯერ პოლიტიკურ თამასაზე არ გადამხტარა და ზოგი უკვე მთავრობას აკომპლექტებს!“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ოპოზიციას სთავაზობს, რომ წლვანდელ არჩევნებზე ერთიანი პროპორციული სიით გამოვიდეს, თუმცა ოპოზიციონერთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს იდეა მიუღებელია. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ნინო ბურჯანაძის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა _ ერთიანი საქართველო“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებს არ დაასახელებს. რატომ მიიღო ბურჯანაძის გუნდმა ეს გადაწყვეტილება? _ „ვერსია“ პარტიის გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს ესაუბრა.

 

_ ბატონო გიგლა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი პარტია თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს არ წარადგენს. რატომ? 

_ დიახ, თბილისში მაჟორიტარ კანდიდატებს, ალბათ, არ დავაყენებთ. მაჟორიტარად უნდა წარგვედგინა პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო კამპანიას ვატარებთ საქართველოს მასშტაბით და ყველაფერ ამას ნინო ბურჯანაძე გაუწევს კოორდინირებას, არ იქნება სწორი, რომ ის მხოლოდ ერთ უბანზე იყოს კონცენტრირებული. 

მთავარია, მოვახერხოთ არჩევნებისთვის მზადება და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, რათა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომელიც ერთ, ან ორპარტიულობას, რაც ქვეყანაშია, მეტ-ნაკლებად გამორიცხავს. 

_ პარტიაში საკმარისი რესურსი არ გაქვთ, რომ თბილისის რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად, ბურჯანაძის გარდა, სხვა წარგედგინათ? 

_ როგორ არა, ბევრი შეგვედაროს მენეჯმენტსა და გამოცდილებაში, მაგრამ თბილისში უამრავ კანდიდატს ხომ არ წარვადგენდით? _ ერთი, ან ორი უნდა წარგვედგინა და ეს იქნებოდა პარტიის ლიდერი, თორემ ისეთი პოტენციალი აქვთ ჩვენს კადრებს, შეგვიძლია, საქართველოს მთავრობა მთლიანად დავაკომპლექტოთ. ამას ხუმრობით ვამბობ. 

_ წეღან თქვით, მთავარია, ორპოლუსიანი სისტემა არ შენარჩუნდესო ანუ სააკაშვილის შეთავაზებაზე, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი პროპორციული სიით გამოვიდეს, უარს ამბობთ? 

_ ერთიანი სიით გასვლა გამორიცხულია. სხვა ქვეყნის მთავრობაში მომუშავე კადრის ინიციატივა, მიხეილ სააკაშვილს ვგულისხმობ, რისთვისაც იყო, ვხვდებით. 

_ რისთვის იყო? 

_ თავისთვის. ალბათ, უნდოდა, თავი შეეხსენებინა, თორემ ყველა პარტიას უნდა, თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს, თან მრავალპარტიულობის ხიბლი ისაა, რომ ხალხს ჰქონდეს არჩევანის საშუალება, რომელ პარტიას მისცეს ხმა. 

ასე რომ, ამომრჩეველზეც უნდა ვიფიქროთ და ვფიქრობ, ერთიანი სია არც ეფექტურია და ამ საკითხს არც არავინ განიხილავს. 

_ არადა, ოპოზიციას, ერთიანი პროპორციული სიის შემთხვევაში, შესაძლოა, ხელისუფლების დამარცხების მეტი შანსი ჰქონოდა. მოკლედ, პარტიები ამ იდეაზე უარს იმიტომ ამბობთ, რომ გავლენების დაკარგვა არ გინდათ. 

_ ზოგადად, ყველა პარტიას პოლიტიკური ეგოიზმი ახასიათებს, მაგრამ არა _ ამ შემთხვევაში, რადგან ჩვენი მიზანია, პარლამენტში იყოს მრავალფეროვნება. ლეიბორისტული პარტიის ოფისში მაგიდასთან რომ ვსხედვართ, თანამოაზრენი ყველა საკითხში არ ვართ. მხოლოდ ორ საკითხში ვართ საერთო აზრზე _ შევიდეს საარჩევნო სისტემაში ცვლილება და არ გაყალბდეს არჩევნები. პარტიებთან სხვა საერთო არ გვაქვს და ყველა რომ შევყაროთ ერთ სიაში, ამომრჩეველს დავაბნევთ. 

რაღაც საკითხის გადასაწყვეტად, მტერთანაც შეიძლება დროებითი პოლიტიკური ზავი, მაგრამ ყველაფერში ერთად ხომ ვერ ვიქნებით? _ ეს არც ვარგა და ამას არც ვეთანხმებით! 

_ მაჟორიტარული კანდიდატების შეთანხმებაზე რა პოზიცია გაქვთ? 

_ მიმაჩნია, რომ ცოტა ადრეა ამ საკითხებზე საუბარი, რადგან ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები არ განხორციელებულა. ჩვენ, ქართველებს, ხომ გვიყვარს ყველაფრის დაჩქარება?! ჯერ არ გადამხტარან პოლიტიკურ თამასაზე და ზოგი უკვე მთავრობას აკომპლექტებს! ნაჩქარევია ეს გადაწყვეტილებები, თუმცა თუ კარგი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი რომელიმე პარტიიდან, რაღაც ფორმით თანამშრომლობასა და კოორდინირებას არ გამოვრიცხავთ,. 

_ სხვათა შორის, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, რომელიც „ლეიბორისტების“ საერთო მაგიდას იმიტომ გაემიჯნა, რომ იქ თქვენი პარტიის მონაწილეობას აპროტესტებს, აცხადებს, რომ თქვენი პარტია და ევროპული საქართველო ერთად მოქმედებთ, რათა პარლამენტში კოალიციური მთავრობა დააკომპლექტოთ. ეს მართალია? 

_ ეს თაკოს მოსაზრებაა. 

ჯერ პარლამენტში არ ვართ შესული და კოალიციებზე საუბარიც არ არის. არის საკითხები, რაზეც პარტიებთან შეიძლება ითანამშრომლო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დამოუკიდებლები ვართ და საკითხი ბლოკებსა და კოალიციასთან დაკავშირებით არ განიხილება. 

_ ბატონო გიგლა, ცოტა ხნის წინ, თქვენი პარტია გიორგი ახვლედიანმა სკანდალურად დატოვა და ამის მიზეზი ის გახდა, რომ „ოცნების“ ე.წ. გარეექსპერტობაში ამხილეს. ამაზე რას იტყვით? 

_ ადამიანს ასეთი რამ, ერთი ფარატინა ქაღალდის გამო, როგორ უნდა დააბრალო? ასე, ყველას შეიძლება რაღაც დაბრალდეს. გიორგის გადაწყვეტილება იყო, რომ პარტია არ ჩაეყენებინა ცუდ მდგომარეობაში და წასულიყო, ეს მისგან თამამი ნაბიჯია! 

_ ანუ ეჭვიც არ შეგპარვიათ, რომ ის თქვენს პარტიაში „ოცნების“ კაცი იყო? 

_ არ მინდა, დავიჯერო, რაღა მაინცდამაინც ჩვენთან უნდა ყოფილიყო? 

_ ბატონო გიგლა, არაერთ თემაზე ოპოზიცია უკვე მწვავედ დაუპირისპირდა ერთმანეთს და რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას _ საარჩევნოდ ოპოზიცია პრინციპულ, სტრატეგიულ საკითხებში ერთიანია? 

_ მთავარ, სტრატეგიულ საკითხში _ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, ყველა პარტია ერთ აზრზეა, რომ კონსტიტუციური ცვლილებებით მივაღწიოთ ნორმალურ პარლამენტს. დანარჩენ საკითხებზე მსჯელობა არც არის. 

ხომ იყო მოთხოვნა, გავერთიანებულიყავით პროპორციულთან დაკავშირებით და გადავდგით ეს უმძიმესი ნაბიჯი, ყველაფერი პირადი დავივიწყეთ და ერთად დავსხედით. ამ შედეგს თუ მივაღწევთ, უკვე წარმატება იქნება. დანარჩენ თემებზე არ ვმსჯელობთ და ერთ ქვაბში ნუ გვხარშავთ, მხოლოდ ერთ საკითხშია თანხვედრა, მორჩა და გათავდა! 

_ ისე, იგივე თაკო ჩარკვიანი და სხვა ოპოზიციონერებიც თქვენს პარტიას პრორუსულ ვექტორად „ნათლავენ“ და ოპოზიციურ ერთობაში თქვენს მონაწილეობას აპროტესტებენ. რას იტყვით, საარჩევნოდ როგორი შანსები გაქვთ? 

_ ცივი ომი დამთავრდა და საქართველოს გარდა, ამ თავსართს არსად ხმარობენ. ჯერ ერთი, რა ფორმაა, ვიღაცას დააბრალო „პრორუსულობა“? _ ეს არასწორი მიდგომაა. 

საქართველოში სტერეოტიპებით საუბარი უნდა დამთავრდეს! ჩვენი პარტია, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალვექტორული მიმართულების მომხრეა, თუნდაც იმ სახელმწიფოსთან, რომელიც რუსეთია. 

პოლიტიკა არის ეს _ მრავალვექტორული მიმართულება. არც პროევროპელები ვართ და არც _ პრორუსები, ჩვენ ვართ მრავალვექტორული პოზიციების პარტია. 

რაც შეეხება შანსებს, გვინდა, კარგად ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოში ჩვენი სიტყვა გვეთქმოდეს! 

_ გასაგებია, რომ პარტიას უფლება აქვს, საგარეო სტრატეგია თავად აირჩიოს, მაგრამ გგონიათ, ხალხს მოსწონს, რომ თქვენი პარტიის ლიდერები ოკუპანტ რუსეთში დადიან მოლაპარაკებებზე? 

_ ეს არის მხოლოდ ემოციები. არ საუბრობენ უკრაინა და რუსეთი? კოსოვო და სერბეთი? ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა იყოს, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან ერთად, ან დამოუკიდებლად დავიწყოთ საუბარი რუსეთთან იმ საკითხების მოგვარებაზე, რაც გვაწუხებს.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში