Menu
RSS

ოპოზიციის სკანდალური კულუარული თამაშები

რატომ უღალატა „ლელომ“ ოპოზიციას და ვინ მფარველობს პროდასავლურ სპექტრში ნინო ბურჯანაძეს

ოპოზიციაში ისეთი ამბები ხდება, რომ „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“. საქმე ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა, რომელიც „ძალა ერთობაშიას“ წევრია და რომელიც, იგივე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი „გამწევი ძალა იყო“, კოლეგებს იდეა შესთავაზა, მომავალი მთავრობის ხელმძღვანელი, ეგებ, გიორგი ვაშაძე იყოსო. სხვათა შორის, პატარა ვაშაძის პრემიერობის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ, მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო.

მოკლედ, ჩარკვიანის ამ იდეას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. კერძოდ, როგორც „ვერსიას“ ეუბნებიან, უკმაყოფილება თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს. უფრო კონკრეტულად, ყოფილი მმართველი პარტია სამ გუნდად დაიყო: 

1. ისინი, რომლებსაც პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურა მოეწონათ. 

2. ისინი, რომლებსაც ეს კანდიდატურა კი მოეწონათ, მაგრამ ურჩევნიათ, პრემიერის პოსტზე ნაციონალური მოძრაობის წევრი იყოს წარდგენილი. 

3. ისინი, რომლებიც ვაშაძის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. 

 

თავდაპირველად ზემოხსენებული, ასე ვთქვათ, უთანხმოება ოპოზიციის კულუარებს არ გასცილებია, თუმცა მიმდინარე კვირის დასაწყისში, ესე იგი, პირველ ივნისს, სხვადასხვა პარტიის ლიდერმა ანუ მათ, რომლებიც „ძალა ერთობაშიას“ წევრები არიან, უკვე საჯარო განცხადებები გააკეთეს და განაცხადეს, რომ ოპოზიციას პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არც განუხილავს და ეს თაკო ჩარკვიანის პირადი ინიციატივა იყო. 

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ მედიას განუცხადა, რომ გაერთიანებას ერთიანი, რეალისტური პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ეყოლება, თუმცა იქვე დასძინა, ეს გიორგი ვაშაძე არ იქნებაო. 

„ძალა ერთობაშია“ აქტიურადაა ჩართული საარჩევნო პროცესებში. ჩვენ ვმუშაობთ ველზე და ვმუშაობთ შტაბშიც. რესურსებს ვაძლიერებთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ბიძინა ივანიშვილი ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, რადგან ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია გვაქვს. 

რაც შეეხება პრემიერობის კანდიდატს, ჩვენ, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, მხარს დავუჭერთ რეალისტურ კანდიდატს. გიორგი ვაშაძის კანდიდატურა განხილული არ ყოფილა, არც დღევანდელ შეხვედრაზე განხილულა და დიდი ალბათობით, არც მომავალში განიხილება. 

ედპ-ის სახელით, კოალიციაში პრემიერის პოსტზე მხ-არს დავუჭერ მხოლოდ რეალისტურ კანდიდატს და ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე“, _ უთხრა მედიას ქარდავამ. 

ანალოგიური განცხადება გააკეთა ნიკა მაჭუტაძემაც, რომელიც ასევე, „ძალა ერთობაშიას“ წევრია. 

„გვეყოლება პრემიერობის საერთო კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე, არის სიახლეები. დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი გაერთიანების რიგები, შესაძლოა, გაიზარდოს და ამაზე მიდის მუშაობა“, – თქვა მაჭუტაძემ ორი დღის წინ. 

კოლეგების ამ საჯარო განცხადებებს, იმავე დღეს, სოციალური ქსელით თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა. 

„კოლეგებო, მინდა, შეგახსენოთ, რომ ეგ იმპერატიული ტონია-ტონალობა, რომელსაც ოლიგარქი-ფეოდალი ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს. რას ნიშნავს _ „არ განიხილება, არც ახლა და არც მომავალში“? არა, ასეთი აპრიორი სამომავლო იმპერატიულობა ჩაკეტვა _ ასეთი ტონალობა არა!!! თუ ძალა ერთობაშია და უეჭველად არის, იმპერატიულობა გადავდოთ, კარგს არაფერს მოუტანს პროცესს!!! ბევრი სიტყვაა, საბედნიეროდ, ქართულში, აი, მაგალითად: ვისაუბრებთ, განვიხილავთ, შევაჯერებთ, აზრს გავცვლით, სხვა ალტერნატივას შემოვიტანთ, ვიმსჯელებთ და რა ვიცი კიდევ, რამდენიც გინდათ... დემოკრატიულია უფრო, ვფიქრობ და ასე აჯობებს, რადგან ძალა ერთობაშია, ცხადია და, პროცესისთვის და გამარჯვებისთვის რაც უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა, იმას მივემხრობით, რათა დასავლური ღირებულებების ერთგულად დავრჩეთ! 

ვისაუბროთ და დავარწმუნოთ ერთმანეთი, რადგან კიდევ ერთი მარცხი-წაგება საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს და ამ „იმპერატიულობით“ ოლიგარქი ივანიშვილი, პუტინივით „დაგვირჩეს“! 

მგონია, რომ პარტნიორზე სიტყვა „არასოდეს“ არ უნდა გამოიყენო (ასე ვფიქრობ), მით უფრო, თუ ეს პარტნიორი იმ ღირებულებების ერთგულია, რისთვისაც „ძალა ერთობაშია“ იბრძვის ამდენი ხანია. მე ვცდილობ და მომავალშიც შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს რეალობის არასწორად აღქმა, ვიმსჯელოთ, რომ ნაღდი გამარჯვება დავდოთ, ჩემი აზრია“, _ დაწერა თაკო ჩარკვიანმა „ფეისბუქში“. 

მოგვიანებით, ჭიქაში ატეხილ ამ ქარიშხალზე განცხადება თავად გიორგი ვაშაძემ კიდევ ერთხელ გააკეთა და თქვა: 

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან გამიკვირდა ეს რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ, საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ, რადიკალური განცხადებები. 

მე, ხალხო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე!“ 

* * * 

ერთი სიტყვით, ვინც რა უნდა, ის თქვას, ფაქტი კი ჯიუტია: ოპოზიციის იმ ფრთაში, რომელმაც ორი წლის წინ, პროექტი „ძალა ერთობაშია“ შექმნა, ერთგვარი უკმაყოფილებაა, თუმცა არაოფიციალური მონაცემებით, უკმაყოფილების საბაბი გიორგი ვაშაძის პრემიერად დასახელება გახდა. „ძაღლის თავი“ კი, როგორც იტყვიან, სხვაგან არის დამარხული. 

რა, ან სად არის ეს „სხვაგან“? 

„ვერსია“, ბუნებრივია, თავს ვერ დადებს, რომ ის ინფორმაციები, რომლებიც კულუარებიდან მოგვაწოდეს, უტყუარია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კვამლი უცეცხლოდ არასოდეს ჩნდება, მაშინ გამოვა, რომ ჩვენს ხელთ არსებულ ცნობებს სიმართლესთან კავშირი აქვს. 

მოკლედ, საქმე ის გახლავთ, რომ მას შემდეგ, რაც თავის დროზე, ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების შეთანხმება ჩაშალა, ლეიბორისტების ოფისში თითქმის მთელი ოპოზიცური სპექტრი შეიკრიბა, მათ შორის, ნინო ბურჯანაძეც. ჰოდა, ხმა დადის, რომ განხეთქილების მიზეზი ზუსტად ბურჯანაძე გახდა. 

სხვათა შორის, იგივე თაკო ჩარკვიანმა თავიდანვე განაცხადა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერდა, მაგრამ იმ მაგიდასთან, სადაც პრორუსული ვექტორი იქნებოდა, არ დაჯდებოდა. შეაბამისად, „კანონსა და სამართალს“ ე.წ. ლეიბორისტების მაგიდაში მონაწილეობა, პრაქტიკულად, აღარ მიუღია. 

 

ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ჩარკვიანი „ძალა ერთობაშიას“ ერთადერთი წევრი იყო, რომელიც პრორუსული ვექტორის ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობას აპროტესტებდა ანუ მიუხედავად იმისა, რომ „ძალა ერთობაშიას“ ყველა წარმომადგენელს გაცხადებული პროდასავლური პოლიტიკა აქვს, ნინო ბურჯანაძის ფაქტორი ერთ მათგანსაც არ გაუპროტესტებია. 

ყველაფერმა ამან კი კულმინაციას მას შემდეგ მიაღწია, რაც ცნობილი გახდა, რომ ლეიბორისტების მაგიდის პოლიტიკოსები მხოლოდ პროპორციულზე კი არა, არამედ, მაჟორიტარულ არჩევნებზეც მსჯელობენ. 

მართალია, ამ თემაზე გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ არის მიღებული, მაგრამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ მიანიშნეს, რომ იმ შემთხვევში, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში პრორუსული ვექტორი მაჟორიტარად საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს, მას კონკურენტს არ ჩაუსვამენ. 

ეს მინიშნება ოპოზიციის პროდასავლური ფრთიდან მხოლოდ თაკო ჩარკვიანმა გააპროტესტა, თუმცა, როგორც ამბობენ, „ძალა ერთობაშიას“ ცალკეული წევრები, ასევე, ძირძველი ნაციონალები კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, რომ „ბურჯანაძის ხალხი“ საარჩევნო ველზე მარტო დატოვონ. 

ასე და ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მაჟორიტარების თემა ოპოზიციისთვის, შესაძლოა, „განხეთქილების ვაშლად“ იქცეს. სხვათა შორის, ამ იდეას, პირდაპირ თუ ირიბად, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძეც იზიარებს, რომელიც მაჟორიტარებზე შეთანხმებას საეჭვოს უწოდებს.

„პირადად მე, ისნის რაიონში ვაპირებ, ვიყო მაჟორიტარი დეპუტატი და ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ სხვები იქნებიან აბსოლუტურად უშანსო, „ოცნებასთანაც“ რომ გაერთიანდნენ. 

როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით რჩება 30 მაჟორიტარი, რაც ე.წ. მოლაპარაკების წარმატებად იქნა გამოცხადებული, ამ ნაწილში ოპოზიციის კოორდინირება აბსოლუტურად გაჭირდება, რადგან მაჟორიტარებს ცოტა ხმები არ მოაქვთ, ამომრჩევლების, დაახლოებით, 10-15% მაჟორიტარებიდან გამომდინარე აკეთებს არჩევანს. 

რაც შეეხება მეორე ტურს, ეს უკვე ტექნიკური ნაწილია ანუ ვინ ვის უმრავლესობას ამჯობინებს სამომავლოდ. 

მთლიანობაში კი, ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა“, _ აცხადებს ჭიჭინაძე. 

ე.წ. მაჟორიტარების სკანდალის გვირგვინად კი, შესაძლოა, „ლელოს“ განცხადება ჩავთვალოთ. 

დაახლოებით, ერთი კვირის წინ, მამუკა ხაზარაძის გუნდმა, უფრო სწორად, ბადრი ჯაფარიძემ კამპანიის _ „ახალი ძალა, ახალი იმედი“ პრეზენტაციაზე განაცხადა: 

„ლელოს“ ეყოლება 30 მაჟორიტარი 30 საარჩევნო ოლქში. ჩვენ დღეს აქტიურად ვემზადებით ამისათვის, გვყავს საკმარისზე მეტი კანდიდატი, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის“. 

პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ კი დასძინა, რომ „ლელოს“ ამ ეტაპზე ოპოზიციასთან ერთიან კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები არ აქვს, თუმცა რიგ საკითხებზე კოორდინაცია არ გამოირიცხება. 

 

ჩვენთვის რომ ვთქვათ, „ლელოსგან“ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ისინი, ვინც პოლიტიკის კულუარებში კარგად ერკვევიან, იმთავითვე ეჭვობდნენ, რომ გადამწყვეტ მომენტში „ლელო“ ოპოზიციას გაემიჯნებოდა და მის ერთიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. 

„კითხვის ნიშნის ქვეშ“ დაყენება, შესაძლოა, ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: „ლელოს“ ზემოხსენებული გადაწყვეტილება დანარჩენი ოპოზიციური პარტიებისთვის, შესაძლოა, ერთგვარი სტიმულის მიმცემი იყოს და ყველა ოლქში მაჟორიტარის საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. ეს კი, აპრიორი, წყალს ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს ანუ მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ „ოცნების“ დამარცხება მხოლოდ ერთიანებითაა შესაძლებელი, მაგრამ თუ ოპოზიცია გათითოკაცდება, მაშინ „დიადი გამარჯვება“ შორს, „ბუზის ტოლადაც“ აღარ გამოჩნდება! 

ასე რომ, განხეთქილება დაწყებულია და ამ უთანხმოების „ლოკომოტივად“, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ლელო“ და ბურჯანაძე გვევლინებიან. 

თამაშობს თუ არა „ლელო“ ხელისუფლების თამაშს? _ ამაზე დასაბუთებული საუბარი მარტივი არაა, მაგრამ ვის თამაშს თამაშობს, იგივე ნინო ბურჯანაძე? 

მოარული ინფორმაციით, ბურჯანაძეს პროდასავლურ ოპოზიციაში სერიოზული მფარველი ჰყავს ანუ მინიშნება კეთდება გიგა ბოკერიაზე, რომლის სურვილიცაა, რომ ბურჯანაძე გამოიყენოს. 

ასევე, იმის შესახებაც ჩურჩულებენ, რომ ბურჯანაძის მიმართ გარკვეული სიმპათიები პაატა დავითაიასაც აქვს. 

გარდა ამისა, ის ხმაც დადის, რომ იგივე ნიკა მელია არაა წინააღმდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატები ბურჯანაძეს ჰყავდეს. ამ ხმას თავად მელიას განცხადებაც ამყარებს, რომელიც მან ორი დღის წინ გააკეთა. 

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ერთობა მაქსიმალურად ყველა საკითხის გარშემო შედგეს. აქტიურად ვართ ჩართულები ამ პროცესში. 

საერთო მაჟორიტარულ ოლქებშიც ჩვენი როლი მნიშვნელოვანი იქნება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური, თუმცა ბუნებრივია, შესაძლებელია, ცალკეულ ოლქებში საერთო შეთანხმების საფუძველზე, ჩვენი ინტერესი იყოს, რომ ოპოზიციას ჰყავდეს არა ერთი კანდიდატი, არამედ, რამდენიმე, რომ ამით გონივრულად დავუპირისპირდეთ ოლიგარქს. 

არის ოლქები, სადაც ცალსახად საერთო კანდიდატი უნდა იყოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გადაწყვეტილებას მიიღებს მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსის საფუძველზე, სხვა პარტიებთან კონსულტაციების შედეგად“, – თქვა მელიამ. 

გარდა ამისა, ამავე კონტექსტში, წინა კვირას აგორებული სკანდალიც უნდა გავიხსენოთ. კერძოდ, ტვ „პირველზე“ გავიდა სიუჟეტი, სადაც „ოცნების“ მიერ დაქირავებულ ე.წ. გარე სპიკერებსა და ექსპერტებზე იყო საუბარი. ამ სიაში დასახელებული გახლდათ გიორგი ახვლედიანი. ტელევიზიამ ივარაუდა, რომ ეს გიორგი ახვლედიანი, ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელი გიორგი ახვლედიანი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, მას კომენტარისთვის დაუკავშირდა. რესპოდენტმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და თქვა, რომ შესაძლოა, სხვა გიორგი ახვლედიანზე ყოფილიყო საუბარი და საკრებულოს წევრ გიორგი (გიგა) ახვლედიანზე მიანიშნა, თუმცა ტვ „პირველის“ ცნობით, ამ მეორე ახვლედიანის მიერ „ოცნების“ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადება ინტერნეტსივრცეში არ იძებნება. 

ჰოდა, თუ დავუშვებთ, რომ ტვ „პირველისგან“ გამოაშკარავებული გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელია, მაშინ რა გამოდის? _ ბურჯანაძის გუნდის წევრი, იგივე ოპოზიციის მაგიდაზე ხელისუფლების პოზიციებს ახმოვანებს? 

მთელ ამ კულუარულ თამაშებში როგორი პოზიცია უკავია ნიკა მელიას? _ ესეც კიდევ ერთი კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემაც ბევრ რამეს, ალბათ, თავის ადგილას დააყენებდა, თუმცა თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომ იგივე სოციალურ ქსელში არსებობს ჯგუფი, რომელსაც ასე ჰქვია _ „ნიკა მელია პრემიერად“, ყველაფერი თავის ადგილას, მეტ-ნაკლებად, დალაგდება. 

ერთი სიტყვით, თუ ეს აჟიოტაჟი გაგრძელდა, ე.წ. ლეიბორისტების მაგიდა, დიდი ალბათობით, დაიშლება და შესაძლოა, დღის წესრიგში, იგივე, „ძალა ერთობაშიას“ ახლანდელი სახით არსებობაც დადგეს. 

ლეიბორისტების მაგიდას კი უკვე ღიად, „გირჩიც“ ემიჯნება. 

„ლეიბორისტების ოფისში დავდიოდით პროპორციული არჩევნების მისაღებად. პროპორციული არჩევნები მივიღეთ ანუ არსებითად პროპორციული, დარჩა 30 მაჟორიტარი. 

თუ გულწრფელი ადამიანები ვართ საკუთარ ზრახვებში და იქ თუ დავდიოდით გულწრფელად იმისთვის, რომ მიგვეღო პროპორციული არჩევნები, პროპორციული არჩევნები რანაირად გამოდის იქ, სადაც გადასაწყვეტი გვაქვს 30 მაჟორიტარის ამბავი, პროპორციულად ვანაწილებთ? 

 

რა სქემაც არის შემოთავაზებული და გაჟღერებული, პროპორციულია? მაგალითად, პარტიას, რომელსაც 5% აქვს, ამ პროპორციით რამე შეხვდება? 

მოლაპარაკების მაგიდაზე მე ჩემი მიზნით დავდივარ, მაქვს ასეთი მარტივი მიზანი. ჩემი პოლიტიკური მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა და აქედან ადამიანური მართლმსაჯულების სისტემის აწყობა. მე არ მინდა საბჭოთა კავშირში ცხოვრება“, _ აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია. 

მაჟორიტარებზე შეთანხმების მომხრეა ციხიდან ახლახანს გამოსული ირაკლი ოქრუაშვილი. გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ამბობს, რომ შეთანხმება, სულ მცირე, 20 ოლქზე მაინც უნდა მოხდეს. 

„თუ ჩვენ გადავდებთ გვერდზე პარტიულ კალკულატორებს და ორი, სამი, ოთხი პროცენტის რაღაც ინდივიდუალურ მიმატება-გამოკლებას თავს დავანებებთ, მგონი, შეთანხმება შესაძლებელი იქნება, სულ მცირე თბილისზე და მაქსიმუმ, ოცი მანდატის ფარგლებში, – ამბობს ოქრუაშვილი და კომენტარს ვაშაძის პრემიერობის თემაზეც აკეთებს,_ პირველ რიგში, რვა მარტის შეთანხმება რომ შესრულდეს, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა მივიღოთ და შეიცვალოს მაჟორიტარული ოლქების განაწილების პრინციპი, ამის მერე უნდა შევთანხმდეთ კანდიდატებზე და ერთად ვიბრძოლოთ გამარჯვებისათვის. 

რაც შეეხება პრემიერობის საერთო კანდიდატს, ეს შეიძლება იყოს, სულ მცირე არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე და არა _ უბრალოდ, სურვილების მიხედვით. 

ისე, გიორგი ვაშაძე საკმაოდ ენერგიული, საკმაოდ აქტიური ადამიანია, მაგრამ პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების ეტაპი ჯერ არ დამდგარა.“

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში