Menu
RSS

დავით ზურაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური წარსულის მძევალია!“

„პანდემიის ნიადაგზე, ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში სერიოზულად შესვლა არ ვარგა!“

 

ხელისუფლებამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დისტანციურად უკვე დაიწყო, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს. ამ პოლიტიკურ ულტიმატუმს ოპოზიცია იმით ხსნის, რომ 8 მარტს, მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის დადებული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი, სწორედ დაკავებული პოლიტიკოსების, მათ შორის, გიორგი რურუას გათავისუფლება იყო. 

რამდენად მნიშვნელოვანია 2020 წლის არჩევნების შეცვლილი სისტემით ჩატარება, რა შანსები აქვთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას საარჩევნოდ და უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, გიორგი რურუას არგათავისუფლების შემთხვევაში? _ ამ და სხვა საკითხებზე, „ვერსია“ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, დავით ზურაბიშვილს ესაუბრა:

 

_ ბატონო დავით, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლა და როგორ აფასებთ ოპოზიციის პოზიციას, რომ ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში, გიორგი რურუას გამო, უარს ამბობს საარჩევნო სისტემის შეცვლაზე? 

_ ხელისუფლებას თუ რეალურად აქვს სურვილი, შეუძლია, ოპოზიციის გარეშეც მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ ოპოზიცია არ მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას, ხელისუფლებას ამის შესაძლებლობა მაინც აქვს, თუმცა ნაკლებად დაიჯერებს ვინმე, რომ ეს ოპოზიციის ბრალია. უფრო ისე გამოჩნდება, რომ ხელისუფლებამ ისარგებლა ოპოზიციის ბოიკოტით და არ მიიღო ის სისტემა, რასაც დასავლელი პარტნიორები ითხოვენ ანუ აქ ოპოზიციის პოზიცია არ არის გადამწყვეტი, თუმცა რა თქმა უნდა, სჯობს, ეს კანონი იქნას მიღებული. 

რაც შეეხება რურუას გათავისუფლებას, ეს იყო პირობა, რაზეც შეთანხმება არსებობს. დრო კიდევ არის და თუ არ შესრულდა მისი გათავისუფლების მოთხოვნა, ბუნებრივია, არც კენჭისყრის შემდეგ მოიხსნება. 

ვფიქრობ, ბოლო მომენტში უნდა გადაწყვიტოს ოპოზიციამ, მისცეს თუ არა ხმა კანონპროექტს. ასე რომ, პირადად მე, მაინც მივცემდი ხმას ბოლო მომენტში, მანამდე კი ყველანაირად ვეცდებოდი, ხელისუფლებაზე განმეხორციელებინა ზეწოლა. 

2020 წლის შემდეგ, ყველა საპარლამენტო არჩევნები ისედაც ჩატარდება სრული პროპორციული წესით. ახლა, საუბარია კონკრეტულად 2020 წლის არჩევნებზე, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და 120/30-ზე საკმაოდ კარგი შედეგია. 

_ საინტერესოა, რა გეგმები აქვს რესპუბლიკურ პარტიას 2020-ის არჩევნებისთვის? 

_ ვერ გეტყვით, ამ საკითხზე სჯობს, პარტიის თავმჯდომარეს მიმართოთ. პარტიაში სხვადასხვა ვარიანტი განიხილება, თუმცა ახლა პარტიული პოზიციით ვერ ვისაუბრებ. 

_ ისე, ამას წინათ, სოციალურ ქსელში წერდით, ნაციონალური მოძრაობა საკუთარი პოლიტიკური წარსულის მძევალი გახდაო და იქვე დასძენდით, ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა და არა _ პარტიისო... 

_ ახლა კი არ გახდა, საერთოდ არის. მას სურს, აწმყოთი გაამართლოს წარსული, რომელიც ჰქონდა და ეს ძირითადად იმის ხარჯზე ხდება, რომ ხელისუფლება წარმოაჩინოს უფრო უარესად და ზოგჯერ ამ მხრივ ძალიან აჭარბებს, რაც საბოლოო ჯამში, მისთვისაც ცუდია. 

_ იმასაც ამბობდით, პანდემიის მართვის საკითხში არ უნდა გავაკრიტიკოთ ხელისუფლებაო. 

_ ეს არ მითქვამს. ამ ნიადაგზე, ხელისუფლებასთან კონფრონტაციაში სერიოზულად შესვლა არ ვარგა, არასწორია, რადგან როცა ასეთი რამ ხდება, საზოგადოებაში არის მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ კარგად გააკეთოს, კონსოლიდაცია ხდება ყველა ქვეყანაში და საქართველო გამონაკლისი არაა. 

კრიტიკა უნდა გამოითქვას, თუმცა ეს არ უნდა იყოს კრიტიკა კრიტიკისთვის. ჩემთვის ცოტა უხერხულია, როცა სპეციფიკურ, სამედიცინო საკითხებზე, ეპიდემიოლოგს ეკამათება პოლიტიკოსი, მით უმეტეს, უამრავი პოლიტიკური საკითხი იყო ამ პანდემიის კონტექსტში, რაზეც შეიძლება ხელისუფლებასთან დებატი და კრიტიკა. 

იმას არ ვამბობ, არავინ ხმა არ ამოიღოს და მხოლოდ ვაქოთ ხელისუფლება-მეთქი, უბრალოდ, თემას აქვს მნიშვნელობა. რა ენერგიაც ოპოზიციამ შესწირა სწრაფი ტესტების თემას და ასწავლიდა ექიმებს, როგორ უნდა ემკურნალათ ავადმყოფისთვის, ეს ნეიტრალური პოზიციის მქონე ხალხისთვის, არ გამოყურებოდა კარგად! 

_ როგორც მივხვდი, ნეგატიურად არ აფასებთ ხელისუფლების მიერ პანდემიის მართვას, არა? 

_ რატომ უნდა შევაფასო ნეგატიურად, როცა შედეგი გვაქვს სახეზე _ უკეთესი, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაშია?! ამ შედეგს ვერსად გაექცევი. 

_ ანუ შეზღუდვებს არ აპროტესტებდით? 

_ არა. შეზღუდვები რომ საჭირო იყო, ეს დაადასტურა პრაქტიკამ და მსოფლიო გამოცდილებამ. 

შვედეთში რომ მიუშვეს სიტუაცია, გაცილებით მეტია სიკვდილობა და რთული მდგომარეობაა. რამდენადაც ვიცი ჩემი ახლობელი ექიმებისგან, ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლა გამოძიებასავითაა _ უნდა დაადგინო კლასტერები და მერე მოახდინო მათი იზოლაცია, ესაა ერთადერთი აპრობირებული გზა მთელ მსოფლიოში. ჩვენთან კი დროზე მიხედეს ამ სიტუაციას. 

გვერდით გავიხედოთ, სომხეთში რა ხდება, პრემიერ-მინისტრია ოჯახით დაინფიცირებული. ჩვენთან, შემთხვევების 40% ბოლნისზე მოდის, სადაც წესებს არ დაემორჩილნენ. ამიტომ ცხადია, ეს ზომები საჭირო იყო. 

_ ამბობენ, მეორე ტალღაა მოსალოდნელი შემოდგომაზეო, რაც შეიძლება, არჩევნებსაც დაემთხვეს... 

_ საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ ამ პანდემიასა და ვირუსზე არავინ არაფერი იცის და ყველა მკითხაობს. 

_ კეთილი... ბატონო დავით, საარჩევნოდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შანსებს როგორ აფასებთ? 

_ სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ჩამოყალიბებული აზრი ამის თაობაზე. როცა არჩევნებში მონაწილეობ, ბუნებრივია, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო. რესპუბლიკური პარტია, ცხადია, ოპოზიციურ ფლანგზე იქნება. ჩვენ არ ვართ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალის დომინირების მომხრე ხელისუფლებაში. მიგვაჩნია, რომ პრინციპულად უნდა იყოს კოალიციური ხელისუფლება, თუ გვინდა, თავიდან ავიცილოთ პრობლემები, რომელიც გვქონდა ამ და წინა ხელისუფლებების დროს. ამიტომ კოალიციური ხელისუფლების მომხრე ვართ და უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის. 

ამის შანსი არის, თუმცა გარანტია _ არა. ჯერ კიდევ დიდი დროა და ვერ იტყვი, რა მოხდება. ერთმა ფაქტმა, შეიძლება, ამოაყირავოს სიტუაცია. 

_ ისე, 2012 წელსაც კოალიციური ხელისუფლებით მოვიდა „ქართული ოცნება“, სადაც თქვენც იყავით, შემდეგ კი დაიშალა. 

_ არ მოსულა კოალიციური ხელისუფლებით, ოპოზიცია იყო კოალიციური. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ _ რესპუბლიკური პარტია ვცდილობდით, რეალურ, კოალიციურ ლიანდაგზე გადაგვეყვანა ურთიერთობა, რადგან ფორმალური იყო ის კოალიცია. ძალოვანი სტრუქტურები ემორჩილებოდა მხოლოდ პირადად ბიძინა ივანიშვილს. 

პრინციპში, კოალიციური მმართველობის ნაცვლად, ერთი კაცის მმართველობა შემოიღო. სხვათა შორის, მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ 2012-2016 წლებში, „ოცნების“ კოალიცია იყო უფრო უკეთესი, ვიდრე _ 2016-2020-წლების. თუ რამე წარმატება აქვთ, ყველაფერი იმ პერიოდში გაკეთდა, კოალიციურობიდან გამომდინარე.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში