Menu
RSS

ვინ ვისი კლასტერია ოპოზიციაში

რატომ ვერ იტანს ოქრუაშვილი მერაბიშვილს, რა პრეტენზიები აქვთ ოპოზიციონერებს ბოკერიასთან და დადგება თუ არა ზურაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი

 

სახლში დარჩენა ასეთი დამღლელი და მომაბეზრებელი არასოდეს ყოფილა, მით უმეტეს, ახლა, როცა კოვიდინფექცია თითქოს უკან იხევს. ყოველ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო შეზღუდვებს არბილებს და ზოგ ქვეყანაში ადამიანებს პლაჟზე გასვლის ნებაც მისცეს. მართალია, შეზღუდვების „გალაითება“ ჩვენთანაც დაწყებულია, მაგრამ ეპიდემიოლოგები და კლინიცისტები მაინც ძველ „ჩვენებას“ „აწვებიან“ და დაჟინებით იმეორებენ, რომ შინიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავიდეთ. აი, მაგალითად, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, მარინა ეზუგბაია, თავისი განუმეორებელი ღიმილით, სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს და გვირჩევს, რომ კოვიდშემთხვევების დაბალი რაოდენობის მიუხედავად, თავშეყრის ადგილებს მოვერიდოთ.

„ნუ გავთამამდებით. მოსახლეობას მინდა, მივმართო, მიუხედავად შეზღუდვებისა და აკრძალვების მოხსნისა, მაინც უნდა გავაგრძელოთ შეზღუდულად ცხოვრება. მუდმივად გთხოვთ და ახლაც გეუბნებით, თვითშეზღუდვები დავაწესოთ. რამდენიმე დღეა, შეინიშნება ხალხმრავალი ადგილები ქუჩებში, ეზოებში. გთხოვდით მოსახლეობას, რომ მაინც თავი შევიკავოთ, აუცილებელი საქმის გარეშე, ნუ გავალთ სახლიდან და შევიკავოთ თავი თავყრილობებისგან. ჩვენი მიღებული შედეგების გასამყარებლად, აუცილებელია, გარკვეულწილად, კვლავ მეტ-ნაკლებად ჩვენი თვითშეზღუდვები გავაგრძელოთ იმიტომ, რომ ქვეყანას, ეკონომიკას სჭირდება განვითარება და ამისთვის შეზღუდვები და აკრძალვები უნდა მოხსნილიყო, მაგრამ ვეცადოთ, რომ გაგებით შევხედოთ ამ სიტუაციას და რაც შეიძლება ნაკლები თავყრილობები გვქონდეს“, _ აცხადებს ეზუგბაია. 

მოკლედ, საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ კორონა ერთგვარად პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა ანუ ხელისუფლება, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ცდილობს, მოქალაქეები მეტ-ნაკლებად გააკონტროლოს და, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, „პანიკის პოლიტიკას“ არ ეშვება, რისთვისაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იყენებს. 

ეს შეხედულება, შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ „ოცნებას“ შეზღუდვები „გაუტკბა“ და ამიტომ, ყველაფერს აკეთებს, რათა დემოკრატიული პროცესები „მგელი მოდის“ პრინციპით შეაფერხოს. ოპოზიციის ამ მოსაზრებას ერთი გარემოება ამყარებს. კერძოდ, 19 მაისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, შეზღუდვების შემოღების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა განიხილეს, რომლის თანახმადაც, მთავრობას გარკვეულ ლოკაციაზე შეზღუდვების შემოღება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. აი, სწორედ ამაში ხედავს საფრთხეს ოპოზიცია ანუ ანტიოცნებელები მიიჩნევენ, რომ შეიძლება, კორონა საერთოდ გადაშენდეს, მაგრამ ხელისუფლებამ ისეთი კანონები მიიღოს, რომლებიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. 

„დიდი საფრთხეა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ეს ნორმები არამართლზომიერად, არაკონსტიტუციურად და ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შესაზღუდად გამოიყენოს, ყოველგვარი კონტროლის გარეშე პარლამენტის მხრიდან“, _ აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა. 

საფრთხე მხოლოდ ზემოხსენებულ ინიციატივაში კი არა, კიდევ ბევრ რამეშია, თუმცა ამჯერად, ამ თემას აღარ განვავრცობთ ანუ კორონას პოლიტიკურ ჭრილში აღარ განვიხილავთ და მეტ-ნაკლებად გაცოცხლებული ქართული პოლიტიკის მოკლე მიმოხილვას შემოგთავაზებთ. 

დავიწყოთ იმით, რომ პოსტპანდემიური ეპოქა საქართველოში ერთობ სკანდალურად „დადგა“ ანუ შესაძლოა, ვინმე ელოდა, მაგრამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ვიღაცებისთვის მაინც „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას“ ჰგავდა. არადა, თუ კორონამდელ პოლიტიკურ მოვლენებს გავიხსენებთ, ჯერ კიდევ მაშინ ითქვა, რომ იგივე გიგი უგულავას, რომელიც ბოლო 8 წელში, მესამდე დაიჭირეს, სწორედ პრეზიდენტი შეიწყალებდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ მაშინ მიიღო „ვერსიამ“ კულუარებიდან ინფორმაცია, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალება 8 მარტის ყბადაღებულ შეხვედრაზე გადაწყდა. ამის მიუხედავად, როგორც აღვნიშნეთ, ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ბევრს არ ესიამოვნა. არადა, თუ დავაკვირდებით, პრეზიდენტმა, ერთგვარად, პრაგმატული ნაბიჯი გადადგა და აკი, თავის განცხადებაში ამაზეც მიანიშნა: 

„არ ვიწყალებ პოლიტპატიმრებს, რამეთუ საქართველოში არ არსებობენ პოლიტპატიმრები. დღეს, საბედნიეროდ, ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში. პოლიტიკოსს, რომელიც მძიმე და ყველასთვის ცნობილი სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის ციხეში სასჯელს იხდის, პოლიტპატიმარი არ ეწოდება, იგი მხოლოდ და მხოლოდ დამნაშავე პოლიტიკოსია. ამ თემით სპეკულირება ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება, მიუღებელია და უნდა დასრულდეს. შეწყალება არ ნიშნავს სასამართლო განაჩენის გადასინჯვას, ან გადაფასებას, დამნაშავე დამნაშავედ რჩება, სასჯელისგან თავისუფლდება და არა _ დანაშაულისგან“. 

მოგვიანებით, „ოცნების“ მიმდევრებმა იმ აზრის კულტივირება დაიწყეს, რომ უგულავამ და ოქრუაშვილმა, პრეზიდენტს შეწყალებაზე თავად მიმართეს ანუ თითქოს დანაშაული აღიარეს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით, შეწყალებისთვის სავალდებულო არაა, რომ მსჯავრდებულმა დანაშაული აღიაროს და ქვეყნის მთავარსარდალს სთხოვოს, ციხიდან გამიშვიო. 

ისე, წესით, უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის ლიდერები რომ არ იყვნენ, ზურაბიშვილის მიერ მათი შეწყალება არავის გაუკვირდებოდა, რადგან ე.წ. შეწყალების სკანდალში პრეზიდენტი ადრეც არაერთხელ გახვეულა. ზოგადად, სკანდალები ზურაბიშვილის ერთგვარი ბედისწერაა და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ ეს ბოლო სკანდალ-შეწყალება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ზურაბიშვილმა ბოლო შეწყალებით, სამოხელეო დანაშაული ჩაიდინა ანუ უგულავა-ოქრუაშვილს მისთვის შეწყალების თხოვნით არ მიუმართავთ და მათი საქმე არც შეწყალების კომისიას განუხილავს. 

„წმინდა წყლის სამოხელეო დანაშაულია ჩადენილი, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. მსჯავრდებულებს არ მიუმართავთ პრეზიდენტისთვის, ეს ერთმნიშვნელოვანი გარემოებაა. 

ასევე, კომისიას არ განუხილავს და პიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება, რისი უფლებაც პრეზიდენტს არ ჰქონდა. როდესაც გირგვლიანის მკვლელები შეიწყალა, მიხეილ სააკაშვილი სწორედ მაგაზეა გასამართლებული ანუ ის პროცედურები არ დაიცვა, რა პროცედურებიც ახლავს შეწყალებას. ამიტომ, იმედს გამოვთქვამ, რომ სალომე ზურაბიშვილი ძალიან მალე მოგვევლინება ბრალდებულის სკამზე“, – მიიჩნევს ადვოკატი კობაიძე, რომელმაც ზურაბიშვილის წინააღმდეგ სარჩელი პროკურატურაში უკვე შეიტანა. 

ვერ გეტყვით, ვინმეს აქვს თუ არა ილუზია, რომ „პარიჟანკა“ „დაისჯება“, მაგრამ ამას მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ისაა, რომ უგულავა-ოქრუაშვილი „სვაბოდაზე“ არიან და ხმაურიან განცხადებებსაც აკეთებენ ანუ ისინი პოლიტიკურ პროცესებში უკვე აქტიურად ჩაერთნენ და ორივე მათგანი გეგმავს, წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე, კენჭი მაჟორიტარობის კანდიდატებადაც იყარონ. 

ოპოზიციაში უგულავა-ოქრუაშვილის ამ ჩანაფიქრის საწინააღმდეგო, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არავის არაფერი აქვს, მაგრამ ოპოზიცია სხვა დილემის წინაშე დგას ანუ ჯერ ერთი, ცალკეული ოპოზიციონერები, აი, მაგალითად, პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი იმას აპროტესტებს, თუ რატომ მიდის ოპოზიციაში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება მაშინ, როცა თავის დროზე, ლეიბორისტების ოფისში, ე.წ. ოპოზიციის მაგიდა მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით შეიქმნა. ამასთან, ქალბატონი ჩარკვიანი, ნინო ბურჯანაძის კუთხითაც სვამს კითხვებს და, პრაქტიკულად, იმაზე მიანიშნებს, რომ ცალკეული ოპოზიციონერები, შესაძლოა, „ოცნებასთან“ იყვნენ კავშირში. 

ზოგადად, „ოცნებისა“ და ოპოზიციის ამა თუ იმ წარმომადგენლის ფარული თანამშრომლობა ახალი „ხილი“ ნამდვილად არ არის. ჯერ კიდევ გასულ წელს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ითქვა, რომ იგივე ევროპულმა საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რათა გავრილოვის საბაბით ქუჩაში გამოსული ადამიანების პროტესტი სხვა კალაპოტში გადაეტანა. 

რაკი ბოკერია ვახსენეთ, აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მისი და ხელისუფლების კავშირებზე ხმა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ანუ მაშინ გავრცელდა, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მაგრამ ეს საქმე მალევე ყველას დაავიწყდა. უმრავლესობის ყოფილი წევრი, პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე კი პირდაპირ აცხადებს, რომ ბოკერია, სააკაშვილს, თავის დროზე, სწორედ მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამო გაემიჯნა. 

„ოცნებასა“ და ბოკერიას შორის მოლაპარაკებები ყოველთვის მიდიოდა და სწორედ ამიტომ ჩამოშორდა სააკაშვილს“, _ აცხადებს ჭიჭინაძე და განმარტავს, რომ ამ ინფორმაციას აბსოლუტური სიზუსტით ფლობს, რადგან ივანიშვილის მეორედ მობრუნებამდე, „ოცნების“ მთავრობის პირველ პირებთან საკმაოდ დაახლოებული იყო. 

„სწორედ „ნაცმოძრაობიდან“ გამოყოფის შემდეგ დაუბრუნეს „ევროპული საქართველოს“ ფრთას ფული, ბიზნესი და, პრაქტიკულად, ყველაფერი. ამას გარდა, „ქართული ოცნება“ ხომ გვპირდებოდა ბიზნესის ხელშეწყობას და არის რამე განხორციელებული? ვინმეს ახალი ბიზნესმენი გაგიგიათ ამ ქვეყანაში? ახლაც ზუსტად ისინი არიან, ზუსტად ის ბიზნესებია, რომელიც ადრე, სააკაშვილის ხელისუფლების ფრთის ქვეშ იყო! ტენდერებსაც თბილისში, ზუსტად იგივე ადამიანები იგებენ, ვინც ადრე, ამ შემთხვევაში კი, ძირითადად, „ევროპული საქართველოს“ ფრთა და ეს ყველამ იცის სახელებითა და გვარებით. 

მოკლედ, ეს ის ორი ძალაა, რომელიც ერთმანეთის დაბალანსებით ცდილობს ხელისუფლებაში დაბინავებას, ხალხის სასიკეთოდ კი არც ერთი, არაფრის გამკეთებელი არაა“, _ განახადა ჭიჭინაძემ, ვანო პავლიაშვილის გადაცემა „პოლიტიკურ ბარში“. 

ერთი სიტყვით, ოპოზიციაში ერთმანეთის, უფრო სწორად, ბოკერიას მიმართ კითხვები აქვთ, თუმცა ევროპული საქართველო ამ კითხვებზე პასუხის გაცემას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ბრალდებებს, რომლებიც უკვე კულუარებიდან სააშკარაოზეც გამოვიდა, „ევროქოცები“ არ იმჩნევენ და იმის შესახებაც ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ყოფილი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. აი, სწორედ ეს კოვიდიამდელი ინიციატივა გახდა პირველი „ნაპერწკალი“, რომლის გამოც, „ძალა ერთობაშიას“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბოკერიას უნდობლობა გამოუცხადა. 

სხვათა შორის, სააკაშვილის მიმდევრებში ანუ ნაციონალური მოძრაობის რიგით წევრებში ბევრია ისეთი, რომელიც ბოკერიას, იგივე სოციალურ ქსელში „ცოცხლად ასამარებს“, თუმცა თავად ლიდერები, ესე იგი, ბოკერია და სააკაშვილი, ერთგვარ „ჯენტლმენობას“ იჩენენ და ერთმანეთის მიმართ არაფერს ამბობენ. 

ასე და ამგვარად, წლევანდელ არჩევნებზე, ოპოზიციამ ერთიანად გამოსვლა რომც შეძლოს, აქედანვე ნათელია, რომ ეს ეკლექტური ერთობა არჩევნების დასრულებისთანავე დაიშლება, თუმცა ის მოლოდონიც არსებობს, რომ ანტიოცნებელებმა, ხელიხელჩაკიდებულებმა, არჩევნებამდეც ვერ მიაღწიონ და ამის მიზეზი კი _ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, _ შესაძლოა, შს ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გახდეს. 

ალბათ, ზოგი იკითხავს, მერაბიშვილი რა შუაშიაო? _ ეს კითხვა რიტორიკული ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, იმ ფონზე, თუ გავიხსენებთ, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილია. ოქრუაშვილსა და მერაბიშვილს კი ერთმანეთის მიმართ ანტაგონიზმი, ჯერ კიდევ იმ „სისხლიანი 9 წლის“ დროს ჰქონდათ, თუმცა ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ორი წლის წინაც აცხადებდა ოქრუაშვილი, რომ მერაბიშვილი მისი პირადი მტერია.

„გრიგოლ ვაშაძე ახალაიასა და მერაბიშვილის შეწყალებას არ აპირებს“, _ ეს განცხადება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე, პირადად ვაშაძესთან ისაუბრა, თუმცა იგივე არ ეხება მიხეილ სააკაშვილს. 

ოქრუაშვილის თქმით, სააკაშვილის საკითხზე განცხადება, თავად ვაშაძემაც გააკეთა. მერაბიშვილსა და ახალაიას კი, მისი თქმით, ისედაც უმთავრდებათ პატიმრობის ვადა. 

გადაცემაში საუბრისას, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა აღნიშნა, რომ მას ყოფილ მაღალჩინოსნებთან პირადი საქმე აქვს გასარკვევი და ციხეში სეირის ყურებას, მათი გარეთ ნახვა ურჩევნია. 

„პირდაპირ ვუთხარი გრიგოლ ვაშაძეს, რომ თუ თქვენ გაქვთ პრეტენზია, იყოთ არა ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტი, არამედ, სიმშვიდის შემომტანი და გამაერთიანებელი პრეზიდენტი, მაშინ დაივიწყეთ ერთხელ და სამუდამოდ იმ ადამიანების შეწყალების იდეა, რომელთა მიმართაც არსებობს საკმაოდ სერიოზული პრეტენზია და ბრალდებები საზოგადოების მხრიდან. 

გარანტია პირობითი ცნებაა, მე არ მინდა გარანტორად გამოვიდე. მას აქვს საკმაოდ პრაგმატული ხედვა, ის ამის გაკეთებას არ აპირებს. ეს არ ეხება სააკაშვილს, სააკაშვილთან მიმართებით, მას თავისი დამოკიდებულება აქვს და ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან მან გუშინ თქვა, რომ სააკაშვილი საქართველოში უნდა ცხოვრობდეს. 

ახალაიასა და მერაბიშვილს ისედაც გასდით პატიმრობის ვადა 5-6 თვეში და ჩემთვის, როგორც პირადი მტრებისთვის, მირჩევნია ახლოს ვნახო და ისე გავცე პასუხი, ვიდრე სადღაც ციხეში იჯდნენ და სეირის მაყურებელი ვიყო. 

 

თუ ვინმეს მათი ეშინია, მოვიდნენ ჩემთან და მივეხმარები. მე პირადი მაქვს მათთან და ამ პირადს გავარკვევ“, _ განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა“ (ცნობისთვის: ეს „ნიუსი“ 2018 წლის 27 დეკემბერს, ერთ-ერთმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, გრიგოლ ვაშაძე და ირაკლი ოქრუაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ). 

რატომ დაიწყო ოქრუაშვილ-მერაბიშვილის კონფლიქტი? _ ამ თემაზე სხვადასხვა ვერსია არსებობს. ზოგი იმთავითვე მიიჩნევდა, რომ კონფლიქტის საბაბი ბიზნესწილები გახდა. ამ ვერსიას „ჰუმანრაით.გე“-ზე გამოქვეყნებული ერთი სტატიაც მოწმობს, რომელიც 2006 წლის აგვისტოთი თარიღდება და რომელშიც ვკითხულობთ: 

„ოქრუაშვილი და მერაბიშვილი, შიდა ქართლში გავლენის მოსაპოვებლად რომ ერთმანეთის ებრძვიან, დიდი ხანია, ფაქტია. ოფიციალურად, ამ ორი გავლენიანი ძალოვანის დაპირისპირება პოლიციაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების გატარების დროს გამოიკვეთა. თუკი ოქრუაშვილი, მერაბიშვილისგან შერისხულ ალეკო სუხიტაშვილსა და მის ხალხს მფარველობს, რომელიც შს ამჟამინდელმა მინისტრმა კონტრაბანდის ბიზნესში ბოლოს და ბოლოს ამხილა, მერაბიშვილი იმ ხალხს იცავს, რომელიც ოქრუაშვილმა, ჯერ კიდევ რევოლუციამდე, სახელმწიფო ქონების განიავებაში, მიტაცებასა და კრიმინალში დაადანაშაულა. 

საქმე იმაშია, რომ როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი, 2003 წლის დასაწყისში, გორში გამოგზავნეს და ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ლიდერობა უბოძეს, პირველი, ვისაც იგი დაუპირისპირდა, იყვნენ იმდროინდელი ,,აღორძინების“ გორის ორგანიზაციის წევრები. გორის ,,აღორძინებას“ ბამბეულის ქსოვილების კომბინატის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, გელა ჩხეიძე ხელმძღვანელობდა. გელა ჩხეიძის ძმა, პაატა ჩხეიძე ქალაქის გამგებელი იყო. ოქრუაშვილი გორელებს ჰპირდებოდა, რომ როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდოდა, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის დამანგრეველებს, მათ შორის ჩხეიძეებს, პასუხს აგებინებდა. მართლაც, ოქრუაშვილმა გენპროკურორობისა და შს მინისტრობის დროს, ჩხეიძეებს, როგორც ოქრუაშვილი ამბობდა, „ყოფა უტირა“. 

კერძოდ, 2004 წლის გაზაფხულზე, ბამბეულის ქსოვილების კომბინატის დანგრევის ფაქტზე, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ეჭვმიტანილის სტატუსით, გელა ჩხეიძე პროკურატურაში დაიბარეს. ჩხეიძე პროკურატურაში არ ცხადდებოდა და, შესაბამისად, სამართალდამცავებმა მასზე ძებნა გამოაცხადეს. ბამბეულის ქსოვილების კომბინატი, 1996 წლიდან, მთლიანად დაანგრიეს. ქარხანაში არსებული ინვენტარი, ძვირადღირებული დაზგები, ლითონები და სამშენებლო მასალები, აჭარის გავლით, თურქეთში გადიოდა. ოქრუაშვილს ყველაზე მეტად აინტერესებდა, თუ რატომ შეისყიდეს ჩხეიძეებმა და მისმა მეგობრებმა სს „ლაინი“ (ბამბეულის ქსოვილების კომბინატი) მიზერულ ფასად – სულ 201 000 ლარად მაშინ, როდესაც მხოლოდ ერთი დაზგის ღირებულება შეადგენდა ამდენ თანხას. 1996 წელს, სს „ლაინი“ ნულოვან აუქციონზე იქნა გაყიდული და ჩხეიძეების მიერ, ამ ფასად შესყიდული. 

ზუსტად იმ დროს, ვიდრე გელა ჩხეიძის მიმართ, ოქრუაშვილის უწყება ძებნას გამოაცხადებდა, გელა ჩხეიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ იგი სულ ორი წლის განმავლობაში _ 1996-98 წლებში იყო „ლაინის“ დირექტორი. მისი თქმით, მისი დირექტორობის პერიოდში, „ლაინი“ არ დანგრეულა. უფრო მეტიც, პროდუქციას ვუშვებდით და ევროპაში ჯილდოც კი მივიღეთო. გელა ჩხეიძის შემდგომ, „ლაინის“ დირექტორი იყო ნუკრი გელაშვილი, რომელიც აღმოჩნდა ამჟამინდელი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დეიდაშვილი. 

გელა ჩხეიძე, ასევე, იმასაც ამბობდა, რომ „ლაინის“ ნულოვან აუქციონზე გატანა, იმდროინდელ რწმუნებულის აპარატში და სახელმწიფო კანცელარიაში მოკალათებული პირების ინტერესებში შედიოდა. ამ უწყებებს მაშინ ბადრი ხატიძე და ირაკლი ბოჭორიძე ხელმძღვანელობდნენ. გელა ჩხეიძის თქმით, თურმე, იმ პროექტებს, რომლებსაც „ლაინის“ ხელმძღვანელობა ამუშავებდა, სახელმწიფო კანცელარიაში ხატიძე-ბოჭორიძე ბლოკავდა, რის გამოც, საწარმო იძულებული გახდა გაკოტრებულიყო და მასზე დარიცხული ჯარიმა, ქარხნის დაზგა-დანადგარებისა და სამშენებლო მასალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხებით დაეფარა. 

მიუხედავად ამისა, ოქრუაშვილი ჩხეიძეს იმ დრომდე არ შეეშვა, ვიდრე ამ უკანასკნელმა საკმაოდ სოლიდური თანხა, 30 000 ლარი, ბიუჯეტის სასარგებლოდ არ გადაიხდა, რის შემდეგადაც ძებნა პოლიციის ზედამხედველობით შეიცვალა. გავრცელებული ცნობით, გელა ჩხეიძეს იმაზე მეტი თანხა გადაახდევინეს, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დაფიქსირებული. მაშინდელი შიდა ქართლის პროკურორი დავით წითური კი ცოტა ხანში მოხსნეს. 

სამაგიეროდ, ხელი არ, თუ ვერ დაადეს „ლაინის“ კიდევ ერთ დირექტორს, ნუკრი გელაშვილს. გორში ყველა ამბობს, რომ ნუკრი გელაშვილი, მერაბიშვილის წყალობით გადარჩა. უფრო მეტიც, ერთი თვის წინ, გორში მყოფ შინაგან საქმეთა ამჟამინდელ მინისტრს, ნუკრი გელაშვილი მასპინძლობდა, რაც ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს. როდესაც ვანო მერაბიშვილი შს მინისტრი გახდა, „ლაინის“ საქმე ჩაიფარცხა და დღემდე აღარც პოლიციელები და აღარც პროკურორები არ სწუხან იმაზე, თუ რატომ განიავდა გიგანტი საწარმო, სადაც მთელი გორის მოსახლეობა მუშაობდა. 

სამაგიეროდ, მხარის გუბერნატორმა მიხეილ ქარელმა, გელა ჩხეიძის ძმა, პაატა ჩხეიძე „დააჩოქა“. პაატა ჩხეიძეს ჯერ ქალაქის გამგებლის პოსტი დაატოვებინეს, შემდეგ კი მთელი ოჯახით იძულებული გახადეს, საერთოდ, გორიდან წასულიყო. ქალაქის ყოფილი გამგებელი, გორის უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის დეკანი გახდა, თუმცა მიხეილ ქარელის დაჟინებული მოთხოვნით, პაატა ჩხეიძე გორის უნივერსიტეტიდანაც წავიდა. რაკიღა პოლიცია და პროკურატურა აშკარად ფარცხავდა „ლაინის“ საქმეს, გუბერნატორმა ქონების მართვის სამმართველოს მეშვეობით, ჩხეიძეებს ყველა ის პოლიკლინიკა და შენობა წაართვა, სადაც კი ჩხეიძეებს ხელი მიუწვდებოდათ. ჩხეიძეები გამოემშვიდობნენ გორის ბავშვთა პოლიკლინიკას „ჯანმრთელი მომავალი“, რომლის ხელმძღვანელიც იყო პაატა ჩხეიძის მეუღლე. ქონების მართვის სამმართველოს მიხეილ ქარელის კადრი ხელმძღვანელობს. შესაბამისად, იქ მერაბიშვილს ხელი არ მიუწვდებოდა, რითაც გაძნელდა ჩხეიძეების დაცვა. ერთი კვირის წინ, ბავშვთა პოლიკლინიკა „ჯანმრთელი მომავალი“ პაატა ჩხეიძის მეუღლემ გაყიდა. პაატა ჩხეიძემ გორში საცხოვრებელი სახლიც გაყიდა და გორი დატოვა. 

ერთი სიტყვით, ირაკლი ოქრუაშვილმა და მიხეილ ქარელმა ის საქმე ბოლომდე მიიყვანეს, რასაც ისინი რევოლუციამდე, გორის მოსახლეობას ჰპირდებოდნენ. სხვათა შორის, ოქრუაშვილმა გორელების გული, სწორედ „ლაინის“ დამანგრეველებზე გალაშქრებით მოიგო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სს „ლაინში“ 5 000-ზე მეტი გორელი ადამიანი მუშაობდა. 5 000 ოჯახის გულის მოგება კი ადვილი საქმე როდია. საუბრობენ იმასაც, რომ ჩხეიძეებისა და გელაშვილის მოცილებით, ოქრუაშვილი და ქარელი „ლაინს“ ხელში ჩაიგდებდნენ, თუმცა ეს საქმე ძალოვან სტრუქტურაში ვანო მერაბიშვილის მოსვლის შემდეგ, მათ ბოლომდე ვერ მიიყვანეს“. 

მართალია, ყველა იმ ამბიდან, რომელიც ზემოთ მოვიყვანეთ, დიდი დროა გასული, მაგრამ მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ერთმანეთს დღესაც რომ ვერ იტანენ, ამას ოქრუაშვილის მიერ, ორი დღის წინ გაკეთებული განცხადებაც მოწმობს. 

„მერაბიშვილის ადგილს პოლიტიკაში საერთოდ ვერ ვხედავ. მან შეიძლება მოიგოს ერთი მაჟორიტარული ოლქი და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკურ მწვერვალზე ასვლა“, _ ეს სიტყვები გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „ფორმულას“ ეთერში წარმოსთქვა და დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერაბიშვილი საერთო ოპოზიციის ფორმატში, მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდება, „ალბათ, ამის წინააღმდეგი იქნება“. 

ასე და ამგვარად, პოსტკორონასეულ ეპოქაში იმდენი საინტერესო ამბავი მოხდება, რომ „უხილავი მტერი“ აღარავის გაგვახსენდება. ამაზე, სხვა თუ არაფერი, ის კადრიც მიანიშნებს, რომელიც ინტერნეტსივრცის ფავორიტი გახდა ანუ მხედველობაში გვაქვს მომენტი, როცა ლეიბორისტების ოფისში გამართული ოპოზიციის შეხვედრის დროს, შალვა ნათელაშვილმა, უგულავა-ოქრუაშვილი ფეხზე წამოაყენა, ხელები ჩასჭიდა და ასე, „ერთ მუშტად“ შეკრულებმა, კიდურები ზეცისკენ აღაპყრეს! 

ისე, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანების მსგავსი „ჩახუტებები“ სხვა დროსაც გვინახავს და ისიც გვახსოვს, ყველაფერი ეს, როგორ ფატალურადაც დასრულებულა. ამ გაგანია კორონაჟამიანობისას კი სოციალური დისტანციის დაუცველობამ ოპოზიციის კლასტერი, შესაძლოა, ააფეთქოს!

ნინო დოლიძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში