Menu
RSS

ლადო კახაძე: „პალატიდან ახლა გამოვდივართ!“

რატომ უხდის ბოდიშს დემოკრატიას მთაწმინდის მაჟორიტარი

საქართველოში კორონაპანდემია, ექიმებს თუ დავუჯერებთ, „პლატოზეა“, რაც იმას ნიშნავს, რომ პიკი გადავიარეთ და მალე კორონაისტერიაც წარსულს ჩაბარდება. ამასთან, საქართველოს მთავრობამ განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 22 მაისს დასრულდება, თუმცა გარკვეული შეზღუდვები მაინც ძალაში დარჩება. გადავლახეთ თუ არა კორონაპანდემიის კრიზისი, როგორ გაართვა თავი ხელისუფლებამ ახალი ვირუსისგან გამოწვეულ პრობლემებს და როგორი იქნება პოსტპანდემიური პერიოდი? _ „ვერსია“ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, მთაწმინდის მაჟორიტარ ლადო კახაძეს ესაუბრა:

_ გამოწვევა მიღებულია _ გამკლავების გზა სწორადაა დასახული. კოორდინაცია აწყობილია და სამედიცინო კუთხით აზროვნება ანუ მსოფლიოს ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და მოსახლეობისთვის შეთავაზების ფორმაც ჩემთვის მისაღებია. ისე, მარტო ჩემთვის კი არა, არამედ, მსოფლიოს ქვეყნები, რომლებიც გვაკვირდებიან, დადებითად გვაფასებენ. თვალსა და ყურს ძალიან სიამოვნებს, როცა ისინი ჩვენს მიერ განვლილ გზას სამაგალითოს უწოდებენ. ამისთვის ყველას _ სამთავრობო კრიზისების მართვის რგოლს, სამედიცინო პოტენციალის წარმმართველ ძალას, საკანონმდებლო სივრცეს, საერთაშორისო მხარდამჭერებს მადლობას ვუხდი და ქედს ვუხრი ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ერთ მონოლითად გადაიქცა. უფლის ნებით, ეკლესიის გვერდში დგომით, ყველაფერი წარმატებით მიდის, თუმცა ჯერ გამოწვევები არ დამთავრებულა. 

ამ ეტაპზე, უცნობი ვირუსის ჯერ ისევ შესწავლა ხდება, თუმცა შემაკავებელი ღონისძიების გატარება, პრეკრიზისული მდგომარეობა, პიკისთვის მზადება, პლატოზე გასვლა და ასევე, ეკონომიკის გაცოცხლების ჩვენეული ხედვის განხორციელება, ჩემი აზრით, სამაგალითოა. 

_ ბატონო ლადო, თქვენ კი კმაყოფილი ხართ, მაგრამ სკეპტიკოსებს არ სჯერათ, რომ საქართველომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია თუ გერმანიაა, კორონაკრიზისის მართვაში აჯობა და ამბობენ, ჩვენთან უკეთესი სცენარი მასშტაბმა განაპირობაო. თქვენ, როგორც ექიმი, რას ფიქრობთ, სინამდვილეში, რამ გადაგვარჩინა? 

_ პატარა ქვეყანა ვართ, ჯერჯერობით სუსტი ეკონომიკით, დიდი გამოწვევებით _ დიდი მტრის წინააღმდეგ, რომელიც ჩრდილოეთით გვყავს და რომელსაც საქართველოს წარმატება არ უხარია. მიუხედავად ამისა, ქართველი მსოფლიოში უძლიერესი ადამიანია. ლაშა ტალახაძემ მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობა დაიმსახურა და ამით ყველას ამცნო, რომ ხარისხს რაოდენობა არ წყვეტს. სპორტი იქნება, მედიცინა თუ ხელოვნება, წარმატებაზეა ორიენტირებული და ამას ყველა აღიარებს _ ეს სკეპტიკოსების პასუხად. 

რაც შეეხება გამოწვევას, საერთოდ, პატარა კატარღის მართვა გაცილებით ადვილია, ვიდრე დიდი გემისა და ლაინერის. ჩვენი მომცრო ქვეყანა ინტელექტმა და გამოცდილებამ გადააარჩინა. ამასთან, სამთავრობო სტრუქტურამ _ კრიზისების მართვის საბჭომ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, სწორი აქცენტები დასვა და იმ ადამიანებს დაეკითხა, ვისი ჭკუა და გამოცდილებაც გასათვალისწინებელი იყო. მახსოვს, როგორ ჯიუტად დადგა ხელისუფალი და სწორად მოიქცა, როცა თქვა, ვითვალისწინებ მედიკო-ბიოლოგიური პოტენციალის აზრსო და დააწესა გარკვეული შეზღუდვები, რამაც გაამართლა. ეს კი დიდ ქვეყნებს გაუჭირდათ. აშშ, საფრანგეთი და გერმანია გენიალური ქვეყნებია, მაგრამ ბოდიში უნდა მოვიხადო დემოკრატიის წინაშე, რაც ნიშნავს ღიაობას, გამჭვირვალობას, სადაც ზოგჯერ ოპერატიულობა იკოჭლებს და ამ შემთხვევაში, ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც დემოკრატიულობის სწორ გზაზეა, ოპერატიულობა დაუმატა, რაც ასეთი გამოწვევების დროს აუცილებელია. 

_ ბატონო ლადო, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნას ეთანხმებით, თუ ფიქრობთ, რომ კიდევ უნდა გაგრძელდეს? ვირუსის შემობრუნების საფრთხეს თქვენც ხომ არ ხედავთ? 

_ კორონავირუსის ჯგუფი ჩვენთვის ცნობილია, მაგრამ ეს შემოტევა, ჯერჯერობით უცნობმა შტამმა გამოიწვია და მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ იკვლევს, აღნიშნული შტამი იწვევს თუ არა იმუნიტეტს ანუ არის თუ არა ანტისხეულები მყარი და შეუძლია თუ არა ბრძოლა ვირუსის სახეცვლილი ფორმით შემოტევის დროსაც. ცდილობენ, ვაქცინა გამოიყვანონ, რაც გამომწვევის წინააღმდეგ, ანტისხეულების დამრაზმავია ანუ კარგად უნდა იცნობდე გამომწვევის შინაარსს, რომ ვაქცინა შექმნა და მსოფლიო ჯერ ამ გზაზეა. 

ძალიან რთული მდგომარეობაა მკურნალობის თვალსაზრისითაც. ახალი მედიკამენტის გამოგონება ძალიან რთული და დროში გაწელილია, ამიტომ სხვა ვირუსების დროს დაგროვებული წამლების მოდერნიზება, შეჯვარება და კომბინაცია მიმდინარეობს. რადგან ექიმი ვარ, ძალიან მიადვილდება ადამიანებისთვის ახსნა: ნებისმიერ პაციენტს, თუნდაც სხვა მდგომარეობაში მყოფს, როცა საავადმყოფოდან წერ, ჯერ სრულად არაა ჯანმრთელი, მაგრამ გამოჯანმრთელების გზაზეა და მას ვეუბნები _ შენ ხარ გამოჯანმრთელების გზაზე და არის რისკი, ამიტომ გარკვეული დატვირთვა თავიდან უნდა აირიდო. ზუსტად ასეთ მდგომარეობაშია დედამიწა და, მათ შორის, ჩვენი ქვეყანაც _ ჯერ საავადმყოფოს პალატიდან ახლა გამოვდივართ, ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ მედიცინაში არსებობს ორი სიტყვა _ რეციდივი და რეინფექცია. დანაშაულის რეციდივი საშინელებაა, მაგრამ ჩვენი გონიერებით, გამოცდილებით არ უნდა მივცეთ ნიადაგი, რომ ეს განვითარდეს. 

რაც შეეხება რეინფიცირებას, შეიძლება, ადამიანი გამოჯანმრთელდა, მაგრამ იმუნიტეტი მოუმზადებელია და შესაძლოა, რეინფიცირება მოხდეს, ამიტომ ვსაუბრობთ სავარაუდო მეორეულ და მესამეულ ტალღაზე. ეს გამოცდილება აქვს დედამიწას და ყველას ვთხოვთ, ჩვენ ტრადიციულ, ძალიან ბევრ რამეზე ვთქვით უარი, გავთითოკაცდით, მაგრამ ამ ვირუსის ჩაქრობის სხვა გზა არ არსებობს და რადგან დიდი გაჭირვება გამოვიარეთ, ყველაფერი ეს, წყალში არ ჩავყაროთ. შევიძინეთ გამოცდილება, ხატოვანი გამოთქმა რომ არსებობს, რომელი უნდა იდგეს წინ _ ჯანმრთელობა თუ ეკონომიკაო _ ადამიანი თუ მოკვდა, მის გაცოცხლებას ვერავინ შეძლებს. ეკონომიკა რომც ჩაკვდეს, ან მინელდეს, მისი გაცოცხლება, ან სხვა ფორმით მობრუნება შეიძლება. ყველა გამოწვევა ნოვაციების გზაა! 

სფეროებზე, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, მაგალითად, სოფლის მეურნების განვითარების კუთხით, საინტერესო წინადადებები წამოვიდა, ასევე, საგანმამათლებლო სისტემასთან დაკავშირებითაც. აკადემიური წლის გამოცხადება არ შეიძლებოდა, რადგანაც ეს დიდი გამოწვევა, რომელიც ჩვენმა მასწავლებლებმა, ლექტორებმა, ადმინისტრაციამ, მოსწავლეებმა მიიღეს, ძალიან კარგად განხორციელდა. საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სამშენებლო ბიზნესის, მომსახურების სფეროებში _ ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, თუ რამე „აგვიფეთქდა“, შეჩვეულნი ვართ ამ გაჭირვებას და ერთ დაძახილზე, ყოველგვარი ჩივილის გარეშე, გავუკეთებთ ლოკალიზებას ისე, როგორც ბოლნისში მოხდა _ 19 ახალი შემთხვევის გამო, ჩაიკეტა და პროტესტი არავის გამოუთქვამს, რადგან ყველა გონიერად მიუდგა. 

_ ბატონო ლადო, ზოგი ფიქრობს, რომ მთავრობა სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს არასაკმარისად ეხმარება და 200-ლარიანი დახმარება დაცინვაა. 

_ ხელისუფალი მოიქცა ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე, რეალურად შეხედა თავის შესაძლებლობას, სადამდეც სწვდება საბანი, იქამდე გასწია ფეხი, მაგრამ ეს შეუთანხმა ყველა ადამიანს, დაინახა ყველა გამოწვევა. ზოგი ამბობს, 1 200-ლარიანი დახმარება ერთიანად მიეცათ და უფრო ამოისუნთქავდნენ ადამიანებიო. მე, როგორც ექიმმა, კარგად ვიცი, რომ წამალი დოზირებულად მისაცემია. ეს რომ უკმარია, ვიცით და არ იკვეხნის ხელისუფლება, გადაგარჩინეთო _ ამას არ აკადრებს თავის მოსახლეს. პირიქით, ეუბნება, რასაც გეხმარებით და გვერდით გიდგებით, ეს უკმარიაო, მაგრამ უცბად წამოვიდა თემები სოციალურად გაჭირვებული ფენის დახმარების, პენსიონერთა ინდექსაციისა, ასევე პენსიის მოცულობის ზრდა და სასოფლო-სამეურნეო მხარდაჭერის საკითხები. ასევე, ტურიზმის აღორძინებაა მნიშვნელოვანი, სადაც უამრავი ადამიანია ჩართული. ხელისუფლებას არ უკადრებია თავისი მოსახლისთვის, ჩვენ ამას გიკეთებთო, ჩვენ ვცდილობთ, ასე დაგანახოთ ჩვენი პოტენციალი და ბოდიშს გიხდით იქ, სადაც დავაკლებთო _ აი, ასეთი მიმართება იყო და არ იყო ტყუილი არც ერთი დაპირება. ღმერთმა დამიფაროს, ვინმე შეურაცხვყო და განვიკითხო, მაგრამ ეს არის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების გზა. ჩვენ გვინდა, სწორად დავინახოთ ჩვენი პოტენციალი, ამაში ჩაერთოს მოსახლეობა, დახმარების ხელი ყველას გავუწოდოთ და როგორღაც, ყველამ ერთად გადავიტანოთ ყველაფერი ეს. 

_ ოპონენტები და პოლიტიკა ახსენეთ და, როცა პანდემია გადაივლის, დღის წესრიგში, საარჩევნო ცხელი პერიოდი დადგება. ამ ფონზე, საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საკითხი წამოიჭრა. აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერთ? 

_ რასაკვირველია, ცალსახად, შეგნებულად მაქვს ეს გადაწყვეტილი. ჩემი და ჩემი კოლეგების აზრით, ეს საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად მხარდასაჭერია იმიტომ, რომ მომავალზეა ორინტირებული. ასეთი ანდაზა გვაქვს _ „მიზეზ, მიზეზ, დოს მარილი აკლიაო“, ამას იყენებს ყველა პოლიტიკური ოპონენტი, სხვა შემთხვევაში, საარსებო გარემო და სალაპარაკო არ აქვთ. გამოცდის არ უნდა ეშინოდეს იმ ადამიანს, ვინც მთელი წელი კარგად მეცადინეობს, ყველაფერი ეს, გუნდურობის პრინციპით დაცვით ხდება, ამიტომ, როდესაც ცხელ საარჩევნო პერიოდს ვახსენებთ, აქვე, მინდა განვმარტო _ ჩემს მოსახლეს, არასდროს, საარჩევნო ხმის მქონე ადამიანად, ამომრჩევლად არ განვიხილავ, მე მას ჩემი ოჯახის წევრად მივიჩნევ. მე რომ გამიჭირდა, გვერდზე დამიდგნენ, მათ რომ გაჭირვების ჩივილი აქვთ, მირეკავენ, სახლში მოდიან, ჩემს პროფესიაშიც ასე ვიყავი და პოლიტიკაშიც ზუსტად ასე ვარ. ესეც მათი ნდობაა, ამიტომ არჩევნებისთვის კი არ ცხოვრობს ადამიანი, არამედ, თავისი სინდისის, გამოცდილებისა და სამემკვიდრეოდ მიღებული ვალდებულებების სწორად განაწილებისთვის! 

_ მოკლედ, ფიქრობთ, რომ არჩევნებში „ქართულ ოცნება“ არ დამარცხდება, არა? 

_ „ქართული ოცნება“ ისე ჩამოყალიბდა, იმდენი დარტყმისა და სეტყვის ქვეშაა გამოვლილი, იმდენ ნგრევა-აშენებაშია გაწვრთნილი, ის პროპორციულობის გაზრდა ნიშნავს პარტიის მონოლითის სიმტკიცეს, სადაც ერთი კაცის გამარჯვება, პირდაპირ, მთელი პარტიის სახელად აღიქმება ისევე, როგორც პარტიის გამარჯვება, მისი შემადგენელი _ ყველას გამარჯვებად!

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში