Menu
RSS

„ეს ქართველი ხალხის დაცინვაა!“

აპირებს თუ არა გუბაზ სანიკიძე საარჩევნოდ „ნაციონალებთან“ დაბლოკებას

 

საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ჩიხშია. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ეხებოდა, დაარღვია და ამიტომ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. საარჩევნო სისტემის შესაძლო ჩავარდნაზე პასუხისმგებლობას კი „ოცნება“ მთლიანად ოპოზიციას აკისრებს და განმარტავს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე არ ყოფილა. როგორ ჩატარდება არჩევნები და საერთოდ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვლება და ხომ არ გავა ოპოზიცია ქუჩაში? _ „ვერსია“ გუბაზ სანიკიძეს ესაუბრა.

_ ბატონო გუბაზ, ამას წინათ განაცხადეთ, საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვების გამო, ფინანსური პრობლემები შემექმნაო ანუ თვლით, რომ ხელისუფლება კორონაპანდემიას ცუდად მართავს? 

_ ხელისუფლების ქმედებები არალოგიკურია: ცოლ-ქმარს არ აქვს უფლება, მანქანაში გვერდი-გვერდ დასხდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლები კი ერთმანეთის გვერდით სხედან. რა, მათ არ ეკარებათ ეს ვირუსი? აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, 100 000 კაცი გაუშვეს რაიონებში, იქ ჩაკეტეს და შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, უკან ტოტალურად ჩამოდიოდნენ. არადა, რამდენადაც ვიცი, პანდემიის დროს, ადამიანების მასობრივი გადაადგილება არ შეიძლება. ასევე, ვერაფრით გავიგეთ, როდის იქნება პიკი, ვერ აგვიხსნეს ექიმებმა. რაღაც პროგნოზებს აკეთებენ და მერე გვეუბნებიან, გეხუმრეთო. საბავშვო ბაღში ხომ არ ვცხობრობთ, თუ შეუგნებელი ხალხი ვართ? არ გააჩნიათ პროგრამა, როგორ უნდა მოიხსნას აკრძალვები. ვფიქრობ, აკრძალვები გასაუქმებელია და რეგულაციებია შემოსაღები. 

_ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე რას იტყვით? 

_ არ ვეძახი ამას ფინანსურ დახმარებას. ეს ქართველი ხალხის მათხოვრობა და დაცინვაა! 

_ ისე, ბატონო გუბაზ, თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნას არ დასთანხმდება და პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ოპოზიცია რას იზამს და, საერთოდ, ასეთ დროს საარჩევნო სისტემა აღარ შეიცვლება? 

_ მთლიანად ოპოზიციის გამხმოვანებელი არ ვარ. 

_ რატომ? 

_ მარტივი მიზეზის გამო _ მთლიანად ოპოზიცია არ არის ერთ ჭკუაზე. ვიცი, რომ შეთანხმება, რომლის შუამავლები და გარანტორები დასავლეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, ორი პუნქტისგან _ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საარჩევნო სისტემის შეცვლისგან შედგებოდა, რაც ასევე, გულისხმობს მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასა და პროპორციულის გაზრდას. პირველს არ აკეთებს ხელისუფლება, არ უშვებს პოლიტპატიმრებს და მეორეზეც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ყველას გადააგდებს! 

გამოსავალს გეტყვით _ სანამ ბიძინა ივანიშვილს არ დაასანქცირებენ, ამ საქმეს არაფერი ეშველება! 

_ ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციამ ეს ტყუილი საკუთარი დესტრუქციის გასამართლებლად მოიგონა. 

_ არ ვაკეთებ მაგათ განცხადებებზე კომენტარს, რადგან არც ლოგიკა აქვთ, არც სინდის-ნამუსი და არც _ ტვინი! 

_ გასაგებია, მაგრამ თუ არჩევნების წესი არ შეიცვალება, გამოდის, რომ ოპოზიციის ბრძოლა ანუ აქციები, რომლის მონაწილეც იყავით, წყალში ჩაიყრება? 

_ რა შედეგიც მოჰყვება იმ გაყალბებულ არჩევნებს, ექსკლუზიურ ინტერვიუს ამის შესახებ, მერე მოგცემთ. 

_ კარგი, შევთანხმდით... მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლების წევრად დანიშვნას როგორ აფასებთ? სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, მას კიევში შეხვდით. ელოდით, რომ უკრაინის პოლიტიკას აირჩევდა და არა _ ჩვენსას? 

_ 6 თვეა, ამას ვამბობ და ვერავის გავაგებინე, რომ სააკაშვილს ჰქონდა სერიოზული შეთავაზება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა შევხვდი, მაშინ მიდიოდა ინტენსიური მოლაპარაკებები სააკაშვილსა და ზელენსკის შორის. აბსოლუტურად დადებითად და სწორად ვაფასებ მის დანიშვნას უკრაინაში. მოდით, პერსონებს თავი დავანებოთ _ პოლიტიკა, 30 წელია, პერსონებს ვერ გასცდა და პროცესი დავინახოთ, როგორ მიდის მსოფლიოში. მოხდება ძალიან დიდი სიმძლავრეების გამოტანა ჩინეთიდან, რაც სადმე უნდა დაბინავდეს. საამისოდ აღმოსავლეთ ევროპა მაქსიმალურად ხელსაყრელია და ერთ-ერთი მთავარი, საკვანძო ქვეყანა უკრაინა იქნება, მაგრამ არის ერთი პირობა _ ეკონომიკური სიმძლავრეების გამოტანას ის სჭირდება, რომ ქვეყანას ოლიგარქები არ მართავდნენ. სხვათა შორის, ამ ტალღაში საქართველოც მოხვდება და დიდი პერსპექტივები გვაქვს, მაგრამ პირობა ასეთია: რადგან ოლიგარქია იპარავს, ამიტომ უკრაინაში რეფორმებია საჭირო! 

გარდა ამისა, მეორე სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს უკრაინაში რეფორმების დაწყებას, რაც რუსეთს ეხება _ დღეს, რუსეთში ძალიან მძიმე ვითარებაა. პუტინის რეიტინგი ძალიან დაცემულია იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, კაცი დაიმალა, ივანე მრისხანედ აცხადებდა თავს და პრობლემა, ბოდიში ამ სიტყვისთვის, გუბერნატორებს შესტენა. ისინი კი ისე იქცევიან, როგორც მოსალოდნელი იყო _ ფაქტობრივად, დაიწყო სეპარატიზმი. ამიტომ, რუსეთში პუტინის მიმართ უკმაყოფილებაა და როცა რუსები ნახავენ, რომ უკრაინაში რეფორმები და განვითარება იწყება, იტყვიან, კარგი, ქართველები სხვა მოდგმა არიან და საქართველო სხვა ქვეყანაა, მაგრამ უკრაინა ჩვენნაირია, ერთი წარმომავლობა გვაქვს და იქ თუ გამოდის რეფორმები, ჩვენთან რატომ არ გამოდისო. ასე რომ, ორი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სააკაშვილის დანიშვნას _ ეკონომიკური და პოლიტიკური. 

 

_ მახსოვს, თავის დროზე ამბობდით, სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორიაო და ამ დროს, სათავეში უკრაინულ რეფორმებს ჩაუდგა. 

_ და მერე, ამით რა შეიცვალა? პირიქით, მისი პოზიციები საქართველოშიც გაძლიერდა. 

_ როგორ? 

_ საქართველო სისხლხორცეულადაა უკრაინის პრობლემაზე მიბმული, საერთოდ, ჩვენ და უკრაინა ერთ ბედქვეშ ვართ. უკრაინაში როგორ განვითარდება მოვლენები, საქართველო ამაზე იქნება დამოკიდებული. თუ იქ რეფორმები წარმატებით წავა, აქ ხელისუფლება შეიცვლება. თუ ჩავარდება, მაშინ ჩვენც ჩავრჩებით იმ წუმპეში, სადაც ვართ! სააკაშვილის ფაქტორმა საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადააბა. 

ისე, „ოცნება“ ვერ ჩამოყალიბდა, სააკაშვილზე რა უნდა თქვას. თან ამბობს, ყავის მომდუღებლად დაინიშნაო და ამავე დროს, ელჩის გამოწვევის საკითხს განიხილავს. ყავის მომდუღებლის გამო რატომ შეშფოთდნენ, რაშია საქმე? 

_ ბატონო გუბაზ, თუ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა და ივნისში კანონპროექტი ჩავარდა, ოპოზიცია ისევ აქციებს ხომ არ გამართავს? 

_ ამაზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა ეს მოხდება, მაქვს გარკვეული მოსაზრებები ოპოზიციის მოქმედებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერჯერობით, თავს შევიკავებ. 

_ ის მაინც მითხარით, საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან დაბლოკებას ხომ არ აპირებთ? 

_ ვნახოთ, როგორი გვექნება საარჩევნო კანონმდებლობა და ამაზე მერე ვისაუბროთ.

თათია გოჩაძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში