Menu
RSS

როდის გაიქცევა კორონა ანუ ასლანის გაქცევიდან _ კორონაპანდემიამდე

რა მსგავსებაა და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ახლანდელი და 16 წლის წინანდელი 6 მაისი _ დიდი პოლიტეპიდემიოლოგიური თამაშები

დღეს 6 მაისია, გიორგობა... 16 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, საქართველოში სხვა ემოცია იყო ანუ სრულიად ერი თუ არა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ნაციონალებს გულშემატკივრობდა, აჭარიდან ასლან აბაშიძის გაქცევას ზეიმობდა. ზეიმი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის ზღვის წყლით ხელ-პირი დაიბანა და ქვეყანას აუწყა: „ასლანი გაიქცა! აჭარა თავისუფალია!“ 

მას შემდეგ, როგორც იტყვიან, ათასმა წყალმა ჩაიარა _ ხელისუფლებაში აღარც ნაციონალები არიან და ხალხსაც იმდროინდელ მოვლენებზე მეტად, კორონაქრონიკები აინტერესებს, თუმცა გვინდა თუ არა, ე.წ. აჭარის რევოლუცია ჩვენი ისტორიის ნაწილია. სხვათა შორის, მერე, წლები რომ გავა, კორონაც ისტორიის ნაწილი გახდება და ამ თემაზეც ზუსტად ისევე ილაპარაკებენ, როგორც დღეს, მაგალითად, აჭარის აბაშიძისგან გათავისუფლებაზე უბნობენ.

ისე, კარგად თუ დავაკვირდებით, კორონაც ჩვეულებრივი პოლიტიკაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ კორონათამაშებში მსოფლიოს პოლიტიკური ელიტები მონაწილეობენ და საქართველოსა თუ მის მსგავს ქვეყნებს კი, უბრალოდ, ეპიზოდური როლები აქვთ. აი, 16 წლის წინ კი, ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მსოფლიო ახალი ამბების ერთ-ერთი მთავარი „ნიუსი“ იყო. ყოველ შემთხვევაში, ევროპისა და აშშ-ს გარკვეულ წრეებში ერთმნიშვნელოვნად აცხადებდნენ, რომ პოსტსაბჭოურ საქართველოში, დემოკრატიის კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დიახ, მაშინ გვიხაროდა, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ რუკაზე პატარა ადგილი მოვიპოვეთ, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან, ზოგი თვლის, რომ აჭარის რევოლუცია დემოკრატიის ზეიმი კი არა, არამედ, სააკაშვილის მეტ-ნაკლებად ავტორიტარული მიდრეკილებების გამოვლენა იყო და მეტი არაფერი. 

სხვათა შორის, კორონაჟამიანობამ გამოაჩინა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია მყიფეა, „უხილავ მტერთან“ ბრძოლა გაცილებით ადვილია, ვიდრე, ვთქვათ, მრავალწლიანი და მყარი დემოკრატიის ქვეყნებში. ახლა, ეს აზრი, შესაძლოა, საკამათოა, მაგრამ ფაქტია: კორონას გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ისეთი დემოკრატიული ღირებულებები, როგორიც, მაგალითად, თავისუფლად გადაადგილება, ან სულაც, შინიდან ნებისმიერ დროს გამოსვლაა, შეზღუდა. ჰოდა, მაშინ ვინმეს რომ სცდოდნოდა, 16 წლის მერე, კორონა ხალხს სახლებში გამოკეტავდა და თავისუფლებას შეუზღუდავდა, შესაძლოა, არც ასლანის გაქცევას შეხვედროდა ყიჟინით, მაგრამ ეპიდემიის წინასწარმეტყველება, პოლიტიკური პროცესებისა არ იყოს, არავის შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, აჭარის რევოლუციისა არ იყოს, ერთგვარ ალგორითმს არც კორონა ემორჩილება. ამიტომ, იმაზე ფიქრით თავს ნუ ავიტკივებთ, ვინმეს კორონაპანდემიის აცილება შეეძლო თუ არა. ამასთან, არც იმაზე უნდა ვიმარჩიელოთ, თუ როგორი იქნება პოსტპანდემიური ცხოვრება, რადგან სპეციალისტების თქმით, კორონასთან კოჰაბიტაცია მოგვიწევს. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოჰაბიტაციას ქართული საზოგადოება მიჩვეულია. ჰოდა, ზოგი ხუმრობს კიდეც, თუ ნაცებთან ვკოჰაბიტირებთ, თანაცხოვრება არც კორონასთან გაგვიჭირდებაო და თუ მართლაც ასეა, მაშინ კორონაჟამიანობა ცოტა ხნით დავივიწყოთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა ზუსტად 16 წლის წინ, საქართველოში. 

ე.წ. აჭარის კრიზისის ქრონოლოგია კი თანამედროვე საისტორი წყაროებში ასეა შესული: 

2003 წლის 2 ნოემბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება და აჭარაში, ტრადიციულად, პირველ ადგილზე აბაშიძის აღორძინება გადის. ე.წ. ცენტრალური ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მასობრივი აქციებით იმუქრება. შევარდნაძე ოპოზიციის ლიდერებს ხვდება, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება და პრეზიდენტის ერთადერთ იმედად ასლან აბაშიძეღა რჩება. ამიტომ, 10 ნოემბერს, ამბროსის ძე აჭარაში მიემგზავრება _ აბაშიძე, შევარდნაძეს, მხარდამჭერთა მიტინგით ხვდება. 20 ნოემბერს კი თბილისში, პარლამენტის წინ, აღორძინება პრეზიდენტ შევარდნაძის მხარდამჭერ აქციას იწყებს, რომლის ერთ-ერთი იდეოლოგი, აბაშიძესთან ყველაზე დაახლოებული ჯემალ გოგიტიძეა. აღორძინების აქციები თბილისში 23 ნოემბრამდე ანუ „ვარდების რევოლუციამდე“ გრძელდება. 

24 ნოემბერს, ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე 30-დღიან საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, რაც საზღვრებზე, მათ შორის, ადმინისტრაციულ საზღვარზეც, ესე იგი, ჩილოქზე კონტროლის გაძლიერებას გულისხმობს. პარალელურად, „ბაბუ“, რომელსაც პოლიტიკურ წრეებში „მოკლე ფაშასაც“ ეძახიან, „ვარდების რევოლუციას“ გმობს და ირწმუნება, რომ ამით კონსტიტუციური წყობა დაირღვა. 

2003 წლის 3 დეკემბერი _ აბაშიძე მოსკოვში მიფრინავს და იქიდან აცხადებს, რომ 2004 წლის 4 იანვრისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. 8 დეკემბერს, რუსეთი აჭარასთან გამარტივებულ სავიზო რეჟიმს აწესებს, რაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს. 10 დეკემბერს, აჭარაში, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე ჩადის და ცდილობს, აბაშიძეს არჩევნების ბოიკოტზე უარი ათქმევინოს. პარალელურად, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, ასლან აბაშიძის მიმართ მწვავე განცხადებას აკეთებს: „მზად ვარ, წავიდე კომპრომისზე, მაგრამ არა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ასლან აბაშიძეს წასვლა უნდა, შეუძლია წავიდეს, მაგრამ აჭარას თან ვერ წაიღებს. ვინც ბლოკადის თემას წამოსწევს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისთვის ოთხი კედელი გამზადებული იქნება!“ 

2003 წლის 20 დეკემბერი _ ბათუმს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია სტუმრობს; 26 დეკემბერი _ აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეები სახალხო მოძრაობას _ „ჩვენი აჭარა“ აფუძნებენ. მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კობა ხაბაზია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჩვენ აჭარას“ ფინანსურად, ფოთის პორტის უფროსი, ჯემალ ინაიშვილი უზრუნველყოფს... 

2004 წლის 6 იანვარი _ განსხვავებული აზრის გამოხატვის ბრალდებით, აჭარაში ახალგაზრდული მოძრაობა „კმარას“ ორ წევრსა და მათი ოჯახის წევრებს აკავებენ და სამთვიან წინასწარ პატიმრობას უფარდებენ, თუმცა 18 იანვარს ათავისუფლებენ; 7 იანვარი _ აბაშიძე ავტონომიურ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობას ხელახლა აცხადებს. 11 იანვარს, გონიოში, ათასკაციანი მიტინგი იმართება, რომლის მონაწილენიც საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ითხოვენ. აქციას უცნობი პირები არბევენ. 

18 იანვარი _ ბათუმის ცენტრში, აჭარის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსს, თემურ ინაიშვილს კლავენ. აჭარაში მოქმედი ოპოზიციური ლიდერები ირწმუნებიან, რომ ინაიშვილი მხარს ოპოზიციას უჭერდა და სწორედ ამის გამო მოკლეს. 

20 იანვარი _ გონიოში, პოლიციასა და მოქალაქეებს შორის, რომლებიც აბაშიძის გადადგომას ითხოვენ, შეტაკება ხდება. 

25 იანვარი ანუ პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე _ სააკაშვილი აჭარაში ჩადის და სამხედრო აღლუმს იბარებს. 27 იანვარი _ მოძრაობა „ჩვენი აჭარა“ პირველ ყრილობას მართავს და აჭარაში ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე საუბრობს. 

27 იანვარი _ ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ აჭარაში სისხლიანი დაპირისპირებაა მოსალოდნელი. ამასთან, აქცენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სცენარზე აკეთებს... 

20 თებერვალი _ ბათუმში, „ჩვენი აჭარას“ ოფისს არბევენ, რასაც წინ, აბაშიძის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება უძღვის. სწორედ ამ დღეს, აჭარაში, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ვალტერ შვიმერი იმყოფება. 

22 თებერვალს, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერსა და ოპოზიციური მოძრაობა „ჩვენი აჭარის’‘ წევრს იტაცებენ და სასტიკად სცემენ. წინა დღეს ანუ 21 თებერვალს კი ჩოლოქთან, ასევე, სასტიკად სცემენ მოძრაობა „კმარას“ იმ ორ აქტივისტს, რომლებსაც ბათუმში, აბაშიძის საწინააღმდეგო პლაკატები მიაქვთ. 

27 თებერვალი _ აბაშიძე, ბათუმის სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება ავტონომიურ რესპუბლიკაში შეიარაღებულ შეჭრას გეგმავს. 

2 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში რეპრესიების ყველა გამტარებელი უნდა დაისაჯოს. ამასთან, სააკაშვილი აბაშიძეს ათდღიან ვადას აძლევს და მოუწოდებს, რომ კონკრეტულ დამნაშავეებზე სისხლის სამართლის საქმეები აღძრას. 

5 მარტი _ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს, ვახტანგ კომახიძეს, რომელიც ბათუმიდან თბილისში ბრუნდება, ხელვაჩაურის რაიონში სცემენ. თვითმხილველები ამბობენ, რომ კომახიძეს თავს სპეცრაზმელები დაესხნენ. 

7 მარტი _ ასლან აბაშიძე სააკაშვილს არ ემორჩილება და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უშიშროების სამინისტროს გაუქმებაზე უარს ამბობს. 12 მარტი _ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ჩამოგდების მცდელობაში ადანაშაულებს. 

13 მარტს, აჭარის სამართალდამცავები საქართველოს ფინანსთა მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს აკავებენ, რომელიც ხელვაჩაურის რაიონში, აჭარის მოსახლეობასთან შესახვედრად, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩავიდა, თუმცა მალევე ათავისუფლებენ და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას ატოვებინებენ. აჭარის ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ნოღაიდელი აჭარაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით იმყოფებოდა. 

14 მარტს, აჭარაში პრეზიდენტ სააკაშვილს არ უშვებენ _ მის კორტეჟს, ჩოლოქის ადმინისტრციულ საზღვარზე, შეიარაღებული პირები აჩერებენ. იმავე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში მოშიმშილე ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილს დაუდგენელი პირები არბევენ. თბილისში დაბრუნებული სააკაშვილი ტელევიზიით გამოდის და აჭარის ხელმძღვანელობას „სამხედრო გადატრიალების მცდელობაში“ ადანაშაულებს... ცენტრალური ხელისუფლება აჭარას ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. 

„14 მარტის სატელეფონო საუბრისას ვუთხარი ასლან აბაშიძეს, რომ აქვს დრო, იფიქროს ჩემს პირობებზე. ვთხოვე მას, შემიშვას მე და მთავრობის სხვა წევრები აჭარაში, ამომრჩევლებთან შესახვედრად; მისცეს საშუალება ადამიანებს თავისუფლად გამოხატონ თავიანთი პოზიცია; მისცეს საშუალება ოპოზიციას, აჭარაში წინასაარჩევნო კამპანია თავისუფლად აწარმოოს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს“, _ აცხადებს სააკაშვილი. 

24 მარტი _ საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, შესაძლოა, შეყვანილ იქნას შეიარაღებული დაჯგუფებები. სააკაშვილის ამ გამოსვლას აბაშიძე უპასუხოდ არ ტოვებს და ირწუნება, რომ ოფიციალური თბილისი აჭარაში შეჭრას გეგმავს. აბაშიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ამ გეგმას წინ აღუდგეს. 27 მარტი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი უარყოფს ინფორმაციას, რომ აჭარის მოსახლეობაში იარაღი, ბოლო დროს, ცენტრსა და რეგიონს შორის დაძაბული ვითარების გამო დარიგდა. მისივე თქმით, იარაღი მოსახლეობას ქვეყანაში დაწყებული სამოქალაქო ომის დროს დაურიგდა, რადგანაც აჭარას არ ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები. 

28 მარტს, როგორც მთელ საქართველოში, აჭარაშიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ამ დღეს, ბათუმში პრემიერი ჟვანია ჩადის. რამდენიმე დღეში ნათელი ხდება, რომ აღორძინებამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა და, შესაბამისად, პარლამენტში ვერ შევიდა. აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ 28 მარტის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. 2 აპრილი _ თბილისი ბათუმს საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს. იმავე დღეს, თავდაცვის მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, დაუმორჩილებლობის მოტივით, თანამდებობიდან ათავისუფლებს ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურ რომან დუმბაძეს. 

9 აპრილს, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, თერთმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ, საპყრობილეს ტოვებს თენგიზ ასანიძე, რომელიც თავს აბაშიძის პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ამასთან, პრეზიდენტი სააკაშვილი იმუქრება, რომ თუკი ასლან აბაშიძე აჭარაში მოქმედ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს არ განაიარაღებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს დაშლის და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ აბაშიძე განიარაღებაზე უარს ამბობს. 

14 აპრილს, ჩოლოქზე არ ატარებენ ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილს. 

16 აპრილს კი სააკაშვილი აცხადებს, რომ პრობლემა ცენტრსა და რეგიონს შორის კი არა, არამედ, კრიმინალების ერთ ჯგუფთანაა, რომელიც სახელმწიფოში მოქმედ კანონებს არ ემორჩილება. 

ამის შემდეგ, არენაზე გენერალი რომან დუმბაძე გამოდის ანუ 2004 წლის 19 აპრილს, 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს: „მე ვემსახურები აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს და ჩემი დანიშვნა-გადაყენებაც მას ევალება. 25-ე ბრიგადაც არის ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში. მთავარსარდლად ასლან აბაშიძეს ვაღიარებ!“ 20 აპრილს, გენერალურმა პროკურატურამ დუმბაძეზე, სამშობლოს ღალატის მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

23 აპრილი _ ასლან აბაშიძე ცენტრსა და რეგიონს შორის არსებული ვითარების მოგვარებას რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს სთხოვს. იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტი საგანგებო დადგენილებას იღებს, რომელშიც აბაშიძის ქმედებები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად ფასდება. ამასთან, დეპუტატები პრეზიდენტისგან, მთავრობისა და სამართალდამცავი სტრუქტურებისგან ითხოვენ, რომ აჭარაში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები განაიარაღონ. 24 აპრილს, აჭარაში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ცხადდება. 

„სისულელეა ასლან აბაშიძის მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს რეგიონში სამხედრო ტექნიკით შეჭრას ვგეგმავთ. ასლან აბაშიძეს თავად აჭარლები მიხედავენ და ამ პრობლემას თავად ისინი გადაწყვეტენ,“ _ აცხადებს 26 აპრილს სააკაშვილი. მეორე დღეს კი ჩოლოქის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით შერვაშიძეს. 28 აპრილს, აბაშიძის განკარგულებით, ავტონომიურ რესპუბლიკაში არმიის რეზერვისტების მობილიზება იწყება. 

2003 წლის 2 მაისი _ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ორ _ ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდს აფეთქებენ. 4 მაისი _ ბათუმში გამართულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას არბევენ. მეორე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტთან, ასლან აბაშიძის გადადგომის მოთხოვნით, 15 ათასამდე ადამიანი იკრიბება... ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია, რომელიც აჭარაში ოდესმე ჩატარებულა. 

რუსული ნარატივი 

იმ ღამეს ბათუმში მოვლენები დრამატულად განვითარდება: ქუჩებში, რიგით ადამიანებთან ერთად, აბაშიძის შეიარაღებული მხარდამჭერებიც გამოვლენ... ცოტაც და, ალბათ, სისხლი დაიღვრება, მაგრამ... მოულოდნელად, ავტონომიის დედაქალაქში, რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, იგორ ივანოვის თვითმფრინავი ეშვება, რომელსაც ასლან აბაშიძე მოსკოვში მიჰყავს. აბაშიძის გაქცევიდან მეორე-მესამე დღეს, ერთ-ერთი ქართული გაზეთი სტატიას _ „როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე“ გამოაქვყენებს, რომელშიც ვკითხულობთ: „ბათუმში ყველა იმაზე საუბრობს, თუ როგორ გაიქცა ასლან აბაშიძე, ვინ გაჰყვა მას და ვინ _ არა. ერთი ვერსიით, იგორ ივანოვის თვითმფრინავს ასლანი და მისი ვაჟი გაჰყვნენ, მეორე თვითმფრინავს კი _ უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე და ასლანის გარემოცვის კიდევ 50-მდე წევრი, თუმცა მათი ვინაობა არ დასახელებულა. მათ ვინაობას ვერც პრეზიდენტის მიერ დანიშნული საკოორდინაციო საბჭოს წევრები აზუსტებენ. ყოფილი ოპოზიციონერის, გურამ სალაძის ინფორმაციით, 6 მაისს, ღამით, მოსკოვში გაფრინდნენ ასლან აბაშიძე, მისი ვაჟი გიორგი, აბაშიძის ცოლის ძმა და აჭარის უშიშროების მინისტრი, სოსო გოგიტიძე _ მეუღლითა და ქალ-ვაჟით. ამ თვითმფრინავში იყო დავით ხალვაში, აბაშიძის დაცვის უფროსი, მეტსახელად „ქელფეთა“, ისიც მეუღლითა და ორი ქალიშვილით. ასევე, „ქელფეთას“ დაცვის წევრები _ ტყუპი ძმები მჟავანაძეები და გიორგი აბაშიძის რამდენიმე მეგობარი... როდესაც ასლან აბაშიძის თვითმფრინავი ასაფრენად გამზადებულა და ჩასხდომა დაწყებულა, აღმოჩენილა, რომ ასლანთან ერთად გაქცევის მსურველი ბევრი ყოფილა, თვითმფრინავში კი საკმარისი ადგილი არ იყო. ზუსტად ვერავინ ამბობს, რა ეწყო თვითმფრინავის სალონში, მაგრამ ფაქტია, გაქცევის ბევრი მსურველი იძულებით დარჩენილა ბათუმში. მათ შორის ყოფილან ასლანის დაცვის წევრები _ სულიკო ვასაძე და იური მჟავანაძე, ასევე, გიორგი აბაშიძის დაცვის წევრები _ თამაზ ლომიძე და მურთაზ კიკნაძე. ეს ის ხალხია, რომლებიც ასლან აბაშიძეს ბოლომდე გვერდში ედგნენ...“ 

ასე და ამგვარად: მიხეილის თქმისა არ იყოს, ასლანი „გაიქცა“ და... აჭარა არათუ გათავისუფლდა, არამედ, მომიტინგეებმა „ბაბუს“ ქონებაზე მოილხინეს ანუ გავეშებული ადამიანები აბაშიძის კაბინეტში შეიჭრნენ, იქაურობა მიანგრ-მოანგრიეს, განსაკუთრებული სისატიკე კი იმ სკამის მიმართ გამოჩინეს, რომელზეც მემედ აბაშიძის შვილიშვილი 13 წელი იჯდა _ ნაკუწებად აქციეს. დამტვრეული სავარძლის დეტალები ზოგმა, ნიშნად იმისა, რომ აჭარელი დიქტატორის დამხობაში მონაწილეობდა, შინ რელიქვიად წაიღო. უფრო ფასეული ქონება კი „ვარდოსნებმა“ გაიყვეს. ყოველ შემთხვევაში, მაშინვე ითქვა, რომ მაგალითად, „ჰამერები“ თბილისში წამოიღეს და ამ ავტოებით გიგი უგულავას, ვანო მერაბიშვილისა და სააკაშვილის მაშინდელი სხვა ძმადნაფიცების ოჯახის წევრები დანავარდობდნენ. 

2004 წლის 6 მაისის შემდეგ, ქართული მედია დაწერს: „გავრცელებული ინფორმაციით, აბაშიძის კუთვნილ საზღვაო ბანკში ერთი თეთრიც არ აღმოჩნდა. დაუზუსტებელია იმ თანხის რაოდენობა, რომელიც ასლან აბაშიძემ მოსკოვში წაიღო. გადამოწმებული ინფორმაციით, საზღვაო ბანკი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არ მუშაობდა და ბოლო დღეებში, ბანკიდან არაფერი გაუტანიათ (ცოცხალ თანხას ვგულისხმობთ). თუ რამე გასატანი იყო, მას ერთი კვირის წინ ჰქონია გატანილი. უკვე ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტი, რომ ორი კეისი, რომელიც აბაშიძემ მოსკოვში გაიყოლა, სავსე ყოფილა სხვადასხვა სახის ძვირფასეულობით, მაგრამ ყველაფრის წაღება აბაშიძემ და მისმა გარემოცვამ ვერ მოახერხა... სოსო გოგიტიძის ბინაში აღმოჩენილია აჭარის სხვადასხვა ეკლესიიდან წაღებული უძვირფასესი ხატები, რომლებიც იმავე ეკლესიებს გადაეცემათ, საიდანაც დაიტაცეს’‘. 

სხვათა შორის, აბაშიძის გაქცევისთანავე, ზოგიერთმა „ვარდოსანმა“, მაგალითად, კობა დავითაშვილმა სიტყვა აჭარის ავტონომიის გაუქმებაზე ჩამოაგდო, თუმცა მისი ინიციატივა, რომ ამ თემაზე პლებისციტი ჩატარებულიყო, ახალადარჩეულმა პარლამენტმა ჩააგდო. მახსოვს, მაშინ ერთმა კონფიდენტმა მითხრა, დავითაშვილის ეს ინიციატივა დიდი პოლიტიკა კი არა, უფრო სამთავრობო ინტრიგაა, რომლის მიზანიც პრემიერ ჟვანიას ,,ჩაძირვააო’‘. 

საინტერესო დეტალი: ასლან აბაშიძემ საქართველო ისე დატოვა, რომ გადადგომაზე არც წერილობით განცხადება გაუკეთებია და არც _ სიტყვიერი. მოსკოვში გაფრენამდე კი უზენაესი საბჭოს წინ მიმდინარე მიტინგზე გამოვიდა, მომხრეებს მადლობა გადაუხადა და, მოსალოდნელი დარბევის თავიდან აცილების მიზნით, შინ წასვლა ურჩია. მაშინდელ სახელისუფლო კულუარებში, აბაშიძის მოსკოვში წასვლას ასე ახსნიან: „ალბათ, ფიქრობს, რომ კრემლის დახმარებით, უკან ტრიუმფით დაბრუნდება, დაკარგულ თანამდებობა-პრივილეგიებს აღიდგენს და იტყვის, რომ მოსკოვში საქმიანი ვიზიტით წავიდა“, მაგრამ პოლიტიკური ღმერთები და დემონები „ბაბუს“ აღარ სწყალობენ ანუ მოვლენები ამ სცენარით არ ვითარდება, თან ცენტრალური ხელისუფლება თავს იზღვევს და ავტონომიის მეთაურის პოსტს აუქმებს. მაშასადამე, აბაშიძეს რევანშით დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს უკლავს... 

რატომ იზრუნა იგორ ივანოვმა აბაშიძის საქართველოდან წაყვანაზე? _ ამ კითხვაზე პასუხი თითქოს ნათელია. კერძოდ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა დიდების ოლიმპოზე იდგა, აბაშიძეს კრემლმა გენერალ-მაიორის ჩინი უბოძა. სწორედ იმხანად ითქვა, რომ ასლანი ზვიად გამსახურდიას კრემლმა „შეუგდო“, თუმცა ადამიანმა, რომელსაც გამსახურდიას მთავრობაში ერთ-ერთი გავლენიანი პოსტი ეჭირა, თავის დროზე, მახსოვს, მითხრა: ,,თემურ ქორიძემ, რომელსაც გამსახურდიას პარლამენტში დიდი გავლენა ჰქონდა, აბაშიძე საყოფაცხოვრებო სამინისტროში გაიცნო _ იმახანად, აბაშიძე საყოფაცხოვრებო მინისტრის მოადგილედ მუშაობდა... ამის შემდეგ, ასლანი ზვიადთან მიიყვანა და უთხრა, რომ მემედ აბაშიძის შვილიშვილი იყო. კონსტანტინე გამსახურდია და მემედი, თურმე, მეგობრობდნენ... ამასობაში, მრგვალმა მაგიდამ არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა. არავინ ელოდა, რომ აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ გამსახურდია აბაშიძის კანდიდატურას წარადგენდა. ამ თანამდებობის დაკავების ყველაზე მორალური უფლება ნოდარ იმნაძეს ჰქონდა. იგი ეროვნული მოძრაობის ლიდერი იყო, აბაშიძე კი _ კომუნისტური ხელისუფლების წარმომადგენელი. წესით, აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს წევრი უნდა გამხდარიყო. აბაშიძე უზენაესის წევრი არ იყო, მაგრამ მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე მაინც დავაყენეთ. ეს, რა თქმა უნდა, კანონის დარღვევა იყო. უზენაესი საბჭოს სხდომას, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ჯონი ხეცურიანი ატარებდა, გამსახურდიაც ესწრებოდა. დეპუტატები აბაშიძეს უნდობლობას უცხადებდნენ. ვიცოდით, რომ ფარულ კენჭისყრაში აბაშიძე ვერ გაიმარჯვებდა. ამიტომ ვცდილობდით, რომ ღია კენჭისყრა ჩატარებულიყო. თავიდან დეპუტატებმა ღია კენჭისყრის საკითხიც ჩააგდეს, შესვენება გამოცხადდა და დიდი აყალ-მაყალი ატყდა. აბაშიძის წინააღმდეგ ყველაზე მეტად დავით ბერძენიშვილი და თამაზ დიასამიძე აქტიურობდნენ... ერთ-ერთ დეპუტატს, თუ არ ვცდები, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვთხოვე, რომ ხმა აბაშიძისთვის მიეცა... ასე გახდა ასლანი აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც თავიდან, ზვიად გამსახურდიას მითითებებს ზედმიწევნით ასრულებდა. მერე კი სარფის საბაჟოს გაკონტროლება დაიწყო და... აჭარაში ,,ვლასტი’‘ ნელ-ნელა აიღო. მეტიც, ზვიად გამსახურდიამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღჭურვა დაავალა... ამ იარაღის ნაწილი აჭარის მოსახლეობის ხელში მოხვდა, ნაწილი _ „მხედრიონის“. 

ჯაბა იოსელიანი თავის წიგნში _ ,,მესამე განზომილება’‘, წერს: ,,ღამის გასათევად ბათუმში გადავდივარ. ბარემ ასლანს მოვინახულებ, მადლობასაც გადავუხდი. ამას წინათ, დიდად დამასაჩუქრა: 400 ახალთახალი რუმინული ავტომატი და 20 ყუმბარმტყორცნი თავისი ყუმბარებით _ დღეს, ეს, პირდაპირ ფანტასტიკაა. მხედრიონის მთავარი ბირთვი შეიარაღებული მყავს...’‘ 

რატომ უღალატა აბაშიძემ ზვიად გამსახურდიას? _ ამ საიდუმლოს ამოხსნა, ალბათ, მხოლოდ აბაშიძეს შეუძლია. ასევე, უცნობია, თბილისიდან გაქცეულმა პრეზიდენტმა თავი სომხეთს რატომ შეაფარა და არა, ვთქვათ, _ ბათუმს. საერთოდ, გამსახურდია-აბაშიძის ურთიერთობაში ბევრი რამაა გაურკვეველი. სხვა თუ არაფერი, საინტერესოა, აბაშიძემ ,,ზვიადისტთა’‘ ნაწილი, მაინცდამაინც გამსახურდიას მკვლელობის შემდეგ რატომ ,,შეიფარა’‘... 

ცნობისთვის: ასლან აბაშიძემ კარიერა ბათუმის მუსიკალური სასწავლებლიდან დაიწყო, სადაც ინგლისურს ასწავლიდა. 46 წლის ასაკში კი, სახალხო მეურნეობის დაგეგმარების ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა, მაგრამ მას, როგორც დაკვირვება ცხადჰყოფს, ,,სახალხო მეურნეობის’‘ კი არა, ,,კლანური რეჟიმის’‘ დაგეგმარება უფრო ეხერხებოდა, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავისი 13-წლიანი კარიერის განმავლობაში, 131 ხიდი ააგო და მხოლოდ ორი დაანგრია, უფრო სწორად, ააფეთქა! 

საინტერესო დეტალი: აჭარის რევოლუციის დღეებში ხმა გავარდება, რომ „ვარდოსნები“ ასლანთან, თითქოს ფარულ მოლაპარაკებას მართავენ და სთავაზობენ, გადადგეს, ხოლო მემკვიდრედ ვაჟი, გიორგი აბაშიძე დატოვოს, თუმცა წლების მერე კობა ხაბაზი, რომელიც აჭარის რევოლუციის ერთ-ერთი ლოკომოტივი იყო, ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს და იტყვის: „აბსურდია! ხელისუფლებას ასეთი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონია. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით ცდილობდა გიორგის გამოყენებას, არ ვიცი...“ 

* * * 

ისე, ყურადღება თუ მიაქციეთ, 16 წლის წინ, ასლან აბაშიძემ აჭარაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და რეგიონში შესვლა აკრძალა. აჭარა, უფრო ზუსტად, ბათუმი 16 წლის შემდეგაც ჩაიკეტა, თუმცა ამჯერად, ზღვისპირა ქალაქის ჩაკეტვის საბაბი პოლიტიკური კი არა, კორონაბატალიები გახდა. უფრო მეტიც, პანდემიის დროს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ კლასტერად ე.წ. ქობულეთის კლასტერი ითვლებოდა და ამ კლასტერის წარმომადგენელი, კორონათი დიანფიცირებული შუახნის ქალბატონი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა კიდეც, თუმცა ბოლო მონაცემებით, რამდენიმე დღეა, აჭარაში კორონაინფიცირების ახალი შემთხვევები არ გამოვლენილა. ამასთან, ბათუმიც გაიხსნა და ამ ქალაქში, გუშინდლიდან, ნებისმიერ მსურველს შესვლა-გასვლა უკვე თავისუფლად შეეძლება. 

ერთი სიტყვით, ასლანისა არ იყოს, გავა დრო და, კორონაც აღარავის ემახსოვრება, ან, უფრო სწორად, იშვიათად გაიხსენებენ ხოლმე, თუმცა უკეთესი იყო, მეთქვა, პანდემიის დასრულების შემდეგ, პოლიტიკური წელთაღრიცხვა 2020 წლის მაისიდან დაიწყება. აი, იმის თქმა, თუ როგორი იქნება ახალი პოლიტიკური წელთაღრიცხვა, ცხადია, დეტალურად არავის შეუძლია. 

P.S. მოკლედ, იმედი ვიქონიოთ, რომ კორონა მალე გაიქცევა და... საქართველო თავისუფალი იქნება!

ნინო დოლიძე

 

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში