Menu
RSS

რაზე მართავს ნაცმოძრაობა ევროპულ საქართველოსთან მოლაპარაკებებს _ ოპოზიციის კულუარები

დავით კირკიტაძე: „სააკაშვილი აუცილებლად მოახერხებს ნაციონალური მოძრაობის დახმარებას!“

კორონაპანდემიამ მსოფლიო პოლიტიკური დღის წესრიგი მთლიანად შეცვალა და შესაბამისად, ქართულმა პოლიტიკამაც სცენიდან კულუარებში გადაინაცვლა. არადა, რამდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და პოლიტიკური პროცესები აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს. გასაგებია, რომ 22 მაისამდე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ეპიდემილოგები ყველას სახლში დარჩენისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ საინტერესოა, კორონაქაოსის შემდეგ რას აპირებს და რა გეგმები აქვს ოპოზიციას? _ სწორედ ამით დავიწყე ინტერვიუ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრ დავით კირკიტაძესთან, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე წლის არჩევნებში, პარტიები ნაციონალური მოძრაობის „ქოლგის“ ქვეშ გაერთიანდებიან და დიდი საარჩევნო ბლოკით წარსდგებიან:

_ ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ ვირუსი არ გავრცელებულიყო. ამიტომ, მედიკოსების ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებდით და მოსახლეობას მოვუწოდებდით, სახლში დარჩენილიყვნენ, თუმცა დღეს მიგვაჩნია, რომ ბევრი რამ გადაჭარბებულია. ამის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები ექმნება და ამიტომ, მივმართავთ ხელისუფლებას კონსტრუქციული წინადადებით, რომ ნელ-ნელა, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა _ მას რეალური დახმარება სჭირდება და უნდა არსებობდეს ანტიკრიზისული გეგმა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. საამისოდ კი ბიზნეს-სექტორს მნიშვნელოვანი დახმარება სჭირდება. საერთოდ, ახალი შესაძლებლობები ყველა კრიზისის შემდეგ ჩნდება და უკეთესია, თუ ჩვენი ქვეყანა ამაზე ფიქრს, რაც შეიძლება, მალე დაიწყებს. 

_ ბატონო დავით, ხელისუფლებამ უკვე შექმნა ანტიკრიზისული გეგმა, რომელშიც ბიზნეს-სექტორის დახმარებაცაა გათვალისწინებული. 

_ ეს ანტიკრიზისული გეგმა არაა. ამ გეგმაში ვერ ვხედავთ, როგორ შეიქმნება სამუშაო ადგილები და როგორ გახდება ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი, რათა საქართველოში ბიზნესმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს. არადა, შეიძლება, ამ კრიზისის ფონზე, ქვეყანაში ახალი დარგები და სფეროები განვითარდეს, მაგრამ ამ მიმართულებით ხელისუფლების ხედვას ვერ ვამჩნევთ. 

რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიამ და კრიზისმა პოლიტიკა თითქოს უკანა პლანზე გადასწია, ეს პროცესი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ვხედავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ისე არ ცხოვრობს, როგორც ეკადრება და ეს მთლიანად ხელისუფლების სინდისზეა. ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ ხელისუფლების შეცვლა მშვიდობიანად, საარჩევნო გზით. სანამ პანდემია დაიწყებოდა, იცით, რამხელა ქარ-ცეცხლში გაატარეს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთაც. მან გარკვეული ვალდებულებები აიღო საერთაშორისო მედიატორების წინაშე და ეს უნდა შესრულდეს. ვგულისხმობ საარჩევნო წესის შეცვლასა და იმ პირების გათავისუფლებას, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულნი. 

_ პოლიტპატიმრები ახსენეთ და, რამდენიმე თვის წინ, საპყრობილე თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელმა, შს ექსმინისტრმა დატოვა. ვანო მერაბიშვილი არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გვერდით იქნება, თუ ისევ შემოგიერთდებათ, რა როლს შეასრულებს ხმების მიღების თვალსაზრისით? 

_ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ახლა ჩვენ ხმებსა და საარჩევნო მანდატებს არ ვითვლით, ჩვენი უპირველესი ამოცანა ხელისუფლების ცვლილებაა. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან გადაწყვიტა პოლიტიკური ცხოვრება, ოპოზიციაში იქნება და თავის გამოცდილებას ხელისუფლების შესაცვლელად გამოიყენებს. დღეს პარტიული ხაზები ძალიან პირობითია, მაგალითად, ჩვენი ერთ-ერთი, ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე, საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი მოწინააღმდეგე კანდიდატები _ შალვა ნათელაშვილი, დათო ბაქრაძე და სხვები, დღეს, ერთი მაგიდის გარშემო ვსხედვართ. პოლიტიკა ხომ „გათიშე და იბატონე“-ს პრინციპია და ჩვენ მოვახერხეთ, გადავლახეთ პირადი დაპირისპირება... 

ვანო მერაბიშვილის როლი წაადგება საერთო საქმეს. ყველა პერსონას, ვისაც პოლიტიკაში ყოფნის სურვილი აქვს, ამის ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი აძლევს. პოლიტიკური ველი გახსნილია, როგორც ბევრი ახალგაზრდისთვის, ასევე, გამოცდილი პოლიტიკოსებისთვისაც. 

_ მერაბიშვილს სააკაშვილის ხელისუფლების ხერხემლად მიიჩნევდნენ, თუმცა ეს მითი, როგორც ჩანს, დაიმსხვრა. ამასთან, სააკაშვილი უკრაინაში აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას ანუ გამოდის, რომ არჩევნებს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების გარეშე ხვდებით? 

_ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ხერხემალი არასდროს იყო, ის ყოველთვის პარტიის დამფუძნებელი და ლიდერი იყო, რომელთან ერთადაც, ჩვენს ქვეყანას არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია. ის რამდენიმე დღეში, საკმაოდ მნიშვნელოვან თანამდებობას დაიკავებს უკრაინის ხელისუფლებაში. სააკაშვილი იმ ადამიანის თანამებრძოლი იქნება, ვისაც მართლა სურს, უკრინა შეცვალოს დემოკრატიული გზით, ესაა პრეზიდენტი ზელენსკი და ეს წაადგება ჩვენს ქვეყანასაც. რა თქმა უნდა, სააკაშვილს ბევრი საქმე ექნება უკრაინაში, თუმცა ის, როგორც აქამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე, რჩევებს გაუზიარებს ნაციონალურ მოძრაობას. 

_ უკაცრავად, მაგრამ რჩევის მიცემა და პოლიტიკის კეთება სხვადასხვა რამეა. სააკაშვილი აცხადებდა, ჩამოვალ საქართველოში და ხელისუფლებას შევცვლიო, მაგრამ მოულოდნელად, უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნდა... 

_ ძალიან სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენს ქვეყანაში რეალური პოლიტიკის კეთების საშუალება, უკანასკნელი 7 წელია, არ ეძლევა. დისტანციურად გავლენის მოხდენა ძალიან რთულია, თუმცა ეს მაინც ხდებოდა, რადგან მიხეილ სააკაშვილს აქვს ავტორიტეტი ჩვენს ქვეყანაში. გეთანხმებით, რომ დღეს ვითარება იცვლება და მისი დროის დიდ ნაწილს უკრაინაში საქმიანობა წაიღებს, თუმცა პარტიის მართვაში სტრუქტურულად და ყოველდღიურად აქამდეც არ იყო ჩართული. 

ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიაა, ვიდრე 2012 წლამდე იყო. ბევრი ახალი წევრი შემოუერთდა, პარტიის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე, 2012 წლამდე პარტიაში საერთოდ არ ყოფილა. პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია კი 2008 წელს, ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე იყო. პარტიის პოლიტსაბჭოს 80% ის ადამიანები არიან, რომლებიც 2012 წელს, ნაციონალური მოძრაობის წევრები არ იყვნენ. ყველაფერი ეს, ჯანსაღი პროცესია და დღეს ეს ადამიანები ახალი ენერგიით ქმნიან პარტიის ძირითად ბირთვს. 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობა ექნება უკრაინის ხელისუფლებაში, თავისი გამოცდილებითა და რჩევებით, კანონის ფარგლებში, აუცილებლად მოახერხებს ნაციონალური მოძრაობის დახმარებას, რაშიც ჩვენი უკანასკნელი საუბარი მარწმუნებს, რომელიც რამდენიმე საათის წინ მქონდა. 

_ ასეა თუ ისე, ფაქტია: მიხეილ სააკაშვილმა აირჩია უკრაინის პოლიტიკა და არა - საქართველოსი! 

_ მისი თავისუფალი არჩევანი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ქართულ პოლიტიკაში სრულფასოვან მონაწილეობას აირჩევდა, მაგრამ მოცემულ მომენტში, რეალობა განსხვავებულია. 

_ ბატონო დავით, ოპოზიცია პანდემიის გამო აღარ ჩანს. მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ ძალაში? 

_ ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ფარისევლურად იქცევა და პანდემიას პოლიტიკური მიზნებით იყენებს, ჩვენ ყველა წესს ვიცავთ! ისე, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და უფრო მეტი იმან უნდა დათმოს, ვინც მეტად ძლიერია... 

_ მაგალითად, თქვენმა პარტიამ რა უნდა დათმოს ოპოზიციის ერთობაში? 

_ მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი მეტი გვაქვს, მზად ვართ, ისე ვისხდეთ, როგორც ჩვეულებრივი წევრები ერთობის გარშემო და ჩვენი ელექტორალური და მატერიალური რესურსი დავახმაროთ პარტიებს ამა თუ იმ ოლქში, რომელთაც ექნებათ გამარჯვების რეალური შანსი. 

_ პარტიები საარჩევნოდ ნაციონალური მოძრაობასთან დაბლოკებას ხომ არ გეგმავენ? 

_ ბევრ არჩევნებში გასული ვართ ბლოკის სახით და ამ არჩევნებშიც ასე ვაპირებთ. სწორედ ამიტომ არ უნდა ხელისუფლებას ბლოკების დაშვება, რადგან იცის, რომ მოვახერხებთ დიდი საარჩევნო გაერთიანების შექმნას, რომელიც „ოცნებას“ დაამარცხებს! 

_ რომელი პარტიები აპირებენ თქვენთან დაბლოკებას? 

_ ფორმატში _ „ძალა ერთობაშია“ შემავალი პარტიები, ასევე, კონსულტაცია გვაქვს რამდენიმე პოლიტიკურ ძალასთან და კანონმდებლობის გათვალისწინებით, ვაპირებთ დიდი საარჩევნო ბლოკით წარვსდგეთ ამომრჩევლების წინაშე. 

_ შეიძლება, ევროპულ საქართველოსთანაც გაერთიანდეთ? 

_ ბლოკის გარდა, მეორე პროცესია კოორდინაცია ოლქების მიხედვით. ევროპულ საქართველოსა და ლეიბორისტულ პარტიასთან დაწყებული გვაქვს ურთიერთობა კანდიდატებთან დაკავშირებით. დანარჩენ პარტიებთან კი საარჩევნო ბლოკით გასვლას ვაპირებთ.

თათია გოჩაძე

მსგავსი

დაბრუნება დასაწყისში